მთავარი,სიახლეები

ბაზარზე 40-დან 23 დასახელების სათამაშო ხარისხს ვერ აკმაყოფილებს

28.01.2022 • 1098
ბაზარზე 40-დან 23 დასახელების სათამაშო ხარისხს ვერ აკმაყოფილებს

ზედამხედველობის სააგენტომ 2021 წლის დეკემბერში ბაზარზე არსებული სათამაშოებისა და სამშენებლო მასალების ხარისხი შეისწავლა.

მონიტორინგის მასალების მიხედვით, შემოწმდა 15 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე შემოტანილი 40 დასახელების სათამაშო, აქედან 23 დასახელების სათამაშოში აღმოჩნდა შეუსაბამობები.

„აღნიშნულ სათამაშოებზე გამოიცა რეალიზაციის შეჩერების დადგენილება. გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ გადამოწმებისას დადგინდა, რომ ეკონომიკური ოპერატორები აღარ ახორციელებდნენ შეუსაბამო პროდუქტების რეალიზაციას“, – წერს ზედამხედველობის სააგენტო.

შემოწმდა 20 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული 4 ტიპის სამშენებლო პროდუქტი – თაბაშირ-მუყაო, ცემენტი, ელექტროკაბელები, არმატურა, „რომელთაგან ყველამ დააკმაყოფილა ტექნიკური მოთხოვნები“.

ასევე შემოწმდა ოთხი ოპერატორს მიერ მოწოდებული მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე ცეცხლმაქრები. შემოწმების მასალების მიხედვით, „აღნიშნულ პროდუქტზე ვერცერთმა ეკონომიკურმა ოპერატორმა ვერ შეძლო შესაბამისობის დეკლარაციის წარმოდგენა“.

შესაბამისად, 3 შემთხვევაში შეაჩერა სააგენტომ რეალიზაცია, ხოლო ერთ შემთხვევაში ეკონომიკურმა ოპერატორმა თავად ამოიღო პროდუქტი რეალიზაციიდან.

საბაჟოზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგები

2021 წლის მეოთხე კვარტალში შემოწმდა სათამაშოების 2 561 იმპორტის წინასწარი შეტყობინება, საიდანაც 54%-მა ვერ დააკმაყოფილა ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები.

შემოწმდა აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების 319 იმპორტის წინასწარი შეტყობინება, საიდანაც 75,5%-მა ვერ დააკმაყოფილა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები, ხოლო პირველი დეკემბრიდან კვარტალის ბოლომდე შემოწმდა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების 100 იმპორტის წინასწარი შეტყობინება, საიდანაც 83%-მა ვერ დააკმაყოფილა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.

ამავე პერიოდში განხილულ იქნა 1779 სამშენებლო პროდუქტების იმპორტის წინასწარი შეტყობინება (ცემენტი – 315, არმატურა – 218, პლასტმასის მილი – 799, ელექტროკაბელი – 332, თაბაშირ-მუყაო – 115), საიდანაც დადებითი პასუხი გაეცა 1541 განცხადებას, ხოლო უარყოფითი – 238-ს.

ამავე პერიოდში ზედამხედველობის სააგენტომ განიხილა 317 განცხადება მანქანა-დანადგარების იმპორტის შესახებ, საიდანაც დადებითი პასუხი გაეცა 100 განცხადებას, ხოლო უარყოფითი 217-ს.

Momxmarebeli.ge-ს შეფასებით, აღნიშნული ინფორმაციიდან ჩანს, რომ რაიმე საგრძნობი წინსვლა ხარისხის მონიტორინგთან დაკავშირებით არ შეინიშნება, რადგან სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მასშტაბები მცირეა.

„ისევ არ არის მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც სათამაშოებში ქიმიური ნივთიერებების ფართო სპექტრის რეგლამენტაციას მოახდენს, რის გარეშეც სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლი სრულფასოვანი ვერ იქნება.

კონტროლის მასშტაბებთან დაკავშირებით დავამატებთ, რომ სააგენტო ახორციელებს საბაჟოზე იმპორტით შემოსული პროდუქტების დოკუმენტურ ზედამხედველობას, ქვეყნის სავაჭრო ქსელში კი მცირე რაოდენობის პროდუქცია მოწმდება.

მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდა პროდუქტის (არმატურის) ფიზიკურ-მექანიკური და ქიმიური მახასიათებლების შემოწმება. მონიტორინგის პერიოდში საერთოდ არ შემოწმებულა მანქანა-დანადგარები“, – ამბობს Momxmarebeli.ge

ამავე წყაროს ინფორმაციით, საბაჟოზე განხორციელებული კონტროლის შედეგად, იმპორტის პირველადი წინასწარი შეტყობინებებიდან უმრავლესობა არ დაკმაყოფილდა სათამაშოებზე, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებზე და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე.

„დანარჩენი სახის საქონელზე კი წინასწარი შეტყობინებები უმეტესად თავიდანვე დაკმაყოფილდა“.

Momxmarebeli.ge-ს შეფასებით, საქართველოში იმ პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლიც კი საკმარისად ვერ ჩაითვლება, რომელზეც სახელმწიფო ზედამხედველობაა დაწესებული, „რომ აღარაფერი ვთქვათ სამომხმარებლო ნაწარმის აბსოლუტურ უმრავლესობაზე, რაზეც უსაფრთხოების მოთხოვნები საერთოდ არ არის დადგენილი და არ მოქმედებს სახელმწიფო კონტროლი“.

საქართველოში უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნები 2021 წლის პირველ ივლისს ამოქმედდა სავაჭრო ქსელში განთავსებულ ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა სათამაშოები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და მანქანა-დანადგარები.

___________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: