მთავარი,სიახლეები

ცესკოს მდივნის ცოლს, თამარ კაპანაძეს მამამთილმა 140 000 დოლარი აჩუქა

28.01.2022 • 3686
ცესკოს მდივნის ცოლს, თამარ კაპანაძეს მამამთილმა 140 000 დოლარი აჩუქა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] მდივნის, გიორგი ჯავახიშვილის მეუღლეს, მამამთილმა გასულ წელს 140 000 აშშ დოლარი აჩუქა. ამ სოლიდური საჩუქრის შესახებ გიორგი ჯავახიშვილმა 2021 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა.

ცესკოს მდივნის მეუღლე, თამარ კაპანაძე, თავადაც ცესკოს თანამშრომელია, ის საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის
განყოფილებას ხელმძღვანელობს და მისი შემოსავალი 2020 წელს 45 431 ლარი იყო. კერძო კომპანიებიდან, რომელთა პარტნიორადაც ფიქსირდება, მეუღლის დეკლარაციის მიხედვით, თამარ კაპანაძეს შემოსავლები არ მიუღია.

მამამთილი ზურაბ ჯაფარიძე კი კასპის საკრებულოს წევრი და თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეა. წინა მოწვევის კასპის საკრებულოში ის „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით მოხვდა.

მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ზურაბ ჯავახიშვილს 2021 წლის დეკემბერში ჩაუბარებია, 2020 წელს მას ხელფასის სახით 16 320 ლარი მიუღია. ამაზე მაღალი თანხა ზურაბ ჯავახიშვილს, საკრებულოში მუშაობის არცერთ წელს მიღებული არ აქვს [ამის შესახებაც ქონებრივ დეკლარაციებში წერია].

საინტერესოა როგორ მოახერხა ამ შემოსავლებით ზურაბ ჯავახიშვილმა რძლისთვის სოლიდური თანხის ჩუქება?

ამ კითხვაზე თავად გიორგი ჯავახიშვილმა ჩვენთან გასაუბრება არ მოინდომა. „ახლა იზოლაციაშია და ვერ გიპასუხებთ“, – გვითხრეს ცესკოში.

ცესკოს პრესსამსახურის ინფორმაციით კი, დეკლარაციის შევსების დროს ცესკოს მდივანს, რომელიც თავის სამსახურშიც მონაცემების სიზუსტის დაცვით შევსებაზეა პასუხისმგებელი, შეეშალა: „არც თანხაა ამდენი და არც მამა არ უნდა ეწეროს – აჩუქა ცოლის მამამ“.

ცესკოში გვითხრეს ისიც, რომ ამის გასარკვევად საჯარო სამსახურის ბიუროს უნდა დავუკავშირდეთ. ბიუროში განგვიმარტეს, რომ თანამდებობის პირებს გასული წლის ივლისიდან დეკლარაციების დაკორექტირების შესაძლებლობა აქვთ და თუ დეკლარაცია მანამდეა შევსებული, ცვლილება ახალ დეკლარაციაში გამოჩნდება.

ახალ დეკლარაციას გიორგი ჯავახიშვილი 2022 წლის მარტში შეავსებს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2020 წელს ცესკოს მდივნის მეუღლეს, თამარ კაპანაძეს სოლიდური გასავალიც ჰქონდა – 280 000 ლარი მას მშენებლობაზე დაუხარჯავს. ის თბილისთან ახლოს, სოფელ დიღომში ძვირადღირებულ სახლს აშენებს, სახლის ფართობი 250 კვ.მეტრია.

კაპანაძის მშენებარე ობიექტი დიღომში

600 კვ.მეტრი ნაკვეთი დიღომში სახლის ასაშენებლად თამარ კაპანაძემ 2019 წელს იყიდა. მას ამ ნაკვეთში 63 000 დოლარი გადაუხდია.  მშენებარე სახლთან დაკავშირებულ სამშენებლო ხარჯებს 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებულ თანხასაც თუ დავუმატებთ [198 000 ლარი] – მივიღებთ თითქმის ნახევარ-მილიონ [478 000] ლარს, რაც თამარ კაპანაძეს 2019-2020 წლებში სამშენებლო ხარჯებისთვის  გაუღია.

თამარ კაპანაძეს გასულ წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხარჯი ჰქონდა, მან ორი შვილის სწავლის საფასურში 11 400 ლარი გადაიხადა. თამარ კაპანაძე იხდის ასევე სესხების მომსახურების თანხასაც, მას საქართველოს ბანკში როგორც იპოთეკური, ასევე სამომხმარებლო სესხი აუღია.

დეკლარაციაში წერია კიდევ ერთი სოლიდური შენაძენის შესახებ, 2019 წელს ცესკოს მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა ორ თანამესაკუთრესთან ერთად, ოთხი საკადასტრო ერთეული, ჯამში 17.4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეისყიდა, გორში, ნადარბაზევის ტბასთან.

კერძოდ, ცესკოს ნეიტრალური მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, კიდევ ერთი ნეიტრალური წევრი დიმიტრი ჯავახაძე და „ქართული ოცნების“ ინტერესების დამცველი ლევან მაისურაძე შეთანხმდნენ და ერთად შეიძინეს 174 000 [17.4 ჰექტარი] კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გორში, ნადარბაზევის ტბასთან.

მხოლოდ გიორგი ჯავახიშვილმა ამ ქონებაში 81 200 ლარი გადაიხადა [თანამესაკუთრეებიდან ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება მხოლოდ გიორგი ჯავახიშვილს აქვს – ავტ.]

დიმიტრი ჯავახაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია 2014 წლის დეკემბრიდან, ხოლო ლევან მაისურაძე ცესკოში „ოცნებას“ წარმოადგენდა 2012 წლიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით.

გიორგი ჯავახიშვილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანია 2015 წლის თებერვლიდან.

თამარ კაპანაძე წილებს ფლობს ორ კომპანიაში, შპს „ქართლის ფერმასა“ და შპს „ფინჯანში“, გიორგი ჯავახიშვილის დეკლარაციების მიხედვით, მას ამ კომპანიებიდან შემოსავალი არ აქვს. თავად გიორგი ჯავახიშვილი კი შპს „ჯი აი ემ ჯი“-ს 25 პროცენტის მფლობელია.

___

მთავარი ფოტო: გიორგი ჯავახიშვილი

 

ცესკოს მდივანმა და „ოცნების“ წარმომადგენელმა 17 ჰექტარი მიწა ერთად იყიდეს 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: