მთავარი,სიახლეები

რეფინანსირების განაკვეთზე ეროვნული ბანკი 2 თებერვალს იმსჯელებს

30.01.2022
რეფინანსირების განაკვეთზე ეროვნული ბანკი 2 თებერვალს იმსჯელებს

შეიცვლება თუ არა მონეტარული პოლიტიკის, იგივე რეფინანსირების განაკვეთი, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგ სხდომაზე გადაწყდება, რომელიც 2022 წლის 2 თებერვალს ჩატარდება. ეს, მიმდინარე წელს, კომიტეტის პირველი სხდომა იქნება.

რეფინანსირების განაკვეთი 2021 წლის დეკემბრიდან 10.5 პროცენტია.

ამ მაჩვენებლის გაზრდით, მოქალაქეებს, რომლებსაც ეროვნულ ვალუტაში აღებული და რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი აქვთ, ეს სესხი უძვირდებათ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე დატოვა გასული წლის პირველ სხდომაზე, 2021 წლის 3 თებერვალს. შემდეგ კი,  ამ განაკვეთის ზრდა დაიწყო:

  • მარტში – 8.5 გახდა
  • აპრილში – 9.5
  • აგვისტოში – 10
  • დეკემბერში – 10.5

„პანდემიით გამოწვეულმა არაორდინარულმა ვითარებამ მსოფლიო ეკონომიკაში მრავალი პრობლემა წარმოშვა, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაღალინფლაციური გარემოა. შესაბამისად, საქართველოსთვისაც გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება…

ყურადსაღებია მიმდინარე ინფლაციაზე კომუნალური გადასახადების სუბსიდიის სტატისტიკური გავლენაც, რომელიც, მიმდინარე წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელში დროებით, დამატებით წვლილს შეიტანს…

მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში ინფლაცია, კომუნალური გადასახადების ზემოხსენებული საბაზო ეფექტის გამო, დროებით გაიზრდება, თუმცა გაზაფხულიდან ის შემცირებას დაიწყებს. ინფლაციის ეტაპობრივ შემცირებას, ერთჯერადი ფაქტორების მილევასთან ერთად, დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შეუწყობს ხელს.

მომავალში პოლიტიკის განაკვეთის შემცირების წინაპირობა მნიშვნელოვნად შემცირებული ინფლაცია და ინფლაციური მოლოდინები იქნება“, – აცხადებდა ეროვნული ბანკი შარშან დეკემბერში, როცა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პუნქტით გაზარდა.

იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე მაღალია, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია მიზნობრივ მონაცემს ემთხვევა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი ან უცვლელი რჩება, ან მცირდება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, იგივე რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პუნქტით, 2021 წლის 8 დეკემბერს გაზარდა, რამაც რეფინანსირების განაკვეთზე დამოკიდებული, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები ასი ათასზე მეტ მოქალაქეს გაუძვირა:

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, სესხი 100 000-ზე მეტ მოქალაქეს გაუძვირდება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: