მთავარი,სიახლეები

ახალი „კვანტური კომპიუტერები“ – საფრთხე და სიკეთე ადამიანებისთვის

28.01.2022
ახალი „კვანტური კომპიუტერები“ – საფრთხე და სიკეთე ადამიანებისთვის

ახალი თაობის კვანტური კომპიუტერები მეოცე საუკუნის ბოლოს შექმნილი კომპიუტერებისგან განსხვავებული პრინციპით მუშაობენ. თეორიულად, დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება გაცილებით სწრაფები გახდნენ ჩვეულებრივ კომპიუტერთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ კვანტურ კომპიუტერს შეეძლება რამდენიმე წამში წარმოუდგენლად რთული და დიდი ამოცანების შესრულება, რისთვისაც ჩვეულებრივ კომპიუტერს რამდენიმე წელი დასჭირდებოდა. შეეძლება, მაგალითად, მონაცემების გაშიფვრა მილიარდ სხვადასხვა ვარიანტად.

BBC-ი წერს, რომ ასეთი კომპიუტერების საშუალებით კაცობრიობის არაერთი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი. კვანტურ ტექნოლოგიაში რევოლუციის მოსახდენად კი ბრიტანეთის ხელისუფლება დიდ რესურსს ხარჯავს ოკსფორდშირის საგრაფოში, ჰარველის კვანტური გამოთვლების ეროვნული ცენტრისთვის.

სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, ბრიტანეთი, აშშ და ჩინეთი, უზარმაზარ ინვესტიციებს ახორციელებს ზესწრაფი კვანტური კომპიუტერების შესაქმნელად და კიბერსფეროში უპირატესობის მოსაპოვებლად.

გამოცემის შეფასებით, კვანტურ ტექნოლოგიებს ბნელი მხარეც აქვს:

მთელ მსოფლიოში არსებობს მონაცემთა პირატული ცენტრები, რომლებიც უნებართვოდ მოიპოვებენ პირად მონაცემებს დაშიფრული კოდების სახით.

როცა კვანტური კომპიუტერები ამგვარი ცენტრებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება, მათ ამ დაშიფრული, კოდური ინფორმაციის გაშიფვრის შესაძლებლობა მარტივად მიეცემათ.

კომპანია PostQuantum-ის წარმომადგენელი, ჰარი ოუენი გამოცემა BBC-თან საუბრისას განმარტავს, რომ მომხმარებელთა ნებისმიერი აქტივობა: ონლაინვაჭრობისა და სოცქსელების მოხმარების ჩათვლით, ინტერნეტში დაშიფრულ ინფორმაციად ინახება.

ოუენის თქმით, კვანტური კომპიუტერები იძლევა შესაძლებლობას მისმა მფლობელმა გაშიფროს კოდირებული ინფორმაცია, დააცარიელოს სხვების საბანკო ანგარიშები, მათ შორის ბიტკოინის „საფულეებიც“ და სრულად გათიშოს სახელმწიფო დაცვის სისტემები.

კიბერსფეროს სპეციალისტების აზრით, კვანტური კომპიუტერები ინფორმაციის კოდირების მნიშვნელობას გააუფასურებს და ადამიანების ცხოვრებას საფრთხეს შეუქმნის.

კვანტურ კომპიუტერებზე მუშაობის პარალელურად, მეცნიერები რამდენიმე წელია მუშაობენ „კვანტური აპოკალიფსის“ თავიდან ასარიდებელი მეთოდების შესამუშავებლად. სუპერკომპიუტერებისგან თავდასაცავად მუშავდება ინფორმაციის დაშიფვრის ახალი ალგორითმები და მეცნიერები იმედოვნებენ, რომ თავიდან ავიცილებთ კვანტურ თავდასხმებს.

BBC-ი წერს, რომ კვანტური ტექნოლოგიით დამზადებული კომპიუტერებისგან თავდაცვით სისტემებზე მუშაობენ არამხოლოდ Google-ი, Microsoft-ი, Intel-ი და IBM-ი, არამედ ისეთი პატარა კომპანიებიც, როგორიცაა Quantinuum-ი და Post-Quantum-ი.

__________

მთავარ ფოტოზე: IBM-ის კვანტური კომპიუტერის შიგთავსი/cnet.com


წყარო: BBC

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: