მთავარი,სიახლეები

გერმანიაში 140-ზე მეტ საქმეს იძიებენ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის მხარდაჭერისთვის

18.04.2022
გერმანიაში 140-ზე მეტ საქმეს იძიებენ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის მხარდაჭერისთვის

გერმანიაში რამდენიმე ფედერალური მიწის პოლიცია და პროკურატურა იძიებს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერისა და გამართლების 140-ზე მეტ საქმეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“, Redaktionsnetzwerks Deutschland მედიაჯგუფის გაზეთებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქმეების უმეტესობა რუსული მილიტარიზმისა და თავდასხმის სიმბოლოდ ქცეული Z-ის გამოყენებას ეხება.

Z-ის საჯარო ადგილებში გამოჩენა ექვემდებარება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე მათთვის, ვინც „წაახალისებს ან სხვაგვარად… ამართლებს საჯაროდ, შეკრებებზე ან წერილობითი მასალების გავრცელებით“ ​​უკანონო ქმედებებს.

საქსონია-ანჰალტში ამ მუხლით 19 საქმე აღიძრა Z-ის გამო, ჰამბურგში – 17, აქედან 16 ასევე ეხება ამ სიმბოლოს.

გერმანიის ყველაზე დასახლებულ მიწაზე, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამართლება/მხარდაჭერის გამო 37 საქმეს იძიებენ, მათგან 22 ასევე Z-ის დემონსტრაციას უკავშირდება – წერს „დოიჩე ველე“.

ზოგიერთი რეგიონი, მაგალითად, ბავარია, არ აწარმოებს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის მხარდაჭერის შემთხვევათა სტატისტიკას, მაგრამ ირწმუნებიან, რომ იღებენ ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც ეჭვმიტანილია ამ დანაშაულებში.

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან გერმანიის რიგ ქალაქებში პრორუსული აქციები გაიმართა, რომელთა მონაწილეები ქუჩებში რუსეთის ფედერაციისა და საბჭოთა კავშირის დროშებით გამოვიდნენ.

___________________________________

მთავარ ფოტოზე პრორუსული დემონსტრაცია გერმანიაში, 10 აპრილი, 2022. წყარო: Tass

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: