მთავარი,სიახლეები

„ჩვენ მზად ვართ“ – ვინ ელის ბათუმში რიგგარეშე არჩევნებს შემოდგომაზე

18.04.2022 • 2488
„ჩვენ მზად ვართ“ – ვინ ელის ბათუმში რიგგარეშე არჩევნებს შემოდგომაზე

ბათუმის საკრებულო ისევ ვერ იკრიბება. მაისშიც თუ ვერ მოახერხებენ სხდომის ჩატარებას დეპუტატები, ივნისში ამ მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდება და ოქტომბერში ბათუმში ისევ არჩევნები იქნება.

„ჩიხია, რომელსაც ყველა გონივრული პროგნოზით მივყავართ ახალ არჩევნებამდე,“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ირაკლი კუპრაძე. არჩევნებს ელიან „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. გახარიას პოლიტიკურ გუნდში კი, საიდანაც ამ ეტაპზე ბათუმის საკრებულოში ორი წევრია, მიიჩნევენ, რომ კრიზისს ხელოვნურად ქმნის „ქართული ოცნება“ და მმართველ პოლიტიკურ გუნდში თუ „გონს მოეგებიან“, არჩევნები საჭირო არ დარჩება. „ქართულ ოცნებაში“ ამ თემაზე საუბარს თავს არიდებენ და არც ოპონენტებთან მოლაპარაკებისთვის იცლიან, რაც მორიგი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი შეიძლება გახდეს.

ბათუმის საკრებულოში სულ 35 წევრია და სხდომის გამართვისთვის საჭიროა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ მინიმუმ 18 დეპუტატის ხმა. ოპოზიციას ამ დროისთვის ჯამში 17 ხმა აქვს და მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ვერც სხდომა გაიხსნება და ვერც რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, რომელმაც 2 აპრილს შუალედური არჩევნები მოიგო ბათუმში.

„ჩიხი უნდა ავირიდოთ თავიდან, რიგგარეშე არჩევნები რომ ჩატარდეს და იგივე შედეგი დაიდოს, მერე?“ – კითხულობს ირაკლი თავდგირიძე, რომელიც საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია და ღიად უცხადებს მხარდაჭერას რამაზ ჯინჭარაძეს „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს ახალი თავმჯდომარის პოზიციაზე.

ასეთია საკრებულოში ოპოზიციიდან შესული საკრებულოს წევრის პოზიცია იმის მიუხედავად, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში 19 მანდატი ჯამში ოპოზიციამ მოიპოვა, 16 – „ქართულმა ოცნებამ“, ანუ გამოჩნდა, რომ ბათუმში საზოგადოების განწყობა მეტწილად ოპოზიციურია.

თუმცა ირაკლი თავდგირიძე დამოუკიდებელი გახდა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებს, ენმ-დან საკრებულოში შესული ნუგზარ ფუტკარაძე კი, 18 ნოემბერს გარდაიცვალა, 24 ნოემბერს ენმ-მ აუდიოფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეს „ნეიტრალობას“ აიძულებდნენ. ითქვა, რომ მას ამის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. თუკი ნუგზარ ფუტკარაძე ირაკლი თავდგირიძის მსგავსად „ნეიტრალობას“ არჩევდა, ოპოზიცია ბათუმის საკრებულოში ავტომატურად კარგავდა უმრავლესობას.

„ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე“ ამ დრომდე არაფერია ცნობილი. ამ საქმის გამოძიება ახლა მთავარი საკითხია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომ ის საკრებულოს სხდომა შედგეს.

„ადამიანი მოგვიკლეს და ახლა ოჯახს არც იმას ეუბნებიან, რა გამოიძიეს, რას იძიებენ საერთოდ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რამაზ ჯინჭარაძის სისხლიან მანდატს მხარი არ დავუჭიროთ,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“. – „დაიწყოს ამ საქმის გამოძიება შსს-ს ნაცვლად პროკურატურამ და თანამდებობიდან გადადგეს ძიების დასრულებამდე დავით რიჟვაძე. ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ…“ – ამბობს რეზო ხარაზი.

ოპოზიციაში განმარტავენ, რომ განსაკუთრებით თორნიკე რიჟვაძის განაცხადის შემდეგ, როცა მან თქვა, რომ ოპოზიცია ბათუმის საკრებულოშიც „შეცუნცულდება“, აღარ აქვთ იმედი, რომ მოლაპარაკების მცდელობა ექნება ვინმეს მმართველი პოლიტიკური გუნდიდან.

„თორნიკე რიჟვაძეს ეუბნებიან, რომ მამაშენი მონაწილეობდა ამ საქმეში, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალებაო და იძახის შეცუნცულდებიანო. ახლა გასცეს პასუხი თავის პრემიერს, ვინ სად შეცუნცულდა, სანამ მამამისი არ გამოცუნცულდება, მანამდე არავინ არსად შემსვლელი არ არის… პირველ რიგში, ბათუმის საკრებულოში უნდა დაიჯერონ, რომ ეს არის თვითმმართველობა და არა რიჟვაძე-ჩიქოვანის გასართობი კლუბის დანამატი. საკრებულოს უფლებამოსილებმა პირებმა უნდა გადაწყვიტონ, დამოუკიდებელი არიან, თუ ჩიქოვანის და რიჟვაძის ჭკუით დადიან,“ – აღნიშნა რეზო ხარაზმა.

„კონსულტაციის ერთადერთი ინიციატორი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“, რომელიც კომუნიკაციაზე საერთოდ არ გამოდის… მათი მხრიდან მხოლოდ ირონიულ-სარკასტულ ფრაზებს ვისმენთ, ამ ვითარებაში რთულია შეთანხმება შედგეს,“ – ამბობს ირაკლი კუპრაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“. მას უჭირს დაასახელოს კონკრეტული ფაქტორები, რაზეც შესაძლოა შეთანხმება შედგეს ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის.

შესაძლოა თუ არა ამ ვითარებაში პირიქით ოპოზიციის მხარდაჭერის მაჩვენებელმა იკლოს, რადგან „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ სწორედ ოპოზიციის მიზეზით ვერ იკრიბება საკრებულო?

„ოპოზიციამ ორჯერ მოვიწვიეთ სხდომა და არავინ მოვიდა „ქართული ოცნებიდან“. არც დამოუკიდებელი ირაკლი თავდგირიძე მოვიდა და შესაბამისად კვორუმი არ შედგა,“ – წინა თვეებს იხსენებს ირაკლი კუპრაძე და ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკურ მოტივაციაზე – ვინ რის გამო არ მიდის საკრებულოში. ირაკლი კუპრაძეს აქვს განცდა, რომ ამის დანახვა ამომრჩეველს არ გაუჭირდება.

„როცა აქამდე „ქართული ოცნება“ სხდომებს არ ესწრებოდა, მოტივაცია იყო ის, რომ ოპოზიციას არ ჩასთვლოდა გამარჯვება, ხოლო დღეს ოპოზიციის მოტივაცია არის ის, რომ უსამართლოდ წართმეულ არჩევნებს ვაპროტესტებთ. ჩვენ მოვიპოვეთ თანაფარდობა 19 / 16-ზე და გვეუბნებიან, რომ 18 / 17-ზეა… ამისთვის დასჭირდათ რამდენიმე მილიონის დახარჯვა, ადამიანების მოსყიდვა, მუქარა, შანტაჟი. ჩვენი მოტივაცია ნათელია: წინააღმდეგობას ვუწევთ უსამართლობას და ისინი რას უწევდნენ წინააღმდეგობას? ისინი უწევდნენ წინააღმდეგობას ხალხის ნებას, რომელიც იყო გამოხატული 19 მანდატში, ანუ აშკარა უმრავლესობაში, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ქმნიდნენ,“ – განმარტავს ირაკლი კუპრაძე.

„ჩვენ მზად ვართ არჩევნებისთვის, ერთ უბანში უფრო ადვილი იყო „ოცნებისთვის“ და ოქტომბერში სხვა მოცემულობა იქნება,“ – არჩევნებს დიდი ალბათობით უშვებს რეზო ხარაზიც, რომელიც ნაკლებად ელის კონსულტაციას და მით უფრო მოლაპარაკების შედეგით დასრულებას „ქართულ ოცნებასთან“.

რეზო ხარაზი „ოცნების ქალაქში“ გუშინ, 17 აპრილს, გამართულ აქციაზე მიუთითებს, სადაც 2 აპრილის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე 338-მდე პირი ჩაწერეს ერთ მისამართზე – ფრიდონ ხალვაშის გამზირის 188-ის მიმდებარედ. 2 აპრილის არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ საია სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილ უკანონობაზე საუბრობდა, ამ საქმეზე გამოძიებაც არ დაიწყო.

„უკვე გამოჩნდა, როგორ ასრულებენ დაპირებებს…“, – ამბობს რეზო ხარაზი და მერის კაბინეტთან პოლიციელების კორდონსაც ახსენებს.

„ჩვენ ვითხოვთ კითხვებზე პასუხს ქალაქისთვის და მერი გვახვედრებს პოლიციის კორდონს. ელემენტარულ საკითხებზე არ გვცემენ პასუხს…“ – დასძინა რეზო ხარაზმა.

„ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, ნუ შექმნიან კრიზისს ხელოვნურად“, – ამბობს აკაკი გვიანიძე. ის ბათუმის საკრებულოს წევრია გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“. ამ პოლიტიკურ გუნდში მიიჩნევენ, რომ ე.წ. „სენაკის სცენარით“ წასვლა კანონს არ არღვევს – სენაკში 23 თებერვალს ოპოზიციამ გახარიას პარტიიდან ირაკლი კაჭარავა აირჩია საკრებულოს თავმჯდომარედ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში გაასაჩივრა – მიიჩნია, რომ კვორუმი არ არსებობდა.

„რამაზ ჯინჭარაძეს შეუძლია მონაწილეობა ამ პროცესში და თუ 18 კაცი შეიკრიბება, ჩაატარონ სხდომა,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე. ის არ ეთანხმება, მაგალითად, საიას განმარტებას იმ ნაწილში, როცა თავად რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობისთვის არის საჭირო საკრებულოს მინიმუმ 18 წევრის შეკრება.

„თუ მათ უნდათ, რომ ჩვენთან ერთად ჩაატარონ და ვესწრებოდეთ სხდომას, საჭიროა მინიმუმ იმ პოლიტიკური ტერორიზმის და ტერორისტული აქტების შეწყვეტა, ვგულისხმობ ადამიანების გადაბირებებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, ვიცით ყველამ ხომ რაც მოხდა წალენჯიხაში გელა აბულაძის შემთხვევა, როცა ადამიანი მხოლოდ იმისთვის მისცეს პასუხისგებაში და დააკავეს, რომ ის ჩვენი პარტიის წევრია.

პოლიტიკური ტერორის შეწყვეტა იქნება ჩვენთვის იმის წინაპირობა, რომ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ იქ ყოფნას და მუშაობას აქვს აზრი. „ოცნება“ უნდა იყოს ღია კონსულტაციებისთვის და არ უნდა თვლიდეს, რომ ოპოზიცია როცა საუბრობს, ეს ძაღლის ყეფაა,“ – მიიჩნევს აკაკი გვიანიძე.

საკრებულოს წევრს ასევე ვკითხეთ, რამდენად რეალურია ამ კუთხით „ოცნებისგან“ პირობის მიღება: ხომ არ ნიშნავს „პოლიტიკური ტერორის შეწყვეტის დაპირება“ ერთგვარ აღიარებას – თუ პოლიტიკურ ტერორს ვწყვეტ, გამოდის, ტერორს ჩავდიოდი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

„ეს პირველად არ გაუკეთებია „ქართულ ოცნებას“ და ამის კომპლექსი არ უნდა ჰქონდეს. „ოცნება“ ის პარტიაა, რომელმაც ნიკანორ მელია და რურუა გაათავისუფლა ციხიდან პოლიტიკური შეთანხმებით, აღიარა, რომ პოლიტიკური პატიმრები ჰყავდა, უგულავაც გამოუშვეს. არაერთ შემთხვევაში აღიარეს ეს ნაბიჯები და დამნაშავეებს პოლიტიკური იმუნიტეტი მისცეს მათი გაუთვლელი ნაბიჯებით. კარგად გვახსოვს ეს ისტორია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ აკაკი გვიანიძემ.

აკაკი გვიანიძის დაკვირვებით, „ოცნებას“ სურს, რომ კიდევ უფრო გააღრმაოს პოლარიზება. ამავდროულად აჩვენოს ამომრჩეველს, რომ არავისთან არ სურს თანამშრომლობა და არის თითქოს აბსოლუტური ძალის მატარებელი… თუ „ოცნება“ მოვა გონს და პროცესებს წაიყვანს ჯანსაღი დემოკრატიის გზით, განსაკუთრებით ახლა, როცა ევროკავშირის კითხვარში თვითმმართველობას აქვს ცენტრალური ადგილი, სხვა შემთხვევაში „ოცნება“ თავად დაზარალდება“.

„ოპოზიცია დაზარალდება ამით, თუ საკრებულო არ შეიკრიბება,“ – ბათუმის საკრებულოს ამბავზე ასეთია ირაკლი თავდგირიძის პოზიცია, რომელიც დამოუკიდებელი წევრია და საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან გახდა. ირაკლი თავდგირიძე ადასტურებს, რომ 12 აპრილის სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატებთან აღარ გამოჩნდა, რადგან „კვორუმი მაინც არ იყო“.

„ქალაქი უნდა გამოვიდეს ამ ჩიხური სიტუაციიდან“ – ქალაქის ინტერესებს იშველიებს ირაკლი თავდგირიძე, თუმცა მას შევახსენეთ, რომ არ გამოცხადდა საკრებულოში იმ ორ შემთხვევაში, როცა სხდომა ოპოზიციამ მოიწვია და ცნობილია, რომ საკრებულოში უმრავლესობა სწორედ ოპოზიციამ მოიწვია.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰქონდა კონსტრუქციული დიალოგის მცდელობა. ოფიციალურად გამოვიდნენ და „ოცნება“ მეძახეს, მერე იმათ სხდომაზე მივსულიყავი? … ეს ორი ძალა ერთმანეთის საპირწონეა და არ ვიცი, რატომ აქვთ წარმოდგენა, რომ მე ასე მივალ და მხარს დავუჭერ. რამაზ ჯინჭარაძეს მხარს დავუჭერ იმიტომ, რომ ვენდობი პიროვნულად მის მიერ გაკეთებული საქმეების გამო… შესაძლოა, სხვასაც დავუჭირო მხარი, ეს შეთანხმების საგანია. თავის დროზე ოპოზიცია ვერ შეთანხმდა თავმჯდომარის კანდიდატზე… ეს ქუჩის მანიფესტები უნდა დავასრულოთ, ამის მომხრე ვარ მე,“ – გვითხრა ირაკლი თავდგირიძემ.

12 აპრილს, როცა საკრებულოს სხდომა არ შედგა, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, თენგიზ აფხაზავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იწყებს კონსულტაციებს. რატომ არ დაიწყო ამ დრომდე კონსულტაციები, ან რა რესურსი არსებობს შეთანხმებისთვის? – ვკითხეთ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, თუმცა საკრებულოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ამ ეტაპზე საუბარი არ სურთ.

მთავარი ფოტო: ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა, 3 დეკემბერი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: