გარდაიცვალა ექიმი ვაჟა ბაღოშვილი

მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ექიმი, ოტორინოლარინგოლოგი, ლორ – ონკოქირურგი, მედიცინის დოქტორი ვაჟა ბაღოშვილი.

ის 1989 წლიდან დღემდე იყო ჩვენი კლინიკის ლორ-ონკოლოგი.

ვაჟა ბაღოშვილი იყო 45 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი,მათ შორის ოთხი ფრანგულ და ერთი ესპანურ ენებზე. ოთხი მეთოდური რეკომენდაციისა და 2 რაციონალური წინადადების ავტორი.

იგი 1939 წლის 22 იანვარს დაიბადა. 1956-1962 წლებში სწავლობდა ქ.მოსკოვის № 1 სამედიცინო ინსტიტუტში. სპეციალობით ოტორინოლარინგოლოგი, ლორ-ონკოქირურგია.

ვაჟა ბაღოშვილს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება ჰქონდა: 1962-1964 წლები ქ. მოსკოვის 1 სამედიცინო ინსტიტუტი ლორ-კათედრა. კლინიკური ორდინატურა.

1964-66 წლები ქობულეთის რაიონი, დაბა ჩაქვი – ლორ-ექიმი.

1966 -69 წლებში ქ.მოსკოვის ჯანმრთელობის სამინისტროს ყელ-ყურ-ცხვირის კვლევითი ინსტიტუტი- ასპირანტი.

1969-74 წლებში იმავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ მუშაკი.1974-76 წლები ქ.კონაკრი, გვინეის რესპუბლიკა, გ.ა. ნასერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტის ლორ-კათედრის ხელმძღვანელი.

1976-82 წლები ქ.მოსკოვი, ყელ-ყურ-ცხვირის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი. 1982-87 წლები ქ.ბათუმის ონკოცენტრის ლორ-ონკოლოგი.

1987-88 წლები ქ. ოლგინის, კუბის რესპუბლიკა, ვ. ლენინის სახელობის ჰოსპიტალი, დირექტორის მრჩეველი ლორ-საკითხებში.

1987 წელს ვაჟა ბაღოშვილმა გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები მოსკოვში ექიმთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტში ონკოლოგის განხრით. ამავე წელს აჭარის ასსრ ჯანმრთელობის სამინისტროს საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა უმაღლესი კატეგორიის ონკო-ქირურგის წოდება ლორ-დაავადებათა განხრით.

ვაჟა ბაღოშვილი იყო კარგი კოლეგა და მეგობარი! თანავუგრძობთ ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს!

რას პასუხობს არჩილ ჩიქოვანი აუდიტს, რომელმაც მერიაში დარღვევები დააფიქსირა

ბათუმის მერია დღეს, 31 იანვარს, სახელმწიფოს აუდიტის დასკვნას წერილობით გამოეხმაურა. ვრცელი განცხადების მხოლოდ ბოლო ნაწილი ეხება უკანონო მშენებლობებს ქალაქში, რაზეც სახელმწიფო აუდიტმა დაწერა, რომ „ბათუმის მერია ისევ ვერ უზრუნველყოფს უნებართვო მშენებლობების ეფექტურ კონტროლს.“

სახელმწიფო აუდიტის დასკვნა ბათუმის საკრებულოს და მერიის 2019-2020 წლების საქმიანობას აფასებს. არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის მოვალეობას 2020 წლის ივლისიდან ასრულებს. 2021 წლის ნოემბრიდან ის უკვე ბათუმის არჩეული მერია.

„რაც შეეხება უნებართვო მშენებლობების კუთხით ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით გამოვლენილ ნაკლოვანებებს, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გატარებულია და მიმდინარე ეტაპზეც ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები დაჯარიმების შესახებ დადგენილებების გამოტანის, შენობა-ნაგებობების მშენებლობის შეჩერების და დემონტაჟის განხორციელების შესახებ. ყველა ასეთ ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილია სააღსრულებო ფურცლები და გაგზავნილია აღსასრულებლად სააღსრულებო ბიუროში,“ – ვკითხულობთ ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმის მერი აქვე წერს, რომ, მაგალითად, გოგოლის ქუჩაზე, სადაც ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობები ვერ შეაჩერა და უკანონოდ უკვე 9 კორპუსი შენდება, კომპანია 246 ათასი ლარით დააჯარიმეს, ასევე პროკურატურას გამოძიების დაწყება მოსთხოვეს.

„გოგოლის ქუჩაზე მეტრო ტერმინალის მიერ განხორციელებულ უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებით, როგორც მშენებლობის დაწყების მომენტში, ასევე, მშენებლობის მიმდინარეობისას მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოტანილია არაერთი დადგენილება. აუდიტის პერიოდში ჯარიმის ოდენობა იყო 180 000 ლარი, ხოლო დღეისათვის მუნიციპალური ინსპექციის მიერ სულ გამოტანილია 49 დადგენილება მეტრო ტერმინალის მიმართ დაჯარიმების [ჯამში 246 000 ლარი], უნებართვო მშენებლობის შეჩერების და დემონტაჟის განხორციელების თაობაზე. ასევე მუნიციპალური ინსპექციის მიერ შესაბამისი მოთხოვნა კომპანიის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე გაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში,“ – ვკითხულობთ ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია ისიც, რომ აუდიტის დასკვნა ბათუმის მერიის და საკრებულოს 2019-2020 წლების საქმიანობას ასახავს, ანუ ძირითადად იმ დროს, როცა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე იყო.

„დასკვნაში აღნიშნული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შესრულებულია 2021 წლისთვის, ხოლო რეკომენდაციების ნაწილის შესრულება მიმდინარეობს დღეისთვისაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით,“ – წერს ბათუმის მერია.

ბათუმის მერია განმარტავს, რომ ნაკლოვანებების ნაწილი, რაც აუდიტმა დააფიქსირა, პანდემიის ბრალია.

„თანამშრომელთა სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის არარსებობა ტურნიკეტების გამოყენებით გამოწვეული იყო თანამშრომელთა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლით [გამოიყენებოდა კანონით დასაშვები ალტერნატიული მეთოდი], ინფრასტრუქტურული სამუშაოების სასესხო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხების ბოლომდე ვერათვისება – პანდემიიდან გამომდინარე არსებული გარემოებებით, მიმწოდებელი კომპანიების მიერ სამუშაოების ბოლომდე ვერშესრულებით,“ – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „სრულყოფილად ხდება, როგორც ავტოტრანსპორტის საშუალებების გადაადგილების, ისე საწვავის ხარჯის კონტროლი.“

აქვე, ბათუმის მერია დასძენს, რომ აუდიტის დასკვნა არ ეხებოდა, თუმცა 2021 წელს საწვავის ხარჯი 2015 წელთან შედარებით 60 პროცენტით არის შემცირებული.

ბათუმის მერია ასევე განმარტავს, რომ კანონი უშლის ხელს, როცა, მაგალითად, კონკრეტული მოიჯარეები მერიის წინაშე არ ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

„აღნიშნული ნაკლოვანება გამოწვეულია საკანონმდებლო რეგულაციებით, სამოქალაქო კოდექსით განხორციელებული ცვლილებების შედეგად მოხდა პოლიციის მეშვეობით საკუთრებიდან იძულებით გამოსახლების აკრძალვა. კონკრეტულ შემთხვევაშიც მუნიციპალიტეტის მერიას არ აქვს საშუალება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მოახდინოს მერიის ქონებიდან ყოფილი მეიჯარეების იძულებით გამოსახლება“, – აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.

14 სკოლა დაიხურა აჭარაში კოვიდის გავრცელების გამო

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების გამო აჭარაში 14 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

ბათუმში 7 სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, ქობულეთში – 1, ხელვაჩაურში – 2 და ქედაში – 4 სკოლა.

ქვეყნის მასშტაბით კი 201 სკოლაა გადასული სრულად დისტანციურზე, ასევე 304 ცალკეული კლასი.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 125 მასწავლებელი დისტანციურად მუშაობს. კოვიდი დაუდასტურდა მასწავლებელთა 2.7 და მოსწავლეების 0.9 პროცენტს.

ამ დროისთვის აცრილია სკოლის მასწავლებელთა და ადმინისტრაციის 73.6 პროცენტი.

აჭარაში კოვიდის 1734 ახალი შემთხვევაა

31 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1734 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასულ დღე-ღამეში აჭარაში 3 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 759 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე.

დღეს, 31 იანვარს, საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 35 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურდა კოვიდის 13 150 ახალი შემთხვევა | 31 იანვარი

31 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა.

გასულ 24 საათში 35 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 28,82%, ბოლო 14 დღის – 20,75%, ბოლო 7 დღის – 23,8%.

საფოსტო გზავნილით 150 ცალი ოქროს მონეტის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „გაფორმების ეკონომიკური ზონა “აეროპორტის” მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს მონეტების [150 ცალი] მალულად შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულუბამ 196 045 ლარი შეადგინა“.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს  გადაეცა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება საბაჟო კონტროლის პროცედურები როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, ისე სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის/საფოსტო გზავნილების  მიმართ.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

„თუ ფსიქიკური პრობლემები გაქვთ, უნდა მოგათავსონ საავადმყოფოში? – ინტერვიუ 

„თუ ადამიანს ფსიქიკური პრობლემები აქვს, უნდა მოათავსონ საავადმყოფოში“, – დღემდე ასე არც თუ ისე ცოტა ადამიანი ამბობს სხვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრისას. რამდენად გვაქვს უფლება, სხვა მოვათავსოთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების წინაშე? – გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის წევრ თამარ კორძაიასთან, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი კანონის შემუშავებაზე პირადად მუშაობდა.

  • მეშვიდე წელია, რაც რეფორმა დაიწყო. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების ყოფით ცხოვრებაზე ეს რეფორმა როგორ აისახა?

2015 წელს განხორციელებული რეფორმა ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარების მიზნით იყო მასშტაბური. მაშინ მიზანი იყო ის, რომ ეს ადამიანები ქმედუნარიანებად გვეღიარებინა. კანონმა ისინი ცნო სრულუფლებიან მოქალაქეებად – ხმის უფლება მისცა, ქორწინების უფლება და ასე შემდეგ.

მიზანი იყო ის, რომ ადამიანი, რომელიც ჩაკეტილი იყო და არ ჰქონდა გადაწყვეტილების მიღების უფლება, საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო. მაგრამ ამის იქით არაფერი არ განვითარდა – პირველი და მთავარი, ყოფით ცხოვრებაში ეს არ აისახა.

თუმცა ამ პროცესში რამდენიმე კომპონენტი იყო გათვალისწინებული – დიდი ინსტიტუციები, ეგრეთ წოდებულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს რომ ვეძახდით, არ უნდა არსებულიყო, რადგან ის ზრდიდა სტიგმას. ნებისმიერ საავადმყოფოს შეიძლება ჰქონდეს ფსიქიატრიული განყოფილება, სადაც ნებისმიერ ადამიანს, გამწვავების შემთხვევაში, სამკურნალო პირობები ექნება.

ამ პაციენტების ქმედუნარიანობა და სრულუფლებიანობა ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე სამყაროში ფსიქიატრია მართავს ასეთ ავადმყოფობას, ისევე, როგორც შეგვიძლია ვმართოთ ნებისმიერი ფიზიკური დაავადება, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ამ მიმართულებით არაფერი ხდება.

რა თქმა უნდა, მართვა შესაძლებელია საცხოვრებელ პირობებშიც, ამიტომ კანონმა  გაითვალისწინა მხარდამჭერის ინსტიტუტი.

მხარდამჭერი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია აკონტროლოს, რამდენად სწორად იღებს ადამიანი მისთვის საჭირო წამალს. თუ მხარდამჭერი ან ოჯახის წევრი ამას ვერ ახერხებს, არსებობს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომელმაც ეს უნდა გააკეთოს.

თუ ადამიანს სჭირდება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია გამოყოს ასეთი მხარდამჭერი. გათვალისწინებულია, რომ მხარდამჭერი უნდა იყოს რაიონში, პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მხარდამჭერი შეიძლება ოჯახის წევრიც იყოს, მაგრამ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია პერიოდულად შეამოწმოს ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანის მხარდაჭერა რამდენად სწორად ხდება. აქ შემთხვევით არ არის ნახსენები ფსიქო-სოციალური საჭიროება, რადგან ფსიქიკური პრობლემების მართვა უნდა მოხდეს და ამის ფარგლებში სოციალური ინტეგრაციაც.

თუ პირს ჰყავს მხარდამჭერი მეგობრის, ნათესავის, ოჯახის წევრის სახით, სახელმწიფოს ფუნქციაა გააკონტროლოს, რამდენად სრულყოფილად ახერხებენ მის მხარდაჭერას. თუ არ ჰყავს მხარდამჭერი, მაშინ სახელმწიფომ თვითონ უნდა გამოყოს კონკრეტული ადამიანი, რომელიც განახორციელებს მხარდაჭერას. მეტიც, მხარდაჭერის ინსტიტუტი როგორ მოქმედებს, ამის კონტროლის მექანიზმიც არის მოცემული სამოქალაქო კოდექსში.

უკვე გავიდა 7 წელი, მაგრამ, სამწუხაროდ, მხარდაჭერის ინსტიტუტის გაძლიერება, კარგად დანერგვა ვერ მოხერხდა და ეს აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

  • რა უფლება-მოვალეობები აქვს მხარდამჭერ პირს, მას შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს მოათავსოს პირი, მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებაში?

მხარდამჭერ პირს ნიშნავს სასამართლო. რეფორმა გულისხმობს, რომ ადამიანის ფსიქო-სოციალური საჭიროებები უნდა დაადგინოს სასამართლომ.

შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განვითარებული რაღაც უნარები, მაგალითად, მათემატიკაში იყოს ძლიერი, მაგრამ არ ჰქონდეს სოციალური ურთიერთობის გამოცდილება, რომ მაღაზიაში წავიდეს და იყიდოს ის, რაც სჭირდება. სასამართლომ შეიძლება დაადგინოს, რომ მაგალითად, ადამიანს სწავლაში არ სჭირდება მხარდაჭერა, მაგრამ სწორედ, აი, ამ კონტექსტში სჭირდება.

სასამართლო განსაზღვრავს მხარდაჭერის ფარგლებს კონკრეტული ადამიანის მიმართ ინდივიდუალურად. ამ პროცესში მონაწილეობს მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო და თვითონ ეს ადამიანი აუცილებლად, ვისაც მხარდაჭერას უნიშნავენ.

ტარდება მულტიფუნქციური ექსპერტიზა, რომელშიც მონაწილეობენ: ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და სოციალური მუშაკი. ყველა კომპლექსურად ადგენს საჭიროებებს. შემდეგ სასამართლო განსაზღვრავს, რომელ სფეროებში ესაჭიროება ადამიანს მხარდაჭერა და ამ სფეროების კონტროლი ევალება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

ეს არის ძალიან  კომპლექსური საკითხი, სადაც სახელმწიფოს როლი და ფუნქცია ძალიან დიდია.

ბუნებრივია, სოციალურ მუშაკებს ჯერ ცოდნა უნდა შეეძინათ და ავტომატურად არ უნდა დაკისრებოდათ კიდევ ერთი დამატებითი, ძალიან რთული ფუნქცია, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურაში არ ასწავლეს, რა ვითარებაში, როგორ უნდა მართონ მათ პროცესი, როგორ უნდა მოიქცნენ პაციენტთან და ასე შემდეგ.

სოციალური მუშაკების რაოდენობაც კი არ გაზრდილა. ამიტომაც ეს ცვლილებები ისე არ მოქმედებს, როგორც იყო დასახული მიზნად – ერთგვარი ფორმალური ხასიათი შეიძინა. სასამართლო განსაზღვრავს მხარდამჭერს, მაგრამ შემდეგ, ყოველდღიურობაში, სამწუხაროდ, არ ხდება ისე, როგორც უნდა იყოს.

  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე არაერთი ადამიანის ოჯახის წევრი გვწერს, რომ სახელმწიფო სერვისებს ვერ იღებენ და რომ პაციენტებს ვერ ათავსებენ კლინიკაში. რამდენად სწორია ეს მიდგომა?   

დღეს ჩვენი საზოგადოებაც მიიჩნევს, რომ ადამიანს თუ ფსიქიკური პრობლემები აქვს, ის აუცილებლად საავადმყოფოში უნდა მოვათავსოთ. სინამდვილეში ასე არ ხდება.

თანამედროვე სამყარო სრულიად სხვაგვარად ხედავს, რადგან ყველა ადამიანი თანასწორია და რა მნიშვნელობა აქვს, რითაა დაავადებული ადამიანი. თუ თავისი ნების საწინააღმდეგოდ არ უნდა ვუმკურნალოთ არაფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანს, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანსაც ზუსტად ისე უნდა მოვეპყროთ, როგორც სხვას. ეს არის ამოსავალი პრინციპი, რადგან ადამიანის უფლებების სტანდარტი ამას გვეუბნება.

მეორეა, ჩვენ რამდენად გვესმის ეს სტანდარტი და რამდენად უნარიანი ვართ ის ჯერ გავიაზროთ და მერე განვახორციელოთ. აღმოჩნდა, რომ არ ვართ უნარიანი.

აღმასრულებელი ხელისუფლების პრობლემა გვაქვს, ჯანდაცვის სამინისტროს ვგულისხმობ, რადგან რაც წერია კანონში, ისიც კი არ სრულდება. არსებული კანონი რომ სრულდებოდეს, მაშინ უკვე იმაზე ვიმსჯელებდით, აღსრულების პროცესში რა პრობლემებია და მერე დავუბრუნდებოდით საკანონმდებლო ცვლილებას.

ამ ეტაპზე მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ცვლილების, რადგანაც სტანდარტი გვაქვს ძალიან მაღალი და ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შეიძლება შემოვიდეს, სტანდარტის დაწევას გამოიწვევს. ამიტომ საჭიროა, რომ გაძლიერდეს მხარდამჭერის ინსტიტუტი და არა – საკანონმდებლო ცვლილებები.

რეფინანსირების განაკვეთზე ეროვნული ბანკი 2 თებერვალს იმსჯელებს

შეიცვლება თუ არა მონეტარული პოლიტიკის, იგივე რეფინანსირების განაკვეთი, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგ სხდომაზე გადაწყდება, რომელიც 2022 წლის 2 თებერვალს ჩატარდება. ეს, მიმდინარე წელს, კომიტეტის პირველი სხდომა იქნება.

რეფინანსირების განაკვეთი 2021 წლის დეკემბრიდან 10.5 პროცენტია.

ამ მაჩვენებლის გაზრდით, მოქალაქეებს, რომლებსაც ეროვნულ ვალუტაში აღებული და რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი აქვთ, ეს სესხი უძვირდებათ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე დატოვა გასული წლის პირველ სხდომაზე, 2021 წლის 3 თებერვალს. შემდეგ კი,  ამ განაკვეთის ზრდა დაიწყო:

  • მარტში – 8.5 გახდა
  • აპრილში – 9.5
  • აგვისტოში – 10
  • დეკემბერში – 10.5

„პანდემიით გამოწვეულმა არაორდინარულმა ვითარებამ მსოფლიო ეკონომიკაში მრავალი პრობლემა წარმოშვა, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაღალინფლაციური გარემოა. შესაბამისად, საქართველოსთვისაც გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება…

ყურადსაღებია მიმდინარე ინფლაციაზე კომუნალური გადასახადების სუბსიდიის სტატისტიკური გავლენაც, რომელიც, მიმდინარე წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელში დროებით, დამატებით წვლილს შეიტანს…

მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში ინფლაცია, კომუნალური გადასახადების ზემოხსენებული საბაზო ეფექტის გამო, დროებით გაიზრდება, თუმცა გაზაფხულიდან ის შემცირებას დაიწყებს. ინფლაციის ეტაპობრივ შემცირებას, ერთჯერადი ფაქტორების მილევასთან ერთად, დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შეუწყობს ხელს.

მომავალში პოლიტიკის განაკვეთის შემცირების წინაპირობა მნიშვნელოვნად შემცირებული ინფლაცია და ინფლაციური მოლოდინები იქნება“, – აცხადებდა ეროვნული ბანკი შარშან დეკემბერში, როცა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პუნქტით გაზარდა.

იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე მაღალია, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია მიზნობრივ მონაცემს ემთხვევა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი ან უცვლელი რჩება, ან მცირდება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, იგივე რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პუნქტით, 2021 წლის 8 დეკემბერს გაზარდა, რამაც რეფინანსირების განაკვეთზე დამოკიდებული, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები ასი ათასზე მეტ მოქალაქეს გაუძვირა:

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, სესხი 100 000-ზე მეტ მოქალაქეს გაუძვირდება

როდის დაანგრევენ ბათუმის სასპორტო სკოლის შენობას ფიროსმანზე

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობასთან კომპანია „ორბი“ ახალ ღობეს ავლებს. შენობა და ტერიტორია „ორბს“ აჭარის მთავრობამ 2 წლის წინ პირობებით მიჰყიდა. კომპანიამ სკოლის შენობა მთავრობასთან შეთანხმებით უნდა დაანგრიოს.

სკოლის შენობაში სპორტული სექციებიდან ამ დროისთვის მხოლოდ სამია დარჩენილი – კალათბურთის, ფრენბურთის და ხელბურთის. სასპორტო სკოლის ადმინისტრაცია და სექციები ახალი სპორტული კომპლექსის შენობაში, ლეონიძის ქუჩაზე უნდა გადავიდნენ. სკოლის დირექტორის თქმით, ახალ შენობაში „მალე გადავლენ“.

სწორედ შენობის დაცლის შემდეგ აქვს უფლება „ორბს“ ის დაანგრიოს.

სასპორტო სკოლა ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე, სადაც „ორბი“ ახალ ღობეს ავლებს / 30.01.2022 /

„როდის გადავალთ [ლეონიძის ქუჩაზე] ზუსტ დროს ვერ დაგისახელებთ, თუმცა, ტესტირების რეჟიმში ვართ. მივლინებული გვყავს ტექნიკური ჯგუფი, ინჟინრები, რომლებიც იქ ამოწმებენ ყველაფერს, რათა, როცა გადავალთ, პრობლემა არ შეგვექმნას. როგორც ვიცი, მალე გადავალთ. რაც შეეხება ღობეს, რომელსაც ახლა ავლებენ, ვერაფერს გეტყვით, ეს მათი [„ორბის“] საკუთრებაა უკვე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სპორტის არცერთ სახეობას, ვიდრე ალტერნატიულ შენობაში გადავალთ, ფიროსმანის ქუჩაზე არ შეექმნება არანაირი პრობლემა, ერთი წამითაც კი“, – უთხრა „ბათუმელებს“ ირმა ნიჟარაძემ, ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორმა.

სასპორტო სკოლა ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე / 30.01.2022 /

რაც შეეხება ახალ სპორტულ კომპლექსს ლეონიძის ქუჩაზე, მისი მშენებლობა, როგორც „აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში“ გვითხრეს, 2022 წლის თებერვლის ბოლომდე მთლიანად უნდა დასრულდეს. სასპორტო სკოლიდან კი, ინვენტარის ახალ შენობაში გადატანა დაწყებულია.

  • აჭარის პროექტების მართვის კომპანია ამჯერად ახალი შენობის მიმდებარედ ავტოპარკინგის მოსაწყობად ხელშეკრულებას აფორმებს. ხელშეკრულების დასადებად, სატენდერო კომისიამ მოიწვია შპს „იბერია-ჯ“, რომელიც პარკინგს 425 ათას ლარად მოაწყობს. ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 20 დღეში უნდა დასრულდეს.
  • ამავე სპორტული კომპლექსის დარბაზებისთვის [თავისუფალი ჭიდაობა, საბრძოლო ხელოვნება, კრივი] ანაკრები ლითონის ტიხრების [ბარიერ-მოაჯირების] მოწყობაზე პროექტების მართვის კომპანიას კიდევ ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული 34 894 ლარით. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 4 თებერვალს დასრულდება, სამუშაოები კი, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 დღეში უნდა დასრულდეს.

ახალი კომპლექსის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 66 მილიონზე მეტი ლარია დახარჯული.

სპორტსმენების ვარსკვლავები სასპორტო სკოლის შენობის შესასვლელში / შენობა აჭარის მთავრობამ გაყიდა და მას დაანგრევენ / 30.01.2022

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლა [„ბასკოს“ შენობა] და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთი, 2020 წლის ივლისში, ელექტრონულ აუქციონზე 19 500 000 ლარად იყიდა „ორბი ჯგუფი ბათუმმა“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონება პირობიან აუქციონზე 19 მილიონ ლარად ჰქონდა გამოტანილი, ბიჯი 500 ათასი ლარი იყო. ქონება სწორედ ერთი ბიჯით გაიყიდა. „ორბს“ უფლება აქვს, სასპორტო სკოლის შენობა აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით დაანგრიოს, მის ადგილზე კი, მაქსიმუმ 5 წელში, ანუ 2025 წლის აგვისტომდე აამოქმედოს მრავალფუნქციური კომპლექსი [რომელიც აუცილებლად მოიცავს და არ შემოიფარგლება არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს]; რაშიც არანაკლებ 60 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმის სასპორტო სკოლა თავისი ტერიტორიით 19,5 მილიონად გაიყიდა – მყიდველია „ორბი“

რა ელის გომისმთას, სადაც საძოვრებს საუკუნეებია აჭარის მცხოვრებლები იყენებენ

გომისმთის განაშენიანების გეგმა-კონცეფციაში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით არის მომზადებული, აღნიშნულია, რომ გომისმთაზე მოსახლეობის ორი კატეგორიის [მოიალაღეები აჭარიდან და დამსვენებლები სხვა რეგიონებიდან] გამო, ბუნებრივად ორი განსხვავებული დასახლებული უბანი ჩამოყალიბდა – ტრადიციული აჭარული და ახალი სააგარაკო სახლებით.

კონცეფციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, ამ არეალების ერთმანეთში შერევა ხდება, „კურორტის განვითარების მდგრადობის თვალსაზრისით, დაგეგმარებისას სასურველია ამგვარი, ბუნებრივად ჩამოყალიბებული ორსახობის შენარჩუნება და განმტკიცება“.

გეგმა-კონცეფციის მიზანი გომისმთის საკურორტო-სარეკრეაციო ზონისთვის საჭირო პირობების შექმნა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

„ზაფხულობით, გომისმთის ალპური საძოვრებით საუკუნეების განმავლობაში, ძირითადად, სარგებლობს აჭარის მოსახლეობა – შუახევის სოფელ ხაბელაშვილებიდან. სეზონურ იაილებთან ერთად, კურორტ გომისმთის ნაწილში გამართულია ხის ტრადიციული ორსართულიანი „აჭარული სახლები“, რომელთა ნაწილი შეიძლება ჩაითვალოს არქიტექტურული ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებად, თუმცა, ასეთებად აღრიცხული არ არის.

გომისმთის მოსახლეობის მეორე კატეგორიას წარმოადგენენ გურიიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან ზაფხულობით ამოსული დამსვენებლები [მოაგარაკეები], რომლებსაც გააჩნიათ კეთილმოწყობის, მდგრადობისა თუ იერსახის სხვადასხვა ხარისხის საკუთარი საზაფხულო სახლები/ქოხები და ასეთი სახლების დამქირავებლები.

ეს ორი კატეგორია მკვეთრად განსხვავდება სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლებით, ცხოვრების წესით, გომისმთის განვითარების პირობებისადმი განსხვავებული, ზოგჯერ წინააღმდეგობრივი ინტერესებით.

ამგვარი სუბკულტურული ორბუნებოვნება გამოხატულებას გომისმთის ფუნქციურ-სივრცითს წყობაშიც პოულობს. ამ თვალსაზრისით, არსებულ განაშენიანებას და უბნებს [სამეზობლოებს] საკმაოდ მკაფიოდ მიჯნავს მცირე მდინარე; თუმცაღა, ბოლო ხანს, შეინიშნება ამ არეალების გარკვეული დიფუზია [ურთიერთშეჭრა].

კურორტის განვითარების მდგრადობის თვალსაზრისით, დაგეგმარების პროცესში, სასურველია ამგვარი, ბუნებრივად ჩამოყალიბებული დიქოტომიის [ორსახობის] შენარჩუნება და განმტკიცება გეგმარებითი და ადმინისტრაციული ინსტრუმენტების მეშვეობით“, – აღნიშნულია კურორტ გომისმთის განაშენიანების გეგმა-კონცეფციაში.

კურორტი გომისმთა / 2020 წელი / ფოტო: ჯაბა ანანიძე/ბათუმელები

კურორტ გომისმთის განაშენიანებასთან დაკავშირებით, ამჯერად ოზურგეთის მერია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ანგარიშს სკოპინგის დასკვნის მიხედვით მოამზადებს. შესაბამისი ბრძანება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2022 წლის 26 იანვარს გამოსცა.

„დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმის“ დოკუმენტის თანახმად, „გომისმთის განვითარება ხდება არაგეგმურად და უსისტემოდ, რაც ზღუდავს ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, აფერხებს დამსვენებელთა და ტურისტული ნაკადის ზრდას, ხოლო უკონტროლო მშენებლობა გადაუდებელ რეაგირებას საჭიროებს. დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმის მიზანია აღნიშნული საკურორტო-სარეკრეაციო ზონისთვის საჭირო პირობების შექმნა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება“.

გომისმთაზე ამ ეტაპზე ფიქსირდება 1 653 საცხოვრებელი შენობა, ხოლო საკურორტო სეზონის პიკის დროს დამსვენებელთა რაოდენობა 10 000 ადამიანამდე აღწევს.

განაშენიანების გეგმით/კონცეფციით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში კი, კურორტზე ზაფხულის პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია 18-20 ათასი ადამიანის მიღება [საშუალო დარჩენის ხანგრძლივობა 5 დღე], ხოლო ზამთრის პერიოდში შესაძლებელია 15 ათასი სტუმრის მომსახურება [დარჩენის საშუალო ხანგრძლივობა 3 დღე].

სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის თანახმად, დაბა გომისმთის ტერიტორიაზე დგინდება შემდეგი ფუნქციური ზონები: საცხოვრებელი ზონა (სზ); შერეული ზონა (შზ); ასევე, ფუნქციური ქვეზონები: სასოფლო-სამოსახლო ზონა (შზ-1) და არასამშენებლო ტერიტორიები: ლანდშაფტური ტერიტორია; სატყეო ტერიტორია.

გომისმთაზე გადის გურია-აჭარის ადმინისტრაციული საზღვარი, რის გამოც დასახლებული ტერიტორიის ერთი ნაწილი შუახევის მუნიციპალიტეტის საზღვრებშია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე „ისტორიულად ჩამოყალიბებულ უბანს“ [საკურორტო ადგილს] კი, ოზურგეთის საკრებულოს 2020 წლის 31 მარტის განკარგულებით, „გომისმთა“ ეწოდა.

განაშენიანების დოკუმენტის მიხედვით:

„გომისმთის ახლანდელი ფუნქციური მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. შექმნილი ვითარების ნაწილობრივ მაინც გამოსწორება რადიკალურ, არაორდინარულ მიდგომებს მოითხოვს. გავრცელებული მეთოდები, შეუსაბამო შენობის ან მიწის ნაკვეთის სტატუსის გამოყენება მხოლოდ რეაქციული ხერხი იქნებოდა და საერთო სურათს უკეთესობისკენ ვერ შეცვლიდა.

გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნებოდა ასეთი უძრავი ქონების ღირებულების დადგენა და ამ წილებით მესაკუთრეების გაერთიანება ახლადშესაქმნელი იურიდიული პირის სტრუქტურაში, კოოპერირების პრინციპით.

დაინტერესებული დეველოპერის ფინანსური რესურსების გამოყენების მოქმედი ეს ინსტიტუცია, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრების ტერიტორიაზე აშენებს მრავალერთეულიან საცხოვრებელ სახლს – „თაუნჰაუსის“ ან სხვა არქიტექტურულ-გეგმარებითი ფორმით, სადაც ყოველი მეწილე-მესაკუთრე თავის წილს განაგებს – აქირავებს, თავად იყენებს ან გაასხვისებს მას.

მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების აუცილებლობის დასაბუთება: გომისმთაში დღეს არსებული განაშენიანების დიდი ნაწილი, უკანონოდ დაკავებული მიწის ნაკვეთები და ცრუ ეკონომიკური მოლოდინები, ერთობლიობაში, უმძიმეს სურათს წარმოადგენს. ამ გამოწვევასთან გამკლავების ერთ-ერთი გზა არის მონაცვლეობის პრინციპის განხორციელება – „შეუსაბამოს“ სტატუსის მქონე კანონიერი მესაკუთრეების ორგანიზაციული გაერთიანება დეველოპერული ინტერესების სტრუქტურებთან, სახელმწიფოს მიერ უსასყიდლოდ გადაცემულ მიწის ნაკვეთზე შესაფერის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმატში გაერთიანებისა და მრავალბინიანი სახლების მშენებლობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმატში მართვის მიზნით“.

[toggle title=” უფრო ვრცლად გომისმთაზე გასატარებელი ღონისძიებების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

ასეთ მიდგომას – კოოპერირებას – როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „ბევრი დადებითი მხარე გააჩნია: არარეგისტრირებული ნაკვეთების რეგისტრირების მეტი შესაძლებლობა; ადგილმონაცვლეობის პროცესის დაჩქარება; „გაყინული“/“შეუსაბამო“ ქონების კაპიტალიზაცია; კონსოლიდაციის შედეგად, მიღებული დიდი ნაკვეთის უფრო რაციონალურად გამოყენება; მშენებლობის დასრულების გარანტია; ოპერაციული მენეჯმენტის გამართული და პასუხისმგებელი სისტემა; საკუთარი ქონებით [წილით] სარგებლობის მოქნილი სქემა; განვითარების [მშენებლობის] გარანტიები; ბრენდით სარგებლობა და ამასთანავე, ტურისტების [დამსვენებლების] ინდივიდუალურად მოზიდვის შესაძლებლობა და სხვა…“

„ნებისმიერი დონის, ფორმატის, მოცულობისა თუ ხარისხის ქალაქთმშენებლობითი პროექტი იმთავითვე მკვდრადშობილად შეიძლება ჩაითვალოს, თუ მას არ ახლავს ურბან-მენეჯმენტის წინმსწრებად შემუშავებული და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად დოკუმენტაციის პაკეტი. საქართველოში ამგვარი პრაქტიკა ჯერჯერობით დანერგილი არ არის. გომისმთის შემთხვევაში, გაჩნდა ამ ხარვეზის შევსების შესაძლებლობა, რაც საპილოტე მაგალითისა და, აპრობაციის შემთხვევაში, „საუკეთესო პრაქტიკის“ სახეს მიიღებს“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

გომისმთის განაშენიანების გეგმის კონცეფცია, შესაძლებელია მოიცავდეს ტურისტული მნიშვნელობის ველო-ბილიკს (Trail), რომელიც გააერთიანებს ძირითადი მიზიდულობის არეალებს. გომისმთის ლანდშაფტური პროფილიდან გამომდინარე, აღნიშნული ველომარშრუტი სწორად უნდა იქნეს შერჩეული.

კონკრეტული უბნების იმ ნაწილში, სადაც ვერ ხერხდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა (რელიეფიდან გამომდინარე), შესაძლებელია 2-3 მ სიგანის კეთილმოწყობილი საფეხმავლო ბილიკების ან ქუჩა-კიბეების გაყვანა.

კურორტზე უნდა მოეწყოს სანიაღვრე, სასმელი წყლისა და კანალიზაციის ცენტრალური სისტემები – სათავე, სატუმბი, გამწმენდი ნაგებობების ჩათვლით.

გომისმთაში სადღეისოდ არსებული ელექტროქსელის მდგომარეობა რადიკალურ გაუმჯობესებას საჭიროებს, სისტემის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით – მოწოდების წყაროების დივერსიფიკაციით დაწყებული, ვიდრე შეუფერხებელ და ხარისხიან ელექტრომომარაგებამდე, როგორც ზაფხულში, ისე ზამთრის სეზონში, როდესაც ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მოიმატებს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ბჟუჟჰესიდან ადრე გამოყვანილი ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენა.

საბჭოთა პერიოდში გომისმთაზე ბჟუჟჰესიდან გაყვანილი იყო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის ძარცვა-დემონტაჟს გადარჩენილი ანძების ნაწილი დღეს „ტექნიკის ძეგლებად“ გვევლინება.

გომისმთის ენერგოუზრუნველყოფის თვალსაზრისით, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს ისეთი, ამ ადგილას უხვი, განახლებადი, „მწვანე“ ენერგორესურსები, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია. ენერგიის ამ სახეობების გამოყენებას გომისმთაში ხელს უწყობს როგორც ქარის
ძლიერი ნაკადები, ისე ათვისებული ფერდობების დიდი ნაწილის სამხრეთის ან სამხრეთდასავლეთის ექსპოზიცია.

რაც შეეხება ბიოგაზის წარმოება-გამოყენებას, ამ მიმართულების განვითარება უპრიანია გომისმთის მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც მეცხოველეობით დაკავებული შინამეურნეობები სახლობენ. ბიოგაზის მიღების შემდეგ დარჩენილი სუბსტრატი საუკეთესო სასუქია, რომლის
გამოყენება შეიძლება როგორც ადგილზე, ისე გატანა ბარში, ეკონომიკური მოგების მისაღებად. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს გომისმთის ბუნებრივი გარემოს გაჯანსაღებას, რადგან დღეს ჭარბი ნაკელი ღელეებში ჩაედინება და ზიანს აყენებს გრუნტის წყლებს.

ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ბიოგაზის მიღება გარკვეულ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს საჭიროებს და ამიტომ ჩასატარებელია მომავალი მომხმარებლების წვრთნები და, რაც გადამწყვეტია, სადემონსტრაციო პილოტ-პროექტის დაგეგმვა-განხორციელება, რასაც, უთუოდ,
ენთუზიაზმით შეხვდებიან გარემოს დაცვის სფეროში საქართველოში მოქმედი უცხოური თუ საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს საინჟინრო საზოგადოება.

გარდა გომისმთის ენერგოუზრუნველყოფის ზემოთმოყვანილი საშუალო- და გრძელვადიანი კონცეფტური წინადადებისა, განხილვას იმსახურებს მოკლევადიანი, ოპერატიული წინადადებაც – თხევადი გაზის რეზერვუარის მოწყობა, ცხადია, უსაფრთხოების ყველა ნორმისა და მოთხოვნის დაცვით. გომისმთაში გაზმომარაგების ქსელის მშენებლობა მეტად პრობლემურია. საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის თხევადი გაზის მიწოდება შეიძლება განხორციელდეს გაზის რეზერვუარის მოწყობის გზით, ყველა ტექნოლოგიური, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი მოთხოვნების
გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება გაზზე მომუშავე ავტომანქანების მომსახურებაც. ეს საკითხი გაზმომარაგების კომპანიასთან თანამშრომლობითაა გადასაწყვეტი, რაც არსებითად, აღკვეთს საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის ხის მერქნის უკანონო გამოყენების შემთხვევებს.

გომისმთაში სამთო-სათხილამურო არეალების მოწყობაც იგეგმება, რაც უკავშირდება ამ კურორტის სამომავლო პერსპექტივას – განავითაროს ზამთრის სეზონისათვის აუცილებელი მომსახურება.

[/toggle]

„ისტორიულად, გომისმთა აჭარლებისა და გურულების ალპური მეჯოგეობის საზაფხულო სადგომს – იაილას წარმოადგენს; თუმცაღა, გასულ საუკუნეში მას სარეკრეაციო-სააგარაკე ფუნქციებიც შეემატა. ეს გარდაქმნა აშკარად აისახა გომისმთის ფუნქციურ-სივრცითს ორგანიზებაში – მისი დასავლეთი ნაწილი აჭარელი მემთეურების, მეჯოგეების საკარმიდამო ნაკვეთებითაა დაკავებული – ორსართულიანი, ტრადიციული შიდაგეგმარების ხის სახლებით; აღმოსავლეთის ნაწილი კი სეზონური მოაგარაკეების ტერიტორიას მიეკუთვნება“ – კონცეფციიდან.

გომისმთა / 2021 წელი /ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

 

კონცეფციის მიხედვით, გომისმთისთვის აუცილებელია მისი, როგორც კურორტის, სტატუსის დამადასტურებელი და კურორტის სახით სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის ობიექტების აშენება და სათანადო მართვა.

[toggle title=”ასეთი ობიექტების სრული ჩამონათვალი ნახეთ აქ:“]

  • ადმინისტრაციული (სათემო) ცენტრი; საპატრულო პოლიციისა და მაშველ-მეხანძრეთა პოსტი; სამედიცინო-საკონსულტაციო პუნქტი; აფთიაქი; საბანკო მომსახურების ობიექტი; ინტერნეტ-კაფე; ფართო პროფილის მაღაზიები;
  • საზოგადოებრივი ტუალეტები [საზოგადოებრივი სანიტარია საქართველოში ყველა ტიპის დასახლების „აქილევსის ქუსლია“. ეს დრამატული გარემოება განსაკუთრებით შეუწყნარებელია საკურორტო დასახლებებში, რომელთათვის დამახასიათებელია პიკური დატვირთვების მაღალი მაჩვენებლები, ამ შემთხვევაში – „გომისმთობა“. ამიტომ, გათვალისწინებულია ტურისტებისა თუ ვიზიტორების კონცენტრაციის ადგილებში საზოგადოებრივი ტუალეტების ქსელი, კანალიზაციის საპროექტო სქემის გათვალისწინებით.
  • ავტომობილების პარკინგები; საწვავგასამართი სადგური; ავტოტექმომსახურების პუნქტი; ველოსიპედებისა და ბაგის (buggy) გაქირავების პუნქტი; საბავშვო-სათამაშო და სასპორტო მოედნები;
  • სამთო-სათხილამურო არეალები [გომისმთაში სამთო-სათხილამურო არეალების მოწყობა უკავშირდება ამ კურორტის სამომავლო პერსპექტივას განავითაროს ზამთრის სეზონისათვის აუცილებელი მომსახურება. საკვლევ-საძიებო სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ საკვლევ არეალში შესაძლებელია მხოლოდ შეზღუდული მახასიათებლების სათხილამურო და საციგაო ტრასების მოწყობა, სეზონური ბიგელის ამწის სისტემის გამოყენებით. უფრო მაღალი კლასის სამთო-სათხილამურო ტრასების მოწყობა შეთავაზებულია საკვლევი არეალის გარეთ]. გომისმთის საკვლევი ტერიტორიის პირველადმა შესწავლამ გვაჩვენა, რომ აქ სასრიალო ტრასების მოწყობისათვის არსებობს საჭირო ფაქტორები და სამთო-სათხილამუროდ გამოსადეგ მთის ფერდებს გააჩნიათ ერთბაშად 3 350 მოსრილის დატევის პოტენციალი;
  • სპეცტექნიკის დეპო – [გომისმთაში სპეციალური დანიშნულების ტექნიკის საჭიროება გაიზრდება კურორტში სამთო-სათხილამურო პროფილით განვითარების პარალელურად. ასეთი ტექნიკის დეპოსათვის გამოსაყოფია ტერიტორია თოვლის ტრასების მიმდებარედ, უწინარესად, თოვლსატკეპნი მანქანების შესანახად და შესაკეთებლად. ამ მიზნით გამოყოფილია ტერიტორია უბანში „ხარიათაღი 1“, სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე.
  • ვეტერინარიული პუნქტი და ვეტაფთიაქი; აგრარული ბაზარი; კაფე-რესტორანი; პანორამული გადასახედები;
  • ეკლესია [დასაბუთება: გომისმთაში ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს ქართული მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის ინიციატივით; მისი ჩართვა საზოგადოებრივი სივრცეების სისტემაში დამატებით კომპონენტს შესძენს გომისმთის სოციალურ-კულტურულ გარემოს – ფუნქციური, მხატვრულ-ესთეტიკური და აკუსტიკური რეჟიმის თვალსაზრისით].
  • ღია ამფითეატრი; ტურისტული კემპინგი;
  • ავტოტრეილერების პარკი [დასაბუთება: ახლო მომავალში მოსალოდნელია ტურიზმის ისეთი ფორმის განვითარება, როგორიცაა ავტოტრეილერებით (მისაბმელი სახლებით) მოგზაურობა, ზოგჯერ – შერჩეულ ადგილზე დიდ ხანს გაჩერებით. ტურიზმის ეს სახეობა მოითხოვს ინფრასტრუქტურულად აღჭურვილი პარკების მოწყობას, სადაც შესაძლებელი იქნება წყალსადენ-კანალიზაციისა და ელექტრომომარაგების სისტემებთან ტრეილერების დაერთება და სხვა სერვისების შეთავაზება, სათანადო ანაზღაურებით];
  • ცხენების თავლა და გაქირავების პუნქტი [გომისმთაში არსებობდა ცხენების მოშენების პრაქტიკა. სავსებით შესაძლებელია ამ პრაქტიკის აღდგენა და „მონეტიზაცია“ – ცხენოსნობის საწყისების სწავლებისა და ტურისტებზე გაქირავების გზით. საამისოდ გათვალისწინებულია ცხენების თავლის მოწყობისა და საცხენოსნო რინგის ტერიტორია];
  • სასტუმრო [გომისმთაში საოჯახო სასტუმროების სიმრავლე არ გამორიცხავს მაღალი კლასის, განსხვავებულ ტურისტულ სექტორზე მაღალბიუჯეტიან ტურისტებზე გათვლილი სასტუმროს არსებობას. ამგვარი სასტუმროს ანალოგად გამოდგება დაბა სტეფანწმინდის სასტუმრო, რომელიც, არსებითად, „ყიდის“ მყინვარწვერისა და გერგეტის სამების ხედს და მრავალი სტუმარიც ჰყავს. სასტუმროს ასაშენებლად შეთავაზებულია პანორამული ხედის საუკეთესო წერტილი, ვერტოდრომის სიახლოვეს.]
  • ვერტოდრომი [სადღეისოდ, საქართველოს მასშტაბით, ვერტმფრენების მარშრუტები მოქმედებს ნატახტრის აეროპორტიდან ათიოდე მიმართულებით; მათ შორის, ბუნებრივია, გომისმთა არ არის. ამ კურორტზე ვერტოდრომის მოწყობა ხელს შეუწყობდა მაღალბიუჯეტიანი ტურიზმის
    განვითარებას და გომისმთის უფრო მაღალ პოზიციონირებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. ამ მხრივ, პოზიტიური ფაქტორია ქუთაისისა და ბათუმის აეროდრომების სიახლოვე. გასათვალისწინებელია გომისმთის რთული მეტეოროლოგიური ვითარებაც.]
  • სატელეკომუნიკაციო ანძა [დასაბუთება: გომისმთაში არსებული სატელეკომუნიკაციო ანძა ეკუთვნის ერთ კომპანიას და ის ვერ ფარავს დასახლების გარკვეულ ნაწილს. ორივე ეს გარემოება დისკომფორტს უქმნის დამსვენებლებსა და, განსაკუთრებით, სეზონურ მოსახლეობას. შემოთავაზებულია ანძის გადატანა საკვლევი არეალის უმაღლეს წერტილში. წინადადება გამართლებულია იმითაც, რომ არსებული ანძის სიახლოვეს მიმდინარეობს ეკლესიის მშენებლობა, რაც მხატვრულ-კომპოზიციურ კონფლიქტს მოასწავებს. ახალი ანძა შეიძლება გამოყენებულ იქნეს პანორამული გადასახედი ფუნქციითაც – ვიზიტორების სანიტარიული უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით].
  • ავტომატური მეტეოპუნქტი [დასაბუთება: ამინდის არასტაბილურობის გამო, გომისმთამ დაიმსახურა „ამინდის სამზარეულოს“ ეპითეტი. ასეთ პირობებში, გომისმთაში ავტომატური მეტეოროლოგიური პუნქტის მიწყობა რამდენიმე მიმართულებას მოემსახურება, მათ შორის – ვერტმფრენის ჩარტერული რეისების უსაფრთხოებას.]

კონცეფციის ავტორები თვლიან რომ ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების კვალდაკვალ, გომისმთაში მოსალოდნელია მართვადი სამშენებლო ბუმის დაწყება. ამ პროცესის ხელშესაწყობად კი, აუცილებელია სამშენებლო მასალების მაღაზიის გახსნა, სასურველია კურორტში შესასვლელში, კარგი სატრანსპორტო მისაწვდომობის პირობით. ასეთი ადგილი გამოიძებნა „ნაფოცხვარას“ უბანში, მთავარი გზის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების ტერიტორიაზე.

კურორტი გომისმთა მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2 100-2 755 მეტრის სიმაღლეზე.

გეგმარებითი არეალის ფართობი შეადგენს 302,62 ჰექტარს, საიდანაც 58,69 ჰა ნაშენი ტერიტორიაა, ხოლო 243,93 ჰა უშენი. აქედან, კერძო საკუთრებაა – 138 472 კვ.მ [8.43%], მუნიციპალიტეტის საკუთრებაა – 100 კვ.მ [0.01%], სახელმწიფო საკუთრებაშია – 1 504 463 კვ.მ [91.55%], ხოლო შპს-ს საკუთრებაში – 300 კვ.მ [0.02%].

[/toggle]

 

კონცეფციის მიხედვით, აღნიშნული ობიექტების მშენებლობისა და სხვა ღონისძიებებისთვის, საორიენტაციო ხარჯი შეადგენს 43 მილიონ აშშ დოლარს, საიდანაც ყველაზე დიდი წილი მოდის სათხილამურო ინფრასტრუქტურაზე – 20-22 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით.

ამასთან, მიზანშეწონილია, რომ პროექტების უმრავლესობა განხორციელდეს კერძო და საჯარო პარტნიორობის (PPP) ფარგლებში. კერძო ინვესტორები კი განთავისუფლდნენ ყველანაირი სახელმწიფო გადასახადიდან 8-10 წლის განმავლობაში.

კონცეფციის ავტორთა გათვლებით:

  • 130 მილიონი ლარის ინვესტიციის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ 8-12 წლამდე პერიოდში სრულად მოხდეს უკუგების მიღება.
  • გომისმთაზე, ჯამურად, წლის განმავლობაში შესაძლებელია 17 მილიონ ლარამდე შემოსავლის გენერირება [8-10 მილიონი – ზაფხულის სეზონზე, 7 მილიონი – ზამთარში]
გომისმთა /2020 წელი/ ფოტო: ჯაბა ანანიძე/ბათუმელები

კონცეფციაში მთის კურორტის განაშენიანების მრავალი მაგალითია მოყვანილი.

„კოვიდ-პანდემიის პირობებში მთის კურორტმა შეიძლება შეასრულოს განსაკუთრებული როლი, როგორც პროფილაქტიკური, ისე კოვიდგადატანილთათვის სასუნთქი გზების რეაბილიტაციისათვის.

ასევე მთის კურორტებზე ყოფნა სულ უფრო პოპულარული ხდება განმარტოებით დასვენებისა და დისტანციური მუშაობის მსურველთა შორის. ცხადია, ამისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირგაბმულობის გამართული ინფრასტრუქტურა.“ – აღნიშნულია კონცეფციაში.

გომისმთის არსებული განაშენიანების იერსახის – ესთეტიკური პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმვის გუნდს მსოფლიოში არსებული სხვადასხვა შესადარისი მაგალითები მოჰყავს:

[toggle title=”ეს მაგალითები შეგიძლიათ ნახოთ აქ:“]

საინტერესო მაგალითს წარმოადგენს – „სმოუქი მოუნთინს“ – ანუ ნისლიანი მთები, ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს (ფლორიდის ჩრდილოეთით), ტენესისა და ჩრდილოეთ კაროლინის შტატების საზღვარზე არსებული მთათა სისტემა, 2025 მ. სიმაღლეზე. აქ ვრცელი ეროვნული პარკი “Great Smoky Mountains” მდებარეობს, სადაც მოწყობილია დასასვენებელი კაბინის ტიპის სახლები.

მთათა ლანდშაფტი გომისმთის ლანდშაფტის მსგავსია, ხოლო სასტუმრო სახლების განაშენიანება მთის არქიტექტურის ტიპური მაგალითია.

შესამჩნევია, რომ კომპაქტური დასახლებები დაბალ ნიშნულებზეა, ხოლო მაღალმთიან ზონაში, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები.

გომისმთის არქიტექტურული იერსახის გაუმჯობესებისათვის სასურველია გათვალისწინებული იყოს ქანობიანი სახურავის მქონე, სადა მანერით
შესრულებული პროექტები.

არ არის სასურველი ბრტყელი გადახურვა. ამავდროულად კარგი იქნება ეროვნული დეკორატიული მოტივების ზომიერად გამოყენებაც. სახურავი
გამძლე მასალით უნდა იყოს აგებული, რადგანაც თოვლის სიმძიმემ ერთ კვმ-ზე შეიძლება გადააჭარბოს 150 კგ-ს. ასევე სახურავის დახრილობა საკმარისი უნდა იყოს თოვლის ჩამოსაყრელად.

[/toggle]

 

ვიდრე ოზურგეთის მერია გომისმთის განვითარების კონცეფციაზე მუშაობს, ადგილზე, უამრავი პრობლემებიდან, ამ ეტაპზე მთავარი მაინც მიწის რეგისტრაციის პრობლემაა. გომისმთის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზეც.

 

 

მთავარი ფოტო: გომისმთა / ფოტო განვითარების კონცეფციიდან

 

ქობულეთში 43 წლის ქალი გარდაიცვალა კოვიდით

ქობულეთის ცენტრალურ საავადმყოფოში 43 ქალი გარდაიცვალა კორონავირუსის დიაგნოზით.

როგორც კლინიკაში უთხრეს „ბათუმელებს“, მას ორ კვირაზე მეტ ხანს მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკაში შეყვანისას მას ფილტვების დაზიანება აღენიშნებოდა.

ქალს, ასევე, ჰქონდა თანმხლები დაავადებები. იგი არ იყო აცრილი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში აჭარაში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

 

ერდოღანი თურქულ მედიას ანგარიშსწორებით დაემუქრა „მავნე“ ინფორმაციისთვის

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 29 იანვარს თურქულ მედიას დაემუქრა ანგარიშსწორებით, თუ მედია გაავრცელებს ინფორმაციას, რომელიც, ერდოღანის აზრით, აზიანებს ქვეყნის ფასეულობებს. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისაღებია ზომები თურქეთის „ეროვნული კულტურის“ დასაცავად „არახელსაყრელი ზემოქმედებიდან“.

ერდოღანმა განაცხადა, რომ მიღებული იქნება სამართლებრივი ზომები მედიების იმ ფარული და ღია აქტივობების წინააღმდეგ, რომლებიც მიზნად ისახავენ თურქეთის ეროვნული და მორალური ღირებულებების შელახვას. მას არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა ინფორმაციის გავრცელებაზეა საუბარია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მედია თურქეთში ერდოღანის ხელისუფლების ზეწოლას განიცდის.

2016 წელს, მას შემდეგ რაც თურქეთში მთავრობის გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს, ქვეყანაში ასობით ჟურნალისტი დააკავეს, დაიხურა გაზეთები და ტელევიზიები. ამჟამად ქვეყანაში არსებული მედიაგამოცემების დაახლოებით 90 პროცენტი სახელმწიფოს ან მთავრობასთან დაახლოებულ პირებს ეკუთვნით.

ნახევარი მილიონი ლარი 2 სკოლაში ღია სპორტული მოედნების მოსაწყობად

აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და ღია მოედნის მოწყობის სამუშაოებს ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 519 686 ლარია.

ამავე ტენდერის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბათუმის N13 საჯარო სკოლის ღია მოედნისა და ღობის მოწყობაც.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 16 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს დასრულდება. სამუშაოები კი, ორივე სკოლაში, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.

პირობის მიხედვით, „ვადის ცვლილების (გაზრდის) საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები. სამუშაოების დროს სრულად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები“.

ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ეზო, სადაც ღია მოედანი უნდა მოეწყოს /30.01.2022 / ფოტო: ბათუმელები
ბათუმის მე-13 საჯარო სკოლის ღია სპორტული მოედანი / აქ ახალი მოედანი უნდა მოეწყოს / ფოტო ტენდერიდან

ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი კორპუსიც აშენდა, რომლის მშენებლობაზე ტენდერი აჭარის განათლების სამინისტროს 3 491 578 ლარით ჰქონდა გამოცხადებული, ხელშეკრულება კი შპს „ალიგატორ პროვაიდერ ჯორჯიასთან“ 2 890 062 ლარზე გააფორმა.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ ეტაპზე კომპანიას აჭარის ბიუჯეტიდან გადაუხადეს 2 502 430 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 87%].

ამ ტენდერის ფარგლებში გარემონტდა ასევე სკოლის არსებული შენობის ფასადი და ნაწილობრივ კეთდება ახალი ღობეც.

ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ახალი [მარცხნივ] და ძველი [მარჯვნივ] კორპუსები / 30.01.2022

ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 42 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციამ 42 წლის კაცი დააკავა ქალის მკვლელობის ბრალდებით.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 29 იანვარს, სიღნაღის რაიონის სოფ. ჯუგაანში, 1954 წელს დაბადებულ ქალს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.ბ. გარდაიცვალა“ – აცხადებს შსს.

ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში მეორე სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადადის კოვიდის შემთხვევების გამო

ბათუმის მეორე საჯარო სკოლა 31 იანვრიდან ონლაინ სწავლებაზე გადადის კორონავირუსის შემთხვევების გამო – ინფორმაცია „ბათუმელებს“ სკოლის დირექტორმა, მარიზა აბაშიძემ დაუდასტურა.

სკოლის დირექტორის თქმით, ინფიცირებული არიან როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები.

სკოლა, იზოლაციის და კარანტინის ვადების შესაბამისად, მინიმუმ 8 დღით გადავა ონლაინსწავლებაზე.

რაც შეეხება აჭარაში მდებარე სხვა სკოლებს, აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ხვალ, 31 იანვარს გახდება ცნობილი.

ავტობუსის გაჩერებები მოსაცდელების გარეშე ბათუმში

ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებებზე მოსაცდელი ჯიხურების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. უკვე რამდენიმე თვეა მოსაცდელები არაა დამონტაჟებული იმ გაჩერებებზეც, სადაც მოსაცდელები ადრე იდგა, თუმცა ზოგი ახლის ჩანაცვლების მიზნით აიღეს, ზოგი კი დაზიანდა.

„ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მოსაცდელების მოვლა-პატრონობის ფარგლებში რეგულარულად ხორციელდება მონიტორინგი და დაზიანებული მოსაცდელების რეაბილიტაცია. გრძელდება ავტობუსების მოსაცდელების ახლით ჩანაცვლების პროცესი, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს.“ – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან 28 იანვარს.

„მოსაცდელების მოვლა-პატრონობის ფარგლებში“, კონკრეტულად რამდენი მოსაცდელი, რომელ მისამართებზე და რა ვადაში უნდა დაიდგას, შესაბამისი გეგმა-გრაფიკი მერიისგან ვერ მივიღეთ.

ქალაქში მოსაცდელების მოვლა-პატრონობა კერძო კომპანია „ალმაზეა“ გადაცემული. სანაცვლოდ კომპანია ამ მოსაცდელების სივრცეებს სარეკლამო ბანერების განსათავსებლად აქირავებს.

კომპანიას ასევე უფლება აქვს, ბათუმის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე ექსკლუზიურად განათავსოს რეკლამა.

 

გაჩერება მოსაცდელის გარეშე / ბათუმი, რუსთაველის ქუჩა, იანვარი, 2022 / ამ ადგილზე მოსაცდელი ძლიერმა ქარმა 22 დეკემბერს წააქცია. 
გაჩერება მოსაცდელის გარეშე / ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა, იანვარი, 2022
გაჩერება მოსაცდელის გარეშე / ბათუმი, ფიროსმანის ქუჩა, იანვარი, 2022
გაჩერება მოსაცდელის გარეშე / ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა, იანვარი, 2022

ამავე თემაზე:

„ზაფხული იწყება აქ“ – ბათუმში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 31 იანვარს, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა.

აჭარის სანაპირო რაიონებში ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა, მთაში კი – თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი
  • ღამით: 0 – 2 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 1-2 თებერვალს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

აჭარაში კოვიდის 1913 ახალი შემთხვევაა

30 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1913 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 500-ზე მეტ პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე.

დღეს, 30 იანვარს, საქართველოში კორონავირუსის  17 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 34 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურდა კოვიდის 17 265 ახალი შემთხვევა | 30 იანვარი

30 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა.

გასულ 24 საათში 34 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 24,95%, ბოლო 14 დღის – 20,01%, ბოლო 7 დღის – 23,24%.

ბოლო მონაცემებით კოვიდის დიაგნოზით კლინიკებში 5 191 პაციენტს მკურნალობენ.

 

ბათუმის საკრებულოს თანამშრომლებზე დასაბუთების გარეშე 107 051 ლარი გასცეს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ ბათუმის მერიაში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა. გარდა ამისა, მერიას შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ჰყავს პირები მუდმივი ამოცანების შესასრულებლად, მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება კი დოკუმენტურად არ დასტურდება.

„აღნიშნული გარემოება შრომის ანაზღაურების სახით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებით, არსებული კონტროლის მექანიზმების არსებით სისუსტეზე მიუთითებს და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურად ხარჯვის რისკებს შეიცავს“, – ნათქვამია ანგარიშში. 

აუდიტორი ასევე წერს, რომ 2019-2020 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების
გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით 107 051 ლარია გაცემული.

აუდიტის ინფორმაციით, 2019-2020 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბათუმის მერიისა და საკრებულოს  დაფინანსებამ 35 მილიონ 508 466 ლარი შეადგინა.

ადგილობრივი ბიუჯეტების შესაბამისად, 2019-2020 წლებში, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შრომის ანაზღაურების ფონდი 9 მილიონ 169 700 ლარით განისაზღვრა. ამავე პერიოდში შრომის ანაზღაურების სახით გახარჯულია 8 მილიონ 416 110 ლარი, რაც საბიუჯეტო გეგმის 91,8%-ია.

აუდიტი წერს, რომ მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა მიერ მიღებული თანამდებობრივი სარგოს და ფაქტობრივად ნამუშევარი დროის შესაბამისობის დადგენის მიზნით დანერგილი კონტროლის მექანიზმები არ ფუნქციონირებს.

კერძოდ, მერიის სამივე ადმინისტრაციულ შენობაში დამონტაჟებულია ტურნიკეტები, თუმცა მათი გაუმართაობის გამო, თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადება და მიმოსვლა არ აღირიცხება. შესაბამისი პასუხისმგებელი პირების განმარტებით, ტურნიკეტების სისტემის აღდგენა იგეგმებოდა ადამიანური რესურსების მართვის პროგრამის მონაცემთა ბაზასთან კავშირის უზრუნველყოფით, რაც პანდემიასთან დაკავშირებით, თანამშრომელთა უფლებამოსილების დისტანციურად განხორციელების გამო ვერ მოხერხდა.

ანგარიშის მიხედვით, ბათუმის მერიაში ხელფასების დარიცხვისას გამოიყენება სტრუქტურული ერთეულების მიერ შედგენილი ყოველთვიური სახელფასო ტაბელები, თუმცა აუდიტის პერიოდში მათი შედგენის დოკუმენტურად დადასტურებული საფუძვლები მერიამ აუდიტს ვერ წარუდგინა.

აუდიტის პერიოდში [2019-2020], ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე შრომის ანაზღაურების სახით გაცემულია სულ 1 მილიონ 474 674 ლარი, მათ შორის, თანამდებობრივი სარგო − 1 426 468 ლარი, პრემია/ჯილდო − 46 806 ლარი და დანამატი − 1 400 ლარი.  პრემია და დანამატი გაცემულია 2019 წელს, თუმცა ფაქტობრივად ვერ ხერხდება დოკუმენტური მტკიცებულებების მოპოვება ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების შესახებ.

გარდა ამისა, მერიაში აუდიტის ჯგუფს ვერ წარუდგინეს დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულებას.

საკრებულოში შტატგარეშედ დასაქმებული პირების დანიშვნასთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებები არ მოიცავდა დანიშნული
პირების მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობებს და დავალებებს, მიეთითებოდა მხოლოდ ზოგადი უფლება-მოვალეობები. რიგ შემთხვევებში კი, სახელშეკრულებო სამუშაო აღწერილობების ნაწილი მოიცავდა შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშნული პირების მიერ შესასრულებელ ფუნქცია-მოვალეობებს.

როცა 70 წლის ხარ და მარტო ცხოვრობ მაღალმთიანი აჭარის სოფელში 

70 წლის თამარ გობაძე საკუთარ თავს ბუნებით რომანტიკოსს უწოდებს. თამარი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში ზამთრობით მარტო რჩება.

თამარი სოფლის განაპირას ცხოვრობს და მის უბანში 7 სახლი იკეტება ზამთარში. მეზობლები, რომლებიც ზამთრობითაც რჩებიან დიდაჭარაში, თამარის სახლისგან მოშორებით ცხოვრობენ. 

წელს ხულოში დიდი ზამთარია, მაგრამ ამბობს, რომ თავისი გადაწყვეტილება – სოფელში დარჩენა, წამითაც არ უნანია. პროფესიით ბიოლოგია და 25 წელი ასწავლიდა სოფლის საჯარო სკოლაში ბიოლოგიას. 

თამარის თქმით, მარტოობის თავიდან ეშინოდა, თუმცა ახლა შეეჩვია. 

„მარტო ცხოვრება ახალგაზრდა ქალისთვის უფრო რთულია, ვიდრე ასაკოვანისთვის. ახალგაზრდას მეგობრები უნდა ჰყავდეს, მათ წრეში უნდა იყოს. მოხუცისთვის უფრო წარსულია წინა პლანზე დაყენებული, მომავალს თითქოს ფარდა აქვს ჩამოფარებული. ჩვენ წარსულით ვცხოვრობთ. 

მე მარტო არ ვარ, ჩემს მოგონებებთან ვარ. აქ ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს, რასაც ვხედავ და ვეხები. ნივთები იმ ადამიანებს მახსენებს, ვისთან ერთადაც ამ სახლში ვცხოვრობდი. მეუღლეს მახსენებს აქ ყველაფერი.  

ჩემი შვილები სულ მეუბნებიან, რომ წავიდე მათთან, ქალაქში, მაგრამ რომ ავუხსენი, რატომ არ მინდა წასვლა, ყველა გაჩერდა. ასე მგონია, სხვაგან რომ წავიდე, ვერ ვისუნთქებ. მე რომ სხვაგან წავიდე, ალბათ, მარტო მაშინ ვიქნები, მიუხედავად იმისა, რომ შვილებთან ერთად ვიცხოვრებ. მე თუ წავალ, ეს სახლი დაიკეტება, ზაფხულში თუ ამოვლენ მხოლოდ. ჩემი წასვლა ღალატი მგონია. 

სახლი, რომელშიც ახლა ვცხოვრობ, ჩემი და ჩემი ქმრის აშენებულია. ეს სახლი ჩემს ახალგაზრდობას ინახავს. შვილივით მიყვარს აქაურობა, წლობით ვუვლიდი, დიდი ამაგი მაქვს გაწეული. 

სანამ ჩემი თავის მოვლა შემიძლია, სოფელში ვიქნები. მოხუცი თუ მოსავლელი ხარ, მაშინაა რთული მარტო ყოფნა, მაგრამ თუ შენი თავის მოვლა შეგიძლია, არ არის მარტოობა გაუსაძლისი. თანაც, სოფელი არავის არ ტოვებს მარტო. სოფელში უფრო თბილი ხალხია, მყარი ნათესავური და მეზობლური კავშირებით. აქ მცხოვრებლებისთვის უპირველესი გაჭირვებულის დახმარებაა. უხალხოდ ჩემი მტერიც არ მინდა რომ დარჩეს“, – ამბობს თამარი.  

თამარს არასდროს სდომებია სხვაგან ეცხოვრა. ამბობს, რომ არ უყვარს უცხო საზოგადოებაში მოხვედრა, არც გადაჭარბებული ხალხმრავლობა.

თამარის შეფასებით დიდი ხანია ხულოში ისეთი დიდთოვლიანი ზამთარი არ ყოფილა, როგორიც წელსაა, მაგრამ ზამთრის სარჩოს, შეშას ყოველთვის შემოდგომაზე იმარაგებს. ამბობს, რომ სახლში პროდუქტის საჭირო მარაგი აქვს, თუ რაიმე დამატებით დასჭირდება, შვილები უგზავნიან და მეზობლებიც მაშინვე მასთან ჩნდებიან. 

სახლის გადმოთოვლა რომ  დასჭირდა, დიდაჭარაში მცხოვრები მისი ახლობელი მივიდა და გადმოუთოვლა. ძროხები აღარ ჰყავს, სიცილით ამბობს, რომ ცოცხლებზე ზრუნვა აღარ შეუძლია, თუმცა იყო დრო, როცა 100 ლიტრ რძეს წველიდა. 

„დიდაჭარაში ღრმად მაქვს ფესვები გადგმული. ხომ იცით – „ჩიტი სადაც დაიბადა, მისი ბუდეც იქ არისო”. ბავშვობა ამ სოფელში გავატარე, სკოლა აქ დავამთავრე და ამ სოფელშივე გავთხოვდი. 

სტუდენტობის წლებში წავედი მხოლოდ აქედან და შემდეგ, 10 წელი მომიწია ბათუმში ცხოვრება. ჩემი ქმარი მუშაობდა ბათუმში და ამიტომ, მაგრამ საერთოდ არ მინდოდა იქ ცხოვრება. ბოლოს მეუღლემ და მე დავტოვეთ ქალაქი და ორივე სოფელში დავბრუნდით. მე და ჩემმა ქმარმა სოფელში მხოლოდ 9 თვე ვიცხოვრეთ მარტო, იქამდე დედამთილთან და მამამთილთან ერთად ვცხოვრობდით. მათი გარდაცვალებიდან მალევე გარდაიცვალა რევაზიც [ქმარი], მას შემდეგ 9 წელი გავიდა.  

ფოტოების ალბომებს არ ვათვალიერებ, არ მიყვარს ფოტოები, როცა ფოტოებს ვუყურებ ძალიან მარტო ვგრძნობ თავს. რევაზის ფოტოს ვერ ვუყურებდი, გავიტანდი გარეთ და ვდარდობდი, მერე შემოვიტანდი. ახლა ვცდილობ იქ არ გავიხედო, სადაც მისი ფოტო დევს”, – ამბობს თამარი. 

თამარს 4 შვილი ჰყავს. შვილებზე და შვილიშვილებზე ყოველდღე ფიქრობს და ურეკავს. თავს ბედნიერ დედად და ბებიად თვლის. თამარის თქმით, სოციალური ქსელები არ უყვარს, მიუხედავად იმის, რომ იცის კომუნიკაციის კარგი საშუალებაა.

თამარს უყვარს წიგნები, შინაური ცხოველები, საჭმლის კეთება, ყვავილები და ტელევიზორის ყურება. 

“წიგნების კითხვა მიყვარს, მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში ცოტა მაინც წავიკითხო. ტელევიზორს ვუყურებ, სოციალური ქსელის სიყვარულიც რომ დავიმატო, ზედმეტი იქნება. საჭმლის კეთება მიყვარს მაშინ, როცა ჩემს მომზადებულ კერძებს სხვები სინჯავენ და აფასებენ. აბა, მარტო კეთებას რა აზრი აქვს? ჩემი მეუღლე საოცრად გურმანი და სტუმართმოყვარე ადამიანი იყო. მეც ასე ვარ, ვინც მესტუმრება ყველას ვატან სოფლის ნობათს, ტყლაპი იქნება, ჩირი თუ სხვა რამე. მინდა, რომ შემიფასონ როგორი გამომივიდა. 

ზამთარში ზაფხულთან შედარებით გვიან ვიღვიძებ. ჩემი დილა ყავით იწყება, შემდეგ საუზმეს ვამზადებ, მერე სადილს, ვიცი, რომ აუცილებლად შემომივლის ვინმე და ასე  ღამდება. ხანდახან ვქსოვ კიდეც, მაგრამ მხედველობის პრობლემები მიშლის ხელს. 

ზაფხულში ადრე ვიღვიძებ,  5 საათისთვის, ეზოში ყვავილებს ვეფერები, ვარდები მიყვარს განსაკუთრებით. ბოსტანს დავხედავ, რაც მოსარწყავია მოვრწყავ და შემდეგ სახლის საქმეებს ვაკეთებ”, – ამბობს თამარი. 

თამარს ზაფხულში შვილები და შვილიშვილები სტუმრობენ და ეზო-კარს უხმიანებენ. ამბობს, რომ ყველას თავისი სამყარო აქვს, როგორც მას და არ ცდილობს ვინმე მისი ცხოვრებით აცხოვროს, რადგან არც მას უნდა სხვისი ცხოვრებით ცხოვრება. 

უკრაინელი ოფიცერი ვიქტორია – ეს სრულიად სხვა არმიაა 2014-15 წლებთან შედარებით

29 წლის ვიქტორია დვორეცკა უკრაინის არმიის რეზერვისტთა ოფიცერია, თან უკრაინის არმიის დახმარების საერთაშორისო ფონდისთვის მუშაობს.

„Повернись живим“ – ასე ჰქვია არმიის საქველმოქმედო ფონდს, რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს და შემწირველები არიან, როგორც უკრაინის მოქალაქეები, ქვეყნის მსხვილი ბიზნესმენები, ასევე დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. ეს უკრაინის არმიის ყველაზე დიდი საქველმოქმედო ფონდია.

ოფიცერი ვიქტორია დვორეცკა ფონდის მუშაობის სპეციფიკაზე გვიამბობს:

„ბევრ ხალხს სურდა ჯერ კიდევ 2014-15 წლის ომის დროს დახმარებოდა სამხედროებს, ფონდი უზრუნველყოფს ჯარისკაცებს საჭირო ტექნიკით, წვრთნებით, სათვალთვალო სისტემებით, აღჭურვილობით და ა.შ.

სად, როდის და რა არის საჭირო ფონდისგან, ამას წყვეტს ფონდის და არმიის ხელმძღვანელობა.

ეს არის გამჭვირვალე ფონდი, გამჭვირვალე ანგარიშებით და გადარიცხვებით. მარტივად რომ აგიხსნათ, როგორია ფონდის მასშტაბები, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ უკრაინისთვის მებრძოლი ყოველი მეორე ჯარისკაცის აღჭურვილობა ფონდითაა დაფინანსებული“, – ამბობს ვიქტორია დვორეცკა.

ვიქტორია დვორეცკა

ოფიცერი 2014-15 წლების ყირიმის ანექსიას იხსენებს, როცა არავინ იყო მზად ომისთვის. ვიქტორიას შეფასებით, უკრაინის არმია ამ დროისთვის ძალიან შესუსტებული იყო, მაგრამ ბევრი მოქალაქე გამოთქვამდა მოხალისეობის სურვილს:

„დარწმუნებული ვარ, უკრაინის არმიის შესუსტებაზე იმ წლებში რუსეთის მიერ ჩანერგილმა ხელისუფლებამ იმუშავა. ჩვენ არ გვყავდა არმია, მაგრამ იყო ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მზად იყო დაეცვა სამშობლო.

მაშინაც ვიბრძოდი. ბრონირებული ჟილეტების საკმარისი რაოდენობაც კი არ გვქონდა, არც ნორმალური ჩაფხუტები, ყველა მეომარს იარაღსაც კი ვერ ვაძლევდით. ამ პირობებშიც კი ჩნდებოდნენ ფრონტზე წამსვლელი მოხალისეები, მათ იცოდნენ, რომ შესაძლოა მომკვდარიყვნენ, მაგრამ იცოდნენ ისიც, რომ მათი იქ ყოფნა გარდაუვალი აუცილებლობა იყო.

ყირიმის ანექსიამ აჩვენა, რომ რუსები არასდროს ყოფილან ჩვენი ძმები და დები.

უკრაინაში განვითარებული ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვარ.

ვიქტორია დვორეცკა თანამებრძოლებთან ერთად

პატარა შვილი მყავს, მარტო ვზრდი, კიევში ვცხოვრობ. თუ მდგომარეობა გართულდება ჩემს ბიჭს დედაჩემთან და დასთან ერთად დასავლეთ უკრაინაში გავხიზნავ უსაფრთხო ადგილას, მერე ბრძანებებს დავემორჩილები და წავალ იქ, სადაც საჭირო ვიქნები.

იმის მიუხედავად, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს მიტაცებული, ხალხის ნაწილი მაინც ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთი მტერია. თუმცა მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს ნათელია.

საქართველოში, ბათუმში ვყოფილვარ არაერთხელ და თქვენთანაც არიდებს ხალხის ნაწილი თავს ოკუპაციაზე საუბარს, ტურისტული ბიზნესების მფლობელები მაგალითად, რომლებიც სწორედ რუსულს ბაზარს არგებენ საკუთარ პროდუქტებს, რუსულ აგრესიაზე კი სდუმან.

2014-15 წლების შემდეგ ჩვენი შეიარაღებული ძალები გაძლიერდა. ახლა ისინი უკეთ არიან ორგანიზებული და უზრუნველყოფილი, უკეთესი წვრთნები და სწავლება უტარდება ძირითად შემადგენლობას. ეს სრულიად სხვა არმიაა 2014-15 წლებთან შედარებით.

ცხადია, დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს გულისხმობს სწავლებას, გაცვლით წვრთნებს, გამოცდილების გაზიარებას და ა.შ.

ახლა უამრავი ქვეყანა საუბრობს საფუძვლიან შიშებზე, რომ შესაძლოა რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრას, თუმცა რუსეთი უკვე დიდი ხანია დგას ჩვენს მიწაზე და მიტაცებული აქვს ჩვენი ტერიტორიები.

ვერ ვიტყვი, რომ დრო ბევრი გვაქვს, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რა უნდა მოიმოქმედოს ომის დაწყების შემთხვევაში. რთული სიტუაციისთვის მოსახლეობის მზაობა დამოკიდებულია ადგილობრივ ხელისუფლებაზე, მერების, გუბერნატორების დონეზე.

___

ამავე თემაზე: 

 34 წლის ადრიანა – უკრაინის არმიაში 21 ათასი რეზერვისტი ქალი ვართ 

რატომ ვერ ასრულებს დეპუტატი პირობას, რომელსაც 3112 კვ.მეტრი მიწა გადასცეს ზღვასთან

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფატი ხალვაში ამბობს, რომ სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში ამჯერად პანდემიამ შეუშალა ხელი. 2016 წელს გაფორმებული შეთანხმებით, კომპანიას, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ის არის, ქობულეთში შშმ პირებისა და მიუსაფარი ბავშვებისთვის დღის ცენტრი უნდა გაეხსნა.

საქართველოს პარლამენტის ორი ყოფილი დეპუტატის – ფატი ხალვაშისა და კობა ნაკაიძის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას აჭარის მთავრობამ ქობულეთის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, თბილისის ქუჩის #31-ში, 3112 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და 422.5 კვადრატული მეტრი ორსართულიანი შენობა 2016 წელს, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით, 25 წლის ვადით, გადასცა.

მონიშნულია შპს „თანალმობისთვის“ გადაცემული ქონება: 3112 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 422.5 -შენობა

დეპუტატები შშმ პირებისა და მიუსაფარი ბავშვებისთვის გამაჯანსაღებელი ცენტრის გახსნას გეგმავდნენ, თუმცა ამ დრომდე სამუშაოების დასრულება ვერ შეძლეს.

ორი მოწვევის პარლამენტის ყოფილი წევრი, ფატი ხალვაში, ახლა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია, ხოლო კობა ნაკაიძე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმდა.

აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმების მიხედვით, ყოფილი დეპუტატების მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ – „თანალმობა“ აიღო ვალდებულება, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან, ანუ 2016 წლიდან 12 თვის ვადაში დაასრულებდა გადაცემული შენობის მოწესრიგებას, სადაც სარეაბილიტაციო ცენტრს მოაწყობდა.

გარდა ამისა, ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, რომ ამ ყველაფერში 200 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებდა, სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის შემდეგ კი დაასაქმებდა საქართველოს ოც მოქალაქეს.

ხელშეკრულების დადებიდან მეექვსე წელს დღის ცენტრი გახსნილი ისევ არ არის, დეპუტატი ფატი ხალვაში ამბობს, რომ ხელი პანდემიამ შეუშალა, თუმცა გარკვეული სამუშაოები უკვე დასრულებულია და დღეს ცენტრისთვის საბოლოო სახის მისაცემად კიდევ ერთი წელი დასჭირდებათ. ის ამბობს ასევე, რომ პროექტი კომერციული არ არის და ამ საქმეში თავიანთი წვლილი დაინტერესებულმა მოქალაქეებმა და ბიზნესმენებმაც უნდა შეიტანონ.

„თანალმობა“ დეპუტატმა ფატი ხალვაშმა 2015 წლის მარტში დააფუძნა, თანადამფუძნებლები არიან მისი კოლეგა კობა ნაკაიძე, ასევე დეპუტატის ძმა, ბიზნესმენი ნიაზ ხალვაში, შვილი – ზვიად ყურშუბაძე.

ბათუმის მერია ისევ ვერ უზრუნველყოფს უნებართვო მშენებლობების ეფექტურ კონტროლს- აუდიტი

ბათუმში, განსაკუთრებით სანაპირო ზოლში უნებართვო მშენებლობების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ისევ წერს. ანგარიშის მიხედვით  მერია სათანადო კონტროლს ვერ უზრუნველყოფს. ასეთი დასკვნა სამსახურმა 2019-2020 წლების დოკუმენტების შესწავლის შემდეგ გამოიტანა.

შემთხვევითობის პრინციპით შესწავლის საფუძველზე აუდიტმა ბათუმში 13 უკანონო მშენებლობა გამოავლინა. ანგარიშში საუბარია ისეთ შემთხვევებზეც, როცა შენობები სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე ააშენეს.

აუდიტის ინფორმაციით  2020 წელს ბათუმში გამოვლინდა უნებართვო მშენებლობის 60 შემთხვევა, რის გამოც მშენებელი ფიზიკური თუ
იურიდიული პირები ჯამში  597 000 ლარით დაჯარიმდნენ, აქედან 2021 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, გადახდილია მხოლოდ 78 000 ლარი, ანუ 13.1%.

დაჯარიმების 42 საქმე გასაჩივრებულია სასამართლოში, ხოლო 9 საქმე გადაგზავნილია აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

აუდიტის პერიოდში ბათუმის მერიის მიერ გაცემულია 1194 სამშენებლო ნებართვა, მათ შორის, 512 შემთხვევაში ნაბართვა გაცემულია ახალ მშენებლობაზე, 709 შემთხვევაში მშენებლობის ცვლილებაზე და 18 შემთხვევაში − შენობის დემონტაჟზე.

კოვიდის 1 833 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 3 პაციენტი – 29 იანვარი

29 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში აჭარაში კორონავირუსის 1 833 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან 3 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის აჭარაში კლინიკებში 703 პაციენტი მკურნალობს, ხოლო კოვიდსასტუმროებში – 647; ონლაინკლინიკაში, ანუ ბინაზე – 6 393.

ბოლო 24 საათში აჭარაში კლინიკურად გამოჯანმრთელდა – 460 ადამიანი.

29 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში ვირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა:

კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 41 პაციენტი

კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 41 პაციენტი

29 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში ვირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 145 508 , ბოლო 24 საათში – 18 274
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 995 328 , ბოლო 24 საათში – 8 400
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14 911 , ბოლო 24 საათში – 41
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 84 762, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 48 320, PCR ტესტით – 34 442
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 21,56%, ბოლო 14 დღის – 18,99%, ბოლო 7 დღის – 22,67%
  • სულ აცრილია – 2 704 957, დღიურად აცრილია – 8 310
  • კარანტინის რეჟიმში – 35
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 084
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 091

 

რას ელიან უკრაინაში საქართველოსა და დასავლეთისგან – ინტერვიუ უკრაინელ პროფესორთან

„კარგი იქნებოდა, საქართველოს მთავრობა უფრო აქტიური ყოფილიყო და ნათელი გაეხადა საკუთარი პოზიცია… ჩვენ გვესმის, რომ საქართველო რთულ პოზიციაშია, მაგრამ ვნახეთ, რომ საზოგადოება გვიჭერს მხარს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის,“ – გვითხრა ინტერვიუს დროს ვოლოდიმირ დუბოვიკმა, როცა მას უკრაინის პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციის შესახებ ვკითხეთ. 

ვოლოდიმირ დუბოვიკი უკრაინაში ოდესას მეჩნიკოვის უნივერსიტეტის პროფესორია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. „ბათუმელები“ მასთან ინტერვიუს გთავაზობთ:

  • ბატონო ვოლოდიმირ, პირველ რიგში, გვითხარით რას გეუბნებათ თქვენი გამოცდილება: მართლაც იქნება შეჭრა, თუ ეს მეთოდია იმისთვის, რომ მოსკოვმა დასავლეთისგან დათმობები მიიღოს? 

შეიძლება ასეც იყოს, თუმცა ჩანს, რომ მათ ძალით დაშინება სურთ. უნდათ, რომ პანიკა „გაუგზავნონ“ კიევს, ბრიუსელს და ვაშინგტონს, არა მარტო უკრაინას, არამედ მის მეგობრებს დასავლეთში. შემდეგ კი, სურთ მოითხოვონ დათმობები. ასეთია ერთი ვერსია. მეორე ვერსია იმაში მდგომარეობს, რომ ისინი კვლავ ემზადებიან გარკვეული ქმედებებისთვის და ამიტომაც წამოწიეს დეკემბრის შუა რიცხვებში რაღაც შეთავაზებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელთაგანაც ზოგი არარეალური და მიუღებელია, რათა შემდეგ თქვან, რომ, აი, ისინი ჩვენ არ გვისმენენ, დასავლეთს არ სურს განიხილოს ჩვენი შეშფოთება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ამიტომ საჭიროა, რამე გავაკეთოთ, მაგალითად, შევიჭრათ უკრაინაში.

თუმცა, ჯერ კიდევ ადრეა იმის თქმა, თუ როგორია გეგმა. ახლა ისე ჩანს, რომ [მოსკოვი] მოძრაობაში მოდის – აშშ-ის პასუხის შემდეგ მათ განაცხადეს ის, რომ მთავარ საკითხებს ნატო ან აშშ არ შეეხო. არის სხვა საკითხები, რომლებიც ჩვენს ინტერესშია – ჩვენ მათ განვიხილავთ და ვიფიქრებთ. 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ იყო ნორმანდიული ფორმატის ლიდერების მრჩეველთა შეხვედრა. ამ ფორმატის აღდგენის მცდელობაზე შედგა შეთანხმება – გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით. ასე რომ, რაღაც ხდება, არის დიპლომატიური წინსვლის მცდელობებიც, მაგრამ საფრთხე კვლავ რჩება. აქამდე არანაირ დეესკალაციას ადგილი არ ჰქონია. ვნახოთ, რა მოხდება.

  • რამდენად განსხვავდება ეს სიტუაცია 2014 წლისგან? ვგულისხმობ ყირიმის მოვლენებს და იმას, რომ ახლა მსოფლიო პირისპირ ხედავს საფრთხეებს, რაც რუსეთისგან მოდის. 

ახლა საერთაშორისო პარტნიორების უკეთესი მხარდაჭერა გვაქვს. ამასთან, 2014 წელი იყო შოკი, არავინ ელოდა იმას, რაც ჯერ ყირიმში, შემდეგ კი დონბასში მოხდა, არც უკრაინაში და არც სხვაგან დასავლეთში. ახლა ყველა მზადაა და იცის, რომ რუსეთს შეუძლია სამხედრო ნაბიჯების გადადგმა. ამ მიმართებით სიტუაცია უკეთესია.

დიდი განსხვავებაა იმ კუთხითაც, რომ უკრაინის ჯარიც უკეთესადაა მომზადებული 2014 წელთან შედარებით. რუსეთმა, რა თქმა უნდა, [ოპერაციაში] ბევრი ჯარისკაცი ჩართო. ამის წყალობით ისინი, ალბათ, უკრაინის მცველებზე რიცხობრივ უპირატესობას მოიპოვებენ, მაგრამ ეს მაინც განსხვავდება 2014 წლისგან. მაშინ არ გვყავდა საომარ მზადყოფნაში მყოფი ჯარისკაცები.

ახლა უკეთესადაა მომზადებული უკრაინული საზოგადოებაც. ვიცით, რომ მოსკოვს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება. შესაბამისად, ხალხს არ გაუკვირდება, ასე თუ მოხდა. ასე რომ, 2014 წლის და დღევანდელ ვითარებას შორის ბევრი განსხვავებაა.

  • ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, რუსეთს უკრაინაში ხელისუფლების ცვლილება და მის სათავეში პრორუსული ლიდერის დასმა სურს. 2013-14 წლის პროტესტების დროსაც იყო მსგავსი შეტყობინებები. ამასთან, გააქტიურდა სეპარატისტული მოძრაობები. როგორ ფიქრობთ, მოსკოვი შეეცდება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას?

დიახ, ბრიტანეთმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ასეთი გეგმების არსებობა აღმოაჩინა, მაგრამ დღეს ბევრი ინფორმაცია განზრახ ჟონავს, რათა [დასავლეთმა] ყურადღება გადაიტანოს. შეიძლება, ახლაც ასეთ რამესთან გვაქვს საქმე. 

თუმცა, მოსკოვში, რაღა თქმა უნდა, მოეწონებათ, თუ კიევში ვინმე ისეთი იქნება, ვინც უფრო მზადაა დათმობებისთვის, უფრო მეგობრულია [რუსეთისადმი], მაგრამ ეს მარტივი გასაკეთებელი არაა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი წამოიწყებენ მასიურ ესკალაციას და შეჭრას. არაა განსაზღვრული, რომ ისინი შეძლებენ მთავრობაში მოიყვანონ ვინმე, ვინც არაა ცნობილი უკრაინაში. ეს მხოლოდ დროებითი მეთოდი შეიძლება იყოს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ კონკრეტული გეგმები აქვთ ზელენსკის ან ვინმე სხვის შეცვლაზე.

ზელენსკი თავადაც საინტერესო ფიგურაა. თავდაპირველად რუსეთში მას უყურებდნენ, როგორც პირს, რომელთანაც შეთანხმება უფრო მარტივი იქნებოდა, მის წინამორბედ პოროშენკოსთან შედარებით. საბოლოო ჯამში, აღმოაჩინეს, რომ ზელენსკი არ ეთანხმებოდა დათმობებს და უკრაინის ინტერესების დაცვის ხაზს ამჯობინებდა. ამას უნდა აკეთებდეს კიდეც უკრაინის პრეზიდენტი. ამან კრემლის იმედგაცრუება გამოიწვია. მისმა უკანასკნელმა ნაბიჯებმა მოსკოვში გაღიზიანება გამოიწვია, ამიტომ ისინი ვინმე სხვას ამჯობინებდნენ, მაგრამ რეჟიმის შეცვლა, თუნდაც ძალის გამოყენებით, მარტივი არ იქნება.

  • გერმანიამ საშუალება არ მისცა ესტონეთს, უკრაინისთვის იარაღი მიეწოდებინა. თქვენი აზრით, რა დგას ბერლინის პოლიტიკას უკან და რისი გაკეთება შეიძლება დასავლეთის ბანაკში ერთობის მისაღწევად?

ბოლო დღეებში უკრაინაში გერმანიაზე ბევრია გაბრაზებული. სოცმედიით ვხედავ, რომ, უკრაინის გარდა, სხვა ქვეყნებშიც ბევრი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასე ვთქვათ, აკრიტიკებს გერმანიას. გერმანია ამას გრძნობს და უკვე ცდილობს, გამართლება გამონახოს. გერმანიის მთავრობის ლიდერების ბოლო საჯარო განცხადებები ისეთ განცდას ტოვებს, რომ ისინი ამბობენ:  ბოდიში, მაგრამ ასე უნდა მოვიქცეთ.

გერმანიის მიდგომის უკან ბევრი რამ დგას. ესაა ტრადიციული პაციფიზმი, ჯარის და იარაღის არგაგზავნის ტრადიციული პოლიტიკა კონფლიქტებში. 

ასევე გერმანიას განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს რუსეთთან, რაც დიდწილად დაფუძნებულია ისტორიული დანაშაულის გრძნობაზე რუსეთისადმი, მეორე მსოფლიო ომის გამო. თუმცა, უკრაინელები ხშირად ვამბობთ, რომ ნაცისტები მხოლოდ რუსებს არ კლავდნენ. პროცენტულად, უფრო მეტი ბელარუსი და უკრაინელი დაიღუპა ან ექსპლუატაციას და დისკრიმინაციას დაექვემდებარა გერმანული ოკუპაციისას.

[ბერლინის პოლიტიკის უკან] რიგი ფაქტორებია. უნდა გვახსოვდეს, რომ მათ მთავრობაში საკმაოდ მყიფე კოალიციაა. ვფიქრობ, ახლა გადააფასებენ პოლიტიკას ამდენი კრიტიკის გამო და ალბათ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ. არ ვამბობ, რომ იარაღს თავად გამოგზავნიან, მაგრამ სხვა ქვეყნებს, იგივე ესტონეთს, აღარ შეუშლიან ხელს. 

რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკად 2-ს“, გერმანია ცდილობს ბოლომდე არ დაიკავოს პოზიცია, რომ პროექტი აღარ ჩაეშვება შეჭრის შემთხვევაში, მაგრამ ვფიქრობ, ისინი ამ მიმართულებით მიდიან, რადგან ესმით, რომ პროექტის არ-დაბლოკვა უკვე აღარ იქნება შესაძლებელი მოკავშირეების წინაშე.

  • რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ დასავლურ სანქციებზე პასუხი იქნება. მაგალითად, სენატორი ნიკოლაი ჟურავლიოვი ამბობს, რომ მოსკოვი ევროპის გაზმომარაგებას შეწყვეტს SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის შემთხვევაში. როგორ ფიქრობთ, ამგვარად მოსკოვს დასავლეთის ერთობისთვის ძირის გამოთხრა სურს?

ისინი სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. ვხედავთ, რომ ისინი გარკვეულ წარმატებას აღწევენ.

ბრიუსელში ნატოს ქვეყნებმა ერთიანი პოზიცია წარადგინეს, რაც შთამბეჭდავი იყო. ვფიქრობ, მოსკოვშიც შთაბეჭდილებების ქვეშ იყვნენ, თუმცა მათ იციან, რომ სხვადასხვა ქვეყანას თავისი პოზიცია აქვს და სანქციების თემაზე ერთობა არ არის, როგორი რადიკალური იქნება ეს სანქციები. ეს ასევე დამოკიდებულია თავად შეჭრის მასშტაბზე. ჯო ბაიდენმაც თქვა, რომ პატარა შეჭრის შემთხვევაში, შესაძლოა, ზომიერი პასუხი იქნება, თუმცა კრიტიკის შემდეგ მან განაცხადა, რომ ეს არ იგულისხმა და ნებისმიერ შეჭრას პასუხი მოჰყვება.

დასავლეთი ელის, შეიჭრება თუ არა რუსეთი და თუკი ასე მოიქცევა, რა მასშტაბით, ამის შემდეგ გადაწყდება, როგორი იქნება სანქციები. ამერიკელები უკეთესად არიან მომზადებულნი და აცხადებენ, რომ 18 სხვადასხვა გეგმა აქვთ მოვლენების განვითარების მიხედვით. 

ევროპელების შემთხვევაში საქმე სხვანაირადაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სანქციები იქნება და ისინი მტკივნეული გამოდგება მოსკოვისთვის. საკითხავი ისაა, რამდენად მტკივნეული იქნება ისინი მოსკოვის შესაჩერებლად.

  • მარინა კალიურანდმა, ევროპარლამენტის წევრმა, განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გაზმომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში ევროპა რუსეთს ბუნებრივი აირის გასაყიდი ბაზრის გარეშე დატოვებს. 

ბუნებრივი აირი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან ევროპაში ყველა შიშობს ამაზე. შეჭრის შემთხვევაში, სანქციებს ბაზრის და მიწოდების არევა შეუძლიათ. ამიტომაც, ამერიკელი ემზადებიან და ბოლო კვირებში ევროპაში თხევადი გაზის რამდენიმე ტანკერი გაგზავნეს. ისინი მიწოდებისთვის უფრო მასიური ხასიათის მიცემას გეგმავენ, თუ რუსეთიდან მიწოდება დაიბლოკება.

  • თქვენი აზრით, ამ რთულ ვითარებაში რა იქნება საუკეთესო სცენარი როგორც უკრაინის, ასევე მოლდოვისა და საქართველოს უსაფრთხოებისთვის? 

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქმედებების კოორდინირება და თანამშრომლობაა საჭირო. ეს არ ხდება იმდენად ფართოდ, როგორც სასურველია, თუმცა მოლდოვას თავისი პრობლემები აქვს რუსეთთან. ისინი ჩვენს მხარეზე არიან, მაგრამ რუსეთს გავლენა აქვს მოლდოვაზე ბუნებრივი აირითა და დნესტრისპირეთში მყოფი სამხედროებით. 

საქართველო ცდილობს დიდად არ გამოჩნდეს, საზოგადოება კი უფრო აქტიურ და ხილვად მხარდაჭერას ითხოვს უკრაინისადმი. მთავრობა ცდილობს, ასე არ მოიქცეს და არ გააღიზიანოს რუსეთი, თუმცა ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ და თანამშრომლობა გვქონდეს დასავლელ პარტნიორებთან, ვისაც ჩვენი დახმარების სურვილი აქვს.

სამწუხაროდ, მხარდაჭერაზე საუბრისას იგულისხმება ნატოს აღმოსავლეთი ბლოკი – რუმინეთი, ბულგარეთი და ა.შ., მაგრამ არა უკრაინა და საქართველო, მაგრამ მხარდაჭერას შეიძლება ჰქონდეს ადგილი. უკრაინას, ბოლო დღეებში, იარაღი გამოუგზავნეს. უნდა აღინიშნოს დიპლომატიურ მხარდაჭერაც, გამოცხადდა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩატარდება. არავის აქვს იმედი, რომ გაეროს ამ ყველაფრის მოგვარება შეუძლია, მაგრამ ამაზე საუბარიც კარგია. 

ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს ამერიკელ პარტნიორებთან. გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრა ბაიდენთან, უკვე მეორედ ამ თვეში. ვეკონტაქტებით ყველას, ვინც რამენაირ დახმარებას ცდილობს. ვცდილობთ წყნარად ვიყოთ და არ წავიდეთ დათმობაზე, მაგრამ ეს რთული იქნება – ვფიქრობ, რუსეთის ზეწოლა გაძლიერდება.

  • მსურს გკითხოთ ჩინეთსა და თურქეთზეც. თქვენი აზრით, რა პოზიციას დაიჭერს ანკარა რუსეთის შეჭრის შემთხვევაში? ასევე, როგორი იქნება ჩინეთის პოზიცია – მხარს დაუჭერს რუსეთს, განზე გადგება, რბილად გააკრიტიკებს მოსკოვს, თუ სხვა მიდგომას არჩევს? 

თურქეთი მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ამავე დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ თურქეთი სანქციებს არ შეუერთდა და სარგებელიც კი მიიღო. თურქეთი რუსეთზე ბევრ მიმართებაშია დამოკიდებული, მაგალითად ენერგეტიკულად. ისტორიულად, მოსკოვი სირიაში ქურთებს უჭერდა მხარს. ორივე ასე თუ ისე წარმოდგენილია ლიბიაშიც. ამავე დროს, თურქეთში დარდობენ რუსეთის ამბიციებსა და შეჭრაზე. ერდოღანი აქტიური იყო და განაცხადა, რომ თურქეთს მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლობა შეუძლია. იგი თებერვალში კიევშიც ჩამოდის და გამოცხადდა, რომ შესაძლოა დრონების მოწოდებაზე მორიგ ხელშეკრულებას მოეწეროს ხელი. რუსეთი ამით უკმაყოფილოა. თურქეთი ცდილობს ორი გზა დაიტოვოს. რეგიონში სერიოზული ესკალაცია მათ ნამდვილად არ გაახარებს. 

რაც შეეხება ჩინეთს, დიდწილად ის შორს რჩება, თუმცა გუშინ, თუ არ ვცდები, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ესკალაციაში აშშ არის დამნაშავე და პეკინს ესმის რუსეთის შეშფოთება უსაფრთხოების საკითხში. უკრაინისთვის ეს კარგი განცხადება არაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პეკინი მოსკოვს უჭერს მხარს.

საინტერესოა, რომ უკრაინაში ზოგი ამბობს, რომ ჩინეთთან ურთიერთობას მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ახლა კი ეს განცხადება გვაქვს, რომელშიც პეკინი რიტორიკულად მოსკოვის მხარეს იჭერს.

  • ბოლოს, საქართველოს პოზიციაზე მინდა გკითხოთ. საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი გახდა თავისი პასიურობისთვის. როგორ ფიქრობთ, საქართველოს მთავრობას შეუძლია უფრო აქტიური იყოს? 

დიახ, კარგი იქნებოდა, საქართველოს მთავრობა უფრო აქტიური ყოფილიყო და ნათელი გაეხადა საკუთარი პოზიცია. საგარეო საქმეთა მინისტრის ტვიტი უკრაინის მხარდაჭერაზე საკმარისი არ იყო, მაგრამ გვესმის ვითარება, რომელშიც საქართველოა – პოლიტიკაა, რომ რუსეთი არ გაღიზიანდეს, რადგან საქართველო კვლავ მოწყვლადია და რუსეთთან ესკალაცია არ სურს.

ჩვენ გვესმის, რომ საქართველო რთულ პოზიციაშია, მაგრამ ვნახეთ, რომ საზოგადოება გვიჭერს მხარს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რაც შეეხება მთავრობას, ზომიერი განცხადებაც საკმარისი იქნებოდა.

17 700 ლარი 7 დღეში – განათლების მინისტრის სასტუმროს ხარჯები ნიუ იორკში

საქართველოს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გასულ წელს სულ სამჯერ იმყოფებოდა მივლინებაში, აქედან ორჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ერთხელ ბელგიაში. მინისტრის მივლინებებში ბიუჯეტიდან, ჯამში, 68 397 ლარი დაიხარჯა. მინისტრს ამ მივლინებებში ახლდა სამი პირი: მათი მივლინებისთვის კი ჯამში ბევრად ნაკლები – 40 826 ლარი დაიხარჯა. მთლიანობაში კი, მინისტრისა და მისი თანმხლები 3 პირის უცხოეთში ვიზიტი პანდემიაში 140 594 ლარი დაჯდა.

  • მიხეილ ჩხენკელის მივლინების ხარჯები 2021 წელს

ბრძანებების მიხედვით, მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული წლის სექტემბერში და ოქტომბერში იმყოფებოდა. სექტემბერში მინისტრმა ნიუ იორკში შვიდი დღე დაჰყო. განათლების სამინისტროდან მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ ამ შემთხვევაში ჩხენკელმა მგზავრობაში 16 106 ლარი დახარჯა [5 ათას დოლარზე მეტი].

დოკუმენტის თანახმად, ნიუ იორკში მინისტრმა ღამისთევაში 17 700 ლარი დახარჯა, შესაბამისად, დღეში 2 528 ლარი [დაახლოებით 815 დოლარი]. „დაქირავებულისთვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, აშშ-ში სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად დღე-ღამეში ბინის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმა ნიუ-იორკში 235 დოლარია, ხოლო სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე 180 დოლარი. ასევე არსებობს სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა, (მინისტრისთვის 80 დოლარი, სხვა პირებისთვის 60 დოლარი). ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საჯარო მოხელეებს აშშ-ში სწორედ ამ ღირებულების  დანახარჯის გაწევა შეუძლიათ დღიურად.

განათლების სამინისტროში ასევე გვეუბნებიან, რომ „ამავე დადგენილების თანახმად განსაზღვრულია, რომ სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთის მიხედვით”. „ბათუმელების“ კითხვაზე, – რამდენი დოლარით შეიძლება აღემატებოდეს ფაქტობრივი ხარჯი კანონით დადგენილს? – სამინისტროში ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გვცემენ.

მთლიანობაში, შვიდი დღის განმავლობაში მიხეილ ჩხენკელის ნიუ იორკში ვიზიტზე 36 160 ლარი დაიხარჯა.

მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გასული წლის ოქტომბერში ამერიკის ქალაქ ჩიკაგოშიც იმყოფებოდა ოფიციალური მივლინებით და ამჯერად 29 103 ლარი დახარჯა. მინისტრი ჩიკაგოში 12 დღეს დარჩა და სასტუმროში ერთ ღამეში 913 ლარი გადაიხადა. ჯამში მინისტრის სასტუმროში განთავსებაზე 10 965 ლარი დაიხარჯა, ხოლო მგზავრობაში 14 065 ლარი.

შესაბამისად, ჯამში მინისტრის ორჯერად მივლინებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯამში, 65 263 ლარი დახარჯა.

მიხეილ ჩხენკელს გასულ წელს კიდევ ერთი მივლინება ჰქონდა, ამჯერად ბელგიაში. ოფიციალური დოკუმენტებით, ბელგიაში ვიზიტისას მინისტრის მივლინებაში ბიუჯეტიდან 3134 ლარი დაიხარჯა. თუმცა ამ შემთხვევაში ოფიციალურ დოკუმენტში ან გამორჩათ, ან არ ჩაწერეს, რა დაჯდა მინისტრის ბრიუსელში ცხოვრება 6 დღით.

ჯამში სამ ვიზიტში ჩხენკელმა გასულ წელს 68 397 ლარი დაიხარჯა, ბრიუსელის 6 დღის ცხოვრების ხარჯების გამოკლებით.

მინისტრ მიხეილ ჩხენკელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მივლინებაში ახლდა პროტოკოლის სამსახურის უფროსი. ისი მივლინებისთვის ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარით ნაკლები – 25 189 ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან.

განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში კიდევ ერთი გაურკვევლობაა – მინისტრ მიხელ ჩხენკელს ბრიუსელში სამი პირი ახლდა თან მივლინებაში, მათ შორის, პროტოკოლის სამმართველოს უფროსი, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი და კიდევ ერთი პირი, რომლის შესახებ ხარჯების გარდა დოკუმენტში სხვა არაფერია მითითებული. დოკუმენტის მიხედვით, უჩინარი პირის მივლინებაზე ბიუჯეტიდან 5 057 ლარი დაიხარჯა.

განათლების სამინისტროს დამატებით ვკითხეთ, ვინ იყო პირი, რომლის ბელგიაში მგზავრობაზე ბიუჯეტიდამ 1 328 ლარი დაიხარჯა, ხოლო სასტუმროში ცხოვრებაზე 2 921 ლარი? – სამინისტროში ორდღიანი ლოდინის მიუხედავად, ამ კითხვაზე პასუხი არ გაგვცეს.

  • მიხეილ ჩხენკელის მივლინების ხარჯები 2020 წელს

სამინისტროდან მიღებული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, მინისტრი მივლინებაში 2020 წელსაც იმყოფებოდა. დოკუმენტში არ ჩანს, ბიუჯეტის ხარჯით ჩავიდა მინისტრი დიდ ბრიტანეთში თუ სხვა ხარჯებით. საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება დღიური ხარჯებიც და სასტუმროში ბინადრობის ხარჯები – ჯამში მინისტრს 4 914 ლარი დაიხარჯა.

2020 წლის იანვარში გამოცემული სხვა ბრძანების მიხედვით, მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ამ პერიოდში მივლინებით იმყოფებოდა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში, რისთვისაც 10 879 ლარი დაიხარჯა.

მინისტრს როგორც საფრანგეთში, ისე დიდ ბრიტანეთში მივლინებაში თან ახლდა პროტოკოლის სამსახურის უფროს – ამ შემთხვევაში მისი მივლინებისთვის 15 576 ლარი დახარჯულა ბიუჯეტიდან.

როგორც სამინისტროდან „ბათუმელებს“ გვწერენ, მინისტრისა და მისი თანმხლები პირების ვიზიტები სამინისტროს სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად დაიგეგმა. თუმცა, კონკრეტულად რა შედეგი მოჰყვა ამ ვიზიტებს, სამინისტროს ამ თემაზე არ მოუწოდებია ინფორმაცია.

2021 წლის ბოლოს კი, როცა განათლების მინისტრი პარლამენტში წარსდგა, მან ძირითადად მომავალ დროში დაგეგმილ მიღწევებზე ისაუბრა და ნაკლებად, პანდემიის პერიოდში სასკოლო დანაკარგებზე, რასაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

პარლამენტის წევრებმა ოპოზიციიდან, მიხეილ ჩხენკელს უთხრეს, რომ „ძალიან აცდენილია რეალობას“, რადგან ქვეყანაში სადაც 70 ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს, 10 ათასამდე ბავშვს კი ონლაინსწავლების დროს არ მიუწვდებოდა ხელი ინტერნეტზე და ტექნიკაზე, არარეალურად მიიჩნიეს ჩხენკელის „ანგარიში“ იმის თაობაზე, თუ როგორ მიაღწევს 2030 წელს განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარს.

მსგავს თემაზე:

14 900 ლარი – განათლების მინისტრის ხარჯი 5 დღეში ავტომანქანით შიდა გადაადგილებისთვის ფრანკფურტში

10 ჰექტარი საბადურის ტყეში ნარმანიას ცოლის კომპანიას, რომელიც ვალდებულებებს არ ასრულებს

თბილისის ყოფილი მერისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] მოქმედი თავმჯდომარის, დავით ნარმანიას მეუღლის კომპანია სახელმწიფოსთან აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს.

შპს „საბადური ვილაჯეს“ თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, „საბდურის ტყის“ მიმდებარედ ტურისტული ინფრასტურქტურის მოსაწყობად 4 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს აღებული.

10 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, „საბადურის ტყის“ მიმდებარედ შპს „საბადური ვილაჯეს“ 40 წლიანი განკარგვის უფლებით, აღნაგობის წესით 2019 წელს გადასცეს.

„საბადური ვილაჯე“ სერგო ორაგველიძემ 2019 წლის ივნისში დააფუძნა. 13 ივნისს კი კომპანიამ, უკონკურენტო გარემოში, ერთი ბიჯით მოიგო აუქციონი, რომლის საფუძველზეც ტურისტებისთვის მიმზიდველ ტერიტორიაზე 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მართვაში 40 წლის ვადით მიიღო.

2019 წლის მონაცმებით, როდესაც თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 10 ჰექტარი გაასხვისეს, ვიზიტორთა რაოდენობით ის საქართველოში მეოთხე ადგილზე იყო.

კომპანიის დაფუძნებიდან 2 თვეში „საბადური ვილაჯეს“ მართვა თინათინ თინიკაშვილს ჩააბარეს. დავით ნარმანიას ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შპს „საბადური ვილაჯეს“ დირექტორად დანიშვნამდე მას არც ტურიზმის სექტორში და არც სხვა რომელიმე კომპანიაში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. თინათინ თინიკაშვილი წლების განმავლობაში ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასწავლიდა.  დავით ნარმანიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თინათინ თინიკაშვილის ხელფასი კომპანიაში თვეში 4500 ლარია. უნივერსიტეტში მუშაობის ბოლო წელს კი მან მთელი წლის განმავლობაში 2494 ლარი გამოიმუშავა.

თბილისის ეროვნული პარკი. ფოტო: Georgian Travel Guide

სემეკის თავმჯდომარის მეუღლე, შპს „საბადური ვილაჯეს“ დირექტორად კომპანიის დამფუძნებელმა 2019 წლის  აგვისტოში დაინიშნა. ორი თვით ადრე კი კომპანიამ დაცული ტერიტორიის სააგენტოს მირ გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მიიღო მონაწილეობა, სადაც უკონკურენტოდ გაიმარჯვა.

2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ, რომელსაც დავით ნარმანიას მეუღლე ხელმძღვანელობს, გადაცემულ ნაკვეთზე 4 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო, თუმცა ამ დრომდე არ შეუსრულებია.

„საბადური ვილაჯეს“ გადაცემულ ტერიტორიაზე ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის თავსებადი ინფრატრუქტურის მოწყობა ევალებოდა. შეთანხმების მიხედვით, კომპანიას უნდა მოეწყო ღამის გასათევი კოტეჯები, საკონფერენციო სივრცე, კვების ობიექტები, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, ვიზიტორთა ცენტრი, საჯინიბო – ბავშვთა და მოზრდილთა გასართობ-დასასვენებელ ზონები, სხვა დამხმარე ნაგებობები.

ეს ყველაფერი კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში უნდა დაესრულებინა. გარდა ამისა, ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ აღნაგობის საფასურის სახით ყოველწლიურად 160 000 ლარი უნდა გადაიხადოს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფომაციით, შპს „საბადური ვილაჯეს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა 2021 წლის 28 ივნისს ამოეწურა. კომპანიას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო.

„შპს „საბადური ვილაჯეს“ წარმოდგენილი აქვს საბანკო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს მათი ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნული გარანტია 2023 წლის 1 ნოემბრამდეა აქტიური“, – მოგვწერეს გვაცნობეს სააგენტოდან.

აუქციონის პირობებების მიხედვით, „საბადური ვილაჯეს“ საინვესტიციო თანხის სახით, 400 000 ლარი, ანუ საინვესტიციო თანხის 10 პროცენტი აქვს გადახდილი.

___

მთავარი ფოტო: დავით ნარმანია და თინათინ თინიკაშვილი. ფოტო თინათინ თინიკაშვილის ფეისბუქგვერდიდან

___

ამავე თემაზე: 

გასული წლის დეკემბერში, დაბა ბაკურიანში, 5958 კვ/მ ფართობის ტყე 49 წლით სარგებლობაში პრემიერ ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს გადაეცა.

ცესკოს მდივნის ცოლს, თამარ კაპანაძეს მამამთილმა 140 000 დოლარი აჩუქა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] მდივნის, გიორგი ჯავახიშვილის მეუღლეს, მამამთილმა გასულ წელს 140 000 აშშ დოლარი აჩუქა. ამ სოლიდური საჩუქრის შესახებ გიორგი ჯავახიშვილმა 2021 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა.

ცესკოს მდივნის მეუღლე, თამარ კაპანაძე, თავადაც ცესკოს თანამშრომელია, ის საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის
განყოფილებას ხელმძღვანელობს და მისი შემოსავალი 2020 წელს 45 431 ლარი იყო. კერძო კომპანიებიდან, რომელთა პარტნიორადაც ფიქსირდება, მეუღლის დეკლარაციის მიხედვით, თამარ კაპანაძეს შემოსავლები არ მიუღია.

მამამთილი ზურაბ ჯაფარიძე კი კასპის საკრებულოს წევრი და თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეა. წინა მოწვევის კასპის საკრებულოში ის „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით მოხვდა.

მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ზურაბ ჯავახიშვილს 2021 წლის დეკემბერში ჩაუბარებია, 2020 წელს მას ხელფასის სახით 16 320 ლარი მიუღია. ამაზე მაღალი თანხა ზურაბ ჯავახიშვილს, საკრებულოში მუშაობის არცერთ წელს მიღებული არ აქვს [ამის შესახებაც ქონებრივ დეკლარაციებში წერია].

საინტერესოა როგორ მოახერხა ამ შემოსავლებით ზურაბ ჯავახიშვილმა რძლისთვის სოლიდური თანხის ჩუქება?

ამ კითხვაზე თავად გიორგი ჯავახიშვილმა ჩვენთან გასაუბრება არ მოინდომა. „ახლა იზოლაციაშია და ვერ გიპასუხებთ“, – გვითხრეს ცესკოში.

ცესკოს პრესსამსახურის ინფორმაციით კი, დეკლარაციის შევსების დროს ცესკოს მდივანს, რომელიც თავის სამსახურშიც მონაცემების სიზუსტის დაცვით შევსებაზეა პასუხისმგებელი, შეეშალა: „არც თანხაა ამდენი და არც მამა არ უნდა ეწეროს – აჩუქა ცოლის მამამ“.

ცესკოში გვითხრეს ისიც, რომ ამის გასარკვევად საჯარო სამსახურის ბიუროს უნდა დავუკავშირდეთ. ბიუროში განგვიმარტეს, რომ თანამდებობის პირებს გასული წლის ივლისიდან დეკლარაციების დაკორექტირების შესაძლებლობა აქვთ და თუ დეკლარაცია მანამდეა შევსებული, ცვლილება ახალ დეკლარაციაში გამოჩნდება.

ახალ დეკლარაციას გიორგი ჯავახიშვილი 2022 წლის მარტში შეავსებს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2020 წელს ცესკოს მდივნის მეუღლეს, თამარ კაპანაძეს სოლიდური გასავალიც ჰქონდა – 280 000 ლარი მას მშენებლობაზე დაუხარჯავს. ის თბილისთან ახლოს, სოფელ დიღომში ძვირადღირებულ სახლს აშენებს, სახლის ფართობი 250 კვ.მეტრია.

კაპანაძის მშენებარე ობიექტი დიღომში

600 კვ.მეტრი ნაკვეთი დიღომში სახლის ასაშენებლად თამარ კაპანაძემ 2019 წელს იყიდა. მას ამ ნაკვეთში 63 000 დოლარი გადაუხდია.  მშენებარე სახლთან დაკავშირებულ სამშენებლო ხარჯებს 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებულ თანხასაც თუ დავუმატებთ [198 000 ლარი] – მივიღებთ თითქმის ნახევარ-მილიონ [478 000] ლარს, რაც თამარ კაპანაძეს 2019-2020 წლებში სამშენებლო ხარჯებისთვის  გაუღია.

თამარ კაპანაძეს გასულ წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხარჯი ჰქონდა, მან ორი შვილის სწავლის საფასურში 11 400 ლარი გადაიხადა. თამარ კაპანაძე იხდის ასევე სესხების მომსახურების თანხასაც, მას საქართველოს ბანკში როგორც იპოთეკური, ასევე სამომხმარებლო სესხი აუღია.

დეკლარაციაში წერია კიდევ ერთი სოლიდური შენაძენის შესახებ, 2019 წელს ცესკოს მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა ორ თანამესაკუთრესთან ერთად, ოთხი საკადასტრო ერთეული, ჯამში 17.4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეისყიდა, გორში, ნადარბაზევის ტბასთან.

კერძოდ, ცესკოს ნეიტრალური მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, კიდევ ერთი ნეიტრალური წევრი დიმიტრი ჯავახაძე და „ქართული ოცნების“ ინტერესების დამცველი ლევან მაისურაძე შეთანხმდნენ და ერთად შეიძინეს 174 000 [17.4 ჰექტარი] კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გორში, ნადარბაზევის ტბასთან.

მხოლოდ გიორგი ჯავახიშვილმა ამ ქონებაში 81 200 ლარი გადაიხადა [თანამესაკუთრეებიდან ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება მხოლოდ გიორგი ჯავახიშვილს აქვს – ავტ.]

დიმიტრი ჯავახაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია 2014 წლის დეკემბრიდან, ხოლო ლევან მაისურაძე ცესკოში „ოცნებას“ წარმოადგენდა 2012 წლიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით.

გიორგი ჯავახიშვილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანია 2015 წლის თებერვლიდან.

თამარ კაპანაძე წილებს ფლობს ორ კომპანიაში, შპს „ქართლის ფერმასა“ და შპს „ფინჯანში“, გიორგი ჯავახიშვილის დეკლარაციების მიხედვით, მას ამ კომპანიებიდან შემოსავალი არ აქვს. თავად გიორგი ჯავახიშვილი კი შპს „ჯი აი ემ ჯი“-ს 25 პროცენტის მფლობელია.

___

მთავარი ფოტო: გიორგი ჯავახიშვილი

 

ცესკოს მდივანმა და „ოცნების“ წარმომადგენელმა 17 ჰექტარი მიწა ერთად იყიდეს 

დაგვაში მიტოვებული კულტურის სახლი გაქურდეს – „დარაჯი არ ჰყავს“

ქობულეთში, სოფელ დაგვაში, კულტურის სახლი გაქურდეს. სახლს ბერძნული აკროპოლისის ფასადი ჰქონდა და წლებია მიტოვებული იყო. სახელმწიფომ მისი რეაბილიტაციისთვის ფინანსური რესურსი ვერ გამოძებნა. ისტორიულ სახლს არც ძეგლის სტატუსი მიანიჭეს.

კულტურის სახლის მშენებლობა სოფელ დაგვაში 1953 წელს დაიწყეს. ეს ის სოფელია, სადაც ქართველები და ბერძნები ერთად ცხოვრობდნენ.

დაგვის კულტურის სახლის მშენებლობა 1953 წელს რუსმა ინჟინერმა დაიწყო, თუმცა ის მალევე ჩამოაშორეს პროექტს. მშენებლობის გაგრძელება ბერძენმა ინჟინერმა გადაიბარა, რომელმაც ნაწილობრივ შეცვალა პროექტი. ასე გაჩნდა შენობის ფასადზე ბერძნული აკროპოლისის ელემენტები. კულტურის სახლის მშენებლობა 1964 წელს დასრულდა.

650 ადამიანზე გათვლილი სააქტო დარბაზით ის გახდა ყველაზე დიდი კულტურის სახლი, რომელიც აჭარაში ოდესმე აშენებულა. იმ პერიოდში დაგვის კოლმეურნეობა ერთ-ერთ მდიდარ კოლმეურნეობად მიიჩნეოდა. სოფელში ბერძნები და ქართველები ერთად ცხოვრობდნენ.

ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, დაგვის კულტურის მიტოვებული სახლიდან სპილენძის ერთი ჭაღი მოიპარეს, თუმცა უნდა დაზუსტდეს, რა არის დაკარგული კიდევ მიტოვებული შენობიდან. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შსს-ში ჯერ ვერ გვითხრეს, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.

„დარაჯი არ ჰყავს“ – გვიპასუხეს ქობულეთის მერიის პრესსამსახურში კულტურის სახლის შენობაზე. აქ ასევე განმარტეს, რომ ქობულეთის მერიას ისტორიული სახლის რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვა მომზადებული აქვს.

„სოფელ დაგვაში არსებულ კულტურის სახლის შენობასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის მერიისთვის ობიექტის გადარჩენა და ძველი იერსახის აღდგენა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თუმცა აღვნიშნავთ, რომ შენობის რეაბილიტაცია საჭიროებს დიდ თანხებს, რისი საშუალებაც მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერიას ამ ეტაპზე არ გააჩნია [წინასწარი დათვლით, შენობის მოწესრიგებისთვის, სავარაუდოდ, დაახლოებით 3-დან 5 მილიონ ლარამდე უნდა დაიახარჯოს]. მერის და უწყების შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელების მხრიდან იყო სამუშაო შეხვედრები, დაგვის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის რიგი ნაბიჯების გადადგმის მიზნით. მათ შორის განიხილება დონორი ორგანიზაციების ჩართვა და დამატებითი თანხების მოძიება. სამწუხაროდ, 2020 წლიდან, ქვეყანაში არსებულმა პანდემიურმა გარემომ, აღნიშნული საკითხის განხილვა დროებით შეაჩერა. დასრულდება თუ არა არსებული მდგომარეობა, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას ამ საკითხზე,“ – მოგვწერეს ქობულეთის მერიიდან.

ახალი „კვანტური კომპიუტერები“ – საფრთხე და სიკეთე ადამიანებისთვის

ახალი თაობის კვანტური კომპიუტერები მეოცე საუკუნის ბოლოს შექმნილი კომპიუტერებისგან განსხვავებული პრინციპით მუშაობენ. თეორიულად, დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება გაცილებით სწრაფები გახდნენ ჩვეულებრივ კომპიუტერთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ კვანტურ კომპიუტერს შეეძლება რამდენიმე წამში წარმოუდგენლად რთული და დიდი ამოცანების შესრულება, რისთვისაც ჩვეულებრივ კომპიუტერს რამდენიმე წელი დასჭირდებოდა. შეეძლება, მაგალითად, მონაცემების გაშიფვრა მილიარდ სხვადასხვა ვარიანტად.

BBC-ი წერს, რომ ასეთი კომპიუტერების საშუალებით კაცობრიობის არაერთი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი. კვანტურ ტექნოლოგიაში რევოლუციის მოსახდენად კი ბრიტანეთის ხელისუფლება დიდ რესურსს ხარჯავს ოკსფორდშირის საგრაფოში, ჰარველის კვანტური გამოთვლების ეროვნული ცენტრისთვის.

სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, ბრიტანეთი, აშშ და ჩინეთი, უზარმაზარ ინვესტიციებს ახორციელებს ზესწრაფი კვანტური კომპიუტერების შესაქმნელად და კიბერსფეროში უპირატესობის მოსაპოვებლად.

გამოცემის შეფასებით, კვანტურ ტექნოლოგიებს ბნელი მხარეც აქვს:

მთელ მსოფლიოში არსებობს მონაცემთა პირატული ცენტრები, რომლებიც უნებართვოდ მოიპოვებენ პირად მონაცემებს დაშიფრული კოდების სახით.

როცა კვანტური კომპიუტერები ამგვარი ცენტრებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება, მათ ამ დაშიფრული, კოდური ინფორმაციის გაშიფვრის შესაძლებლობა მარტივად მიეცემათ.

კომპანია PostQuantum-ის წარმომადგენელი, ჰარი ოუენი გამოცემა BBC-თან საუბრისას განმარტავს, რომ მომხმარებელთა ნებისმიერი აქტივობა: ონლაინვაჭრობისა და სოცქსელების მოხმარების ჩათვლით, ინტერნეტში დაშიფრულ ინფორმაციად ინახება.

ოუენის თქმით, კვანტური კომპიუტერები იძლევა შესაძლებლობას მისმა მფლობელმა გაშიფროს კოდირებული ინფორმაცია, დააცარიელოს სხვების საბანკო ანგარიშები, მათ შორის ბიტკოინის „საფულეებიც“ და სრულად გათიშოს სახელმწიფო დაცვის სისტემები.

კიბერსფეროს სპეციალისტების აზრით, კვანტური კომპიუტერები ინფორმაციის კოდირების მნიშვნელობას გააუფასურებს და ადამიანების ცხოვრებას საფრთხეს შეუქმნის.

კვანტურ კომპიუტერებზე მუშაობის პარალელურად, მეცნიერები რამდენიმე წელია მუშაობენ „კვანტური აპოკალიფსის“ თავიდან ასარიდებელი მეთოდების შესამუშავებლად. სუპერკომპიუტერებისგან თავდასაცავად მუშავდება ინფორმაციის დაშიფვრის ახალი ალგორითმები და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ თავიდან ავიცილებთ კვანტურ თავდასხმებს.

BBC-ი წერს, რომ კვანტური ტექნოლოგიით დამზადებული კომპიუტერებისგან თავდაცვით სისტემებზე მუშაობენ არამხოლოდ Google-ი, Microsoft-ი, Intel-ი და IBM-ი, არამედ ისეთი პატარა კომპანიებიც, როგორიცაა Quantinuum-ი და Post-Quantum-ი.

__________

მთავარ ფოტოზე: IBM-ის კვანტური კომპიუტერის შიგთავსი/cnet.com


წყარო: BBC

სილქფესტის სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები ულიმიტო პირობით ბრუნდება

29 – 30 იანვარს სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაიაქტიურონ ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი და ასევე,  ულიმიტო სასაუბრო პირობა, რომლის ფარგლებშიც მიიღებენ შეუზღუდავ სასაუბრო დროს ლოკალურ ქსელზე ყველა ოპერატორთან. 

სურვილის შემთხვევაში, აბონენტს შეეძლება ერთდროულად ორივე პაკეტით მთელი თვით სარგებლობა: 

  • ულიმიტო ინტერნეტი – 19 –  *019# ან *202#
  • ულიმიტო სასაუბრო* – 10  – *202# 

სილქფესტის აქციები განკუთვნილია, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის და საუკეთესო შეთავაზებაა მომხმარებლისთვის, მინიმალურ ფასად მაქსიმალურად მეტი სერვისი მიიღოს.

გაიგე მეტი სილქფესტის აქციებზე.

ბაზარზე 40-დან 23 დასახელების სათამაშო ხარისხს ვერ აკმაყოფილებს

ზედამხედველობის სააგენტომ 2021 წლის დეკემბერში ბაზარზე არსებული სათამაშოებისა და სამშენებლო მასალების ხარისხი შეისწავლა.

მონიტორინგის მასალების მიხედვით, შემოწმდა 15 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე შემოტანილი 40 დასახელების სათამაშო, აქედან 23 დასახელების სათამაშოში აღმოჩნდა შეუსაბამობები.

„აღნიშნულ სათამაშოებზე გამოიცა რეალიზაციის შეჩერების დადგენილება. გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ გადამოწმებისას დადგინდა, რომ ეკონომიკური ოპერატორები აღარ ახორციელებდნენ შეუსაბამო პროდუქტების რეალიზაციას“, – წერს ზედამხედველობის სააგენტო.

შემოწმდა 20 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული 4 ტიპის სამშენებლო პროდუქტი – თაბაშირ-მუყაო, ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა, „რომელთაგან ყველამ დააკმაყოფილა ტექნიკური მოთხოვნები“.

ასევე შემოწმდა ოთხი ოპერატორს მიერ მოწოდებული მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე ცეცხლმაქრები. შემოწმების მასალების მიხედვით, „აღნიშნულ პროდუქტზე ვერცერთმა ეკონომიკურმა ოპერატორმა ვერ შეძლო შესაბამისობის დეკლარაციის წარმოდგენა“.

შესაბამისად, 3 შემთხვევაში შეაჩერა სააგენტომ რეალიზაცია, ხოლო ერთ შემთხვევაში ეკონომიკურმა ოპერატორმა თავად ამოიღო პროდუქტი რეალიზაციიდან.

საბაჟოზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგები

2021 წლის მეოთხე კვარტალში შემოწმდა სათამაშოების 2 561 იმპორტის წინასწარი შეტყობინება, საიდანაც 54%-მა ვერ დააკმაყოფილა ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები.

შემოწმდა აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების 319 იმპორტის წინასწარი შეტყობინება, საიდანაც 75,5%-მა ვერ დააკმაყოფილა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები, ხოლო პირველი დეკემბრიდან კვარტალის ბოლომდე შემოწმდა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების 100 იმპორტის წინასწარი შეტყობინება, საიდანაც 83%-მა ვერ დააკმაყოფილა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.

ამავე პერიოდში განხილულ იქნა 1779 სამშენებლო პროდუქტების იმპორტის წინასწარი შეტყობინება (ცემენტი – 315, არმატურა – 218, პლასტმასის მილი – 799, ელექტროკაბელი – 332, თაბაშირ-მუყაო – 115), საიდანაც დადებითი პასუხი გაეცა 1541 განცხადებას, ხოლო უარყოფითი – 238-ს.

ამავე პერიოდში ზედამხედველობის სააგენტომ განიხილა 317 განცხადება მანქანა-დანადგარების იმპორტის შესახებ, საიდანაც დადებითი პასუხი გაეცა 100 განცხადებას, ხოლო უარყოფითი 217-ს.

Momxmarebeli.ge-ს შეფასებით, აღნიშნული ინფორმაციიდან ჩანს, რომ რაიმე საგრძნობი წინსვლა ხარისხის მონიტორინგთან დაკავშირებით არ შეინიშნება, რადგან სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მასშტაბები მცირეა.

„ისევ არ არის მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც სათამაშოებში ქიმიური ნივთიერებების ფართო სპექტრის რეგლამენტაციას მოახდენს, რის გარეშეც სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლი სრულფასოვანი ვერ იქნება.

კონტროლის მასშტაბებთან დაკავშირებით დავამატებთ, რომ სააგენტო ახორციელებს საბაჟოზე იმპორტით შემოსული პროდუქტების დოკუმენტურ ზედამხედველობას, ქვეყნის სავაჭრო ქსელში კი მცირე რაოდენობის პროდუქცია მოწმდება.

მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდა პროდუქტის (არმატურის) ფიზიკურ-მექანიკური და ქიმიური მახასიათებლების შემოწმება. მონიტორინგის პერიოდში საერთოდ არ შემოწმებულა მანქანა-დანადგარები“, – ამბობს Momxmarebeli.ge

ამავე წყაროს ინფორმაციით, საბაჟოზე განხორციელებული კონტროლის შედეგად, იმპორტის პირველადი წინასწარი შეტყობინებებიდან უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა სათამაშოებზე, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებზე და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე.

„დანარჩენი სახის საქონელზე კი წინასწარი შეტყობინებები უმეტესად თავიდანვე დაკმაყოფილდა“.

Momxmarebeli.ge-ს შეფასებით, საქართველოში იმ პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლიც კი საკმარისად ვერ ჩაითვლება, რომელზეც სახელმწიფო ზედამხედველობაა დაწესებული, „რომ აღარაფერი ვთქვათ სამომხმარებლო ნაწარმის აბსოლუტურ უმრავლესობაზე, რაზეც უსაფრთხოების მოთხოვნები საერთოდ არ არის დადგენილი და არ მოქმედებს სახელმწიფო კონტროლი“.

საქართველოში უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნები 2021 წლის პირველ ივლისს ამოქმედდა სავაჭრო ქსელში განთავსებულ ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა სათამაშოები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და მანქანა-დანადგარები.

___________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

მივაღწევთ თუ არა ჯოგურ იმუნიტეტს? – რას ამბობენ სპეციალისტები

პანდემიის პირველივე დღეებიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ, რომ თუ მოსახლეობის საკმაოდ მაღალი პროცენტი აიცრებოდა ან დაინფიცირდებოდა ვირუსით, შესაძლებელი იქნებოდა COVID-19-ის წინააღმდეგ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება, თუმცა კორონავირუსის ძირითადი შტამი სწრაფად გარდაიქმნა ახალ ვარიანტებად, რის შედეგადაც ვირუსით ხელახლა ინფიცირდებიან ვაქცინირებული ან ის ადამიანები, რომელთაც კოვიდი უკვე ჰქონდათ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯოგურ იმუნიტეტთან დაკავშირებით იმედი ქრება.

ზოგიერთმა სპეციალისტმა ომიკრონის გამოჩენის შემდეგ ივარაუდა, რომ ეს სწრაფად გავრცელებადი და მსუბუქი ვარიანტი მალევე შეძლებდა სათანადო რაოდენობის ადამიანების ექსპოზიციას, ნაკლებად ზიანით, SARS-COV-2 ვირუსისადმი და უზრუნველყოფდა ამ დაცვას.

თუმცა დაავადებათა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ომიკრონის ასეთ ტრანსმისიულობას (ადვილად გადადების უნარს) ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ეს ვარიანტი წინა შტამებზე ძლიერია უკვე აცრილი ან ინფექციაგადატანილი ადამიანების ხელახალ დაინფიცირებაში.

კორონავირუსი გააგრძელებს ჩვენი იმუნური დაცვის გარღვევის გზების ძიებას – ამბობენ სპეციალისტები.

„თეორიული ზღურბლის მიღწევა, რომლის მიღმაც ვირუსის გადაცემა შეწყდება, ალბათ არარეალურია იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ჩვენ გვქონდა პანდემიაში“, – ამბობს “როიტერსთან” საუბრისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეპიდემიოლოგი, დოქტორი ოლივიე ლე პოლენი.

მისივე განმარტებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკვე გამომუშავებული იმუნიტეტი არ იძლევა რაიმე სარგებელს.

„როიტერსის“ მიერ გამოკითხულმა ჯანდაცვის ბევრმა ექსპერტმა თქვა, რომ არსებობს მზარდი მტკიცებულება, რომ ვაქცინები და წინარე დაინფიცირება ხელს შეუწყობს მოსახლეობის იმუნიტეტის ამაღლებას COVID-19-ის წინააღმდეგ, რაც დაავადებას ნაკლებად მძიმეს გახდის.

„თავდაპირველ, Sars-CoV-2 ვირუსის შტამს ჰქონდა ჯოგური იმუნიტეტის ბარიერი, რომელიც შეფასებული იყო 60-75%-ით. მაგრამ უფრო ახალ და უფრო გადამდებ ვარიანტებს, როგორიცაა: დელტა და ომიკრონი, სავარაუდოდ უფრო მაღალი, 80-90%-მდე ზღურბლი აქვთ – ისიც იმ შემთხვევაში, თუ ყველა აცრილი ან ადრე ინფიცირებული სრულად იქნებოდა დაცული მომავალი ინფიცირებისგან” – წერია “გარდიანის“ სტატიაში, რომლის ავტორები სტენფორდის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი ერინ მორდოკაი და სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტი – მელორი ჰარისი არიან.

ჯანდაცვის ექსპერტები ელოდებიან, რომ კორონავირუსი საბოლოოდ გახდება ენდემური, ანუ მუდმივად იცირკულირებს მოსახლეობაში და გამოიწვევს პერიოდულ აფეთქებებს.

ერინ მორდოკაი და მელორი ჰარისი წერენ, რომ კოვიდ პანდემიის არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიუხედავად ვაქცინების წარმატებისა, „ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ და, სავარაუდოდ, ვერასოდეს მივაღწევთ ჯოგურ იმუნიტეტის ზღვარს. ამავე დროს, ჩვენ არ უნდა შევეგუოთ გაუთავებელ, ეპიდაფეთქებებს“.

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით Covid-19-ის ენდემურობაში გადასვლის პროცესში.

„2021 წლის იანვარში Science-ში გამოქვეყნებულ წინასწარმეტყველურ ნაშრომში, ჯენი ლავინმა და მისმა თანაავტორებმა იწინასწარმეტყველეს, რომ, Covid-19, ისევე როგორც  ადამიანის სხვა კორონავირუსები, რომლებიც ახლა იწვევენ უბრალო გაციებას,  საბოლოოდ გარდაიქმნება მსუბუქ ინფექციად, რომელიც ადამიანთა პოპულაციაში ცირკულირებას გააგრძელებს დაბალ დონეებზე, რამდენადაც ადამიანები ადრეული ასაკიდან დაინფიცირდებიან კოვიდ19-ით და აიცრებიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იქნება ენდემური ვირუსი” – წერენ ისინი.

მეცნიერები განმარტავენ, რომ მას შემდეგ, რაც Covid-19 გახდება ენდემური, ინფექციის დამბლოკავი იმუნიტეტი სწრაფად შესუსტდება ისე, რომ ვირუსი კვლავ ადვილად გავრცელდება, მაგრამ მძიმე ავადობის წინააღმდეგ იმუნიტეტი დიდხანს გასტანს, რაც გამოიწვევს ინფექციებისა და (ძირითადად მსუბუქი) დაავადების გადანაცვლებას  ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ დაინფიცირებულან ან არ აცრილან.

მძიმე დაავადების შემთხვევები, რომლებიც ძირითადად აზიანებენ უფროსი ასაკის ადამიანებს წინარე იმუნიტეტის გარეშე, სპეციალისტების გათვლით – უნდა შემცირდეს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ქცევითი ინტერვენციები ვირუსის გავრცელების შესანელებლად ენდემურობაზე გადასვლის პერიოდშიც აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევების ძლიერი მატება. ენდემურობისკენ გარდამავალ პერიოდში ვაქცინაცია (და პერიოდული ბუსტერიზაცია) კვლავ მნიშვნელოვანია ყველაზე მძიმე შედეგების შესამცირებლად და შესამსუბუქებლად.

საჩინოს სკოლის სახურავის აღდგენაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება

80 876 ლარი დაიხარჯება ქობულეთის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის სახურავის აღდგენაში. აჭარის განათლების სამინისტრო სამუშაოებს ტენდერის გარეშე შეისყიდის.

„2022 წლის 15 იანვარს ძლიერმა ქარმა დააზიანა სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის შენობის სახურავი, რაც გამოიხატება იმაში, რომ სახურავის ნაწილი მთლიანად გადახდილია ხის კონსტრუქციასთან ერთად, შენობა დაუცველია ნალექისგან, ასევე არსებობს დაზიანებული სახურავის სკოლის ტერიტორიაზე ჩამოყრის საფრთხე.“ – აღნიშნულია სამინისტროს განაცხადში.

სამინისტროს ინფორმაციით, „სკოლის შენობის ნაწილს ფაქტობრივად სახურავი აღარ გააჩნია და ნალექი ხვდება შენობის შიგნით, რაც აზიანებს შენობის ინტერიერს და ხელს უშლის სასწავლო პროცესის წარმოებას. სკოლის სარგებლობაში არსებული შენობა წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას, რომლის მოვლა-პატრონობაც აჭარის განათლების სამინისტროს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებაა“.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების არაერთი გარემოება, შესაბამისად მიზანშეწონილია სამუშაოების შესყიდვა განხორციელდს გამარტივებული შესყიდვით, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო დაზიანდება სახელმწიფო ქონება და შემდგომში მისი რეაბილიტაცია გაცილებით დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ამასთან, ხელი ეშლება სასწავლო პროცესის საკოლო სივრცეში დროულ დაბრუნებას“ – აცხადებს სამინისტრო.

სამინისტროს გათვლებით, სამუშაოს შესრულების აღმოსაფხვრელად საჭიროა 30 დღე, ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, სახურავის გადახურვის სამუშაოების ღირებულება კი – 80876.25 ლარია.

დოკუმენტების მიხედვით, სახურავის აღდგენის სამუშაოებს შპს ,,მარდი“ ჩაატარებს, რომელთანაც სამინისტრო ხელშეკრულებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმების შემდეგ გააფორმებს.

ქობულეთის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის შენობა / ფოტო: სამინისტრო

 

 

Exit mobile version