მთავარი,სიახლეები

როცა 70 წლის ხარ და მარტო ცხოვრობ მაღალმთიანი აჭარის სოფელში 

29.01.2022 • 5746
როცა 70 წლის ხარ და მარტო ცხოვრობ მაღალმთიანი აჭარის სოფელში 

70 წლის თამარ გობაძე საკუთარ თავს ბუნებით რომანტიკოსს უწოდებს. თამარი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში ზამთრობით მარტო რჩება.

თამარი სოფლის განაპირას ცხოვრობს და მის უბანში 7 სახლი იკეტება ზამთარში. მეზობლები, რომლებიც ზამთრობითაც რჩებიან დიდაჭარაში, თამარის სახლისგან მოშორებით ცხოვრობენ. 

წელს ხულოში დიდი ზამთარია, მაგრამ ამბობს, რომ თავისი გადაწყვეტილება – სოფელში დარჩენა, წამითაც არ უნანია. პროფესიით ბიოლოგია და 25 წელი ასწავლიდა სოფლის საჯარო სკოლაში ბიოლოგიას. 

თამარის თქმით, მარტოობის თავიდან ეშინოდა, თუმცა ახლა შეეჩვია. 

„მარტო ცხოვრება ახალგაზრდა ქალისთვის უფრო რთულია, ვიდრე ასაკოვანისთვის. ახალგაზრდას მეგობრები უნდა ჰყავდეს, მათ წრეში უნდა იყოს. მოხუცისთვის უფრო წარსულია წინა პლანზე დაყენებული, მომავალს თითქოს ფარდა აქვს ჩამოფარებული. ჩვენ წარსულით ვცხოვრობთ. 

მე მარტო არ ვარ, ჩემს მოგონებებთან ვარ. აქ ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს, რასაც ვხედავ და ვეხები. ნივთები იმ ადამიანებს მახსენებს, ვისთან ერთადაც ამ სახლში ვცხოვრობდი. მეუღლეს მახსენებს აქ ყველაფერი.  

ჩემი შვილები სულ მეუბნებიან, რომ წავიდე მათთან, ქალაქში, მაგრამ რომ ავუხსენი, რატომ არ მინდა წასვლა, ყველა გაჩერდა. ასე მგონია, სხვაგან რომ წავიდე, ვერ ვისუნთქებ. მე რომ სხვაგან წავიდე, ალბათ, მარტო მაშინ ვიქნები, მიუხედავად იმისა, რომ შვილებთან ერთად ვიცხოვრებ. მე თუ წავალ, ეს სახლი დაიკეტება, ზაფხულში თუ ამოვლენ მხოლოდ. ჩემი წასვლა ღალატი მგონია. 

სახლი, რომელშიც ახლა ვცხოვრობ, ჩემი და ჩემი ქმრის აშენებულია. ეს სახლი ჩემს ახალგაზრდობას ინახავს. შვილივით მიყვარს აქაურობა, წლობით ვუვლიდი, დიდი ამაგი მაქვს გაწეული. 

სანამ ჩემი თავის მოვლა შემიძლია, სოფელში ვიქნები. მოხუცი თუ მოსავლელი ხარ, მაშინაა რთული მარტო ყოფნა, მაგრამ თუ შენი თავის მოვლა შეგიძლია, არ არის მარტოობა გაუსაძლისი. თანაც, სოფელი არავის არ ტოვებს მარტო. სოფელში უფრო თბილი ხალხია, მყარი ნათესავური და მეზობლური კავშირებით. აქ მცხოვრებლებისთვის უპირველესი გაჭირვებულის დახმარებაა. უხალხოდ ჩემი მტერიც არ მინდა რომ დარჩეს“, – ამბობს თამარი.  

თამარს არასდროს სდომებია სხვაგან ეცხოვრა. ამბობს, რომ არ უყვარს უცხო საზოგადოებაში მოხვედრა, არც გადაჭარბებული ხალხმრავლობა.

თამარის შეფასებით დიდი ხანია ხულოში ისეთი დიდთოვლიანი ზამთარი არ ყოფილა, როგორიც წელსაა, მაგრამ ზამთრის სარჩოს, შეშას ყოველთვის შემოდგომაზე იმარაგებს. ამბობს, რომ სახლში პროდუქტის საჭირო მარაგი აქვს, თუ რაიმე დამატებით დასჭირდება, შვილები უგზავნიან და მეზობლებიც მაშინვე მასთან ჩნდებიან. 

სახლის გადმოთოვლა რომ  დასჭირდა, დიდაჭარაში მცხოვრები მისი ახლობელი მივიდა და გადმოუთოვლა. ძროხები აღარ ჰყავს, სიცილით ამბობს, რომ ცოცხლებზე ზრუნვა აღარ შეუძლია, თუმცა იყო დრო, როცა 100 ლიტრ რძეს წველიდა. 

„დიდაჭარაში ღრმად მაქვს ფესვები გადგმული. ხომ იცით – „ჩიტი სადაც დაიბადა, მისი ბუდეც იქ არისო”. ბავშვობა ამ სოფელში გავატარე, სკოლა აქ დავამთავრე და ამ სოფელშივე გავთხოვდი. 

სტუდენტობის წლებში წავედი მხოლოდ აქედან და შემდეგ, 10 წელი მომიწია ბათუმში ცხოვრება. ჩემი ქმარი მუშაობდა ბათუმში და ამიტომ, მაგრამ საერთოდ არ მინდოდა იქ ცხოვრება. ბოლოს მეუღლემ და მე დავტოვეთ ქალაქი და ორივე სოფელში დავბრუნდით. მე და ჩემმა ქმარმა სოფელში მხოლოდ 9 თვე ვიცხოვრეთ მარტო, იქამდე დედამთილთან და მამამთილთან ერთად ვცხოვრობდით. მათი გარდაცვალებიდან მალევე გარდაიცვალა რევაზიც [ქმარი], მას შემდეგ 9 წელი გავიდა.  

ფოტოების ალბომებს არ ვათვალიერებ, არ მიყვარს ფოტოები, როცა ფოტოებს ვუყურებ ძალიან მარტო ვგრძნობ თავს. რევაზის ფოტოს ვერ ვუყურებდი, გავიტანდი გარეთ და ვდარდობდი, მერე შემოვიტანდი. ახლა ვცდილობ იქ არ გავიხედო, სადაც მისი ფოტო დევს”, – ამბობს თამარი. 

თამარს 4 შვილი ჰყავს. შვილებზე და შვილიშვილებზე ყოველდღე ფიქრობს და ურეკავს. თავს ბედნიერ დედად და ბებიად თვლის. თამარის თქმით, სოციალური ქსელები არ უყვარს, მიუხედავად იმის, რომ იცის კომუნიკაციის კარგი საშუალებაა.

თამარს უყვარს წიგნები, შინაური ცხოველები, საჭმლის კეთება, ყვავილები და ტელევიზორის ყურება. 

“წიგნების კითხვა მიყვარს, მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში ცოტა მაინც წავიკითხო. ტელევიზორს ვუყურებ, სოციალური ქსელის სიყვარულიც რომ დავიმატო, ზედმეტი იქნება. საჭმლის კეთება მიყვარს მაშინ, როცა ჩემს მომზადებულ კერძებს სხვები სინჯავენ და აფასებენ. აბა, მარტო კეთებას რა აზრი აქვს? ჩემი მეუღლე საოცრად გურმანი და სტუმართმოყვარე ადამიანი იყო. მეც ასე ვარ, ვინც მესტუმრება ყველას ვატან სოფლის ნობათს, ტყლაპი იქნება, ჩირი თუ სხვა რამე. მინდა, რომ შემიფასონ როგორი გამომივიდა. 

ზამთარში ზაფხულთან შედარებით გვიან ვიღვიძებ. ჩემი დილა ყავით იწყება, შემდეგ საუზმეს ვამზადებ, მერე სადილს, ვიცი, რომ აუცილებლად შემომივლის ვინმე და ასე  ღამდება. ხანდახან ვქსოვ კიდეც, მაგრამ მხედველობის პრობლემები მიშლის ხელს. 

ზაფხულში ადრე ვიღვიძებ,  5 საათისთვის, ეზოში ყვავილებს ვეფერები, ვარდები მიყვარს განსაკუთრებით. ბოსტანს დავხედავ, რაც მოსარწყავია მოვრწყავ და შემდეგ სახლის საქმეებს ვაკეთებ”, – ამბობს თამარი. 

თამარს ზაფხულში შვილები და შვილიშვილები სტუმრობენ და ეზო-კარს უხმიანებენ. ამბობს, რომ ყველას თავისი სამყარო აქვს, როგორც მას და არ ცდილობს ვინმე მისი ცხოვრებით აცხოვროს, რადგან არც მას უნდა სხვისი ცხოვრებით ცხოვრება. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: