მთავარი,სიახლეები

6 სახლი მიუსაფარი ცხოველებისთვის ბათუმში – სტუდენტების ინიციატივა

14.12.2021
6 სახლი მიუსაფარი ცხოველებისთვის ბათუმში – სტუდენტების ინიციატივა

ბათუმში სტუდენტებმა მიუსაფარი ძაღლებისთვის ექვსი სახლი დადგეს.

ამ ინიციატივის ავტორები არიან „ჯიპას“ სტუდენტები  – ზურა დევაძე, დავით გელაძე და თემო ბერიძე.

„ბევრი მიუსაფარი ცხოველია ბათუმში. ზამთარი მოდის. მოვიფიქრეთ, რომ დავკავშირებოდით სამშენებლო კომპანიებს და მათი დახმარებით დაგვემზადებინა სახლები მიუსაფარი ძაღლებისთვის.

ბევრ კომპანიასთან გვქონდა მოლაპარაკება, ბევრგან გვითხრეს, რომ დაგვიკავშირდებოდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში 3 კომპანია დაგვეხმარა: „კალიგრაფი თაუერსი“, „ალიანსი“ და „ნექსთ გრუპი“. მათი დახმარებით დავამზადეთ სახლები და განვათავსეთ მერიასთან შეთანხმებით ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე.

დარჩენილი თანხით კი მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვები შევიძინეთ და გადავეცით იმ ადამიანებს, რომლებსაც შეფარებული ჰყავთ და უვლიან მიუსაფარ ძაღლებს ბათუმში,“ – გვითხრა ზურა დევაძემ, „ჯიპას“ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა.

სტუდენტების ინიციატივა

სტუდენტებს ამ ინიციატივის განხორციელებაში ბათუმელი ცხოველთა მოყვარულები – თეონა ყურშუბაძე და ნინო ურუშაძე დაეხმარნენ.

„თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბათუმის მერიის მუნიციპალურ სამსახურთან. შესაბამის ორგანოებს დაევალათ ნებართვების გაცემა. სტუდენტებს დახმარება სჭირდებოდათ და, რა თქმა უნდა, ჩავერთეთ. ყველა ინსტანციაში ვრეკავდით ან დავყვებოდით. გავინაწილეთ საქმე და შედეგად 6 სახლუკას დადგმა გახდა შესაძლებელი მიუსაფარი ცხოველებისთვის.

მათ შორისაა თავდადებულის ქუჩაზე, „ნიკორას“ მაღაზიის ძალიან ცნობილი ცუგა,“ – გვითხრა თეონა ყურშუბაძემ.

სახლი „ნიკორას“ შეფარებული ძაღლისთვის

ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ადმინისტრაციულ ცენტრებსა და სოფლებში, ათასობით მიუსაფარი ცხოველია. მიუხედავად სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამებისა, რომლებიც დიდ ქალაქებში ხორციელდება, მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების რაოდენობა მზარდია, რადგან საქართველოში არ არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა და ცენტრალიზებული მიდგომა, რომლის ფარგლებშიც გაკონტროლდება ადამიანებმა ქუჩაში არ მიატოვონ კომპანიონი ცხოველები, იზრუნონ მათზე და ხელი არ შეუწყონ პოპულაციის უკონტროლო ზრდას.

ბოლო წლებში საქართველოს ქალაქებში, მათ შორის, ბათუმშიც, მოხალისეები ქალაქის ქუჩებში დგამენ პატარა სახლებს, რომ მიუსაფარმა ცხოველებმა თავის შეფარება შეძლონ.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: