„ფლეიმეიქერსი“უეფასადა დისნეის ერთობლივი პროექტია, რომლის ვარჯიშები დისნიეს ანიმაციების თემატიკითაა შედგენილი და გარკვეული აქტივობების დახმარებით, 5-8 წლამდე გოგონების ფეხბურთში ჩართვას ისახავს მიზნად. სავარჯიშო პროცესში ჩართვა ბავშვებს უფასოდ შეეძლებათ.
საქართველოში „ფლეიმეიქერსის“ ჩასატარებლად მწვრთნელების სპეციალური პროგრამით გადამზადებას, სპორტულ ეკიპირებასა და ელექტრონულ სახელმძღვანელოებს უზრუნველყოფს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
აღნიშნული პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 ლოკაციას მოიცავს. ამ პროცესში ჩართული იქნებიან როგორც კერძო სკოლები, ისე ქალთა კლუბები და საფეხბურთო აკადემიები, ასევე, სფფ-ის პროექტ #WePlayStrong საქართველოს წერტილები.
ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, თითოეულ ლოკაციაზე მინიმუმ 10 გოგონას შეუძლია ვარჯიში, რომლებსაც მინიმუმ 2 მწვრთნელი ავარჯიშებს, მათ შორის ერთი ქალი. წლის განმავლობაში ვარჯიშები ორ ეტაპად, შემოდგომასა და გაზაფხულზე ჩატარდება.
ომში ყოველთვის იმატებს სქესობრივი დანაშაულების რიცხვი. ჯერჯერობით, შეუძლებელია იმის თქმა, თუ რამდენი ქალი გააუპატიურეს უკრაინაში: გამოძიება, ოფიციალურად, მხოლოდ რამდენიმე საქმეზე დაიწყო, თუმცა თუ იმ ადამიანების მონაყოლით ვიმსჯელებთ, რომლებიც ლტოლვილებთან და დაზარალებულებთან მუშაობენ, ასეთი ათობით, შეიძლება ასობით შემთხვევაც კი იყოს. გამოცემა „Холод“ ესაუბრა ორ ფსიქოლოგს, რომლებიც ძალადობაგამოვლილ უკრაინელ ქალებს ეხმარებიან.
„ერთმა გოგომ მითხრა, რომ კაცს ვეღარასოდეს შეიყვარებს“
ალექსანდრა კვიტკო, ფსიქოლოგი, მუშაობს უკრაინის სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე:
შავი ზღვის ტელერადიოკომპანიის რედაქტორი ვიყავი ყირიმში. როდესაც ყირიმი დაიპყრეს, კიევში გამოვიქეცი. კიევში გამიჩნდა ტყუპები. იძულებითმა გადასახლებამ და დედობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მაიძულა, ფსიქოლოგისთვის მიმემართა. ერთხელაც, მიმოვიხედე და მივხვდი, რომ სიღრმის ფსიქოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტში ვიმყოფებოდი. ამან მიბიძგა, ფსიქოლოგია მესწავლა. მაგისტრატურა დავამთავრე, შემდეგაც მუდმივად ვიმაღლებდი კვალიფიკაციას სხვადასხვა სპეციალიზაციით – კვებითი ქცევის დარღვევით დაწყებული, მოსაზღვრე პიროვნული აშლილობით დამთავრებული. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა მივიღო, რომ უფრო მეტ ადამიანს დავეხმარო.
8 წელია, ამ საქმეს ვაკეთებ. ამ ხნის განმავლობაში, თითქმის არასდროს ვარ შინ. 24 თებერვალს, როდესაც ცხადი გახდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა მიმეტოვებინა ყველაფერი და ახლა უკვე კიევიდან გავქცეულიყავი, დიდხანს ვეწინააღმდეგებოდი საკუთარ თავს. მეორე გაქცევა პირველზე რთულია, თუმცა განგაშისა და აფეთქების ხმები მაჩქარებდნენ: ორი შვილი მყავს, მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც უნდა მეზრუნა. ზაკარპატიეში გადავედით.
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტური კარიერა იძულებით შევწყვიტე და ფსიქოლოგობა გადავწყვიტე, მთელი ეს წლები, იმ სამხედროებთან ვმუშაობდი, რომლებიც დონბასში იბრძოდნენ. ბევრი მათგანი დღესაც ვერ უმკლავდება იმას, რაც გადაიტანა, კიევის უმსხვილეს ფსიქიატრიულ კლინიკაში ვეტერანებისთვის სპეციალური განყოფილებაც კია შექმნილი. ომის ახალ ეტაპს ის გამოარჩევს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში შეუდარებლად მეტი მსხვერპლია.
ჩვენ შევქმენით ცხელი ხაზი, რომელზეც რეკავენ კაცებიც, ქალებიცა და ბავშვებიც. ადრე მხოლოდ ოჯახში ძალადობასთან მიწევდა შეხება – ვიღაც მამამ გააუპატიურა, ვიღაც ბიძამ, ვიღაც მეზობელმა. ადამიანები მოგვმართავდნენ მომხდარიდან 5, 10, ზოგჯერ 20 წლის შემდეგაც კი. ახლა უმრავლესობა ეგრევე მოდის. ზარები დაიწყო ბუჩისა და ირპენის გათავისუფლებისთანავე. ისტორიები, რომლებსაც მე მოგიყვებით, ჯერ ბოლომდე გადამოწმებული არაა.
წუხელ დამირეკა ერთმა გოგომ. ტიროდა, ყვიროდა, რომ დამნაშავეა. ვეუბნები: შენ არცერთ შემთხვევაში არ ხარ დამნაშავე, რა მოხდა? მომიყვა, რომ უნდოდა დედისთვის ყვავილები მიეტანა და ქუჩაში გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ დედა ეუბნებოდა, არ გასულიყო. გავიდა ყვავილების დასაკრეფად და უცებ კაცები გამოჩნდნენ. არაფერი ახსოვს იმის გარდა, რომ ყველგან, მთელ სხეულზე ეხებოდნენ და ხელებს ჰკიდებდნენ. დედამ ის ეზოში გულწასული იპოვა. ჯერ არ ვიცით, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ გოგონა თავს დამნაშავედ გრძნობს იმის გამო, რომ დედისთვის ყვავილების დასაკრეფად გავიდა.
კიდევ, ვმუშაობ 14 წლის გოგოსთან, რომელიც ხუთმა კაცმა გააუპატიურა და ახლა ორსულადაა. ექიმებმა თქვეს, რომ მისი სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, აბორტმა შეიძლება, უშვილობა გამოიწვიოს. ამიტომაც, ალბათ, ბავშვს გააჩენს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ არა თვითონ ჯგუფური გაუპატიურების თემაზე, არამედ ამ გოგოს დამოკიდებულებაზე მომავალი ბავშვის მიმართ. ეს ერთადერთი შემთხვევა არაა. ხშირად აუპატიურებენ 14, 15, 16 წლის გოგონებს – ომის შემდეგ ბევრი ორსული მოზარდი გვეყოლება.
ვმუშაობ 16 წლის გოგოსთან, რომელიც ორსულად იყო და ბავშვი დაკარგა. ის სამმა კაცმა გააუპატიურა. ასევე, 11 წლის ბიჭის დედასთან. ის სკამზე მიაბეს და აყურებინეს, მის შვილს როგორ აუპატიურებდნენ. ამ შემთხვევებზე უკვე ილაპარაკა უკრაინის სახალხო დამცველმა.
ხშირად მეკითხებიან, მაინც რატომ აკეთებენ ამას ასე? ვფიქრობ, ალბათ, იმისთვის, რომ უფრო მეტი სიამოვნება მიიღონ, უფრო დიდი ძალაუფლება იგრძნობ. დედას აყურებინებენ და ეს სადიზმი და სიმახინჯე მათ სიამოვნებას ანიჭებს.
თვითმხილველების გადმოცემით, რუს სამხედროებს უყვართ, როდესაც ვინმეს სახალხოდ აუპატიურებენ. ერთ 20 წლის გოგოს სამი მათგანი პირდაპირ ქუჩაში აუპატიურებდა. სახლიდან გოგონას დედა გამოვარდნილა შვილის დასახმარებლად, თუმცა შვილს დაუყვირია, – „შინ დარჩი, ხელი არ გახლონ, გავუძლებ როგორმე“.
ასეთ დროს, მხოლოდ მსხვერპლი არ იტანჯება, არამედ მოწმეც. თვითმხილველი იტანჯება, რომ ჩარევას, შველას ვერ ახერხებს. ეს ე.წ. გადარჩენილის ტრავმაა – ადამიანებს სძულთ საკუთარი თავი იმის გამო, რომ თვითონ გადარჩნენ, მათი ახლობლები კი ვერა.
გუშინწინ, მართლა ბოლო მომიღო ამ ისტორიამ. ჯგუფურად, მორიგეობით აუპატიურებდნენ ოჯახის ყველაზე უმცროს ქალიშვილს. ის 19 წლისაა, უფროსი და კი 21-ის. უფროსი და დაჩოქილი ეხვეწებოდა სამხედროებს, დის ნაცვლად წაეყვანათ, თუმცა ის რუსმა სამხედრომ გააჩერა და უთხრა, – „არა, შენ უყურებ… და გადაეცი სხვებსაც, რომ ასე მოუვა ნაცისტების ყველა ბოზს“.
უმცროსს უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა. იქ ექიმი არ იყო, ამიტომ დამ დაუმუშავა ჭრილობები და თან ფიქრობდა: რატომ მე არა? უმცროსი, რომელიც გააუპატიურეს, ჯერ ვერც კი ლაპარაკობს – მუდმივად აღებინებს.
ძირითადად ღამით რეკავენ, როდესაც ძალადობაგამოვლილებს საზარელი სიზმრები აღვიძებთ. ესმით აფეთქების ხმა, რომელიც არ არსებობს. იწყებენ ყვირილს. მათი მშობლები ან ახლობლები გვირეკავენ.
ალექსანდრა კვიტკო
რაც ომი დაიწყო, უკრაინაში თითქმის ყველა ფსიქოლოგი უფასოდ მუშაობს. ახლახან შევხვდი ერთ-ერთს, რომელსაც 5 წლის შვილი ჰყავს და საკუთარი თავისთვის და შვილისთვის აღარ აქვს ფული. მკითხა, ხომ არ ვიცოდი ვინმე, ვინც დამლაგებელს ეძებდა.
დონორების პოვნა ძალიან რთულია, თუმცა კოლეგებისგან პროფესიულ დახმარებას ნამდვილად ვიღებთ. ფსიქოლოგები პოლონეთიდან და ისრაელიდან გვეხმარებიან, როგორ უნდა ვიმუშაოთ იმ ადამიანებთან, ვინც ომის დანაშაულები გადაიტანა. მდგომარეობას, რომელშიც ეს პაციენტები იმყოფებიან, ეწოდება „მწვავე სტრესული აშლილობა“, და ჩვენი ამოცანაა, რომ ის პოსტტრავმულ სინდრომში არ გადავიდეს.
აგრესორები, რომლებზეც ძალადობაგამოვლილები ჰყვებიან, ყოველთვის სამხედრო ფორმიანი და ნიღბით ან რამე ნაჭრით სახედაფარული კაცები არიან. თვალების გარდა არაფერი უჩანთ. ეს საზარელია, რადგან როდესაც მოძალადის სახეს ხედავ, იმას მაინც ფიქრობ, რომ შეგიძლია ამოიცნო. როდესაც მოძალადე „უსახოა“, მსხვერპლის ცნობიერებაში, ყოველი კაცი პოტენციურ მოძალადედ იქცევა. ერთმა გოგომ მითხრა, რომ კაცს ვეღარასოდეს შეიყვარებს.
ცხელ ხაზზე ხუთნი ვმუშაობთ: მე მუდმივად, დანარჩენი ოთხი გოგონა კი მორიგეობით. კვირაში დაახლოებით 85 შეტყობინება შემოდის. ორი საათი მძინავს ღამეში და თითქმის ვერაფერს ვჭამ. მთლიანად მავსებს ის ისტორიები, რომლებსაც ვისმენ. როდესაც უკვე გაუსაძლისი ხდება, ფეხით დავდივარ, შვილებს ვეხუტები და ჩემს კატას ვეფერები.
კიევის რაიონის გათავისუფლების შემდეგ ძალიან რთული პერიოდი იყო. უკვე დაიწყო შეტყობინებები ხერსონის რაიონიდან. წარმოდგენაც კი არ მინდა, რა ხდებოდა და ხდება მარიუპოლში. მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ ასეთ ზღვარგადასულ სისასტიკეს, მთელი ჩემი პრაქტიკის განმავლობაში, არ შევხვედრივარ.
ისინი, ვინც ძალადობა გამოიარა ან ძალადობის მოწმე იყო, ჰყვებიან, რომ მოძალადეები, ხმის მიხედვით, ახალგაზრდები არიან, ასე 20-25 წლისანი. პუტინის მმართველობის ასაკის ბიჭები. ვფიქრობ, მათ ჩაუნერგეს, რომ უკრაინელები მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან. ისინი გრძნობენ დაუსჯელობას და ძალაუფლების წყურვილს, მაგრამ რაც მთავარია – რუსეთში ოჯახში ძალადობა დეკრიმინალიზებულია. ნორმალიზებულია.
ჩვენც გვაქვს ამ მხრივ პრობლემები, მაგრამ ჩვენ წინ მივდივართ, „მცემს, ესე იგი ვუყვარვარ“, უკვე აღარ მუშაობს. ამ ადამიანებმა კი სხვა სიყვარული არ იციან, მათთვის სუსტის ცემა, გაუპატიურება – ნორმაა.
„საშინელებები, რასაც ახლა მიყვებიან, მხოლოდ კინოში თუ მინახავს“
ანნა მარუჟენკო, გეშტალტ თერაპევტი, სექსოლოგი:
ომამდე კიევის ცენტრში ვცხოვრობდი. ომის პირველი სამი დღე უარყოფის მდგომარეობაში გავატარე. შემდეგ ჩემი ფანჯრის წინ ტანკებმა ჩაიარეს. წავიყვანე ძაღლი, კატა, ბავშვები, დედა და ვარშავაში წავედი.
თავიდან სესიების უმრავლესობა გადაიდო, რადგან არავინ იცოდა, რა უნდა გვექნა. ვიღაც გზაში იყო, ვიღაც აპირებდა წასვლას, ბევრი მირეკავდა და დახმარებას აქეთ მთავაზობდა. ჩემი პაციენტების დიდ ნაწილს ახლა ძალიან უჭირს, ამიტომ კონსულტაციის ფულს მხოლოდ ისინი იხდიან, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, უმრავლესობისთვის კი ჩემი დახმარება უფასოა.
ჩემი სპეციალიზაცია გეშტალტ თერაპიაა. განსაკუთრებით ბევრს ვმუშაობ სექსუალიზებული ძალადობის შემთხვევებზე. მე თვითონ გამოვიარე ძალადობა, ამიტომაც პაციენტებთან უფრო გახსნილი ვარ: მათ ჩემი გამოცდილების შესახებ ვუყვები. ვუყვები იმასაც, თუ როგორ გადავლახე სტრესი – ასე იწყება ჩვენი საუბრები.
ომამდე, ძირითადად, ბავშვობაში გადატანილი სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე ვმუშაობდი. ასეთი პაციენტები მაშინ მოდიან ჩემთან, როცა უკვე დიდები არიან. ეს ძალიან სასტიკი შემთხვევებია, თუმცა ის საშინელებები, რასაც ახლა მიყვებიან, მხოლოდ კინოში თუ მინახავს.
ომის კონტექსტში, სიღრმის თერაპია შედარებით ზედაპირულმა მხარდაჭერამ ჩაანაცვლა. ახლა სესიები იწყება შეკითხვით: სად ხართ, როგორ არიან თქვენი ახლობლები, ყველანი უსაფრთხოდ ხართ? – მთავარია გადარჩენა. ვცდილობთ ძილისა და კვების რეჟიმის მოწესრიგებას. საომარი დრო იმით განსხვავდება მშვიდობიანობისგან, რომ შეუძლებელი ხდება, დაუბრუნდე ჩვეულ რუტინას, რომელიც ტრავმის მოსაშუშებლად აუცილებელ და უსაფრთხო კონტექსტს ქმნის. ადამიანები მიემგზავრებიან, იცვლიან საცხოვრებელ ადგილს, გარშემომყოფებს – ეს ისედაც სტრესული კონტექსტია და ძალიან ძნელია, რომ ამ დროს თვითონ ტრავმას ჩაუღრმავდე.
არც ჩემთან და არც ჩემს კოლეგებთან თითქმის არავინ მიდის ასეთი ფორმულირებით – „მე გამაუპატიურეს“. ძალიან ხშირად, ძალადობის მოგონებები რაღაცნაირად მიმალულია და მხოლოდ მას შემდეგ ამოტივტივდება ხოლმე, როდესაც სხვა პრობლემებზე მუშაობას ვიწყებთ.
ახლახან, ორი ძალადობაგამოვლილი პაციენტი მოვიდა ჩემთან, ბუჩიდან და ირპენიდან – ისინი ჩემთვის ჯერჯერობით პირველები არიან. მათ არ სურთ, რომ დეტალებს მოვყვე – ეშინიათ, რომ მათ იცნობენ და მერე ვეღარასოდეს შეძლებენ პირადი ცხოვრების აწყობას. ისინი უკრაინელმა სამხედროებმა იპოვეს და სხეულზე მიყენებული დაზიანებებითა და შემოხეული ტანსაცმლით მიხვდნენ, რომ გააუპატიურეს. ჩემი კონტაქტები მისცეს. გოგოებმა გაბედეს და დამიკავშირდნენ: ერთთან მიმოწერა მაქვს, ის არაა მზად, საკუთარი სახე მაჩვენოს, მეორესთან ვიდეოზარებით ვლაპარაკობ. ისინი სასტიკად დაამცირეს.
მშველის, რომ ახლა უკრაინაში არ ვარ – ასე შემიძლია ცოტა შორიდან შევხედო ყველაფერს და ვიპოვო საკუთარ თავში რესურსი სხვების დასახმარებლად. როდესაც ძალიან მიჭირს, პირად თერაპიას მივმართავ – ჩავეწერე სპეციალურ ჯგუფებში კოლეგებთან ისრაელიდან, საფრანგეთიდან და პოლონეთიდან. თუკი ადრე ასეთ ჯგუფებში კვირაში ერთხელ დავდიოდი, ახლა მათი მხარდაჭერა თითქმის ყოველდღიურად მჭირდება.
ანნა მარუჟენკო
სქესობრივი დანაშაულის ბევრი მსხვერპლი ფსიქოლოგამდე არც მიდის. მათ ხშირად დანაშაულის გრძნობა ტანჯავთ, სძულთ საკუთარი თავი, საკუთარი სხეული. ეს შეგრძნებები ნაცნობია ჩემთვის – მე თავად გავიარე ყველა ეს ეტაპი, რომ გაუპატიურების შემდეგ საკუთარი თავი მიმეღო. ხანდახან ამით ვიწყებ ლაპარაკს ჩემს პაციენტებთან – შეიძლება ამიტომაც შეძლეს ჩემთან ლაპარაკი გოგოებმა ბუჩიდან და ირპენიდან.
ცოტა ხნის წინ, მომმართეს უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, ხერსონის ოლქთან დაკავშირებით – იქ, თითქოს, შვიდი გოგონა სადღაც ჰყავდათ ჩაკეტილი და აიძულებდნენ, რუსი სამხედროებისთვის „მომსახურება გაეწიათ“. ჯერჯერობით არცერთ მათგანს არ დაურეკავს ჩემთან და პროფესიული ინსტინქტი მკარნახობს, რომ ალბათ, არც დარეკავენ. ასეთი გამოცდილების ვინმესთვის გაზიარება ძალიან რთულია, ყველა ვერ ახერხებს ამ ნაბიჯის გადადგმას.
ზოგჯერ უკრაინელი სამხედროები მთხოვენ, ფრთხილად გამოვკითხო პაციენტს, როგორ გამოიყურებოდა მოძალადე, რა განსაკუთრებული ნიშნები ჰქონდა, რომ მისი პოვნა შეძლონ. თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ არ შეიძლება, ადამიანს, რომელმაც ძალადობა და დამცირება გადაიტანა, აიძულო, გაიხსენოს აგრესორი.
რუსი სამხედროების სისასტიკის ხარისხი ძალიან მაღალია. მე ჯანმრთელი ადამიანი ვარ და მათ ადგილას თავის წარმოდგენა მიჭირს. საკუთარ ამოცანას იმაში ვხედავ, რომ ახლა უკრაინელებს დავეხმარო და არა რუსი სამხედროების გონებაში ჩახედვა ვცადო. და მაინც, ამგვარ სისასტიკეს იმით ვხსნი, რომ დაბალი სოციალური განვითარების მქონე ადამიანებს, არ აქვთ ინსტრუმენტები, რომლებიც მათ სასოწარკვეთილების მომენტებში, ამ გრძნობასთან გამკლავებაში დაეხმარებოდა – და ამ დროს ყოველგვარი მხეცობის ჩამდენნი ხდებიან.
მათ უნდებათ, საკუთარი უსუსურობა დაძლიონ იმით, რომ უყურონ, როგორ იტანჯება „ის“, რაღაც ცოცხალი, მათზე სუსტი. დიახაც, „ის“ სქესის გარეშე. მათ საკუთარი თავი სძულთ და ამ სიძულვილს მსხვერპლისკენ მიმართავენ. ცდილობენ, გონებიდან განდევნონ ფიქრები დამცირების, შიშის, უსუსურობის შესახებ და აბსოლუტური დაუსჯელობის პირობებში, ბევრი მათგანი სწორედ ძალადობით ცდილობს, საკუთარ ძალაუფლებაში დარწმუნდეს.
ამ ომში ბევრი ჯგუფური გაუპატიურებაა, ინდივიდუალურ შემთხვევებზე არც კი მსმენია. აქ, რა თქმა უნდა, ასეთი მომენტიცაა – ზოგს ეშინია, რომ თუკი არ შეუერთდება ამხანაგებს და მათსავით მოძალადე არ გახდება, თავად შეიძლება მსხვერპლად იქცეს. მათგან ბევრს ალბათ ფსიქიკური პრობლემებიც აქვს.
სამწუხაროდ, მსოფლიომ საკმარისი ომები ნახა საიმისოდ, რომ ვიცოდეთ, რა ტრავმებს ნიშნავს ეს ომი. საზოგადოება მოექცევა სამკუთხედში – „მსხვერპლი – აგრესორი – მხსნელი“. სამხედროების აგრესია, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ლეგალიზებულია. ომის შემდეგ ამ საკითხზე ბევრი სამუშაო გვექნება, შეიძლება, გახშირდეს ძალადობა ოჯახში.
ისიც მესმის, რომ ბევრ ადამიანს ექნება თვითმხილველის ტრავმა. ადამიანები ამ ტრავმას, დანაშაულის შეგრძნებას, ძალიან დიდხანს ვერ იშორებენ და შესაძლოა, მათაც შეექმნათ სექსთან დაკავშირებული პრობლემები.
ცალკე უზარმაზარი თემაა – ომის ბავშვების მთელი თაობა. ეს ომი ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ყველა ბავშვს რაღაც ფორმით მაინც შეეხო. ჩემი ისრაელელი კოლეგები ხშირად ამბობენ, რომ ზრდასრულებს შედეგებისგან უკვე ვეღარ დავიცავთ, მაგრამ ბავშვებთან მუშაობა შესაძლებელია. მათ უნდა მოვუყვეთ სხეულის საზღვრების, პასუხისმგებლობის საზღვრების შესახებ – ჩვენი საზღვრები ხომ ახლა ყველა მნიშვნელობით დარღვეულია.
მაგრამ მე ვცდილობ პოზიტიურ მომენტებზეც ვილაპარაკო: მობილიზაციაზე და თითოეული ადამიანის პიროვნულ ზრდაზე. 4 წლის ბავშვსაც კი შეიძლება უკვე დავალება მისცე, მაგალითად, მოძებნოს უსაფრთხო ადგილი დასამალად. მოქალაქეთა სოლიდარობის ხარისხი კიდევ ძალიან დიდხანს იქნება ასეთი მაღალი.
რუსი ბიზნესმენი, მილიარდერი, ბანკ Тинькофф-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვი ინსტაგრამზე უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმიანება და წერს, რომ რუსების უმრავლესობა ამ ომის წინააღმდეგია.
„მე ვერ ვხედავ ამ გიჟური ომის ვერც ერთ ბენეფიციარს! იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები და ჯარისკაცები.
სიმთვრალის შემდეგ გაღვიძებული გენერლები მიხვდნენ, რომ ნაგავი არმია ჰყავთ. და როგორ იქნება არმია კარგი, თუკი ქვეყანაში სხვა ყველაფერი ნაგავშია და ჩაფლულია ნეპოტიზმში, ლაქიაობასა და ჩინის პატივისცემაში?
კრემლის ჩინოვნიკები შოკში არიან, რომ ზაფხულში ხმელთაშუა ზღვაზე ვერ წავლენ არა მხოლოდ თვითონ, არამედ მათი შვილებიც. ბიზნესმენები ცდილობენ გადაარჩინონ ქონების ნარჩენები…
რა თქმა უნდა, არიან დებილები, რომლებიც Z-ს ხატავენ, მაგრამ დებილები ნებისმიერ ქვეყანაში 10 პროცენტია. რუსების 90% ამ ომის წინააღმდეგია!
ძვირფასო „კოლექტიურო დასავლეთო“, გთხოვთ, მიეცით ბატონ პუტინს თავისუფალი გასასვლელი, რათა გადაირჩინოს სახე და შეაჩეროს ეს ხოცვა-ჟლეტა. გთხოვთ, იყოთ უფრო რაციონალურები და ჰუმანურები“ – წერს ტინკოვი.
პოსტი ინსტაგრამზე ტინკოვის ვერიფიცირებულ ანგარიშზე გამოქვეყნდა დღეს, 19 აპრილს.
ტინკოვი 24 თებერვლიდან დიდ ბრიტანეთში სანქცირებული რუსი ბიზნესმენების სიაშია.
უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, 19 აპრილს ოფიციალურმა კიევმა ჯამში 76 უკრაინელი პატიმრის გაცვლა მოახერხა.
ვერეშუკი ტელეგრამზე წერს, რომ ეს ტყვეების მეხუთე გაცვლაა.
„დღეს ჩვენ გავცვალეთ 60 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 10 ოფიცერი. გარდა ამისა, სახლში დაბრუნდება 16 სამოქალაქო პირი.
ეს ტყვეების მეხუთე გაცვლაა. საერთო ჯამში 76 ადამიანი“, – წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი.
მანამდე, ვერეშუკმა განაცხადა, რომ 19 აპრილისთვის ვერც ერთი ჰუმანიტარული დერეფნის შეთანხმება ვერ მოხერხდა. დონბასი ინტენსიურად იბომბება და რუსი სამხედროები უარს აცხადებენ მარიუპოლიდან ბერდიანსკის მიმართულებით სამოქალაქო პირებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე.
როგორც უკრაინის ვიცე-პრემიერი დილით წერდა, უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისთვის ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში.
„სასამართლომ დაადასტურა, რომ პოლიტიკური ნიშნით მოხდა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება და არავითარი სხვა საფუძველი არ არსებობდა,“ – ამბობს გია აბულაძე, ის ბათუმის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი იყო და 2021 წლის 25 მაისს გაათავისუფლეს სამსახურიდან. მანამდე, ორი დღით ადრე, გია აბულაძემ ფეისბუქზე გიორგი გახარიას მხარდამჭერი პოსტი გაავრცელა.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სრულად დააკმაყოფილა გია აბულაძის სასარჩელო მოთხოვნები: გათავისუფლების შესახებ გამოცემული აქტი გაბათილდა, გია აბულაძე სამსახურში უნდა აღადგინონ და განაცდურიც გადაუხადონ. გია აბულაძე თვითმმართველობის არჩევნებში ხულოს მერობის კანდიდატი იყო გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“, დღეს კი, ამავე პარტიის ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
„…არ დავაკონკრეტებ ვინ, მაგრამ პოსტის დადების შემდეგ საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა დამიბარეს და გახარიას მხარდამჭერი პოსტის ფეისბუქში წაშლა მომთხოვეს, თუ არადა, დაწერე მაშინ განცხადება და წადიო. 25 მაისს თავად დაწერეს ბრძანება და ჩამიწერეს, რომ დისციპლინური გადაცდომის გამო გამათავისუფლეს… სასამართლოში განხილვის ეტაპზე გამოჩნდა, რომ არავითარი გადაცდომა არ მქონდა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ გია აბულაძემ.
გია აბულაძე ბათუმის საკრებულოში დაახლოებით 6 წელი მუშაობდა ჯანდაცვის კომისიის აპარატში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
გია აბულაძეს ამ ეტაპზე არ აქვს გადაწყვეტილი, დაბრუნდება თუ არა სამუშაოდ ბათუმის საკრებულოში. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არც ბათუმის საკრებულოს ჩაჰბარებია, სადაც უნდა იმსჯელონ: სამსახურში აღადგინონ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.
საბერძნეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, საბერძნეთმა კუნძულ ევიასთან დააკავა რუსული ნავთობის ტანკერი, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ აქვეყნებს.
რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღებასთან ერთად, მიმდინარე თვის დასაწყისში ევროკავშირმა აკრძალა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების შესვლა ევროკავშირის 27 ქვეყნის პორტებში, გარკვეული გამონაკლისების დაშვებით.
რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი „პეგასი“, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 19 რუსი წევრით, დააკავეს ევიის სამხრეთ სანაპიროზე, რომელიც მდებარეობს საბერძნეთის მატერიკზე, დედაქალაქ ათენის მახლობლად.
„ტანკერი დაკავებული იქნა ევროკავშირის სანქციების ფარგლებში“, – თქვა სანაოსნოს სამინისტროს წარმომადგენელმა. სანაპირო დაცვის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ გემზე არსებული ნავთობის ტვირთის კონფისკაცია არ მომხდარა.
დღეს, 19 აპრილს, ხულოში, სოფელ ბეღლეთში, ერთ-ერთი მცხოვრები კუთვნილი მოტობლოკით ხევში გადავარდა. მძიმედ დაშავდა მოტობლოკის მფლობელის შვილიშვილი, დაახლოებით სამი წლის ბავშვი, რომელიც თან ახლდა ბაბუას.
შემთხვევა დილას მოხდა.
როგორც მერის წარმომადგენელმა სოფელ ბეღლეთში გურამ კახაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და ის ამ დროისთვის ბათუმში, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
„ბავშვის ბაბუას არ აქვს მძიმე დაზიანებები“, – გვითხრა გურამ კახაძემ.
მისი ინფორმაციით, მოტობლოკი გზას ასცდა და ხევში გადავარდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია.
ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ მსოფლიოში ბევრისთვის ომი უკრაინაში შოუდ იქცა, თუმცა „ყოველი ახალი ეპიზოდი უკრაინის არმიის სისხლით იწერება“.
„ბრძოლა დონბასისთვის, სეზონი II”. მსოფლიოში ბევრისთვის ომი უკრაინაში netflix-ის კიდევ ერთ სატელევიზიო შოუდ იქცა. მთავარი და მეორეხარისხოვანი გმირებით, სხვადასხვა სიუჟეტური ხაზითა და პიკური მომენტებით ახალ ეპიზოდამდე.
„ბეჭდების მბრძანებელი”? “სამეფო კარის თამაშები”? “შავი სარკე” ? მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი: ჩვენ არ გვყავს მსახიობები, ხალხი ნამდვილად კვდება და შოუს წამყვანები ბედნიერი დასასრულის გარანტიებს არ იძლევიან.
ყოველი ახალი ეპიზოდი უკრაინის არმიის სისხლით იწერება. ტელევიზიისგან განსხვავებით, აქ თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბოროტების შეჩერებას. მოსთხოვეთ თქვენს მთავრობას იარაღი უკრაინისთვის + ემბარგო რუსულ ნავთობზე. ევროკავშირმა იცის გამარჯვებისთვის საჭირო რეცეპტი“ – წერს პოდოლიაკი.
We have no actors, people die for real and showrunners don’t guarantee a happy end. Every new episode is written by blood of 🇺🇦 Army. Unlike the TV, here you can help stop the evil. Ask your government for weapons for 🇺🇦 + embargo for 🇷🇺 oil. 🇪🇺 knows the recipe for victory (2/2)
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, შემცირებულია როგორც იმპორტი რუსეთიდან, ასევე ექსპორტი.
საქსტატის მონაცემებით, რუსეთიდან მარტის თვეში საქართველოში შემოტანილია 91,5 მილიონი აშშ დოლარის საქონელი, ხოლო თებერვლის თვეში შემოტანილი იყო 95,9 მილიონი დოლარის საქონელი.
ამავე მონაცემებით, იმპორტი რუსეთიდან მარტის თვეში გაზრდილია იანვართან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარში რუსეთიდან შემოტანილი იყო 85,9 მილიონი აშშ დოლარის საქონელი.
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან რუსეთში მარტის თვეში გატანილია გაცილებით ნაკლები ღირებულების საქონელი, ვიდრე თებერვალში და ასევე, იანვარში.
მარტში რუსეთში გატანილი იყო 16,9 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია, ხოლო თებერვალსა და იანვარში, შესაბამისად, 50,1 მილიონი და 42,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი.
2022 წლის იანვარ-მარტში, მთლიანობაში, საქართველოში რუსეთიდან შემოტანილია 273,4 მილიონი აშშ დოლარის საქონელი, ხოლო გატანილია 109,8 მილიონი აშშ დოლარის.
საქართველოში ყველაზე მეტი პროდუქცია 2022 წლის სამ თვეში, ქვეყნების მიხედვით, შემოტანილია თურქეთიდან – 463,1 მილიონი აშშ დოლარის, ხოლო ამავე პერიოდში საქართველოდან ყველაზე მეტი პროდუქცია გატანილია ჩინეთში – 220 მილიონი აშშ დოლარის.
გაეროს ცნობით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 17 აპრილის შუაღამემდე, უკრაინაში 2072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2818 დაშავდა.
დაღუპულთა შორის არის 537 კაცი და 327 ქალი, ასევე არიან ბავშვები – 38 გოგონა და 60 ბიჭი. გაერო იუწყება კიდევ 1039 ზრდასრულისა და 71 ბავშვის დაღუპვის შესახებ, რომელთა სქესი უცნობია.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებაშიწერია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილის შემთხვევათა უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენების, მათ შორის მძიმე არტილერიის და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბვის, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.
გაერო მიიჩნევს, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია, რადგან ინფორმაციის მიღება ინტენსიური საომარი მოქმედებების ადგილებიდან ვერ ხერხდება და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ ელოდება დადასტურებას.
„ეს ეხება, მაგალითად, მარიუპოლს (დონეცკის ოლქი), იზიუმს (ხარკოვის ოლქი), პოპასნას (ლუგანსკის ოლქი) და ბოროდიანკას (კიევის რეგიონი), სადაც არის ბრალდებები მშვიდობიანი მოსახლეობის მრავალრიცხოვანი მსხვერპლის შესახებ. ეს მონაცემები დადასტურების პროცესშია და არ არის შეყვანილი ზემოთ მოცემულ სტატისტიკაში”.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი განცხადებაში ახსენებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენებას, რომლის მიხედვითაც დილის 7.30 საათის მონაცემებით, 15 აპრილს (ადგილობრივი დროით), უკრაინაში დაღუპულია სულ მცირე 2700 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ქალები და ბავშვები.
მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი ეხება მხოლოდ იმ სამოქალაქო პირთა გარდაცვალებას, რომლებზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ჩატარდა ცხედრების სასამართლო ექსპერტიზა.
გაერო ასევე ახსენებს უკრაინის გენერალური პროკურატურის ანგარიშს, რომლის თანახმად, 18 აპრილის დილის 8 საათის მონაცემებით (ადგილობრივი დროით) დაღუპულია 205 ბავშვი და დაშავებულია სულ მცირე 362 ბავშვი.
რუსული მედიის ცნობით, დღეს, 19 აპრილს, დილით, თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის სახალხო მილიციის (DPR) სამხედრო ჯგუფებმა ნაწილობრივ დაიწყეს შეტევა უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე.
ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აზოვსტალში გამაგრებულ მებრძოლებს მოსკოვის დროით 14:00 საათიდან დანებებისკენ მოუწოდებს, სანაცვლოდ კი სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.
ალყაშემორტყმულ მარიუპოლში, მეტალურგიული ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორიას, სამხედროების გარდა თავს აფარებს ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის არიან დედები ჩვილი ბავშვებით, მოხუცები, მოზარდები – ინფორმაციაამის შესახებ CNN-ს გუშინ მიაწოდა მარიუპოლის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა მიჰაილო ვერშინინმა.
როგორც მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსმა CNN-ს უთხრა, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს არ უნდოდათ წასვლა, რადგან მათი გადარჩენის შანსი თავშესაფარში უფრო მეტი იყო მანამდე, სანამ რუსეთი საბოლოო ულტიმატუმს წამოაყენებდა. ერთადერთი, რაც ახლა მათ სურთ, ეს არის კორიდორის შექმნა, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს, მისცემს ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გასვლის საშუალებას.
„აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად ვერ შეძლო რუსულმა არმიამ. მათ ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებულ სამხედროებსა და სხვა პირებს 17 აპრილამდე დანებებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მასშტაბური ოპერაციით დაემუქრნენ. რუსეთის არმიის ულტიმატუმი უკრაინელმა სამხედროებმა უკუაგდეს.
ოპოზიციონერი დეპუტატები აჭარის უმაღლესი საბჭოდან უკრაინაში ქალაქ ბუჩის მერს შეხვდნენ.
შეხვედრაზე გადაღებულ ფოტოს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, გია აბულაძე ფეისბუქზე აქვეყნებს.
შეხვედრას გია აბულაძის გარდა ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ენმ-დან: ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე, ლევან ანთაძე, ასევე, პარლამენტის წევრი ენმ-დან დავით ხაჯიშვილი და უკრაინაში მცხოვრები ბიზნესმენი მათე გაბაიძე.
უკრაინაში სხვადასხვა შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარემ,შალვა პაპუაშვილმა.
რუსეთი აგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე, და, ასევე, შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დღეს, 19 აპრილს.
სამინისტრო დილის 6 საათისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს:
„უკრაინის მასშტაბით სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმები არ წყდება.
სლობოჟანსკოს და დონეცკის რეგიონებში აგრესორი ახორციელებს შეტევით მოქმედებებს ცალკეული მიმართულებით,“ – წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთს ხარკოვის რეგიონში დამატებით საზენიტო-სარაკეტო დივიზიები გადაჰყავს, ხოლო ბელგოროდის რეგიონში, უკრაინის საზღვართან, განლაგდა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები S-400 და C-300.
რუსი სამხედროები გააქტიურდნენ დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით… მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ჩვენი ჯარების თავდაცვის გარღვევაზე ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში, ასევე, ქალაქ მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებაზე.
ტაქტიკური პოზიციის გასაუმჯობესებლად ოკუპანტები ცდილობენ შეტევას ოლექსანდრივკას ტერიტორიაზე. მოწინააღმდეგე არ წყვეტს სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას ქალაქ მიკოლაევში.
სლობოჟანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგის ძალების განსაზღვრული შემადგენლობა განაგრძობს ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკადას.
მატერიალურ-ტექნიკური უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ოკუპანტები ათავსებენ ლოჯისტიკურ ცენტრებს და ქმნიან საველე ბაზებს დაზიანებული ტექნიკის შეკეთებისა და აღდგენისთვის,“ – წერს სამინისტრო.
სამინისტროსვე ცნობით, გასულ 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 7 ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს, გაანადგურეს 10 ტანკი, 18 ერთეული ჯავშანტექნიკა და რვა ერთეული საავტომობილო ტექნიკა.
19 აპრილს, გამთენიისას, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში, დონბასის ოლქში, ომის ახალი ფაზა დაიწყო.
„ჩვენ ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთმა დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის, რისთვისაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. რუსეთის არმიის დიდი ნაწილი ახლა ამ ბრძოლაზეა მომართული“, – განაცხადაპრეზიდენტმა ზელენსკიმ.
ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის ბათუმის ფილიალი მამაკაცის უნაყოფობის სადიაგნოსტიკოდ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კვლევას, სპერმის დნმ ფრაგმენტაციას გთავაზობთ.
მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევ სხვადასხვა მიზეზებს შორის ერთ-ერთი შესაძლოა სპერმის დნმ ფრაგმენტაცია იყოს. სპერმისა და კვერცხუჯრედის დნმ-ები გენეტიკური ინფორმაციის მატარებლებია. ორივე მათგანს ემბრიონის შექმნაში, ფეხმძიმობის დადგომაში, ნაყოფის სწორ განვითარებასა და, საბოლოოდ, ჯანმრთელი ბავშვის დაბადებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის. მაღალი ფრაგმენტაციის დროს, სპერმის დნმ დაზიანებულია და აქვს ერთი ან ორმაგი ჯაჭვის წყვეტები, ფრაგმენტები კი – დაკარგული.
მამაკაცებს ვისაც უნაყოფობის პრობლემა აქვთ, სპერმის დნმ ფრაგმენტაციის კვლევის ჩატარება ამიერიდან ბათუმის რეპროარტში, ქალაქიდან გაუსვლელად შეუძლიათ.
კვლევა შემდეგი ჩვენებების დროს ტარდება:
• გაურკვეველი წარმომავლობის უნაყოფობა;
• წარსულში, ემბრიონის განვითარების შეჩერება;
• მრავალჯერადი წარუმატებელი ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობა;
• პარტნიორთან მრავლობითი შეწყვეტილი ორსულობები;
• მამაკაცის ხანდაზმული ასაკი > 45 წელი;
• ვარიკოცელე;
• სპერმოგრამის დაბალი მაჩვენებლები.
თუ მამაკაცს სპერმის დნმ ფრაგმენტაციის დიაგნოზი აქვს, მისთვის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს:
• ვარიკოცელეს შემთხვევაში, ოპერაცია;
• ინფექციების შემთხვევაში, ანტიბიოტიკებით მკურნალობა;
• სათესლე ჯირკვლიდან სპერმის ქირურგიული ასპირაცია და ამ გზით ნაკლებად ფრაგმენტული სპერმის მიღება.
• ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ემბრიონის ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციით ICSI) შექმნა. ეს არის მეთოდი, როდესაც სპერმა ძალიან პატარა ზომის, ნატიფი დამუშავების მინის პიპეტით, მიკროსკოპის ქვეშ, პირდაპირ კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში თავსდება.
გახსოვდეთ, რომ სპერმის დნმ-ის მომატებული ფრაგმენტაციის პარალელურადაც კი, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სწორი სტრატეგიის შერჩევის შემთხვევაში, შვილის ყოლა სრულიად შესაძლებელია.
უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
პერსონალი – დაახლოებით 20 800 ადამიანი
ტანკი – 802 ერთეული
ჯავშანტექნიკა / APV – 2 063 ერთეული
საარტილერიო სისტემა – 386 ერთეული
MLRS – 132 ერთეული
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 67 ერთეული
თვითმფრინავი – 169 ერთეული
ვერტმფრენი – 150 ერთეული
საავტომობილო მანქანა – 1 495 ერთეული
გემი/ნავი – 8 ერთეული
საწვავის ავზი – 76 ერთეული
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 158
სპეციალური აღჭურვილობა – 27
მობილური SRBM სისტემა – 4
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:
139 თვითმფრინავი
105 ვერტმფრენი
483 უპილოტო საფრენი აპარატი
2 337 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
250 საზენიტო სარაკეტო სისტემა
254 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 009 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
2 196 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
რუსეთმა დონბასის ოლქში ომის ახალი ფაზა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია 18 აპრილ,ს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაავრცელეს.
რუსეთი აგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე, და, ასევე შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დღეს, 19 აპრილს.
ბათუმის ახალ ბულვარში ორ თვეზე მეტია ფეხით მოსიარულეების პრომინადი რამდენიმე ათეულ მეტრზე შტორმმა დაანგრია. მას შემდეგ დაზიანებული მონაკვეთები გადაკეტილია. განახევრებულ მონაკვეთში კი [უფრო ველობილიკზე] ერთდროულად მოძრაობენ ველოსიპედით, ფეხით, სქროლით თუ კვადროციკლით. ამ ვიწრო ზოლში უწევთ მშობლებს ბავშვების ეტლით გასეირნებაც.
შესაბამისად, ეს ერთგვარი სახიფათო მონაკვეთია ბათუმის ბულვარში.
უცნობია მოესწრება თუ არა სასეირნო ბილიკის აღდგენა მოახლოებული ზღვის სეზონის გახსნამდე.
შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად „ბათუმელები“ ბულვარის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუმცა პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი სამმართველო მუშაობს.
„უკვე დაწყებულია ნაპირდაცვითი ღონისძიების პროექტირება. შესაბამისი ექსპერტების ჩართულობითა და რეკომენდაციებით განხორციელდება ნაპირის დაცვისა და კვების ღონისძიებები. აღნიშნულ ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი სამმართველო ახორციელებს.
ბათუმის ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელება მოხდება საექსპერტო წრეების ჩართულობითა და შესაბამისი კვლევების საფუძველზე.
მიმდინარე წლის აპრილში, პროექტირების დასრულების შემდგომ, განხორციელდება ნაპირის კვების სამუშაოების შესყიდვა. სამუშაოების დაწყება მაისშია დაგეგმილი“, – მოგვწერეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.
ახალი ბულვარი / 16 აპრილი 2022 (წ)ახალი ბულვარი / 16 აპრილი 2022 (წ)ახალი ბულვარი / 16 აპრილი 2022 (წ)ახალი ბულვარი / 16 აპრილი 2022 (წ)ახალი ბულვარი / 16 აპრილი 2022 (წ)სკულპტურა, LIBERTE პრომინადიდან 2022 წლის 10 თებერვალს გაიტანეს. „გადავიტანეთ უსაფრთხო, ავტორთან შეთანხმებულ ადგილას“ – გვითხრეს მაშინ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში. სკულპტურა 2 თვეზე მეტია აქ, გამწვანებულ ზოლში დევს, რამდენიმე მეტრში თავდაპირველი ადგილიდან. / ახალი ბულვარი / 16 აპრილი 2022 (წ)
ბათუმის საკრებულო ისევ ვერ იკრიბება. მაისშიც თუ ვერ მოახერხებენ სხდომის ჩატარებას დეპუტატები, ივნისში ამ მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდება და ოქტომბერში ბათუმში ისევ არჩევნები იქნება.
„ჩიხია, რომელსაც ყველა გონივრული პროგნოზით მივყავართ ახალ არჩევნებამდე,“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ირაკლი კუპრაძე. არჩევნებს ელიან „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. გახარიას პოლიტიკურ გუნდში კი, საიდანაც ამ ეტაპზე ბათუმის საკრებულოში ორი წევრია, მიიჩნევენ, რომ კრიზისს ხელოვნურად ქმნის „ქართული ოცნება“ და მმართველ პოლიტიკურ გუნდში თუ „გონს მოეგებიან“, არჩევნები საჭირო არ დარჩება. „ქართულ ოცნებაში“ ამ თემაზე საუბარს თავს არიდებენ და არც ოპონენტებთან მოლაპარაკებისთვის იცლიან, რაც მორიგი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი შეიძლება გახდეს.
ბათუმის საკრებულოში სულ 35 წევრია და სხდომის გამართვისთვის საჭიროა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ მინიმუმ 18 დეპუტატის ხმა. ოპოზიციას ამ დროისთვის ჯამში 17 ხმა აქვს და მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ვერც სხდომა გაიხსნება და ვერც რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, რომელმაც 2 აპრილს შუალედური არჩევნები მოიგო ბათუმში.
„ჩიხი უნდა ავირიდოთ თავიდან, რიგგარეშე არჩევნები რომ ჩატარდეს და იგივე შედეგი დაიდოს, მერე?“ – კითხულობს ირაკლი თავდგირიძე, რომელიც საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია და ღიად უცხადებს მხარდაჭერას რამაზ ჯინჭარაძეს „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს ახალი თავმჯდომარის პოზიციაზე.
ასეთია საკრებულოში ოპოზიციიდან შესული საკრებულოს წევრის პოზიცია იმის მიუხედავად, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში 19 მანდატი ჯამში ოპოზიციამ მოიპოვა, 16 – „ქართულმა ოცნებამ“, ანუ გამოჩნდა, რომ ბათუმში საზოგადოების განწყობა მეტწილად ოპოზიციურია.
თუმცა ირაკლი თავდგირიძე დამოუკიდებელი გახდა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებს, ენმ-დან საკრებულოში შესული ნუგზარ ფუტკარაძე კი, 18 ნოემბერს გარდაიცვალა, 24 ნოემბერს ენმ-მ აუდიოფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეს „ნეიტრალობას“ აიძულებდნენ. ითქვა, რომ მას ამის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. თუკი ნუგზარ ფუტკარაძე ირაკლი თავდგირიძის მსგავსად „ნეიტრალობას“ არჩევდა, ოპოზიცია ბათუმის საკრებულოში ავტომატურად კარგავდა უმრავლესობას.
„ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე“ ამ დრომდე არაფერია ცნობილი. ამ საქმის გამოძიება ახლა მთავარი საკითხია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომ ის საკრებულოს სხდომა შედგეს.
„ადამიანი მოგვიკლეს და ახლა ოჯახს არც იმას ეუბნებიან, რა გამოიძიეს, რას იძიებენ საერთოდ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რამაზ ჯინჭარაძის სისხლიან მანდატს მხარი არ დავუჭიროთ,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“. – „დაიწყოს ამ საქმის გამოძიება შსს-ს ნაცვლად პროკურატურამ და თანამდებობიდან გადადგეს ძიების დასრულებამდე დავით რიჟვაძე. ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ…“ – ამბობს რეზო ხარაზი.
ოპოზიციაში განმარტავენ, რომ განსაკუთრებით თორნიკე რიჟვაძის განაცხადის შემდეგ, როცა მან თქვა, რომ ოპოზიცია ბათუმის საკრებულოშიც „შეცუნცულდება“, აღარ აქვთ იმედი, რომ მოლაპარაკების მცდელობა ექნება ვინმეს მმართველი პოლიტიკური გუნდიდან.
„თორნიკე რიჟვაძეს ეუბნებიან, რომ მამაშენი მონაწილეობდა ამ საქმეში, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალებაო და იძახის შეცუნცულდებიანო. ახლა გასცეს პასუხი თავის პრემიერს, ვინ სად შეცუნცულდა, სანამ მამამისი არ გამოცუნცულდება, მანამდე არავინ არსად შემსვლელი არ არის… პირველ რიგში, ბათუმის საკრებულოში უნდა დაიჯერონ, რომ ეს არის თვითმმართველობა და არა რიჟვაძე-ჩიქოვანის გასართობი კლუბის დანამატი. საკრებულოს უფლებამოსილებმა პირებმა უნდა გადაწყვიტონ, დამოუკიდებელი არიან, თუ ჩიქოვანის და რიჟვაძის ჭკუით დადიან,“ – აღნიშნა რეზო ხარაზმა.
„კონსულტაციის ერთადერთი ინიციატორი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“, რომელიც კომუნიკაციაზე საერთოდ არ გამოდის… მათი მხრიდან მხოლოდ ირონიულ-სარკასტულ ფრაზებს ვისმენთ, ამ ვითარებაში რთულია შეთანხმება შედგეს,“ – ამბობს ირაკლი კუპრაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“. მას უჭირს დაასახელოს კონკრეტული ფაქტორები, რაზეც შესაძლოა შეთანხმება შედგეს ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის.
შესაძლოა თუ არა ამ ვითარებაში პირიქით ოპოზიციის მხარდაჭერის მაჩვენებელმა იკლოს, რადგან „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ სწორედ ოპოზიციის მიზეზით ვერ იკრიბება საკრებულო?
„ოპოზიციამ ორჯერ მოვიწვიეთ სხდომა და არავინ მოვიდა „ქართული ოცნებიდან“. არც დამოუკიდებელი ირაკლი თავდგირიძე მოვიდა და შესაბამისად კვორუმი არ შედგა,“ – წინა თვეებს იხსენებს ირაკლი კუპრაძე და ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკურ მოტივაციაზე – ვინ რის გამო არ მიდის საკრებულოში. ირაკლი კუპრაძეს აქვს განცდა, რომ ამის დანახვა ამომრჩეველს არ გაუჭირდება.
„როცა აქამდე „ქართული ოცნება“ სხდომებს არ ესწრებოდა, მოტივაცია იყო ის, რომ ოპოზიციას არ ჩასთვლოდა გამარჯვება, ხოლო დღეს ოპოზიციის მოტივაცია არის ის, რომ უსამართლოდ წართმეულ არჩევნებს ვაპროტესტებთ. ჩვენ მოვიპოვეთ თანაფარდობა 19 / 16-ზე და გვეუბნებიან, რომ 18 / 17-ზეა… ამისთვის დასჭირდათ რამდენიმე მილიონის დახარჯვა, ადამიანების მოსყიდვა, მუქარა, შანტაჟი. ჩვენი მოტივაცია ნათელია: წინააღმდეგობას ვუწევთ უსამართლობას და ისინი რას უწევდნენ წინააღმდეგობას? ისინი უწევდნენ წინააღმდეგობას ხალხის ნებას, რომელიც იყო გამოხატული 19 მანდატში, ანუ აშკარა უმრავლესობაში, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ქმნიდნენ,“ – განმარტავს ირაკლი კუპრაძე.
„ჩვენ მზად ვართ არჩევნებისთვის, ერთ უბანში უფრო ადვილი იყო „ოცნებისთვის“ და ოქტომბერში სხვა მოცემულობა იქნება,“ – არჩევნებს დიდი ალბათობით უშვებს რეზო ხარაზიც, რომელიც ნაკლებად ელის კონსულტაციას და მით უფრო მოლაპარაკების შედეგით დასრულებას „ქართულ ოცნებასთან“.
რეზო ხარაზი „ოცნების ქალაქში“ გუშინ, 17 აპრილს, გამართულ აქციაზე მიუთითებს, სადაც 2 აპრილის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე 338-მდე პირი ჩაწერესერთ მისამართზე – ფრიდონ ხალვაშის გამზირის 188-ის მიმდებარედ. 2 აპრილის არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ საია სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილ უკანონობაზე საუბრობდა, ამ საქმეზე გამოძიებაც არ დაიწყო.
„უკვე გამოჩნდა, როგორ ასრულებენ დაპირებებს…“, – ამბობს რეზო ხარაზი და მერის კაბინეტთან პოლიციელების კორდონსაც ახსენებს.
„ჩვენ ვითხოვთ კითხვებზე პასუხს ქალაქისთვის და მერი გვახვედრებს პოლიციის კორდონს. ელემენტარულ საკითხებზე არ გვცემენ პასუხს…“ – დასძინა რეზო ხარაზმა.
„ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, ნუ შექმნიან კრიზისს ხელოვნურად“, – ამბობს აკაკი გვიანიძე. ის ბათუმის საკრებულოს წევრია გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“. ამ პოლიტიკურ გუნდში მიიჩნევენ, რომ ე.წ. „სენაკის სცენარით“ წასვლა კანონს არ არღვევს – სენაკში 23 თებერვალს ოპოზიციამ გახარიას პარტიიდან ირაკლი კაჭარავა აირჩია საკრებულოს თავმჯდომარედ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში გაასაჩივრა – მიიჩნია, რომ კვორუმი არ არსებობდა.
„რამაზ ჯინჭარაძეს შეუძლია მონაწილეობა ამ პროცესში და თუ 18 კაცი შეიკრიბება, ჩაატარონ სხდომა,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე. ის არ ეთანხმება, მაგალითად, საიას განმარტებას იმ ნაწილში, როცა თავად რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობისთვის არის საჭირო საკრებულოს მინიმუმ 18 წევრის შეკრება.
„თუ მათ უნდათ, რომ ჩვენთან ერთად ჩაატარონ და ვესწრებოდეთ სხდომას, საჭიროა მინიმუმ იმ პოლიტიკური ტერორიზმის და ტერორისტული აქტების შეწყვეტა, ვგულისხმობ ადამიანების გადაბირებებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, ვიცით ყველამ ხომ რაც მოხდა წალენჯიხაში გელა აბულაძის შემთხვევა, როცა ადამიანი მხოლოდ იმისთვის მისცეს პასუხისგებაში და დააკავეს, რომ ის ჩვენი პარტიის წევრია.
პოლიტიკური ტერორის შეწყვეტა იქნება ჩვენთვის იმის წინაპირობა, რომ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ იქ ყოფნას და მუშაობას აქვს აზრი. „ოცნება“ უნდა იყოს ღია კონსულტაციებისთვის და არ უნდა თვლიდეს, რომ ოპოზიცია როცა საუბრობს, ეს ძაღლის ყეფაა,“ – მიიჩნევს აკაკი გვიანიძე.
საკრებულოს წევრს ასევე ვკითხეთ, რამდენად რეალურია ამ კუთხით „ოცნებისგან“ პირობის მიღება: ხომ არ ნიშნავს „პოლიტიკური ტერორის შეწყვეტის დაპირება“ ერთგვარ აღიარებას – თუ პოლიტიკურ ტერორს ვწყვეტ, გამოდის, ტერორს ჩავდიოდი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.
„ეს პირველად არ გაუკეთებია „ქართულ ოცნებას“ და ამის კომპლექსი არ უნდა ჰქონდეს. „ოცნება“ ის პარტიაა, რომელმაც ნიკანორ მელია და რურუა გაათავისუფლა ციხიდან პოლიტიკური შეთანხმებით, აღიარა, რომ პოლიტიკური პატიმრები ჰყავდა, უგულავაც გამოუშვეს. არაერთ შემთხვევაში აღიარეს ეს ნაბიჯები და დამნაშავეებს პოლიტიკური იმუნიტეტი მისცეს მათი გაუთვლელი ნაბიჯებით. კარგად გვახსოვს ეს ისტორია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ აკაკი გვიანიძემ.
აკაკი გვიანიძის დაკვირვებით, „ოცნებას“ სურს, რომ კიდევ უფრო გააღრმაოს პოლარიზება. ამავდროულად აჩვენოს ამომრჩეველს, რომ არავისთან არ სურს თანამშრომლობა და არის თითქოს აბსოლუტური ძალის მატარებელი… თუ „ოცნება“ მოვა გონს და პროცესებს წაიყვანს ჯანსაღი დემოკრატიის გზით, განსაკუთრებით ახლა, როცა ევროკავშირის კითხვარში თვითმმართველობას აქვს ცენტრალური ადგილი, სხვა შემთხვევაში „ოცნება“ თავად დაზარალდება“.
„ოპოზიცია დაზარალდება ამით, თუ საკრებულო არ შეიკრიბება,“ – ბათუმის საკრებულოს ამბავზე ასეთია ირაკლი თავდგირიძის პოზიცია, რომელიც დამოუკიდებელი წევრია და საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან გახდა. ირაკლი თავდგირიძე ადასტურებს, რომ 12 აპრილის სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატებთან აღარ გამოჩნდა, რადგან „კვორუმი მაინც არ იყო“.
„ქალაქი უნდა გამოვიდეს ამ ჩიხური სიტუაციიდან“ – ქალაქის ინტერესებს იშველიებს ირაკლი თავდგირიძე, თუმცა მას შევახსენეთ, რომ არ გამოცხადდა საკრებულოში იმ ორ შემთხვევაში, როცა სხდომა ოპოზიციამ მოიწვია და ცნობილია, რომ საკრებულოში უმრავლესობა სწორედ ოპოზიციამ მოიწვია.
„ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰქონდა კონსტრუქციული დიალოგის მცდელობა. ოფიციალურად გამოვიდნენ და „ოცნება“ მეძახეს, მერე იმათ სხდომაზე მივსულიყავი? … ეს ორი ძალა ერთმანეთის საპირწონეა და არ ვიცი, რატომ აქვთ წარმოდგენა, რომ მე ასე მივალ და მხარს დავუჭერ. რამაზ ჯინჭარაძეს მხარს დავუჭერ იმიტომ, რომ ვენდობი პიროვნულად მის მიერ გაკეთებული საქმეების გამო… შესაძლოა, სხვასაც დავუჭირო მხარი, ეს შეთანხმების საგანია. თავის დროზე ოპოზიცია ვერ შეთანხმდა თავმჯდომარის კანდიდატზე… ეს ქუჩის მანიფესტები უნდა დავასრულოთ, ამის მომხრე ვარ მე,“ – გვითხრა ირაკლი თავდგირიძემ.
12 აპრილს, როცა საკრებულოს სხდომა არ შედგა, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, თენგიზ აფხაზავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იწყებს კონსულტაციებს. რატომ არ დაიწყო ამ დრომდე კონსულტაციები, ან რა რესურსი არსებობს შეთანხმებისთვის? – ვკითხეთ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, თუმცა საკრებულოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ამ ეტაპზე საუბარი არ სურთ.
მთავარი ფოტო: ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა, 3 დეკემბერი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, 18 აპრილს ბათუმში ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი გაუარესებულია.
ჰაერში მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი წვეთების ჩათვლით, ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – PM10 და PM2.5.
ორივე ეს მაჩვენებელი დღეს, 18 აპრილს, ცუდია:
„ატმოსფერულ ჰაერში 18 აპრილიდან ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება საქართველოს უმეტეს რაიონში. მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს პორტალზე.
ბათუმში ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის ხარისხი გაუარესებული იყო მარტის ბოლოსაც.
რა არის ამ ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყარო და რა გავლენა აქვს მას ჯანმრთელობაზე, იხილეთ ამ ბმულზე:
უკვე მეორე თვეა, ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის ფასად მუშაობენ უკრაინაში. მათ ემუქრებიან, იტაცებენ, აწამებენ, კლავენ. ამ ომს აშუქებს მსოფლიოს ყველა მედია, თუმცა რუსული აგრესიის მთავარი მემატიანეები მაინც ადგილობრივი რეპორტიორები არიან.
ამ ბრძოლაში უკრაინის მედიას წარმოუდგენელ სირთულეებთან უწევს გამკლავება. უპრეცედენტო საინფორმაციო ომში ჩართულებმა უნდა იზრუნონ ფიზიკურ გადარჩენაზე, აღჭურვილობაზე, მუშაობისთვის საჭირო რესურსებზე, რაც ამ პირობებში ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის შეუძლებელია.
სწორედ ამიტომ, ონლაინგამოცემა The Fix -მა შექმნა უკრაინული მედიის მხარდამჭერი კოალიცია და მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების დასახმარებლად თანხების მოზიდვა მთელი მსოფლიოდან დაიწყო. ამ საერთაშორისო მხარდაჭერის ნაწილია გამოცემების – „ბათუმელების & ნეტგაზეთის“ კამპანიაც – „ვეხმარებით უკრაინულ მედიას“.
როგორ შეიქმნა ეს კოალიცია, რა საჭიროებები აქვს უკრაინულ მედიას, რატომაა ასე მნიშვნელოვანი მისი გადარჩენა და როგორ გააერთიანა რუსეთის სამხედრო აგრესიამ საერთაშორისო მედიასაზოგადოება უკრაინელი ჟურნალისტების გარშემო – „ბათუმელები“ კამპანიის ერთ-ერთ ორგანიზატორსა და The Fix Media-ს თანადამფუძნებელს, ზახარ პროციუკს ესაუბრა.
ზახარ, დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო ჩვენთვის. დავიწყოთ იმით, როგორც სინამდვილეში დაიწყო ყველაფერი. როდის და რა მომენტში მიხვდით, რომ ასეთი კამპანია იყო საჭირო? The Fixხომ თავადაც მედიაა, რომელსაც ომის ჟურნალისტიკასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონია.
დიახ, The Fix არის გამოცემა მედიაინდუსტრიაზე. ჩვენ ვმუშაობთ ლონდონსა და კიევში, მთელ ევროპაში. ჩვენი ფოკუსია ინოვაციები და გამომცემლების მხარდაჭერა. ამავე დროს, გამოცემას ძალიან ღრმა ფესვები აქვს უკრაინაში. გუნდის ნაწილი უკრაინელია, მე და კიდევ ორი ჩვენი თანადამფუძნებელი, უკრაინელები ვართ. მათ შორისაა დარია შევჩენკო, რომელიც ერთ-ერთ უმსხვილეს ინგლისურენოვან მედიას, Kyev Independent-ს ხელმძღვანელობს და ამ ომს აშუქებს. ამიტომაც, ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ უკრაინას და ძლიერი ემოციური და პროფესიული კავშირი გვაქვს ქვეყანასთან.
როდესაც ომი დაიწყო… თუმცა აქ უნდა ვთქვა, როდესაც ომის მეორე ტალღა დაიწყო, რადგან პირველი ჯერ კიდევ 2014 ში იყო, ჩვენ უკვე, ფაქტობრივად მზად ვიყავით, ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა, მზად ვიყავით, სწრაფად გვემოქმედა, რადგან წინასწარი დისკუსიაც გვქონდა ამაზე, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით ომის შემთხვევაში – როგორ უნდა მოგვეხერხებინა, რომ უკრაინაში მყოფი გუნდის წევრები უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ. ვმსჯელობდით იმაზე, როგორ შეგვეძლო ასეთ დროს იმ ჩვენი მეგობრებისა და კლიენტების დახმარება, რომლებიც ახლა უკრაინაში მუშაობენ.
ასე რომ, როდესაც რუსეთის სამხედრო აგრესია დაიწყო, ჩვენც დაუყოვნებლივ დავიწყეთ მუშაობა – მაშინვე გაკეთდა ქრაუდფანდინგის კამპანია GoFundMe-ზე. ეს არის ბრიტანული პლატფორმა და მედიის მხარდაჭერა დავიწყეთ.
უსაფრთხოება უპირველესია, თუმცა მედიას ასევე სჭირდება რესურსები იმისთვის, რომ იმუშაოს, ომი გააშუქოს, თუმცა არის უახლოესი მომავლის საჭიროებებიც. როგორ გადაანაწილეთ პრიორიტეტები?
ჩვენი მხარდაჭერა სამ ნაწილად, ეტაპად დავყავით: ერთი, ეს არის გადაუდებელი და სასწრაფო დახმარება, შემდეგ მოდის მოკლევადიანი და შემდეგ – გრძელვადიანი. პირველი ეხება იმას, რაც ახლა, ამ წუთში ყველაზე დროულად სჭირდება მედიას – დავიწყეთ პერსონალური თავდაცვის აღჭურვილობის შეტანა უკრაინაში. ამის ნაკლებობა ყოველთვისაა, სრულიად მზად ასეთი რამისთვის ვერავინ იქნებოდა. ასევე, მიკროგრანტები, ადგილობრივი და ნაციონალური მედიებისთვის, 2-3 ათასიანი გრანტები ეგრევე დასახარჯად, რადგან სჭირდებათ საწვავი, საკვები… პირველი ორი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ასეთი დახმარება სწრაფად და დროულად. ეს ნაწილობრივ ჩვენი რეზერვებიდანაც მოვახერხეთ და ნაწილი ქრაუდფანდინგით, ასევე, კრიტპო დონაციით. კრიპტო ძალიან მოხერხებული აღმოჩნდა, რომ სწრაფად მიგვეღო თანხები და დავხმარებოდით მედიას.
მნიშვნელოვანია დახმარება გადაადგილების საკითხშიც, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაში მათთვის, ვისაც საკუთარი სახლის დატოვება მოუწია.
ყველას ძალიან გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, თუმცა ის პრობლემები, რომელთა წინაშეც უკრაინის მედია აღმოჩნდა, ბუნებრივია, ომის დასრულებისთანავე ვერ გაქრება. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი მედიის მომავალს საფრთხე არ შეექმნას?
სწორედ ამისთვისაა კამპანიის მესამე ნაწილი, რომელიც გრძელვადიან მხარდაჭერას გულისხმობს. ვცდილობთ, ამ კამპანიაში მონაწილე 12 ნაციონალურ მედიასაშუალებას დავეხმაროთ, რომ თუნდაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში შეძლონ მუშაობის გაგრძელება, შევავსოთ მათი ბიუჯეტის დეფიციტი და დავრწმუნდეთ, რომ ეს გამოცემები ბაზარზე დარჩებიან.
ერთ-ერთი საკითხია გრანტების, პროექტების მიღება და მართვა. ამის გამოცდილება აქ ყველას არ ჰქონდა, როგორ დაწერონ პროექტები, ვის ელაპარაკონ, როგორ შეიტანონ და ა.შ. ამაშიც ვეხმარებით, ვისაც სჭირდება.
უნდა ითქვას, რომ უკრაინაში მედია ძირითადად კომერციულ სარეკლამო შემოსავლებზე დგას, ამაზე იყვნენ ორიენტირებულები და ამით ძლიერდებოდნენ. და როდესაც რაღაც ისეთი ხდება, როგორიც ომია, რეკლამა ეგრევე ქრება. მთელი სარეკლამო ბაზარი ჩამოინგრა და მედიის ნაწილმა, საკუთარი შემოსავლების თითქმის 99 პროცენტი დაკარგა.
2014 წელი ახსენეთ და ისიც, რომ მზად ვერავინ იქნებოდა ასეთი ხანგრძლივი და სასტიკი ომისთვის. და მაინც, რომ შეაფასოთ, ფინანსური მდგრადობის, კიბერუსაფრთხოების, თავდაცვითი აღჭურვილობის მიხედვით, რამდენად მომზადებული აღმოჩნდა უკრაინული მედია?
კარგი კითხვაა, რა თქმა უნდა. 100 პროცენტით მზად ვერასდროს იქნები. ვერც უკრაინის მედიაზე ვიტყვით ამას, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თავისთავად ომი რაღაც ახალი არ ყოფილა ჩვენთვის, ამიტომ ბევრი მედიასაშუალება, ასე თუ ისე მომზადებული შეხვდა ამ ვითარებას. ზოგს აღჭურვილობაც ჰქონდა, ჟურნალისტების ნაწილს კი ჰქონდა ფრონტის წინა ხაზზე მუშაობის გამოცდილება. თუმცა ამ მასშტაბის სამხედრო აგრესიას არავინ ელოდება. კი, ზოგიერთი ფიქრობდა და შიშობდა, მეც, მათ შორის, მაგრამ ხომ იცით, ერთია რაღაც დაუშვა გონებაში და მეორეა, გააკეთო ყველაფერი, რომ ამ სავარაუდო სცენარისთვის მზად იყო.
მთავარი, რისთვისაც უმრავლესობა მზად ვერ იქნებოდა, ეს ფინანსური საკითხია – არც ისე იოლია, იყო მდგრადი მედია უკრაინაში მშვიდობის დროსაც კი და ასჯერ უფრო რთულია ეს ომის დროს. ბევრი მედიასაშუალება, ძალიანაც რომ მოენდომებინა, ვერ იქნებოდა მომზადებული ამისთვის, ვერ ექნებოდათ იმდენი ფული გადადებული რეზერვში. ზოგს გაუთვალისწინებელ ვითარებაში წასასვლელი ადგილიც კი არ ჰქონდა. ვიტყოდი, რომ უფრო მომზადებულები იყვნენ, ვიდრე მოქალაქე იქნებოდა, მაგრამ ბევრისთვის მაინც უდიდესი შოკი იყო.
ძალიან შთამბეჭდავია კამპანიის მიღწევები – 2.7 მილიონი ევრო ჯამში, უკვე დაეხმარეთ 75 მედიასაშუალებას ქვეყნის მასშტაბით, 480 ათას ევროზე მეტის აღჭურვილობა შეიძინეთ. მოგვიყევით დონორებზეც. ვინ არიან ისინი, მსხვილი კომპანიები თუ მოქალაქეები, უკრაინიდან თუ მთელი მსოფლიოდან?
იმით დავიწყებდი, რომ ძალიან გაოცებულები ვართ მხარდაჭერის იმ მასშტაბით, რასაც უკრაინის მედია მთელი მსოფლიოდან იღებს. როდესაც კამპანია დავიწყეთ, თანხების ნაწილი მივიღეთ სხვადასხვა ჯგუფისგან და კომპანიისგან, თუმცა GoFundMe-ზე ძირითადად ჩვეულებრივი ადამიანები რიცხავენ ფულს, უცხოელები. უკვე 15 ათასზე მეტი დონაცია გაკეთდა, რაც ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანია მზად თუნდაც 10-15 დოლარით დაეხმაროს უკრაინულ მედიას და ეს ნამდვილად გასაოცარია. ბევრად ნაკლებს ველოდით.
The Fix-ის უპირატესობა, კამპანიის დასაწყისში, იყო ის, რომ ჩვენ კარგად ვიცნობდით უკრაინულ ბაზარსაც და ევროპულსაც და მალევე შევძელით კავშირების, კონტაქტების მოძებნა. დავიწყეთ გამომცემლებისა და მედიაზე მომუშავე ორგანიზაციების გაერთიანება ამ საერთო იდეის გარშემო. მართლა უდიდესი მხარდაჭერა მივიღეთ სხვადასხვა ქვეყნიდან, Axel Springer-მა შემოგვწირა ნახევარი მილიონი აღჭურვილობისთვის, კამპანიაში ჩაერთნენ ისეთი გამოცემები, როგორებიცაა The Guardian, The Local, ასე 15-მდე გავლენიანი მედიასაშუალება. როგორც ფინანსურად და აღჭურვილობით გვეხმარებიან, ისე კამპანიას აშუქებენ. აგრეთვე, უნდა ვთქვათ, მედიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების ძალიან სერიოზულ მხარდაჭერაზეც, ფონდი „ღია საზოგადოება“, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი. ვრცელი სიაა.
დარწმუნებული ვარ, ომის დასრულების შემდე, უკრაინის მედია კიდევ უფრო დიდ და გრძელვადიან მხარდაჭერას მიიღებს საერთაშორისო დონორებისგან. თქვენ აღნიშნეთ, რომ საზოგადოებისგან ამხელა მხარდაჭერას არ ელოდით, მედიისგან ელოდით ამგვარ სოლიდარობას?
ბუნებრივია, ვიცოდით, რომ მედიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციები დაგვეხმარებოდნენ. მათ 2014-შიც გააკეთეს ეს, მაგრამ ნამდვილად არ ველოდით ასეთ დიდ მხარდაჭერას მედიაორგანიზაციებისგან და მოქალაქეებისგან. ძალიან ბედნიერები ვართ ამით.
ვხედავთ, რომ ხალხი მუდმივად გამოხატავს სოლიდარობას უკრაინელების მიმართ – რიცხავენ ფულს ჰუმანიტარული მიზნებისთვის, არმიისთვის და ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მზადაა მედიასაც დაეხმაროს. მედიას ხომ უდიდესი როლი აქვს ომის დროს. სწორედ მედიის წყალობით ხედავენ ადამიანები ომს. აგერ, რა ხდება რუსეთში დამოუკიდებელი მედიის გარეშე – ადამიანები ძალიან შორს არიან რეალობისგან.
მთელი უკრაინა მოწმეა ამ ომში, მაგრამ მედია მაინც განსხვავებული მოწმეა. მას თავისი კადრებით, ამბებით შეუძლია ის, რაც არ შეუძლია სხვას – დოკუმენტირება. ეს მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ხალხი ამას ხედავს და აფასებს?
ესაა ზუსტად რაც გვინდა, რომ ავხსნათ – რომ ტიკ ტოკის ეპოქაში, როდესაც ყველას აქვს კამერა, რატომაა მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი და პროფესიონალური მედიის არსებობა. მისი მნიშვნელობა მართლაც შეუფასებელია. ომის დროს, უზარმაზარ საინფორმაციო ნაკადში, ადამიანებს ძალიან უჭირთ სიმართლის პოვნა, ყალბი ამბების ნამდვილისგან გარჩევა.
კარგი რეპუტაციის მქონე და პროფესიული სტანდარტის დამცველი მედიის საქმე მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება არაა, არამედ მისი გადამოწმებაც და დადასტურებაც.
ცალკეა კიდევ ფრონტის წინა ხაზზე მომუშავე ჟურნალისტები. მედიას, რომელსაც ეს გამოცდილება აქვს, შეუძლია ექსკლუზიური და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოყოლა, იქიდან და ისე, როგორც არ შეუძლია სხვას.
ომამდე უკრაინული მედია იყო ძალიან მრავალფეროვანი, უკრაინის მედიაბაზარი კი – ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონში. უამრავი ახალი კომპანია ჩნდებოდა, მომგებიანი, დამოუკიდებელი, ჯანსაღი ორგანიზაციები. ბაზარი იზრდებოდა. 2020 წლიდან უკრაინულმა მედიამ აქტიურად დაიწყო კონტენტის გაყიდვაც, გამომცემლებმა დაინახეს, რომ შემოსავლების მიღება მხოლოდ რეკლამიდან კი არა მკითხველებისგანაც შეიძლება. ჩვენი კომპანიაც ამით იყო დაკავებული, რომ ეხმარებოდა ამ ყველაფერში მედიას. ამიტომაცაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ეს ბაზარი გადავარჩინოთ, პირველ რიგში გადავარჩინოთ სიცოცხლე, მაგრამ ამავე დროს გადავარჩინოთ კომპანიებიც, ორგანიზაციები, სამუშაო ადგილები.
როგორ ართმევთ თავს ლოგისტიკას? ომის პირობებში განსაკუთრებით გართულდებოდა ტვირთების გადაზიდვა, დანიშნულების ადგილამდე მიტანა.
პირადად მე არ ვხელმძღვანელობ ლოგისტიკის ნაწილს, თუმცა ვიცი და გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია. მთელი მსოფლიოს ფულიც რომ გქონდეს, შეიძლება არ იყოს საკმარისი, თუ ტრანსპორტირების, გადაზიდვის საკითხს ვერ მოაგვარებ. ეს პროცესი უფრო ნელა მიდის, ვიდრე ჩვენ გვინდა, თუმცა მაინც ვახერხებთ. აი, ახლახან შემოვიტანეთ აღჭურვილობა და საჭირო ნივთების ერთ-ერთი დიდი პარტია.
ბევრი დეტალი შემოდის, უნდა იცოდე ზუსტად, რა დოკუმენტები უნდა გქონდეს, ვინ არის ის კონკრეტული ადამიანი, ვისაც უნდა მიაკითხო და სხვ. ეს თუ არ იცი, ძალიან გაგიჭირდება.
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, ხომ არ არის რაიმე, რის დამატებაც გსურდათ დასრულებამდე?
ძალიან მადლობლები ვართ, რომ მონაწილეობთ ამ კამპანიაში. საქართველოს და უკრაინას ბევრი საერთო აქვს, რუსეთის თავდასხმების გამოცდილებაც მათ შორის. ამიტომაც ვიცით და გვჯერა, რომ თქვენ ნამდვილად კარგად გესმით ჩვენი. ასევე ქართულ მედიასაც. მადლობა მხარდაჭერისთვის.
აგრობარათებზე ქულების დარიცხვა და ამ ქულებით სარგებლობა იმავე პრინციპით მოხდება, როგორც წინა წლებში იყო. ამის შესახებ „ბათუმელებს“ სოფლის განვითარების სააგენტოში უთხრეს. პროგრამისთვის 35 მილიონი ლარია გამოყოფილი. მესაკუთრეები ვერ მიიღებენ თანხას, ისინი ისარგებლებენ მხოლოდ დარიცხული ქულებით [1 ქულა = 1 ლარი].
პროგრამაში ისევ „ლიბერთი ბანკი“ იქნება ჩართული. ქულები დაერიცხებათ აგრობარათის მფლობელებს. ხოლო ისინი, ვისაც აგრობარათი არ აქვთ, მაგრამ აქვთ შესაბამისი მიწის ნაკვეთი, მომდევნო კვირიდან [26 აპრილის შემდეგ] შეძლებენ ბარათის აღებას ბანკში. აგრობარათებზე ქულების დარიცხვაც მომდევნო კვირაში დაიწყება.
„პროგრამა დღეს დამტკიცდა და აღდგომის დღესასწაულების შემდეგ ყველა ლოჯისტიკური საკითხი მოგვარებული იქნება“, – გვითხრეს სააგენტოში. აღდგომა 24 აპრილსაა.
სააგენტოს ინფორმაციით, აგრობარათებზე დარიცხული ქულებით სარგებლობის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.
„სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით და მას მიიღებენ 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები. სუბსიდია ბენეფიციარებს დაერიცხებათ ქულების სახით აგრობარათზე და შეუძლიათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად მხოლოდ“, – ეს განცხადება დღეს, 18 აპრილს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
ანუ ქულები დაერიცხება მიწის იმ მესაკუთრეს, რომელიც 2 500 კვ/მ ან მეტ ფართობს ფლობს, ოღონდ მაქსიმუმ 12 500 კვ/მეტრის ჩათვლით. პირი, რომელსაც 2 500 კვ/მ-ზე ნაკლები ან 12 500 კვ/მ-ზე მეტი ფართობის მიწა გააჩნია საკუთრებაში, ის ამ სუბსიდიით ვერ ისარგებლებს .
მაგალითად, 2 500 კვ/მ მიწის ნაკვეთზე დაირიცხება 75 ლარი, 3 000 კვ/მ ნაკვეთზე – 90 ლარი, მაქსიმუმ 12 500 კვ/მ ნაკვეთზე კი – 375 ლარი.
ამასთან, თუ მაგალითად, მიწის ნაკვეთს, რომელზეც გაიცემა სუბსიდია, 2, 3 ან მეტი თანამესაკუთრე ჰყავს, სუბსიდია[ქულები] ყველა თანამესაკუთრეზე გადანაწილდება.
სოფლის განვითარების სააგენტოში ასევე გვითხრეს, რომ აგრობარათების მფლობელები იგივე სპეციალიზებულ მაღაზიებში შეიძენენ შესაბამის საქონელს, სადაც ადრე ყიდულობდნენ.
ბარათზე დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება შემდეგი საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.
რაც შეეხება აგრობარათით საწვავის ან დახვნის მომსახურების შესყიდვას, ეს შესაძლებელი არ იქნება.
თუმცა აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია პროგრამა, რომელიც აჭარის მუნიციპალიტეტებში მიწის უფასოდ დახვნას ითვალისწინებს. „აგროსერვისცენტრის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა სახელმწიფო შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიამ“, რომელთანაც ხელშეკრულება 752 405 ლარზეა გაფორმებული.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამუშაოები დაწყებულია და პროგრამის ფარგლებში მიწის დახვნის მსურველებმა შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებს ან ადგილებზე აგროსერვისცენტრებს უნდა მიმართონ.
აგრობარათებზე ქულები ბოლოს 2020 წელს დაირიცხა. პროგრამა მაშინ 2 500 კვ/მ-დან 10 ჰექტრამდე ნაკვეთებისთვის გაიცემოდა. თუმცა 1.25 ჰა-დან 10 ჰა-მდე და მეტი ფართობის მიწის მესაკუთრეებს ქულების გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც სასოფლო-სამეურნეო საქონლის, ასევე ხვნის მომსახურების შესაძენად.
2022 წლის თებერვალში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აგრობარათების პროგრამის ხელახლა ამოქმედებისა და შესაბამისად, ბარათებზე ქულების დარიცხვის საკითხი არ განიხილებოდა.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარა, ფაქტობრივად, ერთადერთი რეგიონია საქართველოში, სადაც მიწის რეფორმა არ ჩატარებულა. 2022 წლის ივლის-აგვისტოში კი სახელმწიფო აჭარაში მიწის უფასო რეგისტრაციას იწყებს.
რეგისტრაცია რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის 12 თემში და მათში შემავალ სოფლებში ეტაპობრივად განხორციელდება და 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
შუახევში, სოფელ კობალთაში მცხოვრებმა ადამიანებმა დღეს, 18 აპრილს, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ დეტალური კვლევების ჩატარებას იმისთვის, რომ დადგინდეს: რატომ ვითარდებას პერიოდულად მეწყერი გზაზე, სადაც სკოლის მოსწავლეები დადიან? რატომ გაქრა წყალი სოფელში მას შემდეგ, რაც ჰესი ამუშავდა და იკლო მოსავლიანობამ?
„30 კომლი ვართ და 90 კაცი იყო აქციაზე, შინ არავინ დარჩა,“ – ამბობს თედო თავდგირიძე, რომელიც სოფელ კობალთაში ცხოვრობს და შუახევის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
თედო თავდგირიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მეწყერი ხშირად კეტავს გზას და ქმნის საფრთხეს.
„მეწყერი, ცხადია, არაპროგნოზირებადია, არ იცი, როდის, რა მოხდება… ბევრჯერ ჩაკეტილა გზა. წყალი ახლა შედარებით არის, მაგრამ ზაფხულში მანქანებით მოაქვთ ადამიანებს წყალი, წყაროები დაშრა, მოსავლიანობამაც იკლო,“ – გვიყვება თედო თავდგირიძე.
„ეს ადამიანები ითხოვენ არა ბინებს და გასახლებას, არამედ იმას, რომ სადაც ცხოვრობენ, იქ მიეცეთ საშუალება იცხოვრონ მშვიდად. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ საჭირო იყო კვლევების ჩატარება, მაგრამ არ ჩაატარეს და შედეგები ვიწვნიეთ დღეს,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე ორგანიზაციიდან „ადამიანის უფლებებისთვის“.
ის კობალთაში აქციის მონაწილეებს ორგანიზებაში დაეხმარა.
თედო თავდგირიძე აღნიშნავს, რომ 2017 წელს, როცა შუახევში ჰესი ამოქმედდა, გეოლოგებმა იმუშავეს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.
„იმავე წელს, როცა ჰესი ამუშავდა, სოფელში მეწყერი ჩამოწვა… გეოლოგებმა იმუშავეს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება. ჩვენ გვჭირდება დეტალური ანალიზი და კავშირი საფრთხეებთან, კომპლექსური შესწავლაა საჭირო, ჰესის ერთი გვირაბი ჩვენი სოფლის ქვეშ გადის. ბუნებრივია, არსებობს მოსაზრება, რომ ეს პრობლემები უკავშირდება ჰესს,“ – დასძინა თედო თავდგირიძემ.
„ბათუმელები“ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციას მის მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 19 აპრილს საღამოს 9 საათიდან 20 აპრილის დილის 7 საათამდე რიკოთის საავტომობილო გვირაბი ჩაიკეტება.
ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 19 აპრილის 21:00 სთ-დან 20 აპრილის 07:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების 2022 წლის გამოცდებზე 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.
საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, 12 500-ზე მეტმა კი წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა აირჩია.
ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს ყველა მსურველს უფლება ჰქონდა აერჩია მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. „ამასთან, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილე დამატებით ვერ აირჩევდა საგნის გამოცდას.
საგნის გამოცდაში მონაწილეობა არ იყო შეზღუდული, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება კი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს ჰქონდა“.
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, არაქართულენოვან მასწავლებლებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა ჩაებარებინათ მშობლიური ენის გამოცდა. მათთვის ტესტები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადდა.
470-მდე მასწავლებელი დარეგისტრირდა სომხური ენის გამოცდაზე, 380-მდე კი – აზერბაიჯანული ენის გამოცდაზე.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედისა და ხულოს აბონენტების ნაწილს.
ხელვაჩაურში ელექტროენერია გაითიშება 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით შემდეგ სოფლებში: ფერია, მნათობი, განთიადი, კაპრეშუმი, წინსვლა და მიმდებარე სოფლები. დენი ასევე გაითიშება ურეხისა და მახინჯაურის დასახლებების ნაწილში.
ქობულეთში ელექტროენერია მონაცვლეობით გაითიშება 14:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში შემდეგ სოფლებში: აჭყვისთავი, ალამბარი, ჩაისუბანი, ჩაქვისთავი და მიმდებარე სოფლები. ასევე დაბა ჩაქვის ნაწილში.
ქედაში დენი გაითიშება მონაცვლეობით 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში შემდეგ სოფლებში: კვაშტა, ვაიო, კუჭულა, მერისი, კოლოტაური, ცხემნა და მიმდებარე სოფლები.
ხულოში დენი გაითიშება მონაცვლეობით 10:30-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, შემდეგ სოფლებში: ქვემო ვაშლოვანი, კორტოხი, პაქსაძეები, ჩაო და ვაშლოვანი.
გერმანიის სამედიცინო ასოციაციამ დაიწყო იმ ექიმების განაცხადების მიღება, რომლებიც მზად არიან უკრაინაში იმუშაონ. ორგანიზაციამ უკვე მიიღო 1100-ზე მეტი განაცხადი.
1100-ზე მეტმა ექიმმა განაცხადა, რომ მზად არის დაზარალებულებისთვის დახმარების გასაწევად უკრაინაში ან მის მეზობელ ქვეყნებში წავიდეს – წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“.
„ეს რიცხვი აჩვენებს, თუ რამდენად დიდია სამედიცინო მუშაკების სოლიდარობა უკრაინის მოქალაქეების მიმართ,“ – ამბობს კლაუს რაინჰარდტი, გერმანიის სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი.
უკრაინაში მცხოვრებთა დახმარების მსურველი ექიმები ასოციაციის სპეციალურ პორტალზე რეგისტრირდებიან. ორგანიზაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანიის ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, ასევე, უკრაინისა და მეზობელი ქვეყნების საელჩოებთან იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ გერმანელ ექიმებს ომში დაზარალებული უკრაინელების დახმარება.
„როგორც კი მთავრობა გამოაცხადებს, რომ ექიმები საჭიროა საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიების ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ დახმარება საკმარისი რაოდენობით“, – ამბობს კლაუს რეინარდი.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად უკრაინაში 230 უცხოელი ექიმი მუშაობს, მათ შორის არიან ქართველი ექიმებიც.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 18 აპრილს, საღამოს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში შესაძლებელია სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ხანმოკლე ძლიერი ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით.
შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 61 წელს გადაცილებული 1 251 ადამიანი, მათგან 378 კაცი და 873 ქალი. 2022 წლის იანვარ-თებერვალში კი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 61 წელს გადაცილებული 27 კაცი და 64 ქალი.
ხანდაზმულებზე ძალადობა მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას არ გულისხმობს, იგი მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე სექსუალურ, ფსიქოლოგიურ/ემოციურ ძალადობას; ასევე ეკონომიკურ ძალადობას, ხანდაზმულის საჭიროებების უგულებელყოფას, მისთვის ღირსების შელახვას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში წერს, რომ საქართველოში ხანდაზმულები მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან და სიღარიბის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა. ისინი ხშირად დამოკიდებულები არიან სოციალურ დახმარებასა და პენსიაზე, ცხოვრობენ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში.
ჯანმო: ხანდაზმულთა ძალადობის მაჩვენებლები გაიზარდა COVID-19 პანდემიის დროს.
2021 წლამდე შს სამინისტრო არ აწარმოებდა ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის სტატისტიკას. იგი გაერთიანებული იყო 45 წელს გადაცილებულ პირთა ძალადობის სტატისტიკასთან, რაც, ბუნებრივია, ვერ ასახავდა ზუსტ მონაცემებს.
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ოჯახში ხანდაზმულ პირებზე ძალადობა ძირითადად ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ხასიათისაა. თავს იჩენს კიდევ ერთი ტენდენცია – ხანდაზმულ პირებზე არ ზრუნავენ და არ იჩენენ ყურადღებას მათ მიმართ.
ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდ სტარუხმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოებას, პოლიტიკოსებსა და ოფიციალურ პირებს ოლეგ ბურიაკის შვილის მოძებნაში დახმარებას სთხოვს.
„ეს დანაშაული მაქსიმალურ საჯაროობას ითხოვს. ცივილიზებულ საზოგადოებაში, 2022 წელს, ასეთი რამ შეუძლებელია ხდებოდეს, მაგრამ რუსეთის არაადამიანურობას საზღვარი არ აქვს. ოლეგ ბურიაკის 16 წლის ვაჟი გაიტაცეს. ის ვასილიევკის საგუშაგოდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ჩვენთვის მისი ბედი უცნობია“, – ამბობს ალექსანდრ სტარუხი ვიდეომიმართვაში.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, შემთხვევა 8 აპრილს, 11:22 საათზე მოხდა.
„ბავშვი ოკუპანტების საგუშაგოდან მაშინ გაიტაცეს, როდესაც საევაკუაციო კოლონა მელიტოპოლიდან ზაპოროჟიესკენ მიემართებოდა“, – განაცხადა გერაშჩენკომ.
მამის, ოლეგ ბურიაკის თქმით, ავტომანქანას, რომელშიც 16 წლის ვლადი იჯდა, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში არ ატარებდნენ, შემდეგ კი ყველა გაუშვეს მისი ვაჟის გარდა. თვითმხილველებმა, რომლებიც იმ დროს საგუშაგოზე იმყოფებოდნენ, მამას უთხრეს, რომ რუს სამხედროებს ბავშვის გათავისუფლებას სთხოვდნენ, თუმცა ამაოდ. ზაპოროჟიეს რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ ბურიაკი ამბობს, რომ შვილის ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი იცის.
უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინა, რომის პაპს მიმართავს და მარიუპოლში მყოფი ხალხის გადარჩენას სთხოვს.
წერილს უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ აქვეყნებს.
„თქვენო უწმინდესობავ,
მე კათოლიკე არ ვარ, მართლმადიდებელი ვარ. მე ღმერთის მწამს და ვიცი, რომ ნათელი ყოველთვის იმარჯვებს ბნელზე.
მე არ მინახავს მსოფლიოსადმი თქვენი მიმართვები და არც თქვენი ბოლო განცხადებები წამიკითხავს. მე უკვე 50 დღეზე მეტია ომში ვარ და ერთადერთი, რისთვისაც დრო მაქვს, ეს გამალებული ბრძოლაა მტრის მიერ ალყაშემორტყმული ქალაქის თითოეული მეტრისთვის.
მე მეომარი ვარ, ოფიცერი, რომელმაც თავის ქვეყანას ერთგულება შეჰფიცა და მე მზად ვარ, ბოლომდე ვიბრძოლო – იმის მიუხედავად, რომ მტერი უფრო მრავალრიცხოვანია, იმის მიუხედავად, რომ ფრონტზე არაადამიანური პირობებია, იმის მიუხედავადაც, რომ გამუდმებული საარტილერიო და სარაკეტო შეტევების ქვეშ ვართ და არასდროს გვაქვს საკმარისი წყალი, საკვები და მედიკამენტები.
თქვენ ალბათ ცხოვრებაში ბევრი რამ გინახავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ გინახავთ ის, რაც ახლა მარიუპოლში ხდება, რადგან სწორედ ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე.
მე ცოტა დრო მაქვს საიმისოდ, რომ ყველა ის საშინელება აღვწერო, რასაც ყოველდღე ვხედავ. ქარხნის ბუნკერებში ცხოვრობენ ქალები ბავშვებით, ჩვილებით. შიმშილსა და სიცივეში. მტრის ავიაციის სამიზნეებად ქცეულნი. ყოველდღიურად კვდებიან დაჭრილები, რადგან მედიკამენტები არაა, არც წყალია, არც საკვები.
დახმარებისთვის მოგმართავთ, რადგან დადგა დრო, როდესაც მხოლოდ ლოცვა ვეღარ კმარა. გადაარჩინეთ ისინი. დრამატული თეატრის დაბომბვის შემდეგ აღარავის დარჩა რუსი ოკუპანტების ნდობა. გააგებინეთ სიმართლე მსოფლიოს, დაეხმარეთ ხალხს ევაკუაციაში და დაიხსენით მათი სიცოცხლე სატანის კლანჭებიდან, რომელსაც სურს დაწვას ყველაფერი ცოცხალი“.
მარიუპოლი პირველი მარტის შემდეგ ალყაშია, რუსეთის სამხედრო ძალები გამუდმებით უტევენ ქალაქს და მის აღებას ცდილობენ.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მარიუპოლის უკრაინელი დამცველების დასახმარებლად. მან ასევე დასძინა, რომ მარიუპოლის უკრაინელი დამცველების განადგურებამ შესაძლოა წერტილი დაუსვას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას.
17 აპრილს გენშტაბმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის არმია, სავარაუდოდ, მარიუპოლში საზღვაო სადესანტო ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება.
უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მოვალეობას გიზო უგლავა შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
„უნიანის“ ცნობით, მას შემდეგ, რაც უწყების ხელმძღვანელს არტემ სიტნიკს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, დირექტორის მოვალეობის შესრულება გიზო უგლავას დაეკისრა.
არტემ სიტნიკი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად კონკურსის შედეგად 2015 წელს დაინიშნა.
აქამდე გიზო უგლავა ანტიკორუფციულ ბიუროში დირექტორის მოადგილე იყო.
ის ამ პოზიციაზე 2015 წელს დაინიშნა.
გიზო უგლავა 2011-2012 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო.
რუსული ტექნოლოგიური მედიაგამოცემა „კაბელშიკი” წერს, რომ რამდენიმე დღეა რუსული ოპერატორები იღებენ შეტყობინებებს კორპორაცია Paramount-ისგან, რომ მისი არხების ქვეყანაში დაიხურება 20 აპრილიდან.
დაახლოებით ერთი თვის წინ კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო ამ ფორმით შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
რუსულ მაუწყებლობას ტოვებს კინოარხი Paramount Channel-ი, გასართობი Paramount Comedy, საბავშვო არხები – Nickelodeon-ი, Nickelodeon HD-ი, NickToons-ი და Nick Jr. ამასთანავე რუსეთში მაუწყებლობას შეწყვეტს MTV-ს ყველა მუსიკალური არხი: MTV Russia, MTV Live HD, MTV 80s-ი, MTV 90s-ი, MTV 00s-ი.
Nickelodeon Россия ― რუსული სპეციალიზებული საბავშვო არხია, რომელიც ამერიკული ტელეარხი Nickelodeon-ის ლოკალური ვერსიაა, იგი რუსეთში 1998 წლის 15 ნოემბრიდან მაუწყებლობს. ამავე წლიდან მაუწყებლობს MTV-ს რუსული ვერსია.
Paramaunt-მა „უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიის“ გამო თვეზე მეტი ხნის წინ შეაჩერა თავისი ფილმების დისტრიბუცია რუსეთის კინოთეატრებში.
საჯარო სკოლებში მოსწავლეების კომპლექსური ტიპის დავალებებით შეფასება იწყება. როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის რესურსცენტრში უთხრეს, შეფასება IV-IX კლასის ჩათვლით ჩატარდება.
„სადიაგნოსტიკო შეფასებას განათლების სამინისტრო ატარებს იმისთვის, რომ დავინახოთ რეალური სურათი. დავალებები როგორ არის შედგენილი, ვერ გეტყვით.
დავალებების შედეგები არ ფასდება ნიშნით და არც სემესტრულ ნიშნებზე აისახება“, – ამბობს ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე.
როგორც „ბათუმელებს“ საქართველოს განათლების სამინისტროში უთხრეს, მოსწავლე ყველა საგანში შეფასდება, გარდა მეორე უცხო ენისა და კომპიუტერული ტექნოლოგიებისა.
„ყველა საგნის მასწავლებელი თვითონ ჩაატარებს შეფასებას თავის საგანში. მოსწავლე შეფასდება კომპლექსური დავალებებით. ელექტრონულ ჟურნალში ცალკე სპეციალური გრაფა იქნება გამოყოფილი, სადაც მასწავლებლები ამ მონაცემებს შეიტანენ.
ეს მოკვლევა ტარდება სასწავლო დანაკარგების შეფასებისთვის. ამაში შედის, რა თქმა უნდა, პანდემიის პერიოდიც, რადგან მან თავისი დაღი დაასვა სასწავლო პროცესს მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენთანაც. ამიტომ საგანმანათლებლო დანაკარგები უნდა შეფასდეს, რომ შემდეგ დაიგეგმოს, როგორ უნდა წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.
კლასში, ვთქვათ, 29 მოსწავლიდან ვიღაც სუსტია, ვიღაც უფრო ძლიერი – ამ სურათს მასწავლებელს აძლევს დიაგნოსტიკური შეფასება. შემდეგ მან იცის, რომელ მოსწავლეს რა უნდა შეუვსოს, როგორ დაუგეგმოს ინდივიდუალურად სწავლა-სწავლების პროცესი“, – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ჯგუფში.
კომპლექსური ტიპის დავალებებით შეფასება, სავარაუდოდ, ერთი კვირის შემდეგ დაიწყება საჯარო სკოლებში.
სადიაგნოსტიკო შეფასებაზე განათლების სამინისტრომ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლებში საატესტატო გამოცდები გაუქმდა.
_________________
გასულ წელს საქართველოს სკოლების ნაწილი მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2021-შიც ჩაერთო. გასული წლის აპრილში საპილოტე ტესტირება ჩატარდა, წელს, მაისში კი, ძირითადი ტესტირებების ჩატარება იგეგმება.
PISA-ს კვლევა მიზნად ისახავს 15 წლის მოსწავლეების კომპეტენციების შეფასებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში; შემოწმებას, თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა ის ძირითადი ცოდნა და უნარები, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ინდივიდის სრულფასოვანი მონაწილეობისათვის.
გერმანიაში რამდენიმე ფედერალური მიწის პოლიცია და პროკურატურა იძიებს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერისა და გამართლების 140-ზე მეტ საქმეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“, Redaktionsnetzwerks Deutschland მედიაჯგუფის გაზეთებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქმეების უმეტესობა რუსული მილიტარიზმისა და თავდასხმის სიმბოლოდ ქცეული Z-ის გამოყენებას ეხება.
Z-ის საჯარო ადგილებში გამოჩენა ექვემდებარება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე მათთვის, ვინც „წაახალისებს ან სხვაგვარად… ამართლებს საჯაროდ, შეკრებებზე ან წერილობითი მასალების გავრცელებით“ უკანონო ქმედებებს.
საქსონია-ანჰალტში ამ მუხლით 19 საქმე აღიძრა Z-ის გამო, ჰამბურგში – 17, აქედან 16 ასევე ეხება ამ სიმბოლოს.
გერმანიის ყველაზე დასახლებულ მიწაზე, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამართლება/მხარდაჭერის გამო 37 საქმეს იძიებენ, მათგან 22 ასევე Z-ის დემონსტრაციას უკავშირდება – წერს „დოიჩე ველე“.
ზოგიერთი რეგიონი, მაგალითად, ბავარია, არ აწარმოებს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის მხარდაჭერის შემთხვევათა სტატისტიკას, მაგრამ ირწმუნებიან, რომ იღებენ ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც ეჭვმიტანილია ამ დანაშაულებში.
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან გერმანიის რიგ ქალაქებში პრორუსული აქციები გაიმართა, რომელთა მონაწილეები ქუჩებში რუსეთის ფედერაციისა და საბჭოთა კავშირის დროშებით გამოვიდნენ.
___________________________________
მთავარ ფოტოზე პრორუსული დემონსტრაცია გერმანიაში, 10 აპრილი, 2022. წყარო: Tass
„უბრალოდ არ იტირო ან ინერვიულო, კარგი?“ – ეს აუდიოშეტყობინება 12 წლის კირა ობედინსკიმ ბაბუას გამოუგზავნა რუსეთის კონტროლირებადი ტერიტორიიდან. შემდეგ კი თავად ვერ შეძლო ცრემლის შეკავება: „რატომღაც მინდა ვიტირო, იმდენი ხანია არ მინახიხარ, რომ მინდა ვიტირო“, – ისმის ბავშვის მეორე აუდიოშეტყობინებაში, რომელსაც CNN-ი აქვეყნებს.
კირას დედა წლების წინ გარდაიცვალა, როდესაც ის ჯერ კიდევ პატარა იყო. მამა, ევგენი ობედინსკი, უკრაინის წყალბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, რუსმა სამხედროებმა 17 მარტს, დისტანციიდან სროლით მოკლეს, როდესაც მარიუპოლში შესვლისთვის იბრძოდნენ.
ევგენის მეგობარმა გოგონამ კირასთან ერთად მარიუპოლიდან ფეხით გაქცევა სცადა, რა დროსაც ვიღაცამ ნაღმს დააბიჯა ფეხი და აფეთქების შედეგად 12 წლის გოგონა დაშავდა. დაჭრილი კირა რუსებმა სეპარატისტული მთავრობის მიერ კონტროლირებადი დონეცკის რეგიონში, ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ის ახლა რუსული საინფორმაციო ომის უნებლიე მონაწილეა.
რუსული მედია ავრცელებს კირას ვიდეოებს, რომლებზეც იგი თავისი ისტორიის ეპიზოდს ჰყვება. მაგალითად, იმაზე, თუ რატომ გამოიქცა მარიუპოლიდან – რომ სროლები და დაბომბვა არ წყდებოდა. მოსკოვის პროპაგანდისტული კამპანია ამტკიცებს, რომ კირა არათუ ტყვეა, არამედ ის რუსმა სამხედროებმა იხსნეს.
ერთ-ერთ ვიდეორეპორტაჟში ჩანს დაობლებული და აფეთქებისას დაშავებული გოგონა როგორ ჰყვება სიხარულით, რომ დილით ბაბუასთან დარეკვის საშუალება მიეცა. რუსი ჟურნალისტი ამას უწოდებს მტკიცებულებას, რომ გოგონა არ არის გატაცებული, ის კარგადაა და უკრაინის ბრალდებები „სიყალბეა“. რუსულ მედიაში არ გაშუქებულა კირას აუდიომიმოწერა ბაბუასთან, ოლექსანდრე ობედინსკისთან, რომელიც შიშობს, რომ შვილიშვილს ვეღარასდროს ნახავს.
კირას ისტორია CNN-მა გამოიძია, ისევე როგორც რუსეთის მტკიცება, რომ მარიუპოლიდან და უკრაინის სხვა ტერიტორიებიდან უკრაინელი ხალხი ნებაყოფლობით გაჰყავს, რასაც ოფიციალური კიევი გატაცებას უწოდებს.
როგორც ოლექსანდრემ CNN-ს უთხრა, დონბასის სეპარატისტულმა მთავრობამ შვილიშვილის სანახავად და მასზე მეურვეობის მისაღებად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიწვია. როგორც ოლექსანდრე ამბობს, მიმდინარე ომის პირობებში ამის გაკეთება შეუძლებელია. მას უთხრეს, რომ საბოლოოდ კირას რუსეთში, ობოლთა თავშესაფარში გააგზავნიან.
რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრის გასწვრივ 60 000 უკრაინელს დაეხმარა სამშვიდობოს გასვლაში. უკრაინის მთავრობა კი ამბობს, რომ 40 000-ზე მეტი ადამიანი წაიყვანეს მათი ნების წინააღმდეგ, რასაც ოფიციალური კიევი გატაცებასა და იძულებით დეპორტაციას უწოდებს.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ 433 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა რუსეთში 24 თებერვლის – მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ათასობით ადამიანი იძულებით იქნა დეპორტირებული რუსეთის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა დაბლოკეს უსაფრთხო გადასასვლელი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ევაკუირებული ადამიანები კი თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს რუსეთის შორეულ ტერიტორიებზე.
CNN-თან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი მარიუპოლიდან ხალხის რუსეთში წასვლის იძულებაში დაადანაშაულა:
„რამდენიმე ათასი, ათიათასობით [ადამიანი] იძულებული გახდა ევაკუირებულიყო რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. ჩვენ არ ვიცით, სად არიან, მათ არანაირი კვალი არ დატოვეს. მათ შორის არის რამდენიმე ათასი ბავშვი. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რა დაემართათ მათ. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სამწუხაროდ, ამის შესახებ ინფორმაცია უბრალოდ არ არის,“ – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთი უარყოფს ოფიციალური კიევის ბრალდებებს და აცხადებს, რომ უკრაინა ხელს უშლის ხალხის რუსეთში „ევაკუაციის“ ძალისხმევას.
ომამდე – კირა მამასთან და ბაბუასთან ერთად
CNN თქმით, მარიუპოლში მცხოვრებთა და მათ ახლობლებთან ჩატარებული ათი ინტერვიუდან ირკვევა, რომ მათ მხოლოდ ორი არჩევანი ჰქონდათ: წასულიყვნენ რუსეთში ან მომკვდარიყვნენ. ბევრი რესპონდენტი აღწერს, რომ რუსი და დონეცკის სეპარატისტული მთავრობის ჯარისკაცები ჩადიოდნენ თავშესაფრებში, სადაც ხალხი ბომბებს ემალებოდა და სთხოვდნენ სასწრაფოდ დაეტოვებინათ იქაურობა. არავინ იცოდა, სად მიჰყავდათ ისინი.
როგორც CNN წერს, უკრაინელი და აშშ-ის ოფიციალური პირები, ასევე ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელ დამკვირვებლები აცხადებენ, რომ რუსი და სეპარატისტული ჯარები ამუშავებენ ათიათასობით უკრაინელ მოქალაქეს ეგრეთ წოდებული “ფილტრაციის ბანაკების” მეშვეობით, სადაც მათ ბიომეტრიული სკრინინგი უტარდებათ. მათ რუსეთში გაგზავნამდე ართმევენ ტელეფონებსა და დოკუმენტებს.
12 წლის კირას ბაბუას თქმით, რუსებმა გოგონასაც წაართვეს დოკუმენტები და თქვეს, რომ რუსეთში ახალ საბუთებს მოუმზადებდნენ.