მთავარი,სიახლეები

როცა გტაცებენ ხელს და გტენიან მანქანაში – რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას

03.12.2021 • 1945
როცა გტაცებენ ხელს და გტენიან მანქანაში – რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას

შეიძლება პოლიციამ ქუჩაში მხოლოდ იმიტომ დაგაკავოს, რომ ხელში ტრანსპარანტი გიჭირავს; პროტესტის ნიშნად, ვთქვათ, მუსიკას რთავ სუსის ან პარლამენტის შენობასთან; პულვერიზატორით ქუჩაზე წარწერას აკეთებ; უბრალოდ, ფერად ბუშტებს უშვებ ცაში, რომელზეც რამდენიმე საპროტესტო სიტყვა აწერია.

ბოლო პერიოდში სწორედ მსგავსი მიზეზებით აკავებენ ადამიანებს საპროტესტო აქციებზე. ერთ ადამიანზე ათი პოლიციელიც კი მოდის. არის შემთხვევები, როცა პოლიციელები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ხელებს უგრეხენ აქტივისტებს და ისე მიჰყავთ, მათ ადგილსამყოფელს ადვოკატები და ოჯახის წევრებიც კი ვერ პოულობენ.

  • როცა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას საფრთხე ემუქრება

ნოდარ რუხაძე სამოქალაქო აქტივისტია. ის 2018 წლიდან აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო პროცესებში. ხშირად მიზეზიც არ სჭირდება პოლიციას მის დასაკავებლად, რადგან არაერთხელ მოუსმენია პოლიციელებისთვის ბრძანების გაცემის დროს: „რუხაძეც მიაყოლეთ!“

ნოდარ რუხაძის აზრით, პოლიციელების ქცევა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად პოლიტიკურ დავალებებს იღებენ. ამბობს, რომ, მაგალითად, თუ 2018 წელს პოლიციასთან რამდენიმე საათიანიკამათის, ჩხუბისა და დაძაბულობის შემდეგ კარვებს მაინც შლიდნენ, 2021 წელს „თითქმის შეუძლებელია კარვის გაშლა, თუ ათასი ადამიანი მაინც არ დგას საპროტესტო აქციაზე“.

„ჩემი გადასახედიდან ასე ჩანს – პოლიციელებს პოლიტიკური დავალება აქვთ მიღებული, რომ არსად არ უნდა ჩანდეს პროტესტის კვალი“, – ამბობს ნოდარი.

ნოდარის თქმით, ახლა აქტივისტებს პარლამენტის წინ სტენსილის გაკეთების საშუალებასაც კი არ აძლევენ. „ადეკვატურ პირობებში შესაძლოა შედგეს ოქმი, თუ სამართალდამრღვევი არ ემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას დააკავონ აქტივისტი, მაგრამ ახლა უბრალოდ მიახლოების საშუალებასაც კი არ გაძლევენ შენობასთან“, – გვეუბნება ის.

ნოდარი იხსენებს შემთხვევას, როცა მისი მეგობარი მარიამ დოლიძე აგვისტოში მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ კანცელარიის წინ ცარცით დააწერა და გააპროტესტა 16 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლება.

მარიამი ამ წარწერის გამო 1000 ლარით დააჯარიმეს.

  • როცა 1 დემონსტრანტს 30 პოლიციელი მისდევს  

„პირდაპირ მოდიან, გტაცებენ ხელს და გტენიან მანქანაში. ეს არის მათი ფორმა. ერთ ადამიანზე 30 პოლიციელი მოდის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ჩვენი უფლებები, რა არის ზღვარი, რის შემდეგაც შეიძლება მოგედავოს პოლიციელი და დაგაკავოს, ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი პროტესტი იყოს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ამის მიუხედავად, მაინც გაკავებენ და ხშირად საერთოდ არ სჭირდებათ მიზეზი“, – გვიყვება ნოდარ რუხაძე.

საპროტესტო აქცია სუსთან

ნოდარს ხშირად აქვს მოსმენილი, როგორ აძლევდნენ პოლიციელს ბრძანებას – „ესა და ეს დააკავეთ!“ „მნიშვნელობა არ აქვს, რას გააკეთებ, თუ არის პოლიტიკური დაკვეთა, რომ პროტესტი უნდა განეიტრალდეს, ამას აკეთებენ… ავტორიტარიზმზე, მიტაცებულ, ჩამოშლილ სახელმწიფო ინსტიტუტებზე რომ ვსაუბრობთ, ამ ყველაფერს რაღაც ეტაპები აქვს. შეიძლება ადრეც ასე იყო და ვერ ვხედავდი, მაგრამ როცა 2018 წელს მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად ვხსნიდი კარვებს რუსთაველზე, ჯერ კიდევ არ მქონდა ამის განცდა.

მაშინ რომ გეკითხათ, ალბათ გეტყოდით, რომ „ყველა მოსამართლე არ არის ერთნაირი“ ან „ცუდი და კარგი მოსამართლეც არსებობს“, მაგრამ რასაც ბოლო ერთი წელია ვხედავ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველა ის მოსამართლე, რომელიც მურუსიძე-ჩინჩალაძე-შენგელიას კლანის წევრად მოიაზრება, უსამართლობის წინააღმდეგ ხმას არ იღებს.

აქტივისტების დაკავება სწორედაც, რომ პოლიტიკური დაკვეთაა, პოლიტიკური დაკვეთაა მათი 14 დღით ციხეში გაშვება და დაჯარიმება, რადგან სასამართლოზე მოტანილი შსს-ს მტკიცებულებებიც კი იმას ადასტურებს, რომ აქტივისტები მართლები არიან“, – გვეუბნება ნოდარ რუხაძე.

ნოდარ რუხაძე მოსამართლემ დღემდე რამდენჯერმე დააჯარიმა, საჯარიმო თანხა 7 ათას ლარს აღწევს. ყველა ჯარიმა, როგორც ნოდარი ამბობს, ქუჩაში დგომის გამოა გამოწერილი.

ახლახან ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილების შემდეგ, პირის დაკავების ხანგრძლივობა 48 საათამდე გაიზარდა. დაკავებულები ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში ან ქალაქში გადაჰყავთ. ამის მაგალითია თამარ კურატიშვილის შემთხვევა – ის ბათუმში სუსის შენობის წინ ვიდეოს გადაღების გამო დააკავეს. თამარს მცირეწლოვან შვილთან დაკავშირების უფლებაც კი არ მისცეს.

 

„სირცხვილიას“ აქტივისტებმა პოლიციელების აგრესიის შესაჩერებლად ახალი კამპანია წამოიწყეს – ეს იმას გულისხმობს, რომ აქტივისტები, უბრალოდ, „სეირნობენ“ კონკრეტულ ლოკაციებზე. მსგავს კამპანიაშია ჩართული ნოდარიც.

„მე ან რომელიმე სხვა აქტივისტი ჩადის, მაგალითად, პარლამენტის წინ და არტყამს წრეს. ხელში შეიძლება გვქონდეს კვერცხი, მაინც სიმბოლურია პროტესტის დროს, პულვერიზატორი ან უბრალოდ ტელეფონი და დავდივართ. დაგვყვება 15-20 პოლიციელი“, – ამბობს ნოდარი.

მისი აზრით, პოლიციელებიც კი ხვდებიან, რისი კეთება უწევთ. იციან, რომ 1 ადამიანის გამო 30 პოლიციელი არ უნდა იდგეს კორდონში: „ადამიანურ დონეზე მეცოდებიან კიდეც, რადგან ვხედავთ, რომ პოლიტიკური დაკვეთის შესრულება უწევთ. ვცდილობთ, ამით მაინც ვაჩვენოთ რამდენად არაადეკვატურ გარემოში უწევთ მუშაობა“.

ნოდარი შიშობს, რომ ეს ყველაფერი – დაჯარიმება, 48 საათით მტკიცებულებების უქონლობის მიუხედავად დაკავება, პირდაპირ ურტყამს კრიტიკულ აზრს ქვეყანაში:

„ჩვენ შეიძლება მივეჩვიეთ ასეთ გარემოში ჩვენი უფლებების დაცვას, მაგრამ მოქალაქემ, რომელიც ტელევიზორში ხედავს ამ ყველაფერს, შეიძლება შეიკავოს თავი და აღარ გამოვიდეს ქუჩაში პროტესტის გამოსახატად“.

ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც მათ შორისაა, ვინც ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების გაუარესებაზე შიშობს. მისი აზრით, გამოხატვის თავისუფლების, როგორც მთავარი კონცეპტუალური საკითხის მიმართ იცვლება დამოკიდებულება.

ზვიად ქორიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამოხატვის თავისუფლება გადააქციოს რაღაც ქიმერად, რომელსაც თითქოს შეუძლია ქვეყანას ნორმალურ განვითარებაში შეუშალოს ხელი და ამას აჯერებს კიდეც გარკვეულ საზოგადოებას.

„ამიტომ აცხადებენ გამოხატვის თავისუფლებას დესტრუქციულ ქმედებად, აკავებენ ადამიანებს გამოხატვის გამო და აჯარიმებენ. ბევრი რამ ხდება ისეთი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ამახინჯებს, აუარესებს და პრობლემატურს ხდის.

ამის მაგალითია თუნდაც კომუნიკაციების კომისიის მიერ „მთავარი არხის“ დაჯარიმება 112 ათასი ლარით, რომელმაც სამოქალაქო პლატფორმის ვიდეორგოლი გაუშვა ეთერში. რა იყო მათი არგუმენტი? – რომ მედიას არ ჰქონდა პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება არასაარჩევნო პერიოდში.

როგორ შეიძლება ცხოვრება დავყოთ წინასაარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდად, ეს ხომ არანორმალურია“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

მისი თქმით, მოქალაქეებს, საზოგადოებრივ გაერთიანებას ან პოლიტიკურ პარტიებს ყოველთვის აქვთ აქტიურობის უფლება.

ზვიად ქორიძე

„2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა, რომ თურმე გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეზღუდო, თუ ადამიანის ფუნდამენტური უფლება იზღუდება; გამოხატვის თავისუფლების გამო შეიძლება უჩივლო მედიასაშუალებას. ეს თავისთავად სარისკო ნორმად მიმაჩნია და მსგავსი ნაღმები ბევრია შემორჩენილი.

კომუნიკაციების კომისია დადგა კონსტიტუციურ ნორმებზე მაღლა და თქვა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „ასე განვმარტავო“. კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ დააჯარიმა ბექა ყორშიას სიუჟეტის გამოც, როცა მიიჩნია, რომ სიუჟეტში „უხამსად იყო ნაჩვენები ფინანსთა მინისტრი“ და ჩათვალა, რომ უხამსობა ლახავს ადამიანის უფლებას. ეს არის საშიში პრეცედენტები. ხვალ კომუნიკაციების კომისია კი აღარ იმსჯელებს რაიმე მსგავსი ტიპის შემთხვევაზე, იტყვის, რომ როგორც მე განვმარტე ყორშიას საქმეზე, ამის საფუძველზე ვასკვნი, რომ შენმა უხამსობამ გამოიწვია ადამიანის უფლებების შელახვა და ამიტომ გაჯარიმებო. ეს არის პრობლემური“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

ზვიად ქორიძის განმარტებით, კომუნიკაციების კომისია კონსტიტუციური ორგანოა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, მაგრამ მას არ აქვს უფლება დაიწყოს საკუთარი მსოფლმხედველობით ნორმების ინტერპრეტაცია და ამით შექმნას საშინელი საკანონმდებლო პრაქტიკა ქვეყანაში.

საპროტესტო აქციები თბილისში

„დაახლოებით იგივე გააკეთა „სირცხვილიას“ რეკლამასთან დაკავშირებითაც. დააკვირდით, რას ეუბნება ის ტელეკომპანიას – შენ არ გქონდა რეკლამის განთავსების უფლება, რომელიც მოგიტანა სამოქალაქო ჯგუფმა, რადგან შეიცავს პოლიტიკურ ნიშნებსო. რომც ყოფილიყო პოლიტიკური პარტიის რეკლამა, რა, პარტიას არ აქვს უფლება არჩევნების შემდეგ გამოიყენოს პოლიტიკური აქტივობა?

ეს ხომ თავისთავად ნიშნავს, რომ სამოქალაქო გაერთიანება დაფიქრდეს, შეიძლება მისი რეკლამა აღარ განათავსონ ეთერში და მეორე, დაიწყონ იმაზე ფიქრი, ხომ არ სჯობს სხვანაირად გავაკეთო.

ეს არამხოლოდ მედიის ნაწილში, არამედ, ზოგადად, აუარესებს გამოხატვის თავისუფლებას, რადგან ეხება ყველას, პირველ რიგში, მოქალაქეს. როცა მოქალაქე თვითცენზურას რთავს – რაღაც არ უნდა თქვას, ან არ მოიმოქმედოს, ეს არის ზუსტად გამოხატვის თავისუფლების გაუარესება“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

ზვიად ქორიძის თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის და მათი მხარდამჭერების მთავარი აქცენტი მოდის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონზე.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ გიორგი გაჩეჩილაძემ („უცნობი“) პარლამენტს სთხოვა შეიმუშაოს ცვლილებები „მაუწყებლობის კანონში“, რათა „ჟურნალისტების მხრიდან ცილისწამება გამოირიცხოს“.

ერთ-ერთი პარლამენტარი კი არასამთავრობო ორგანიზაციების „ჩარჩოებში ჩასმისკენ“ მოუწოდებს მთავრობას.

ზვიად ქორიძის თქმით, რა თემასაც არ უნდა შეეხონ, საითაც არ უნდა წავიდნენ, ბიზნესი იქნება თუ კორუფცია, საბოლოოდ მაინც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონთან მიდიან, „რომ თითქოს ეს კანონი არის თავსმოხვეული, თითქოს ვიღაცამ საიდუმლოდ ჩამოაგდო ამ ქვეყანაში და თითქოს არ არის გააზრებული ქართულ საზოგადოებაში.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი ძალიან მაღალი სტანდარტის ჩარჩო კანონია, რომელიც არ ითხოვს ცალკე მარეგულირებელ ნორმებს. ეს არის ნაყოფი იმ პროცესის, რაც მიდიოდა საქართველოში წლების განმავლობაში. პრინციპულად ითხოვდა საზოგადოება, რომ ადამიანი არ უნდა დაისაჯოს საკუთარი აზრის გამოხატვის გამო. დღეს კი, რომელიღაც დეპუტატი ზის პარლამენტში და იმაზე მსჯელობს, რომელიღაც მედია თურმე პროპაგანდისტულია და რომელიღაც არა. როდესაც დეპუტატის ტვინი მიმართულია აქეთკენ, ეს სახიფათოა“, – ამბობს ზვიად ქორიძე.

ნოდარ რუხაძე საპროტესტო აქციაზე

რაც შეეხება სიძულვილის ენის „დარეგულირებას“, როგორც მმართველი პარტია საუბრობს, ეხება სოციალური მედიის კონტროლს, სადაც ადამიანები თავისუფლად გამოხატავენ აზრს.

„ქართულ ოცნებას“ უნდა ციფრულ საუკუნეში დაიწყოს ადამიანების კონტროლი და გაუჩინოს ფილტრი გამოხატვაში. ამის რისკებიც რეალურია და თუკი გამწვავდება პოლიტიკური ვითარება, არ არის გამორიცხული, რაღაც კანონი ამაზეც მიიღონ“, – გვეუბნება ზვიად ქორიძე.

ასეთ შემთხვევაში საქართველო დაადგება ნაკლებად დემოკრატიული მეზობელი ქვეყნების – აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის და თუნდაც სომხეთის გზას, სადაც ახლახან მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, თუ მთავრობა მიიჩნევს, რომ სიუჟეტი ან პუბლიკაცია შეურაცხმყოფელია პირისთვის, მედიასაშუალება 10 ათასი დოლარით დაჯარიმდება.

__

გადაბეჭდვის წესი


ასევე: