„კონკრეტულად რა დოკუმენტით მტკიცდება საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივი ხარჯვა?“ – ჰკითხა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნათია კაპანაძემ აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელს – გიგა ჩხარტიშვილს. მან სერიოზული ბრალდების პასუხად მაუწყებლის ბიუჯეტი დაასახელა, რომელსაც ისევ მრჩეველთა საბჭო ამტკიცებს. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ინიციატორმა ვერ დაასახელა შიდა ან გარე აუდიტის მომზადებული რომელიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა იმპიჩმენტის ერთ-ერთ საფუძველს – „საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას“.
გიგა ჩხარტიშვილი მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო 2019 წლის აპრილში, როცა აჭარის ტელევიზიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს, იმპიჩმენტი მოუწყვეს. დღეს, 29 სექტემბერს, ამ დავაზე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მხარეების კითხვა-პასუხი მოისმინა და თვითონაც ჩაერთო დისკუსიაში. ნათია კაპანაძემ დოკუმენტები მოითხოვა 17-ვე პუნქტზე, რაც მისი იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილებაში ჩამოწერეს.
ნათია კაპანაძე სასამართლოში იმპიჩმენტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობას ითხოვს. ის იმპიჩმენტს აჭარის ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ბორდმა მმართველი პოლიტიკური პარტიის დაკვეთა შეასრულა, რადგან თანამდებობიდან ყოველგვარი გამოკვლევის და მტკიცებულებების გარეშე გადააყენეს.
„რაც შეეხება პრიორიტეტების შეუსრულებლობას, შეგიძლიათ მიმითითოთ საკანონმდებლო მოთხოვნა შესრულების ვადებზე, ეს დადგენილია სადმე?“ – მიუბრუნდა ისევ გიგა ჩხარტიშვილს ნათია კაპანაძე. მისი იმპიჩმენტის დროს ბორდის წევრები საუბრობდნენ იმაზეც, რომ დადგენილ პრიორიტეტებს ნათია კაპანაძე არ ასრულებდა.
„სავალდებულო შესასრულებლად თქვენ გქონდათ ერთი წელი“, – უპასუხა კაპანაძეს გიგა ჩხარტიშვილმა.
„სად წერია ეს?“ – დაზუსტება ითხოვა ნათია კაპანაძემ.
„არ გვაქვს ასეთი ჩანაწერი“ – დისკუსიაში ჩაერთო აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ინტერესების დამცველი თამარ კეკელაშვილი.
როგორ დაადასტურა აჭარის ტელევიზიის ბორდმა, რომ ნათია კაპანაძემ „ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების მართვის კრიზისი“ გამოიწვია? – ეს მორიგი საკითხია ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის ჩამონათვალიდან. ამ მიმართულებით მოსამართლე დაინტერესდა: როგორ დაადგინა მრჩეველთა საბჭომ ის, თუ რამდენად სამართლიანი იყო თანამშრომლების, მათ შორის, ოპერატორების პროტესტი?
„პირველ რიგში, საინტერესოა, ბიუჯეტში იყო საკმარისი თანხა, ხელფასები გაზრდილიყო? ყველა დირექტორს უნდა, რომ გაზარდოს ხელფასები და ყველა კმაყოფილი იყოს,“ – თქვა მოსამართლემ. მას აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა უთხრა, რომ დაახლოებით 600 ათასი ლარი ბიუჯეტში იმისთვის დაამატეს, რომ ხელფასებზე ტელევიზიის თანამშრომლებს აღარ ჰქონოდათ პრეტენზია.
„თქვენ ამბობთ, რომ მიდგომა იყო შეუსაბამო და დისკრიმინაციული. შეგიძლიათ კონკრეტული მაგალითები დაასახელოთ? რა ადასტურებს იმას, რომ შეუსაბამო ხელფასს უხდიდნენ თანამშრომლებს?“ – აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლებს გახედა მოსამართლემ.
„მრჩეველთა საბჭოს სხდომებზეც შემოდიოდნენ თანამშრომლები და აფიქსირებდნენ, რომ შეუსაბამო იყო მათი ხელფასი,“ – უპასუხა მოსამართლეს მრჩეველთა საბჭოს იურისტმა თამარ კეკელაშვილმა.
„ასე შეიძლება ბევრმა თქვას, 1000 ლარი კი არა, 2 000 ლარი მერგებაო… მე მაინტერესებს, თქვენ როგორ დაასკვენით, რომ სამართლიანი იყო თანამშრომლების მოთხოვნა? როგორ დადგინდა, რომ კონკრეტული ადამიანები შეუსაბამო ანაზღაურებას იღებდნენ?“ – იკითხა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.
„ამიტომაც იყო საჭირო სამუშაოს აღწერილობა, რაც არ შექმნილა…“, – უთხრა მოსამართლეს თამარ კეკელაშვილმა. აქვე ბორდის ხელმძღვანელმა გიგა ჩხარტიშვილმა დასძინა, რომ ამის შესახებ დაპირება ნათია კაპანაძისგან მის გადირექტორობამდე მოვისმინეთო.
„ახლა გაქვთ ეს აღწერილობა“? – მოპასუხეებს მიმართა საია-ს იურისტმა ილონა დიასამიძემ, რომელიც ნათია კაპანაძის ინტერესებს იცავს.
„არა, არ გვაქვს,“ – ტელევიზიის ინტერესების დამცველ იურისტებს უხერხულობა აარიდა გიგა ჩხარტიშვილმა.
ამ დიალოგით მოსამართლეც დაინტერესდა: „უკან-უკან თუ მიდის, ეს რას ცვლის? ამ საკითხის კვლევაში სასამართლო ვერ შევა,“ – მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა მოსამართლემ და დაინტერესდა, მაგალითად, ტელევიზიის ოპერატორებმა, რომელთა ნაწილი გაიფიცა, როგორ დაასაბუთა ის, რომ შეუსაბამო ხელფასს უხდიდა ნათია კაპანაძე?
„ეს დგინდება ბაზრიდან გამომდინარე, რა ხელფასს უხდიან ოპერატორს…“ – თქვა გიგა ჩხარტიშვილმა, თუმცა ის ისევ მოსამართლემ გააჩერა.
„ასე კერძო ტელევიზიებში, როგორც ვიცი, უზარმაზარი ხარჯები აქვთ და, ბუნებრივია, მეტს უხდიან,“ – გაკვირვების ნიშნად მოსამართლემ ორივე ხელი ფართოდ გაშალა და სიტყვაზე „უზარმაზარი“ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა. შემდეგ კი, როცა კონკრეტული პასუხი ვერ მოისმინა, დასძინა:
„ვერ მოვისმინეთ კონკრეტული მაგალითი. დისკრიმინაციის კუთხით რა შემთხვევა იყო?“ – ისევ გიგა ჩხარტიშვილს გახედა მოსამართლემ.
მოსამართლეს ბორდის იურისტმა თამარ კეკელაშვილმა უპასუხა კონკრეტული ფაქტით – ერთი და იმავე გადაცემის ორ ოპერატორს 2019 წელს ხელფასი თანაბრად 10-10 პროცენტით გაუზარდეს, თუმცა ერთი ოპერატორის ხელფასი მატებამდე 1800 ლარი იყო, მეორეს – 1000.
„ვადასტურებთ იმას, რომ ხელფასი გაიცემოდა კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად…,“ – უთხრა მოსამართლეს იურისტმა ილონა დიასამიძემ.
„პრობლემა იყო ისიც, რომ თუ ნათია კაპანაძე შეცვლიდა ანაზღაურებას, თანამშრომელს შესაძლოა ედავა სამართლებრივად, რადგან მისი შრომის პირობები გაუარესდებოდა,“ – აღნიშნა საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, პაატა დიასამიძემ. ისიც ნათია კაპანაძის ინტერესებს იცავს სასამართლოში.
„თქვენ თვითონ რის მიხედვით განსაზღვრეთ თქვენი ჰონორარების მატება?“ – ირონიით მიუბრუნა გიგა ჩხარტიშვილს ნათია კაპანაძე და ის შემთხვევები გაახსენა, როცა ტელევიზიაში, სადაც თანამშრომლები დაბალ ხელფასებს აპროტესტებდნენ, ბორდმა ორჯერ გაუზარდა საკუთარ თავს ჰონორარები.
„კანონით განსაზღვრული ნორმის ფარგლებში გავზარდეთ,“ – თქვა გიგა ჩხარტიშვილმა. მან დაადასტურა ისიც, რომ აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის პირობებშიც სახელფასო გადანაწილების ახალი სქემა არ შექმნილა.
ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მიზეზი გახდა ირაკლი ბარამიძესთან წაგებული სასამართლო დავაც. ირაკლი ბარამიძე ტელევიზიის განვითარების მენეჯერი იყო, მან ნათია კაპანაძეს სასამართლო დავა მოუგო.
„სხვა დავა იყო კიდევ, როცა წერთ გადაწყვეტილებაში დავებიო?“ – ჩაეკითხა აჭარის ტელევიზიის ინტერესების დამცველებს საია-ს იურისტი ილონა დიასამიძე.
„არ ვიცი, არ მახსოვს,“ – ჩაილაპარაკა გიგა ჩხარტიშვილმა.
„ახლა რამდენი დავა აქვს ტელევიზიას იცით სასამართლოში?“ – ისევ იკითხა ილონა დიასამიძემ ნახევრად ირონიით და დოკუმენტებით სავსე საქაღალდეს მიუბრუნდა.
აჭარის ტელევიზიის ახალი მენეჯმენტის წინააღმდეგ 9 სარჩელია შესული სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის რედაქციას იძულებით ჩამოშორებულმა ჟურნალისტებმა სასამართლოს გასული წლის გაზაფხულზე მიმართეს, ამ დრომდე სარჩელების დიდი ნაწილის განხილვა არც კი დაწყებულა.
იმპიჩმენტის მორიგი მიზეზის განხილვაშიც ჩაერთო მოსამართლე – ესაა იურისტის ნათია წკეპლაძისთვის ტრანსპორტის მომსახურების ხარჯი, რასაც გიგა ჩხარტიშვილი არამიზნობრივად მიიჩნევს. ნათია წკეპლაძე უსასყიდლოდ იცავდა ნათია კაპანაძის, როგორც აჭარის ტელევიზიის დირექტორის ინტერესებს ირაკლი ბარამიძესთან დავის დროს.
„მაგრამ როცა ის მანქანით ჩამოიყვანეთ, არ იყო წარმომადგენელი,“ – მიმართა ნათია კაპანაძეს გიგა ჩხარტიშვილმა.
„მე, როგორც მახსოვს, ნათია წკეპლაძე იყო წარმომადგენელი,“ – დისკუსიაში მოსამართლე ჩაერთო და მორიგი კითხვის დასმა ითხოვა. დიალოგის მოსმენის შემდეგ, მალევე, ისევ მას მოუწია კითხვის დასმა:
„გამოკვლევა რას ნიშნავს, აბა?“ – მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილს, როცა მან თქვა, რომ ნათია კაპანაძემ მრჩეველი, ფაქტობრივად, 2019 წლის 14 იანვარს აიყვანა, ხელფასი კი, პირველი იანვრიდან გადაუხადა.
„პოსტიც კი ჰქონდა, თუ არ ვცდები 14 იანვარს, ჩვენს გუნდს შემოუერთდაო…,“ – აღნიშნა გიგა ჩხარტიშვილმა.
საუბარია მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეზე, რომელიც ნათია კაპანაძის მრჩევლად მუშაობდა. ნათია კაპანაძემ განმარტა, რომ ზვიად ქორიძე მუშაობას პირველი იანვრიდან შეუდგა, გუნდს კი, 14 იანვარს წარუდგინა. მოსამართლემ ზუსტად ამ ნაწილში იკითხა, რატომ არ დაუსვეს კითხვები უშუალოდ მრჩეველს ბორდის წევრებმა და რატომ არ გამოიკვლია საკითხი ბორდმა კანონის შესაბამისად.
„დარბაზში იყო, როცა უნდობლობის საკითხი წყდებოდა, შეეძლო ეთქვა,“ – მხრები აიჩეჩა გიგა ჩხარტიშვილმა.
„ბატონო გიგო, თქვენ მიეცით ვინმეს კითხვების დასმის საშუალება? გამოარკვიეთ რამე?… პირდაპირ სუს-ის დავალება შეასრულეთ“, – გაბრაზება აღარ დამალა ნათია კაპანაძემ.
„გიგო არა, გიგა,“ – შეუსწორა ტელევიზიის ყოფილ დირექტორს გიგა ჩხარტიშვილმა.
„არა, გიგო, ბატონო გიგო, თქვენ არც ერთი დოკუმენტი არ შეგისწავლიათ, ისე მიიღეთ გადაწყვეტილება,“ – თქვა ნათია კაპანაძემ.
იმპიჩმენტის საფუძველი იყო ევროპის მაუწყებლის კავშირთან ფინანსური ურთიერთობაც, რადგან ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს აჭარის ტელევიზიას კონკრეტულ მატჩიდან სიგნალის მისაღებად მომსახურების თანხასთან ერთად საურავის გადახდაც მოუწია. სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ თავის დროზე ეს საკითხი გიგა ჩხარტიშვილს უნდა გაერკვია, როგორც აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს, თუმცა ეს დოკუმენტურად გაწერილი დავალება არ იყო.
„მე მთხოვეს მეილით ინგლისურად მიმეწერა, ჩემი კეთილი ნება იყო და მივწერე, რომელი დოკუმენტით დამავალეთ?“ – ნათია კაპანაძის მიუბრუნდა გიგა ჩხარტიშვილი.
„ინსტიტუტების და ნორმების უგულებელყოფა“ – რა იგულისხმეთ? რომელი ნორმები უგულებელყო ნათია კაპანაძემ?“ – იმპიჩმენტის კიდევ ერთი საკითხის გარკვევა სცადა ილონა დიასამიძემ, საია-ს იურისტმა.
აჭარის ტელევიზიის და რადიოს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ნათია კაპანაძემ ტელევიზიის სტრუქტურა შეცვალა, როცა 2019 წლის თებერვალში ტელევიზიის ადმინისტრაცია შექმნა და ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაც.
„ეს გადაწყვეტილება მან მიიღო ერთპიროვნულად, სტრუქტურას განსაზღვრავს დებულება და ამ ცვლილებას სჭირდებოდა საბჭოს მხარდაჭერა,“ – აღნიშნა იურისტმა თამარ კეკელაშვილმა.
„მე არ შემიცვლია სტრუქტურა, ეს იყო მოსამზადებელი ეტაპი, ადმინისტრაციის უფროსი ავიყვანეთ, როგორც შტატგარეშე თანამშრომელი,“ – თქვა ნათია კაპანაძემ და განმარტა, რომ ეს იგივე მოდელი იყო, როგორც მანამდე რამდენიმე თვით ადრე შეიქმნა რადიოს და ონლაინმიმართულებების პლატფორმები. ამ შემთხვევაშიც სტრუქტურის და დებულების ცვლილებამდე რადიოს და ონლაინ გამოცემის რედაქტორები შტატგარეშე სტატუსით მუშაობდნენ და შემდეგ შეიცვალა სტრუქტურა, მას შემდეგ, როცა დამაჯერებელი გახდა ცვლილების საჭიროება.
„ამით რა დაზიანდა?“ – იკითხა მოსამართლემ ნათია კაპანაძის მიერ მიღებულ მორიგ გადაწყვეტილებაზე.
„სამართლებრივად გამართული უნდა ყოფილიყო დირექტორის გადაწყვეტილება, ეს იყო საჯარო ინტერესის საგანი,“ – უპასუხა მოსამართლეს გიგა ჩხარტიშვილმა.
სასამართლო განხილვა გრძელდება. შემდეგ სხდომაზე აჭარის ტელევიზიის ინტერესების დამცველები დაუსვამენ კითხვებს ნათია კაპანაძეს.
ამ თემაზე: