მთავარი,სიახლეები

რუსებმა 12 წლის გოგოს მამა მოუკლეს, მას კი რუსეთის ობოლთა თავშესაფარში აგზავნიან

18.04.2022 • 23881
რუსებმა 12 წლის გოგოს მამა მოუკლეს, მას კი რუსეთის ობოლთა თავშესაფარში აგზავნიან

„უბრალოდ არ იტირო ან ინერვიულო, კარგი?“ – ეს აუდიოშეტყობინება 12 წლის კირა ობედინსკიმ ბაბუას გამოუგზავნა რუსეთის კონტროლირებადი ტერიტორიიდან. შემდეგ კი თავად ვერ შეძლო ცრემლის შეკავება: „რატომღაც მინდა ვიტირო, იმდენი ხანია არ მინახიხარ, რომ მინდა ვიტირო“, – ისმის ბავშვის მეორე აუდიოშეტყობინებაში, რომელსაც CNN-ი აქვეყნებს.

კირას დედა წლების წინ გარდაიცვალა, როდესაც ის ჯერ კიდევ პატარა იყო. მამა, ევგენი ობედინსკი, უკრაინის წყალბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, რუსმა სამხედროებმა 17 მარტს, დისტანციიდან სროლით მოკლეს, როდესაც მარიუპოლში შესვლისთვის იბრძოდნენ.

ევგენის მეგობარმა გოგონამ კირასთან ერთად მარიუპოლიდან ფეხით გაქცევა სცადა, რა დროსაც ვიღაცამ ნაღმს დააბიჯა ფეხი და აფეთქების შედეგად 12 წლის გოგონა დაშავდა. დაჭრილი კირა რუსებმა სეპარატისტული მთავრობის მიერ კონტროლირებადი დონეცკის რეგიონში, ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ის ახლა რუსული საინფორმაციო ომის უნებლიე მონაწილეა.

რუსული მედია ავრცელებს კირას ვიდეოებს, რომლებზეც იგი თავისი ისტორიის ეპიზოდს ჰყვება. მაგალითად, იმაზე, თუ რატომ გამოიქცა მარიუპოლიდან – რომ სროლები და დაბომბვა არ წყდებოდა. მოსკოვის პროპაგანდისტული კამპანია ამტკიცებს, რომ კირა არათუ ტყვეა, არამედ ის რუსმა სამხედროებმა იხსნეს.

ერთ-ერთ ვიდეორეპორტაჟში ჩანს დაობლებული და აფეთქებისას დაშავებული გოგონა როგორ ჰყვება სიხარულით, რომ დილით ბაბუასთან დარეკვის საშუალება მიეცა. რუსი ჟურნალისტი ამას უწოდებს მტკიცებულებას, რომ გოგონა არ არის გატაცებული, ის კარგადაა და უკრაინის ბრალდებები „სიყალბეა“. რუსულ მედიაში არ გაშუქებულა კირას აუდიომიმოწერა ბაბუასთან, ოლექსანდრე ობედინსკისთან, რომელიც შიშობს, რომ შვილიშვილს ვეღარასდროს ნახავს.

კირას ისტორია CNN-მა გამოიძია, ისევე როგორც რუსეთის მტკიცება, რომ მარიუპოლიდან და უკრაინის სხვა ტერიტორიებიდან უკრაინელი ხალხი ნებაყოფლობით გაჰყავს, რასაც ოფიციალური კიევი გატაცებას უწოდებს.

როგორც ოლექსანდრემ CNN-ს უთხრა, დონბასის სეპარატისტულმა მთავრობამ შვილიშვილის სანახავად და მასზე მეურვეობის მისაღებად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიწვია. როგორც ოლექსანდრე ამბობს, მიმდინარე ომის პირობებში ამის გაკეთება შეუძლებელია. მას უთხრეს, რომ საბოლოოდ კირას რუსეთში, ობოლთა თავშესაფარში გააგზავნიან.

რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრის გასწვრივ 60 000 უკრაინელს დაეხმარა სამშვიდობოს გასვლაში. უკრაინის მთავრობა კი ამბობს, რომ 40 000-ზე მეტი ადამიანი წაიყვანეს მათი ნების წინააღმდეგ, რასაც ოფიციალური კიევი გატაცებასა და იძულებით დეპორტაციას უწოდებს.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ 433 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა რუსეთში 24 თებერვლის – მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ათასობით ადამიანი იძულებით იქნა დეპორტირებული რუსეთის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა დაბლოკეს უსაფრთხო გადასასვლელი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ევაკუირებული ადამიანები კი თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს რუსეთის შორეულ ტერიტორიებზე.

CNN-თან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი მარიუპოლიდან ხალხის რუსეთში წასვლის იძულებაში დაადანაშაულა:

„რამდენიმე ათასი, ათიათასობით [ადამიანი] იძულებული გახდა ევაკუირებულიყო რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. ჩვენ არ ვიცით, სად არიან, მათ არანაირი კვალი არ დატოვეს. მათ შორის არის რამდენიმე ათასი ბავშვი. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რა დაემართათ მათ. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სამწუხაროდ, ამის შესახებ ინფორმაცია უბრალოდ არ არის,“ – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთი უარყოფს ოფიციალური კიევის ბრალდებებს და აცხადებს, რომ უკრაინა ხელს უშლის ხალხის რუსეთში „ევაკუაციის“ ძალისხმევას.

ომამდე – კირა მამასთან და ბაბუასთან ერთად

CNN თქმით, მარიუპოლში მცხოვრებთა და მათ ახლობლებთან ჩატარებული ათი ინტერვიუდან ირკვევა, რომ მათ მხოლოდ ორი არჩევანი ჰქონდათ: წასულიყვნენ რუსეთში ან მომკვდარიყვნენ. ბევრი რესპონდენტი აღწერს, რომ რუსი და დონეცკის სეპარატისტული მთავრობის ჯარისკაცები ჩადიოდნენ თავშესაფრებში, სადაც ხალხი ბომბებს ემალებოდა და სთხოვდნენ სასწრაფოდ დაეტოვებინათ იქაურობა. არავინ იცოდა, სად მიჰყავდათ ისინი.

როგორც CNN წერს, უკრაინელი და აშშ-ის ოფიციალური პირები, ასევე ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელ დამკვირვებლები აცხადებენ, რომ რუსი და სეპარატისტული ჯარები ამუშავებენ ათიათასობით უკრაინელ მოქალაქეს ეგრეთ წოდებული “ფილტრაციის ბანაკების” მეშვეობით, სადაც მათ ბიომეტრიული სკრინინგი უტარდებათ. მათ რუსეთში გაგზავნამდე ართმევენ ტელეფონებსა და დოკუმენტებს.

12 წლის კირას ბაბუას თქმით, რუსებმა გოგონასაც წაართვეს დოკუმენტები და თქვეს, რომ რუსეთში ახალ საბუთებს მოუმზადებდნენ.

___

მთავარი ფოტო: მამა-შვილი ობედისნკები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: