მთავარი,სიახლეები

ქობულეთის საკრებულოს წევრი დაპირისპირებისას შეუძლოდ გახდა

14.12.2021
ქობულეთის საკრებულოს წევრი დაპირისპირებისას შეუძლოდ გახდა

დღეს, 14 დეკემბერს, ქობულეთის საკრებულოში დაპირისპირებისას საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან იამზე ცალქალამანიძე შეუძლოდ გახდა. მანამდე მას საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, გიორგი გოგიტიძე ეკამათებოდა და როგორც ადგილზე მყოფი პირები ამბობენ, მან კოლეგა სიტყვიერად შეურაცხყო გენდერული ნიშნით.

„ქალივით არ იქცევი, სახლში წადი და ბავშვებს მოუარეო“ .

ბრალდებას გიორგი გოგიტიძე უარყოფს და და აცხადებს, რომ კოლეგისთვის ეს სიტყვები არ უთქვამს:

„მე ვუთხარი, რომ მათი ქმედება, საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში შევარდნა, ყვირილი და შეურაცხყოფის მიყენება იყო არაადეკვატური ქცევა. ეს არ არის საკრებულოს წევრის ქმედების ფორმა.“

თავად იამზე ცალქალამანიძეს ინციდენტიდან რამდენიმე საათში ტელეფონით დავუკავშირდით, თუმცა კომენტარზე უარი გვითხრა: „ახლა ამის შესახებ საუბარი არ შემიძლია.“

ქობულეთის საკრებულოში დაძაბულობა იყო დღეს დილიდან. 12:00 საათზე დაანონსებულ ბიუროს სხდომამდე საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა აქცია გამართეს, ისინი ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარისგან ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდნენ:

„გვაინტერესებს, ითხოვს თუ არა ის ამ საქმის  დროულად გამოძიებას, ასევე სოლიდარულია თუ არა ოჯახის მიმართ, თუ ასეა, განცხადებას რატომ არ აკეთებს“, – გვითხრა ქობულეთის საკრებულოში ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარემ, ლაშა კომახიძემ.

საკრებულოს წევრები დღეს პოლიციამ შენობის ფოიეში შეაჩერა და მათ ბიუროს სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცა. საკრებულოს წევრი გიორგი გოგიტიძე ამასაც უარყოფს და აცხადებს, რომ საკრებულოს წევრებისთვის გადაადგილება შეზღუდული არ ყოფილა:

„მხოლოდ საკრებულოს წევრებისთვის გადაადგილება არ იყო შეზღუდული. საქმე იმაშია, რომ მათ სურდათ აქციის სხვა მონაწილეების, მათი მხარდამჭერების შემოყვანაც, რომლებიც არ არიან საკრებულოს წევრები და იქცევიან დესტრუქციულად, ამიტომაც იყო პოლიცია მობილიზებული და მათაც შეექმნათ შეფერხება“, – აცხადებს გიორგი გოგიტიძე.

დაპირისპირების კადრებში კარგად ჩანს, როგორ ითხოვენ საკრებულოს კონკრეტული წევრები, რომ მათ სხდომათა დარბაზში შესვლის საშუალება მიეცეთ.

კანონით საკრებულოს ბიუროს სხდომა ღია უნდა იყოს ასევე დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც საკრებულოს სხდომა.

ფოიეში დაპირისპირების შემდეგ საკრებულოს წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარესთან სასაუბროდ მის სამუშაო ოთახში შესვლა მოახერხეს. სწორედ თავმჯდომარის კაბინეტში დაპირისპირების შემდეგ გახდა იამზე ცალქალამანიძე შეუძლოდ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: