ბათუმი,განათლება,მთავარი,სიახლეები

ნახევარი მილიონი ლარი 2 სკოლაში ღია სპორტული მოედნების მოსაწყობად

30.01.2022
ნახევარი მილიონი ლარი 2 სკოლაში ღია სპორტული მოედნების მოსაწყობად

აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და ღია მოედნის მოწყობის სამუშაოებს ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 519 686 ლარია.

ამავე ტენდერის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბათუმის N13 საჯარო სკოლის ღია მოედნისა და ღობის მოწყობაც.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 16 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს დასრულდება. სამუშაოები კი, ორივე სკოლაში, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.

პირობის მიხედვით, „ვადის ცვლილების (გაზრდის) საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები. სამუშაოების დროს სრულად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები“.

ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ეზო, სადაც ღია მოედანი უნდა მოეწყოს /30.01.2022 / ფოტო: ბათუმელები

ბათუმის მე-13 საჯარო სკოლის ღია სპორტული მოედანი / აქ ახალი მოედანი უნდა მოეწყოს / ფოტო ტენდერიდან

ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალი კორპუსიც აშენდა, რომლის მშენებლობაზე ტენდერი აჭარის განათლების სამინისტროს 3 491 578 ლარით ჰქონდა გამოცხადებული, ხელშეკრულება კი შპს „ალიგატორ პროვაიდერ ჯორჯიასთან“ 2 890 062 ლარზე გააფორმა.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ ეტაპზე კომპანიას აჭარის ბიუჯეტიდან გადაუხადეს 2 502 430 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 87%].

ამ ტენდერის ფარგლებში გარემონტდა ასევე სკოლის არსებული შენობის ფასადი და ნაწილობრივ კეთდება ახალი ღობეც.

ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ახალი [მარცხნივ] და ძველი [მარჯვნივ] კორპუსები / 30.01.2022

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: