მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

უკრაინაში 2 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაერო

19.04.2022 • 867
უკრაინაში 2 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაერო

გაეროს ცნობით, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 17 აპრილის შუაღამემდე, უკრაინაში 2072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2818 დაშავდა.

დაღუპულთა შორის არის 537 კაცი და 327 ქალი, ასევე არიან ბავშვები – 38 გოგონა და 60 ბიჭი. გაერო იუწყება კიდევ 1039 ზრდასრულისა და 71 ბავშვის დაღუპვის შესახებ, რომელთა სქესი უცნობია.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებაში წერია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილის შემთხვევათა უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენების, მათ შორის მძიმე არტილერიის და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბვის, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.

გაერო მიიჩნევს, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია, რადგან ინფორმაციის მიღება ინტენსიური საომარი მოქმედებების ადგილებიდან ვერ ხერხდება და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ ელოდება დადასტურებას.

„ეს ეხება, მაგალითად, მარიუპოლს (დონეცკის ოლქი), იზიუმს (ხარკოვის ოლქი), პოპასნას (ლუგანსკის ოლქი) და ბოროდიანკას (კიევის რეგიონი), სადაც არის ბრალდებები მშვიდობიანი მოსახლეობის მრავალრიცხოვანი მსხვერპლის შესახებ. ეს მონაცემები დადასტურების პროცესშია და არ არის შეყვანილი ზემოთ მოცემულ სტატისტიკაში”.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი განცხადებაში ახსენებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსენებას, რომლის მიხედვითაც დილის 7.30 საათის მონაცემებით, 15 აპრილს (ადგილობრივი დროით), უკრაინაში დაღუპულია სულ მცირე 2700 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ქალები და ბავშვები.

მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი ეხება მხოლოდ იმ სამოქალაქო პირთა გარდაცვალებას, რომლებზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ჩატარდა ცხედრების სასამართლო ექსპერტიზა.

გაერო ასევე ახსენებს უკრაინის გენერალური პროკურატურის ანგარიშს, რომლის თანახმად, 18 აპრილის დილის 8 საათის მონაცემებით (ადგილობრივი დროით) დაღუპულია 205 ბავშვი და დაშავებულია სულ მცირე 362 ბავშვი.

__________

ფოტო: EPA-EFE/SERGEY KOZLOV

გადაბეჭდვის წესი


ასევე: