მთავარი,სიახლეები

მიტოვებული კულტურის სახლი სოფელ დაგვაში

07.06.2018 •
მიტოვებული კულტურის სახლი სოფელ დაგვაში

ქობულეთში, სოფელ დაგვაში, 11 წელი შენდებოდა კულტურის სახლის შენობა, რომელიც ქართული სოფლის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და გრანდიოზულ ნაგებობად შეიძლება ჩაითვალოს.

კულტურის სახლის მშენებლობა 1953 წელს რუსმა ინჟინერმა დაიწყო, თუმცა ის მალევე ჩამოაშორეს პროექტს. მშენებლობის გაგრძელება ბერძენმა ინჟინერმა გადაიბარა, რომელმაც ნაწილობრივ შეცვალა პროექტი. ასე გაჩნდა შენობის ფასადზე ბერძნული აკროპოლისის ელემენტები. კულტურის სახლის მშენებლობა 1964 წელს დასრულდა. 650 ადამიანზე გათვლილი სააქტო დარბაზით ის გახდა ყველაზე დიდი კულტურის სახლი, რომელიც აჭარაში ოდესმე აშენებულა. იმ პერიოდში დაგვას კოლმეურნეობა ერთ-ერთ მდიდარ კოლმეურნეობად მიიჩნეოდა. სოფელში ბერძნები და ქართველები ერთად ცხოვრობდნენ.

 

დაგვის კულტურის ცენტრის ჰოლი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ჯემალ ტარიელაძეს, რომელიც 42 წელი მუშაობდა დაგვას კულტურის სახლის დირექტორად, არ ახსოვს იმ ფილმის სახელი, რომელიც პირველად აჩვენეს აქ, მაგრამ ახსოვს, რომ კინოჩვენებაზე დარბაზი გადაჭედილი იყო, ნემსი არ ჩაეტეოდაო, – იხსენებს.

კულტურის სახლში 17 სახელოვნებო წრე ფუნქციონირებდა. ყოფილი დირექტორი იხსენებს, რომ უზარმაზარი შენობის სანახავად, რომელსაც აკროპოლისის ელემენტებით შემკული ფასადი აქვს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიოდა ხალხი.

კულტურის სახლში იმართებოდა კონცერტები, ანსამბლები გასტროლებზე ჩამოდიოდნენ და წარმოდგენებს მართავდნენ, თუმცა განსაკუთრებით ბევრი ხალხი ინდურ ფილმებზე გროვდებოდა.

„მეზობელი სოფლებიდან მოდიოდნენ აქ ინდური ფილმების სანახავად. დარბაზი რომ ივსებოდა, ფანჯრის რაფებიდან დაწყებული, კიბეებით დამთავრებული ყველგან ხალხი იჯდა. ტევა არ იყო,“ – იხსენებს ჯემალ ტარიელაძე.

ახლა შენობა ავარიული და განადგურებულია. უმეტეს ოთახებში გადაადგილება სახიფათოა. მხოლოდ ორი ოთახია, რომელშიც სახელოვნებო წრეები ფუნქციონირებს.

როგორც ჯემალ ტარიელაძე ამბობს, კულტურის სახლის განადგურების პროცესი 90-იან წლებში დაიწყო. „ზოგჯერ ჩემს კაბინეტში მეძინა, ვინმეს რამე რომ არ მოეპარაო,“ – იხსენებს. მისი თქმით, პირველი, რაც კულტურის სახლიდან მოიპარეს, ხავერდის მძიმე, წითელი ფარდები იყო.

ამ კიბეებს მეორე სართულზე აჰყავხარ, საიდანაც სააქტო დარბაზის ლოჟაში ხვდები

იქ, სადაც ბევრი წლის წინ ლოჟა იყო, ახლა ლენინის მტვერდადებული ბიუსტია
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

დაგვის კულტურის სახლის სააქტო დარბაზის ჭერის ფრაგმენტი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

დაგვის კულტურის სახლი, სააქტო დარბაზი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

პირველი, რაც 90-იან წლებში დაგვის კულტურის სახლიდან მოიპარეს, ხავერდის წითელი ფარდები იყო. მას შემდეგ ამ ფანჯრებზე ფარდები აღარ ყოფილა.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

დაგვის კულტურის ცენტრის ფასადი ბერძნული აკროპოლისის ელემენტებითაა შთაგონებული
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: