მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ტაში ექთნებს, ღირსეული ხელფასის ნაცვლად – „გაიზარდოს ხელფასი 1590 ლარამდე“

26.11.2021 • 5248
ტაში ექთნებს, ღირსეული ხელფასის ნაცვლად – „გაიზარდოს ხელფასი 1590 ლარამდე“

საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ექთნების რაოდენობა საგანგაშოდ დაბალია. თუმცა მიუხედავად ამ კადრებზე არსებული მაღალი მოთხოვნისა, მათი ყოველთვიური ხელფასი 300-დან 600 ლარამდე მერყეობს.

მძიმე სამუშაო პირობებისა და დაბალი ანაზღაურების გამო ექთნები ხშირად ტოვებენ პროფესიას, ახალი კადრები კი არ არის.

პანდემიის პირობებში ექთნების შრომა განსაკუთრებით დამძიმდა, ისინი დღემდე პანდემიასთან ბრძოლის პირველ ხაზზე დგანან, რისთვისაც „მადლიერების ტაში“ მიიღეს, მაგრამ გაუმჯობესებული სამუშაო პირობები და ღირსეული ხელფასი – არა.

დამოუკიდებელი პროფკავშირები – „სოლიდარობის ქსელი“ წლებია ექთნების შრომით უფლებებზე მუშაობს. 2021 წელს მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც საქართველოს კერძო კლინიკებში დასაქმებული 307 ექთანი მონაწილეობდა, ვკითხულობთ, რომ პანდემიისას ექთნის თვიური ხელფასი საშუალოდ გაიზარდა 250-508 ლარიდან 283-582 ლარამდე. ექთნები ამბობენ, რომ მათი ხელფასები არ შეესაბამება საჭიროებებს.
სოლიდარობის ქსელი: პანდემიისას შრომის მატებასთან ერთად ექთნების 60%-სთვის შრომის პირობები გაუარესდა. აქედან 23.6%-ზე მეტი ამბობს, რომ საავადმყოფოებში სიტუაცია სრულიად უკონტროლო გახდა; საქართველოში ექთნების სამუშაო საათების საშუალო რაოდენობა კვირაში 54-68 საათიდან 76-92 საათამდე გაიზარდა.

ექთნები და დამოუკიდებელი პროფკავშირები ითხოვენ, რომ ექთნების ხელფასი გახდეს 1590.25 ლარი, რაც ხელზე, დაბეგვრის შემდეგ, 1272 ლარია. „სოლიდარობსი ქსელმა“ პეტიცია მოამზადა და ხელმოწერებს აგროვებს.

ხელფასის ამ ოდენობით განსაზღვრა ემყარება „სოლიდარობის ქსელის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელიც ითვალისწინებს ექთნების ისეთ ბაზისურ ხარჯებს, როგორიცაა:  ადეკვატური კვება, ტრანსპორტირება, დასვენება, კულტურა, მომსახურება, ტანსაცმელი და კომუნალური გადასახადები.

„ექთნებისთვის ხელფასის გაზრდის პეტიციასა თუ პროფკავშირის წევრობაზე ხელმოწერის გამო სამსახურიდან ვერავინ გაგიშვებთ – ეს არაა კანონიერი! ამას გეუბნებიან, რომ დაგაშინონ და დაგქსაქსონ, რადგან თქვენი ერთობის ძალიან ეშინიათ! საკმარისი კადრები არ ჰყავთ კლინიკებს და განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, თქვენ ხართ ჩაუნაცვლებელი კადრები.

ძალიან დიდი ტერორი მოდის დამსაქმებლებისგან. მაგალითად, ჩვენ ღუდუშაურის კლინიკასთან ჩავწერეთ ერთ-ერთი ექთანი, ამ ადამიანს სურდა საჯაროდ გამოჩენა და გამოვაქვეყნეთ ჩვენს გვერდზე, რის შემდეგაც იმ კლინიკაში ატყდა ერთი ამბავი, როგორ გაბედა ამ ქალბატონმა და თქვა, რომ მისი ხელფასი დაახლოებით 300 ლარია. მიუხედავად იმისა, რომ ეს საიდუმლოც აღარ არის, ყველამ ვიცით რეალურად რა ხელფასები აქვთ ექთნებს.

ეს შიში ერთის მხრივ რაციონალურიც არის, იქიდან გამომდინარე, რომ  დამსაქმებლების და დასაქმებულების 90%-მა კანონები არ იციან. სამსახურში პირობების გაპროტესტების გამო ვერავინ ვერსად სამართლებრივად ვერ მოედავება დასაქმებულებს, სულ ერთია, კერძო კლინიკა იქნება ეს თუ სახელმწიფო”, – ამბობს რევაზ კარანაძე.

ფოტო: სოლიდარობის ქსელი

პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, კოვიდპაციენტებთან მომუშავე მედპერსონალისთვის გარკვეული დანამატები დაწესდა, თუმცა, რევაზ კარანაძის განმარტებით, სახელმწიფო ვერ აკონტროლებს კერძო კლინიკებში, რაც სამედიცინო დაწესებულებების 96 პროცენტს შეადგენს ქვეყანაში, ეს თანხები რეალურად აღწევს თუ არა ექთნებამდე.

მიმდინარე წლის სექტემბერში, შრომის ინსპექცია 111 კლინიკაში შევიდა. შემოწმებული კლინიკების უმრავლესობაში დარღვევები გამოვლინდა, როგორც ექთნებისთვის გაუცემელი სახელფასო დანამატების, ისე თვეობით გაუცემელი მთლიანი ხელფასების მხრივ.

„სამინისტრომ თქვა, რომ კერძო კლინიკებს დაურიცხავდა დანამატებს იმ ექთნებისთვის, ვინც მუშაობენ უშუალოდ კოვიდპაციენტების მოვლაზე, ვინც აკეთებს აცრებს და ტესტებს, თუმცა ეს არის პრობლემატური, რადგან არ ხდება ამის კარგად აღსრულება… შრომის ინსპექციის ანგარიშებით ირკვევა, რომ კერძო კლინიკების უმრავლესობაში ამ მხრივ კატასტროფული დარღვევებია.

რევაზ კარანაძე

საბოლოო ჯამში კოვიდექთნებისთვის ხელფასები გაიზარდა სახელმწიფოს ხარჯზე, მაგრამ რამდენად შენარჩუნდება ეს პანდემიის შემდეგ, არავინ იცის.

რამდენად ხდება ამის აღსრულება – ესეც პრობლემურია, კლინიკების უმრავლესობაში ამ თანხებს არ უხდიან ექთნებს – თანხებს ანაწილებენ სხვა ხარჯებზე, მაგალითად, რემონტზე და სხვა საკითხებზე”, – ამბობს რევაზ კარანაძე. 

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ექთნების დატვირთვა გაიზარდა. „სოლიდარობის ქსელის“ კვლევის თანახმად იკვეთება შემდეგი ტენდენციები: 

  • ერთ ექთანზე ცვლაში მოსავლელი პაციენტების საშუალო რაოდენობა 11/19-დან გაიზარდა 15/24-მდე;
  • ცვლაში ექთნის სამუშაო საათების საშუალო რაოდენობა გაიზარდა 15-21 საათიდან 16-29 საათამდე;
  • ექთნების 99% დაბალ ანაზღაურებას და შემოსავლის უკმარისობას ასახელებს 1 სამუშაო ადგილზე მეტ ადგილას დასაქმების მიზეზად. აქედან გამომდინარე, რესპონდენტების 39.7% მუშაობს ერთზე მეტ სამუშაო ადგილას;
  • გამოკითხულთა 95.1%-ს დაჭირვებია ვალის აღება; ვალების აღებისთვის 81.4% მიზეზად ასახელებს ხელფასის უკმარისობას, ხოლო 53.4% ვალს იღებს გადაუდებელი საჭიროებებისთვის და 33.8% ვალს იღებს სხვა ვალების გასასტუმრებლად;
  • ვალის თავისუფლად გასტუმრება მხოლოდ 9%-მა შეძლო;

რევაზ კარანაძე სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავრობა ამ კუთხით ძალიან პასიურია.

„ექთნის საშუალო ხელფასი მაინც 300 ლარია – პირველი კვლევა 2013 წელს ჩავატარეთ, მეორე – 2021 წელს და არაფერი შეცვლილა. იცით, სამომხმარებლო და ძირითად პროდუქტებზე ფასები როგორ არის გაზრდილი, წარმოუდგენელია ასეთი ფასებით და ამ ხელფასით ცხოვრება. ეს კრიზისი არის ძალიან ღრმა და სახელმწიფო ამ კუთხით ძალიან პასიურია.

კერძო სექტორს აქვს გადაბარებული მთლიანად ჯანდაცვა და არის გადაქცეული ჩვეულებრივ ბიზნესად, როცა ჯანდაცვა უნდა იყოს საჯარო სიკეთე.

ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა არის ადამიანის უფლება. როცა ექთნების ნაკლებობაა, სამუშაო პირობები მძიმეა, ანაზღაურება – მიზერული, ეს სერვისის ხარისხზე აისახება”, – ამბობს ის.

რევაზ კარანაძის თქმით, ამ ეტაპზე გრძელდება პეტიციისთვის და პროფკავშირებში გაწევრიანებისთვის ექთნების ხელმოწერების შეგროვება.

„პეტიცია არის არა მხოლოდ იმისთვის, რომ მას ჰქონდეს საკანონმდებლო ინიციატივის ძალა, ექთნებს უნდა ჰქონდეთ ერთობის განცდაც, რომ უფრო მეტი ექთანი შემოგვიერთდეს. რაც უფრო მეტი  იქნება ზეწოლა უშუალოდ პროფესიის წარმომადგენლების მხრიდან, უფრო დიდი ძალა გვექნება მოლაპარაკებების დროს“, –  ამბობს რევაზ კარანაძე.

10 დეკემბერს, ექთნებისთვის ღირსეული ხელფასის მოთხოვნით, თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან „სოლიდარობის ქსელი“ საპროტესტო აქციას გეგმავს.

____________________________

ამავე თემაზე:

რა ღირს ექთნის შრომა;

მსოფლიოში ექთნების დეფიციტია – ჯანმო მთავრობებს მიმართავს

ექთნების ხმა – დაუფასებელი შრომა [პოდკასტი]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: