ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აგრობარათებზე 75 – 375 ქულა დაგერიცხებათ, ცნობილია სარგებლობის ბოლო ვადაც

18.04.2022 • 18002
აგრობარათებზე 75 – 375 ქულა დაგერიცხებათ, ცნობილია სარგებლობის ბოლო ვადაც

აგრობარათებზე ქულების დარიცხვა და ამ ქულებით სარგებლობა იმავე პრინციპით მოხდება, როგორც წინა წლებში იყო. ამის შესახებ „ბათუმელებს“ სოფლის განვითარების სააგენტოში უთხრეს. პროგრამისთვის 35 მილიონი ლარია გამოყოფილი. მესაკუთრეები ვერ მიიღებენ თანხას, ისინი ისარგებლებენ მხოლოდ დარიცხული ქულებით [1 ქულა = 1 ლარი].

პროგრამაში ისევ „ლიბერთი ბანკი“ იქნება ჩართული. ქულები დაერიცხებათ აგრობარათის მფლობელებს. ხოლო ისინი, ვისაც აგრობარათი არ აქვთ, მაგრამ აქვთ შესაბამისი მიწის ნაკვეთი, მომდევნო კვირიდან [26 აპრილის შემდეგ] შეძლებენ ბარათის აღებას ბანკში. აგრობარათებზე ქულების დარიცხვაც მომდევნო კვირაში დაიწყება.

„პროგრამა დღეს დამტკიცდა და აღდგომის დღესასწაულების შემდეგ ყველა ლოჯისტიკური საკითხი მოგვარებული იქნება“, – გვითხრეს სააგენტოში. აღდგომა 24 აპრილსაა.

სააგენტოს ინფორმაციით, აგრობარათებზე დარიცხული ქულებით სარგებლობის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.

„სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით და მას მიიღებენ 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები. სუბსიდია ბენეფიციარებს დაერიცხებათ ქულების სახით აგრობარათზე და შეუძლიათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად მხოლოდ“, – ეს განცხადება დღეს, 18 აპრილს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ანუ ქულები დაერიცხება მიწის იმ მესაკუთრეს, რომელიც 2 500 კვ/მ ან მეტ ფართობს ფლობს, ოღონდ მაქსიმუმ 12 500 კვ/მეტრის ჩათვლით. პირი, რომელსაც 2 500 კვ/მ-ზე ნაკლები ან 12 500 კვ/მ-ზე მეტი ფართობის მიწა გააჩნია საკუთრებაში, ის ამ სუბსიდიით ვერ ისარგებლებს .

მაგალითად, 2 500 კვ/მ მიწის ნაკვეთზე დაირიცხება 75 ლარი, 3 000 კვ/მ ნაკვეთზე – 90 ლარი, მაქსიმუმ 12 500 კვ/მ ნაკვეთზე კი – 375 ლარი.

ამასთან, თუ მაგალითად, მიწის ნაკვეთს, რომელზეც გაიცემა სუბსიდია, 2, 3 ან მეტი თანამესაკუთრე ჰყავს, სუბსიდია[ქულები] ყველა თანამესაკუთრეზე გადანაწილდება.

სოფლის განვითარების სააგენტოში ასევე გვითხრეს, რომ აგრობარათების მფლობელები იგივე სპეციალიზებულ მაღაზიებში შეიძენენ შესაბამის საქონელს, სადაც ადრე ყიდულობდნენ.

  • ბარათზე დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება შემდეგი საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.

რაც შეეხება აგრობარათით საწვავის ან დახვნის მომსახურების შესყიდვას, ეს შესაძლებელი არ იქნება.

თუმცა აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია პროგრამა, რომელიც აჭარის მუნიციპალიტეტებში მიწის უფასოდ დახვნას ითვალისწინებს. „აგროსერვისცენტრის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა სახელმწიფო შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიამ“, რომელთანაც ხელშეკრულება 752 405 ლარზეა გაფორმებული.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამუშაოები დაწყებულია და პროგრამის ფარგლებში მიწის დახვნის მსურველებმა შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებს ან ადგილებზე აგროსერვისცენტრებს უნდა მიმართონ.


აგრობარათებზე ქულები ბოლოს 2020 წელს დაირიცხა. პროგრამა მაშინ 2 500 კვ/მ-დან 10 ჰექტრამდე ნაკვეთებისთვის გაიცემოდა. თუმცა 1.25 ჰა-დან 10 ჰა-მდე და მეტი ფართობის მიწის მესაკუთრეებს ქულების გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც სასოფლო-სამეურნეო საქონლის, ასევე ხვნის მომსახურების შესაძენად.

2022 წლის თებერვალში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აგრობარათების პროგრამის ხელახლა ამოქმედებისა და შესაბამისად, ბარათებზე ქულების დარიცხვის საკითხი არ განიხილებოდა.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარა, ფაქტობრივად, ერთადერთი რეგიონია საქართველოში, სადაც მიწის რეფორმა არ ჩატარებულა. 2022 წლის ივლის-აგვისტოში კი სახელმწიფო აჭარაში მიწის უფასო რეგისტრაციას იწყებს.

რეგისტრაცია რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის 12 თემში და მათში შემავალ სოფლებში ეტაპობრივად განხორციელდება და 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ვრცლად:

აჭარის რომელ სოფელში როდის დაიწყება მიწის უფასო რეგისტრაცია – გრაფიკი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: