მთავარი,სიახლეები

„უკან საბერძნეთში – არც ის იცი, თუ დაბრუნდები საერთოდ“ – ემიგრანტი ქალი

14.12.2021 • 8816
„უკან საბერძნეთში – არც ის იცი, თუ დაბრუნდები საერთოდ“ – ემიგრანტი ქალი

ნონა თანიაშვილმა საქართველო 21 წლის წინ დატოვა და სამუშაოდ საბერძნეთში წავიდა. ამ წლების განმავლობაში ორჯერ სცადა უკან დაბრუნება. პირველად ერთი წლით ჩამოვიდა, მაგრამ სამსახური ვერ იპოვა და ისევ ემიგრაციაში დაბრუნდა. მეორედ საქართველოში სამუდამოდ დაბრუნების გადაწყვეტილება წელს, სექტემბერში მიიღო. ათენში ნაქირავები ბინა დაცალა, ყველა ნივთი წამოიღო და თქვა, რომ უკან, საბერძნეთში აღარ დაბრუნდებოდა.

სამი თვის შემდეგ იძულებული გახდა გადაწყვეტილება შეეცვალა – კიდევ ერთხელ ალაგებს ბარგს და უკან საბერძნეთში მიდის. ამჯერად არ იცის, როდის დაბრუნდება ან დაბრუნდება თუ არა საერთოდ.

„წარმოშობით თიანეთიდან ვარ. 6-7 წელი გამგეობაში ვმუშაობდი, მაგრამ ხელფასს ვერ ვიღებდი. შვილი მყავდა, რომელიც უნდა მიმეყვანა სკოლაში და უამრავი საჭიროება მქონდა – იქ წიგნი, იქ რვეული და გადავწყვიტე წავსულიყავი საზღვარგარეთ. თავიდან გერმანიაში ვაპირებდი წასვლას. შევიტანე საბუთები პასპორტზე,  მაგრამ ეს კაცი, ვისაც უნდა წავეყვანე, გაქრა.

ჯგუფი უკვე შემდგარი იყო. პროცენტიანი ვალი მქონდა გამოტანილი და ეს პროცენტიც მემატებოდა. მითხრეს, თუ გინდა გაგიშვებთ საბერძნეთშიო. მეთქი, კარგი, სადაც გინდათ, ოღონდ შევძლო ჩემი ოჯახის რჩენა-მეთქი,“ – გვიყვება ნონა.

ნონა იხსენებს, რომ  საბერძნეთში ჩასულს მასაც იგივე პრობლემები შეხვდა, რაც ზოგადი მიგრაციის მახასიათებელია – ენის არ ცოდნა, პირველი რთული სამსახური, საბუთის არ ქონა.

„აქედან სხვა მოლოდინი გაქვს, სხვანაირად წარმოგიდგენია იქ მუშაობა, რეალობა კი სულ სხვაა. ეს არის შოკი, რომ ჩადიხარ და უნდა იყო ვიღაცის მოახლე.

აქედანაც წარმოგიდგენია, ხო, მერე რა დავალაგებ სახლს, მაგრამ იქ სულ სხვაა. იქ სხვანაირად გთხოვენ. მეც როგორც ყველა, შევეჯახე ამ პრობლემას, შევეჯახე იმას, რომ ვერ ვშოულობდი სამსახურს – უენო არავის არ სჭირდებოდა. თუ არ შეხვედი და დაიწყე მუშაობა, ენას ვერ ისწავლი,“ – ამბობს ის.

ნონა ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება წელს მეორედ მიიღო. ეცადა ბათუმში დაფუძნებულიყო, სამსახური ეპოვა და საკუთარ ქვეყანაში გაეგრძელებინა ცხოვრება, თუმცა უშედეგოდ.

„ჩემი შვილი, შვილიშვილი და დისშვილები ბათუმში ცხოვრობენ და მუშაობენ. მეც ბათუმში ჩამოვედი და აქ ცხოვრება გადავწყვიტე. ბათუმი ევროპის ქალაქებს ჰგავს. ათენში სასტუმროსა და კაფეში ვმუშაობდი. დიდი გამოცდილება მაქვს. ვიფიქრე წავალ საქართველოში, ვიცხოვრებ ბათუმში ჩემს შვილთან ერთად და ამ გამოცდილებას, რაც აქ დავაგროვე, გამოვიყენებ იქ. მეგონა სამსახურს ვიპოვიდი. ჩამოვედი, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე და ახლა ისევ უკან, საბერძნეთში უნდა დავბრუნდე,“ – ამბობს ნონა.

ნონას თქმით, არ ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველოში დაბრუნებულს ვინმე ხელგაშლილი დახვდებოდა, თუმცა არც ისე ეგონა, რომ ყველაფერი ასეთი უცხო იქნებოდა მისთვის.

„მთავარი სირთულე ისაა, რომ უცხო ხარ, შენს ქვეყანაში ხარ უცხო. აღარ იცი გზებიც კი. აღარ გყავს ნაცნობები, არ იცი რა გააკეთო. სად წახვიდე? ხარ უცხოსავით – ყველაფერი ახალია, ყველაფერი უცხოა. შენს ქვეყანაში ხარ და ყველაფერი უცხოა.

მე ახლა ათენში რომ ჩავალ, ყველა კუთხე-კუნჭული ჩემთვის ნაცნობია. იქ მყავს ნაცნობები, მეგობრები. აქ მომინდა სიტყვაზე ყავაზე გავიდე, კი მყავს დისშვილები, მყავს ჩემი შვილი, მაგრამ ქალები ვართ, დაქალი გვინდა, ჩვენი სამეგობრო წრე გვინდა. არავინ არ გყავს.

ყველაზე დიდი სიმწარე ეგაა, რომ გაუცხოებული ხარ შენს ქვეყანაში, მაგას რომ ხვდები. წასვლა გინდა ვთქვათ, სად უნდა წავიდე? ეგეც  აღარ ვიცი. რა არის სანახავი. იქ მთელი კუნძულები მაქვს მოვლილი, უმეტეს კუნძულებზე ნამყოფი ვარ, საქართველოში იმდენი რამ მაქვს სანახავი, არც მინახია და ალბათ ვერც ვნახავ.

„რომ ჩამოვდივარ, ვერ ვიცლი“ – არ არის გამართლება, უბრალოდ, მარტო ხომ ვერ წახვალ. აქ ყველას თავის ცხოვრება აქვს, მუშაობს. საცოდავად აქვთ ის სამსახური ნაშოვნი და შენი გულისთვის წამოვლენ, შენ გატარონ ექსკურსიებზე? იქ პრომეთეს მღვიმე მინდა ვნახო, რა ვიცი, ათასი რამე გაკეთდა საქართველოში. ვერა. ვერ მივდივარ. აი, ესაა საშინელება“.

რა უნდა გააკეთოს საქართველომ ემიგრანტებისათვის

“მე მინდა, რომ ჩემმა ქვეყანამ იზრუნოს თავის მოქალაქეებზე, მომცეს ერთი სამსახური. არ ვითხოვ რაღაც სასწაულებს. ისეთი სამსახური, რომ შევძლებ საარსებო წყარო მქონდეს.

აღარ ვიფიქრო წასვლაზე, გაქცევაზე. მე არ ვადარებ იქაურ ხელფასს, აქაურ ხელფასს. სისულელეა და უაზრობაა. მინდა, რომ დავკავდე რაღაცით. მე მილიონებით რომ ჩამოვსულიყავი, უსაქმოდ მაინც ვერ გავჩერდებოდი. მინდა რაღაც გავაკეთო. იმის საშუალება მქონდეს ქვეყანაში, დავკავდე რაღაცით, მქონდეს საარსებო წყარო. მქონდეს იმხელა ხელფასი, რომ შიმშილით არ მოვკვდე. 400-500 ლარით ვერავინ ვერ იარსებებს. აი, ეს მინდა და ამას ვითხოვ. ყველა ამას ვითხოვთ. არავინ არ ვითხოვთ, რომ ჩამოვიდეთ და ვინმემ ფულები დაგვირიგოს. ხალიჩები გაგვიშალოს. არავინ ამას არ ითხოვს, არცერთი ემიგრანტი.

წასულების 1 პროცენტი არ ფიქრობს აქ დაბრუნებაზე, მაგრამ 99% იმ იმედით ვცოცხლობთ, რომ დადგება ის დღე, როცა შევძლებთ ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებას. შევძლებთ, რომ აქ ვიარსებოთ. იქ ფუფუნებაში კი არ ვცხოვრობთ ჩვენ. იქაც ვმუშაობთ. აქაც ვიმუშავებთ, ოღონდ მიღირდეს და ვიცოდე, ხელფასს რომ ავიღებ, ის მეყოფა, შიმშილით არ მოვკვდე. ჩემს შვილსაც დავეხმარო. მქონდეს ელემენტარული ადამიანური პირობები”.

ემიგრაციის მთავარი სირთულე

“საქართველოში მყოფები ვერ იგებენ ემიგრაციის სევდას. მოდი წაიყვანეთ ადამიანი თავისი სახლიდან და მიიყვანეთ სხვაგან.

შენ ხარ იქ უცხო. შენ იქ არავინ არ გიღებს. რაც არ უნდა კარგი იყო, შენ მაინც ჩასული ხარ, „ქსენი“ ხარ (უცხო – ბერძ.). ჩვენი ტკივილი რა არის – იქაც უცხოები ვართ, აქაც უცხოები ვართ. ამას ვერ გაიგებს აქ მყოფი. მოდი სცადოს ვინმემ, ერთი კვირა მეზობელთან გავიდეს და იმასთან იცხოვროს. იმის ხუშტურებზე იცხოვროს. როცა ეტყვის ადგეს – ადგეს, როცა ეტყვის დაწექი, დაწვეს, როცა ეტყვის ჭამე, ჭამოს, შეძლებს?

ვერ იცხოვრებს და ჩვენ იქ წლები ვცხოვრობთ ვიღაცის ოჯახებში და საკუთარი მე არ გაგვაჩნია. „შენ“ – არ არსებობს. ისინი რასაც გეტყვიან და როგორც გეტყვიან, ისე უნდა გააკეთო.

გეტყვიან 7 საათზე ადგები – უნდა ადგე,  როცა გეტყვიან ჭამე – უნდა ჭამო, როცა გეტყვიან გადი – უნდა გახვიდე. ზოგი თვეების განმავლობაში საერთოდ არ გადის გარეთ. მე მიმუშავია მასეთ სამსახურში – თვეში ერთი დღე გავდიოდი. თვეში ერთი დღე რომ ვერ ჩამოხვალ კორპუსიდან დაბლა და ხარ ერთი თვე გამოკეტილი, ეს არის ციხეში ყოფნა.

ახლა ლოქდაუნები რომ იყო, რა დაემართა ხალხს? ჩვენ მუდმივად მაგ სიტუაციაში ვართ. ასეთი სამსახური გვაქვს. ბანკის ვალები აქვთ, ის სამსახური რომ დაკარგონ, არ იციან, როდის იშოვიან. იძულებული ხდებიან, წლები იცხოვრონ ამ ციხეში.

შენი ნებით შედიხარ ციხეში და ცხოვრობ. მაგრამ ციხეში იცი რამდენი წელი გაქვს მისჯილი და როდის გახვალ. იქ არ ვიცით, როდის დამთავრდება ჩვენი სასჯელი.

ჩვენ, საქართველო, ვამარაგებთ მთელ ევროპას იაფი მუშახელით და მერე ვითხოვთ, რომ პატივი გვცენ. მერე ვამბობთ – ვაიმე, იცით რა მაგარი ქვეყანა ვართ, იცი რა მაგარი ხალხი ვართ?

რანაირად ხართ მაგარი ქვეყანა? ჩვენი პრემიერ-მინისტრი რომ ჩამოდიოდა საბერძნეთში მე ქართული საიტებიდან ვიგებდი, იქ არც აშუქებდნენ. შენ როგორ გცემენ პატივს, შენ, პრემიერ-მინისტრი რომ ხარ, როცა შენი მოსახლეობა იქ, მონებად მუშაობს?

ეგ იგივეა, რომ შენ ჩაიცვა ბოლო მოდის შარვალ-კოსტუმი, გქონდეს ბოლო მოდელი მანქანა და გამოხვიდე სახლიდან მასე, და შენი ცოლ-შვილი იქვე მათხოვრობდეს. ეს იგივეა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: