მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ჯანმო მოუწოდებს საქართველოს, გაზარდოს პირველადი ჯანდაცვის დაფინანსება

16.12.2021
ჯანმო მოუწოდებს საქართველოს, გაზარდოს პირველადი ჯანდაცვის დაფინანსება

საქართველოში, WHO-ს ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, პირველად ჯანდაცვაში გაწეული სახელმწიფო ხარჯები გაცილებით დაბალია.

„2018 წელს ის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0.3%-ს შეადგენდა, რაც რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.

2019 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტის მხოლოდ 7% დაიხარჯა პირველად ჯანდაცვაზე, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლები იყო” – წერია  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკის უახლეს ნარკვევში– „საქართველოში პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების გადასინჯვა“.

თუმცა ნარკვევში ხაზგასმულია, რომ მხოლოდ დაფინანსების ზრდა, რარიგ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, ვერ გამოიწვევს სასურველ შედეგს.

„მხოლოდ დაფინანსების სისტემაში ცვლილებები არ არის საკმარისი.

ამბულატორიული მედიკამენტების პროგრამა მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს, რათა მოიცვას მეტი მედიკამენტი და მეტი ადამიანი.

„აუცილებელია ფასების უფრო მკაცრი რეგულირება, გენერიკული მედიკამენტების უფრო ფართო მოხმარება და მედიკამენტების რაციონალური გამოწერისა და გამოყენების წახალისებისკენ ნაბიჯების დაუყოვნებლივი გადადგმა. ასევე, ინვესტიციის განხორციელება პირველადი ჯანდაცვის მუშაკებში, გაუმჯობესებული მიმაგრება-რეგისტრაცია და ციფრული მონაცემების შეგროვება და მონიტორინგი, რაც ხელს უწყობს კარგი პერფორმანსის სტიმულირებას,“ –  ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი აკაკი ზოიძე.

ნარკვევი ასახავს ძირითად რეკომენდაციებს, რომლებიც ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად. კერძოდ:

  • მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს სახელმწიფო ინვესტიციები პირველად ჯანდაცვაში;
  • პირველადი ჯანდაცვა უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და უფასო მისი გამოყენების ადგილზე;
  • უნდა გადაიხედოს დაფინანსების სისტემა, რათა მოხდეს პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების ანაზღაურების ადეკვატური დაფინანსება.

„დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ბიუჯეტის გასაზრდელად,“ – ამბობს ტრიინ ჰაბიხტი, WHO-ს ბარსელონას ჯანდაცვის სისტემების ფინანსირების ოფისის ჯანდაცვის უფროსი ეკონომისტი, „ადეკვატური სახელმწიფო დაფინანსების გარეშე შეუძლებელია მაღალი ხარისხის, მტკიცებულებაზე დაფუძნებული, ხელმისაწვდომი და ადამიანებზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის მიღწევა.“

ნარკვევში მოცემულ რეკომენდაციებში ასევე ვკითხულობთ, რომ საკმარისი სახელმწიფო დაფინანსების გარეშე შეუძლებელია მაღალხარისხიანი, მტკიცებულებებზე დამყარებული, ხელმისაწვდომი და პაციენტზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის ხედვის რეალიზება.

  • პირველადი ჯანდაცვის ძირითადი სერვისები პაციენტებისათვის უფასო უნდა გახდეს, ყოველგვარი თანადაფინანსების გარეშე. უნდა გაიზარდოს ამბულატორიულ მედიკამენტებზე შეღავათების მოცულობა და მასშტაბი, რათა პაციენტებისათვის უზრუნველყოფილი იყოს ყველა საჭირო მედიკამენტზე ხელმისაწვდომობა და მისაღები ფასები, თანადაფინანსებისა (ან მინიმალური თანადაფინანსების) და მათთვის ყოველგვარი ფინანსური სირთულეების შექმნის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობისათვის მედიკამენტები არ იქნება ხელმისაწვდომი, პირველადი ჯანდაცვის გაზრდილი სერვისების ეფექტურობა ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესების თვალსაზრისით შეზღუდული დარჩება.
  • სტრუქტურულად შეცვალეთ და შესაბამისად დააფინანსეთ პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლის გადასახადები. ანაზღაურების ახალი მოდელი უნდა გავრცელდეს როგორც სოფლად, ასევე ქალაქში მომუშავე პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებზე, რათა დაიძლიოს არსებული ფრაგმენტაცია და ხელი შეეწყოს თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან სერვისებზე ადგილმდებარეობის მიუხედავად. საჭიროა დამატებითი ფინანსური შეღავათები სოფლად მომუშავე პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებისათვის, რათა არ მოხდეს ექიმებისა და ექთნების გადინება და უზრუნველყოფილი იყოს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა სოფლის პირობებშიც.
  •  პირველადი ჯანდაცვის სისტემა უნდა ტრანსფორმირდეს პასიური, დაავადების მკურნალობაზე ორიენტირებული მოდელიდან უფრო პროაქტიურ (პრევენციაზე ორიენტირებულ) და კომპლექსური მიდგომების სისტემად, რომელიც პასუხობს ჯანდაცვის მზარდ მოთხოვნებს და უმკლავდება თემში დაავადების გამომწვევ ძირითად მიზეზებს.

ამავე თემაზე:

ტაში ექთნებს, ღირსეული ხელფასის ნაცვლად – „გაიზარდოს ხელფასი 1590 ლარამდე“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: