მთავარი,სიახლეები

ომის მთავარი მოწმე – როგორ იბრძვის უკრაინის მედია რამდენიმე ფრონტზე

18.04.2022 •
ომის მთავარი მოწმე – როგორ იბრძვის უკრაინის მედია რამდენიმე ფრონტზე

ავტორი: თამარ რუხაძე

____________________

უკვე მეორე თვეა, ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის ფასად მუშაობენ უკრაინაში. მათ ემუქრებიან, იტაცებენ, აწამებენ, კლავენ. ამ ომს აშუქებს მსოფლიოს ყველა მედია, თუმცა რუსული აგრესიის მთავარი მემატიანეები მაინც ადგილობრივი რეპორტიორები არიან.

ამ ბრძოლაში უკრაინის მედიას წარმოუდგენელ სირთულეებთან უწევს გამკლავება. უპრეცედენტო საინფორმაციო ომში ჩართულებმა უნდა იზრუნონ ფიზიკურ გადარჩენაზე, აღჭურვილობაზე, მუშაობისთვის საჭირო რესურსებზე, რაც ამ პირობებში ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ, ონლაინგამოცემა The Fix -მა შექმნა უკრაინული მედიის მხარდამჭერი კოალიცია და მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების დასახმარებლად თანხების მოზიდვა მთელი მსოფლიოდან დაიწყო. ამ საერთაშორისო მხარდაჭერის ნაწილია გამოცემების – „ბათუმელების & ნეტგაზეთის“ კამპანიაც – „ვეხმარებით უკრაინულ მედიას“.

როგორ შეიქმნა ეს კოალიცია, რა საჭიროებები აქვს უკრაინულ მედიას, რატომაა ასე მნიშვნელოვანი მისი გადარჩენა და როგორ გააერთიანა რუსეთის სამხედრო აგრესიამ საერთაშორისო მედიასაზოგადოება უკრაინელი ჟურნალისტების გარშემო – „ბათუმელები“ კამპანიის ერთ-ერთ ორგანიზატორსა და The Fix Media-ს თანადამფუძნებელს, ზახარ პროციუკს ესაუბრა.

  • ზახარ, დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო ჩვენთვის. დავიწყოთ იმით, როგორც სინამდვილეში დაიწყო ყველაფერი. როდის და რა მომენტში მიხვდით, რომ ასეთი კამპანია იყო საჭირო? The Fix ხომ თავადაც მედიაა, რომელსაც ომის ჟურნალისტიკასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონია.

დიახ, The Fix არის გამოცემა მედიაინდუსტრიაზე. ჩვენ ვმუშაობთ ლონდონსა და კიევში, მთელ ევროპაში. ჩვენი ფოკუსია ინოვაციები და გამომცემლების მხარდაჭერა. ამავე დროს, გამოცემას ძალიან ღრმა ფესვები აქვს უკრაინაში. გუნდის ნაწილი უკრაინელია, მე და კიდევ ორი ჩვენი თანადამფუძნებელი, უკრაინელები ვართ. მათ შორისაა დარია შევჩენკო, რომელიც ერთ-ერთ უმსხვილეს ინგლისურენოვან მედიას, Kyev Independent-ს ხელმძღვანელობს და ამ ომს აშუქებს. ამიტომაც, ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ უკრაინას და ძლიერი ემოციური და პროფესიული კავშირი გვაქვს ქვეყანასთან.

როდესაც ომი დაიწყო… თუმცა აქ უნდა ვთქვა, როდესაც ომის მეორე ტალღა დაიწყო, რადგან პირველი ჯერ კიდევ 2014 ში იყო, ჩვენ უკვე, ფაქტობრივად მზად ვიყავით, ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა, მზად ვიყავით, სწრაფად გვემოქმედა, რადგან წინასწარი დისკუსიაც გვქონდა ამაზე, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით ომის შემთხვევაში – როგორ უნდა მოგვეხერხებინა, რომ უკრაინაში მყოფი გუნდის წევრები უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ. ვმსჯელობდით იმაზე, როგორ შეგვეძლო ასეთ დროს იმ ჩვენი მეგობრებისა და კლიენტების დახმარება, რომლებიც ახლა უკრაინაში მუშაობენ.

ასე რომ, როდესაც რუსეთის სამხედრო აგრესია დაიწყო, ჩვენც დაუყოვნებლივ დავიწყეთ მუშაობა – მაშინვე გაკეთდა ქრაუდფანდინგის კამპანია GoFundMe-ზე. ეს არის ბრიტანული პლატფორმა და მედიის მხარდაჭერა დავიწყეთ.

  • უსაფრთხოება უპირველესია, თუმცა მედიას ასევე სჭირდება რესურსები იმისთვის, რომ იმუშაოს, ომი გააშუქოს, თუმცა არის უახლოესი მომავლის საჭიროებებიც. როგორ გადაანაწილეთ პრიორიტეტები?

ჩვენი მხარდაჭერა სამ ნაწილად, ეტაპად დავყავით: ერთი, ეს არის გადაუდებელი და სასწრაფო დახმარება, შემდეგ მოდის მოკლევადიანი და შემდეგ  – გრძელვადიანი. პირველი ეხება იმას, რაც ახლა, ამ წუთში ყველაზე დროულად სჭირდება მედიას – დავიწყეთ პერსონალური თავდაცვის აღჭურვილობის შეტანა უკრაინაში. ამის ნაკლებობა ყოველთვისაა, სრულიად მზად ასეთი რამისთვის ვერავინ იქნებოდა. ასევე, მიკროგრანტები, ადგილობრივი და ნაციონალური მედიებისთვის, 2-3 ათასიანი გრანტები ეგრევე დასახარჯად, რადგან სჭირდებათ საწვავი, საკვები… პირველი ორი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ასეთი დახმარება სწრაფად და დროულად. ეს ნაწილობრივ ჩვენი რეზერვებიდანაც მოვახერხეთ და ნაწილი ქრაუდფანდინგით, ასევე, კრიტპო დონაციით. კრიპტო ძალიან მოხერხებული აღმოჩნდა, რომ სწრაფად მიგვეღო თანხები და დავხმარებოდით მედიას.

მნიშვნელოვანია დახმარება გადაადგილების საკითხშიც, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაში მათთვის, ვისაც საკუთარი სახლის დატოვება მოუწია.

  • ყველას ძალიან გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, თუმცა ის პრობლემები, რომელთა წინაშეც უკრაინის მედია აღმოჩნდა, ბუნებრივია, ომის დასრულებისთანავე ვერ გაქრება. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი მედიის მომავალს საფრთხე არ შეექმნას?

სწორედ ამისთვისაა კამპანიის მესამე ნაწილი, რომელიც გრძელვადიან მხარდაჭერას გულისხმობს. ვცდილობთ, ამ კამპანიაში მონაწილე 12 ნაციონალურ მედიასაშუალებას დავეხმაროთ, რომ თუნდაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში შეძლონ მუშაობის გაგრძელება, შევავსოთ მათი ბიუჯეტის დეფიციტი და დავრწმუნდეთ, რომ ეს გამოცემები ბაზარზე დარჩებიან.

ერთ-ერთი საკითხია გრანტების, პროექტების მიღება და მართვა. ამის გამოცდილება აქ ყველას არ ჰქონდა, როგორ დაწერონ პროექტები, ვის ელაპარაკონ, როგორ შეიტანონ და ა.შ. ამაშიც ვეხმარებით, ვისაც სჭირდება.

უნდა ითქვას, რომ უკრაინაში მედია ძირითადად კომერციულ სარეკლამო შემოსავლებზე დგას, ამაზე იყვნენ ორიენტირებულები და ამით ძლიერდებოდნენ. და როდესაც რაღაც ისეთი ხდება, როგორიც ომია, რეკლამა ეგრევე ქრება. მთელი სარეკლამო ბაზარი ჩამოინგრა და მედიის ნაწილმა, საკუთარი შემოსავლების თითქმის 99 პროცენტი დაკარგა.

  • 2014 წელი ახსენეთ და ისიც, რომ მზად ვერავინ იქნებოდა ასეთი ხანგრძლივი და სასტიკი ომისთვის. და მაინც, რომ შეაფასოთ, ფინანსური მდგრადობის, კიბერუსაფრთხოების, თავდაცვითი აღჭურვილობის მიხედვით, რამდენად მომზადებული აღმოჩნდა უკრაინული მედია?

კარგი კითხვაა, რა თქმა უნდა. 100 პროცენტით მზად ვერასდროს იქნები. ვერც უკრაინის მედიაზე ვიტყვით ამას, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თავისთავად ომი რაღაც ახალი არ ყოფილა ჩვენთვის, ამიტომ ბევრი მედიასაშუალება, ასე თუ ისე მომზადებული შეხვდა ამ ვითარებას. ზოგს აღჭურვილობაც ჰქონდა, ჟურნალისტების ნაწილს კი ჰქონდა ფრონტის წინა ხაზზე მუშაობის გამოცდილება. თუმცა ამ მასშტაბის სამხედრო აგრესიას არავინ ელოდება. კი, ზოგიერთი ფიქრობდა და შიშობდა, მეც, მათ შორის, მაგრამ ხომ იცით, ერთია რაღაც დაუშვა გონებაში და მეორეა, გააკეთო ყველაფერი, რომ ამ სავარაუდო სცენარისთვის მზად იყო.

მთავარი, რისთვისაც უმრავლესობა მზად ვერ იქნებოდა, ეს ფინანსური საკითხია – არც ისე იოლია, იყო მდგრადი მედია უკრაინაში მშვიდობის დროსაც კი და ასჯერ უფრო რთულია ეს ომის დროს. ბევრი მედიასაშუალება, ძალიანაც რომ მოენდომებინა, ვერ იქნებოდა მომზადებული ამისთვის, ვერ ექნებოდათ იმდენი ფული გადადებული რეზერვში. ზოგს გაუთვალისწინებელ ვითარებაში წასასვლელი ადგილიც კი არ ჰქონდა. ვიტყოდი, რომ უფრო მომზადებულები იყვნენ, ვიდრე მოქალაქე იქნებოდა, მაგრამ ბევრისთვის მაინც უდიდესი შოკი იყო.

  • ძალიან შთამბეჭდავია კამპანიის მიღწევები – 2.7 მილიონი ევრო ჯამში, უკვე დაეხმარეთ 75 მედიასაშუალებას ქვეყნის მასშტაბით, 480 ათას ევროზე მეტის აღჭურვილობა შეიძინეთ. მოგვიყევით დონორებზეც. ვინ არიან ისინი, მსხვილი კომპანიები თუ მოქალაქეები, უკრაინიდან თუ მთელი მსოფლიოდან?

იმით დავიწყებდი, რომ ძალიან გაოცებულები ვართ მხარდაჭერის იმ მასშტაბით, რასაც უკრაინის მედია მთელი მსოფლიოდან იღებს. როდესაც კამპანია დავიწყეთ, თანხების ნაწილი მივიღეთ სხვადასხვა ჯგუფისგან და კომპანიისგან, თუმცა GoFundMe-ზე ძირითადად ჩვეულებრივი ადამიანები რიცხავენ ფულს, უცხოელები. უკვე 15 ათასზე მეტი დონაცია გაკეთდა, რაც ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანია მზად თუნდაც 10-15 დოლარით დაეხმაროს უკრაინულ მედიას და ეს ნამდვილად გასაოცარია. ბევრად ნაკლებს ველოდით.

The Fix-ის უპირატესობა, კამპანიის დასაწყისში, იყო ის, რომ ჩვენ კარგად ვიცნობდით უკრაინულ ბაზარსაც და ევროპულსაც და მალევე შევძელით კავშირების, კონტაქტების მოძებნა. დავიწყეთ გამომცემლებისა და მედიაზე მომუშავე ორგანიზაციების გაერთიანება ამ საერთო იდეის გარშემო. მართლა უდიდესი მხარდაჭერა მივიღეთ სხვადასხვა ქვეყნიდან, Axel Springer-მა შემოგვწირა ნახევარი მილიონი აღჭურვილობისთვის, კამპანიაში ჩაერთნენ ისეთი გამოცემები, როგორებიცაა The Guardian, The Local, ასე 15-მდე გავლენიანი მედიასაშუალება. როგორც ფინანსურად და აღჭურვილობით გვეხმარებიან, ისე კამპანიას აშუქებენ. აგრეთვე, უნდა ვთქვათ, მედიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების ძალიან სერიოზულ მხარდაჭერაზეც, ფონდი „ღია საზოგადოება“, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი. ვრცელი სიაა.

  • დარწმუნებული ვარ, ომის დასრულების შემდე, უკრაინის მედია კიდევ უფრო დიდ და გრძელვადიან მხარდაჭერას მიიღებს საერთაშორისო დონორებისგან. თქვენ აღნიშნეთ, რომ საზოგადოებისგან ამხელა მხარდაჭერას არ ელოდით, მედიისგან ელოდით ამგვარ სოლიდარობას?

ბუნებრივია, ვიცოდით, რომ მედიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციები დაგვეხმარებოდნენ. მათ 2014-შიც გააკეთეს ეს, მაგრამ ნამდვილად არ ველოდით ასეთ დიდ მხარდაჭერას მედიაორგანიზაციებისგან და მოქალაქეებისგან. ძალიან ბედნიერები ვართ ამით.

ვხედავთ, რომ ხალხი მუდმივად გამოხატავს სოლიდარობას უკრაინელების მიმართ – რიცხავენ ფულს ჰუმანიტარული მიზნებისთვის, არმიისთვის და ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მზადაა მედიასაც დაეხმაროს. მედიას ხომ უდიდესი როლი აქვს ომის დროს. სწორედ მედიის წყალობით ხედავენ ადამიანები ომს. აგერ, რა ხდება რუსეთში დამოუკიდებელი მედიის გარეშე – ადამიანები ძალიან შორს არიან რეალობისგან.

  • მთელი უკრაინა მოწმეა ამ ომში, მაგრამ მედია მაინც განსხვავებული მოწმეა. მას თავისი კადრებით, ამბებით შეუძლია ის, რაც არ შეუძლია სხვას – დოკუმენტირება. ეს მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ხალხი ამას ხედავს და აფასებს?

ესაა ზუსტად რაც გვინდა, რომ ავხსნათ – რომ ტიკ ტოკის ეპოქაში, როდესაც ყველას აქვს კამერა, რატომაა მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი და პროფესიონალური მედიის არსებობა. მისი მნიშვნელობა მართლაც შეუფასებელია. ომის დროს, უზარმაზარ საინფორმაციო ნაკადში, ადამიანებს ძალიან უჭირთ სიმართლის პოვნა, ყალბი ამბების ნამდვილისგან გარჩევა.

კარგი რეპუტაციის მქონე და პროფესიული სტანდარტის დამცველი მედიის საქმე მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება არაა, არამედ მისი გადამოწმებაც და დადასტურებაც.

ცალკეა კიდევ ფრონტის წინა ხაზზე მომუშავე ჟურნალისტები. მედიას, რომელსაც ეს გამოცდილება აქვს, შეუძლია ექსკლუზიური და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოყოლა, იქიდან და ისე, როგორც არ შეუძლია სხვას.

ომამდე უკრაინული მედია იყო ძალიან მრავალფეროვანი, უკრაინის მედიაბაზარი კი – ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონში. უამრავი ახალი კომპანია ჩნდებოდა, მომგებიანი, დამოუკიდებელი, ჯანსაღი ორგანიზაციები. ბაზარი იზრდებოდა. 2020 წლიდან უკრაინულმა მედიამ აქტიურად დაიწყო კონტენტის გაყიდვაც, გამომცემლებმა დაინახეს, რომ შემოსავლების მიღება მხოლოდ რეკლამიდან კი არა მკითხველებისგანაც შეიძლება. ჩვენი კომპანიაც ამით იყო დაკავებული, რომ ეხმარებოდა ამ ყველაფერში მედიას. ამიტომაცაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ეს ბაზარი გადავარჩინოთ, პირველ რიგში გადავარჩინოთ სიცოცხლე, მაგრამ ამავე დროს გადავარჩინოთ კომპანიებიც, ორგანიზაციები, სამუშაო ადგილები.

  • როგორ ართმევთ თავს ლოგისტიკას? ომის პირობებში განსაკუთრებით გართულდებოდა ტვირთების გადაზიდვა, დანიშნულების ადგილამდე მიტანა.

პირადად მე არ ვხელმძღვანელობ ლოგისტიკის ნაწილს, თუმცა ვიცი და გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია. მთელი მსოფლიოს ფულიც რომ გქონდეს, შეიძლება არ იყოს საკმარისი, თუ ტრანსპორტირების, გადაზიდვის საკითხს ვერ მოაგვარებ. ეს პროცესი უფრო ნელა მიდის, ვიდრე ჩვენ გვინდა, თუმცა მაინც ვახერხებთ. აი, ახლახან შემოვიტანეთ აღჭურვილობა და საჭირო ნივთების ერთ-ერთი დიდი პარტია.

ბევრი დეტალი შემოდის, უნდა იცოდე ზუსტად, რა დოკუმენტები უნდა გქონდეს, ვინ არის ის კონკრეტული ადამიანი, ვისაც უნდა მიაკითხო და სხვ. ეს თუ არ იცი, ძალიან გაგიჭირდება.

  • დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, ხომ არ არის რაიმე, რის დამატებაც გსურდათ დასრულებამდე?

ძალიან მადლობლები ვართ, რომ მონაწილეობთ ამ კამპანიაში. საქართველოს და უკრაინას ბევრი საერთო აქვს, რუსეთის თავდასხმების გამოცდილებაც მათ შორის. ამიტომაც ვიცით და გვჯერა, რომ თქვენ ნამდვილად კარგად გესმით ჩვენი. ასევე ქართულ მედიასაც. მადლობა მხარდაჭერისთვის.

მთავარი ფოტო: ზახარ პროციუკი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: