განათლება,მთავარი,სიახლეები

ტბელ აბუსერიძე: ხელისუფლებას ეშინია, რომ დამარცხდება დემოკრატიასთან

05.07.2019 • 4700
ტბელ აბუსერიძე: ხელისუფლებას ეშინია, რომ დამარცხდება დემოკრატიასთან

ბათუმელი ტბელ აბუსერიძე, რომელიც ამერიკაში, მერილენის St. John’s College-ში თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს, არდადეგებს თბილისში ატარებს. ის 20-21 ივნისს, თბილისში პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფებოდა და მას შემდეგ, თითქმის ყოველდღე უერთდება აქციის მონაწილეებს. ტბელი 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ფოტოებზეც ასახავს.

„არ მინდა ამას ვიღებდე. არ მინდა ჩემხელა ბავშვებს ვხედავდე სისხლიან ქუჩაში. ფესტივალზე მინდა ვუღებდე ბავშვებს, როგორ ერთობიან და იცინიან და არ გაზის ბალონს და ტყვიებს, რომელსაც დაუნდობლად ესროდნენ  მშვიდობიან მოსახლეობას“, – წერს ის ფეისბუკის გვერდზე, სადაც ამ დღეების ამსახველი ფოტოები აქვს განთავსებული.

„ამ აქციებზე დგომა ბევრი რამის გამოა პრინციპული, რადგან აქ მხოლოდ გახარიას გადადგომაზე არ არის საუბარი, თუმცა ეს ერთ-ერთი მოთხოვნა იყო და არის. პირველ რიგში იმიტომ ვდგავარ, რომ ჩვენ დემოკრატიული პრინციპები გვამოძრავებს, როცა მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ითხოვს ცვლილებას, ეს უნდა იყოს ხელისუფლების მიერ გათვალისწინებული.

20 ივნისის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები თბილისში
ფოტო: ტბელ აბუსერიძე

იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებამ, შს მინისტრმა ჩაიდინა, პასუხი უნდა აგონ. დემოკრატიულ ქვეყნაში ამაზე მყისიერი პასუხი ექნებოდა სახელმწიფოს და 15 დღე ჩვენ არ ვიდგებოდით ქუჩაში“, – ამბობს ტბელი.

ტბელის აზრით, ის, რომ ხელისუფლება ჯიბრში ჩაუდგა საზოგადოებას, ეს მის სისუსტეზე მეტყველებს.

„მას ეშინია, რომ საზოგადოებრივი აზრი გაიმარჯვებს და ამ პრეცენდენტის ეშინია. ხელისუფლებას ეშინია, რომ დამარცხდება დემოკრატიასთან. ამ დროს, ხალხი არის ის, ვისიც უნდა ეშინოდეს ხელისუფლებას, ამიტომ ეს ბრძოლა ხალხის გამარჯვებით უნდა დასრულდეს“.

ტბელის აზრით, შს მინისტრის გადადგომა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის არის პასუხისმგებელი ძალის გადამეტებაზე.

„მე არ გამიცია ბრძანება“, – გამართლება არ არის, იმიტომ ხარ შს მინისტრი, რომ ყველაფრის საქმის კურსში იყო. თუ არ ხარ, ესე იგი ღირსეული მინისტრი არ ხარ. ამიტომ, ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობა გახარიას აკისრია“, – გვეუბნება ტბელი.

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციები რუსოფობიაში გადაიზარდა, რასაც არ ეთანხმება სტუდენტი.

კადრი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციიდან.
ფოტო: ტბელ აბუსერიძე

„მე მსგავსი რამ აქციაზე არცერთი გამომსვლელისგან არ მომისმენია. ნებისმიერი, ვინც აღიარებს, რომ საქართველოს 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული, მათთან ღვინოსაც დავლევთ, არ აქვს მნიშვნელობა რუსია თუ სხვა. რუსეთი ჩვენ გვებრძვის არა მარტო ტანკით, არამედ იდეოლოგიურად, პროპაგანდის მანქანით. შესაბამისად, ვინც ამას არ აღიარებს, ის ვერ იქნება ჩვენი თანამოაზრე, რადგან ამ აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ საქართველო გათავისუფლდეს რუსული იმპერიალისტური ძალებისგან და ეს არ არის ფობია“.

კადრი თბილისის საპროტესტო აქციებიდან
ფოტო: ტბელ აბუსერიძე

ტბელ აბუსერიძის აზრით, იმისათვის, რომ ხალხი ენდოს ხელისუფლებას, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია: „საზოგადოება ძალიან ფხიზელი უნდა იყოს არჩევნებზე, ხელისუფლებაში რომ ვეღარ მოვიდნენ  რუსეთზე ორიენტირებული პოლიტიკოსები და ვეღარ დაგვისვან გავრილოვები პარლამენტში. ამიტომ, არჩევანი უნდა გავაკეთოთ რაციონალურად და დაფიქრებით“.

სტუდენტი ამბობს, რომ საქართველოში ზაფხულის არდადეგებს ატარებს და იმედოვნებს, რომ ამერიკაში დაბრუნებამდე აქციაზე მდგომი ხალხის აზრი გაიმარჯვებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: