მთავარი,სიახლეები

რა არის თურქული ლირის გაუფასურების მიზეზი და რა ელის მას

13.12.2021
რა არის თურქული ლირის გაუფასურების მიზეზი და რა ელის მას

13 დეკემბერს, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის მონაცემების თანახმად, ლირის გაუფასურების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა: დღეს საღამოს 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 13.82 ლირაა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

ქვეყანაში უცხოური ვალუტის გაუფასურება უკავშირდება პრეზიდენტის, რეჯეფ დაიფ ერდოღანის ზეწოლით რეფინანსირების განაკვეთის, იმავე მონეტარული პოლიტიკის 16 პროცენტიდან 15 პროცენტამდე შემცირებას.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის გაცხადებული პოლიტიკის თანახმად, იგი უცხოური ბანკებისა და ე.წ. „საპროცენტო მაფიის“ ანუ მაღალი საპროცენტო განაკვეთების წინააღმდეგ მოქმედებს. ამ გეგმით ერდოღანი ცდილობს ბანკებში სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.

ერდოღანის მიხედვით, დაბალი საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს. მისივე განცხადებით, თურქეთი ამ გზით ეკონომიკურ დამოუკიდებლობას მოიპოვებს.

თუმცა ოპონენტებისა და ეკონომისტების განცხადებით, ერდოღანის მიერ არჩეული სტრატეგია მეცნიერულ მონაცემებს არ ემყარება და რეფინანსირების განაკვეთის ხელოვნური შემცირება ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, იგივე რეფინანსირების განაკვეთი, ცენტრალური ბანკის ინსტრუმენტია, რომლის ცვლილება საბაზრო საპროცენტო განაკვეთების არხით ერთობლივ მოთხოვნას ცვლის. ეს კი, საბოლოო ჯამში, ინფლაციის დინამიკაზე აისახება.

გარდა საპროცენტო განაკვეთებისა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ეკონომიკაზე ზეგავლენას ახდენს საკრედიტო, გაცვლითი კურსის და მოლოდინების არხებითაც.

ხელფასი 200 დოლარიც აღარ გამომივა – თურქეთში დასაქმებული ქალი ლირის გაუფასურებაზე

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მაღალი ინფლაცია ან ამგვარი მოლოდინები არსებობს, როგორც წესი, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, თუმცა თურქეთის შემთხვევაში პირიქით მოხდა და რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა, რამაც ოპონენტების განცხადებით, კიდევ უფრო მძიმე დარტყმა მიაყენა ვალუტას და ინფლაციას.

თურქეთის მკვლევრის, სანდრო ბაკურაძის განცხადებით, ერდოღანი წარსულში მის მიერვე ნაცადი რიტორიკის გამოყენებას ცდილობს, რომ თურქეთი ამჟამად ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ომს აწარმოებს და საპროცენტო განაკვეთებთან ბრძოლაც სწორედ ამ პროცესის ნაწილია.

მისი განცხადებით, საპროცენტო განაკვეთების შემცირება, რაც მოსახლეობის რეალური მოთხოვნაცაა, ერდოღანს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზების საშუალებად ესახება.

„ერდოღანის ეკონომიკურ პოლიტიკაში, საპროცენტო განაკვეთებთან ბრძოლა ისლამური საფარველითაა გამოხატული, რომლის მიხედვითაც, მევახშეობას რელიგია კრძალავს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პოლიტიკა ვერ ახერხებს რეალურად ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ეს იმის ნიშანია, რომ ედროღანს შეზღუდული აქვს შესაძლო პოლიტიკური სვლების შესაძლებლობა და ეს საკუთარი პოლიტიკური კარიერის გადარჩენის ერთ-ერთი ბოლო გზაა“, – განაცხადა სანდრო ბაკურაძემ.

ერდოღანმა 30 ნოემბერს განაცხადა, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას კვლავ გააგრძელებს.

___

ვრცლად წაიკითხეთ, რა გავლენა აქვს თურქული ლირის გაუფასურებას საქართველოზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: