მთავარი,სიახლეები

„თუ ფსიქიკური პრობლემები გაქვთ, უნდა მოგათავსონ საავადმყოფოში? – ინტერვიუ 

30.01.2022 • 1378
„თუ ფსიქიკური პრობლემები გაქვთ, უნდა მოგათავსონ საავადმყოფოში? – ინტერვიუ 

„თუ ადამიანს ფსიქიკური პრობლემები აქვს, უნდა მოათავსონ საავადმყოფოში“, – დღემდე ასე არც თუ ისე ცოტა ადამიანი ამბობს სხვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრისას. რამდენად გვაქვს უფლება, სხვა მოვათავსოთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების წინაშე? – გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის წევრ თამარ კორძაიასთან, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი კანონის შემუშავებაზე პირადად მუშაობდა.

  • მეშვიდე წელია, რაც რეფორმა დაიწყო. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების ყოფით ცხოვრებაზე ეს რეფორმა როგორ აისახა?

2015 წელს განხორციელებული რეფორმა ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე ადამიანების დახმარების მიზნით იყო მასშტაბური. მაშინ მიზანი იყო ის, რომ ეს ადამიანები ქმედუნარიანებად გვეღიარებინა. კანონმა ისინი ცნო სრულუფლებიან მოქალაქეებად – ხმის უფლება მისცა, ქორწინების უფლება და ასე შემდეგ.

მიზანი იყო ის, რომ ადამიანი, რომელიც ჩაკეტილი იყო და არ ჰქონდა გადაწყვეტილების მიღების უფლება, საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო. მაგრამ ამის იქით არაფერი არ განვითარდა – პირველი და მთავარი, ყოფით ცხოვრებაში ეს არ აისახა.

თუმცა ამ პროცესში რამდენიმე კომპონენტი იყო გათვალისწინებული – დიდი ინსტიტუციები, ეგრეთ წოდებულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს რომ ვეძახდით, არ უნდა არსებულიყო, რადგან ის ზრდიდა სტიგმას. ნებისმიერ საავადმყოფოს შეიძლება ჰქონდეს ფსიქიატრიული განყოფილება, სადაც ნებისმიერ ადამიანს, გამწვავების შემთხვევაში, სამკურნალო პირობები ექნება.

ამ პაციენტების ქმედუნარიანობა და სრულუფლებიანობა ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე სამყაროში ფსიქიატრია მართავს ასეთ ავადმყოფობას, ისევე, როგორც შეგვიძლია ვმართოთ ნებისმიერი ფიზიკური დაავადება, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში ამ მიმართულებით არაფერი ხდება.

რა თქმა უნდა, მართვა შესაძლებელია საცხოვრებელ პირობებშიც, ამიტომ კანონმა  გაითვალისწინა მხარდამჭერის ინსტიტუტი.

მხარდამჭერი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია აკონტროლოს, რამდენად სწორად იღებს ადამიანი მისთვის საჭირო წამალს. თუ მხარდამჭერი ან ოჯახის წევრი ამას ვერ ახერხებს, არსებობს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომელმაც ეს უნდა გააკეთოს.

თუ ადამიანს სჭირდება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია გამოყოს ასეთი მხარდამჭერი. გათვალისწინებულია, რომ მხარდამჭერი უნდა იყოს რაიონში, პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მხარდამჭერი შეიძლება ოჯახის წევრიც იყოს, მაგრამ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია პერიოდულად შეამოწმოს ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანის მხარდაჭერა რამდენად სწორად ხდება. აქ შემთხვევით არ არის ნახსენები ფსიქო-სოციალური საჭიროება, რადგან ფსიქიკური პრობლემების მართვა უნდა მოხდეს და ამის ფარგლებში სოციალური ინტეგრაციაც.

თუ პირს ჰყავს მხარდამჭერი მეგობრის, ნათესავის, ოჯახის წევრის სახით, სახელმწიფოს ფუნქციაა გააკონტროლოს, რამდენად სრულყოფილად ახერხებენ მის მხარდაჭერას. თუ არ ჰყავს მხარდამჭერი, მაშინ სახელმწიფომ თვითონ უნდა გამოყოს კონკრეტული ადამიანი, რომელიც განახორციელებს მხარდაჭერას. მეტიც, მხარდაჭერის ინსტიტუტი როგორ მოქმედებს, ამის კონტროლის მექანიზმიც არის მოცემული სამოქალაქო კოდექსში.

უკვე გავიდა 7 წელი, მაგრამ, სამწუხაროდ, მხარდაჭერის ინსტიტუტის გაძლიერება, კარგად დანერგვა ვერ მოხერხდა და ეს აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

  • რა უფლება-მოვალეობები აქვს მხარდამჭერ პირს, მას შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს მოათავსოს პირი, მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებაში?

მხარდამჭერ პირს ნიშნავს სასამართლო. რეფორმა გულისხმობს, რომ ადამიანის ფსიქო-სოციალური საჭიროებები უნდა დაადგინოს სასამართლომ.

შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განვითარებული რაღაც უნარები, მაგალითად, მათემატიკაში იყოს ძლიერი, მაგრამ არ ჰქონდეს სოციალური ურთიერთობის გამოცდილება, რომ მაღაზიაში წავიდეს და იყიდოს ის, რაც სჭირდება. სასამართლომ შეიძლება დაადგინოს, რომ მაგალითად, ადამიანს სწავლაში არ სჭირდება მხარდაჭერა, მაგრამ სწორედ, აი, ამ კონტექსტში სჭირდება.

სასამართლო განსაზღვრავს მხარდაჭერის ფარგლებს კონკრეტული ადამიანის მიმართ ინდივიდუალურად. ამ პროცესში მონაწილეობს მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო და თვითონ ეს ადამიანი აუცილებლად, ვისაც მხარდაჭერას უნიშნავენ.

ტარდება მულტიფუნქციური ექსპერტიზა, რომელშიც მონაწილეობენ: ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და სოციალური მუშაკი. ყველა კომპლექსურად ადგენს საჭიროებებს. შემდეგ სასამართლო განსაზღვრავს, რომელ სფეროებში ესაჭიროება ადამიანს მხარდაჭერა და ამ სფეროების კონტროლი ევალება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

ეს არის ძალიან  კომპლექსური საკითხი, სადაც სახელმწიფოს როლი და ფუნქცია ძალიან დიდია.

ბუნებრივია, სოციალურ მუშაკებს ჯერ ცოდნა უნდა შეეძინათ და ავტომატურად არ უნდა დაკისრებოდათ კიდევ ერთი დამატებითი, ძალიან რთული ფუნქცია, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურაში არ ასწავლეს, რა ვითარებაში, როგორ უნდა მართონ მათ პროცესი, როგორ უნდა მოიქცნენ პაციენტთან და ასე შემდეგ.

სოციალური მუშაკების რაოდენობაც კი არ გაზრდილა. ამიტომაც ეს ცვლილებები ისე არ მოქმედებს, როგორც იყო დასახული მიზნად – ერთგვარი ფორმალური ხასიათი შეიძინა. სასამართლო განსაზღვრავს მხარდამჭერს, მაგრამ შემდეგ, ყოველდღიურობაში, სამწუხაროდ, არ ხდება ისე, როგორც უნდა იყოს.

  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე არაერთი ადამიანის ოჯახის წევრი გვწერს, რომ სახელმწიფო სერვისებს ვერ იღებენ და რომ პაციენტებს ვერ ათავსებენ კლინიკაში. რამდენად სწორია ეს მიდგომა?   

დღეს ჩვენი საზოგადოებაც მიიჩნევს, რომ ადამიანს თუ ფსიქიკური პრობლემები აქვს, ის აუცილებლად საავადმყოფოში უნდა მოვათავსოთ. სინამდვილეში ასე არ ხდება.

თანამედროვე სამყარო სრულიად სხვაგვარად ხედავს, რადგან ყველა ადამიანი თანასწორია და რა მნიშვნელობა აქვს, რითაა დაავადებული ადამიანი. თუ თავისი ნების საწინააღმდეგოდ არ უნდა ვუმკურნალოთ არაფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანს, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანსაც ზუსტად ისე უნდა მოვეპყროთ, როგორც სხვას. ეს არის ამოსავალი პრინციპი, რადგან ადამიანის უფლებების სტანდარტი ამას გვეუბნება.

მეორეა, ჩვენ რამდენად გვესმის ეს სტანდარტი და რამდენად უნარიანი ვართ ის ჯერ გავიაზროთ და მერე განვახორციელოთ. აღმოჩნდა, რომ არ ვართ უნარიანი.

აღმასრულებელი ხელისუფლების პრობლემა გვაქვს, ჯანდაცვის სამინისტროს ვგულისხმობ, რადგან რაც წერია კანონში, ისიც კი არ სრულდება. არსებული კანონი რომ სრულდებოდეს, მაშინ უკვე იმაზე ვიმსჯელებდით, აღსრულების პროცესში რა პრობლემებია და მერე დავუბრუნდებოდით საკანონმდებლო ცვლილებას.

ამ ეტაპზე მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ცვლილების, რადგანაც სტანდარტი გვაქვს ძალიან მაღალი და ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შეიძლება შემოვიდეს, სტანდარტის დაწევას გამოიწვევს. ამიტომ საჭიროა, რომ გაძლიერდეს მხარდამჭერის ინსტიტუტი და არა – საკანონმდებლო ცვლილებები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: