მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ ასრულებს დეპუტატი პირობას, რომელსაც 3112 კვ.მეტრი მიწა გადასცეს ზღვასთან

29.01.2022 • 3028
რატომ ვერ ასრულებს დეპუტატი პირობას, რომელსაც 3112 კვ.მეტრი მიწა გადასცეს ზღვასთან

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფატი ხალვაში ამბობს, რომ სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში ამჯერად პანდემიამ შეუშალა ხელი. 2016 წელს გაფორმებული შეთანხმებით, კომპანიას, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ის არის, ქობულეთში შშმ პირებისა და მიუსაფარი ბავშვებისთვის დღის ცენტრი უნდა გაეხსნა.

საქართველოს პარლამენტის ორი ყოფილი დეპუტატის – ფატი ხალვაშისა და კობა ნაკაიძის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას აჭარის მთავრობამ ქობულეთის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, თბილისის ქუჩის #31-ში, 3112 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და 422.5 კვადრატული მეტრი ორსართულიანი შენობა 2016 წელს, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით, 25 წლის ვადით, გადასცა.

მონიშნულია შპს „თანალმობისთვის“ გადაცემული ქონება: 3112 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 422.5 -შენობა

დეპუტატები შშმ პირებისა და მიუსაფარი ბავშვებისთვის გამაჯანსაღებელი ცენტრის გახსნას გეგმავდნენ, თუმცა ამ დრომდე სამუშაოების დასრულება ვერ შეძლეს.

ორი მოწვევის პარლამენტის ყოფილი წევრი, ფატი ხალვაში, ახლა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია, ხოლო კობა ნაკაიძე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმდა.

აჭარის მთავრობასთან დადებული შეთანხმების მიხედვით, ყოფილი დეპუტატების მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ – „თანალმობა“ აიღო ვალდებულება, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან, ანუ 2016 წლიდან 12 თვის ვადაში დაასრულებდა გადაცემული შენობის მოწესრიგებას, სადაც სარეაბილიტაციო ცენტრს მოაწყობდა.

გარდა ამისა, ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, რომ ამ ყველაფერში 200 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებდა, სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის შემდეგ კი დაასაქმებდა საქართველოს ოც მოქალაქეს.

ხელშეკრულების დადებიდან მეექვსე წელს დღის ცენტრი გახსნილი ისევ არ არის, დეპუტატი ფატი ხალვაში ამბობს, რომ ხელი პანდემიამ შეუშალა, თუმცა გარკვეული სამუშაოები უკვე დასრულებულია და დღეს ცენტრისთვის საბოლოო სახის მისაცემად კიდევ ერთი წელი დასჭირდებათ. ის ამბობს ასევე, რომ პროექტი კომერციული არ არის და ამ საქმეში თავიანთი წვლილი დაინტერესებულმა მოქალაქეებმა და ბიზნესმენებმაც უნდა შეიტანონ.

„თანალმობა“ დეპუტატმა ფატი ხალვაშმა 2015 წლის მარტში დააფუძნა, თანადამფუძნებლები არიან მისი კოლეგა კობა ნაკაიძე, ასევე დეპუტატის ძმა, ბიზნესმენი ნიაზ ხალვაში, შვილი – ზვიად ყურშუბაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: