მთავარი,სიახლეები

რუსეთი აცხადებს, რომ მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანაზე შეტევა დაიწყო

19.04.2022 • 1469
რუსეთი აცხადებს, რომ მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანაზე შეტევა დაიწყო

რუსული მედიის ცნობით, დღეს, 19 აპრილს, დილით, თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის სახალხო მილიციის (DPR) სამხედრო ჯგუფებმა ნაწილობრივ დაიწყეს შეტევა უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე.

ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აზოვსტალში გამაგრებულ მებრძოლებს მოსკოვის დროით 14:00 საათიდან დანებებისკენ მოუწოდებს, სანაცვლოდ კი სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.

ალყაშემორტყმულ მარიუპოლში, მეტალურგიული ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორიას, სამხედროების გარდა თავს აფარებს ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის არიან დედები ჩვილი ბავშვებით, მოხუცები, მოზარდები – ინფორმაცია ამის შესახებ CNN-ს გუშინ მიაწოდა მარიუპოლის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა მიჰაილო ვერშინინმა.

როგორც მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსმა CNN-ს უთხრა, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს არ უნდოდათ წასვლა, რადგან მათი გადარჩენის შანსი თავშესაფარში უფრო მეტი იყო მანამდე, სანამ რუსეთი საბოლოო ულტიმატუმს წამოაყენებდა. ერთადერთი, რაც ახლა მათ სურთ, ეს არის კორიდორის შექმნა, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს, მისცემს ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გასვლის საშუალებას.

„აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად ვერ შეძლო რუსულმა არმიამ. მათ ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებულ სამხედროებსა და სხვა პირებს 17 აპრილამდე დანებებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მასშტაბური ოპერაციით დაემუქრნენ. რუსეთის არმიის ულტიმატუმი უკრაინელმა სამხედროებმა უკუაგდეს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: