მთავარი,სიახლეები

„წამოვედი 1 წლით და უკვე 17 წელია აქ ვარ“ – ემიგრანტი ქალი სტამბოლიდან

15.12.2021 • 26137
„წამოვედი 1 წლით და უკვე 17 წელია აქ ვარ“ – ემიგრანტი ქალი სტამბოლიდან

17 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნანული დუმბაძემ სარფის საზღვარი გადაკვეთა და თურქეთში, ანკარაში წავიდა სამუშაოდ. ერთი წლით მივდივარ – ასე ფიქრობდა მაშინ ნანული და შვილებსაც, რომლებიც უკვე 20 წელს იყვნენ გადაცილებული, ასე უთხრა.

ერთი წელი 17 წლად იქცა. პერიოდულად ჩამოდიოდა, შვილებს და ნათესავებს მოინახულებდა და ისევ უკან ბრუნდებოდა სამუშაოდ.

„არც საქართველოში ვყოფილვარ უქმად არასდროს, 17 წლის დავქორწინდი და მას შემდეგ სულ ვშრომობ, არასდროს გავჩერებულვარ“, – გვითხრა მან. ახლა იგი სტამბოლში მუშაობს, ბავშვებს უვლის და საოჯახო საქმეებს ასრულებს. ამბობს, რომ ოჯახი, სადაც მუშაობს, მოსწონს და ამას ისიც მოწმობს, რომ უკვე 7 წელია სამსახური არ შეუცვლია.

„მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაცია დამეხმარა ჩემი ოჯახის გაძლიერებაში, დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, აღარ დავტოვებდი ჩემს ოჯახს“, – ამბობს ნანული დუმბაძე.

მოუსმინეთ კიდევ ერთ ემიგრანტ ქალს ქალაქ სტამბოლიდან: 

  • „წამოსვლის დღეს რომ ვიხსენებ, დღესაც მეტირება“ 

17 წელია ემიგრაციაში ვარ. თავიდან ანკარაში წავედი, იქ ვმუშაობდი ოჯახში, პატარა ბავშვებს ვუვლიდი. ძალიან ძნელი იყო, მაგრამ რა მექნა აბა, იძულებული ვიყავი წამოვსულიყავი და 2 კაპიკი მეშოვა.

წამოვედი ერთი წლით და აგერ უკვე 17 წელიწადია აქ ვარ.

როცა მე ჩამოვედი ანკარაში, მაშინ ძალიან ცოტა იყვნენ ქართველები, მერე უფრო გაიხსნა გზა და წამოვიდა ქართველობა თურქეთში სამუშაოდ.

იმ წლებს და იმ დღეებს რომ ვიგონებ, დღესაც მეტირება, ჩემი შვილები დავტოვე, ავდექი და აქეთ წამოვედი. ეს იყო ძალიან რთული გადასაწყვეტი, ძალიან მტკივნეული. აი, რომ მაგონდება ის ტკივილი და ის სიმწარე, დღესაც მეტირება.

ყოველთვის, როცა ღამე ძილი გამიკრთება და ვერ ვიძინებ, სულ იმ წამოსვლის დღეებს ვიგონებ

ისე წამოვედი, არავის ვუთხარი შვილების გარდა. უკვე დიდი შვილები მყავდა, მაგრამ განა დედისთვის მნიშვნელობა აქვს, რამხელა შვილებს დატოვებს?

მოულოდნელად წამოვედი ემიგრაციაში. მანამდე ვლადიკავკაზში ვიყავი, ვმუშაობდი. ნამუშევარი ფული გადავახურდავე ჯიხურში და უცებ ხელიდან წამგლიჯეს. უკაპიკოდ დავრჩი. სხვა გზა არ იყო.

  • „ჩემთვის ემიგრაციაში ყოფნა ნიშნავს ჩემს დაკარგულ წლებს“

2 წელი ვიმუშავე ანკარაში, შემდეგ გადმოვედი სტამბოლში და მას შემდეგ ძირითადად აქ ვმუშაობ.

ამ ოჯახში უკვე 7 წელია ვარ. ძირითადად ბავშვებთან ვმუშაობ, დალაგება, დაუთოება – სახლის ყველა საქმეს ვასრულებ. კარგი ოჯახია, ვერ ვიტყვი, რომ უცხო ვარ, მაგრამ მაინც რთულია და მაინც დაძაბული ხარ.

ყველაზე მეტად მონატრება მაწუხებს. ჩემი სამშობლოს ჰაერი, ოჯახი და ახლობლები მენატრება სულ.

ადრე, როცა სამთვიანი  ვიზები იყო, 8-10 დღით ჩამოვდიოდი სახლში. მეტს არ გვიშვებდნენ სამსახურიდან. არ იყო საკმარისი ეს 8 დღე, ვერ ავსებდა მონატრებას და ისევ გაორებული უკან ბრუნდებოდი.

ნანული დუმბაძე შვილიშვილის ქორწილში

ჩემთვის ემიგრაციაში ყოფნა ნიშნავს ჩემს დაკარგულ წლებს, ემიგრაციაში ყოფნამ მე თავისუფლება წამართვა. მაგრამ ჩემი შრომით გავაძლიერე ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები და ახლობლები. ემიგრაციაში ყოფნით მოვახერხე ეს ყველაფერი.

  • „დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, არ წავიდოდი ემიგრაციაში“ 

ემიგრაციაში ყოფნას აღარ ვაპირებ. ვფიქრობ, რამე მოვიფიქრო და გავაკეთო, ისეთ ადგილზე ვცხოვრობ [სოფელ ბუკნარში], შეიძლება საოჯახო სასტუმრო გავაკეთო.

დრო რომ უკან დაბრუნდებოდეს, ნამდვილად არ წავიდოდი ემიგრაციაში. ამხელა სულიერ ტკივილს არ ავიკიდებდი.

სამშობლო ვერ გვპატრონობს. მე არ მეგონა, რომ ჩვენი ქვეყანა ასე დაეცემოდა ეკონომიკურად.

მე რაც არ უნდა კარგად ვიყო აქ, ვერ ვსუნთქავ ისე, როგორც ჩემს სამშობლოში.

უბედურება ისაა, გვაქვს კი სამშობლო?! ვინმეს ვუნდივართ?! არავის.

_______________________________________

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: