პარლამენტის განათლების კომიტეტმა თემატური მოკვლევის ანგარიში გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია პანდემიამ ზოგად განათლებაზე. პანდემიის გავლენა მოსწავლეების განვითარებაზე განათლების სამინისტროს ჯერჯერობით არ შეუფასებია, ამიტომ კომიტეტის დასკვნები, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ირიბ ინდიკატორებზე დაყრდნობით არის გაკეთებული.
დასკვნის მიხედვით, სასკოლო ჩამორჩენა უფრო თვალსაჩინოა დაწყებით კლასებში, „თუმცა სხვა საფეხურებზე მასწავლებლებსა და დირექტორებს უჭირთ სასწავლო დანაკარგის შეფასება,“- წერია ანგარიშში.
თემატური მოკვლევის მიხედვით, პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების ხანგრძლივობის, მისი ხარისხისა და მასში ჩართულობასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ჩამორჩენა მოსწავლეების აკადემიური უნარების განვითარებაში.
- ონლაინსწავლება
ამ პერიოდში განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, რადგან ბავშვისთვის დავალების შესრულება სრულად დამოკიდებული იყო მშობლის ჩართულობის ხარისხზე, საბაზო საფეხურის მოსწავლეებს კი გვიან ღამემდე უწევდათ კომპიუტერთან ჯდომა საშინაო დავალების შესასრულებლად.
2020 წლის ივნისში, მშობლებისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეების მხოლოდ 30-მა პროცენტმა მიიღო ძალიან კარგი შეფასება. ჰიბრიდული სწავლების სისტემაზე გადასვლის შემდეგ კი ეს პროცენტი 2021 წლის დეკემბრის ბოლოსთვის მხოლოდ 36-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წელთან შედარებით გასულ წელს მოსწავლეების მხოლოდ 6-მა პროცენტმა გაიუმჯობესა აკადემიური მიღწევა.
მთლიანობაში, მოსწავლეების 60 პროცენტზე მეტმა საშუალო და დაბალი შეფასება მიიღო.
ჰიბრიდული სწავლების მოდელზე გადასვლისას გაუმჯობესდა როგორც ბიჭების, ასევე გოგონების შეფასება, თუმცა მთლიანობაში აკადემიური დონე მაინც დაბალი დარჩა.
„შეფასების დინამიკა უცვლელი დარჩა დაწყებითი საფეხურის V-VI კლასებში, საბაზო საფეხურზე კი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რადგან ძალიან კარგი შეფასების მქონე მოსწავლეების წილი 24-იდან 46%-მდე გაიზარდა. თუმცა საშუალო საფეხურზე ძალიან კარგი შეფასების მქონე მოსწავლეების წილი შემცირდა. ასევე შემცირდა კატეგორია – „სჭირდება ყურადღება“ მოსწავლეების წილი.“ – წერია კვლევაში.
- დინამიკა სოფლად მცხოვრები მოსწავლეების შეფასებაში
ანგარიშის მიხედვით, სოფლად, სადაც მოსწავლეების უმრავლესობა 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში წერტილოვნად გადადიოდა ონლაინრეჟიმზე, 2020 წლის გაზაფხულის სემესტრთან შედარებით, გაიზარდა ძალიან კარგი შეფასების მქონე მოსწავლეების წილი და შემცირდა მათი რიცხვი კატეგორიაში – „სჭირდება ყურადღება“.
ქალაქებში მოსწავლეების შემაჯამებელი შეფასება არ შეცვლილა.
2020 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსწავლეთა 56 პროცენტი ამბობს, რომ დისტანციურ გაკვეთილებზე არ ყოფილა უფრო მოტივირებული. ასევე 72 პროცენტი არ ეთანხმება იმას, რომ „დისტანციურ გაკვეთილებზე უფრო ადვილად იგებდა, რასაც სწავლობდა“.
- მშობლები ონლაინსწავლების პროცესში
ანგარიშის მიხედვით, გამოიკვეთა მშობლების მხრიდან მოსწავლის სწავლაში არასასურველი ფორმით ჩარევის შემთხვევებიც. „ერთ-ერთ კვლევაში მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ მშობლები საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას ერთვებოდნენ კარნახით.
ამავე საკითხზე დირექტორების ნაწილი აცხადებს, რომ დისტანციურად შესრულებულ დავალებებში ჩანდა, რომ დავალებებს უფროსები ასრულებდნენ და არა მოსწავლეები.
შემოსული მოსაზრებების ნაწილში მშობლების ასეთი ქცევა ნეგატიურადაც ფასდება:
„მასწავლებლისა და მოსწავლეების გარდა ონლაინგაკვეთილს ესწრებოდნენ მშობლები, და-ძმები, ოჯახის სხვა წევრები, უამრავი კეთილისმყოფელი, რომლებიც, ნებით თუ უნებლიეთ, აშკარად თუ ფარულად, ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში, რაც სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორი იყო ონლაინსწავლებისას“.
ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ დირექტორების ნაწილის შეფასებით გაუარესდა მოსწავლეების სოციო-ემოციური მდგომარეობა, რომელიც გამოიხატება ინდიფერენტულობაში, თვითიზოლაციასა და გარიყულობაში.
- პირადი სივრცის დარღვევა
დისტანციურ სწავლებზე გადასვლამ ტექნიკური პრობლემების წინაშე დააყენა ბევრი მოსწავლე, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები და სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, რადგან მათ არ ჰქონდათ როგორც ინტერნეტთან წვდომა, ასევე, საერთოდ არ გააჩნდათ ან საკმარისად არ გააჩნდათ კომპიუტერები სახლში.
იმ ოჯახებში, სადაც სასკოლო ასაკის ერთზე მეტი ბავშვი ცხოვრობდა, ხოლო ოჯახში ერთი ტელეფონი ან კომპიუტერი იყო, გაკვეთილებზე დასწრების პრობლემა შეიქმნა.
„როგორც ერთ-ერთი დირექტორი გვიხსნის, „ზამთრის სეზონზე, სხვა ოთახებში სითბოს უქონლობის გამო, ერთი სივრციდან სამი ან მეტი მოსწავლე ერთვებოდა გაკვეთილზე, რაც მოსმენისა და გაგების პრობლემას ქმნიდა.“
სოფლად დამატებით გამოწვევას წარმოადგენდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.
სსსმ მოსწავლეებისთვის ონლაინ დისტანციურ რეჟიმში ჩართვის სპეციფიკურმა გამოწვევებმაც იჩინა თავი პანდემიის დროს.
ექსპერტების შეფასებით, ზოგიერთი შეზღუდვის მქონე მოსწავლეებისთვის ონლაინგაკვეთილების დროს ეკრანთან კონცენტრირება უფრო რთულია და მათ უჭირთ სწავლის პროცესში ჩართვა. ამ გარემოებამ მეტი ტვირთი დააკისრა მშობლებს.
„სსსმ მოსწავლეების განსაკუთრებულ გამოწვევებზე აქცენტს აკეთებენ შემოსულ მოსაზრებებშიც. სკოლის დირექტორებიც აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ფიზიკური შეზღუდვისა და ქცევითი მართვის პრობლემების მქონე მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ გამოწვევებს ქმნიდა დისტანციურ რეჟიმში სწავლა.“- წერია ანგარიშში.
შემოსულ მოსაზრებებში ერთ-ერთ ზომად სახელდება მასწავლებლების მიერ მოსწავლეებისთვის ინტერნეტის საფასურის დაფარვა. როგორც ერთ-ერთი დირექტორი განმარტავს: „ბავშვებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ფინანსური შესაძლებლობა, მასწავლებლები ურიცხავდნენ მეგაბაიტებს და ისე ატარებდნენ გაკვეთილებს“.
თემატური მოკვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „მიუხედავად სკოლების, სამინისტროსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მიღებული ზომებისა, დისტანციური სწავლის შესაძლებლობის მიღმა რჩებოდა მოსწავლეების, სულ მცირე, მეათედი ნაწილი“.
EMIS-ის თანახმად, 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში მოსწავლეების მეათედს სასწავლო პლატფორმა ერთხელაც არ გამოუყენებია. 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოკითხვის მიხედვით, „ბოლო 7 დღის განმავლობაში მოსწავლეების 79% მხოლოდ საკლასო ოთახში სწავლობდა, 11% – მხოლოდ დისტანციურად, 9% – კომბინირებულად და 1.4% გაკვეთილებს არ ესწრებოდა“.
- სწავლაში ჩამორჩენის პრევენციისა და დაძლევის მოდელების განვითარება და დანერგვა
პანდემიით შექმნილი ერთ-ერთი გლობალური გამოწვევა მოსწავლეთა სწავლაში ჩამორჩენაა. სწავლაში ჩამორჩენაზე რეაგირების წინაპირობა სწავლაში პროგრესის დიაგნოსტირებაა. თუმცა, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დღეისთვის არსებული კვლევები მოსწავლეების ჩამორჩენის პრობლემის სიმწვავის შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა.
„თუმცა საერთაშორისო და ეროვნული კვლევების საშუალებით, უახლოესი ორი წლის მანძილზე შესაძლებლობა იქნება შეფასდეს არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე ჩამორჩენის მასშტაბი, არამედ მოხდეს ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საგულისხმო ჯგუფების იდენტიფიცირება“.
აქვე ვკითხულობთ, რომ სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს უჭირთ სწავლაში ჩამორჩენაზე საფუძვლიანად მსჯელობა და მტკიცებულებების მოყვანა. ეს გამოწვევა, შესაძლოა, ქართული საგანმანათლებლო სისტემის ტრადიციულ ნაკლოვანებასთან – მოსწავლეების მიღწევების დიაგნოსტირების მექანიზმებისა და პრაქტიკის სისუსტესთან იყოს დაკავშირებული.
„საგულისხმოა, რომ ამ მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო მუშაობა. კერძოდ, ამჟამად მიმდინარეობს მე-4, მე-6 და მე-9 კლასებში მოსწავლეთა სწავლის პროგრესის დიაგნოსტირების სისტემის განვითარება, რომელიც სტანდარტიზებული ტესტების საშუალებით შეაფასებს მოსწავლეების მიღწევებს სხვადასხვა საგანში და სკოლას მიაწვდის ინფორმაციას მოსწავლეების მიღწევების შესახებ,“ – წერია განათლების კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიშში.