მთავარი,სიახლეები

უკრაინელი ოფიცერი ვიქტორია – ეს სრულიად სხვა არმიაა 2014-15 წლებთან შედარებით

29.01.2022 • 1639
უკრაინელი ოფიცერი ვიქტორია – ეს სრულიად სხვა არმიაა 2014-15 წლებთან შედარებით

29 წლის ვიქტორია დვორეცკა უკრაინის არმიის რეზერვისტთა ოფიცერია, თან უკრაინის არმიის დახმარების საერთაშორისო ფონდისთვის მუშაობს.

„Повернись живим“ – ასე ჰქვია არმიის საქველმოქმედო ფონდს, რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს და შემწირველები არიან, როგორც უკრაინის მოქალაქეები, ქვეყნის მსხვილი ბიზნესმენები, ასევე დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. ეს უკრაინის არმიის ყველაზე დიდი საქველმოქმედო ფონდია.

ოფიცერი ვიქტორია დვორეცკა ფონდის მუშაობის სპეციფიკაზე გვიამბობს:

„ბევრ ხალხს სურდა ჯერ კიდევ 2014-15 წლის ომის დროს დახმარებოდა სამხედროებს, ფონდი უზრუნველყოფს ჯარისკაცებს საჭირო ტექნიკით, წვრთნებით, სათვალთვალო სისტემებით, აღჭურვილობით და ა.შ.

სად, როდის და რა არის საჭირო ფონდისგან, ამას წყვეტს ფონდის და არმიის ხელმძღვანელობა.

ეს არის გამჭვირვალე ფონდი, გამჭვირვალე ანგარიშებით და გადარიცხვებით. მარტივად რომ აგიხსნათ, როგორია ფონდის მასშტაბები, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ უკრაინისთვის მებრძოლი ყოველი მეორე ჯარისკაცის აღჭურვილობა ფონდითაა დაფინანსებული“, – ამბობს ვიქტორია დვორეცკა.

ვიქტორია დვორეცკა

ოფიცერი 2014-15 წლების ყირიმის ანექსიას იხსენებს, როცა არავინ იყო მზად ომისთვის. ვიქტორიას შეფასებით, უკრაინის არმია ამ დროისთვის ძალიან შესუსტებული იყო, მაგრამ ბევრი მოქალაქე გამოთქვამდა მოხალისეობის სურვილს:

„დარწმუნებული ვარ, უკრაინის არმიის შესუსტებაზე იმ წლებში რუსეთის მიერ ჩანერგილმა ხელისუფლებამ იმუშავა. ჩვენ არ გვყავდა არმია, მაგრამ იყო ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მზად იყო დაეცვა სამშობლო.

მაშინაც ვიბრძოდი. ბრონირებული ჟილეტების საკმარისი რაოდენობაც კი არ გვქონდა, არც ნორმალური ჩაფხუტები, ყველა მეომარს იარაღსაც კი ვერ ვაძლევდით. ამ პირობებშიც კი ჩნდებოდნენ ფრონტზე წამსვლელი მოხალისეები, მათ იცოდნენ, რომ შესაძლოა მომკვდარიყვნენ, მაგრამ იცოდნენ ისიც, რომ მათი იქ ყოფნა გარდაუვალი აუცილებლობა იყო.

ყირიმის ანექსიამ აჩვენა, რომ რუსები არასდროს ყოფილან ჩვენი ძმები და დები.

უკრაინაში განვითარებული ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვარ.

ვიქტორია დვორეცკა თანამებრძოლებთან ერთად

პატარა შვილი მყავს, მარტო ვზრდი, კიევში ვცხოვრობ. თუ მდგომარეობა გართულდება ჩემს ბიჭს დედაჩემთან და დასთან ერთად დასავლეთ უკრაინაში გავხიზნავ უსაფრთხო ადგილას, მერე ბრძანებებს დავემორჩილები და წავალ იქ, სადაც საჭირო ვიქნები.

იმის მიუხედავად, რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიები აქვს მიტაცებული, ხალხის ნაწილი მაინც ვერ აცნობიერებს, რომ რუსეთი მტერია. თუმცა მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს ნათელია.

საქართველოში, ბათუმში ვყოფილვარ არაერთხელ და თქვენთანაც არიდებს ხალხის ნაწილი თავს ოკუპაციაზე საუბარს, ტურისტული ბიზნესების მფლობელები მაგალითად, რომლებიც სწორედ რუსულს ბაზარს არგებენ საკუთარ პროდუქტებს, რუსულ აგრესიაზე კი სდუმან.

2014-15 წლების შემდეგ ჩვენი შეიარაღებული ძალები გაძლიერდა. ახლა ისინი უკეთ არიან ორგანიზებული და უზრუნველყოფილი, უკეთესი წვრთნები და სწავლება უტარდება ძირითად შემადგენლობას. ეს სრულიად სხვა არმიაა 2014-15 წლებთან შედარებით.

ცხადია, დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს გულისხმობს სწავლებას, გაცვლით წვრთნებს, გამოცდილების გაზიარებას და ა.შ.

ახლა უამრავი ქვეყანა საუბრობს საფუძვლიან შიშებზე, რომ შესაძლოა რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრას, თუმცა რუსეთი უკვე დიდი ხანია დგას ჩვენს მიწაზე და მიტაცებული აქვს ჩვენი ტერიტორიები.

ვერ ვიტყვი, რომ დრო ბევრი გვაქვს, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რა უნდა მოიმოქმედოს ომის დაწყების შემთხვევაში. რთული სიტუაციისთვის მოსახლეობის მზაობა დამოკიდებულია ადგილობრივ ხელისუფლებაზე, მერების, გუბერნატორების დონეზე.

___

ამავე თემაზე: 

 34 წლის ადრიანა – უკრაინის არმიაში 21 ათასი რეზერვისტი ქალი ვართ 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: