მთავარი,სიახლეები

ემიგრანტებმა დაინახეს, როგორ ცხოვრობენ უცხოეთში, მთავრობა მათ ვეღარ გააჩერებს | პოდკასტი

13.12.2021 •
ემიგრანტებმა დაინახეს, როგორ ცხოვრობენ უცხოეთში, მთავრობა მათ ვეღარ გააჩერებს | პოდკასტი

მედეა კონცელიძემ საქართველო 12 წლის წინ დატოვა. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ მან სამსახური დაკარგა და მის მეუღლესაც ავტონაწილების ბიზნესი ჩაუვარდა. ოჯახს გაუჭირდა და ცოლ-ქმარს ახალი გზების ძიება დასჭირდა შვილების სარჩენად.

  • რატომ წავედი ემიგრაციაში 

„2008 წლის 16 სექტემბერს, დიდი წყალდიდობის შედეგად, ჩვენი სახლი დაიმეწყრა. ნახევარი სახლი დაგვენგრა, გეოლოგებმა გამომასახლეს, მაგრამ ვერანაირი დახმარება ვერ მივიღე, 1 წელი ვიცადე და წამოვედი ემიგრაციაში.

მედეა კონცელიძე, ემიგრანტი სტამბოლიდან

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს თავდაცვაში ვმუშაობდი. დაიხურა ჯარის სასადილო, სადაც ვმუშაობდი.

მთავრობაზე განაწყენებული ჯარი რომ ჩამოვიდა, ზოგი სახლში წავიდა, ზოგი დაიღუპა. რამდენი ჩემი ახლობელი იყო მათ შორის… გავნადგურდი…

ჩემს ოჯახს ავტონაწილების მაღაზია ჰქონდა ხოფის ბაზრობაზე, ომის მერე ეს ვაჭრობაც მოისპო. ნაწილები ჯართად დარჩა.

  • მეშინია საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების

იძულებული ვიყავი, რამე მომეფიქრებინა და ოჯახი მერჩინა. საზღვაო აკადემიის პირველკურსელი შვილი მყავდა მაშინ და მისი ხათრით წამოვედი სტამბოლში.

ორი ოჯახი გამოვიცვალე, კარგი ხალხი შემხვდა, მაგრამ მითენდება და მიღამდება დარდით.

შენი მოწყენილი სახე იქ არავის უნდა, უნდა იყო გაღიმებული და მხიარული, ყველაზე მეტად ამ როლის მორგება გამიჭირდა. ერთხელ შემაშინეს: დილით თუ ნამტირალევი თვალებით გამოხვალ, სამსახურიდან გაგიშვებთო.

ერთი წლით ჩამოვედი და უკვე 12 წელია აქ ვართ. ჩემი მეუღლეც აქ არის.

იმედი გვქონდა და გვეგონა ჩვენი ქვეყნის საქმე დღეს, ხვალ ან ზეგ გამოსწორდებოდა, მაგრამ ახლაც, საქართველოში რომ ჩამოვდივარ და დაღვრემილი, მოწყენილი ადამიანების სახეებს ვხედავ, დაბრუნების სურვილი მიქრება, მეშინია საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების.

საქართველოში როცა ხალხს გაუჭირდა, ქალების მხრებზე დადგა ყველაფერი. ქალებმა არჩინეს საშუალო ფენის ოჯახები.

ჩვენი ქვეყნის არც ერთ ხელისუფლებას საშუალო ფენასა და გლეხზე არ უფიქრია, ამიტომაა ქართველი ქალების უმრავლესობა დღეს საზღვარგარეთ.

3 შვილი მყავს, მათი დარდი არ მაქვს, რომ რამეს დააშავებენ, ცუდს ჩაიდენენ, ერთხელაც არ დაურეკავთ ჩემს შვილებს ჩემთვის დედა, ფული გამოგვიგზავნე და სადმე წავალთ, ვიქეიფებთო. მადლობა ჩემს შვილებს იმის გამო, რომ ჩემი და მამამისის გაგზავნილი ფული უმისამართოდ არ დახარჯულა.

შვილიშვილები ჩვენ გარეშე, ჩემი და ჩემი მეუღლის სიყვარულის გარეშე გაიზარდნენ.

ემიგრანტი მედეა კონცელიძე მეუღლესთან ერთად

ახლა 57 წლის ვარ, 43 წლის წამოვედი ემიგრაციაში, რომ ჩამოვედი, 3 თვეში დამემართა დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული გავხდი.

12 წელია აქ ვარ, მაგრამ დღესაც არ მაქვს ზუსტი პასუხი, როდის დავბრუნდები საქართველოში. ლირის ინფლაციამ ცუდ დღეში ჩაგვაგდო ემიგრანტები და ახლაღა დავფიქრდი წამოსვლაზე.

  • ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯე, ნორმალურ საქართველოში მინდა ვიცხოვრო

თურქ ხალხსაც შეეხო ინფლაციის ცუდი შედეგები, მაგრამ ემიგრანტებზე უფრო მწვავედ იმოქმედა ამან.

ლირის კურსის ცვლილებისთანავე, იმავე თვეში, აქ, თურქეთის მოქალაქეებს  ხელფასი და პენსია გაუზარდეს. თურქეთის ეკონომიკა უძლებს ამ რყევას ჯერჯერობით. გაჭირვება აქ არავის ეტყობა.

ჩვენ, ემიგრანტებს, ხელფასს დოლარზე გვიხდიან და როცა დოლარის კურსი გაიზარდა, გაუჭირდათ გადახდა.

მე ახლა 5500 ლირა მაქვს ხელფასი, აქ რომ დავიწყე მუშაობა, ეს 800 დოლარი იყო. ახლა 450 დოლარია. განახევრდა. აღარ ღირს აქ შრომად.

საქართველოს ხელისუფლებამ ხალხს უნდა მიაქციოს ყურადღება. ვისი მთავრობა უნდა იყოს, თუ საქართველო დაიცალა? მარტო მთავრობის მთავრობა უნდა იყოს საქართველოში? საშუალო ფენის, გლეხების და ხალხის მთავრობა გვინდა.

მე არ მინდა ხელისუფლება, რომელიც კანონებს საკუთარი თავისთვის წერს. ხალხისთვის რომ დაწერს კანონებს, ხალხს რომ დაეხმარება, არ დაახრჩობს ვალებში, მისცემს დაბალპროცენტიან სესხს, სულის მოთქმის, ფეხზე დადგომის საშუალებას რომ მისცემს მოქალაქეებს, ასეთი მთავრობა მინდა.

ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდეს და კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთნაირი.

  • ემიგრანტებმა ძალიან კარგად იციან, ნორმალური ადამიანი როგორ უნდა ცხოვრობდეს

სადაც კანონი კანონობს, იქ ხალხიც კარგადაა და ერთმანეთს შეურაცხყოფას არ აყენებენ, განსხვავებულ აზრს არ ლანძღავენ, არ თათხავენ.

ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯე, ნორმალურ საქართველოში მინდა ვიცხოვრო.

დავიღალე ხელისუფლებების ცვლილებით, დაპირებებით და მოტყუებებით. ხელისუფლებაში მყოფებს ნასწავლი აქვთ საზღვარგარეთ და ძალიან კარგად იციან, როგორ ცხოვრობს იქ ხალხი. ნუ სხედან და თვლემენ იქ, პარლამენტში. გლეხს მიხედონ, საშუალო ფენას მიხედონ, დააბრუნონ ემიგრანტები საქართველოში.

ემიგრანტი მედეა კონცელიძე სტამბოლიდან

ძალიან კარგად იციან, რომ მანდ ხალხს კი აჩერებენ, მაგრამ ევროპაში ნაცხოვრები და მდიდარ ოჯახებში ნამუშევარი ემიგრანტები რომ დაბრუნდებიან, მათ ვეღარ გააჩერებენ.

ემიგრანტებმა კარგად იციან საკუთარი უფლებები, ძალიან კარგად იციან ნორმალური ადამიანი როგორ უნდა ცხოვრობდეს. 12 წელია ვხედავ, როგორ ცხოვრობს სტამბოლში საშუალო ფენა. მდიდრებს აქ მილიონერებს და მილიარდერებს ეძახიან. საშუალო ფენა კი ცხოვრობს კარგად.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: