მთავარი,სიახლეები

დაგვაში მიტოვებული კულტურის სახლი გაქურდეს – „დარაჯი არ ჰყავს“

28.01.2022
დაგვაში მიტოვებული კულტურის სახლი გაქურდეს – „დარაჯი არ ჰყავს“

ქობულეთში, სოფელ დაგვაში, კულტურის სახლი გაქურდეს. სახლს ბერძნული აკროპოლისის ფასადი ჰქონდა და წლებია მიტოვებული იყო. სახელმწიფომ მისი რეაბილიტაციისთვის ფინანსური რესურსი ვერ გამოძებნა. ისტორიულ სახლს არც ძეგლის სტატუსი მიანიჭეს.

კულტურის სახლის მშენებლობა სოფელ დაგვაში 1953 წელს დაიწყეს. ეს ის სოფელია, სადაც ქართველები და ბერძნები ერთად ცხოვრობდნენ.

დაგვის კულტურის სახლის მშენებლობა 1953 წელს რუსმა ინჟინერმა დაიწყო, თუმცა ის მალევე ჩამოაშორეს პროექტს. მშენებლობის გაგრძელება ბერძენმა ინჟინერმა გადაიბარა, რომელმაც ნაწილობრივ შეცვალა პროექტი. ასე გაჩნდა შენობის ფასადზე ბერძნული აკროპოლისის ელემენტები. კულტურის სახლის მშენებლობა 1964 წელს დასრულდა.

650 ადამიანზე გათვლილი სააქტო დარბაზით ის გახდა ყველაზე დიდი კულტურის სახლი, რომელიც აჭარაში ოდესმე აშენებულა. იმ პერიოდში დაგვის კოლმეურნეობა ერთ-ერთ მდიდარ კოლმეურნეობად მიიჩნეოდა. სოფელში ბერძნები და ქართველები ერთად ცხოვრობდნენ.

ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, დაგვის კულტურის მიტოვებული სახლიდან სპილენძის ერთი ჭაღი მოიპარეს, თუმცა უნდა დაზუსტდეს, რა არის დაკარგული კიდევ მიტოვებული შენობიდან. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შსს-ში ჯერ ვერ გვითხრეს, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.

„დარაჯი არ ჰყავს“ – გვიპასუხეს ქობულეთის მერიის პრესსამსახურში კულტურის სახლის შენობაზე. აქ ასევე განმარტეს, რომ ქობულეთის მერიას ისტორიული სახლის რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვა მომზადებული აქვს.

„სოფელ დაგვაში არსებულ კულტურის სახლის შენობასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის მერიისთვის ობიექტის გადარჩენა და ძველი იერსახის აღდგენა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თუმცა აღვნიშნავთ, რომ შენობის რეაბილიტაცია საჭიროებს დიდ თანხებს, რისი საშუალებაც მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერიას ამ ეტაპზე არ გააჩნია [წინასწარი დათვლით, შენობის მოწესრიგებისთვის, სავარაუდოდ, დაახლოებით 3-დან 5 მილიონ ლარამდე უნდა დაიახარჯოს]. მერის და უწყების შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელების მხრიდან იყო სამუშაო შეხვედრები, დაგვის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის რიგი ნაბიჯების გადადგმის მიზნით. მათ შორის განიხილება დონორი ორგანიზაციების ჩართვა და დამატებითი თანხების მოძიება. სამწუხაროდ, 2020 წლიდან, ქვეყანაში არსებულმა პანდემიურმა გარემომ, აღნიშნული საკითხის განხილვა დროებით შეაჩერა. დასრულდება თუ არა არსებული მდგომარეობა, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას ამ საკითხზე,“ – მოგვწერეს ქობულეთის მერიიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: