განათლება,მთავარი,სიახლეები

„ძალიან აცდენილი ხართ რეალობას“ – რისთვის გააკრიტიკეს ჩხენკელი პარლამენტში

01.12.2021 •
„ძალიან აცდენილი ხართ რეალობას“ – რისთვის გააკრიტიკეს ჩხენკელი პარლამენტში

დღეს, პირველ დეკემბერს, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პარლამენტში წარსდგა. მინისტრმა ისაუბრა ძირითადად მომავალ დროში და ნაკლები – პანდემიით გამოწვეულ სასკოლო დანაკარგებსა და თუ სხვა პრობლემებზე.

განათლების მინისტრი პარლამენტის წევრებმა ოპოზიციური პარტიებიდან ამის გამო გააკრიტიკეს და უთხრეს, რომ მისი განცხადებები რეალობას აცდენილია.

„როცა ბირთვულ კვლევებზე გვესაუბრებით და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მიღწევებზე, ვფიქრობ, რომ ძალიან აცდენილი ხართ რეალობას, რადგან თქვენ ხართ განათლების მინისტრი იმ ქვეყანაში, რომლის საჯარო სკოლების ძალიან დიდ ნაწილში ტუალეტში არ არის წყალი და ბავშვები სხედან მშივრები.

თქვენ იმ ქვეყნის განათლების მინისტრი ხართ, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი ძალადობის, სოციალურად დაუცველობის გამო იძულებულია საერთოდ დატოვოს სკოლის სისტემა და ამ დროს  თქვენ გვესაუბრებით ჩიკაგოს უნივერსიტეტთან დამყარებულ რაღაც თანამშრომლობებზე,“ – უთხრა მას ანა ნაცვლიშვილმა, „ლელოდან“.

დეპუტატმა მინისტრს ჰკითხა, რა გააკეთა სამ ყველაზე მძიმე და რეზონანსულ საქმეზე, რომლებიც უკავშირდება სკოლის სისტემას.

„ეს არის ია კერზაიას საქმე, ლუკა სირაძის საქმე და დათუნა სარალიძის საქმე, რომლის მკვლელობიდან ოთხი წელი გავიდა. რა გაკვეთილები გამოიტანეთ ამ უმძიმესი საქმეებიდან, რომ მსგავსი ამბები აღარ დასრულდეს ფატალური შედეგებით? იმედია, ამ დარბაზში არ გაიმეორებთ თქვენც იმავეს, რომ სარალიძის საქმე სკოლის კედლებში არ მომხდარა“, – უთხრა მინისტრს ანა ნაცვლიშვილმა.

თეონა აქუბარდიამ [„სტრატეგია აღმაშენებელი“] ყურადღება გაამახვილა მოსწავლეების დაბალ აკადემიურ მოსწრებაზე. მისი თქმით, საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ მოსწავლეების დიდ ნაწილს წაკითხულის გააზრება უჭირს და სიღარიბის მაჩვენებლითაც ქვეყანა ყველაზე ღარიბი ქვეყნების ათეულშია.

„11 მილიონი ლარი დაიხარჯა პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მაინც სავალალო შედეგებით მთავრდება ყველაფერი. მაინც პედაგოგებს ბრალდება რეფორმების ჩავარდნა. ან რა კეთდება სკოლებში კომპიუტერული ტექნოლოგიების უკეთ დანერგვის და სწავლების მხრივ?“ – ჰკითხა მან მინისტრს.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმაც ყურადღება გაამახვილა  სკოლებში ბავშვების შიმშილსა და აკადემიურ მოსწრებაზე:

„ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ განათლების მინისტრისგან ველოდებით განათლების პოლიტიკაზე საუბარს და არა იმაზე, რომელ ქვეყანაში იყო და ვის ჩამოართვა ხელი.

ბავშვების 70 პროცენტი შიმშილობს და მინისტრი, რომელიც ერთი წლის წინ ამბობდა, რომ ძალიან სწრაფად წარმოადგენდა გეგმას, თუ როგორ აპირებდა ამ პრობლემის დაძლევას სკოლებში, ვეკითხები, სად არის გეგმა და რას აპირებს მთავრობა?“

სამადაშვილმა მინისტრს ასევე მოსთხოვა პასუხი იმაზე, თუ რატომ ვერ პოულობენ სამსახურს საქართველოში განათლებამიღებული ადამიანები და რას აპირებს ამის გამოსასწორებლად სამინისტრო.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, რთულია განათლების მინისტრის ანგარიშის სერიოზულად აღქმა.

„მით უფრო მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა. ზუსტად ამის მსგავსად მოვისმინეთ დღეს მისი მხრიდან განცხადებები, თუ როგორი მაღალი სტანდარტებით ვითარდება სისტემა და რომ თურმე როგორ იქნება 2 მილიარდი განათლების ბიუჯეტი 2030 წელს.

პანდემიის დროს 22 მილიონი ლარი აკლდება ინტერნეტიზაციის ხარჯებს მაშინ, როცა ბევრ ოჯახს არ აქვს ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე. ჩვენ არ მოგვისმენია, თუ რატომ შემცირდა ბიუჯეტი და რატომ გვაქვს იგივე პრობლემა მომავალი წლის ბიუჯეტშიც,“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მან ჩხენკელს დეტალური ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვა რეგიონების, სოფლების მიხედვით, თუ რა იგეგმება ინტერნეტიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად.

მინისტრს პარლამენტში გიორგი ვაშაძემ სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით ჰკითხა, თუ რატომ ჰყავს ათასამდე სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამ დრომდე და რატომ არ ინიშნებიან ისინი თანამდებობაზე.

ვაშაძის თქმით, აღნიშნულ მდგომარეობას მმართველი პარტია წინასაარჩევნო პერიოდში დირექტორებზე ზეწოლისთვის იყენებს.

______________________

ამავე თემაზე:

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ალტერნატიულ სქემაზე ვმუშაობთ – ჩხენკელი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: