მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

მივაღწევთ თუ არა ჯოგურ იმუნიტეტს? – რას ამბობენ სპეციალისტები

28.01.2022 • 1783
მივაღწევთ თუ არა ჯოგურ იმუნიტეტს? – რას ამბობენ სპეციალისტები

პანდემიის პირველივე დღეებიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ, რომ თუ მოსახლეობის საკმაოდ მაღალი პროცენტი აიცრებოდა ან დაინფიცირდებოდა ვირუსით, შესაძლებელი იქნებოდა COVID-19-ის წინააღმდეგ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება, თუმცა კორონავირუსის ძირითადი შტამი სწრაფად გარდაიქმნა ახალ ვარიანტებად, რის შედეგადაც ვირუსით ხელახლა ინფიცირდებიან ვაქცინირებული ან ის ადამიანები, რომელთაც კოვიდი უკვე ჰქონდათ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯოგურ იმუნიტეტთან დაკავშირებით იმედი ქრება.

ზოგიერთმა სპეციალისტმა ომიკრონის გამოჩენის შემდეგ ივარაუდა, რომ ეს სწრაფად გავრცელებადი და მსუბუქი ვარიანტი მალევე შეძლებდა სათანადო რაოდენობის ადამიანების ექსპოზიციას, ნაკლებად ზიანით, SARS-COV-2 ვირუსისადმი და უზრუნველყოფდა ამ დაცვას.

თუმცა დაავადებათა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ომიკრონის ასეთ ტრანსმისიულობას (ადვილად გადადების უნარს) ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ეს ვარიანტი წინა შტამებზე ძლიერია უკვე აცრილი ან ინფექციაგადატანილი ადამიანების ხელახალ დაინფიცირებაში.

კორონავირუსი გააგრძელებს ჩვენი იმუნური დაცვის გარღვევის გზების ძიებას – ამბობენ სპეციალისტები.

„თეორიული ზღურბლის მიღწევა, რომლის მიღმაც ვირუსის გადაცემა შეწყდება, ალბათ არარეალურია იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ჩვენ გვქონდა პანდემიაში“, – ამბობს “როიტერსთან” საუბრისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეპიდემიოლოგი, დოქტორი ოლივიე ლე პოლენი.

მისივე განმარტებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკვე გამომუშავებული იმუნიტეტი არ იძლევა რაიმე სარგებელს.

„როიტერსის“ მიერ გამოკითხულმა ჯანდაცვის ბევრმა ექსპერტმა თქვა, რომ არსებობს მზარდი მტკიცებულება, რომ ვაქცინები და წინარე დაინფიცირება ხელს შეუწყობს მოსახლეობის იმუნიტეტის ამაღლებას COVID-19-ის წინააღმდეგ, რაც დაავადებას ნაკლებად მძიმეს გახდის.

„თავდაპირველ, Sars-CoV-2 ვირუსის შტამს ჰქონდა ჯოგური იმუნიტეტის ბარიერი, რომელიც შეფასებული იყო 60-75%-ით. მაგრამ უფრო ახალ და უფრო გადამდებ ვარიანტებს, როგორიცაა: დელტა და ომიკრონი, სავარაუდოდ უფრო მაღალი, 80-90%-მდე ზღურბლი აქვთ – ისიც იმ შემთხვევაში, თუ ყველა აცრილი ან ადრე ინფიცირებული სრულად იქნებოდა დაცული მომავალი ინფიცირებისგან” – წერია “გარდიანის“ სტატიაში, რომლის ავტორები სტენფორდის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი ერინ მორდოკაი და სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტი – მელორი ჰარისი არიან.

ჯანდაცვის ექსპერტები ელოდებიან, რომ კორონავირუსი საბოლოოდ გახდება ენდემური, ანუ მუდმივად იცირკულირებს მოსახლეობაში და გამოიწვევს პერიოდულ აფეთქებებს.

ერინ მორდოკაი და მელორი ჰარისი წერენ, რომ კოვიდ პანდემიის არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიუხედავად ვაქცინების წარმატებისა, „ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ და, სავარაუდოდ, ვერასოდეს მივაღწევთ ჯოგურ იმუნიტეტის ზღვარს. ამავე დროს, ჩვენ არ უნდა შევეგუოთ გაუთავებელ, ეპიდაფეთქებებს“.

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით Covid-19-ის ენდემურობაში გადასვლის პროცესში.

„2021 წლის იანვარში Science-ში გამოქვეყნებულ წინასწარმეტყველურ ნაშრომში, ჯენი ლავინმა და მისმა თანაავტორებმა იწინასწარმეტყველეს, რომ, Covid-19, ისევე როგორც  ადამიანის სხვა კორონავირუსები, რომლებიც ახლა იწვევენ უბრალო გაციებას,  საბოლოოდ გარდაიქმნება მსუბუქ ინფექციად, რომელიც ადამიანთა პოპულაციაში ცირკულირებას გააგრძელებს დაბალ დონეებზე, რამდენადაც ადამიანები ადრეული ასაკიდან დაინფიცირდებიან კოვიდ19-ით და აიცრებიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იქნება ენდემური ვირუსი” – წერენ ისინი.

მეცნიერები განმარტავენ, რომ მას შემდეგ, რაც Covid-19 გახდება ენდემური, ინფექციის დამბლოკავი იმუნიტეტი სწრაფად შესუსტდება ისე, რომ ვირუსი კვლავ ადვილად გავრცელდება, მაგრამ მძიმე ავადობის წინააღმდეგ იმუნიტეტი დიდხანს გასტანს, რაც გამოიწვევს ინფექციებისა და (ძირითადად მსუბუქი) დაავადების გადანაცვლებას  ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ დაინფიცირებულან ან არ აცრილან.

მძიმე დაავადების შემთხვევები, რომლებიც ძირითადად აზიანებენ უფროსი ასაკის ადამიანებს წინარე იმუნიტეტის გარეშე, სპეციალისტების გათვლით – უნდა შემცირდეს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ქცევითი ინტერვენციები ვირუსის გავრცელების შესანელებლად ენდემურობაზე გადასვლის პერიოდშიც აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევების ძლიერი მატება. ენდემურობისკენ გარდამავალ პერიოდში ვაქცინაცია (და პერიოდული ბუსტერიზაცია) კვლავ მნიშვნელოვანია ყველაზე მძიმე შედეგების შესამცირებლად და შესამსუბუქებლად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: