მთავარი,სიახლეები

საშიშია, როცა მიიჩნევ, რომ უხამსობა ლახავს ადამიანის უფლებას – ზვიად ქორიძე

15.12.2021 • 1722
საშიშია, როცა მიიჩნევ, რომ უხამსობა ლახავს ადამიანის უფლებას – ზვიად ქორიძე

ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც მათ შორისაა, ვინც ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების გაუარესებაზე შიშობს. მისი აზრით, გამოხატვის თავისუფლების, როგორც მთავარი კონცეპტუალური საკითხის მიმართ, იცვლება დამოკიდებულება.

ზვიად ქორიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამოხატვის თავისუფლება გადააქციოს რაღაც ქიმერად, რომელსაც თითქოს შეუძლია ქვეყანას ნორმალურ განვითარებაში შეუშალოს ხელი და ამას აჯერებს კიდეც გარკვეულ საზოგადოებას.

„ამიტომ აცხადებენ გამოხატვის თავისუფლებას დესტრუქციულ ქმედებად, აკავებენ ადამიანებს გამოხატვის გამო და აჯარიმებენ. ბევრი რამ ხდება ისეთი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ამახინჯებს, აუარესებს და პრობლემატურს ხდის.

ამის მაგალითია თუნდაც კომუნიკაციების კომისიის მიერ „მთავარი არხის“ დაჯარიმება 112 ათასი ლარით, რომელმაც სამოქალაქო პლატფორმის ვიდეორგოლი გაუშვა ეთერში. რა იყო მათი არგუმენტი? – რომ მედიას არ ჰქონდა პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება არასაარჩევნო პერიოდში.

როგორ შეიძლება ცხოვრება დავყოთ წინასაარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდად, ეს ხომ არანორმალურია“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

მისი თქმით, მოქალაქეებს, საზოგადოებრივ გაერთიანებას ან პოლიტიკურ პარტიებს ყოველთვის აქვთ აქტიურობის უფლება.

„2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა, რომ თურმე გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეზღუდო, თუ ადამიანის ფუნდამენტური უფლება იზღუდება; გამოხატვის თავისუფლების გამო შეიძლება უჩივლო მედიასაშუალებას. ეს თავისთავად სარისკო ნორმად მიმაჩნია და მსგავსი ნაღმები ბევრია შემორჩენილი.

კომუნიკაციების კომისია დადგა კონსტიტუციურ ნორმებზე მაღლა და თქვა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ასე განვმარტავო“. კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ დააჯარიმა ბექა ყორშიას სიუჟეტის გამოც, როცა მიიჩნია, რომ სიუჟეტში „უხამსად იყო ნაჩვენები ფინანსთა მინისტრი“ და ჩათვალა, რომ უხამსობა ლახავს ადამიანის უფლებას. ეს არის საშიში პრეცედენტები. ხვალ კომუნიკაციების კომისია კი აღარ იმსჯელებს რაიმე მსგავსი ტიპის შემთხვევაზე, იტყვის, რომ როგორც მე განვმარტე “ყორშიას საქმეზე“, ამის საფუძველზე ვასკვნი, რომ შენმა უხამსობამ გამოიწვია ადამიანის უფლებების შელახვა და ამიტომ გაჯარიმებო. ეს არის პრობლემური“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

ზვიად ქორიძის განმარტებით, კომუნიკაციების კომისია კონსტიტუციური ორგანოა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, მაგრამ მას არ აქვს უფლება, დაიწყოს საკუთარი მსოფლმხედველობით ნორმების ინტერპრეტაცია და ამით შექმნას საშინელი საკანონმდებლო პრაქტიკა ქვეყანაში.

„დაახლოებით იგივე გააკეთა „სირცხვილიას“ რეკლამასთან დაკავშირებითაც. დააკვირდით, რას ეუბნება ის ტელეკომპანიას – შენ არ გქონდა რეკლამის განთავსების უფლება, რომელიც მოგიტანა სამოქალაქო ჯგუფმა, რადგან შეიცავს პოლიტიკურ ნიშნებსო. რომც ყოფილიყო პოლიტიკური პარტიის რეკლამა, რა, პარტიას არ აქვს უფლება არჩევნების შემდეგ გამოიყენოს პოლიტიკური აქტივობა?

ეს ხომ თავისთავად ნიშნავს, რომ სამოქალაქო გაერთიანება დაფიქრდეს, შეიძლება მისი რეკლამა აღარ განათავსონ ეთერში და მეორე, დაიწყონ იმაზე ფიქრი, ხომ არ სჯობს სხვანაირად გავაკეთო.

ეს არამხოლოდ მედიის ნაწილში, არამედ, ზოგადად, აუარესებს გამოხატვის თავისუფლებას, რადგან ეხება ყველას, პირველ რიგში, მოქალაქეს. როცა მოქალაქე თვითცენზურას რთავს – რაღაც არ უნდა თქვას, ან არ მოიმოქმედოს, ეს არის ზუსტად გამოხატვის თავისუფლების გაუარესება“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

ზვიად ქორიძის თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის და მათი მხარდამჭერების მთავარი აქცენტი მოდის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონზე.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ გიორგი გაჩეჩილაძემ („უცნობი“) პარლამენტს სთხოვა შეიმუშაოს ცვლილებები „მაუწყებლობის კანონში“, რათა „ჟურნალისტების მხრიდან ცილისწამება გამოირიცხოს“.

ერთ-ერთი პარლამენტარი კი არასამთავრობო ორგანიზაციების „ჩარჩოებში ჩასმისკენ“ მოუწოდებს მთავრობას.

ზვიად ქორიძის თქმით, რა თემასაც არ უნდა შეეხონ, საითაც არ უნდა წავიდნენ, ბიზნესი იქნება თუ კორუფცია, საბოლოოდ მაინც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონთან მიდიან, „რომ თითქოს ეს კანონი არის თავსმოხვეული, თითქოს ვიღაცამ საიდუმლოდ ჩამოაგდო ამ ქვეყანაში და თითქოს არ არის გააზრებული ქართულ საზოგადოებაში.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი ძალიან მაღალი სტანდარტის ჩარჩო კანონია, რომელიც არ ითხოვს ცალკე მარეგულირებელ ნორმებს. ეს არის ნაყოფი იმ პროცესის, რაც მიდიოდა საქართველოში წლების განმავლობაში. პრინციპულად ითხოვდა საზოგადოება, რომ ადამიანი არ უნდა დაისაჯოს საკუთარი აზრის გამოხატვის გამო. დღეს კი, რომელიღაც დეპუტატი ზის პარლამენტში და იმაზე მსჯელობს, რომელიღაც მედია თურმე პროპაგანდისტულია და რომელიღაც არა. როდესაც დეპუტატის ტვინი მიმართულია აქეთკენ, ეს სახიფათოა,“ – ამბობს ზვიად ქორიძე.

რაც შეეხება სიძულვილის ენის „დარეგულირებას“, როგორც მმართველი პარტია საუბრობს, ეხება სოციალური მედიის კონტროლს, სადაც ადამიანები თავისუფლად გამოხატავენ აზრს.

„ქართულ ოცნებას“ უნდა ციფრულ საუკუნეში დაიწყოს ადამიანების კონტროლი და გაუჩინოს ფილტრი გამოხატვაში. ამის რისკებიც რეალურია და თუკი გამწვავდება პოლიტიკური ვითარება, არ არის გამორიცხული, რაღაც კანონი ამაზეც მიიღონ“, – გვეუბნება ზვიად ქორიძე.

ასეთ შემთხვევაში საქართველო დაადგება ნაკლებად დემოკრატიული მეზობელი ქვეყნების – აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის და თუნდაც სომხეთის გზას, სადაც ახლახან მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, თუ მთავრობა მიიჩნევს, რომ სიუჟეტი ან პუბლიკაცია შეურაცხმყოფელია პირისთვის, მედიასაშუალება 10 ათასი დოლარით დაჯარიმდება.

____

ამავე თემაზე: სტატია და ვიდეო

როცა გტაცებენ ხელს და გტენიან მანქანაში – რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას

გადაბეჭდვის წესი


ასევე: