მთავარი,სიახლეები

რუსეთთან იმპორტ-ექსპორტი მარტში, თებერვალთან შედარებით, შემცირდა – საქსტატი

19.04.2022
რუსეთთან იმპორტ-ექსპორტი მარტში, თებერვალთან შედარებით, შემცირდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, შემცირებულია როგორც იმპორტი რუსეთიდან, ასევე ექსპორტი.

საქსტატის მონაცემებით, რუსეთიდან მარტის თვეში საქართველოში შემოტანილია 91,5 მილიონი აშშ დოლარის საქონელი, ხოლო თებერვლის თვეში შემოტანილი იყო 95,9 მილიონი დოლარის საქონელი.

ამავე მონაცემებით, იმპორტი რუსეთიდან მარტის თვეში გაზრდილია იანვართან შედარებით. მიმდინარე წლის იანვარში რუსეთიდან შემოტანილი იყო 85,9 მილიონი აშშ დოლარის საქონელი.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან რუსეთში მარტის თვეში გატანილია გაცილებით ნაკლები ღირებულების საქონელი, ვიდრე თებერვალში და ასევე, იანვარში.

მარტში რუსეთში გატანილი იყო 16,9 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია, ხოლო თებერვალსა და იანვარში, შესაბამისად, 50,1 მილიონი და 42,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი.

2022 წლის იანვარ-მარტში, მთლიანობაში, საქართველოში რუსეთიდან შემოტანილია 273,4 მილიონი აშშ დოლარის საქონელი, ხოლო გატანილია 109,8 მილიონი აშშ დოლარის.

საქართველოში ყველაზე მეტი პროდუქცია 2022 წლის სამ თვეში, ქვეყნების მიხედვით, შემოტანილია თურქეთიდან – 463,1 მილიონი აშშ დოლარის, ხოლო ამავე პერიოდში საქართველოდან ყველაზე მეტი პროდუქცია გატანილია ჩინეთში – 220 მილიონი აშშ დოლარის.


ამავე თემაზე:

მთავრობამ 13 მილიონად ნაყიდი ზეთი და შაქარი 12 მილიონად გაყიდა/გასცა 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: