განათლება,სიახლეები

რას შეცვლის პედაგოგებისთვის სასწავლო პროცესში რესურსცენტრების ჩარევა

14.12.2021 • 5910
რას შეცვლის პედაგოგებისთვის სასწავლო პროცესში რესურსცენტრების ჩარევა

განათლების მინისტრმა  მასწავლებლის კარიერული სქემის ცვლილებები დააანონსა მომავალი წლიდან და ასევე თქვა, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაზე პასუხისმგებელი რესურსცენტრები იქნებიან.

რას მოუტანს ცვლილებები სკოლებს და რა სჭირდება რეალურად მასწავლებელს პროფესიული განვითარებისთვის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მზია სალაძეს ესაუბრა. ის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის, კურიკულუმის დანერგვის ექსპერტია ბათუმსა და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში.

  • ქალბატონო მზია, თქვენი, როგორც პედაგოგის აზრი გვაინტერესებს, რა არის მასწავლებლისთვის პროფესიული განვითარების ყველაზე კარგი გზა?

მასწავლებლის პროფესიული ზრდის ყველაზე კარგი საშუალება თვითგანვითარებაა, თვითრეფლექსია, საკუთარ თავზე მუშაობა.

არც ტრენინგი, არც ზემდგომის წაქეზება ან წახალისება, თუნდაც ჯილდო, არ მოქმედებს მასწავლებლის პროფესიონალიზმზე ისე, როგორც მასწავლებლის სურვილი და მზაობა, რომ იყოს პროფესიონალი, მუდმივად იზრდებოდეს და ვითარდებოდეს.

უამრავი გზაა განვითარებისთვის. მასწავლებელს შეუძლია დაესწროს ტრენინგებს, გაეცნოს ლიტერატურას, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ პრაქტიკაში უნდა გამოიყენოს პედაგოგმა, მუდმივად უნდა ეძიებდეს სიახლეებს,  ფეხი რომ აუწყოს თანამედროვეობას.

დღეს ისეთი ახალგაზრდები, ისეთი ბავშვები გვყავს სკოლაში, რომ არ აკმაყოფილებთ ჩვეულებრივად ჩატარებული გაკვეთილი – „წაიკითხე, მოყევი, თვალი გააყოლე“.  მაგალითად, ძალიან კარგად მუშაობს კომპლექსური დავალებები, რომლებიც მეტ ჩართულობას და დასაბუთებას მოითხოვს. სხვათა შორის, ბავშვები ხალისით აკეთებენ ამ დავალებას.

სამწუხაროდ, მასწავლებლების ძალიან დიდ პროცენტს უჭირს კომფორტის ზონიდან გამოსვლა. რას ნიშნავს კომფორტის ზონა? მივიდა, ჩაატარა ჩვეულებრივი გაკვეთილი – ის, რაც მან იცის და რაც მიაჩნია მართებულად.

ქალაქის სკოლებში ბავშვების უმრავლესობა კერძო სექტორში მეცადინეობს და მშობლებსაც მთელი აქცენტი ამაზე აქვთ გადატანილი. ეს არ უნდა ხდებოდეს, რადგან კლასში მასწავლებელთან უნდა იღებდეს ბავშვი იმ ცოდნას, რომ სახლში მშობლის წახმარება საკმარისი იყოს დავალების შესრულებისას თუ სწავლისას.

თუ მასწავლებელს არ აქვს მზაობა მიიღოს სიახლეები, შემდეგ დანერგოს ეს სიახლეები, დამერწმუნეთ, ვერასდროს განვითარდება. სამწუხაროდ, ბევრ ასეთ მასწავლებელთან მაქვს შეხება.

  • მასწავლებლები სოციალურ ქსელებში ხშირად აკრიტიკებენ პროფესიულ ტრენინგებს. ამბობენ, რომ „არაფრისმომცემია“. მართლა არაფერს იძლევა ეს ტრენინგები, თუ ეს ის კატეგორიაა, ვისზეც ამბობთ, რომ არ უნდათ კომფორტის ზონის დატოვება?

ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი – ვინც თავიდანვე კარგად მუშაობდა, ვისაც აინტერესებდა, ვინც ახალ მეთოდებს ნერგავდა, ახლაც ამ მასწავლებლების ირგვლივ ტრიალებს ყველაფერი. ვინც ინერტული და სხვის ხარჯზე გამსვლელი მასწავლებელი იყო, ახლაც ასეა.

შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ მათ, უყვართ თავიანთი საქმე და როგორც მიაჩნიათ ისე აკეთებენ, მაგრამ არ აქვთ სურვილი და მზაობა, მიიღონ სიახლეები. არ უნდათ სიღრმეებში წასვლა და გონების დაძაბვა.

მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში 2019 წლიდან ვარ ჩართული და ყველა ახალი მეთოდი საკლასო ოთახში, ბავშვების ჩართულობით გამოიცდება. პრინციპები, მიდგომები ყოველთვის იცვლება. ამიტომ, ტრენინგები ყველაფრისმომცემია, მე ტრენინგებით ვიზრდები და კარგი ტრენერები გვასწავლიან.

მთავარია, მასწავლებელი რამდენად არის მზად, ეს ყველაფერი საკლასო ოთახში დანერგოს და რამდენად არის მზად, რომ პროფესიულად გაიზარდოს.

მასწავლებლების ის არმია, რომლებიც აპროტესტებენ ტრენინგებს, ახლაც წუწუნებს – არ უნდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ის, ვინც საქმეს აკეთებდა და შრომობდა, ახლაც ისე შრომობს. ამ კატეგორიას ურჩევნია ორ სკოლაში იმუშაოს, ჩაატაროს 5 გაკვეთილი ერთში, 5 – მეორეში. ამ დროს კლასგარეშე მუშაობა, ფაქტობრივად, მკვდარია.

  • პარლამენტში გამოსვლის დროს მინისტრი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ 11 მლნ ლარი დაიხარჯა პედაგოგების გადამზადებაზე, თუმცა არ არის შედეგი და განათლების ხარისხი მაინც დაბალია. ეს ნორმალურია?

მე ვიყავი ესტონეთში, პოლონეთში, სადაც მასწავლებლები ყოველ მეორე წელს აბარებენ გამოცდებს, თავის კურიკულუმებს ქმნიან, ვითარდებიან. ჩვენთან კი, რატომღაც ისეთი მიდგომა აქვს სახელმწიფოს მასწავლებლების მიმართ, რომ გული არ ატკინოს, არ გაუშვას. არ არის ისეთი მექანიზმი შემუშავებული, რომელიც განაპირობებს რაღაც გააკეთოს მასწავლებელმა.

მშობლისგანაც უნდა იყოს დაკვეთა – მშობელი მასწავლებელს არ სთხოვს მის შვილს მისცეს ცოდნა, რომ არ დასჭირდეს თვეში 150 ლარი გადაიხადოს ერთ საგანში და ცალკე ამეცადინოს ბავშვი.

ამ ცვლილებებს უნდა ახალი მასწავლებლები, ახალგაზრდები, რომლებიც სულ სხვა მენტალობით მოდიან, ეროვნული გამოცდები ჩააბარეს, სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ საქმისადმი, სხვანაირად მუშაობენ მე რაც მინახავს. ჩვენ კი იმ ასაკში ვართ, რომ უნდა წავიდეთ დამსახურებულად და ახალი თაობა მოვიდეს.

  • აქვთ ახალგაზრდებს ინტერესი სკოლის მიმართ?

როგორ არა. ოღონდ კონკურსი გამოცხადდეს, კადრების პრობლემა არ არის, მასწავლებლის ხელფასი საკმაოდ მაღალია. მაგრამ, რატომ გამოაცხადებს სკოლა ვაკანსიებს, როცა სამინისტრო მუდმივად აძლევს შანსებს მათ.

  • როგორ ფიქრობთ, ვინც ვერ ჩააბარა საგნობრივი გამოცდა, მათ უნდა დაეტოვებინათ სისტემა?

მინიმალური კომპეტენცია პედაგოგმა უნდა დაადასტუროს, მაგრამ თუ რაღაც პრობლემის გამო ვერ გავიდა გამოცდაზე, ესეც უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფომ. სკოლა ისეთი სისტემაა, მიჩვევა იცის. როცა ადამიანი წლებია მუშაობს სკოლაში და შემდეგ თავს ანებებს, მასზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს. ძალიან რთულია.

ჩემი აზრით, სწორი მიდგომაა, რადგან აქამდე ვერ დავინახეთ რესურსცენტრების დანიშნულება მეთოდოლოგიური მიმართულებით. მას რაიმე ფუნქცია რომ გაუჩნდეს, სკოლაში უნდა მივიდეს, დააკვირდეს საგაკვეთილო პროცესს.

მეთოდისტი იქნება თუ სხვა სპეციალისტი, უნდა დაეხმაროს მასწავლებელს იმაში, რისი საჭიროებაც გამოჩნდება. თუმცა პროფესიული ტრენინგებიც უნდა დარჩეს და დაეხმაროს პედაგოგს პროფესიულ განვითარებაში.

რესურსცენტრებში პროფესიონალები, საქმის კარგი მცოდნეები უნდა მუშაობდნენ და არა ისინი, ვინც საერთოდ არ იცნობენ განათლების სისტემას და დანიშნეს იმის გამო, რომ იქ შტატი გამოჩნდა ან ვიღაცის ვიღაცაა. საუკეთესოები უნდა შეირჩეს რესურსცენტრებში, სხვებზე დახმარება რომ შეძლონ. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში გაამართლებს ეს სისტემა.

  • როცა ხარისხის გამო საყვედურობენ პედაგოგებს, მათი მხრიდან ასევე გვესმის პრეტენზიები, რომ არ არის სკოლები ტექნიკურად აღჭურვილი, არ აქვთ კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი. ეთანხმებით ამაში პედაგოგებს?

ვეთანხმები, რა თქმა უნდა. ამ მიმართულებით მასწავლებლების პრეტენზიები სამართლიანია. ყველა სკოლა უნდა იყოს აღჭურვილი ტექნიკით. სკოლაში უნდა იყოს ინტერნეტი, მასწავლებელს უნდა ჰქონდეს კომპიუტერი, პროექტორი. მე, მაგალითად, ჩემი ძველი კომპიუტერი მივიტანე სკოლაში და არც ერთი გაკვეთილი არ ჩამიტარებია კომპიუტერის გარეშე.

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს ბუქებიც გვაქვს და ამ მხრივ არ გვაქვს საწუწუნო, საბაზო და საშუალო საფეხურზეა აქვთ უფრო პრობლემები. დღეს მასწავლებლების ძალიან მცირე პროცენტი ახერხებს საკუთარი კომპიუტერი შეიძინოს – ტექნიკის უქონლობა რომ არ აისახოს სწავლის ხარისხზე.

თუმცა, როგორც ვიცი, მომავალი სასწავლო წლიდან უნდა აღიჭურვოს ყველა სკოლა ტექნიკით და ინტერნეტით, რადგან მასწავლებელს ყველა გაკვეთილზე სჭირდება ელექტრონული რესურსი. მე, მაგალითად, დღეს მცენარის ზრდა-განვითარებაზე მქონდა გაკვეთილი და კარგად გამოვიყენე ელექტრონული რესურსები. აბა, სანამ თესლს ჩავაგდებთ და ის 25 დღეში გაღვივდება, მანამდე გავივლით ამ გაკვეთილს.

  • ხშირად პედაგოგები ამბობენ, რომ გამოცდებისა თუ სხვადასხვა ვალდებულების გამო მოწყდნენ ბავშვებს, სასწავლო პროცესებს. თქვენ მენტორი მასწავლებელი ხართ – ასე ფიქრობთ, ნაკლები დრო გრჩებათ ბავშვებისთვის?

არა, რადგან ყველა ჩემი აქტივობა კეთდება ჩემს მოსწავლეებთან ერთად. ჩემი მოსწავლეები არიან ყველა ჩემი წარმატებული საკონფერენციო თემის თანაავტორები.

კონფერენციაზე გაგვაქვს თემა, სადაც რაღაც განსხვავებულ მეთოდზეა საუბარი, რომელიც გამოვიყენე და დავნერგე საკლასო ოთახში. ეს ვისთვის გავაკეთე, ბავშვებთან ერთად არ გავაკეთე? რატომ მოწყდნენ მოსწავლეებს, გეგმის დაწერა საგაკვეთილო პროცესზე მოწყვეტაა?

იმ გაკვეთილის რეფლექსია, ანუ ანალიზი რომ დავწერო, რა გამომივიდა და არა კარგად, ეს დროის კარგვაა? მე მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი მასწავლებლის განვითარებაში, მის პროფესიულ ზრდაში, არის მზაობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: