საქართველოში კოვიდის შემთხვევების 95% ომიკრონის შტამია

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, მათემატიკური მოდელირებით ფასდება, რომ საქართველოში კორონავირუსის დადებითი შემთხვევების დაახლოებით 95% ომიკრონითაა განპირობებული.

15 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 170 000 ადამიანია ერთდროულად ინფიცირებული კორონავირუსით, გასულ დღეებში ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდი იყო.

ჯანდაცვის სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მომდევნო დღეებში კორონავირუსის გავრცელების ტემპი საქართველოში დაიკლებს, თუმცა საზოგადოება ამან „არ უნდა გაათამამოს“.

გუშინ, 15 თებერვალს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ორჯერადი აცრის, ბუსტერისა და პირბადის ტარების მნიშვნელობას:

„აცრა და განსაკუთრებით ბუსტერი, დღეს, ომიკრონთან მიმართებაში, იცავს ადამიანს გართულებისგან, რაც იწვევს ჰოსპიტალიზაციას, მოხვედრას ინტენსიურ თერაპიაში, მოხვედრას რეანიმაციაში და ფატალურ გამოსავალს.

პირბადეს ჩვენ ვერ შეველევით და ეს უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების მთავარი წესი.

ომიკრონი და კორონავირუსული ინფექცია არ მორჩება, ვთქვათ, ერთ დღეს, არ იქნება, გავიღვიძებთ ხვალ და უცბად აღარა გვაქვს პანდემია“ – განაცხადა მან.

 

აჭარაში კოვიდის 960 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 16 თებერვალი

16 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში გასულ 24 საათში დადასტურდა კოვიდის 960 ახალი შემთხვევა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 710 პაციენტი იმყოფება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 55 პაციენტი გარდაიცვალა.

2 მილიონი დაიხარჯება ქობულეთში, ახალ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მოსაწყობად

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, აშენებულ ახალ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოსაწყობად, აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ ტენდერი 2 310 553 ლარით გამოაცხადა. სამუშაოების შესასრულებლად საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

პროექტით, ერთმანეთს უნდა მიუერთდეს ქობულეთის შემოვლითი გზა [ავტობანი] და ნაგავსაყართან მისასვლელი გზის ის მონაკვეთი, რომელიც უკვე აშენებულია.

„სამშენებლო მონაკვეთი იწყება ქობულეთის შემოსავლელი გზის მე-10 კმ-ში, მოწყობილი ამაჩქარებელ-შემანელებელი ზოლების მეშვეობით გადადის საავტომობილო გზიდან და მთავრდება სოფელ ცეცხლაურთან 2014 წელს დაპროექტებული გზის მიერთებაზე. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძეა 0.96 კმ.“ – აღნიშნულია პროექტში.

ტენდერის პირობის მიხედვით, „მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტობანზე არსებული 12 ცალი განათების ბოძის და ბეტონის ფუნდამენტის დემონტაჟისა და შემდგომში მონტაჟისათვის საჭირო ყველა ნებართვების მოპოვება უფლებამოსილი ორგანოებისაგან. ასევე დროებითი მოძრაობის სქემის შეთანხმება.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 5 მარტს დაიწყება და 10 მარტს დასრულდება.

სამუშაოს შესრულების ვადა კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღეა.

ცეცხლაურის ახალ ნაგავსაყართან მისასვლელი გზა / ფოტო: აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა ქობულეთის სოფელ ცეცხლაურთან დასრულებულია და ნარჩენების მიღება 2022 წლის ივნისში უნდა დაიწყოს.

ამ თემაზე ვრცლად:

როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის პროექტზე რამდენიმე წელია მიმდინარეობს მუშაობა. ბოლო ინფორმაციით მშენებლობა გასულ, 2020 წელს უნდა დასრულებულიყო:

ბათუმს წლის ბოლოს ახალ ნაგავსაყარი ექნება, აქ ნარჩენების შეტანა ფასიანი იქნება

თუმცა, გადავადების მიზეზად, ძირითადად პანდემია დასახელდა.

 

მთავარი ფოტო: ქობულეთი და ქობულეთის შემოვლითი გზა / ხედი ცეცხლაურის ნაგავსაყარიდან / 3.12.2019

 

დადასტურდა კოვიდის 15 315 ახალი შემთხვევა

16 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 50 058 კვლევა ტესტით.

ამავე პერიოდში გარდაიცვალა 55 პაციენტი.

stopcov.ge-ის მონაცემებით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა  5 974 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებშია – 1261 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 30,59% პროცენტი.

რატომ იბარებენ ბათუმის პოლიციის №6 განყოფილებაში ჟურნალისტ ნათია ქარჩილაძეს

„ბათუმის პოლიციის №6 განყოფილებიდან დღეს დამირეკეს და მითხრეს, შენზეც აღიძრა საქმე ადმინისტრაციული წესითო. როგორც გავიგე, პოლიციელების შეურაცხყოფას მედავებიან და განყოფილებაში შეჭრას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ინტერნეტგამოცემა „მაუწყებლის“ ჟურნალისტმა ნათია ქარჩილაძემ.

საუბარია ბათუმში, პოლიციის №6 განყოფილებასთან 2021 წლის 17 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც ჟურნალისტები გიორგი არობელიძე და რატი რატიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამ ჟურნალისტებმა გათავისუფლების შემდეგ თქვეს, რომ პოლიციელები მოქალაქე გიორგი ლორიაზე ძალადობდნენ და როცა მას გამოესარჩლნენ, მათაც სცემეს პოლიციის განყოფილებაში.

გიორგი არობელიძისა და რატი რატიანის ადმინისტრაციული საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჯერ არ დაუსრულებია. ასევეб გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია, სცემეს თუ არა ნამდვილად პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეს და ჟურნალისტებს. სამაგიეროდ, ამ შემთხვევიდან თითქმის ორი თვის თავზე კიდევ ერთი ჟურნალისტი დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში და უთხრეს, რომ ისიც ბრალეულია.

„…მითხრეს, რომ ვადებს არ არღვევენ, ორი თვე ჯერ არაა გასული და სასამართლოზე გიორგის ადმინისტრაციული წესით პატიმრობას ვითხოვთო. ეს არის დაშინების მცდელობა ნაცვლად იმისა, რომ სიმართლე დაადგინონ,“ – მიიჩნევს ჟურნალისტი ნათია ქარჩილაძე.

ის გიორგი არობელიძის ცოლია და 17 დეკემბრის ღამით დაკავებულ გიორგისთან შეხვედრას ითხოვდა.

„მე ვიყავი პოლიციის შესასვლელთან და ვითხოვდი ეჩვენებინათ გიორგი, მაგრამ მასთან ტელეფონზე დალაპარაკების საშუალებაც არ მომცეს… ამას ვითხოვდი, რადგან იქიდან საშინელი ხმები გამოდიოდა. მას შემდეგ, რაც რატიც იქვე დააკავეს, მითხრეს, რომ დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანდნენ, იქ წავედი, მაგრამ დილის ექვს საათამდე არ დამალაპარაკეს გიორგის.

სასამართლოზე პოლიციელმა თქვა, რომ სათვალთვალო კამერები, რომელიც იღებს შენობის შიდა პერიმეტრს, რატომღაც ერთი თვის წინ გამორთეს.

მე არ ვაპირებ პოლიციის განყოფილებაში მისვლას. პოლიციელმაც მითხრა, მაშინ სასამართლოში შეხვდებით ერთმანეთსო,“ – გვითხრა ნათია ქარჩილაძემ.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მოქალაქეები ამბობენ, რომ ბათუმის პოლიციის №6 განყოფილებაში მათ სცემეს. მაგალითად, ამ შენობიდან გამოსულმა მოქალაქემ, ირაკლი ქაჯაიამ, 5 წლის წინ – 2016 წელს თქვა, რომ პოლიციელებმა პოლიციის შენობაში მას ნეკნი ჩაუმტვრიეს. იმის მიუხედავად, რომ ამ საქმეში პირდაპირი მტკიცებულებებია იმაზე, რომ მოქალაქეზე პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად იძალადეს, პროკურატურა დანაშაულზე ხუთი წელია არ რეაგირებს.

დაიწყო თუ არა ადმინისტრაციული საქმისწარმოება ნათია ქარჩილაძის წინააღმდეგ? – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან პასუხი არ მიგვიღია.

ამ თემაზე:

კომენდანტის საათის დროს დაკავებული: პოლიციელებმა მცემეს და იარაღით დამემუქრნენ

 

„ქართული თურქულზე ადრე ვისწავლე“ – აჭარელი მუჰაჯირების შთამომავალი თურქეთიდან

ფევზი ჩელები [ჩელებაძე] ქალაქ დუზჯეში მცხოვრები ქართველია. მისი წინაპრები ქედის სოფელ წონიარისიდან არიან გადასახლებულები თურქეთში. ფევზი ჩელები გვიყვება, რომ წონიარისიდან გადასახლებულთა უმეტესობის მსგავსად, მისმა წინაპრებმაც ალბათ 1879 წელს დატოვეს ქედა და გირესუნ ქეშაფში დააარსეს სოფელი ანბარალანი. შემდეგ 1905 წელს ჩავიდნენ დუზჯეში და აქაც დააარსეს სოფელი ჰაჯიმემედელი ეფენდი, ანუ დღევანდელი ამაუსთუ.

ფევზი ჩელები გადმოცემით შემონახულ წინაპრების ამბავს გვიყვება:

„ბაბუაჩემის მამის ბიძა, მემედ ეფენდი სტამბოლის აია სოფიას მედრესე პროფესორი იყო. დაბრუნდა საქართველოში, თავის სოფელში, შემდეგ კი წონიარისსა და მიმდებარე სოფლებში ქვეყნის დატოვების პროპაგანდაში ჩაერთო. ავრცელებდა ინფორმაციას, რომ რეგიონი დატოვა ხალიფატმა, აჭარა ახლა იყო რუსების ხელში და საჭირო იყო გადასახლება ხალიფატის იმდროინდელ მიწებზე.

მემედ ეფენდის უფროსი ძმა, ბაბუაჩემის ბაბუა მემედ ალი ეფენდი და სხვა უფროსი ძმები თავიდან გადასახლების მომხრეები არ იყვნენ, მაგრამ რაღაც მკვლელობის გამო ქართული მიწების დატოვება მოუხდათ და ოსმალეთში გადაწყვიტეს გადასახლება“, – იხსენებს დუზჯეში მცხოვრები ქართველი.

ფევზი ჩელები იმასაც გვეუბნება, რომ გადმოცემით თურმე ქალები იყვნენ ხოლმე განსაკუთრებით წინააღმდეგნი ოსმალეთის მიწებზე გადასახლების – რუსეთ-თურქეთის ომის დასრულების შემდეგ.

გვიამბობს ასევე, რომ აჭარაში დაბადებულ-გაზრდილი მუჰაჯირები ყოველთვის იხსენებდნენ თავიანთ სოფლებს, საქართველოში დარჩენილ ნათესავებს – მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ფევზი ჩელები

ფევზი ჩელები დუზჯეს რაიონის სოფელ ჰაჯიაქუფიდანაა. განათლებით ხელოვნების ისტორიკოსია. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხური თურქეთში გაიარა. ფილოსოფიურ მიმართულებაზეც სწავლობდა მცირე ხნით.

საქართველოში ხანგრძლივად პირველად მაშინ ჩამოვიდა, როცა აქ დოქტორანტურის საფეხურის გავლა მოინდომა ქართულ ენაზე.

ასპირანტურაში მუშაობდა ყარს-ანისის X, XIII საუკუნეების ქართული ხელოვნების, არქიტექტურის, ბარელიეფების საკითხებზე, კედლის მონუმენტურ მხატვრობაზე.

ფევზი ჩელების ორი წიგნი აქვს გამოცემული ქართული ხელოვნების ძირითად მიმართულებებზე დასაბამიდან დღემდე და საქართველოს ისტორიის ძირითად საკითხებზე მეთვრამეტე საუკუნიდან დღემდე.

ფევზი ჩელების ნაშრომები

ფევზი ჩელები დუზჯეს ლიცეუმსა და უნივერსიტეტში ასწავლის საქართველოს ისტორიას, ქართული ხელოვნების ისტორიას, ქართველოლოგიას და ქართული ენის დიალექტებს. ატარებს ქართულ-თურქული თარგმანის ლექციებსაც:

„ქართული თურქულზე ადრე ვისწავლე. ქართულად ლაპარაკობდნენ ჩვენს ოჯახში და გარშემოც. თუმცა ჩვენმა ენამ ჩემს თაობასთან ერთად დაიწყო გაქრობა, უფრო სწორად კი რეალურად ჩემს წინა თაობასთან ერთად.

რა თქმა უნდა, ქედიდან წამოსულები აჭარულ დიალექტზე ვსაუბრობდით სოფელში. ჩვენს მახლობლად ცხოვრობდნენ ლაზებიც და ლაზურიც გვესმოდა.

დღეისათვის დუზჯეში აჭარიდან წამოსული 20 ათასამდე ქართველი და ლაზი ცხოვრობს, ისინი სხვადასხვა დიალექტზე საუბრობენ“,ამბობს ფევზი ჩელები და ასევე გვიამბობს, თუ რამ გაუღვივა ინტერესი ბოლო წლებში, დუზჯეში მცხოვრებ ქართველებს, ქართული ენისა და ისტორიის მიმართ.

პირველი ორი ასეთი პუბლიკაცია იყო „გურჯისტანი“ და კრებული „ჩვენებური“, ფევზი ჩელების მონათხრობის მიხედვით:

„გარდა ამისა, დუზჯეს ქართველების რადიო კარგ ამინდში ზოგჯერ ამერიკის ხმის და რადიო თავისუფლების გადაცემებს იჭერდა. შემდეგ, როცა საქართველო-თურქეთის საზღვარი გაიხსნა, დავიწყეთ წიგნების, ჟურნალების, ხმოვანი ჩანაწერებისა და სხვა ქართული მასალების შეძენა.

როცა თურქეთ-საქართველოს შორის მიმოსვლა დაიწყო ქართული ტელევიზიაც თურქეთში. ასე შევისწავლეთ სალიტერატურო ქართული ენა, რადგან თუ ენა არ გამოიყენება, ის გაქრობას იწყებს.

მეცნიერმა ტარიელ ფუტკარაძემ მომანდომებინა მემუშავა დოქტორანტურაში ქართული ენის საკითხებზე. ის ამბობდა, ზოგადად, თურქეთში და დუზჯეში ქართული დაიკარგება და უნდა შევისწავლოთ დღემდე იქ რა ტიპის ქართული დაგვირჩაო. მე ვიყავი იმ მცირერიცხოვან ადამიანებს შორის, ვისაც ამის შესწავლა და აღწერა შეეძლო.

სამწუხაროდ, თურქეთში მცხოვრებ 4 მილიონ ქართველს შორის არ არის ბევრი ადამიანი, ვინც თავისუფლად ფლობს ქართულს ან დაინტერესებულია ენის შესწავლით“, – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესორი დუზჯედან.

როგორ გავხდეთ მინისტრის მრჩეველი აჭარაში

როგორ შეიძლება გახდე მინისტრის მრჩეველი? – კითხვა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კანონდარღვევებით და ჟურნალისტებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით ცნობილი ხელვაჩაურის ყოფილი მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე აჭარის განათლების მინისტრის, მაია ხაჯიშვილის მრჩეველი გახდა.

„ბათუმელებმა“ აჭარის ოთხივე სამინისტროდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია მინისტრის მრჩევლების შესახებ და იმაზეც, თუ რა საქმით არიან დაკავებული ისინი.

აჭარაში მინისტრებს 2 – 2 მრჩეველი ჰყავთ. მრჩევლის ხელფასი თვეში 1980 ლარია.

სამინისტროები ძირითადად განმარტავენ, რომ კონკრეტული მიმართულებით კარგი გამოცდილების და კვალიფიკაციის მქონე ადამიანები აჰყავთ მრჩევლებად. თუმცა, მაგალითად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მრჩეველი საერთოდ არ ჰყავს.

„2021 წელს და 2022 წლის მიმდინარე პერიოდში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მრჩეველი არ ჰყოლია,“ – მოგვწერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, გიორგი სურმანიძეს, ორი მრჩეველი ჰყავს: დავით დიასამიძე და მამუკა თურმანიძე. მათი გამოცდილების შესახებ სამინისტროდან მოგვწერეს, რომ „ეს პერსონალური ინფორმაციაა“. თუმცა სამინისტროს პრესცენტრში დაგვიდასტურეს, რომ მრჩევლები ზემოთ ხსენებული პირები არიან.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი მამუკა თურმანიძე წინა წლებში სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა, მას კონკრეტულად სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქვს გამოცდილება.

დავით დიასამიძეს კი, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ რომ აქვს ნამუშევარი, ეს მის წინა დამსაქმებელს არც დაუმალავს – 2017 წელს დავით დიასამიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მერაბ კარანაძის სამდივნოს უფროსად დანიშნეს. მაშინ მერაბ კარანაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დავით დიასამიძე „აქტიურად იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში“.

მანამდე, 2014 წელს, დავით დიასამიძე ბათუმის მერობის კანდიდატიც იყო „რეფორმატორებიდან“.  ის მრჩეველი 2020 წელს გახდა, როცა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო შეიკრიბა და შეიცვალა სამდივნოს შემადგენლობაც.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, სხვა სამინისტროებისგან განსხვავებით, მოცულობითი დოკუმენტი გამოგვიგზავნეს იმის საჩვენებლად, რომ მრჩევლები ნამდვილად აკეთებენ საქმეს.

„მომზადებული იქნა მასალები მეციტრუსეობის დარგში ციტრუსოვანი კულტურების წარმოების მაჩვენებელთან დაკავშირებით და გაკეთდა 2021 წლის ციტრუსის სეზონზე მოსავლის პროგნოზი,“ – ვკითხულობთ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოგზავნილ დოკუმენტებში.

სამინისტროდან გვაცნობეს ასევე, რომ მრჩევლების ჩართულობით მოამზადეს, მაგალითად, დოკუმენტი ეგზოტიკური კულტურების შესახებ, რაც შესაძლოა აჭარაში მოვაშენოთ, მათ შორის, ლიჩის შესახებ.

ამონარიდი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრჩევლების მიერ მომზადებული დოკუმენტიდან ლიჩის შესახებ:

„ჩინეთში ლიჩი – პატივსაცემი ხილია, იმიტომ, რომ ის ბევრი საუკეთესო თვისებების მატარებელია… ეს ნაყოფი ჩინეთში მოიხსენიება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში. ლიჩი არის მცენარე, რომელიც იზრდება ყველგან. ლიჩის ნაყოფს იყენებენ საკვებში, მისგან აკეთებენ ღვინოს…. ლიჩის შეძენა შესაძლებელია დიდ სუპერმარკეტებში. ნაყოფს აქვს კიდევ ერთი სახელი – „ჩინური ალუბალი“. …მას „დრაკონის თვალსაც“ უწოდებენ. კანი და კურკა საკვებად არ გამოიყენება, რბილობს აქვს ქლიავის და თეთრი ყურძნის გემო.

ლიჩი ხასიათდება სასიამოვნო გემოთი. მდიდარმა ქიმიურმა შემადგენლობამ გახადა ის პოპულარული აზიელ ხალხში. ის ლიმონთან მიმართებაში ერთ საფეხურზე მაღლა დგას C ვიტამინის შემადგენლობით,“ – აღნიშნულია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.

ორი მრჩეველი ჰყავს აჭარის განათლების მინისტრსაც. აქ კულტურის მიმართულებით 2021 წლის მარტიდან ლაშა ჩხარტიშვილი მუშაობს, 25 ნოემბრიდან კი, ჯუმბერ ვარდმანიძე – განათლების სფეროს მიმართულებით.

აჭარის განათლების მინისტრს ამ დრომდე არ განუმარტავს, რა გამოცდილებისთვის შეარჩია მრჩევლად ჯუმბერ ვარდმანიძე – სახელმწიფო აუდიტმა რომ მერობის დროს ათობით დარღვევა დაუდგინა, ესაა საინტერესო გამოცდილება განათლების მინისტრისთვის, თუ ის, როგორ აიშენა ფეშენებელური სახლი უკანონოდ ან როგორ მოახერხა რეგიონში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს შორის გამორჩეულად აგრესიული იყოს ჟურნალისტების მიმართ.

მრჩევლების მიერ გაკეთებულ საქმეებზე აჭარის განათლების სამინისტროდან მხოლოდ ეს მოგვწერეს:

„კანონმდებლობის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირს ხელს უწყობენ მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციული მენეჯერული ფუნქციების შესრულებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით განსაზღვრული პროფილის შესაბამისად.

მრჩევლის ანაზღაურება სამინისტროს საშტატო განრიგით, 2022 წლიდან, განისაზღვრა 1980 ლარით“.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც ორი მრჩეველია, მათ შორისაა ლიზა თედორაძე, რომელსაც ყველა ჟურნალისტი კარგად იცნობს – მას მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულება აქვს ჩაბარებული. ამ სამინისტროში ცალკე პრესასთან ურთიერთობის სამსახური არ არსებობს.

ჯანდაცვის მინისტრს ჰყავს მეორე მრჩეველიც – თათია გორგილაძე. ის მრჩეველია ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობის სფეროში.

მრჩევლების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია არც ჯანდაცვის სამინისტროდან მოგვაწოდეს. აქაც მიიჩნიეს, რომ ეს ინფორმაცია პერსონალურია.

მთავარი ფოტო: ჯუმბერ ვარდმანიძე – აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მრჩეველი

400 ათასი დაიხარჯება თამბაქოს კონტროლზე – კანონს ყველაზე მეტად საჯარო სამსახურებში არღვევენ

ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თამბაქოს მონიტორინგის მომსახურების შესყიდვაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა [NCDC] ტენდერი 400 000 ლარით გამოაცხადა. NCDC-ს ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული 43 ათასი ლარით, 2022 წელს თამბაქოს ცხელი ხაზის მომსახურების შესყიდვაზე.

თამბაქოს მონიტორინგზე გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ მინიმუმ 4 ათასი დაწესებულება გადამოწმდება[სადაც კანონით აკრძალულია მოწევა]. მათ შორის:

  • სამასპინძლო ბიზნესი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები [კაფე-ბარები, რესტორნები]), სასტუმროები; კინო-თეატრები, სილამაზის სალონები, მედია ორგანიზაციები – სულ 2 700 დაწესებულება;
  • სამედიცინო დაწესებულებები – 700;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები [უმაღლესი სასწავლებლები, სკოლები, და პროფესიული სასწავლებლები] – 350;
  • საჯარო/სახელმწიფო დაწესებულებები – 250.

მონიტორინგის პროცესში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებლის ვალდებულებაა 112-ისთვის შეტყობინების გაგზავნა; შენობის შიგნით კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დაფიქსირება [ფოტო ან ვიდეო, სადაც შესაძლებელია]); ასევე მეორადი კვამლის გაზომვა, სულ მცირე 100 დაწესებულებაში.

ტენდერში გამარჯვებულს ასევე ევალება დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის შესაბამისი უწყებისთვის [კომუნიკაციების ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, შესაბამისი მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურები და ა.შ.] და NCDC-თვის მიწოდება.

ქალაქები, სადაც განხორციელდება მონიტორინგი: ბათუმი, ქობულეთი, თბილისი, რუსთავი, მარნეული, მცხეთა და მიმდებარე ტერიტორიები, გორი, ხაშური, ბორჯომი, ახალციხე, ახალქალაქი, თელავი, სიღნაღი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, ზესტაფონი, ლანჩხუთი [ან ოზურგეთი], ონი [ან ამბროლაური].

ჩატარდება ასევე:

  • „თამბაქოს ნაწარმის უკანონო ვაჭრობის მონიტორინგი [მინიმუმ 3 000 სავაჭრო ობიექტში, მათ შორის თამბაქოს ნაწარმის ხილვადობა/განთავსება; არასრულწლოვანთათვის მიყიდვა, გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება; რეკლამისა და პოპულარიზაციის წესების და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ნორმების აღსრულების მონიტორინგი].
  • მინიმუმ 1500 საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალების [საქალაქო, საქალაქთაშორისო და რკინიგზის] მონიტორინგი. მათ შორის საქალაქო მარშრუტი – 90%, საქალაქთაშორისო – 5%; რკინიგზა – 5%.
  • რეკლამის მონიტორინგი [ტელევიზია, რადიო, ჟურნალ-გაზეთები, ინტერნეტი] და რეკლამის მონიტორინგი ქუჩებში.
  • თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მხარდაჭერის მიზნით სამუშაო შეხვედრების ორგანიზება აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებთან თბილისსა და რეგიონებში კანონის ადმინისტრირების პროცედურების, შედეგებისა და აღსრულების შესახებ არსებული გამოწვევების განხილვის მიზნით.“

რაც შეეხება 2022 წელს თამბაქოს ცხელი ხაზის მომსახურების შესყიდვას. გამარჯვებულს ევალება თამბაქოსათვის თავის დანებების მსურველთათვის პროფესიული სერვისის – სატელეფონო კონსულტაციის გაწევა [ყოველდღიურად 2 ოპერატორი; სამუშაო გრაფიკი: ყოველ დღე,
უქმეების ჩათვლით, ხოლო სამუშაო საათები: 10:00 სთ-იდან 18 სთ-მდე].

ამ შემთხვევაში NCDC ასევე უზრუნველყოფს ცხელი ხაზის ოპერატორთა გადამზადებას – კონსულტაციის შემდგომი მონიტორინგის წარმოებასა და კანონმდებლობაში სიახლეებთან დაკავშირებით.

NCDC-ს წლიური ანგარიშის მიხედვით, „რუტინულ რეჟიმში ფუნქციონირებს თამბაქოსთვის თავის დანებების ცხელი ხაზი – 116001. ცხელი ხაზის მეშვეობით 2020 წელს, სულ 2 860 კონსულტაცია განხორციელდა.

NCDC-ს ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს 2021 წლის ანგარიში.

წინა ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს განხორციელდა მოწევის აკრძალვის მონიტორინგი 6 839 დაწესებულებაში [აქედან 2 192 თბილისში და 4 647 რეგიონებში]. სხვადასხვა ტიპის დარღვევები კი დაფიქსირდა შემოწმებული დაწესებულებების 3,2%-ში [220 დაწესებულება].

ანგარიშის მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა საჯარო დაწესებულებებში [11,2%]; შემდეგ მოდის სამასპინძლო [1,6%], სამედიცინო [5,4%] და საგანმანათლებლო [2,1%] დაწესებულებები.

ცენტრის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს მონიტორინგი ჩატარდა 2 990 სატრანსპორტო საშუალებაში. მოწევის ფაქტები კი, დაფიქსირდა გადამოწმებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1 პროცენტში.

2022 წლის იანვრიდან, სიგარეტის მოწევა აკრძალულია მსუბუქ ავტომანქანაშიც, თუ მასში არასრულწლოვანი იმყოფება.

თამბაქოს მოწევა აკრძალულია ტქსიშიც.

ამ თემაზე:

როგორ დავანებოთ თავი სიგარეტის მოწევას – ფსიქოლოგის რჩევები

ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი

 

აგრობარათებზე ქულები წელს არ დაირიცხება – სამინისტრო

ხომ არ იგეგმება აგრობარათების პროგრამის, თუნდაც გაზაფხულისთვის, ხელახლა ამოქმედება და შესაბამისად, ქულების დარიცხვა ბარათებზე? – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპისთვის აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

2020 წელს, სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგრობარათებზე დარიცხული სუბსიდია 1 ჰექტარ მიწაზე 200 ლარს [აგრობარათზე დარიცხულ 200 ქულას] შეადგენდა. მაშინ სამინისტროში განაცხადეს, რომ პროგრამა ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი იყო.

აგრობარათზე დარიცხული ქულებით შესაძლებელი იყო გარკვეული სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში.

დამატებით ქულები აგრობარათებზე არც გასულ, 2021 წელს დარიცხულა. ფერმერებს კი, გამოუყენებელი ქულებით სარგებლობის ვადა 2021 წლის 21 მაისამდე ჰქონდათ:

ყველა ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 200 ლარს – მთავრობის გეგმა 

მოზარდზე სექსუალური ძალადობისთვის პირს 15 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, წინასწარი შეცნობით თოთხმეტ წელს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის მუქარით, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 15 წელი მიუსაჯა.

„ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ო.ნ.-მ ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვნის მიმართ რამდენჯერმე განახორციელა სექსუალური ხასიათის ქმედებები.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ო.ნ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ემუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

200 ათასი ლარი დაიხარჯა, „ალი და ნინო“ კი ისევ ჩაბნელებულია და არ მოძრაობს

„ალი და ნინოს“ აღდგენისთვის „ბათუმის ბულვარმა“ თითქმის 200 ათასი ლარი ორი თვის წინ დახარჯა, უფრო ზუსტად  – 199 620 ლარი. ბულვარის ადმინისტრაციამ შესრულებული სამუშაოები გასული წლის დეკემბერში ჩაიბარა, თუმცა „ალი და ნინო“ ბათუმის სანაპიროზე ისევ სრულად ჩაბნელებულია და აღარ მოძრაობს.

„შტორმის დროს წყალი ჩავიდა სისტემაში და დაზიანდა. კიდევ კარგი, რომ დროულად გამოვლინდა სუსტი წერტილი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ პაატა სანაია, ის კომპანია „თკ სტუდიოს“ დირექტორია. ამ კომპანიასთან გააფორმა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება 2021 წლის 11 ნოემბერს.

ხელშეკრულების მიხედვით, „მექანიკური ქანდაკების „Man and Woman“ – [ქალი და კაცი] „ალი და ნინო“ – მართვის და განათების საკონტროლო სისტემის აღდგენის სამუშაო“ უნდა შესრულებულიყო. ბულვარის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დაზიანების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა „ალი და ნინოს“ ქანდაკებაზე ბოლო პერიოდში გარეგანათების სისტემა დაზიანდა და ქანდაკების მოძრაობაც შენელდა. ბულვარის ადმინისტრაციაში არჩიეს ქანდაკების აღდგენის სამუშაო ისევ თამარ კვესიტაძის კომპანიისთვის შეეკვეთათ, რომლის იდეითაც მომზადდა ეს სკულპტურა 2010 წელს.

„მე თანაავტორი ვარ „ალი და ნინოს“, ეს უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული, რაღაც ნაწილი დაზიანდა ამჯერად, ფორსმაჟორი იყო,“ – გვიყვება პაატა სანაია, რომელიც ზუსტ თარიღს ვერ გვეუბნება, როდის დაიწყებს მოძრაობას „ალი და ნინო“ ბათუმის ბულვარში, – „განათებები ჩვენ სადმე კი არ შეგვიძენია, ჩვენი ხელით დავამზადეთ სპეციალურად… კოვიდი დაგვემართა ყველას და ამიტომაც გაჭიანურდა სამუშაოები.

თუ კარგი ამინდი წავა, მალე დასრულდება. არ გვინდა, ისევ წვიმა ჩავიდეს… როგორც ჩანს, ისევ ძლიერმა წვიმამ დააზიანა, შტორმის დროს,“ – გვითხრა პაატა სანაიამ.

ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილე, სოფიო გუჯაბიძე კი განმარტავს, რომ გაწეული სამუშაო მართლაც გასული წლის დეკემბერში ჩაიბარეს და „ალი და ნინო“ რამდენიმე დღე მოძრაობდა, მაგრამ სატესტო განათების დროს დაფიქსირდა ტექნიკური პრობლემა, რის შემდეგაც გარანტიის ფარგლებში განათების ნაწილს შეაკეთებენ.

„დიდთოვლობის დროს დაზიანდა, მანამდე მოძრაობდა „ალი და ნინო“, განათებაც იყო, რაც პირველად ვერსიაზე უკეთესიც კი გამოვიდა… ჯგუფს ჰქონდა კორონავირუსი და ამიტომაც დროში გაგრძელდა ეს სამუშაო. გარანტიის ვადაა 3 წელი,“ – გვითხრა სოფიო გუჯაბიძემ.

„ალი და ნინო“. ფოტო: ბათუმის ბულვარი

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ამოძრავდება „ალი და ნინო“ და ისევ განათდება.

მოხსენით კანდიდატურა – პარლამენტარი ენმ-დან ბათუმში „ოცნების“ კანდიდატს მიმართავს

„მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მოხსნას თავისი კანდიდატურა, არ მიიღოს მონაწილეობა ამ სიბინძურეში,“ – მიმართა საქართველოს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, დავით ხაჯიშვილმა, რამაზ ჯინჭარაძეს.

რამაზ ჯინჭარაძე ბათუმში 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატია.

შუალედურ არჩევნებზე ბათუმში მე-4 მაჟორიტარულ ოლქში აირჩევენ ბათუმის საკრებულოს წევრს. ამ ოლქიდან 2021 წლის არჩევნებზე ნუგზარ ფუტკარაძემ გაიმარჯვა, რომელიც გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ენმ-მ გასული წლის 24 ნოემბერს აუდიოფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრს დამოუკიდებელ წევრობას სთხოვდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. ამ დრომდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ დაუდია.

„ძალიან გინდათ დავიწყებას მიეცეს ჩვენი თანამოქალაქის, პატრიოტის, ბატონი ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობის საქმე,“ – მიმართა პარლამენტის წევრებს დავით ხაჯიშვილმა, – „ის ინტენსიური შანტაჟის და ძალადობის მსხვერპლი იყო და ბოლოს ვეღარ გაუძლო. ამ დრომდე გამოძიების შესახებ არაფერი ვიცით. მოვითხოვ, დროულად გამოიძიოს ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობა. პირობას ვაძლევთ ქართველს ხალხს, რომ დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან.

2 აპრილს შუალედური არჩევნებია ბათუმში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნებია არამარტო ჩვენთვის, არამედ ბათუმელებისთვის, მთელი ბათუმისთვის ეს იქნება ღირსების არჩევნები,“ – აღნიშნა დავით ხაჯიშვილმა.

აჭარაში კოვიდის 1317 ახალი შემთხვევაა, 710 პაციენტი კლინიკაშია

15 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში გასულ 24 საათში დადასტურდა კოვიდის 1317 ახალი შემთხვევა.

გასულ 24 საათში 6 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით აჭარაში.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ამჟამად აჭარის კოვიდკლინიკებში 710 პაციენტი იმყოფება, 335 პირი კი – კოვიდსასტუმროში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე თემაზე: 

პირბადეს ვერ შეველევით, არ იქნება ასე – გავიღვიძებთ ხვალ და აღარ გვექნება პანდემია – გამყრელიძე

 

 

პირბადეს ვერ შეველევით, არ იქნება ასე – გავიღვიძებთ ხვალ და აღარ გვექნება პანდემია – გამყრელიძე

15 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 170 000 ადამიანია ერთდროულად ინფიცირებული კორონავირუსით. ამის შესახებ დღეს, 15 თებერვალს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

„ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ სიტუაცია მიდის დამშვიდებისკენ, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან შემთხვევების რაოდენობა ბევრია, ადამიანები ინფიცირდებიან და შესაბამისად, განსაკუთრებით მოწყვლად ფენებში – იქ, სადაც არის თანმხლები ქრონიკული დაავადებები, ასაკი – 50-60 წლის ზემოთ, გვაქვს გართულებები და ფატალური გამოსავლები.

ჰოსპიტლებში დღეს მწოლიარე 6000 პაციენტიდან დაახლოებით 95 პროცენტი გახლავთ აუცრელი. რეანიმაციებში მყოფი პაციენტებიდან ძალიან მაღალი პროცენტი გახლავთ აუცრელი.

აცრა და განსაკუთრებით ბუსტერი, დღეს, ომიკრონთან მიმართებაში, იცავს ადამიანს გართულებისგან, რაც იწვევს ჰოსპიტალიზაციას, მოხვედრას ინტენსიურ თერაპიაში, მოხვედრას რეანიმაციაში და ფატალურ გამოსავალს“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე.

მან ხაზი გაუსვა, რომ კვლავ ორი მთავარი იარაღი რჩება პანდემიასთან საბრძოლველად – პირბადე და აცრა.

„პირბადეს ჩვენ ვერ შეველევით და ეს უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების მთავარი წესი.

ომიკრონი და კორონავირუსული ინფექცია არ მორჩება, ვთქვათ, ერთ დღეს, არ იქნება, გავიღვიძებთ ხვალ და უცბად აღარა გვაქვს პანდემია. ის უნდა მინელდეს ნელ-ნელა და დიდი ალბათობით, შეიძლება გადაიქცეს ენდემურ, სეზონურ ინფექციად. ვნახოთ, უნდა დავაკვირდეთ და უნდა ვიყოთ ფრთხილად“ – აღნიშნა მან.

 

თიბისის მხარდაჭერით, გადამზადების პროგრამა „500 ქალი ტექნოლოგიებში“ მიმდინარეობს

თიბისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმადაც თიბისი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები ერთად არიან ჩართულები პროექტში – „500 ქალი ტექნოლოგიებში“.

პროგრამა, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება, ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია — პროექტი 18 თვე გრძელდება და 500-ზე მეტ ქალს ახალი შესაძლებლობებისკენ გაუკვალავს გზას. პროგრამა მონაწილეების გადამზადებასა და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტში მონაწილეობას იღებენ ქალები 16 წლიდან, იმისდა მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ ტექნოლოგიებში ცოდნა და გამოცდილება. პროგრამაში ქალები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ერთვებიან მათთვის საინტერესო მიმართულებით. ეს პროგრამებია:

  • Front-end დეველოპმენტი;
  • Back-end დეველოპმენტი;
  • UI/UX დიზაინი;
  • გრაფიკული დიზაინი;
  • ციფრული მარკეტინგი;
  • ციფრული პროდუქტების ტესტირება;
  • და სხვა.

ტექნოლოგიური მოდულების გარდა, პროგრამა ქალებს ინგლისური ენის ინტენსიურ კურსებსა და კარიერულ ბუთქემფს სთავაზობს. ქალები გაივლიან ტრენინგებს ლიდერობის, გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნების, მეწარმეობის, ბიზნეს კომუნიკაციისა და კარიერული დაგეგმვის მიმართულებით.

კარიერული განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი პროგრამის პარტნიორი – თიბისია. თიბისი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, ამ პროგრამაში ჩართულ ქალებს IT აკადემიაში გადამზადებას სთავაზობს.

„ტექნოლოგიები ის მიმართულებაა, სადაც ჩვენ ვხედავთ მომავალს და განვითარების უდიდეს პოტენციალს. ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ქალებს, გაიკვალონ კაერიერული გზა ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად დარგში და შესაბამისად შევქმნათ ტექნოლოგიური ტალანტი. თიბისი IT აკადემიის ბაზაზე მონაწილეებს საშუალებას მისცემს შეიძინონ უნიკალური ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მათ ტექნოლოგიური მიმართულებით პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. ტექ-ინდუსტრიაში ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენა და მათი გაძლიერება თიბისისთვის უაღრესად პრიორიტეტული საკითხია“, – აცხადებს გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ თიბისის IT აკადემია 2019 წლიდან ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს და კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. თიბისი არის ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგიური დამსაქმებელი, რომელიც მომავალი თაობის გადამზადებაში უდიდეს როლს ასრულებს.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 თებერვლის 21 საათიდან 16 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 17-18 თებერვალს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დაკავებულია 6 პირი, რომელთაც მილიონამდე ლარი მიითვისეს თაღლითურად – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი.

„ბრალდებულებმა 2022 წლის დასაწყისში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად, ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება დაგეგმეს. განზრახვის აღსრულებისთვის, შ.ბ.-მ, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია, ფინანსურ ინსტიტუტს მიმართა და პოს-ტერმინალის დადგმა მოითხოვა. მას შემდეგ, რაც შ.ბ.-მ პოს-ტერმინალი მიიღო, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უკანონო მანიპულაციების შედეგად, მასზე გააქტიურეს ე.წ. პრეავტორიზაციის ფუნქცია.

ბრალდებულებმა, 2022 წლის 27 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, უცხოეთში რეგისტრირებული ბანკის 2 საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით, რომლებზეც არ იყო შესაბამისი თანხები, პოს-ტერმინალზე განახორციელეს 16 სხვადასხვა გადახდა, საერთო ოდენობით 2 314 890 ლარი. უკანონო ტრანზაქციების შემდეგ, ჯგუფის წევრებმა, წინასწარი შეთანხმებისამებრ, დროის უმოკლეს პერიოდში უზრუნველყვეს თანხის ნაწილის საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხვა და მათი განაღდება.

მათმა დანაშაულებრივმა ქმედებამ 975 530 ლარის მატერიალური ზიანი გამოიწვია“ – წერს შსს.

პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 ვაზნა, რომელთა ტარების უფლება ბრალდებულს არ ჰქონდა.

ასევე შსს-ს ცნობით, ამავე პირის მმართველობაში არსებული კომპანიის ოფისის ჩხრეკისას კი ამოღებულია პოს-ტერმინალი, რომლის მეშვეობითაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დანაშაული ჩაიდინეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით თანხები, საბანკო პლასტიკური ბარათები, მობილური და კომპიუტერული მოწყობილობები, ასევე, სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია.

დაკავებულებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. დანაშაულები 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დადასტურდა კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა – 15 თებერვალი

15 თებევრლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში გარდაიცვალა 51 პაციენტი.

stopcov.ge-ის მონაცემებით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 6017 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებშია – 1309 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 33,7 პროცენტი.

ბრალდებულის ავტომანქანიდან 5 422 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს – საგამოძიებო

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოვლინდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვის ფაქტი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში ინახავდა 5422 კოლოფ უაქციზო სიგარეტს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ზემოხსენებული უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 24 389,60 ლარს“.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როცა კილომენტრებს გადიხარ ფეხით, რომ გამოცდებისთვის მოემზადო – აბიტურიენტები ხულოდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ აბიტურიენტებს ხშირად არაერთი სირთულის გადალახვა უწევთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადონ.

მთავარი გამოწვევა ინგლისური ენა და ამ საგანში მომზადებაა, რადგან, როგორც მოსწავლეები ამბობენ, კარგი საბაზისო ცოდნა ამ საგანში არ აქვთ, ზოგს სკოლას ბევრჯერ მოუხდა ინგლისური ენის მასწავლებლის გამოცვლა, ყველა მასწავლებელს კი სწავლების საკუთარი მეთოდი აქვს.

ხულოელ აბიტურიენტთა ნაწილი მეზობელ სოფლებში ემზადება, ზოგმა კი ბათუმში მომზადება ამჯობინა.

მანიაკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე დალი საგინაძე კვირაში 3-ჯერ მეზობელ სოფელში, დიოკნისში, ტყუპისცალ დასთან და კლასელებთან ერთად გაკვეთილების შემდეგ, ინგლისურის სამეცადინოდ მიდის. აბიტურიენტები ფეხით გადიან დაახლოებით 5 კილომეტრს ინგლისურ ენაში მოსამზადებლად. ზამთარში, დიდთოვლობის გამო, ხანდახან იძულებულები არიან, რომ მეცადინეობა გააცდინონ, რადგან საფეხმავლო ბილიკების გავლა ძნელია.

დალი საგინაძე

„დიოკნისში სამეცადინოდ 4 საათისთვის გვიწევს ჩასვლა ფეხით სკოლის შემდეგ. იქ სამი საათი ვჩერდებით და შემდეგ უკან ვბრუნდებით ფეხით. კარგი იქნებოდა, რომ მასწავლებლები, რომლებთანაც ვემზადებით, ახლოს ცხოვრობდნენ ჩვენთან, რომ მარტივად მივიდეთ და წამოვიდეთ, ამასთან მეცადინეობაზეც უფრო დიდხანს შეგვეძლოს გაჩერება.

სკოლაში  ხუთი ინგლისურის მასწავლებელი გამოვიცვალეთ. ბოლო სამი  წელია, ინგლისურის მასწავლებელი არ შეგვიცვლია –  ბათუმიდან ამოდის და ისევ მიდის.

სხვა საგნებში დამატებით სკოლაში ვმეცადინეობთ, მაგალითად, ქართულში და მათემატიკაში“, – ამბობს დალი.

ქეთი შავაძე სოფელ ქედლებიდანაა, იგი ჯერ დაბა ხულოში ემზადებოდა ინგლისურში, მეორე სემესტრში კი ბათუმში გადმოვიდა მოსამზადებლად.

ქეთი შავაძე

„ყველა აბიტურიენტს უნდა შეეძლოს ხარისხიანად მოემზადოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, თუმცა ყველას საშუალება არ აქვს, რომ ქალაქში წამოვიდეს, მოემზადოს და მხოლოდ ბარიერის გადალახვაზე არ იფიქროს. ყველას მაღალი ქულების და გრანტის აღება უნდა, ამისთვის კი ბევრი წვალება უწევთ.

მე და ჩემმა ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ მეორე სემესტრიდან ბათუმში მოვემზადებოდი. ცხადია, ხარჯები გაიზარდა, მაგრამ ჩემს მშობლებს უნდათ ნამდვილად კარგად ვემზადებოდე და ამისთვის მაქსიმალურს აკეთებენ.

სკოლაში მაინც დავდივარ, ხანდახან ონლაინაც ვერთვები. ჩემი კლასელები ძირითადად ხულოში ემზადებიან“, – ამბობს ქეთი.

კიდევ ერთი მოსწავლე, სოფელ ქედლებიდან ამბობს, რომ მისი სოფელი რადგან ახლოსაა დაბასთან, შედარებით მარტივია მისთვის მეცადინეობებს დაესწროს და არ გააცდინოს.

თამაზ ჯორბენაძე

„მუნიციპალიტეტის ცენტრისგან მოშორებით მდებარე სოფლებში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის  გაცილებით რთულია გადაადგილება, ამიტომ მათ უმრავლესობას უწევს ნათესავთან ან ვინმე სხვასთან დარჩეს ღამით, მეცადინეობებზე რომ იარონ“, – ამბობს თამაზი.

„ბათუმელები“ ესაუბრა მაღალმთიანი აჭარის სოფელ საციხურის საჯარო სკოლის ინგლისურის ენის პედაგოგს, ზეინაბ წულუკიძეს. მან თავისი გამოცდილება და მოსაზრება გაგვიზიარა.

„სანამ საციხურის საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი გავხდებოდი, იქამდე ორი წელი ინგლისურის სხვა მასწავლებელი ჰყავდათ სკოლაში, მანამდე კი ინგლისური ენაში პრაქტიკა საერთოდ არ ჰქონიათ საციხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. შესაბამისად, მათი ცოდნა ინგლისურ ენაში დაბალი იყო.

რადგან სოფელს არ ჰყავს ინგლისური ენის ადგილობრივი სპეციალისტი, მოსწავლეებს მუდმივად უწევთ მასწავლებლის შეცვლა, რაც მათი ცოდნის დონეზეც ისახება და მათთვის ემოციურადაც ძალიან რთულია. მოსწავლეებს სულ აქვთ შიში და მოლოდინი, რომ ერთ მასწავლებელს, რომელსაც უკვე შეეჩვივნენ, სხვა შეცვლის.

ცხადია, ეს მასწავლებლები  განსხვავდებიან სწავლების ხერხებითა და მეთოდებით. ძალიან რთული სიტუაციაა ამ მხრივ.

ზეინაბ წულუკიძე

საციხურის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ისეთი სოფლის სკოლებიდანაც გადმოდიან, სადაც მხოლოდ 9 კლასია სწავლა. მოსწავლეების ცოდნა ინგლისურ ენაში, რომლებიც სხვა სოფლებიდან გადმოვიდნენ ჩვენს სკოლაში, ადგილობრივი სოფლის მოსწავლეებთან შედარებით დაბალია.

საციხურში მცხოვრები მოსწავლეები შესაძლოა იყვნენ უკვე იმ დონეზე, რასაც მათი კლასის პროგრამა მოითხოვს, მეზობელი სოფლებიდან ჩამოსული 10-11 კლასის მოსწავლეებს კი დაბალი დონიდან უწევთ დაწყება. მე-10 კლასის მოსწავლის ცოდნის დონე სადღაც მე-3 კლასის დონის შესაბამისია“, – ამბობს ზეინაბი.

პროგრამას, რომლის ფარგლებში ზეინაბი სოფელ საციხურში ასწავლის ინგლისურ ენას, „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ჰქვია.

ზეინაბის შეფასებით, საციხურის საჯარო სკოლის აბიტურიენტები საკმაოდ კარგად ფლობენ ინგლისურ ენას, მაგრამ დამატებით მაინც მეცადინეობენ, რომ გამოცდა უკეთ ჩააბარონ.

ზეინაბის თქმით, ყოველი სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებთან განშორება სენტიმენტალურია, „მასწავლებელო ისევ თქვენ ხომ გვასწავლით?!“, „მასწავლებელო ისევ ხომ დაბრუნდებით?!“ –  მას უკვე მესამე წელია ეკითხებიან მოსწავლეები.

მაღალმთიანი აჭარის სოფლების საჯარო სკოლებში ინგლისური ენა ე.წ. დეფიციტური საგნების ჩამონათვალში შედის. აჭარის განათლების სამინისტრო ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად წლებია პროგრამასაც ახორციელებს – „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“, თუმცა ინგლისური ენის სწავლების პრობლემა ამ დრომდე ბევრ მოსწავლესა აბიტურიენტის გამოწვევაა მაღალმთიანი აჭარის სოფლებში.

ხულოში ოჯახის ექიმები საწვავის სიმცირესა და ავტომანქანების გაუმართაობაზე საუბრობენ

ხულოს მუნიციპალიტეტში ოჯახის ექიმები ამბულატორიისთვის გამოყოფილი ავტომანქანების მუდმივ გაუმართაობასა და ყოველთვიური საწვავის სიმცირეზე საუბრობენ.

ინგა აბულაძე სოფელ რიყეთის ამბულატორიის ექიმია. ეს ამბულატორია სამ სოფელს ემსახურება. ექიმის თქმით, სოფელში ახლა კორონავირუსის ტესტირებაზე ბევრი პაციენტი მიმართავს, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის ტესტირების ბინაზე გასაკეთებლად მისვლა მისთვის რთულია, რადგან უკვე ერთი თვეა ამბულატორიის ავტომანქანა გაფუჭებულია, ფეხით ერთ პაციენტთან მისვლას კი დიდი დრო სჭირდება.

სახლში მისვლით ინგა აბულაძე მხოლოდ ისეთი პაციენტების კოვიდზე ტესტირებას ახერხებს და სხვა სახის მომსახურების გაწევას, რომლებიც ამბულატორიასთან ახლოს მდებარე უბნებში ცხოვრობენ, რადგან თუ კი ექიმი მთელი დღე ტესტირების ჩასატარებლად ივლის, ამბულატორიაში, ადგილზე მისული პაციენტები რჩებიან უყურადღებოდ.

როგორც ოჯახის ექიმი „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, მასთან ერთად 2 ექთანი უშუალოდ ამბულატორიაში, კიდევ 2 კი – შიდა სოფლებში მუშაობენ.

„ამბულატორიებს ძველი ავტომანქანები გვაქვს და სწორედ ამიტომ მწყობრიდანაც მარტივად გამოდის. ბოლოს რომ მივმართე მერიას მანქანის შეკეთების თაობაზე, მითხრეს, რომ სამი მანქანა ჰქონდათ გასაკეთებელი და ეტაპობრივად აკეთებდნენ, ამასობაში უკვე 1 თვე გავიდა.

ყველაზედ მეტად ახლა რაც გვჭირდება, ამბულატორიის მანქანის შეკეთებაა. სოფლები, რომლებსაც რიყეთის ამბულატორია ემსახურება – ბოძაური, რიყეთი და დანისპარაული, ძალიან შორსაა მუნიციპალიტეტის ცენტრისგან. სისტემატურად არ მოძრაობს სამარშრუტო ტაქსებიც, რომ ოჯახები, რომლებსაც არ ჰყავთ მანქანები, გადაადგილდნენ. ერთი მანქანის იმედად ვიყავით და ისიც გაფუჭდა.

ბათუმის ჯანდაცვის მინისტრს ვთხოვე დამხმარებოდა და ერთხელ მისი დახმარებით შემიკეთეს მანქანა, ეს დაახლოებით 2 თვის წინ იყო.

ამ მანქანის გაუმართაობის გამო ჩვენს სიცოცხლესაც ემუქრება საფრთხე, ლამის დავიმტვერით, ყველაფერი მოსწყდა მანქანას, კიდევ კარგი თოვლი იყო და მძღოლმა იმდენი მოახერხა, რომ თოვლში შეიყვანა გასაჩერებლად.

ერთი თვის განმავლობაში ყველა ამბულატორიისთვის ჯამში 80 ლიტრი საწვავია გამოყოფილი, დიდ უბნებს 2 ექიმი ემსახურება და მათაც მხოლოდ 80 ლიტრი საწვავი ხვდებათ, ანუ ერთმა ექიმმა ერთი თვე 40 ლიტრი საწვავი უნდა იმყოფინოს პაციენტებთან მისასვლელად. როგორ შეიძლება, რომ ეს საწვავი საკმარისი იყოს?! 80 ლიტრი ორი კვირაც კი არ გეყოფა. ყოველთვე ჩემი ხარჯით საწვავის დამატება მიწევს“, – ამბობს ინგა აბულაძე.

მისი თქმით, კორონავირუსზე გაზრდილი ტესტირების პირობებში ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ტესტის პასუხის მიღება პაციენტებს უგვიანდებათ, რადგან ტესტები იგზავნება ბათუმში, რაც დამატებით დროს მოითხოვს.

კიდევ ერთი თემის, დიოკნისის ამბულატორიის ოჯახის ექიმი შორენა ცინარიძე ამბობს, რომ ამბულატორია ჯამში 12 სოფელს ემსახურება, რის გამოც 2 ჯგუფად გაიყვნენ და სოფლებიც თანაბრად გადაინაწილეს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა კოვიდტესტირებაზე მოთხოვნა და ამბულატორიაში რიგებიც კი იყო, მაგრამ დიდთოვლობამ მოძრაობა შეაფერხა.

შორენას თქმით მოსახლეობა ინფორმირებულია, რომ კოვიდსიმპტომებს შემთხვევაში ამა თუ იმ სოფელში მცხოვრებს, რომელსაც დიოკნისის ამბულატორია მოიცავს, შეუძლია კოვიდტესტირების სახლში გაკეთების მოთხოვნა და მაქსიმალურად ცდილობენ ამ საჭიროების ადამიანების ბინაზე გატესტვას, მაგრამ ეს ძალიან რთულია, რადგან გასული წლის მარტის შემდეგ დიოკნისის ამბულატორიას ავტომანქანა აღარ ემსახურება.

„ამბულატორიის მანქანის გაფუჭების შესახებ ყველამ იცის, მათ შორის იციან მერიაშიც. მანქანა და საწვავი გვჭირდება, რამდენჯერ მივმართე მერს, რომ საწვავი არ არის საკმარისი.

სოფლებში არ არის გზები, გვიწევს ფეხით მივიდეთ კოვიდტესტისთვის პაციენტებთან, რომელთაც აქვთ სიმპტომები და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ გადაადგილდებიან“ – ამბობს ექიმი.

იგი იხსენებს შემთხვევას, როცა კოვიდტესტირებისთვის პაციენტებმა დაურეკეს, მაგრამ მათთან მისვლა ვერ მოახერხა, თუმცა ამ შემთხვევაში ეს დიდთოვლობისგან ჩაკეტილი გზის გამო მოხდა:

„მოხუცი ცოლ-ქმარი დაგვიკავშირდა, უნდოდათ ბინაზე გატესტილიყვნენ, მაგრამ ვერ მივედით, ცენტრალური გზიდან 6 კილომეტრით იყვნენ დაშორებული. გზა რომ გაიხსნა, სასწრაფოს გამოუძახეს, ვირუსი დაუდასტურდათ და ახლა ორივე ბათუმში მკურნალობს“.

„ბათუმელები“ ხულოს მერიას დაუკავშირდა შეკითხვებით: სოფლის ამბულატორიის რამდენი ავტომანქანაა ამჟამად შესაკეთებელი; რამდენად ხშირად გამოდის მწყობრიდან ავტომანქანები, რომლებიც ოჯახის ექიმებს სჭირდებათ; რატომ ფერხდება მათი შეკეთება და იგეგმება თუ არა საწვავზე ლიმიტის გაზრდა.

ხულოს მერიიდან, პასუხისმგებელი პირიდან ზეპირი პასუხი ვერ მივიღეთ, თუმცა მერიიდან მოგვწერეს, რომ ამბულატორიის ავტომანქანების შეკეთებას ხულოს სოციალური სერვისების ცენტრი უზრუნველყოფს და ამ ეტაპზე შეკეთებას მხოლოდ 1 ავტომობილი სჭირდება.

„განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში აღნიშნულ ავტომობილებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა დატვირთვა, რადგან უბნის ექიმები, გარდა მათი სხვა ფუნქცია-მოვალეობისა, აქტიურად არიან ჩართული საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში, რომლებსაც ხშირად, არაგეგმიურად უხდებათ სხვადასხვა მაღალი ზონის სოფლებში გადაადგილება, რაც იწვევს ავტომობილის მალე დაზიანებას.

ავტომობილების შეკეთებას ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია კანონით და ხელშეკრულების შესაბამისად დადგენილი წესით, შესაბამის დროში.“ – წერილობით გვიპასუხეს ხულოს მერიიდან.

ხულოს მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ამბულატორიის ავტომანქანებისთვის საწვავის ლიმიტის გაზრდა არ იგეგმება და „საშუალოდ, ყოველთვიურად, ერთ ავტომობილზე გათვალისწინებულია 100 ლიტრი საწვავი“. მერიიდან ისიც მოგვწერეს, რომ ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში გეგმური გასვლის ან გამოძახებისას ხდება სხვა თავისუფალი ავტომობილის გამოყენება და „თუ თავისუფალი ავტომობილი არ მოიძებნება და ყველა დაკავებულია, ამ დროს ხდება მერიის ავტოპარკით სარგებლობა“.

„ბათუმელები“ ხულოში სხვა ოჯახის ექიმებსაც ესაუბრა.

სოფელ სხალთის ამბულატორიის ექიმმა, ედნარ შამანაძემ გვითხრა, რომ მათი ავტომობილიც გამოსული იყო მწყობრიდან, თუმცა ერთი თვეა შეაკეთეს.

„როცა მანქანები ხულოში კეთდებოდა, მაშინ უკეთესი მდგომარეობა იყო, ახლა შორს რადგანაა პროფილაქტიკა, დროის ფაქტორია. ადრე, როცა მანქანა ახალი იყო, საწვავსაც ცოტას მოიხმარდა, ახლა უკვე საწვავს მეტს მოიხმარს და ცხადია, გვიჭირს. გვყოფნის თუ არ გვყოფნის, უნდა ვიმყოფინოთ“ – გვითხრა ედნარ შამანაძემ.

კიდევ ერთი პირველადი ჯანდაცვის ექიმი, გიზო გორგილაძე თხილვანადან, ამბობს, რომ გამოყოფილი საწვავი საკმარისი არ არის.

„მანქანა კარგად მუშაობს იმიტომ, რომ მძღოლი გვყავს იდეალური, რომელიც თავისი ხარჯებით აკეთებს, თუ რაღაც გაფუჭდება და არ ელოდება სერვისცენტრს.

საწვავი, რასაც გვაძლევენ, არ ჰყოფნის ჩვენს საქმეს. ყველაზე მაღალ ზონაში ვმუშაობთ, სადაც 2-3 მეტრი თოვლია, ხან მანქანით დავდივართ, ხან ფეხით. ხან ჩვენი ხარჯებით ვასხამთ საწვავს და ვმუშაობთ“ – ამბობს გიზო გორგილაძე.

მან კიდევ ერთი პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება ჩვენთან.

„ხშირად ყინვის გამო ამბულატორიაში წყლის სისტემა ფუჭდება, რასაც ჩემი ხარჯებით ვაკეთებ. რამდენჯერმე მქონდა ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ მაინც არ გააკეთეს. ჩვენი ამბულატორია სულ 4 სოფელს ემსახურება. სოფლის გამგებელი მეხმარება ხოლმე პრობლემების მოგვარებაში”, – გვითხრა ექიმმა.

რა ხდება, როცა რემონტი გაგიფუჭეს – კიდევ რა საქმეები განიხილება წლობით ბათუმის სასამართლოში 

„ჩემი ნერვიულობა და შფოთვა მას შემდეგ დაიწყო, როცა ბინა ვიყიდე და რემონტი დავიწყე,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ირინა სოსელია. მე-4 წელია იგი სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებას ელის და ზიანის ანაზღაურებას კაცისგან, რომელმაც ახალნაყიდი ბინა გაურემონტა. მოქალაქე მიიჩნევს, რომ ის ხელოსნებმა დააზარალეს, რადგან რემონტი უხარისხოდ გაუკეთეს. სასამართლოსთვის მიმართვიდან 4 წლის შემდეგ მოქალაქის სარჩელზე სასამართლო პროცესი ჯერ არც კი დაწყებულა.

ირინა სოსელია არ არის ერთადერთი, რომელიც სასამართლოსგან საქმის დროულად განხილვას ითხოვს. ადვოკატები ამბობენ, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით გაჭიანურდა საქმეების არათუ განხილვა, არამედ განხილვის დაწყებაც კი. სასამართლო ხშირად რეზონანსული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების დროულად განხილვასაც ვერ ახერხებს.

სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვის ვადა 2-დან 5 თვემდეა საქმის წარმოებაში მიღებიდან.

„ბინის რემონტის საქმე“ 

„…განმიცხადა, რომ ის იყო კვალიფიციური ხელოსანი და ჰყავდა კვალიფიციური ჯგუფი, რომელიც ბინას გამირემონტებდა. შევთანხმდით, რომ ის შეასრულებდა ყველა სამუშაოს. მე მას თანხა გადავუხადე და დაიწყო ჩემი ნერვიულობა. ვხედავდი, რომ აკეთებდა უხარისხოდ,“ – წერს მოქალაქე ირინა სოსელია სარჩელში, რომლითაც მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ნანა სოსელიას საცხოვრებელი ბინა ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, 2017 წელს უყიდია, სულ 41.20 კვბადრატული მეტრი. ნანა რემონტის ჩატარების შემდეგ პატარა ბინაში მცირეწლოვან შვილთან ერთად აპირებდა ცხოვრებას.

ბინა რემონტის შემდეგ. ფოტო გადაღებულია სასამართლოში საქმის შეტანამდე

„ადგილ-ადგილ კედლებიც სხვა ფერის იყო, კედლების და ჭერის დამუშავება უსწორმასწორო… სველ წერტილებში კერამიკული ფილებიც ასევე არასათანადოდ იყო მოწყობილი,“ – აღნიშნავს სარჩელში მოქალაქე.

მას შემდეგ, რაც ხელოსანი მესაკუთრეს არ დაეთანხმა, ნანა სოსელიამ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა.

„ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ხარისხი არადამაკმაყოფილებელია… საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება დღგ-ს და სხვა ნორმალიტიული ხარჯების გათვალისწინებით შეადგენს 3 830 ლარს,“ – წერია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც 2018 წლის პირველ თებერვალსაა ხელმოწერილი.

ექსპერტიზის ამ დასკვნის შემდეგ ნანა სოსელია სასამართლოში წასულა.

„საქმე მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს დააწერეს, თუმცა ამ დრომდე სხდომა არ ჩანიშნულა… მოქალაქემ, რომელიც ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას, საბოლოოდ არჩია ბინის გაყიდვა. ბუნებრივია, მან ბინა გაყიდა უფრო დაბალ ფასად, ვიდრე გარემონტებული ბინა შეიძლება გაყიდო. მოქალაქე კიდევ უფრო დაზარალდა,“ – ამბობს ადვოკატი ლელა ბჟალავა, რომელიც ირინა სოსელიას ინტერესებს იცავს.

გასული წლის აპრილში ირინა სოსელიამ ბინა, სადაც ჩატარებული რემონტი სადავო გახდა, გაყიდა.

ბინა რემონტის შემდეგ. ფოტო გადაღებულია სასამართლოში საქმის შეტანამდე

უკანონო კორპუსები შუა ქალაქში, გოგოლის ქუჩაზე 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია შუა ბათუმში უკანონო კორპუსების მშენებლობის საქმის განხილვაც. სარჩელი ბათუმის სასამართლოში გასული წლის 16 აგვისტოს შევიდა. შესაბამისად, ბათუმში კორპუსების უკანონოდ მშენებლობა ისე გრძელდება, რომ მას ვერც [არც] ბათუმის მერია აჩერებს და ვერც [არც] სასამართლო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მხოლოდ განჩინება გამოსცა, რაც ეხება სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიებას – კომპანია „მეტრო ტერმინალი“ სასამართლოში ითხოვს, რომ მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემული დადგენილებები [ჯარიმები, მშენებლობის შეჩერება] სასამართლომ უკანონოდ მიიჩნიოს. ვიდრე სასამართლო ამას დაადგენს, კომპანიამ სასამართლოში ითხოვა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მერიის მიერ გამოცემული დადგენილები შეჩერდეს.

შესაბამისად, ამ ნაწილზე იმსჯელა მხოლოდ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ, დააკმაყოფილა კომპანიის შუამდგომლობა და მშენებლობას ხელი აღარ შეუშალა.

საია-ს შეფასებით, სასამართლოს კონკრეტულ მისამართზე – გოგოლის 11-ში უკანონო მშენებლობის შეჩერება მაინც შეეძლო, ვიდრე ის საქმის განხილვას შეუდგება.

სარჩელის უზრუნევლყოფის ღონისძიებაზე განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო გასული წლის ბოლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. აქ მიიჩნიეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მშენებლობა გოგოლის ქუჩაზე უნდა შეჩერდეს.

საქმე ამ ეტაპზე აღსრულების ეტაპზეა. საქმის მასალები გადასცეს პროკურატურასაც, თუმცა ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა.

ვიდრე აღმასრულებელი მშენებლობის შეჩერებას შეძლებს, გოგოლის ქუჩაზე კორპუსები უნებართვოდ ისევ შენდება. უცნობია თარიღი, როდის ჩანიშნავს ამ საქმის განხილვისთვის პირველ სხდომას მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე.

უკანონო მშენებლობები ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე

უკანონო, ყაზარმული ტიპის კორპუსების შენების შესახებ ინფორმაცია პირველად 2021 წლის 15 სექტემბერს გასაჯაროვდა.

აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტების საქმე 

პარასკევ საღამოობით ჟურნალისტების დათხოვნა ტრადიცია ხდება აჭარის ტელევიზიაში. ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის წინააღმდეგ ხმამაღლა გამოდის, ახლახანს გაუშვეს სამსახურიდან. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტონ პოლიტიკური ზეწოლა…“ – ეს დაახლოებით 2 წლის წინ, 2020 წლის 14 მარტს დაწერა ავტოირიტეტულმა საერთაშორისო გამოცემამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. მაშინ აჭარის ტელევიზიის წამყვანი – თეონა ბაკურიძე გაუშვეს ტელევიზიიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მაგალითად, ამ დრომდე არ დაუწყია თეონა ბაკურიძის სარჩელის განხილვა.

2019 წლის აპრილიდან, ანუ მას აქეთ, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორი – ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადააყანეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 9 სარჩელი შევიდა, რაც ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლებას, ასევე სარედაქციო დამოუკიდებლობას პირდაპირ ეხებოდა. ამ დრომდე მხოლოდ ერთი – მაია მერკვილაძის საქმის განხილვა მოხერხდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს არ დაუნახავს უკანონობა იმაში, რომ ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი იყო და რადიოში გადაიყვანეს

მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხებოდა ჟურნალისტებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, გათავისუფლებას ჰქონდა სისტემური ხასიათი და არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც ხედავდნენ, რომ ეს იყო პოლიტიკური ზეწოლა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს არ დაუსრულებია, როგორც ჟურნალისტების, ასევე იმპიჩმენტის წესით გაშვებული დირექტორის – ნათია კაპანაძის საქმის განხილვა. უცნობია მორიგი სასამართლო სხდომის თარიღი. მალე 3 წელი გავა, რაც ის აჭარის ტელევიზიიდან გაუშვეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე ერთ საქმედ განიხილება თეონა ხარაბაძის, მაია მერკვილაძის და ცირა სურანიძის საქმე, ასევე ჩანიშნულია შორენა ღლონტის საქმის განხილვა. სხვა სარჩელებზე კი, ჯერჯერობით სხდომის თარიღი ჩანიშნული არ არის.

ალექსანდრე მილორავა, შიმშილობის აქცია აჭარის ტელევიზიასთან – ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

სასამართლოში საქმეების გაჭიანურების მთავარ მიზეზად სახელდება მოსამართლეთა რაოდენობის სიმცირე და საქმეების სიმრავლე. დღევანდელი მდგომარეობით ბათუმის საქალაქო სასამართლოში სულ 10 მოსამართლე მუშაობს, მათგან 3 სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს.

ვადების დარღვევის გამო შესაძლოა უჩივლო მოსამართლეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ეს მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს, თუმცა ამ დრომდე პრაქტიკაში ადვოკატებს ასეთი საქმე არ ახსენდებათ, როცა მოსამართლეს უჩივლეს და ამით შედეგი მიიღეს.

რისთვის ყიდულობს 80 მეტრ კანაფის თოკს ხელვაჩაურის მერია

80 მეტრი კანაფის თოკი იმ მასალების ჩამონათვალშია, რომლებსაც ხელვაჩაურის მერია დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გასაფორმებლად საჭირო დეკორაციისთვის ტენდერით ყიდულობს.

ამავე ჩამონათვალშია სხვადასხვა რაოდენობისა და ზომის „ხის პლანკა, ფერადი ქსოვილები, ემულსია, წებო, სალფეთქის ქაღალდი, ფანერი, ლურსმანი, ფლეიცები ჩოტქები“ და სხვა მასალები.

მერია 220 შეკვრა ყვავილსაც შეიძენს [„მოწოდება ორ ეტაპად: ცოცხალი მინდვრის ყვავილები – ერთ შეკვრაში არანაკლებ 12 ცალი, ინდივიდუალური შეფუთვით]“; ასევე 220 მისალოც ბარათს [ტექსტს კი ტენდერში გამარჯვებულს მერიის შესაბამისი სამსახური მიაწვდის].

მეორე ღონისძიება, რაც მერიას აქვს დაგეგმილი, არის „საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალების შემკობა-მათი გახსენება“.

ამ ღონისძიებისთვის მერია მემორიალის შესამკობად 4 შეკვრა ეკიბანას იყიდის [„ერთ ეკიბანაში არანაკლებ 10 ცალი ყვავილი, გაფორმებით, შეფუთვით.“]; 30-30 ცალ წითელი ფერის ტიტას, ვარდსა და მიხაკს; ასევე იყიდის 100 ცალ სანთელს [სიმაღლე არანაკლებ 8 სმ.].

რაც შეეხება „სასანთლე-შანდალს“, მას მერია 4 დღით იქირავებს.

მერია ტენდერში გამარჯვებულს 20 ცალ „ისტორიული ფაქტის ამსახველ  ფოტომასალასაც“ დააბეჭდვინებს.

ამავე ტენდერის ფარგლებში ხელვაჩაურის მერია შემდეგი ღონისძიებების მომსახურებასაც შეისყიდის:

  • მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება.
  • გენდერის მიმართულებით კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება
  • მუნიციპალიტეტის სოფლებში ღონისძიებების ორგანიზება
  • ახალგაზრდობის ცენტრის მიერ საგანმანათლებლო-ახალგაზრდული პროგრამების ორგანიზება

[toggle title=”ამ ღონისძიებების შესახებ ვრცლად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება

  • ხატვის კონკურსში მონაწილეთათვის სიგელის მოწოდება 36 ცალი, A5 ზომის სიგელის დამზადება, ცალი მხარე ფერადი. ტექსტი მოწოდებული იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ.
  • ხატვის კონკურსში მონაწილეთათვის ფასიანი საჩუქრის მოწოდება 36 კომპლექტი. ერთი კომპლექტი მოიცავს: 1. A4 ფორმატის პორტფოლიო, ა5 ფორმატის გასაფერადებელი რვეული, ფერადი ფურცლები, ფანქარი (შეკვრაში 6ც). 2. წყალი 0.5ლ, 30 ცალი;
  • მხატვრული კითხვის და “საქართველოს ისტორიის ფურცლები“ კონკურსში მონაწილეთათვის სიგელის მოწოდება 37 ცალი;
  • მხატვრული კითხვისა და “საქართველოს ისტორიის ფურცლები“ კონკურსში მონაწილეთათვის ფასიანი საჩუქრები: წიგნებისა და საკანცელარიო საქონლის სასაჩუქრე ვაუჩერი 30-ლარიანი, 37 ცალი, ქალაქ ბათუმში არსებულ მაღაზიათა ქსელში სასაჩუქრე ვაუჩერი, მოქმედების ვადა 2022 წლის 01 ივნისამდე;
  • პანდემიის გათვალისწინებით საჭირო საქონლის-ნიღბის მოწოდება, პირბადე სამი შეკვრა: მათ შორის ერთი შეკვრა საბავშვო. შეკვრაში არანაკლებ 50 ც.

გენდერის მიმართულებით კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება

  • სიგელის და ჩარჩოს მოწოდება 3 ცალი, ფორმატი – A4, ფერადი .
  • „ღვაწლმოსილი ქალების” დაჯილდოებისათვის ფასიანი საჩუქრის მოწოდება სამი კომპლექტი, ფასიანი საჩუქარი, ერთი კომპლექტი უნდა მოიცავდეს: ერთი ბოთლი ქართული ღვინო, ტკბილეულის ფუთი, საოჯახო ჭურჭელი (დოქი, 6 ჭიქით);
  • დაუნის სინდრომის მქონე პირთათვის მასტერკლასის ჩატარება და საქონლის მოწოდება ერთი დღე. საჭიროა: 1. სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს არანაკლებ 20 მონაწილის ჩართულობით ხატვის ან/და ხელნაკეთი ნივთების შექმნას არსებული რესურსით. 2. რესურსის მოწოდება; ფერადი ფურცლები, ბუშტები (ჰელიო, ყვითელი 20ც), ფანქრები. 3. ფერადი ,,ჭრელი წინდები” (დაუნის სინდრომის ასოციაციიდან) არანაკლებ 15 ცალი;
  • აუტიზმის მსოფლიო დღე, ფოტომასალის მოწოდება 10 ცალი, A3 ფორმატის ფერადი ფოტო მასალის მოწოდება.

მუნიციპალიტეტის სოფლებში ღონისძიებების ორგანიზება

  • მუნიციპალიტეტის სოფლებში ანსამბლების ტრანსპორტირება და კვება სამი დღე. ეტაპობრივად თითოეულ დღეს უნდა განხორციელდეს: ა) ანსამბლების (40 კაცი) ტრანსპორტირება (ხელვაჩაურის სოფლები); ბ) ანსამბლის წევრებისათვის, მოწოდებული სიის შესაბამისად დღიური ანაზღაურება (არანაკლებ 15 ლარი).;
  • გასართობი აქტივობების ორგანიზება სამი დღე. ეტაპობრივად თითოეულ დღეს უნდა განხორციელდეს: აქტივობები: 1. შეჯიბრი ბაგირის გადაზიდვაში. 2. სახეზე მოხატვა (20 ბავშვი). 3. ვაფლის ნაყინი ან სიმინდის ბურბუშელა (20 ბავშვი). 4. ფერადი კვამლი 3 ფერში;
  • მუნიციპალიტეტის სოფლებში თოჯინების სახალხო თეატრის ტრანსპორტირება და კვება სამი დღე, ეტაპობრივად თითოეულ დღეს უნდა განხორციელდეს: ა) თეატრის (6 კაცი) ტრანსპორტირება (ხელვაჩაურის სოფლები); ბ) თეატრის წევრებისათვის, მოწოდებული სიის შესაბამისად დღიური ანაზღაურება (არანაკლებ 15 ლარი);
  • სატვირთო სატრანსპორტო საშუალება სამი დღე, ეტაპობრივად. თითოეულ დღეს ხელვაჩაურის მასშტაბით უნდა განხორციელდეს არსებული რესურსის: ტენტების, სკამების, მაგიდების ტრანსპორტირება.

ახალგაზრდობის ცენტრის მიერ საგანმანათლებლო-ახალგაზრდული პროგრამების ორგანიზება

  • ლიტერატურული განხილვისთვის მოწვეული სპეციალისტის ჰონორარი, 3 დღე. თითოეული სპეციალისტი უნდა იყოს არანაკლებ მაგისტრის ხარისხის მქონე, უნდა ჰქონდეს წიგნების საჯაროდ განხილვის გამოცდილება. სამსახურის მიერ მიწოდებული წიგნის განხილვა უნდა გააკეთოს არანაკლებ 1 საათის განმავლობაში. მერიის ახალგაზრდულ განყოფილებას უნდა მიაწოდოს თითოეული განხილული წიგნიდან 5 შეკითხვა ვიქტორინისთვის;
  • ფილმის განხილვაზე მოწვეული კინომცოდნის ჰონორარი ერთი დღე. კინომცოდნემ უნდა უზრუნველყოს ფილმის შერჩევა მერიის ახალგაზრდულ განყოფილებასთან შეთანხმებით და განხილვა ახალგაზრდებთან ერთად. ფილმი უნდა იყოს ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემაზე;
  • მოწვეული სპეციალისტის ჰონორარი საინფორმაციო ტრენინგზე, ორი დღე. სპეციალისტი უნდა იყოს არანაკლებ მაგისტრის ხარისხის მქონე შესაბამის დარგში. ტრენინგის თემა მოწოდებული იქნება სამსახურის მიერ. სპეციალისტს უნდა ჰქონდეს ტრენინგების ჩატარების გამოცდილება. თითოეული ტრენინგი უნდა ჩაატაროს არანაკლებ 1,5 საათის განმავლობაში.

[/toggle]

 

ყველა ამ „კულტურული ღონისძიებების ორგანიზების“ შესასყიდად ხელვაჩაურის მერია ჯამში 11 327 ლარს გადაიხდის. ტენდერი გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 20 თებერვალს უნდა დასრულდეს. ღონისძიებები კი, 2022 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, სხვადასხვა დროს გაიმართება.

ტენდერის პირობის მიხედვით, „ახალი კორონავირუსის (covid 19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის პროცესში უზრუნველყოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა“.

„დაასრულე ბეტონყმობის“ ავტორი ბათუმში 50 ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე კობა გოცირიძემ 50 ლარით დააჯარიმა მოქალაქე, რომელმაც ბათუმში პოლიციის შენობას მიახატა სტენსილი – „დაასრულე ბეტონყმობა“.

შენობაზე სტენსილის უნებართვოდ მიხატვისთვის პოლიციელებმა გიორგი ანანიძე 2021 წლის 16 დეკემბერს დააკავეს ადმინისტრაციული წესით. გიორგიმ სტენსილი რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ბარს დაახატა, რომელსაც საერთო კედელი აქვს პოლიციის შენობასთან.

კანონი ითვალისწინებს ჯარიმას ნებისმიერ შენობაზე უნებართვოდ შესრულებული მხატვრობისთვის, თუმცა უფლებადამცველების და ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, „ეს მუხლი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს გამოხატვის თავისუფლებასთან კონკურენციაში“.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ შენობაზე სტენსილის მიხატვა სამართალდარღვევად მიიჩნია.

„მე მხატვარი ვარ, ქუჩა იგივე გალერეაა და შეზღუდვების გარეშე უნდა ხატავდეს ნებისმიერი, ჰუმანური უნდა იყოს კანონი, პირველ რიგში. ეს საკმარისზე დიდი პრობლემაა,“ – გვითხრა გიორგი ანანიძემ.

მას სასამართლოს სხდომაზე  ადვოკატი არ ჰყავდა. გიორგი ანანიძე ამბობს, რომ ის მეგობრების თხოვნით ასრულებდა სტენსილს, თუმცა თვითონაც აპროტესტებს ქაოსურ მშენებლობებს ბათუმში.

გიორგი ანანიძე სტენსილის ხატვის პროცესში დააკავეს. მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება – ის დაახლოებით 12 საათს გააჩერეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ბათუმში 3 ათასამდე ოჯახი განსახლებას საჭიროებს – ჩიქოვანი

ბათუმში 3 ათასამდე ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს. ერთ-ერთი კორპუსი, რომელიც ავარიულია და მოსახლეობა უკვე შვიდ წელზე მეტია განსახლებას ითხოვს, მაიაკოვსკის 55 ნომერში მდებარეობს. მოსახლეობის თქმით, ამ კორპუსის კედლები და საძირკველიც დაზიანებულია. წუხელ, საქართველოში 6.2 ბალი მიწისძვრა დაფიქსირდა, რის შემდეგაც მოსახლეობამ ავარიული კორპუსი დატოვა და უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა.

ამის შემდეგ მერიამ 15 ოჯახი სასტუმროებში გადაიყვანა, მათი ნაწილი კი ახლობლებთან გადავიდა.

მოსახლეობის თქმით, წლების წინ ქალაქის მერიაში მათ უთხრეს, რომ ბინებს აბუსერიძის ქუჩაზე ახალ კორპუსში მიიღებდნენ, რომლის მშენებლობაც 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა.

დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებმა ხელშეკრულება კომპანია „რეალ მშენთან“ გააფორმეს, რომელსაც ბინებით უნდა დაეკმაყოფილებინა მესაკუთრეები. ახალი კორპუსი ნაწილობრივ აშენებულია, თუმც არ არის დასრულებული. მაშინ მოსახლეობა ამბობდა, რომ კომპანიას ბინების სანაცვლოდ მერიამ პროექტი გაზრდილი კოეფიციენტებით დაუმტკიცა, თუმცა მათ ბინები დღემდე არ მიუღიათ.

„ბათუმელებმა“ ქალაქის მერს, არჩილ ჩიქოვანს დღეს, 14 თებერვალსაც ჰკითხა, თუ რა გეგმა აქვს მერიას მაიაკოვსკის #55 ნომერში მცხოვრები მოსახლეობის ბინებით უზრუნველსაყოფად და რამდენად საკმარისია 80 მილიონი ლარი, რომელიც ბათუმის ავარიულ სახლებში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემების მოსაგვარებლად არის გათვალისწინებული მომდევნო 5 წლის განმავლობაში.

„როგორც იცით, ვახორციელებთ ავარიული სახლების პროგრამას, რომელიც სამი კატეგორიის პრობლემას მოიცავს. პირველ კატეგორიაში შედის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ავარიულ სახლებში ცხოვრობს და სასწრაფოდ გადასაყვანია უსაფრთხო საცხოვრებელში, მეორე კატეგორიაშია სახლები, როლებიც გამაგრებას საჭიროებს, თუმცა არარენტაბელურია და მესამე კატეგორია გულისხმობს გამაგრებით სამუშაოებს. სამივე მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ“, – ამბობს ჩიქოვანი.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ შემოწმდება თუ რამდენად დიდი ზიანი მიაყენა 13 თებერვალს ღამით მომხდარმა მიწისძვრამ საცხოვრებელ კორპუსს და დაიწყება მოლაპარაკებები, როგორც მოსახლეობასთან, ასევე ინვესტორთან.

კითხვაზე, თუ რამდენი ოჯახი საჭიროებს ახალ საცხოვრებელს ბოლო მონაცემებით, არჩილ ჩიქოვანი ამბობს, რომ ბათუმში უსაფრთხო საცხოვრებელი სულ ცოტა 3 ათას ოჯახს სჭირდება.

„რიგ მისამართებზე მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება. მაგალითად, რურუას ქუჩის #1-ელთან მიმართებაში დასკვნით ეტაპზეა მოქალაქეებთან შეთანხმება. გვაქვს კონკრეტული მისამართები და ამ მისამართებზეც მიმდინარეობს მონიტორინგის პროცესი.

დაახლოებით 97 მისამართზე გვაქვს მიღებული ექსპერტიზის დასკვნები, მერიაში 250 -ზე მეტი განცხადებაა შემოსული და მიმდინარეობს მათი დამუშავება“, – ამბობს ჩიქოვანი.

რაც შეეხება პროგრამით გათვალისწინებულ 80 მილიონ ლარს, რომელიც ავარიული სახლების რეაბილიტაციის პროგრამისთვისაა გათვალისწინებული, არჩილ ჩიქოვანი ამბობს, რომ „თუკი უფრო მეტის საჭიროება გაჩნდება, თანხას შემდეგ დაამატებენ“.

შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით

15 თებერვალს სილქფესტი რამდენიმე პაკეტს სთავაზობს მობილური ქსელის მომხმარებლებს. კომბინაციით *202# მსურველი შეუზღუდავად გაიაქტიურებს შემდეგ პირობებს:

  •  400 ლოკალური წუთი – 6 ₾
  • 5 GB + 100 ლოკალური წუთი – 7 ₾
  • 15 GB უსწრაფესი ინტერნეტი  – 10 ₾
  • 20 GB უსწრაფესი ინტერნეტი  – 12 ₾

ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

სილქფესტის აქციები განკუთვნილია, სილქნეტის ქსელში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის და საუკეთესო შეთავაზებაა მომხმარებლისთვის, მინიმალურ ფასად მაქსიმალურად მეტი სერვისი მიიღოს.

გაიგეთ მეტი სილქფესტის შესახებ.

„გათავისუფლების ბრძანება დაწერილია“ – ბათუმის მერი ხასიას პოსტზე ავარიული სახლების შესახებ

„თემურ ხასია დღეიდან უკვე აღარ მუშაობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, გათავისუფლების ბრძანება დაწერილია უკვე,“ – აღნიშნა დღეს, 14 თებერვალს, არჩილ ჩიქოვანმა.

ბათუმის მერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს მერიის სპორტული ცენტრის დირექტორის, თემურ ხასიას შესახებ, რომელმაც გუშინ, მიწისძვრის შემდეგ ფეისბუქში დაწერა – „ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს“.

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის შეფასებით, თემურ ხასიას პოსტი ფეისბუქზე „არ ასახავს მერიის განწყობას“. მან ასევე თქვა, რომ პოსტის შემდეგ მყისიერი კომუნიკაცია ჰქონდა ჩინოვნიკთან:

„თემურ ხასიას მიერ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი არ ასახავს იმ განწყობას, რაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, პოლიტიკურ გუნდს გააჩნია ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ… მყისიერი კომუნიკაცია გვქონდა,“ – თქვა არჩილ ჩიქოვანმა.

თემურ ხასია „ქართული ოცნების“ აქტივისტია. ის თანამდებობაზე ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა დანიშნა ორი თვის წინ.

თემურ ხასიას, როგორც „ოცნების“ აქტივისტის შესახებ, „ბათუმელები“ 2019 წელს წერდა, როცა „ალტერნატივას“ ხელმძღვანელს, ხათუნა ბერიძეს პარლამენტის წევრი – ანზორ ბოლქვაძე სასტუმროს დატოვებას აიძულებდა. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანდა თემურ ხასიაც, რომელიც ასევე მოუწოდებდა ხათუნა ბერიძეს სასტუმრო დაეტოვებინა.

იმ პერიოდში თემურ ხასია ბათუმის მერიის საქალაქო და ინფრასტრუქტურის სამმართველოს მარკეტინგისა და პიარის სამსახურის თანამშრომელი იყო და „ქართული ოცნებიდან“ ხულოს მერობის კანდიდატის, ვახტანგ ბერიძის წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის წინ ხეებს ჩეხავენ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც 2021 წლის 8 ოქტომბერს კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, რამდენიმე ნაძვი მოჭრეს, რამდენიმე კი გადაბელილია.

ნაძვები ჩამონგრეული კორპუსის წინ იდგა.

როგორც „ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, ხეების გაჩეხვის მიზეზი დაგეგმილი სადემონტაჟო სამუშაოებია. ამ საკითხზე კომენტარი ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმაც გააკეთა. მისი თქმით, ხეების გაჩეხვა კორპუსის დემონტაჟის პროექტშია გათვალისწინებული.

მოჭრილი ხეები

„მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ხეების გადაბელვაზე იყო საუბარი, თუმცა, თუ დემონტაჟი შეუძლებელი იქნება ხეების მოჭრის გარეშე, ხელი არ შეეშლებათ“ – ამბობს ჩიქოვანი.

ჩამონგრეული კორპუსის წინ ხეებს ჩეხავენ

26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. გამოძიების ვერსიით, სახლის ჩამონგრევა საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია. ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჩამონგრეული კორპუსისა და მიმდებარე სახლების დემონტაჟის შემდეგ ამ ადგილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაა დაგეგმილი.

ამავე თემაზე: 

წერილი ბათუმის მერიას კორპუსის ჩამონგრევამდე 50 დღით ადრე და მერიის განმარტება

 

ტერაბანკი მცირე და საშუალო ბიზნესმიმართულების 2021 წლის შედეგებს აჯამებს

ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის, მისი მხარდამჭერი ინიციატივებისა და შედეგების შესახებ 2021 წლის წარმატებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ბანკმა სტრატეგიული სეგმენტის მიმართულებით პოზიტიური ზრდა აჩვენა. ამას გარდა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის გასულ წელს განხორციელებული ინიციატივებიც დადებითი შედეგების მომტანი აღმოჩნდა.

2021 წელს ტერაბანკში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მაჩვენებელი გაიზარდა, საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელი — 17%-ით, მსესხებლების რიცხვი კი — 26%-ით.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საკრედიტო პორტფელი სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების კუთხითაც გაფართოვდა. მაგალითად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივების შედეგად გაცემული სესხების რაოდენობის 10%-მდე ტერაბანკზე მოდის. ჯამში, ამ პროგრამის ფარგლებში 50 ბიზნესი დაფინანსდა, რომელთა შორის ადგილობრივი წარმოებისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან. ამავდროულად, ტერაბანკი აქტიურად გასცემს აგრო სესხებსაც, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებისკენაა მიმართული. სულ აგროსექტორზე 1200 სესხია გაცემული, პორტფელი კი 78 მილიონ ლარს შეადგენს.

ტერაბანკმა 2021 წელს ბიზნესკლიენტებს პროდუქტებისა და სერვისების თვალსაზრისით არაერთი საინტერესო სიახლე შესთავაზა: აქტიურად გაგრძელდა ბიზნესსაქმიანობის გაციფრულების მხარდაჭერა, რამაც ელექტრონული გადახდის სისტემის ცალკე პროდუქტად შეთავაზება გახადა შესაძლებელი. ბიზნესკლიენტებისთვის ამოქმედდა უნივერსალური Cash in&out, რომელიც მათ დიდი მოცულობის თანხის შეტანისა და გატანის საშუალებას ნებისმიერ დროს აძლევს.

რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ ინიციატივებს, 2021 წელი ამ მხრივაც გამოირჩეოდა. ბიზნესკლიენტებისთვის რომლებიც საქმიანობებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უძღვებიან, საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. მათი მიმდინარეობისას, ტერაბანკის პროდუქტებსა და მომსახურებებთან ერთად, განსაკუთრებული აქცენტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოს ინიციატივებზე, დაფინანსების შესაძლებლობებსა და შეღავათიან ბიზნესსესხებზე გაკეთდა.

ტერაბანკი აქტიურად ზრუნავდა ბიზნესკლიენტებისთვის ცოდნის გაზიარებაზეც. ამ მიზნით, წლის განმავლობაში 7 ვებინარი ჩატარდა. შეხვედრები სხვადასხვა საკითხს მიეძღვნა, მათ შორის იყო აგროტურიზმის პერსპექტივა საქართველოში და ტურიზმი პანდემიის პერიოდში, ბიზნესის გაციფრულება, ბრენდინგი, ინფორმაციული უსაფრთხოება და ა.შ.

ტერაბანკის მიერ ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებამ 2021 წელს მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. კერძოდ, პროექტმა „ტერაბანკი ბიზნესის მხარდასაჭერად“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, Meliora-ს ჯილდო მოიგო. მან ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში – მცირე ბიზნესისა და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში – გაიმარჯვა. პროექტი 2020 წელს ტერაბანკის 50 ბიზნესკლიენტისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების პაკეტით დასაჩუქრებას გულისხმობდა.

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა 2022 წლისთვისაც ტერაბანკის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება. მთავარი აქცენტები კვლავაც ციფრული პროდუქტებისა და მომსახურებების განვითარებაზე, ცოდნის გაზიარებასა და ბიზნესსაქმიანობების განვითარების ხელშეწყობაზე გაკეთდება.

კოვიდის გამო ქედაში 8 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 14 თებერვლის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო 17 სკოლა დისტანციურად სწავლობს.

  • ბათუმში – 1 სკოლა და 72 კლასი
  • ქობულეთში – 3 სკოლა და 10 კლასი
  • ხულოში – 2 სკოლა და 0 კლასი
  • ხელვაჩაურში – 2 სკოლა და 9 კლასი
  • ქედაში – 8 სკოლა და 0 კლასი
  • შუახევში – 1 სკოლა და 3 კლასი

ბოლო 24 საათში  ქვეყანაში დადასტურდა კორონავირუსის 4028 შემთხვევა, მათგან 303 – აჭარაში.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციურ ფორმატში ასწავლის რისკის ჯგუფის 135 მასწავლებელი. ბოლო შვიდის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 6.5 და მოსწავლეების 2.5 პროცენტს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6 პროცენტი.

პანდემიის დროს მსუბუქი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2019-2021 წლების მონაცემების მიხედვით, საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა გაზრდილია:

  • 2019 წელი – 56 325 ავტომობილი
  • 2020 წელი – 61 141 ავტომობილი
  • 2021 წელი – 76 956 ავტომობილი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა განსაზღვრულია 60 კალენდარული დღით, რომელიც შესაძლებელია გახანგრძლივდეს დამატებით 30 დღით [შესაბამისი საფასურის – 1 კალენდარულ დღეზე 5 ლარის გადახდით], ხოლო  რეექსპორტში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანის ვადა შეადგენს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარულ დღეს.“

სამსახურის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო განხორციელებული შეღავათების მიუხედავად, კვლავ ფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა მიმართაც დარღვეულია დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ან/და საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის ვადები და შეუსრულებელია საგადასახადო ვალდებულებები.

„საბაჟო დეპარტამენტის მიერ, განხორციელებულია შესაბამისი სამართალდარღვევის საქმისწარმოება და გატარებულია დაკისრებული სანქციის აღსრულების ღონისძიებები, ხოლო სამართალდარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, გარკვეული დარღვევების შესახებ საქმის მასალები გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებში“, – აცხადებს სამსახური.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით:

  • „ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ეკისრება დეკლარანტს – საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს/მინდობილ პირს. ამასთან, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მათ სოლიდარულად დაეკისრებათ.
  • შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს სატრანსპორტო საშუალების მფლობელებს/წარმომადგენლებს, შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევის აღსრულება.“

სტატია ამავე თემაზე: რატომ გაძვირდა მეორადი მანქანები

 


კორონავირუსის პანდემიის გამო, „თავდაპირველად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მიეცათ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევის ან რეექსპორტის განხორციელების ვადა 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე. შემდგომ, აღნიშნული შეღავათი, აგრეთვე გავრცელდა  2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე და ბოლოს, დეკლარირების ვადა 2021 წლის 1-ელ ივნისამდე გადავადდა.“

ამავე თემაზე:

დაჯარიმდებით თუ ავტომანქანას დროულად არ განაბაჟებთ ან ნაწილებად გაყიდით

ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს, მე ვარ მაგალითი – ღარიბაშვილი

დღეს, 14 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. მწვანე პასპორტების გაუქმებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მწვანე პასპორტები იმიტომ გააუქმა მთავრობამ, რომ ის აღარ მუშაობდა.

„რატომ დაკარგა აზრი მწვანე პასპორტების გამოყენებამ? დელტა შტამის და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სიტუაცია იყო, მაგრამ ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება ომიკრონი. მე ვარ აგერ ერთი მაგალითი.

მე მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა ომიკრონი.

თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს ვაქცინირებულ პირებში აღნიშნული ვირუსი, იმაზე უფრო მსუბუქად, ვიდრე ადრინდელი. ამიტომ დაკარგა აზრი მწვანე პასპორტის გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ ამის გაუქმება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მეორე მხრივ, ღარიბაშვილი ამბობს, რომ უნდა გაგრძელდეს ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია, განსაკუთრებით კი სოფლებში.

„ჩვენ წავახალისეთ 50 წელს ზემოთ პირებისთვის ბუსტერ დოზის გაკეთება 100 ლარით. ვფიქრობთ, რომ  კიდევ უნდა წახალისდეს და გაფართოვდეს ვაქცინაციის კამპანია. გარდა ამისა, ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის სწრაფ ზრდას და აღდგენასაც“ – განაცხადა მან.

ჯანმოს ცნობით, ომიკრონის წინააღმდეგ ვაქცინის უმთავრესი მნიშვნელობა ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელია. ომიკრონის შემთხვევაში ბუსტერ ვაქცინის გაკეთების მნიშვნელობას უსვამს ხაზს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში ჩატარდა 9 688 კვლევა ტესტით, კორონავირუსი დაუდასტურდა 4028 ადამიანს. ბოლო  24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი.

ამავე თემაზე: 

„მანქანის გაჩერებას ვცდილობთ კედელთან შეჯახებით“ – ინტერვიუ ექიმთან პანდემიის მართვაზე

 

სამშენებლო კომპანიებს შეუძლიათ სესხი აიღონ, ჩვენ კი განვადებით გადავიხდით – ღარიბაშვილი

დღეს, 14 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სამშენებლო სექტორისთვის შეღავათებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკის ზრდის მიზნით სახელმწიფო სამშენებლო კომპანიებს შეღავათს სთავაზობს.

„ჩვენ ამ სიტუაციაში გვჭირდება ეკონომიკური მაჩვენებლების ამაჩქარებლები. ამიტომ გვინდა, რომ სამშენებლო სექტორს გავუკეთოთ შეთავაზება, საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით.

ძალიან ბევრ სამინისტროს აქვს დასასრულებელი პროექტები წელს. მაგალითად, დევნილებისთვის ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრია ასაშენებელი, განათლების სამინისტროს 800 კვადრატამდე აქვს ასაშენებელი ბაღები და სკოლები, პოლიციის ქალაქის მშენებლობა უნდა დავიწყოთ და სხვა პროექტებია კიდევ დასასრულებელი.

ამიტომ სამშენებლო კომპანიებს გვინდა შევთავაზოთ, რომ მათ დამატებით მოიზიდონ ფინანსები ადგილობრივ ბაზარზე, ბანკებიდან, ჩვენი გარანტიით, მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა ამ მოცულობაზე და ჩვენ 3-5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას. 500 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას ვგეგმავთ წელსვე და ვფიქრობთ, რომ მილიარდ ლარამდე შეძლებენ კომპანიები ათვისებას“- ამბობს ღარიბაშვილი.

მან მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს სთხოვა, ამ თემაზე შეხვედრები გამართოს ბიზნესსექტორთან.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

მერიის ჩინოვნიკის პოსტი ფეისბუქში ავარიულ სახლებზე – დატოვა თუ არა მან თანამდებობა

ჯერ კიდევ უცნობია, დატოვა თუ არა თანამდებობა ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა თემურ ხასიამ მას შემდეგ, რაც მან გუშინ, 13 თებერვალს, ღამით, მიწისძვრის შემდეგ ფეისბუქში დაწერა: „ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს“.

თემურ ხასიას პოსტი

ამ სტატუსიდან რამდენიმე წუთის შემდეგ თემურ ხასიამ ფეისბუქზე დაწერა, რომ ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს. საბოლოოდ მან ბოლო პოსტები წაშალა და ფეისბუქგვერდიც გააუქმა.

ბათუმში, ბოლო მონაცემებით, 3 ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს ავარიულ, სიცოცხლისთვის საშიშ სახლში.

დაწერა თუ არა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ თემურ ხასიამ? – „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს თემურ ხასიამ არ უპასუხა. ბათუმის სპორტული ცენტრის პრესცენტრში გვითხრეს, რომ თემურ ხასია სამსახურში დღეს არ მისულა და ფეისბუქპოსტის გარდა დამატებით არაფერი იციან.

ბათუმის მერიის პრესცენტრში ვერ გვითხრეს, დატოვა თუ არა თანამდებობა ხასიამ.

თემურ ხასია „ქართული ოცნების“ აქტივისტია. ის თანამდებობაზე ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა დანიშნა ორი თვის წინ.

თემურ ხასია არჩილ ჩიქოვანთან ერთად

თემურ ხასიას, როგორც „ოცნების“ აქტივისტის შესახებ, „ბათუმელები“ 2019 წელს წერდა, როცა „ალტერნატივას“ ხელმძღვანელს, ხათუნა ბერიძეს პარლამენტის წევრი – ანზორ ბოლქვაძე სასტუმროს დატოვებას აიძულებდა. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანდა თემურ ხასიაც, რომელიც ასევე მოუწოდებდა ხათუნა ბერიძეს სასტუმრო დაეტოვებინა.

იმ პერიოდში თემურ ხასია ბათუმის მერიის საქალაქო და ინფრასტრუქტურის სამმართველოს მარკეტინგისა და პიარის სამსახურის თანამშრომელი იყო და „ქართული ოცნებიდან“ ხულოს მერობის კანდიდატის, ვახტანგ ბერიძის წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული.

თუ სოციალურად დაუცველი არ დათანხმდება სამუშაოს, ოჯახი გადამოწმდება – ღარიბაშვილი

დღეს, 14 თებერვალს, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით, წელსვე დაიწყება დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებში მინიმუმ 50 ათასი სოციალურად დაუცველი დასაქმდება.

„200 ათასი შრომისუნარიანი მოქალაქე არ მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. მათ სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ რეალიზაცია. სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება სამუშაო ადგილები, სადაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს შეეძლება დასაქმება.

პროგრამა დასავლური პრაქტიკის შესწავლის შედეგად შევიმუშავეთ 18 წლიდან, საპენსიო ასაკამდე პირებისთვის, ვისაც მინიჭებული აქვს სოციალური სტატუსი. პირველ ეტაპზე 200 ათასამდე ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი.

პრინციპში, ჩვენ არ გვაქვს ლიმიტი და წელსვე ავალთ 50 ათასზე“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, თუ სოციალურად დაუცველი პირი უარს იტყვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სამუშაოზე, ოჯახი ხელმეორედ გადამოწმდება.

„საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას,  დასაქმებულს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება შემწეობა. პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს დამატებით მიეცემა 300 ლარი. შემწეობის გაცემა გაუგრძელდებათ მაშინაც, თუ მოქალაქე არ დათანხმდება არც ერთ შეთავაზებულ სამუშაოს, თუმცა ოჯახი ხელმეორედ გადამოწმდება“ – თქვა ღარიბაშვილმა.

მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, რა სფეროში აპირებს სახელმწიფო სოციალურად დაუცველი პირების დასაქმებას.

ჩატარდა 9688 კვლევა, დადასტურდა კოვიდის 4028 ახალი შემთხვევა | 14 თებერვალი

stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში ჩატარდა 9 688 კვლევა ტესტით, კორონავირუსი დაუდასტურდა 4028 ადამიანს.

14 თებერვლის მონაცემებით, გასულ 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი.

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 303 ახალი შემთხვევა. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 41,58 პროცენტი.

კორონავირუსზე საქართველოში  6 202 ადამიანს მკურნალობენ. 

Exit mobile version