მთავარი,სიახლეები

„დაიხსენით მარიუპოლი სატანის კლანჭებიდან“ – უკრაინელი მაიორის წერილი რომის პაპს

18.04.2022
„დაიხსენით მარიუპოლი სატანის კლანჭებიდან“ – უკრაინელი მაიორის წერილი რომის პაპს

უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინა, რომის პაპს მიმართავს და მარიუპოლში მყოფი ხალხის გადარჩენას სთხოვს.

წერილს უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ აქვეყნებს.

„თქვენო უწმინდესობავ,

მე კათოლიკე არ ვარ, მართლმადიდებელი ვარ. მე ღმერთის მწამს და ვიცი, რომ ნათელი ყოველთვის იმარჯვებს ბნელზე.

მე არ მინახავს მსოფლიოსადმი თქვენი მიმართვები და არც თქვენი ბოლო განცხადებები წამიკითხავს. მე უკვე 50 დღეზე მეტია ომში ვარ და ერთადერთი, რისთვისაც დრო მაქვს, ეს გამალებული ბრძოლაა მტრის მიერ ალყაშემორტყმული ქალაქის თითოეული მეტრისთვის.

მე მეომარი ვარ, ოფიცერი, რომელმაც თავის ქვეყანას ერთგულება შეჰფიცა და მე მზად ვარ, ბოლომდე ვიბრძოლო – იმის მიუხედავად, რომ მტერი უფრო მრავალრიცხოვანია, იმის მიუხედავად, რომ ფრონტზე არაადამიანური პირობებია, იმის მიუხედავადაც, რომ გამუდმებული საარტილერიო და სარაკეტო შეტევების ქვეშ ვართ და არასდროს გვაქვს საკმარისი წყალი, საკვები და მედიკამენტები.

თქვენ ალბათ ცხოვრებაში ბევრი რამ გინახავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ გინახავთ ის, რაც ახლა მარიუპოლში ხდება, რადგან სწორედ ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე.

მე ცოტა დრო მაქვს საიმისოდ, რომ ყველა ის საშინელება აღვწერო, რასაც ყოველდღე ვხედავ. ქარხნის ბუნკერებში ცხოვრობენ ქალები ბავშვებით, ჩვილებით. შიმშილსა და სიცივეში. მტრის ავიაციის სამიზნეებად ქცეულნი. ყოველდღიურად კვდებიან დაჭრილები, რადგან მედიკამენტები არაა, არც წყალია, არც საკვები.

დახმარებისთვის მოგმართავთ, რადგან დადგა დრო, როდესაც მხოლოდ ლოცვა ვეღარ კმარა. გადაარჩინეთ ისინი. დრამატული თეატრის დაბომბვის შემდეგ აღარავის დარჩა რუსი ოკუპანტების ნდობა. გააგებინეთ სიმართლე მსოფლიოს, დაეხმარეთ ხალხს ევაკუაციაში და დაიხსენით მათი სიცოცხლე სატანის კლანჭებიდან, რომელსაც სურს დაწვას ყველაფერი ცოცხალი“.

მარიუპოლი პირველი მარტის შემდეგ ალყაშია, რუსეთის სამხედრო ძალები გამუდმებით უტევენ ქალაქს და მის აღებას ცდილობენ.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მარიუპოლის უკრაინელი დამცველების დასახმარებლად. მან ასევე დასძინა, რომ მარიუპოლის უკრაინელი დამცველების განადგურებამ შესაძლოა წერტილი დაუსვას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას.

17 აპრილს გენშტაბმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის არმია, სავარაუდოდ, მარიუპოლში საზღვაო სადესანტო ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება.

მთავარი ფოტო: მაიორი სერგეი ვოლინა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: