მთავარი,სიახლეები

ქობულეთის საკრებულო ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომაზე განსახილველ პროექტებს არ აწვდის

14.12.2021
ქობულეთის საკრებულო ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომაზე განსახილველ პროექტებს არ აწვდის

დღეს, 14 დეკემბერს, ქობულეთის საკრებულოში ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე ჩაატარეს. სხდომას ვერ დაესწრო ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა კომახიძე. თავდაპირველად ის ენმ-ის ორგანიზებულ აქციაზე იმყოფებოდა და სხვა რამდენიმე საკითხთან ერთად იმასაც აპროტესტებდა, რომ ბიუროზე განსახილველი პროექტები არ მიაწოდეს.

გარდა ამისა, ლაშა კომახიძე სამსახურში, ანუ სხდომათა დარბაზში იმის გამოც ვერ მოხვდა, რომ პოლიციის კორდონის გავლა ვერ შეძლო.

„ბიუროს სხდომა როდესაც არის ჩანიშნული, ბიუროს წევრებს ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ წინასწარ. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რა საკითხები გადის, წინასწარ უნდა მოგვეცეს მათი გაცნობის საშუალება.

მე მინდა, ბიუროზე მივიდე მომზადებული. ამის თაობაზე კონკრეტული პასუხები მოვითხოვე დღეს საკრებულოს თავმჯდომარისგან, რომელმაც მითხრა, რომ გადმოგზავნილი იყო პროექტები. ეს ტყუილია, მეილი რამდენჯერმე გადავამოწმე და საკითხები არ მომსვლია“, – გვითხრა ლაშა კომახიძე დღის ბოლოს.

საკითხების დროულად მიწოდების პრობლემებზე ოპოზიცია ქობულეთის წინა მოწვევის საკრებულოშიც საუბრობდა. როგორც ჩანს, საკრებულოს უცვლელი თავმჯდომარე, დავით მჭედლიშვილი მუშაობის სტილს არ ცვლის და ოპოზიციონერ კოლეგებს განსახილველ პროექტებს სხდომის წინა საღამოს აწვდის. ამჯერადაც ასე მოხდა.

ლაშა კომახიძის თქმით, დღეს ამ თემის განხილვისას პრობლემა საკრებულოს თავმჯდომარემ აპარატის თანამშრომლებს გადააბრალა:

„ხელი გაიშვირეს აპარატისკენ, მაგრამ მე მათ არაფერს ვერჩი, რადგან გადაწყვეტილებას დავით მჭედლიშვილი იღებს. მე მაქვს კითხვა მასთან – როდესაც საკრებულოს ოპოზიციონერი ბიუროს წევრი ვალდებულია დაესწროს ბიუროს სხდომას, მას განსახილველი საკითხები უნდა მიეწოდოს წინასწარ.“

საკრებულოს პრესსამსახურის  განმარტებით, ლაშა კომახიძეს, როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს, პროექტები სხდომამდე მიაწოდეს, ამის დასადასტურებლად კი „ბათუმელებს“ გამოუგზავნეს სქრინი, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს აპარატს გუშინ, 13 დეკემბერს, 17:03 წუთზე აქვს გადაგზავნილი 11 ელექტრონულ მისამართზე დოკუმენტები. მათ შორის არის ლაშა კომახიძის  ელექტრონული მისამართიც, თუმცა შეცდომით.

ლაშა კომახიძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი საკრებულოა, მან რამდენჯერმე სცადა დაზუსტება, რაიმე ხარვეზი ხომ არ დაფიქსირდა პროექტების მიწოდებისას, თუმცა უშედეგოდ.

რაც შეეხება საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების ბიუროს სხდომაზე არ დაშვებას, საკრებულოში ჯერ გვითხრეს, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო, როცა საკრებულოს წევრებმა ოპოზიციიდან ბიუროს სხდომაზე შესვლა გადაწყვიტეს, შემდეგ კი დაგვიზუსტეს, რომ ამ დროს სხდომა დასრულებული იყო.

სატელევიზიო პირდაპირი ჩართვების თანახმად, საკრებულოს წევრები სხდომაზე დაშვებას 12:13 წუთზე უკვე ითხოვდნენ. მათ უპასუხეს, რომ სხდომა დასრულებულია. წინასწარი განცხადების მიხედვით, ბიუროს სხდომა 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, სადაც 4 საკითხი უნდა განეხილათ. შესაბამისად, 4 საკითხის განხილვა ბიურომ 13 წუთში მოასწრო.

ბიუროს გახმაურებული სხდომის შემდეგ ქობულეთის საკრებულომ რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სხდომა ხვალ, 15 დეკემბერს, 12:00 საათზე უნდა გაიმართოს. სხდომის მოწვევის თაობაზე საკრებულომ გამოაქვეყნა მხოლოდ განცხადება, როგორც საკრებულოს ვებგვერდზე ასევე ფეისბუქის  გვერდზე, განცხადებას თან არ ახლავს არც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ჩამონათვალი და არც პროექტები.

სქრინი საკრებულოს ფეისბუქის გვერდიდან

 

სქრინი საკრებულოს ვებგვერდიდან – წითლად მონიშნული ლინკი კი სხდომის შესახებ საერთოდ არ იხსნება

ქობულეთის საკრებულო, სხვა საკრებულოებისგან განსხვავებით, არღვევს თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნას საჯაროობასთან დაკავშირებით – განსახილველი საკითხების პროექტებს სხდომის თაობაზე განაცხადთან ერთად არასდროს აქვეყნებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.