მთავარი,სიახლეები

„მეწყერი ჩამოდის გზაზე, სადაც მოსწავლეები დადიან“ – შუახევში აქცია გამართეს

18.04.2022
„მეწყერი ჩამოდის გზაზე, სადაც მოსწავლეები დადიან“ – შუახევში აქცია გამართეს

შუახევში, სოფელ კობალთაში მცხოვრებმა ადამიანებმა დღეს, 18 აპრილს, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ დეტალური კვლევების ჩატარებას იმისთვის, რომ დადგინდეს: რატომ ვითარდებას პერიოდულად მეწყერი გზაზე, სადაც სკოლის მოსწავლეები დადიან? რატომ გაქრა წყალი სოფელში მას შემდეგ, რაც ჰესი ამუშავდა და იკლო მოსავლიანობამ?

„30 კომლი ვართ და 90 კაცი იყო აქციაზე, შინ არავინ დარჩა,“ – ამბობს თედო თავდგირიძე, რომელიც სოფელ კობალთაში ცხოვრობს და შუახევის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

თედო თავდგირიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მეწყერი ხშირად კეტავს გზას და ქმნის საფრთხეს.

„მეწყერი, ცხადია, არაპროგნოზირებადია, არ იცი, როდის, რა მოხდება… ბევრჯერ ჩაკეტილა გზა. წყალი ახლა შედარებით არის, მაგრამ ზაფხულში მანქანებით მოაქვთ ადამიანებს წყალი, წყაროები დაშრა, მოსავლიანობამაც იკლო,“ – გვიყვება თედო თავდგირიძე.

„ეს ადამიანები ითხოვენ არა ბინებს და გასახლებას, არამედ იმას, რომ სადაც ცხოვრობენ, იქ მიეცეთ საშუალება იცხოვრონ მშვიდად. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ საჭირო იყო კვლევების ჩატარება, მაგრამ არ ჩაატარეს და შედეგები ვიწვნიეთ დღეს,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე ორგანიზაციიდან „ადამიანის უფლებებისთვის“.

ის კობალთაში აქციის მონაწილეებს ორგანიზებაში დაეხმარა.

თედო თავდგირიძე აღნიშნავს, რომ 2017 წელს, როცა შუახევში ჰესი ამოქმედდა, გეოლოგებმა იმუშავეს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.

„იმავე წელს, როცა ჰესი ამუშავდა, სოფელში მეწყერი ჩამოწვა… გეოლოგებმა იმუშავეს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება. ჩვენ გვჭირდება დეტალური ანალიზი და კავშირი საფრთხეებთან, კომპლექსური შესწავლაა საჭირო, ჰესის ერთი გვირაბი ჩვენი სოფლის ქვეშ გადის. ბუნებრივია, არსებობს მოსაზრება, რომ ეს პრობლემები უკავშირდება ჰესს,“ – დასძინა თედო თავდგირიძემ.

„ბათუმელები“ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციას მის მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: