მთავარი,სიახლეები

18 სართული – როგორ იცვლება „ამბასადორის“ პროექტი ბულვარში | ესკიზი

14.12.2021 •
18 სართული – როგორ იცვლება „ამბასადორის“ პროექტი ბულვარში | ესკიზი

შპს „ამბასადორი ბათუმი“ პროექტის შეთანხმებისას ირწმუნებოდა, რომ ბათუმის ბულვარში ბალნეოლოგიურ- გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებდა.

„ბალნეოლოგიური ცენტრი-სასტუმრო“ – მოგვიანებით ასე უწოდა კომპანიამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის წარდგენილი პროექტის ბოლო, კორექტირებულ მასალას.

სასტუმროს მშენებლობა ბულვარში, როგორც მწვანე ზოლში, რომელსაც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, დაუშვებელი იყო ყველა იმ რეგულაციით, რომელიც მოქმედი იყო მაშინ, როცა ბულვარში „ამბასადორმა“ მშენებლობის ნებართვა მიიღო და დაუშვებელია ახლაც, როცა ახალი სამშენებლო კოდექსი უკვე ამოქმედდა.

„ამბასადორი“ ამტკიცებდა, რომ სასტუმროს კონცეფცია საპარკე არქიტექტურაა, თუმცა საპარკე არქიტექტურაში ვერ თავსდება 18 ბეტონის სართული ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკით.

ერთ-ერთი ცვლილებისას, რაც სააგენტოსთან შეთანხმებული 4-სართულიანი პროექტი 16-სართულიან პროექტად გადაქცევას ითვალისწინებდა, კომპანია აცხადებდა, რომ მთელი შენობის ფასადების გადაწყვეტა მინისა და ლითონისგან შედგებოდა, რომელიც დაფარული იქნებოდა სიმწვანის ეფექტით.

ახლა კომპანიამ ეს გადაწყვეტილებაც შეცვალა და როგორც სააგენტოს პროექტში ცვლილების დოკუმენტებში წერს, ასეთი გადაწყვეტა მხოლოდ ფასადების ქვედა ნაწილში შენარჩუნდება.

ბოლოს შეთანხმებული ცვლილების მიხედვით:

  • ტექნიკური სართულის სიმაღლე  გაიზარდა 2.70 მ.-დან 3.00 მ.-დე.
  • რესტორნის სართულის სიმაღლე შემცირდა და 5,30 მ.-ის ნაცვლად გახდა 3,40 მ.
  • დაემატა რესტორნის ერთი სართული.
  • დაემატა ბოლო ერთი სართული, სადაც განთავსდა 8 ერთეული VIP ნომერი.
  • სახურავზე მოეწყო ვერტოდრომი.
  • მოეწყო დამატებითი აივნები.

ეს ცვლილებები პროექტში კომპანიამ ჯერ განახორციელა და სააგენტოს, როგორც ნებართვის გამცემს, პოსტფაქტუმ მიმართა. სავარაუდოდ, კომპანიაში ჰქონდათ მოლოდინი, რომ პრობლემებს არ შეუქმნიდნენ და ნებართვას მიიღებდნენ. ასეც მოხდა – სააგენტომ „ამბასადორის“ მოლოდინი გაამართლა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის სათათბირო საბჭოში მიიჩნიეს, რომ ორი სართულის დამატება არ ახდენს მნიშვნელოვან ვიზუალურ ცვლილებას შეთანხმებულ პროექტთან მიმართებაში.

პროექტი 16-დან 18 სართულამდე გაიზარდა, თუმცა ზოგიერთი სართულის სიმაღლის გაზრდასაც თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი სამი სართულის სიმაღლით გაიზარდა და არა ორით.

ოქმის მიხედვით, სხდომას, რომელზეც პროექტი განიხილეს, საბჭოს ოთხი წევრი ესწრებოდა: თავმჯდომარე აკაკი ძნელაძე, საბჭოს წევრები: ზვიად ბურჭულაძე, გაიოზ ფარცხალაძე და საბჭოს მდივანი მაგდა სარჯველაძე.

ამონარიდი ოქმიდან

_______________________

შპს „ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარის ცენტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა 2018 წელს მოიპოვა. ეს ნებართვა მაშინ 4-სართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გულისხმობდა.

2019 წლის ბოლოს „ამბასადორი ბათუმმა“ სანებართვო პირობებში ცვლილების შეტანა და ოთხსართულიანი კონსტრუქციის 16 სართულამდე [პლუს 3 მიწისქვეშა სართული] გაზრდა მოითხოვა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, რომელსაც მაშინ ზაურ ახვლედიანი ხელმძღვანელობდა, ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ბათუმის ბულვარში მრავალსართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდა 5000-ზე მეტი ხელმოწერა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: