მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

1251 ხანდაზმული გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მათი უმრავლესობა ქალია

18.04.2022 • 1187
1251 ხანდაზმული გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მათი უმრავლესობა ქალია

შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 61 წელს გადაცილებული 1 251 ადამიანი, მათგან 378 კაცი და 873  ქალი. 2022 წლის იანვარ-თებერვალში კი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 61 წელს გადაცილებული 27 კაცი და 64 ქალი.

ხანდაზმულებზე ძალადობა მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას არ გულისხმობს, იგი მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე სექსუალურ, ფსიქოლოგიურ/ემოციურ ძალადობას; ასევე ეკონომიკურ ძალადობას, ხანდაზმულის საჭიროებების უგულებელყოფას, მისთვის ღირსების შელახვას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში წერს, რომ საქართველოში ხანდაზმულები მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან და სიღარიბის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა. ისინი ხშირად დამოკიდებულები არიან სოციალურ დახმარებასა და პენსიაზე, ცხოვრობენ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში.

ჯანმო: ხანდაზმულთა ძალადობის მაჩვენებლები გაიზარდა COVID-19 პანდემიის დროს.

2021 წლამდე შს სამინისტრო არ აწარმოებდა ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის სტატისტიკას. იგი გაერთიანებული იყო 45 წელს გადაცილებულ პირთა ძალადობის სტატისტიკასთან, რაც, ბუნებრივია, ვერ ასახავდა ზუსტ მონაცემებს.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ოჯახში ხანდაზმულ პირებზე ძალადობა ძირითადად ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ხასიათისაა. თავს იჩენს კიდევ ერთი ტენდენცია – ხანდაზმულ პირებზე არ ზრუნავენ და არ იჩენენ ყურადღებას მათ მიმართ.


ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: