„სროლა რომ ატყდა, ვიფიქრე, ტყეში შევასწრებ-მეთქი, ორი ნაბიჯიღა მაკლდა, როცა ავტომატიდან გასროლილი ბრმა ტყვია მომხვდა,“ – გვიყვება ავთანდილ სურმანიძე. ის მეზენიტე, სტინგერის მსროლელია და უკრაინაში ბრძოლის დროს ფეხში დაიჭრა. ავთანდილ სურმანიძე ამ დროს სტარი სალტოვთან იბრძოდა ხარკოვის ოლქში, სადაც უკრაინელებმა რუსი ოკუპანტების ალყის გარღვევა შეძლეს.
ავთანდილ სურმანიძეს ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარეს. ის კიევის ჰოსპიტალშია და დაჭრის, ასევე, დაჭრამდე 3 დღით ადრე უკრაინელი გოგოს დანიშვნის ამბავს გვიყვება:
„უნდა გენახათ, როგორი სიხარულით გვხდებოდნენ სოფლებში, რომლებსაც ვათავისუფლებდით… სოფლები, ომის მიუხედავად, დაცლილი არ იყო, გარეთ გამოსვლა ჰქონდათ შეზღუდული და გადაადგილება. ერთი ქართველი ვიყავი და მეხვეოდნენ, როცა ეუბნებოდნენ, ეს ბიჭი საქართველოდან არისო, ტიროდნენ სიხარულისგან, გვეპატიჟებოდნენ სახლში, სუფრებს გვიშლიდნენ…
ხარკოვის ალყის გარღვევის დროს ბატალიონს უკან მივყვებოდით, როგორც ჰაერსაწინააღმდეგო დაზღვევა. იმ დღესაც, როცა დავიჭერი, არტილერია შევაცილეთ ერთ-ერთ სოფელში და სოფლიდან დაახლოებით ორ კილომეტრზე დავბანაკდით. დილის 9 საათი იქნებოდა, ვსაუზმობდით, როცა ტყიდან ხმაური შემოგვესმა.
ავტომატები გვერდით გვედო, მაგრამ იმათ იყვირეს, არ გვესროლოთ, თქვენიანები ვართო. მოგვატყუეს. დაახლოებით 30 მეტრის მანძილზე იყვნენ უკვე, როცა რუსებისთვის დამახასიათებელი თეთრი სამკლავურით მივხვდით, ვინც იყვნენ და ცეცხლი გავუხსენით, მე, ჩემი მეთაური და მძღოლი ვიყავით მხოლოდ. ისინი შვიდნი იყვნენ. მივხვდი, რომ ჩვენი ტყვედ აყვანა უნდოდათ,“ – ამბობს ქართველი მებრძოლი. მან რუსებისგან თავის დაღწევა ფეხში დაჭრის მიუხედავად მაინც მოახერხა.
„როცა ტყვია მომხვდა, მალევე წამოვდექი და ტყეში შევედი,“ – განაგრძობს თხრობას ავთანდილ სურმანიძე. – „დაახლოებით ორი კილომეტრი ვიარე ცალი ფეხით, სისხლი მდიოდა, ვცდილობდი, თან მეპოვა მეორეხარისხოვანი გზა… ამასობაში, მობილური დავკარგე, ჩემებთან კონტაქტიც დავკარგე.
მერე ჩამოვჯექი და ჯოხებისგან საკუთარი ხელით გავაკეთე „გიფსი“, ფეხი დავაფიქსირე, ქამარი შემოვიჭირე და ფეხსაცმლის თასმებიც. მაისურიც გავიხადე და სისხლდენის შეჩერება ვცადე. პურის ყანებში გავაგრძელე უკვე გზა.
აღარ მეშინოდა, რადგან ვიცოდი, რომ ეს ვერ იქნებოდა ორმხრივი ცეცხლი, რომ ეს შემორჩენილი ოკუპანტები იყვნენ, რომლებმაც ვერ გააღწიეს გათავისუფლებული სოფლიდან. გზამდე მივედი და იქ დავწექი, ვიდრე, რომელიმე მანქანა გამოჩნდებოდა.
დაახლოებით 25 წუთი იქნებოდა გასული, როცა ჩემი მეთაურის მანქანა გამოჩნდა. სწრაფად ვცადე გამოსვლა გზაზე, მაგრამ ის ძალიან სწრაფად მოძრაობდა, ვერ გავასწარი გზამდე, მაგრამ ხელში რაც მეჭირა, იმ ჯოხის გადასროლა მოვასწარი – უკანა ხედვის სარკიდან დამინახა და შეჩერდა,“ – ამბობს ავთანდილ სურმანიძე.
დაჭრის წინა დღეს ამოვკვეთე ხეზე „ბათუმი“, სადაც დავბანაკდით – ავთანდილ სურმანიძე
ქართველი მებრძოლის თქმით, მას პირველადი სამედიცინო დახმარება იმავე სოფელში აღმოუჩინა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა, გამაყუჩებელი გაუკეთეს და შემდეგ შემოვლითი გზით ხარკოვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რადგან ცენტრალური გზა დანაღმული იყო.
„თავიდან ექიმმა როცა ნახა ჩემი თხილის ჯოხებით გაკეთებული „გიფსი“, გაუკვირდა, ყველაფერი სწორად გაგიკეთებიაო. ვუთხარი, რომ როცა სიკვდილს ხედავ, ყველაფერი შესაძლოა სწორად გააკეთო-მეთქი.
ფეხის კოჭი ჩამტვრეული მაქვს მთლიანად, მაგრამ ფეხს ვამოძრავებ. არ ვიცი, რა იქნება, კიდევ ერთი ოპერაცია უნდა გამიკეთონ ამ დღეებში,“ – ჰყვება სტინგერის მსროლელი ბათუმიდან.
დაჭრამდე სამი დღით ადრე კი, ავთანდილ სურმანიძემ ხარკოველი მარია ანტიპოვა დანიშნა. ქართველი მებრძოლი ამბობს, რომ დაქორწინებას ბათუმში აპირებს, როცა ომიდან დაბრუნდება. მარია ანტიპოვა ავთანდილ სურმანიძეს სოციალური ქსელით 2019 წელს გაუცნია.
ავთო და მარია
„ის დედასთან ერთად ბათუმში იყო და წერდა, რომ საქართველო შეუყვარდა. მაშინ მე მეგობრობა ფეისბუქით ვთხოვე, დავმეგობრდით, შემდეგ ეს გრძნობები შეიცვალა და სიყვარულში გამოვუტყდი. მითხრა, რომ ეს არ გამოვა, რადგან საქართველოში ცხოვრებას არ აპირებს.
ომში როცა წავედი, მას აღარ ვწერდი… მერე, ფრონტზე გადაღებული ფოტოები დავდე ფეისბუქში, ეს ნახა და მომწერა. არ ვპასუხობდი დაახლოებით ერთი კვირა. მინდოდა, ეგრძნო, რომ მხოლოდ მის გამო კი არა, ომისთვის ჩავედი, რომ ეს ომი ჩემი ომიც იყო…
მერე, ერთ დღეს, როცა მივლინებით ხარკოვში გამიშვეს, მოულოდნელად მივუკაკუნე მარიას სახლის კარზე, ძალიან გაუხარდა. ნიშნობისთვის ბეჭედი უკრაინელმა ბიჭებმა მიყიდეს… მარია სამოქალაქო განათლების მასწავლებელია და ახლა მოხალისედ მუშაობს ობოლი ბავშვების დასახმარებლად, სადიპლომოს დაცვა ჰქონდა, მალე უნდა ჩამოვიდეს ჩემთან, კიევში,“ – გვითხრა ავთანდილ სურმანიძემ.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებას გამოეხმაურა. ანდრეი რუდენკომ რუსულ საინფორმაციო სააგენტოებთან განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სურსათით დატვირთულ გემებს უსაფრთხო დერეფანი შესთავაზოს უკრაინის დასატოვებლად. სამაგიეროდ, მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ ექსპორტსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე დაწესებული გარკვეული სანქციები მოხსნა.
მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში იხსენებს დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე რუსეთის განცხადებებს, რომ ეს სანქციები „დიდი ბედნიერება და საჩუქარია ეკონომიკისთვის“.
„კრემლი აცხადებდა, რომ სანქციები დიდი ბედნიერება და საჩუქარია ეკონომიკისთვის. ახლა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პორტების განსაბლოკად სანქციების მოხსნას ითხოვს. თუ სანქციები გაძლიერებთ, რატომ უნდა მოიხსნას? ბატონო რუდენკო, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, არა?!“ – წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.
The Kremlin has been saying that sanctions — great happiness and a gift to the economy. Now, @MFA_Russia demands to lift sanctions to unblock ports. If sanctions make you stronger, why to lift them? Everything is going according to the plan, Mr. Rudenko, isn’t it?
უკრაინა ხორბლის, სიმინდისა და მზესუმზირას ზეთის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია. რუსეთის თავდასხმის შემდეგ შეჩერებულია უკრაინიდან ტვირთის ზღვით გატანა. ამ ვითარებას საერთაშორისო ექსპერტები და პოლიტიკოსები გლობალური სასურსათო კრიზისის საფრთხედ აფასებენ. დასავლური ქვეყნები სურსათის უკრაინიდან გასატანად „უსაფრთხო დერეფნის“ შექმნის საჭიროებაზე საუბრობენ, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ეს რუსეთის თანხმობის გარეშე ვერ მოხერხდება.
როგორც რუსული მედია ციტირებს რუდენკოს, იგი ასევე მოითხოვს „უკრაინამ განაღმოს ყველა პორტი, სადაც გემები დგას“.
ოფიციალური კიევი რუსეთს პორტების დანაღმვასა და ხორბლის ქურდობაში სდებს ბრალს. უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სურსათის გლობალურ კრიზისზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. სურსათის ფასი გლობალურად იზრდება, ხოლო უკრაინაში, როგორც დასავლელი ლიდერები აცხადებენ, ტონობით ხორბალია, რომელიც ექსპორტზე ვერ გადის.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს მამუკა თურმანიძე უხელმძღვანელებს. ის 2020 წლიდან ამავე უწყებაში უფროსის მოადგილედ მუშაობდა, მანამდე კი, 2015 წლიდან 5 წლის განმავლობაში მამუკა თურმანიძე სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის რეგიონალური მთავარი სამმართველოს მე-2 სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი იყო.
მამუკა თურმანიძეს 2020 წლამდე მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. სუსში დასაქმებამდე იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, 2013 წელს იყო აჭარის რეგიონალური მთავარი სამმართველოს მე-2 სამსახურის უფროსის მოადგილე. 2007 წლიდან 2012 წლამდე კი უბნის ინსპექტორ- გამომძიებლად მუშაობდა.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ამ დრომდეზაზა შავაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც გუშინ, 24 მაისს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშნეს.
გიორგი სურმანიძე, რომელიც ამ დრომდე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა.
ახალი მოადგილე ჰყავს აჭარის ჯანდაცვის მინისტრსაც. ამ თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ედუარდ ნაკაშიძე წარუდგინა, რომელსაც აჭარის მთავრობის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო უწყებებში და, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევის მაღაზიებში მარილის დეფიციტია, პროდუქტზე ფასი კი მკვეთრად გაიზარდა – მიზეზი საწარმო „არტემსოლის“ გაჩერებაა.
„არტემსოლი“ მარილის მომპოვებელი და გადამამუშავებელი უმსხვილესი საწარმოა ევროპაში, რომელიც ბახმუტთან ახლოს, ქალაქ სოლედარში, დონეცკის ოლქში მდებარეობს. სწორედ ამ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ახლა მთავარი ბრძოლები.
„საწარმო გაჩერებულია, ბრძანების თანახმად, გაურკვეველი დროით. სროლა გამუდმებით გრძელდება, ნაწილობრივ დანგრეულია ადმინისტრაციის შენობა. იყო საწყობებზე პირდაპირი თავდასხმებიც. საწარმოო პროცესის გაგრძელება შეუძლებელია. ხალხს ასეთ საფრთხეში ვერ ჩავაგდებთ. თანაც, სოლედარის მცხოვრებლები, ისინიც, ვინც „არტემსოლში“ მუშაობენ, უკვე ევაკუირებულნი არიან. თანამშრომლებისა და ადმინისტრაციის დიდი ნაწილი აქ აღარაა“, – განაცხადა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიქტორ იურინმა.
იურინის ინფორმაციით, საწარმო ჯერ კიდევ აპრილში გაჩერდა, რადგან ამ დროს უკვე შეუძლებელი იყო ქალაქიდან პროდუქციის რკინიგზით გატანა.
„მარილი რომ მაღაზიებში გაიყიდოს, ის უნდა დაამზადოს ვინმემ. ვიდრე ბრძოლები გრძელდება, მოგვიწევს ჩვენი მარილის იმპორტირებულით ჩანაცვლება“, – ამბობს იურინი.
მისი თქმით, „არტემსოლის“ გაჩერებას უკრაინის გარდა სხვა ქვეყნებშიც მალე იგრძნობენ, მათ შორის, უნგრეთში, პოლონეთში, საქართველოში, მოლდოვაში, აზერბაიჯანსა და რუმინეთში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში უკრაინიდან 1 256 ტონა მარილი შემოვიდა. თურქეთისა და ირანის შემდეგ უკრაინა საქართველოსთვის მარილის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია.
მთავარი ფოტო: „არტემსოლის“ მარილი კიევის ერთ-ერთ მაღაზიაში/Типичный Киев
2022 წლის 27 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელებს მოუწოდა უკრაინის დაცვაში მონაწილეობისკენ. ასე შეიქმნა უცხოელების ლეგიონი. მას უკვე შეუერთდა ათასობით მოხალისე 92 ქვეყნიდან, მათ შორის არიან სამხედრო ვარსკვლავებიც კი, მაგალითად, კანადელი სნაიპერი უოლი.
უკრაინული გამოცემა hromadske ხარკოვის ოლქში ჩავიდა, სადაც გათავისუფლებულ ტერიტორიებზე შეხვდა უცხოელებს, რომლებიც ახლა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. მათ უკრაინელი ოფიცრები ხელმძღვანელობენ. უკრაინის მოქალაქეებისგან განსხვავებით, უცხოელებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტონ ხელშეკრულება უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, მაგრამ უმრავლესობა აპირებს ბრძოლას გამარჯვებამდე.
რაიანი ამერიკის შეერთებული შტატებიდან
ამერიკელ რაიანს შეეძლო ჰოლივუდის რომელიმე ფილმში მთავარი როლი შეესრულებინა. მაგალითად „რიგითი რაიანის გადასარჩენად – 2“. ლამაზი სახე, გრძელი, ხვეული, უკან შეკრული თმა, ნავარჯიშები სხეული. კითხვაზე, რამდენი წლისაა, პასუხობს, რომ ქრისტეს ასაკშია.
თუმცა ახლა რაიანი დოკუმენტურ ბოევიკში მონაწილეობს რუსეთ-უკრაინის ომის თავდაცვის პირველ ხაზზე. ამ ომში იგი სნაიპერის როლშია. მაგრამ რაიანს თავისი დამსახურებებით კვეხნა არ სურს.
– თქვენი მეთაური ამბობს, რომ თქვენ, შესაძლოა, ათობით რუსი ჯარისკაცი მოკალით.
– არა, ეს მე არ ვყოფილვარ. ვიღაც სხვაზე ამბობს, მართლა.
– მაშ, რამდენი?
– მე მხოლოდ ხანმოკლე შეტაკებების შესაძლებლობა მქონდა. ჩემი ძირითადი საქმე დაკვირვებაა, რუკების შედგენა, ესკიზების მომზადება, დეტალების ჩაწერა. დიახ, ესაა 99 პროცენტით.
რაიანი. ფოტო: hromadske
რაიანს ომმა საქართველოს მთებში მოუსწრო. როცა ის მთებიდან დაეშვა და ახალი ამბები წაიკითხა, მაშინვე უკრაინისკენ ავიარეისის ძებნა დაიწყო.
რაიანი ომამდე უკრაინაში ორწელიწად-ნახევარი ცხოვრობდა, სხვადასხვა ქალაქში. ამბობს, რომ ყოველთვის აინტერესებდა აღმოსავლეთ ევროპა და ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ მიხვდა, რომ საცხოვრებლად უკრაინა საუკეთესო ქვეყანაა. იყო მოხალისე მასწავლებელი კარპატების საბავშვო ბანაკში. დაიწყო საკუთარი ბიზნესი მთებში მოგზაურობის სფეროში.
„თავიდან ვგეგმავდი უბრალოდ წავსულიყავი ჩემს მეგობრებთან კიევში და მენახა, შემეძლო თუ არა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადაში გაწევრიანება და მათი როგორმე დახმარება. შემდეგ გავიგე, რომ ახალშექმნილ უცხოურ ლეგიონში იწვევდნენ და ვიფიქრე, რომ ეს ერთადერთი კანონიერი საშუალება იქნებოდა…“
რაიანს საუბარს არტილერიის ხმა აწყვეტინებს. ის ყურს უგდებს. ამბობს, რომ ეს ახლოს არ არის და საუბარს აგრძელებს.
„არტილერია ძალიან დიდია, მე – ძალიან პატარა. ეს საშინელებაა. მაგრამ ზოგჯერ სახიფათო რაღაცებს ადამიანები მხოლოდ გასართობად ვაკეთებთ, აქ კი საშიშია და სახიფათო რაღაც მიზნისთვის“.
რაიანი ამბობს, რომ ის ომშია იმიტომ, რომ თავის უკრაინელ მეგობრებთან ერთად ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. და კიდევ იმისთვის, რომ უკრაინელი მებრძოლებისგან კრეატიულობა ისწავლოს.
„ისინი წყვეტენ პრობლემებს ისე, როგორც არ ელოდებით. ვგულისხმობ იმას, თუ როგორ ითვისებენ ისინი საუკეთესო ტაქტიკას. რუსები ძალიან ძველი, საბჭოთა ტაქტიკით სარგებლობენ, „სახელმძღვანელოების მიხედვით“. უკრაინელები აკვირდებიან და ხედავენ, რა მუშაობს. შემდეგ სწრაფად ახდენენ ამის რეალიზებას დიდ მასშტაბებში. ისევე, როგორც ტექნოლოგიების გამოყენებისას. მაგალითად, მცირე ზომის სამოქალაქო დრონებით, რომელიც ძალიან ეფექტურად გამოიყენება.
კაცმა, ფორმაზე ლურჯ-ყვითელი დროშით, რამდენჯერმე გაიმეორა სახელი, რომ მისთვის სწორად გაეგოთ. ბოლოს ამბობს: „მიშკა“. ასე ეძახიან მას ისინი, ვისაც უჭირს მერკელის დამახსოვრება. ის ავსტრალიიდანაა. პირველად ჩამოვიდა ევროპაში. უკრაინაში ყველაზე მეტად სიცივემ მოახდინა შთაბეჭდილება. მერკელს ორი შვილი ჰყავს – სამი და ხუთი წლის.
„26 საათი მოვდიოდი. მოვფრინავდი მელბურნიდან, იქიდან – სინგაპურში, სინგაპურიდან – გერმანიაში. გერმანიაში 12 საათით დამაკავეს, არ მაძლევდნენ ევროპაში შესვლის საშუალებას. ომი სულ ახალდაწყებული იყო.
როცა აეროპორტში დამაკავეს, გავიცანი უკრაინელი, რომელმაც მითხრა: „იდეა მაქვს, შეგვიძლია ბრიტანეთში გავფრინდეთ“. მეორე დილას გავფრინდით დიდ ბრიტანეთში და შემდეგ მან მიყიდა ბილეთი უკრაინისკენ. ონლაინ დავუკავშირდი უკრაინის საელჩოს. ჩავირიცხე ლეგიონში და ახლა აქ ვარ.
მერკელი. ფოტო: hromadske
მერკელი ამბობს, რომ ავსტრალიაში კარგი სამსახური ჰქონდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ მისი ხელები უკრაინას სჭირდება. იგი იოვოროვსკის პოლიგონზე იყო ზუსტად მაშინ, როცა პოლიგონს რუსები ბომბავდნენ. ამ შეტევის შემდეგ ბევრმა უცხოელმა გადაწყვიტა, რომ სახლში დაბრუნების დროა, მაგრამ მერკელმა არ ისურვა.
„სინამდვილეში არ შემიძლია სახლში დაბრუნება. გაურკვეველია, მომცემენ თუ არა სამშობლოში დაბრუნების ნებას. ოდესღაც მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იბრძვის, კლასიფიცირდება, როგორც დაქირავებული მებრძოლი. დაბრუნებისას სასამართლო პროცესი უნდა იყოს.
ვფიქრობ, ეს იქნება ხანგრძლივი ომი გამოფიტვამდე. რუსებს განდევნიან ქვეყნიდან, მაგრამ ამით არ დასრულდება. ისინი გააგრძელებენ ქალაქების განადგურებას და მხოლოდ შემდეგ წავლენ. ისინი ასე იქცეოდნენ ყველგან“.
ივანი ბულგარეთიდან
სამზარეულოში კაცი ტრიალებს სამხედრო ფორმით. დიდ ტაფაზე „გრენკებს“ ამზადებს წვნიანისთვის. დღეს სადილად ბარდის წვნიანია. მეორე ტაფაზე ხორცს შუშავს. „ნამდვილი ხორცია“ – ხაზგასმით ამბობს ივანი, – „კონსერვი არ არის“.
სამზარეულოში მუშაობა მისი ფრონტია. ივანს სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა. 10 წელი იგი IT სფეროში მუშაობდა, შემდეგი 10 წელი კი საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. იგი მწვანეთა პარტიის წევრია, რომელიც ამჟამად ბულგარეთის ხელისუფლებაშია წარმოდგენილი.
„უკრაინაში ჩამოვედი, იმიტომ, რომ ასეა სწორი. თუ უკრაინა დაეცემა, რუსეთის შემდეგი სამიზნე ბულგარეთი იქნება. ჩვენც უდიდესი პრობლემები გვაქვს ჰიბრიდულ ომთან, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, რომელთაც პუტინი აფინანსებს, დეზინფორმაციასთან, ვებ-გვერდებთან, რომლებიც ყალბ ახალ ამბებს აქვეყნებენ, ტროლებთან, რომლებიც მკვდრების ფოტოებზე „სმაილებს“ წერენ.
ივანი. ფოტო: hromadske
ახლა ბულგარეთში პოლიტიკური კონფლიქტია იმაზე, უნდა მივცეთ თუ არა უკრაინას ჩვენი ძველი, საბჭოთა შეიარაღების სისტემები. სოციალისტებს, მაფიოზებს, კორუმპირებულებს და პროპუტინისტებს არ უნდა იარაღის მიცემა. პრეზიდენტმაც კი, გუშინ თქვა – „ჩვენ არ გვინდა გავგზავნოთ ბულგარული იარაღი უკრაინაში, რადგან ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ბულგარელების მოსაკლავად“. დაიცა, ბულგარელები არიან აქ. მე ბულგარელი ვარ! ჩვენ ვიყენებთ ბულგარულ და უკრაინულ იარაღს.
რადი, ფილიპინელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან
რადი ყოფილი საზღვაო ქვეითია. თუმცა იგი არ იბრძოდა, ლოჯისტიკით იყო დაკავებული.
„ახალ ამბებში რეპორტაჟები ვნახე, რომ რუსები ძალიან ცუდ რამეებს აკეთებენ და ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაზარალდა. ვლოცულობდი და მინდოდა მეტი გამეკეთებინა, ვიდრე შემოწირულების გაგზავნა და შემდეგ ინტერნეტში დაწერაა – „ღმერთმა დალოცოს ისინი“.
მინდოდა ჩემი სისხლი, ოფლი და ცრემლები გამეღო და ჩემი წვლილი შემეტანა აქ ბრძოლაში, ადამიანებს დავხმარებოდი ლეგიონთან ერთად, ბრძოლით ან ფიზიკური ძალისხმევით.
უკრაინელები კრეატიულები და ადაპტირების შემძლეები არიან, სწავლობენ შეიარაღების ახალ სისტემებს, რომელიც დასავლეთიდან მოდის. ყველა ახალ იარაღს, რაც მათ აქამდე არ ჰქონიათ, რუსების წინააღმდეგ დიდი წარმატებით იყენებენ.
რადი. ფოტო: hromadske
რამდენიმე ჯარისკაცმა მაჩვენა, როგორ უნდა მოვექცე „ჯაველინს“ და სწორად გამოვიყენო ვარჯიშისას. მე ვთქვი – „ო, მაგარია!“. შემდეგ სწავლების შესაბამისი კურსი და მზად ხარ.
არის სხვა იარაღიც, რომლითაც გვინდა ვივარჯიშოთ. მე მიკვირს, როგორ შეძლეს უკრაინელმა სამხედროებმა, მთელმა ქვედანაყოფმა, სწრაფად ისწავლონ და ეფექტურად გამოიყენონ ეს იარაღი.
კასპერი ფინეთიდან
კასპერი 22 წლისაა. ექვსი თვის განმავლობაში იგი ფინეთის საჰაერო ძალებში მსახურობდა. სამშობლოში სამხედრო სამსახურისას იგი ავიაბაზის უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.
კასპერის სურვილმა უკრაინაში საბრძოლველად წასვლაზე მისი მშობლები შოკში ჩააგდო. ისინი შვილს სთხოვდნენ სხვა საქმე ეპოვნა, მაგრამ ახლა კასპერით ამაყობენ.
უკრაინაში კასპერი სამხედრო მედიკოსი და მსროლელია.
„ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთ კვირაში გავიგე უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ. დავიწყე ფიქრი, შემიძლია თუ არა რაიმეთი დახმარება, რადგან გამახსენდა, როგორ იპოვეს ფინელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს მოხალისეები, რომლებიც მათ ეხმარებოდნენ. ვიფიქრე, რომ მინდოდა იმავეს გაკეთება, შემდეგ კი გავიგე საერთაშორისო ლეგიონის შესახებ, რომ ეს ოფიციალურია. დავიწყე დამატებით ინფორმაციის ძებნა და გავიგე, რომ ნამდვილად შემეძლო გაწევრიანება.
კასპერი. ფოტო: hromadske
ხანდახან ისე ჩანს, რომ ეს მარტივი საქმეა, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ აქ ვსხედვართ, სათვალთვალო პოსტზე და ტყეს ვუყურებთ. და ბევრ მშრალ საკვებს ვჭამთ. ეს მართალია. დიახ, საქმე შეიძლება ძალიან მოსაწყენი იყოს.
გლენა ამერიკის შეერთებული შტატებიდან
სახლთან ახლოს სკამზე სრულად შეიარაღებული ქალი ზის. გვერდით ამერიკული შაშხანა უდევს, შაშხანაზე უკრაინელი შავ-თეთრი კნუტი დაცოცავს. ქალს გლენა ჰქვია. იგი ამერიკელია.
აშშ-ში გლენა ფლოტში მსახურობდა სამხედრო სანიტრად. საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა. აშშ-ში გლენას დედა ჰყავს. ისინი იუტას შტატში ცხოვრობენ, ახლა დედასა და შვილს შორის არა მხოლოდ ათასობით კილომეტრია, არამედ 12-საათიანი სხვაობა დროში. გლენა ხანდახან წერს მას – „დილა მშვიდობისა“ ან რაღაც ასეთს, როცა კავშირი არის.
უკრაინაში და ევროპაშიც კი გლენა პირველადაა. ომის შესახებ რომ გაიგო, ბილეთი ერთი მიმართულებით იყიდა.
გლენა. ფოტო: hromadske
„ჩამოვფრინდი გერმანიაში. გერმანიიდან – პოლონეთში, შემდეგ მატარებლებით და გადმოვკვეთე საზღვარი. იქ შევხვდი ლეგიონს, ფაქტობრივად საზღვრის მეორე მხარეს.
წვრთნა გავიარე, იარაღი მომცეს და ხარკოვის ოლქში წაგვიყვანეს. პირველი კასეტური ბომბი დაეშვა. ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს ზუსტად ჩემს ზურგს უკან იყო, ოთხი იარდის [დაახლოებით 3,5 მეტრი] დაშორებით. ექიმს დაუძახეს. მახსოვს, როგორ მიირბინა. შემდეგ დაეცა მეორე კასეტური ბომბი, დაჭრილს ხელი ჩავავლეთ და ტყის ზოლისკენ წავიყვანეთ. მაგრამ ის უკვე აღარ იყო.
მაშინ დაიღუპა მებრძოლი ნიდერლანდებიდან.
„ჩემს თავში მე მზად ვარ აქ მოვკვდე. ეს ის არ არის, რაც შეიძლება დროში განსაზღვრო, ასე მგონია. ეს ომის ბოლომდე არაა. არ ვიცი შევძლებდი თუ არა აქ დარჩენას. ახლა თითქოს ქარს მივყვები“.
ერთგული თიბისის ლოიალობის პროგრამაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ძალიან მარტივად დააგროვოს და დახარჯოს ქულები 300-მდე ერთგულ ბრენდთან. დაგროვილი ქულების გამოყენება, შესაძლებელია სხვადასხვა შეთავაზებებით სარგებლობისთვისაც. ერთგულით სარგებლობას კიდევ უფრო ამარტივებს ის, რომ 1 ქულა = 1 ლარი.
წელს ერთგული დაბადების დღის ნაცვლად, დაბადების თვეს აღნიშნავს. ამ პერიოდში თავს უყრის ერთგული მომხმარებლებისთვის ყველაზე სასურველ და საჭირო ბრენდებს, რომლებთანაც ისინი განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებლებენ.
5 წლის განმავლობაში ერთგულმა 750 000-ზე მეტი უნიკალური, ერთგული მომხმარებელი დააგროვა, რომელთა ინტერესებზე ზრუნვა და მათი ყოველდღიურობის გამარტივება, უმნიშვნელოვანესი საზრუნავია თიბისის გუნდისთვის. ერთგულმა მომხმარებლებმა, ამ დროის მანძილზე, 25 მლნ-ზე მეტი ქულა დააგროვა და 20 მლნ-ზე მეტი ქულა დახარჯა ერთგულის პარტნიორ კომპანიებში.
პროკურატურის ცნობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს.
„გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – მ.ა. სხვადასხვა პერიოდში, სახელფასო ბაზების შევსებისას, ხელფასის დასარიცხად უთითებდა ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების პირად მონაცემებს, ხოლო მათ სახელფასო ანგარიშის ნაცვლად – საკუთარ საბანკო ანგარიშს, რის შედეგადაც მითითებული თანხები მის ანგარიშზე ირიცხებოდა.
გარდა ამისა, ბრალდებული ხელფასის გასაწერად შედგენილ დოკუმენტში, ხელფასის დასარიცხად უთითებდა მისი სანაცნობო წრიდან მოძიებული პირების პირად მონაცემებს და საბანკო ანგარიშის ნომრებს, რის შედეგადაც ბრალდებულის ნაცნობ პირებს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ თანამშრომლებს ერიცხებოდათ ვითომდა შრომითი ანაზღაურება.
აღნიშნული ქმედებებით ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა პირებთან ერთად, თაღლითურად დაეუფლა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ კუთვნილ 1 288 000 ლარს“ – იუწყება პროკურატურა.
მ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.
სამოქალაქო აეროდრომის ექსპლუატანტებმა 2022 წლის 30 სექტემბრამდე უნდა შეიმუშაონ აეროდრომის დაბრკოლებებისაგან შემზღუდავი ზედაპირებით შემოფარგლული რაიონის გრაფიკული ნახაზები [რუკები], რომლებსაც შემდგომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დაამტკიცებს.
ბათუმში რომ არაერთი კორპუსი სიმაღლეში სცდება იმ ზღვარს, რაც ბათუმის აეროპორტში ფრენების უსაფრთხოებისთვისაა დაშვებული, ამის შესახებ „ბათუმელები“ 4 წლის წინ წერდა. მაშინ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გვითხრეს, რომ ახალ რუკებზე მუშაობდნენ.
„აეროდრომის დაცვის არეების პარამეტრები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, ასევე, უცვლელი დარჩება სიმაღლეების შეზღუდვის არეალებიც, მოხდება მისი ელექტრონულ ფორმატში ვიზუალიზაცია და სეგმენტებად დაყოფა, რაც გააადვილებს და მოაწესრიგებს სამომავლოდ სიმაღლეების შეთანხმებისა და აღრიცხვის პროცესებს“, – მოგვწერეს მაშინ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან.
„სამოქალაქო აეროდრომის რაიონის დადგენისა და ამ რაიონში ობიექტის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესი“ კი სააგენტომ რამდენიმე დღის წინ, 2022 წლის 18 მაისს დაამტკიცა და ის 23 მაისიდან შევიდა ძალაში.
ახალი რუკები სწორედ ამ წესის მიხედვით უნდა შედგეს, სადაც გათვალისწინებული იქნება ასევე ადრე დამტკიცებული სხვადასხვა წესისა თუ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნები.
აეროდრომისრაიონი, „ეს არის აეროდრომისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე სააგენტოს მიერ დადგენილი საჰაერო სივრცის ნაწილი, სადაც მოქმედებს შენობა-ნაგებობების სიმაღლის შეზღუდვის რეჟიმი; ამ რაიონში კი დაბრკოლებაა ყველა უძრავი ან/და მოძრავი ობიექტი ან მათი ნაწილი, რომელიც განლაგებულია აეროდრომის სამიმოსვლო არეში (სამუშაო მოედანზე), კვეთს აეროდრომის რაიონის ზედაპირს ან მდებარეობს ამ ზედაპირის მიღმა და, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს საფრთხეს ჰაერნაოსნობისათვის.“
აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს აეროდრომის რაიონის ნახაზი რუკის სახით და ანგარიში, რომელშიც მოცემული უნდა იყოს აეროდრომის რაიონის თითოეული ზედაპირის აღწერა, ათვლის წერტილები [შემაღლებების მითითებით] და პარამეტრები.
მაგალითად, დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის აღჭურვილი აეროდრომისთვის უნდა დადგინდეს აეროდრომის რაიონის შემდეგი შემზღუდველი ზედაპირები:
დასაფრენად შესვლის ზედაპირი
აფრენისას სიმაღლის აღების ზედაპირი
დასაფრენად შესვლის შიდა ზედაპირი
გარდამავალი ზედაპირი
შიდა გარდამავალი ზედაპირი
შეწყვეტილი დაფრენისას მეორე წრეზე წასვლის ზედაპირი
შიდაჰორიზონტალური ზედაპირი
კონუსური ზედაპირი
აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია „შეწყვეტილი დაფრენისას მეორე წრეზე წასვლის ზედაპირი“, რომლის საზღვარიც, დღემდე არსებული რუკის მიხედვით, მაგალითად, ბათუმის შემთხვევაში, აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ბათუმის კონცხამდე [იახტკლუბამდე] ვრცელდება. ანუ ამ არეალში, ფაქტობრივად, მთელი ქალაქია მოქცეული.
ბოლო პერიოდში ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავების მეორე წრეზე წასვლის შემთხვევა გახშირდა. როგორც ბათუმის აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, ამის მიზეზი მეტეოროლოგიური პირობებია – ქარი, ნისლი. ასეთ დროს თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში, სადაც მხოლოდ ერთი ზოლია [როგორც დასაფრენად, ასევე ასაფრენად], ვერ ჯდება და ის მეორე წრეზე იძულებულია ქალაქს გადაუფრინოს.
თვითმფრინავები მეორე წრეზე ბათუმში:
თვითმფრინავები მეორე წრეზე ბათუმის აეროპორტში / 8 აპრილს ბორტი აეროპორტში ვერ დაჯდა და მეორე წრეზე წავიდა, რა დროსაც მან ახალ ბულვარს, სტადიონსა და ცენტრალურ პარკს [ნურის ტბას] გადაუფრინა. 27 აპრილს კი, მეორე წრეზე წასულმა ბორტმა ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებს [ხელვაჩაური] და დელფინარიუმს გადაუფრინა. შესაბამისი პირობების შექმნამდე, ვიდრე ხელახლა დაჯდება, თვითმფრინავები მანევრებს ზღვის თავზე აკეთებენ.თვითმფრინავები მეორე წრეზე ბათუმის აეროპორტში / 28 აპრილს თვითმფრინავი ბათუმში არა ზღვის, არამედ გონიოს მხრიდან შემოფრინდა. ბათუმის აეროპორტში დაჯდომა კი რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. მეორე წრეზე კი, ხელვაჩაურს, პორტსა და ბათუმის კონცხს გადაუფრინა.
ახალი წესის მიხედვით:
„აეროდრომის რაიონში, აეროდრომის ექსპლუატანტთან შეთანხმებას ექვემდებარება შენობის, ნაგებობის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების და სხვა ობიექტების სიმაღლე, განთავსება და გამოყენება“ [თუმცა, ეს შეთანხმება აქამდეც იყო და არის საჭირო].
აეროდრომის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს ასევე „მშენებლობის ნებართვის გამცემ და განაშენიანების მარეგულირებელ უწყებებთან მჭიდრო კომუნიკაციას, აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ განსაზღვრული დასაშვები სიმაღლეების დაცვისა და დაბრკოლებების სამომავლოდ განთავსების პრევენციის მიზნით.“
აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია აეროდრომის რაიონი პერიოდულად შეამოწმოს „იმ მიზნით, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე და აეროდრომის რაიონში იდენტიფიცირებული იქნას ისეთი საქმიანობის/ობიექტის ან/და უნებართვო მშენებლობა, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოებას.“
ისეთი საქმიანობის/ობიექტის ან/და უნებართვო მშენებლობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოებას, აეროდრომის ექსპლუატანტი ატყობინებს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს ან/და მფლობელს და საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებას.
ბათუმის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ერთი ზოლია
ამავე წესის მიხედვით, ნიშანდებას ექვემდებარება:
ნებისმიერი მოძრავი ობიექტი (გარდა საჰაერო ხომალდისა), თუ ის მოძრაობს, განთავსებულია ან მისი განთავსება დაგეგმილია აეროდრომის სამიმოსვლო არეზე (სამუშაო მოედანზე);
ნებისმიერი უძრავი ობიექტი, თუ ის განთავსებულია ან მისი განთავსება დაგეგმილია საფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკის ზოლის ან ბაქანზე სამიმოსვლო ზოლის ფარგლებში;
უძრავი ობიექტი, რომელიც კვეთს აეროდრომის რაიონის ზედაპირს, თუ ის განთავსებულია ან მისი განთავსება დაგეგმილია აეროდრომის რაიონში.
დაბრკოლებების ნიშანდებასთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები კი, განისაზღვრება ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის შესაბამისად.
ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმაღლეების შეზღუდვის სივრცეები, სიმაღლეების მითითებით [ახლო ხედით ბათუმზე]. ბათუმის მერიაში და „ტავ ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ 2018 წელს განუცხადეს, რომ ეს რუკა მოძველებული იყო, თუმცა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში მაშინ გვითხრეს, რომ დაცვის არეალი და სიმაღლეები არ შეცლილა და ახალ რუკაზე მუშაობდნენ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მაისის ბრძანებით, „სამოქალაქო აეროდრომის ექსპლუატანტებმა 2022 წლის 30 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყონ აეროდრომის დაბრკოლებებისაგან შემზღუდავი ზედაპირებით შემოფარგლული რაიონის გრაფიკული ნახაზის [რუკის] შემუშავება და სააგენტოში წარდგენა დასამტკიცებლად.“ამ რუკიდანაც ჩანს, რომ ბათუმში არაერთი კორპუსი სიმაღლეში სცდება იმ ზღვარს, რაც ბათუმის აეროპორტში ფრენების უსაფრთხოებისთვის იყო დაშვებული. ამის შესახებ „ბათუმელები“ 4 წლის წინ წერდა.
ამ თემაზე ვრცლად ნახეთ სტატია „ბათუმელების“ არქივიდან:
„ჩაის კრეფა ტონაზე 2000 ლირამდე გაძვირდა. გასულ წელს 1200 ლირას ვიხდიდით,“ – ამბობს თურქეთში, დემირისარში მცხოვრები ერჰან ქოსიოღლუ. მას ჩაის პლანტაცია აქვს და მკრეფავებს დღე-დღეზე ისევ საქართველოდან ელოდება.
ჩაის კრეფის სეზონი უკვე დაიწყო. ასეულობით ადამიანი საქართველოდან წელსაც თურქეთში მიდის ჩაის საკრეფად.
ქართველი მკრეფავების თქმით, თურქული ლირა ისე გაუფასურდა, ჩაის კრეფაში გასულ წელს რასაც უხდიდნენ, წელსაც დაახლოებით იგივე გამოუვათ ლარში, ხოლო გაძვირებული საკვები პროდუქტის შეძენა საქართველოში კიდევ უფრო გაუჭირდებათ.
„წელს ტონა ჩაის ვაბარებთ უკვე 6550 ლირად, მკრეფავებს კი ვუხდით 2 ათას ლირას,“ – გვიყვება ერჰან ქოსიოღლუ. – „თუმცა ძირითადად დღიურ შრომაზე ვთანხმდებით. ზოგი 400 ლირას უხდის მკრეფავს, ზოგი – 450 ლირას, მე დღეში 500 ლირას ვუხდი და კვება მთლიანად მათია. წელსაც საქართველოდან ჩამოვლენ ჩემთან ბიჭები, ერთი და იგივე ხალხი მუშაობს ჩემთან“.
„გამოდის, უფრო ნაკლებს გვიხდიან, რადგან ლირა გაუფასურებულია, საკვები კი, ყველგან გაძვირდა,“ – გვითხრა გოჩა გიორგაძემ. მან ჩაილერში დაიწყო უკვე ჩაის კრეფა და დღეში 450 ლირას უხდიან. მას სადილით უმასპინძლდებიან.
„ბევრი აღარ გადმოდის საქართველოდან, პოლონეთში არჩიეს წასვლა, მაგრამ იქაც არაფერი გამოდის უკვე და უკან ბრუნდებიან, გადმოვლენ ალბათ ისევ თურქეთში სამუშაოდ, ჩაის კრეფის სეზონი ახლა იწყება აქ,“ – გვითხრა გოჩა გიორგაძემ.
თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი იწყება, ერჰან ქოსიოღლუს ფოტო
18 წლის ნიკა ჭაღალიძემ სულ რამდენიმე დღის წინ დაამთავრა სკოლა, ისევე, როგორც ბევრმა სხვა მეთორმეტეკლასელმა. თუმცა ნიკას ისტორია განსხვავებულია. ნიკა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლაში ერთადერთი მეთორმეტეკლასელი იყო.
ნიკას ბავშვობიდან აქვს შშმ პირის სტატუსი.
მას ტელეფონი არ აქვს, ამიტომ ჯერ ნიკას მამასთან, გენადი ჭაღალიძესთან დავრეკეთ. გენადიმ გვითხრა, რომ ნიკა სკოლაში იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის უკვე დაირეკა ბოლო ზარი.
მოგვიანებით ნიკას ვკითხეთ, რატომ მოინდომა სკოლაში წასვლა სკოლის დასრულების მიუხედავად.
„მინდოდა რაღაც ახალი გამეგო და მესწავლა. ხვალაც წავალ სკოლაში, თუ რაიმე საქმე არ მექნება. სკოლაში რომ მივდივარ, მასწავლებლები მიშვებენ სხვა კლასის გაკვეთილებზე”, – გვითხრა ნიკამ.
ნიკა ამბობს, რომ კომპიუტერი არ აქვს, ფიქრობს, რომ თუ ექნება კომპიუტერი, სწავლის გაგრძელებას, ახალ-ახალი ამბების გაგებას შეძლებს.
იმისთვის, რომ ნიკას სკოლის ბოლო დღეს არ მოეწყინა, ინწკირვეთის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთად აღნიშნეს ნიკას სკოლის დასრულება. ნიკამ გვითხრა, რომ სკოლაში მოწყობილმა სიურპრიზმა ის ძალიან გაახარა.
ნიკა ინწკირვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად. ფოტო: ინწკირვეთის საჯარო სკოლა/Facebook
ნიკა გვიყვება, რომ ყველაზე მეტად ხელოსნობა აინტერესებს: „ხანდახან ვაკეთებ ხოლმე რაღაცებს, ველოსიპედს, მაგრამ კარგად არ გამომდის“.
როგორც ნიკამ გვითხრა, სკოლაში მეგობრები ჰყავს და ხანდახან მათთან ერთად ფეხბურთს, კალათბურთს თამაშობს და აქვე დასძინა, რომ ფეხი სტკივა, სიარული უჭირს და ცდილობს არ გადაიღალოს.
ნიკა ამბობს, რომ ინწკირვეთიდან თანდათან ყველა მიდის, წავიდნენ მისი თანატოლებიც და მასაც უნდა წასვლა, ბათუმში უნდა ცხოვრება.
ნიკას მშობლები, გენადი და თინა ჭაღალიძეები ამბობენ, რომ ნიკას ბავშვობიდან ჰქონდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და შესაბამის პენსიასაც იღებდა. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ნიკა 18 წლის გახდა, მას პენსია შეუჩერდა და მაისში არ აუღია.
როგორც ნიკას მშობლები ამბობენ, ნიკამ უკვე გაიარა შესაბამისი შემოწმება პენსიის გახანგრძლივებისთვის. მშობლებს უთხრეს, რომ ნიკას ამის შემდეგ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი ექნება და მომდევნო თვიდან, ივნისიდან, მისი პენსიაც ახალი ჯგუფის მიხედვით განისაზღვრება და 135 ლარით შემცირდება.
ინფორმაცია პენსიებს შორის სხვაობის შესახებ “ბათუმელებმა” სოციალური მომსახურების საგენტოს გვერდზე გადაამოწმეს.
იკას დედა, თინა ჭაღალიძე, 52 წლისაა. თინა გვიყვება, რომ ნიკა ყველას უყვარს სოფელში. მისი თქმით, პირველი ოპერაცია ნიკას ზურგის ტვინის თიაქარზე 6 თვისას ჩაუტარდა, 5 წლამდე არ შეეძლო სიარული და საუბარი.
თინას თქმით, ნიკას მკურნალობდნენ, დაჰყავდათ მასაჟებზე, სარეაბილიტაციო კურსზე და ხუთი წლიდან შეძლო როგორც საუბრის დაწყება, ასევე სიარული – „ნიკას ახლა ფეხზე სჭირდება ოპერაცია. მას აღარ უჩანს ცერა თითი“, – გვითხრა თინამ.
იგი ამბობს, რომ ნიკას მუდმივი ყურადღება სჭირდება. ქალი გვიყვება, რომ ნიკა ხანდახან მოულოდნელად შფოთვას იწყებს, ამიტომაც მისი სპეციალისტთან წაყვანა უნდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო აქამდე ვერ მოახერხა. ოჯახი სოციალურად დაუცველია.
„პროგრამები, რომლებითაც ნიკა სარგებლობს, მისი საჭიროებისთვის საკმარისი არ არის. ნიკას აქამდე თავისი პენსია ჰყოფნიდა, მაგრამ ახლა, როცა შედარებით დაბალ პენსიას აიღებს, რა იქნება, არ ვიცით.
როცა ნიკას რეაბილიტაციის კურსის გასავლელად ვაგზავნიდით ბათუმში, თან ფულს ვატანდით. ბავშვს ჭამა სჭირდება, ტანსაცმელი, სამგზავრო ფული. ახლა რა უნდა გავატანოთ, საშუალება რომ არ გვაქვს?!“, – ამბობს თინა.
თინა აქვე დასძენს, რომ ნიკას არ აქვს ტელეფონი, კომპიუტერი და ხშირად სთხოვს მათ შეძენას, მათ კი არ აქვთ ამის შესაძლებლობა. „რით ვუყიდო, მითხარით?“ – ამბობს თინა.
თინა ჭაღალიძემ გვითხრა, რომ თავად ეპილეფსია აქვს და ნიკას სარეაბილიტაციო კურსზე ვეღარ დაჰყვება.
როგორც თინასგან ვიგებთ, ნიკა რეაბილიტაციის 10-დღიან კურსს ორ თვეში ერთხელ ან თვეში ერთხელ გადის. ნიკა ბიძასთან ჩერდება, როცა ბათუმში სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად მიდის.
„ნიკა ბოლოს ერთი კვირის წინ იყო ექიმთან. სადაც მივიყვანეთ, ყველგან გვითხრეს, რომ ფეხზე ოპერაცია სჭირდება“, – გვითხრა თინამ.
თინა გვეუბნება, რომ ნიკა ხშირად უზიარებს მის სურვილებს. ქალის თქმით, ნიკას ყველაზე მეტად სწავლის გაგრძელება უნდა:
„სულ მეუბნება ნიკა, რომ სწავლის გაგრძელება უნდა და ვინმე ავუყვანოთ. მარტივად ავიწყდება რაღაცები და ძალიან უნდა, რომ ყველაფერი დაამახსოვრდეს“.
თინას თქმით, ნიკას ყოველთვის ძალიან უყვარდა სკოლა და ერთი დღეც არ აქვს გაცდენილი. ის სკოლაში მაშინაც მიდიოდა, როცა მშობლები ცუდ ამინდში სახლში დარჩენას ურჩევდნენ – „ყოველთვის გვპასუხობდა, მე უნდა წავიდე სკოლაში და მორჩა!“
როგორც თინა გვიყვება, ინწკირვეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები მაქსიმალურს აკეთებდნენ ნიკას მხარდასაჭერად.
ნიკა კლასში მარტო მე-12 კლასში დარჩა. მანამდე მას ჰყავდა კლასელები, მაგრამ ოჯახთან ერთად ისინი ინწკირვეთიდან სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად.
ნიკა ჭაღალიძე
„ბევრჯერ მიფიქრია საცხოვრებლის შეცვლაზე. მინდოდა ნიკასთვის უკეთესი პირობების შექმნა, მაგრამ ამას ვერ ვახერხებთ. დღეს ყველას უჭირს, ჩვენც გვიჭირს. ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია.
ამოდით ჩემთან და მიხვდებით, რა გვჭირდება. სახლი გვაქვს, მაგრამ სახლს გააჩნია“, – გვითხრა თინა ჭაღალიძემ.
თინას თქმით, როცა ნიკა ბათუმში სარეაბილიტაციო კურსზე ჩადის, სოფელში დაბრუნება აღარ უნდება – „ნიკას ამ სოფლიდან უნდა წასვლა ისე, რომ უკან არ მობრუნდეს“.
_________________________
მთავარ ფოტო: ნიკა ჭაღალიძე. ინწკირვეთის საჯარო სკოლა/Facebook
რუსეთის მიერ უკრაინის პორტების საზღვაო ბლოკადამ უკვე გამოიწვია მსოფლიოში მარცვლეულის ფასის ზრდა – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 25 მაისის პოსტში, ტვიტერზე.
უწყება მიუთითებს, რომ ომის დაწყების შემდეგ ოდესიდან და ოდესაში ძალიან შემცირდა ტვირთის გადაზიდვა, შავ ზღვაში უკრაინის პორტების ბლოკადამ კი რეგიონში სავაჭრო ოპერაციები შეაჩერა.
„უკრაინის ექსპორტის საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვები, დიდი ალბათობით, ვერ ჩაანაცვლებს საზღვაო გადაზიდვების მოცულობას და ვერ შეავსებს რუსული ბლოკადით გამოწვეულ დეფიციტს. შედეგად, დეფიციტში რჩება უკრაინული მარცვლეული, ექსპორტის შესაძლებლობის გარეშე. თუ რუსეთის ბლოკადა კვლავაც ხელს შეუშლის კომერციულ გადაზიდვებს უკრაინის პორტებში, გაგრძელდება ფასების ზრდა ბევრ ძირითად პროდუქტზე“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.
უკრაინის ხელისუფლებამ არაერთი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ რუსეთმა ასობით ტონა მარცვლეული მოიპარა და გაიტანა უკრაინიდან.
საერთაშორისო საზოგადოება განიხილავს გზებს, როგორ შეიძლება მიაღწიოს უკრაინული მარცვლეულის განბლოკვას. ევროკავშირმა უკვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა უკრაინის ექსპორტზე გადასახადებისა და კვოტების მოხსნით, გერმანიის მთავრობამ კი განაცხადა, რომ უკრაინასთან „მარცვლეულის სარკინიგზო ხიდის“ შექმნაზე მუშაობს.
მთავარი ფოტო: ოდესის საზღვაო სავაჭრო პორტი. ფოტო პორტის ფეისბუქგვერდიდან
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 მაისის 21 საათიდან 26 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 17-22 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში – ღამით 3-8, დღისით 17-22 გრადუსი სითბო
მაღალ მთაში – ღამით 0-5, დღისით 10-15 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +15 გრადუსია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 27 და 28 მაისს აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
მთავარი ფოტო: ბათუმის ხედი ბოტანიკური ბაღის მიმდებარე პლაჟიდან
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 29 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100]
ტანკი – 1 305 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 3213 ერთეული [+19]
საარტილერიო სისტემა – 606 ერთეული [+0]
MLRS – 201 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 206 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 170 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 491 ერთეული [+11]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 112 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 217 ერთეული [+5]
სპეცტექნიკა – 44 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
178 თვითმფრინავი
126 ვერტმფრენი
1 006 უპილოტო საფრენი აპარატი
322 საზენიტო სარაკეტო სისტემა
3 258 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
430 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
1 671 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
3 155 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში ნაცვლად 25-28 მაისისა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით პერიოდში.
„26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ნაცვლად 2022 წლის 25, 26, 27 და 28 მაისის 00:00 სთ-დან 06:00 საათებისა, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა განხორციელდება 2022 წლის 31 მაისის და 1, 2, 3 ივნისის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე.
დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თეთრი ქვის ჭერი, ზღვის ნიჟარების ფარდები, ზღვისგან გაპრიალებული ხის ტოტების ძელსკამი და ჭიშკარი ადამიანების გამოსახულებით – ფოთში ასეთი საინტერესო სახლი დგას, სადაც ყველაფერი ერთი კაცის, აფხაზეთიდან დევნილი ბორის პაპასქუას ხელითაა ნაკეთები.
„ყოველ დილით ველოსიპედით გავდივარ სახლიდან და საბარგულში ათას რამეს ვყრი, ლამაზ ქვებს, ხის ფესვებს, უცნაური ფორმის ტოტებს, ქვებს.
ბავშვობიდან მოყოლებული სულ ზღვაზე ვიყავი, ზღვის კაცი ვარ, ზღვაზე შეყვარებული. ყოველთვის მქონდა ჩვევად ზღვიდან რამის წამოღება. ასეთი ამბებით ვიყავი გატაცებული ბავშვობიდან.
შიშველი ხელებით ავაშენე ეს სახლი. აფხაზეთიდან რომ ჩამოვედით, რუსისგან ვიყიდე. ძველი, თითქმის დანგრეული სახლი იყო. მხოლოდ კარკასი ჰქონდა მთელი და კედლები ასე ამოვაშენე, მოვაპირკეთე და გავალამაზე. მთელი ჩემი დრო შევალიე.
დევნილობა ადამიანს აფიქრებს და შთააგონებს. გადაწყვეტილებების მიღება რთულია, როცა ყველაფერს ნულიდან იწყებ. არანაირი იმედი არ არსებობდა, ამ სახლის შენება რომ დავიწყე. მხოლოდ საკუთარი ძალებით უნდა შემექმნა რამე.
ყველაფერს შემოქმედებითად ვუყურებ და ვცადე, ქვები ამელაპარაკებინა, სახლად მექცია“, – ამბობს ბორის პაპასქუა.
ქვემო ბარღები, არის ასეთი ზღვისპირა სოფელი გალში. ახლა იქაურობა ნანგრევებადაა ქცეული, სახლები – მიწასთან გასწორებული. ბორისი ამ სოფლიდანაა. როცა აფხაზეთის ომის შემდეგ ოჯახთან ერთად დევნილად იქცა, ფოთში ცხოვრება გადაწყვიტა, ზღვასთან ახლოს რომ ყოფილიყო.
დღე არ გავა ისე, ზღვის სანაპირო ზოლი ველოსიპედით არ გაიაროს. აუცილებლად უნდა დააკვირდეს, რა ხდება სანაპიროზე, რა გამორიყა ზღვამ ან რა წაიღო უკან, ღელავს თუ მშვიდია, სუფთაა თუ ამღვრეული.
„მუდმივ კავშირში ვარ ზღვასთან, ყველაფერი უნდა ვიცოდე მის შესახებ, ყოველდღე. მშვიდია? ღრიალებს თუ ლივლივებს? ამიტომ დავდივარ ყოველ დღე ველოსიპედით. ეს ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტია. მანქანით სწრაფად მიჰქრი, ჩაივლი და არაფერი რჩება შენში. ვერაფერზე დაკვირვებას ვერ ასწრებ“, – ამბობს მხატვარ-მოქანდაკე.
ომის შემდეგ აფხაზეთში მხოლოდ ერთხელ იყო, როცა მშობელი გარდაეცვალა და დასაკრძალად ჩავიდა.
თუ აფხაზეთში დარჩენას გადაწყვეტდა, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უნდა ეთქვა. ყველაფერი დატოვა და წამოვიდა.
„ასეთი კომუნიკაციის ატანა შეუძლებელი იყო. წამოვედი. მერე კი სულ ჩაგვიკეტეს გასასვლელები. აფხაზეთში ბევრი ახლობელი დამრჩა. ზოგი წუხს, ზოგი ნანობს, რომ დარჩა. მათთან კავშირი აღარ მაქვს. მირჩევნია ჩემთვის, მშვიდად ვიყო. კომუნიკაციამ აზრი დაკარგა“, – ამბობს ბორისი.
მინიატიურულ ქანდაკებებზე მუშაობს. პერსონაჟები ხანდახან მისი ახლობელი ადამიანები არიან, მამა და გუძა მაგალითად, მეგრელი კაცი, რომელსაც აფხაზეთის ერთ პატარა სოფელში მდინარეზე ნავით გადაჰყავდა და გადმოჰყავდა ხალხი, ამაში კი ფულს უხდიდნენ და ყველა იცნობდა გუძას.
ბორისს ფოთში უკვე მონიშნული აქვს თევზაობისთვის საუკეთესო ადგილები და დათბობას ელის, ზღვაში ანკესი რომ ჩაკიდოს:
„ზღვა ჩემი მასაზრდოებელია. ზღვასთან ერთად ხანდახან ვტირი. ბავშვობა, სოფელი, თვალწინ მიდგება და ცრემლებს ვერ ვიკავებ. მშველის ზღვა. ეს შვებაა ჩემთვის.
მშობლების საფლავზე ვერ მივდივარ აფხაზეთში და ერთადერთი ზღვაა, რაც მშობლიურ ადგილებს მახსენებს. აფხაზეთიდან კი წამოვედი, მაგრამ ზღვას არასდროს დავშორებივარ“.
ლუდომანიას, იგივე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქცევითი ადიქციის კატეგორიას მიაკუთვნებს. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, გემბლინგის სფერო მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მართალია ის უშუალოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას არ აზიანებს, მაგრამ ახასიათებს ძალიან მძიმე სოციალური შედეგები, ოჯახური კონფლიქტების, ფინანსური პრობლემების, დეპრესიის და ზოგჯერ კრიმინალური ქცევის სახითაც კი.
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის თერაპიას საქართველოში რამდენიმე ცენტრი ახორციელებს. ერთ-ერთი მათგანია ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი „კლუბი სინერგია“. ლუდომანიასთან გამკლავების გზებზე ცენტრის ფსიქოლოგი, ადიქტოლოგი მარიამ რაზმაძე გვესაუბრება.
ქალბატონო მარიამ, როგორ ეჩვევა ადამიანი გემბლინგს, რა იწვევს დამოკიდებულებას?
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სირთულე არის ბიოფსიქოსოციალური ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგი. ეს მოიცავს ჩვენს ბიოლოგიურ მონაცემებს, ფსიქოლოგიური ფაქტორებსა და გარემოს, რომელშიც თანავარსებობთ სხვა ადამიანებთან და მოვლენებთან ერთად, ეს ყველაფერი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ჯანმრთელები ვიქნებით.
აზარტული თამაშები დღეს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში კლასიფიცირებულია როგორც დამოკიდებულება, ანუ იმპულსის მართვასთან დაკავშირებული სირთულე.
ეს იმიტომ, რომ ამ დროს თავის ტვინში მიმდინარე პროცესები, მაგალითად დაჯილდოების მექანიზმი, ძალიან ჰგავს იმ პროცესებს, რაც [ნარკოტიკული] ნივთიერებების მოხმარების დროს ხდება, სწორედ ამიტომ არის კატეგორიზებული შესაბამის ჯგუფში, რადგან მექანიზმი მსგავსია – ამ დროს ხდება ენდორფინების ძლიერი გამოყოფა.
მარიამ რაზმაძე
როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მას გემბლინგზე დამოკიდებულების პრობლემა აქვს, რა არის ლუდომანიის ნიშნები?
პირველ რიგში ეს არის თამაშის გაძლიერებული სურვილი, როცა ადამიანი გრძნობს, რომ სჭირდება სულ უფრო და უფრო მეტი დროით და მეტი თანხით თამაში იმისთვის, რომ იმ ეიფორიას მიაღწიოს, რასაც ადრე აღწევდა. ანუ ტოლერანტობა იზრდება, ადამიანს უფრო მეტი და მეტი სჭირდება.
კიდევ ერთი ნიშანია ის, რომ ადამიანი აგრძელებს თამაშს სოციალურ, ფინანსურ, ჯანმრთელობასთან არსებული სირთულეების მიუხედავად, უგულებელყოფს მოვალეობებს სამსახურში, პირად ცხოვრებაში, ოჯახში და ა.შ. ამ დროს შესაძლოა განვითარდეს შფოთვა, უძილობა, დათრგუნული გუნება-განწყობა.
ლუდომანიას ახასიათებს გაუთავებელი ფიქრები თამაშის შესახებ.
რამდენად რეალურია ამ პრობლემის მოგვარება სპეციალისტის გარეშე?
ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა სპეციალისტი გაძლევს სწორ მიმართულებებს და მისი ჩართულობა ბევრ რამეს ამარტივებს ამ პროცესში, თუნდაც იმ ნაწილში, როცა ადამიანს უზიარებ სხვადასხვა ტექნიკას იმისთვის, რომ ამ ჩვევას გაუმკლავდეს და საბოლოოდ თავი დააღწიოს გემბლინგს.
შესაძლოა ადამიანმა დამოუკიდებლადაც მიაგნოს ამ გზებს, მაგრამ სპეციალისტისგან იმის მოსმენა, რომ ეს არის სწორი და მუშა გზები, რომ მათი ეფექტურობა კვლევებით არის დადასტურებული – დამატებით ძალის მომცემია.
როგორია ამ პროცესში ოჯახის წევრების როლი, რა შეიძლება იყოს მათი თანამონაწილეობა?
პირველ რიგში ეს არის ემოციური მხარდაჭერა. ისევე, როგორც ნებისმიერის სხვა სირთულის დროს, მხარდაჭერა არის ყველაზე დიდი ძალა ახლობლებისგან.
ოჯახის წევრებს შეიძლება უფრო კონკრეტული როლიც ჰქონდეთ ამ პროცესში. იმ პროგრამების მიხედვით, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს და რომლებითაც ვმუშაობთ, არსებობს ფორმალურად გაწერილი პროცედურებიც.
კერძოდ, გემბლინგზე დამოკიდებულების მქონე პირმა, ფინანსების მართვა შეიძლება ჩააბაროს მისთვის სანდო სხვა ადამიანს, ეს კი ძალიან დიდ ჩართულობას და მხარდაჭერას მოითხოვს. იმის გამო, რომ ამ ადამიანებს უჭირთ თანხით ხელში თავის კონტროლი, ისინი ოჯახის წევრს აძლევენ ხელფასზე კონტროლს და ეუბნებიან – „აი, ჩემი ხელფასი და დღიურად მომეცი თანხა, რომელიც დამჭირდება მგზავრობისთვის, ლანჩისთვის და სხვა ასეთი ხარჯებისთვის, დიდი თანხა ხელში არასოდეს მეჭიროს“.
რას მოიცავს თერაპია და რამდენად ეფექტურია ის?
შედეგი ძალიან ინდივიდუალურია – შემთხვევის სირთულიდან, მხარდაჭერის წრიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე.
ჩვენ გემბლინგზე კონცენტრირებული კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპიის მეთოდით ვმუშაობთ. ოფიციალურად, სახელმძღვანელოს მიხედვით, პროგრამაში 8-12 სესიაა ხოლმე გაწერილი, თუმცა, შემთხვევიდან გამომდინარე, შესაძლოა უფრო ნაკლები ან მეტი დროც დაეთმოს. საქმე ის არის, რომ ვადას, თუ რამდენ ხანში მოგვარდება პრობლემა, დაზუსტებით ვერ იტყვი, პრინციპი ასეთია, რომ სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ ადამიანი უკვე შესაბამისი უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი დამოუკიდებლად აგრძელებს ამ სირთულესთან გამკლავებას.
არსებობს, ასევე, ჯგუფური თერაპიული პროგრამები და უბრალოდ მხარდამჭერი შეხვედრებიც (ეს უკანასკნელი უფრო დასავლეთშია პოპულარული), სადაც ადამიანები სასურველი სიხშირით მიდიან და ამავე პრობლემის მქონე ადამიანებთან ერთად მხარდამჭერ სივრცეს ქმნიან, უზიარებენ ერთმანეთს სირთულეებს, წარმატების შემთხვევებს, თუ რა ეხმარებათ პრობლემის დაძლევაში და ა.შ.
პროცესი იწყება დიაგნოსტირებითა და შემთხვევის შეფასებით. განვსაზღვრავთ რამდენად მძიმეა შემთხვევა.
შემდეგ არის კონკრეტულად გაწერილი ნაბიჯები – როგორ გავუმკლავდეთ გემბლინგით გამოწვეული პრობლემების შედეგებს, ვარკვევთ რა შეცდომები არის ჩართული ამ პროცესში. მოგეხსენებათ, აზრები ჩვენს ემოციასა და ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს, მაგალითად, გარკვეული ცრურწმენების [მაპროვოცირებელი] აზრები, რაც გვიბიძგებს გემბლინგისკენ და მასთან დაკავშირებული არასასიამოვნო ემოციებისკენ.
განვიხილავთ რა ტექნიკებით გავუმკლავდეთ თამაშისადმი ლტოლვას, როგორ გავუმკლავდეთ ზოგადად სტრესს ცხოვრებაში, რადგან გემბლინგის გარდა სხვა სტრესორებიც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს და მათთან გამკლავების უნარებიც მნიშვნელოვანია. ანუ თერაპიის პროცესში ვცდილობთ იმ პრობლემების მოგვარებასაც სოციალურ თუ ემოციურ საკითხებში, რაც უშუალოდ გემბლინგთან შეიძლება არ იყოს დაკავშირებული.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დავგეგმოთ თამაშიდან გამოთავისუფლებული დრო ისე, რომ იგი ნაყოფიერად დაიხარჯოს.
რამდენად ხშირია სეანსების შემდეგ თამაშთან მიბრუნება და ნიშნავს თუ არა ეს, რომ აქამდე გაწეული შრომა და მიღწევები დაიკარგა?
პირველ რიგში ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ერთხელ ფეხის დაცდენა არ ნიშნავს მთელი გაწეული შრომის წყალში ჩაყრას; ამ ტიპის თანამშრომლობის პროცესში ერთ-ერთი ნაბიჯია ე.წ. ფეხის დაცურებასთან გამკლავება, რადგანაც ამ ტიპის, ანუ ადიქტურ ქცევებთან დაკავშირებული ნებისმიერი სირთულის დროს, მოსალოდნელია, რომ ადამიანი რაღაც მომენტში მიუბრუნდეს ამ ქცევას – ერთჯერადად ან რაღაც პერიოდის მანძილზე.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ შეიძლება ამისთვის მოემზადოს. კერძოდ, საჭიროა იცოდეს ე.წ. ცხელი წერტილები ანუ ის სიტუაციები, სადაც მაღალი ალბათობაა, რომ ფეხი დაუცდეს, თუ იგრძნობს ამ ლტოლვას როგორ შეიძლება გაუმკლავდეს, ასევე, თუ თუ „ფეხი დაუცდა“, მერე როგორ მოიქცეს და ა.შ.
რა შეიძლება იყოს ეს ცხელი წერტილები?
ეს ინდივიდუალურია. ვიღაცისთვის ცხელი წერტილი შეიძლება იყოს ხელში რაღაც თანხის ჩავარდნა, მაგალითად ხელფასის აღება, ადამიანების ნაწილი ხშირად სწორედ ამ დღეს თამაშობს, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს კონფლიქტური სიტუაცია, როცა სტრესს გაექცევა ამ გზით, ზოგისთვის შეიძლება კაზინოსთან ჩავლაც კი ტრიგერი აღმოჩნდეს.
როგორ შეიძლება თამაშის სურვილთან გამკლავება?
პირველ რიგში ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი ცხელი წერტილები და ტრიგერები [გამღიზიანებლები], რადგან წინასწარი მომზადება ძალიან სასარგებლოა ამ პროცესში. საამისოდ შეიძლება ვაწარმოოთ ჩვენი აზრებისა და ემოციების ჩანაწერები, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს დააკვირდეს რა პერიოდში უჩნდება გემბლინგის სურვილი – ეს ხდება ხელფასის დღეს, დილას, საღამოს ან სხვა დროს, რათა საკუთარი მაღალი რისკის სიტუაციები იყოს მისთვის ცნობილი და შეეძლოს განსაზღვრა, რა ფიქრებმა შეიძლება მიიყვანოს თამაშთან.
არის ასეთი ტექნიკა – გაითამაშო გონებაში სცენარი, თითქოს თამაშობ და წააგე. ამას თანმიმდევრულად ინტენსიურად აკეთებ, რომ თამაშის სურვილი ასოცირდებოდეს წაგებასთან და არა რაღაც სასიამოვნო შეგრძნებებთან.
ასევე შეიძლება გამოვიყენოთ გადადება – აი, 10 წუთი არ ვიზამ, 30 წუთი არ ვიზამ, დღეს არ ვიზამ;
აქვე შეიძლება გამოვიყენოთ სანდო ადამიანების მხარდაჭერა – თუ გამიჩნდა თამაშის სურვილი, შემიძლია ვინმეს დავურეკო, ვინც ყურადღების გადატანაში დამეხმარება, იქნება ეს სადმე ერთად წასვლა თუ უბრალოდ დალაპარაკება და იმის თქმა, რომ „აქამდე ამხელა გზა გამოიარე და არ ღირს“.
კიდევ ერთი მეთოდია ფულზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რაც უკვე ვახსენეთ.
ასევე, ონლაინ კაზინოებიდან საკუთარი თავის გამორიცხვა, როცა მივდივარ და კაზინოს ჩემი ნებით ვასმევინებ თავს შავ სიაში, რათა არ შევიდე, რომც მომინდეს.
ხშირად, თუ ადამიანს უჭირს ქცევის მართვა, შესაძლოა ეფექტური გზა იყოს იმ ადამიანებთან გატარებული დროის შეზღუდვა, ვინც ასევე თამაშობს. ეს ერთ-ერთი რთული ნაწილია ამ პროცესის, მაგრამ სამწუხაროდ, ასეც შეიძლება მოხდეს, რადგან ძალიან ძნელია ასეთ გარემოში თავის შეკავება და ადამიანებს უწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება.
კვლევებით დასტურდება, რომ თერაპიის კურსის დასრულებისა და მკურნალობაში დარჩენის შემთხვევაში (ნასწავლი ტექნიკების, მხარდაჭერის გამოყენება, ჯგუფურ შეხვედრებში მონაწილეობა), პრობლემური მოთამაშეები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ საკუთარი ცხოვრების ხარისხს. თერაპიული პროგრამების ეფექტურობა 40-60%-ია, როდესაც ადამიანი მთლიანად წყვეტს თამაშს.
გადამდგარი გენერალ-მაიორის, კანამატ ბოტაშევის, უკრაინაში დაღუპვის შესახებ ინფორმაცია BBC-ს ბოტაშევის სამმა ყოფილმა ხელქვეითმა დაუდასტურა. მოიერიშე სუ 25, რომელსაც გადამდგარი გენერალი მართავდა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ქალაქ პოპასნასთან, 22 მაისს ჩამოაგდეს. პილოტმა კატაპულტირება ვერ მოასწრო.
კანამატ ბოტაშევი ყველაზე მაღალი რანგის მფრინავია, რომლის დაღუპვის შესახებაც ცნობილი გახდა. გადადგომამდე, ის საავიაციო პოლკს მეთაურობდა.
საჰაერო ბრძოლებში ასეთი მაღალი რანგის ოფიცრის მონაწილეობა შეიძლება მიანიშნებდეს ორ რამეზე – ამოცანის სირთულეზე, რომელსაც მოსკოვი უკრაინაში გაგზავნილ მფრინავებს უყენებს, ან მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობაზე – წერს BBC.
ბოტაშევის ერთ-ერთმა ყოფილმა ხელქვეითმა, რომელმაც კონფიდენციალურად დარჩენა ითხოვა, დაადასტურა, რომ გადამდგარი გენერალი უკრაინაში საბრძოლო დავალებებს სწორედ სუ 25-ით ასრულებდა.
„დღეს დაიღუპა კანამატი! პოპასნაში, 8:25… ჯერ უმართავი საავიაციო რაკეტა, მერე – ბომბები… სტინგერი შეტევიდან გამოვიდა, აფეთქება ჰაერში… და მორჩა“, – დაწერა ერთ-ერთ რუსულ ტელეგრამ არხზე მომხმარებელმა.
„მშვიდობით მეთაურო… ცოტაა ამ პლანეტაზე ადამიანი, რომელმაც შენსავით იცხოვრა ცის სიყვარულით. ზეცას საუკეთესოები მიჰყავს, დღეს მან შენ წაგიყვანა“, – ასეთ დამშვიდობება გამოქვეყნა რუსი სამხედრო მფრინავებისთვის ავტორიტეტულმა ტელეგრამ არხმა Fighterbomber-მა.
BBC-სთვის ღია წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში სულ მცირე 31 რუსი სამხედრო მფრინავია დაღუპული, თუმცა რეალური რიცხვი შესაძლოა, მეტიც იყოს.
კანამატ ბოტაშვეი 1959 წელს ყარაჩაი-ჩერქეზეთში დაიბადა, დაამთავრა უმაღლესი სამხედრო საავიაციო ინსტიტუტი და „ბომბდამშენ-გამანადგურებლის“ კვალიფიკაცია მიიღო. ის ვორონეჟში საავიაციო პოლკს მეთაურობდა.
ბოტაშევი მფრინავი-სნაიპერი იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ასეთი მფრინავის მომზადებას 10-12 წელი სჭირდება და სახელმწიფოს ეს დაახლოებით 8 მილიონი დოლარი უჯდება.
ბოტაშევის სამხედრო კარიერა 2012 წლის ივნისში შეწყდა, როდესაც ის პეტროზავოდსკთან სუ 27-ის კატასტროფაში დაადანაშაულეს. როგორც „ნოვაია გაზეტა“ წერდა, გენერალმა თავის მეგობარ პოლკოვნიკს სთხოვა „გაესეირნათ“ სუ 27-ით, რომლის მართვის ნებართვაც მას თავად არ ჰქონდა.
ფრენისას ბოტაშევმა უმაღლესი პოლიტაჟის ფიგურის შესრულება გადაწყვიტა, თუმცა კონტროლი დაკარგა. საბრძოლო გამანადგურებელი ჩამოვარდა, თუმცა პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს.
„უბრალოდ მომინდა ასეთი ტიპის გამანადგურებლით მეფრინა, თუმცა ვერ გავითვალისწინე, რომ ასეთ თვითმფრინავს თავისი სპეციფიკა აქვს“, – განმარტა ბოტაშევმა სასამართლო სხდომაზე.
მაშინ გაირკვა, რომ ბოტაშევს მანამდეც ჰქონდა ანალოგიური სამსახურებრივი გადაცდომები – 2011 წელს ის მართავდა სუ 34-ს ისე, რომ ამის ნებართვა არ ჰქონია.
საბოლოოდ, კანამატ ბოტაშევი დამნაშავედ ცნეს, ოთხი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს და 5 მილიონი რუბლით დააჯარიმეს.
სასამართლოს შემდეგ ბოტაშევმა შეიარაღებული ძალები დატოვა და ავიაციის დარგში ДОСААФ -ის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ის ორგანიზაციის საიტზე დღემდე ხელმძღვანელ პირებს შორის მოიხსენიება.
როგორ მოხვდა გადამდგარი 63 წლის გენერალი სუ 25-ის საჭესთან უკრაინაში, გაურკვეველია. მისი ყოფილი ხელქვეითები ვარაუდობენ, რომ „მან უბრალოდ უმოქმედოდ ყოფნა ვერ შეძლო“.
BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო კომისარიატები, პატრიოტული ორგანიზაციები და კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“, მარტიდან აქტიურად ეწევიან კამპანიას უკრაინის ომში მებრძოლების მოსაზიდად.
BBC ასევე წერს, რომ უკრაინაში უკვე დაიღუპა სულ მცირე თადარიგში მყოფი 9 სამხედრო. ერთ-ერთი მათგანი, საჰაერო-სადესანტო ძალების გადამდგარი მაიორი ვალერი სტატილკო, ბოტაშევის მსგავსად, 60 წლის იყო.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, 24 თებერვლიდან დღემდე, 204 რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვა ამ რიცხვზე კომენტარს არ აკეთებს, მას მარტის შემდეგ, საკუთარ დანაკარგებზე ინფორმაცია არ გაუახლებია.
რუსეთმა უკრაინაში ორი მოქმედი გენერლის დაღუპვა დაადასტურა – გენერალ-მაიორ ანდრეი სუხოვეცისა და ვლადიმირ ფროლოვის, თუმცა საერთაშორისო მედია წერს, რომ უკრაინაში, რუსეთის შეჭრიდან დღემდე, რუსეთის 12 გენერალი დაიღუპა.
ქალაქი პოპასნა, სადაც ბოტაშევის სუ 25 ჩამოაგდეს, დაძაბული ბრძოლების ცენტრშია. რუსეთის არმია, ერთი მხრივ, ცდილობს კრამატორსკის მიმართულებით წაიწიოს წინ, მეორე მხრივ კი – გავიდეს ლუგანსკის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და უკრაინის ჯარები ალყაში მოაქციოს.
ქედაში, სოფელ კვაშტაში მოპოვებული თეთრყვავილას ბოლქვები ჰოლანდიაში გააქვთ ექსპორტზე. როცა ჰოლანდიაში ვიღაც დეკორატიული მიზნით ყიდულობს თეთრყვავილას, ალბათ სულაც არ ფიქრობს იმ გზაზე, რომელიც ამ ყვავილმა დახლზე მოსახვედრად გაიარა.
თეთრყვავილას გზა კვაშტიდან ევროპამდე გრძელი იყო, ამასთან რთული და უკვე სამ ათეულ წელიწადს ითვლის.
ნანული სირაბიძე სოფელ კვაშტაში ცხოვრობს. მზის ამოსვლისას იღვიძებს და საოჯახო საქმეების კეთებას იწყებს. მისი ძირითადი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობაა. ამბობს, რომ სოფელში ყველაზე რთული პერიოდი გვიანი გაზაფხულია – როცა ზამთრისთვის შენახული ყველა მარაგი ამოწურულია და ჯერ არც საზაფხულო ხილი და ბოსტნეულია შემოსული. წელიწადის ამ მონაკვეთს სოფელში ხალხურად „ჩიტის ბუჯრობას“ ეძახიან.
ასეთ პერიოდში ნანულისთვის და არა მარტო მისთვის, მთელი სოფლისთვის, მაშველ რგოლად იქცა თეთრყვავილას ბოლქვების მოპოვება. გზა ნანულის სახლიდან იმ ადგილამდე, სადაც ტყეში ბუნებრივად იზრდება თეთრყვავილა, რამდენიმე კილომეტრია. ყველაზე რთული ბოლო მონაკვეთია. როდესაც სამანქანე გზა მთავრდება და ციცაბო ფერდობზე გიწევს ასვლა. ფერდობის თავზე ტყეა, ტყეში კი – თეთრყვავილას ბოლქვებით სავსე მინდორი.
მინდორში ხუთი ქალი წელში მოხრილი მუშაობს. ზოგი ხელით გლეჯს ბოლქვებს, ზოგი – თოხს ახმარს. ადრიანი დილაა, მაგრამ უკვე საკმაო რაოდენობით ბოლქვი აქვთ ამოღებული მიწიდან.
„30 წელია თეთრყვავილას ბოლქვებს ვაგროვებ. ეს სამუშაო ჩვენი სოფლისთვის დასაქმების ერთ-ერთი საშუალებაა. თან, ასე ვთქვათ, თავს ვიქცევთ. მართალია, შრომასთან შედარებით ანაზღაურება დიდი არაა, მაგრამ მაინც ვმუშაობთ. თავიდან ბოლქვების შეგროვება რომ დავიწყეთ, 50 თეთრი ღირდა კილოგრამი. მერე ფასი ნელ-ნელა იზრდებოდა და ახლა 1.50 ლარი ღირს. შარშან მოვგლიჯე 600 კილო ბოლქვი,“ – გვიყვება მარინა სირაბიძე.
ქალები თეთრყვავილას ბოლქვების მოპოვების დროს
ნანული, მარინა, ნაზიკო, ხათუნა და ნაზი მეზობლები არიან. ხუთივე მათგანი მათ მიერ გაწეულ შრომას მძიმედ აფასებს, თუმცა ამის მიუხედავად ამბობენ, რომ ის ერთჯერადი, სეზონური შემოსავალი, რომელიც წლის ამ დროს აქვთ, იმდენად მნიშვნელოვანია მათი ოჯახებისთვის, რომ ამ რთულ შრომას უხმოდ სწევენ.
ადგილი, სადაც ბოლქვებს მოიპოვებენ, რთულად მისადგომია. ბოლქვების მოპოვებას მისი წესი აქვს. ჯერ ღეროსთან ერთად გლეჯენ მიწიდან და ერთ ადგილას აგროვებენ, შემდეგ ამ ღეროებს აცლიან და სპეციალურ, ბადე ტომრებში ყრიან ბოლქვებს. ამ სამუშაოს უმეტესად ქალები ასრულებენ. კაცები კი ქალებს ბოლქვებით სავსე ტომრების ტყიდან გამოტანაში ეხმარებიან.
თეთრყვავილა იგივე Galanthus L-ია. ეს ბერძნული წარმოშობის სიტყვაა, Gala – რძეს ნიშნავს, Anthos – ყვავილს. მას საქართველოში უფრო ენძელას ეძახიან. საქართველოში თეთრყვავილას ბოლქვების მოპოვება და მისი ექსპორტზე გატანა 90-იან წლებში, ქედის მუნიციპალიტეტიდან, სოფელ კვაშტიდან დაიწყო.
თეთრყვავილა (Galanthus L), მას საქართველოში ხშირად ენძელას ეძახიან
ინდმეწარმე „მამული სურმანიძის“ აგრონომ-ბოტანიკოსი, ილია სირაბიძე ამბობს, რომ პირველი პარტია საექსპორტოდ 1992 წელს გაიტანეს თურქი ექსპორტიორების დახმარებით. წლების შემდეგ ბაზარზე ქართველი ექსპორტიორები გამოჩნდნენ, გაიზარდა მოპოვების კვოტები და შემოსავლები.
„საწყის პერიოდში საქართველოში დაიშვა 10 მილიონი სავაჭრო კვოტა. მოგვიანებით ავიყვანეთ 15 მილიონზე. შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გადაწყვეტილებით შემუშავდა ასეთი მეთოდიკა, თეთრყვავილა, როგორც ბუნებრივი რესურსი, ეკონომიკის სამინისტრომ გაიტანა აუქციონზე. თურქული კომპანია იყო რეექსპორტიორი. ამჟამად გარემოს დაცვის სამინისტროს დაშვებული აქვს ნათეს ფართობებზე თეთრყვავილას ბოლქვების მოპოვება,“ – ამბობს ილია სირაბიძე.
ილია სირაბიძე, ინდმეწარმე „მამული სურმანიძის“ აგრონომ-ბოტანიკოსი
თეთრყვავილას ბოლქვების ამოღების სეზონი ზოგადად მაისში იწყება და ივლისში მთავრდება. თუმცა მაინც ყველაფერი კლიმატზეა დამოკიდებული. ბოტანიკოსი ილია სირაბიძე ამბობს, რომ გასულ წელს, მაისის დასაწყისში, დამზადების პერიოდის საწყისი სამუშაოები დასრულებული ჰქონდათ, მიმდინარე წელს კი ამინდის გამო დაგვიანდა.
„დამზადებას განაპირობებს თვითონ ბოლქვის ფიზიკური არსებობა, სიმწიფის ფაზაში შესვლა, სათესლე კოლოფის სრული მომწიფება კვლავწარმოებისათვის. ჩვენი ამოცანაა პოპულაციების გამრავლება. შეიძლება ნაადრევმა დამზადებამ ხელი შეუწყოს პოპულაციების გაქრობას,“ – აღნიშნავს ილია სირაბიძე.
დღეს საქართველოში საექსპორტო თეთრყვავილას ბოლქვებს მოიპოვებენ ქედაში, ხელვაჩაურში, ქობულეთში, ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. საცდელად დათესეს თეთრყვავილა ხულოს მუნიციპალიტეტშიც. ბოტანიკოს ილია სირაბიძის თქმით, ექსპერიმენტმა გაამართლა და მაღალი ზონის მუნიციპალიტეტში მისი მოყვანა შესაძლებელი გახდა.
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოდან 15 მილიონი თეთრყვავილას ბოლქვის ამოღების ლიცენზია აქვს გაცემული. საქართველოდან თეთრყვავილას ბოლქვები ექსპორტზე სამ ქართულ და ერთ თურქულ კომპანიას გააქვს. რამდენიმე კომპანიის არსებობამ ბაზარზე კონკურენციის ფაქტორიც გააჩინა.
ერთ-ერთია ინდმეწარმე „მამული სურმანიძე“, რომელიც თეთრყვავილას ბოლქვების მოპოვების 5-მილიონიან კვოტას ფლობს. კომპანიას ნათესი ფართობები აქვს ქედის მუნიციპალიტეტში, ასევე ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერნებში.
„მამაპაპისეულ მიწაზე, იქ სადაც ბუნებრივ გარემოში არ არსებობს საერთოდ, დავთესე თეთრყვავილას ბოლქვები. დაახლოებით 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მაქვს გაშენებული. ძალიან კარგი შემოსავალი აქვს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში მამული სურმანიძე.
მისივე თქმით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო სწავლობს ბუნებრივ რესურს, თუ რა ოდენობის ბოლქვი შეიძლება მოიპოვონ ლიცენზიატებმა.
„სპეციალისტთა ჯგუფი ჩამოდის, 5-წლიან რესურსს ადგენენ, რომ მერე გაიტანონ გასაყიდად. შემდეგ ჩვენი, ლიცენზიანტების ვალდებულებაა ის, რომ ადრე გაზაფხულზე წავიდეთ, შევისწავლოთ მიახლოებითი რესურსი და არსებული რესურსის მხოლოდ 10 % ამოვიღოთ. გვაქვს გეგმა-გრაფიკი, რუკები, სად რამდენი უნდა მოვიპოვოთ, რა რესურსი არსებობს … ამავდროულად ვაკეთებთ ნაკვეთ მონაცვლეობას. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ერთ სოფელში შევედით, ვცდილობთ მეორე წელს აღარ შევიდეთ ან იმ სოფლის სხვა უბანზე გადავიდეთ,“ – ამბობს მამული სურმანიძე.
თეთრყვავილა ორი გზით მრავლდება – თესლიდან და ბოლქვიდან. სათესლე კოლოფი შეიცავს დაახლოებით 35 ცალ თესლს, რომელიც სიმწიფის პერიოდში ფეთქდება და მისგან ბოლქვები ამოდის.
„12 წელი დამჭირდა, რომ 14 ნაკვეთი გამეკეთებინა და გამემრავლებინა. ჩვენი, ქართული კომპანიების ბაზარზე შემოსვლით მოხდა ის, რომ ყველანი ვაკონტროლებთ სიტუაციას. ვაკონტროლებთ, არ მოხდეს ლიცენზიით განსაზღვრულზე მეტის დამზადება, არ მოხდეს განადგურება. ჩემი კომპანიის ბოტანიკოსი, ილია სირაბიძე, სოფელ-სოფელ დადის და აკონტროლებს, თუ როდის უნდა დაიწყოს მოპოვება. სიმწიფის სტადიაში უნდა იყოს, ფოთოლმა უნდა დაიწყოს გაყვითლება. კიდევ ის მინდა აღვნიშნო, რომ ათ წელზე მეტს ბოლქვი არ ცოცხლობს. ჩვენ ვიპოვებთ იმდენს, რამდენიც საჭიროა და ხელს არ უშლის ბოლქვების გამრავლებას. ამასთან ჩვენ პატარა ბოლქვებს არ ვიღებთ. ზომის მიხედვითაა,” – ამბობს მამული სურმანიძე.
ექსპორტზე თეთრყვავილას გასატანად საჭირო შრომა პირობითად შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ.
ერთი, ეს არის მისი ნიადაგიდან ამოღება და ექსპორტიორი კომპანიისათვის მიწოდება.
ამის შემდეგ იწყება მეორე ეტაპი – პროდუქციის საექსპორტოდ მომზადება. დაუშვებელია ბოლქვების მზის გულზე გაჩერება ან მისი გარეცხვა მიწის მოშორების მიზნით. ბოლქვებს ხის ყუთებში ათავსებენ, რომლებსაც ძირზე ბადე აქვთ აკრული. ბოლქვები ამ ყუთებში შრება.
თეთრყვავილას ბოლქვები შრობის პროცესში
მთავარი ამოცანაა, არ დაზიანდეს თეთრყვავილას ბოლქვების ოქროსფერი კანი. მას მიწა ბუნებრივად, გაშრობით უნდა მოშორდეს. მას შემდეგ, რაც ბოლქვი გამოშრება და მიწა მოშორდება, სპეციალური დანადგარის საშუალებით ახარისხებენ და ცალობით აფასოებენ, შემდეგ კი ექსპორტზე გააქვთ.
„ორი-სამი წლის წინ რეექსპორტიორი ქვეყანა იყო თურქეთი და თურქი იყო ჩვენი პარტნიორი. ახლა ინდმეწარმე „მამული სურმანიძე“ არის პირდაპირ კავშირზე ევროპულ ბაზარზე. გაგვაქვს ჰოლანდიაში.
სხვათა შორის, ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს ქართული სათესლე ბოლქვები. ამან კი გარკვეულწილად წარმოშვა ფასთა სხვაობაც თურქულ ბაზართან შედარებით. ახლა ჩვენი ინტერესია რა კვოტაც გვაქვს, ზუსტად ის რაოდენობა გავიტანოთ,“ – ამბობს ინდმეწარმე „მამული სურმანიძის“ აგრონომ-ბოტანიკოსი ილია სირაბიძე.
გზა ევროპამდე
მამული სურმანიძე „ბათუმელებს“ უყვება, რომ გზა ევროპისკენ რთული იყო, მაგრამ ყოველთვის სჯეროდა, რომ ერთ დღეს აუცილებლად გავიდოდნენ ევროპის ბაზარზე.
„ევროპისკენ გზა ჩემი და ილია სირაბიძის ჩანაფიქრი იყო. წლებია ამ ბიზნესში ვართ და სულ ამისკენ ვისწრაფოდით. ჩემს თავს და ილიას მივეცი პირობა, რადაც არ უნდა დამიჯდეს გავალ ევროპის ბაზარზე-მეთქი. ევროპის ბაზარი უფრო ცივილიზებულია, უფრო მომთხოვნია და უნდა ის, რამდენზეც დადებ ხელშეკრულებას. მე მაქვს 5 მილიონი ბოლქვის მოპოვების ლიცენზია, არც ჩემს პარტნიორს და არც მე არ გვინდა ერთი ცალი ზედმეტი.
2019 წელს შევძელით და გავედით ევროპაში ნათესი ფართობებით. ვიპოვეთ პარტნიორი. პირველი წელი გაგვიჭირდა ცოტა, ახალი ურთიერთობა იყო და ნდობა გვჭირდებოდა,“ – იხსენებს მამული სურმანიძე.
მისი თქმით, ახლა ევროპაში სანდო პარტნიორი ჰყავს, რომელსაც ყოველწლიურად აწვდის თეთრყვავილას ბოლქვებს.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი ომამდე მედიასთან იშვიათად ჩნდებოდა. გენერალ-მაიორი, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ სამსახურის უფროსად 2020 წელს დანიშნა, დღეს უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული ძალოვანია.
კირილო ბუდანოვი ასევე ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირებს შორის, ვინც ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ლაპარაკობდა ღიად რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დიდ ალბათობაზე. დაზვერვის ხელმძღვანელი, მაშინ, რუსეთის სამხედრო აგრესიის ძირითად მიმართულებებსაც ასახელებდა – მისი პროგნოზები გამართლდა.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთან“ ვრცელ ინტერვიუში კირილო ბუდანოვი საუბრობს ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობაზე, იმაზე, თუ რა ხდება დღეს რუსეთის ელიტაში, შესაძლებელია თუ არა სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში, რისთვის ამზადებდნენ ვიქტორ იანუკოვიჩს და როგორ დასრულდება ეს ომი.
„ბათუმელები“ ამ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ.
ცოტახნისწინ, უცხოურმედიასთან ინტერვიუშითქვენთქვით, რომომისაქტიურიფაზა წლისბოლოსთვისდასრულდება, აგვისტოშიკიგარდამტეხი მომენტი დადგება. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, როგორ დასრულდება აქტიური ფაზა წლის ბოლოს და რა უნდა მოხდეს აგვისტოში?
მოდი, ასე ვთქვათ: აგვისტოდან, ის შეიარაღება, რომელსაც უკრაინას მიაწვდიან, მნიშვნელოვან მოცულობას მიაღწევს. უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაზე გაკეთებული განცხადებიდან ამ შეიარაღების გამოყენებამდე რამდენიმე ეტაპი არსებობს.
პირველი – ესაა შეიარაღების ქვეყანაში შემოტანა. მეორე – ამ შეიარაღების გამოყენებას უნდა დაეფლოს შემადგენლობა. მესამე ეტაპი – უკვე მისი ბრძოლაში გამოყენებაა. ეს ყველაფერი გარკვეულ დროს იკავებს.
აგვისტოდან ეს იარაღი ბრძოლაში იქნება, ამიტომაც დადგება გარდამტეხი მომენტი.
აქტიური ფაზა – ეს არის აქტიური საბრძოლო მოქმედებები. ეს იმ რანგის ბატალიებია, რაც ახლა ხდება, როდესაც ხელიდან ხელში გადადის დასახლებული პუნქტები. ეს ფაზა შესუსტდება წლის ბოლოსთვის და თითქმის ნულამდე დავა.
დაროგორგაგრძელდებაომი?
ჩვენს ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლით. ამით დასრულდა ჩვენი ომი, სხვა დეტალებზე ლაპარაკი ახლა უადგილოა.
დიახ, ჩვენ სრულად ვადასტურებთ ამ ინფორმაციას. მას რამდენიმე მძიმე დაავადება აწუხებს, ერთ-ერთი მათ შორის კიბოა. თუმცა იმედი, რომ პუტინი ხვალ მოკვდება, ნუ გექნებათ. მას სულ მცირე რამდენიმე წელი კიდევ აქვს, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა.
დაროგორიამისიფსიქო-ემოციურმდგომარეობა?
ამაზე შეიძლება ბევრი ვიდავოთ, თუ როგორ მდგომარეობაში შეიძლება იყოს დიქტატორი, რომელიც ფიქრობდა, რომ სამ დღეში მთელ ქვეყანას დაიპყრობდა და კიევის ადმინისტრაციის თავზე რუსულ დროშას ააფრიალებდა. აგერ უკვე მესამე თვეა, მისი „მსოფლიოში მეორე“ და ხანაც „პირველი“ არმია ვერ ერევა მისივე თქმით „ჩამორჩენილ უკრაინას“. ეს მისივე რიტორიკაა. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ იქნება?
ვფიქრობ, დაბნეულია.
ასეც არის.
ვის აქვს დღეს წვდომა პუტინთან?
გვარების გარეშე ვიტყვი: მან ძალიან შეამცირა იმ ხალხის სია, ვისაც მასთან სიახლოვე შეუძლია. ამ სიაში ძალიან ცოტა ადამიანია, დანარჩენებთან ის დისტანციას ინარჩუნებს.
რუსეთის პრეზიდენტი ობიექტურ ინფორმაციას იღებს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ?
დამარცხებისა და შეცდომების აღიარების, ყველაზე მეტად, შემსრულებლებს ეშინიათ. ამიტომაც, ის საკმაოდ შეზღუდულ ინფორმაციას იღებს.
ამზადებს მემკვიდრეს?
ეს საკმაოდ საინტერესო საკითხია. თავისი მმართველობის გარკვეულ პერიოდებში, ის ამაზე ფიქრობდა და პრინციპში, როგორც ამბობენ, ფავორიტებსაც არჩევდა. ასეთი რამდენიმე ადამიანი იყო. თუმცა თუ გავითვალისწინებთ მის მანიაკალურ სინდრომებს, სავარაუდოდ, მას ეშინია მემკვიდრის, რადგან ესმის, რომ მომზადების პროცესში, მემკვიდრემ შესაძლოა, სავარძელში ჩაჯდომა იმაზე ადრე მოინდომოს, ვიდრე ეს პუტინს სურს. ამიტომაც ინარჩუნებს დისტანციას და სჯერა, რომ სამუდამოდ ხელისუფლებაში იქნება, მაგრამ ეს ასე არაა.
რასნიშნავს „სამუდამოდ“, ის ხომ ავადაა, მალე 70 წლის ხდება…
გადახედეთ ХХ-ХХІ საუკუნეების ნებისმიერი დიქტატორის ისტორიას. მათმა უმრავლესობამ ერთნაირად დაამთავრა, საკუთარი სურვილით არ დაუსრულებიათ სიცოცხლე. ავიღოთ უკანასკნელი მაგალითები, სადამ ჰუსეინი, იუგოსლავიის ყოფილი დიქტატორი, ლიბიის დიქტატორი. ეს დიქტატორის კლასიკური სახეა. იყო სხვა მაგალითებიც აფრიკაში. მათ ერთნაირად დაამთავრეს და პუტინიც ასე დაამთავრებს.
ისტორიაში არის მაგალითები, როდესაც უახლოესმა გარემოცვამ დიქტატორის მოშორება სცადა. პუტინზე თავდასხმების შესახებ თუ იცით რამე?
დიახ, პუტინზე თავდასხმის მცდელობებიც იყო.
ბოლო პერიოდში?
იყო მისი მოკვლის მცდელობა კავკასიელთა მხრიდან. ეს არაა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია. წარუმატებელი მცდელობა იყო, თუმცა იყო.
როდის მოხდა ეს?
დაახლოებით ორი თვის წინ. კიდევ ერთხელ ვამბობ – უშედეგო იყო. ეს ინფორმაცია არ გახმაურებულა არსად, თუმცა ფაქტი ნამდვილად მოხდა.
თქვენ უკვე აღნიშნეთ, რა გეგმა ჰქონდა პუტინს თავდაპირველად, მაგრამ არ გამოუვიდა, ახლა რა გეგმა აქვს კრემლს?
საერთო ჩანაფიქრი არ შეცვლილა – პუტინს მთელი უკრაინა სჭირდება, მას არ აინტერესებს მხოლოდ ნაწილი. რა თქმა უნდა, სამთვიანი ბრძოლების შემდეგ, ისინი ცვლიან გეგმებს და უკვე ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს რუსეთში, რომ თუ ბოლომდე დაასრულებენ დონეცკის, ლუგანსკისა და ხარკოვის ოკუპაციას, ეს გამარჯვებად ჩაითვალოს.
თუმცა საერთო გეგმები არ შეცვლილა, სამწუხაროდ, და არც მომავალში შეიცვლება, ვიდრე ჩვენ არ დავუსვამთ წერტილს პუტინს, რუსეთს იმ სახით, როგორითაც ის დღეს არსებობს – საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის, პირველ რიგში კი ევროპის კონტინენტისთვის, კვლავაც იარსებებს.
კირილო ბუდანოვი/”უკრაინსკა პრავდა”
ხერსონის ოლქს რას უპირებენ რუსები – ფსევდორეფერენდუმის ჩატარებას, რუსეთთან შეერთებას?
მათ სამჯერ სცადეს რეფერენდუმის გამართვა და უკვე მიხვდნენ, რომ ხალხი არ მიდის რეფერენდუმზე. ხალხი არ მივა და არ მისცემს ხმას, იმ ზეწოლის ქვეშაც კი, რომელშიც ახლა არიან. ეს არ მოხდება, ამიტომ, ახლა სხვა ვარიანტებზე ფიქრობენ, რეფერენდუმის გარეშე.
კონკრეტულად?
უბრალოდ, თუნდაც დროებითი მთავრობის მიმართვის საფუძველზე.
უნდათ, რომ ხერსონის ტავრიდის გუბერნია დაარქვან. უფრო სწორად, ეს იქნება დროებით ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა. ხერსონის ოლქი ოდესღაც, მეფის რუსეთის დროს, იყო ხერსონის გუბერნია, რომელსაც ადმინისტრაციული ცენტრი სიმფეროპოლში ჰქონდა. ამის აღდგენა უნდათ.
ეს ერთ-ერთი ძირითადი ვარიანტია, რომ ხერსონი შეუერთონ ყირიმს და შეიყვანონ რუსეთის შემადგენლობაში, როგორც ტავრიდის გუბერნია. ხალხის აზრი მათ სრულიად არ აინტერესებთ.
როდესაც ხერსონის ოლქის ოკუპაცია დაიწყო, ხალხი მასობრივად გამოდიოდა და აპროტესტებდა ამას. ეს ტენდენცია გაგრძელდება თუ მოსკოვი ეცდება ამ ხალხის რუსეთის ტერიტორიაზე გაყვანას, როგორც ამას საბჭოთა დროს აკეთებდა?
პირველ რიგში, თქვენ თავადვე უპასუხეთ თქვენს კითხვას. მეორეც, სამწუხაროდ, რაც უფრო დიდხანს იქნება ნებისმიერი ტერიტორია ოკუპირებული, მით ნაკლები ადამიანი ეცდება გამოხატოს წინააღმდეგობა ღიად. მოგვწონს თუ არა, ეს ობიექტური რეალობაა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილისთვის. ცხადია, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან, გააგრძელებენ პროტესტსა და წინააღმდეგობას.
ადრე თქვენ აცხადებდით, რომ რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება…
მე თქვენთვის არასდროს მითქვამს, რომ რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება.
მე დასავლურ მედიასთან თქვენს ნათქვამს ვგულისხმობ…
ცოტა არ იყოს, ცვლით ჩემს ნათქვამს. მე მკითხეს, შესაძლებელია თუ არა სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში, მე მაშინ განვმარტე, რომ უკმაყოფილება გაიზრდება, თუმცა რუსეთის მოსახლეობის უკმაყოფილება, იქ, არც არასდროს აინტერესებდათ და არც ახლა დააინტერესებთ.
რაც შეეხება ახლო გარემოცვას, რომელიც ფინანსურ საყრდენს წარმოადგენს და რომელმაც უკვე ბევრი დაკარგა ამ ომის გამო, აი, ისინი კი ეძებენ სიტუაციიდან გამოსავალს. ყველაზე იოლი გამოსავალი მათთვის პუტინის ვინმეთი შეცვლაა.
და ყველაფერში არა რუსეთის, არამედ ერთი კონკრეტული ადამიანის, პუტინის, დადანაშაულება. თქმა, რომ ის ავადმყოფი დიქტატორი იყო, მოგვიხსენით სანქციები, მოგვიხსენით შეზღუდვები, დავიწყებთ ხელახლა ცხოვრებას, ყველაფერში დამნაშავეა ის და არა რუსეთი.
თავს ავარიდებ ამაზე პასუხს, ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება გვარების დასახლება, თუმცა კატეგორიებად დაყოფა შემიძლია. სამხედროები – პრინციპში მხარს უჭერენ ომს, თუმცა ამავე დროს, საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების დიდი სურვილითაც არ იწვიან, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი დანაკარგები აქვთ. რამდენიც უნდა იცრუოს პროპაგანდამ, სამხედროებმა იციან თავიანთი რეალური დანაკარგები.
ეს პირველი. მეორე კატეგორიაა სპეცსამსახურები. მათი გარკვეული ნაწილი, თავდაპირველად, ამ „ოპერაციას“ მხარს უჭერდა, რათა დაემალათ ის უზარმაზარი დანახარჯები, რომლებიც უკრაინაში პრორუსული განწყობების ფორმირებაზე გაიფლანგა. ეს დიდი ფინანსები იყო. თავიანთი ჩავარდნები რომ დაეფარათ, ისინიც მხარს უჭერდნენ საომარი მოქმედებების დაწყებას იმ იმედით, რომ როგორც ამბობენ, ომი ყველაფერს ჩამოწერს.
გარდა ამისა, მათ მართლა სჯეროდათ, რომ სამ დღეში კიევს აიღებდნენ, მეათე დღეს კი მთელ საომარ ოპერაციას დაასრულებდნენ. ეს მათი ოცნება იყო, მაგრამ ვერ აიხდინეს.
შემდეგი ბიზნესია – მას, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ესმის ზარალი. ისინი სრულიად წინააღმდეგნი არიან და ძალიან უნდათ, ყველაფერი დამთავრდეს. როგორც ამბობენ, ისინი ეგზისტენციალურად არ ეთანხმებიან იმას, რაც აქ ხდება, იმ საშინელებებს, რასაც რუსები სჩადიან. საქმე იმაშია, რომ ისინი საკმაოდ პრაგმატულად უყურებენ ომს. ისინი კარგავენ ფულს, დიდ ფულს, ამიტომაც არიან წინააღმდეგნი, თუმცა პუტინისთვის ამის ღიად თქმას ვერ ბედავენ. ერთმანეთში ლაპარაკობენ. ასეთი საუბრებია ბიზნესსა და ძალოვნებს შორის, ბიზნესსა და პოლიტიკოსებს შორის.
რუსიოლიგარქირომანაბრამოვიჩი – ის უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებშია ჩართული. რა პოზიციას იკავებს და რა როლი აქვს მას ამ მოლაპარაკებებში?
კომუნიკატორის.
ვისდავისშორის?
ჩვენ მხარესა და მათ მხარეს შორის. ის არის კომუნიკატორი, არაფერი მეტი ან ნაკლები.
ჩვენი წყაროების ცნობით, აბრამოვიჩი მნიშვნელოვანია იმით, რომ მას პირდაპირ შეუძლია ელაპარაკოს პუტინს და შიშის გარეშე, შეულამაზებლად უთხრას, თუ რა ხდება მოლაპარაკებებზე. ეს მართალია?
თქვენი წყაროების ვარაუდის კომენტირებისგან თავს შევიკავებ. ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ კირილო ბუდანოვი სამხედრო დაზვერვის უფროსად 2020 წელს დანიშნა/ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ოფისი
დავუბრუნდეთ ომის დასაწყისს. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში აცხადებდით, რომ იანვარ-თებერვალში პუტინს შეიძლებოდა ფართომასშტაბიანი ომი დაეწყო. როგორ გეგმავდა ის ამ ომს?
როგორც გეგმავდა, ისეც დაიწყო. მას რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა. გეუბნებით, როგორც დაზვერვის წარმომადგენელი – მას ჰქონდა სრულიად რეალური ვარიანტები, რომლებიც შეიძლებოდა ჩვენთვის ძალიან ცუდად დასრულებულიყო, საკმაოდ მოკლე ხანში. ასევე, ჰქონდა სრულიად უგუნური, როგორც ამბობენ, მხეცური ვარიანტი – ღია აგრესია. იყვნენ ადამიანები, ვინც ეუბნებოდა, რომ ღია აგრესიის ვარიანტი ყოველთვის არსებობდა, თუმცა ის არ იყო საუკეთესო. და აი, ნამდვილი რუსული ტრადიციისამებრ, ყველა კარგი და ცუდი ვარიანტიდან, რუსი მეფე ყოველთვის ირჩევს უარესს. მანაც იგივე გააკეთა.
რამდენიმე დღეში უნდოდა კიევის აღება და მერე რა უნდა მომხდარიყო?
მისი გეგმის ძირითადი ასპექტი ეგ იყო, რომ მესამე დღეს აეღო კიევის ადმინისტრაცია, ხოლო არაუგვიანეს მეათე დღისა, დაესრულებინა აქტიური საომარი ფაზა, ანუ მთლიანად გაენადგურებინა წინააღმდეგობა. მას ამის სჯეროდა.
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე?
დნეპრამდე. ამის იქით მას უკვე ნაკლებად აინტერესებდა, რადგან ფიქრობდა, რომ იქით წინააღმდეგობა არ იქნებოდა და ყველაფერი ავტომატურად დასრულდებოდა. უნდა დაესვა უკრაინის ახალი მმართველი, რომელიც პუტინისთვის სასურველ პოლიტიკას გაატარებდა.
კრემლი იანუკოვიჩის დაბრუნებას აპირებდა.
ხომ იცით, რომ ცოტა ახლოსაც კი მოიყვანეს.
მინსკში?
დიახ. იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი არ უნდა გამხდარიყო, თუ გაინტერესებთ, თუმცა მათ მისი გამოყენება სურდათ, ასევ ვთქვათ, პროცესის ლეგიტიმაციისთვის, როგორც დროებითი ხელისუფლების. მათ რატომღაც სჯეროდათ, რომ უკრაინელი ხალხი იანუკოვიჩს უფრო მიიღებდა, ვიდრეს ვინმე სხვას.
მაგრამ ხომ გითხარით, ყველა დანარჩენი ვარიანტიდან პუტინმა ამ ოპერაციის ყველაზე უგუნური და სასტიკი ვერსია აირჩია.
ესპირადადპუტინისგადაწყვეტილებაიყო?
მან გადაწყვეტილება პირადად მიიღო, მინდა ხაზი გავუსვა ამას. არავის ჰქონია სერიოზული გავლენა ამ გადაწყვეტილებაზე. მეტსაც გეტყვით, ომის დაწყების დღეს ის პირადად გავიდა კავშირზე ყველა დანაყოფის მეთაურთან, მოისმინა ფორმალური ანგარიში მზადყოფნაზე და ფორმალურად, პირადად გასცა საომარი აგრესიის დაწყების ბრძანება.
ის – ავადაა, ეს უნდა გესმოდეთ, ისაა ადამიანი, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული სიმბოლოებზე, თარიღებზე.
თქვენთქვით,რომუკეთესივარიანტებიჰქონდა, რომლები?
არაა საჭირო, მივცეთ შანსი, გაიმეოროს ის, რისი გაკეთებაც შეეძლო.
მანხომისედაც იცის, მისთვის ეს სიახლე არ იქნება.
მან იცის, და დაე, მასთანვე დარჩეს. იყო ჰიბრიდული მეთოდები, როგორ უნდა გაკეთებულიყო ყველაფერი.
საინფორმაციო?
ჰიბრიდული. ესაა აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა და საინფორმაციო პოლიტიკის კომბინაცია. არსი მარტივია: ის ძალიან მაღლა წევს ტემპერატურას დონეცკსა და ლუგანსკში და იწყებს მოლაპარაკებების პროცესს. ამ პროცესის განმავლობაში, კიდევ უფრო წევს ტემპერატურას, ახორციელებს რამდენიმე დარტყმას კონკრეტულ ობიექტებზე უკრაინის მასშტაბით და ქმნის ქაოსს ქვეყნის შიგნით. ასეთი ზეწოლის პირობებში, აიძულებდა უკრაინას, მის პირობებზე დათანხმებულიყო.
ეს გაცილებით ლოგიკური იყო, მაგრამ მაინც და მაინც პირდაპირი აგრესია აირჩია. რატომ? სავარაუდოდ, იმიტომ, რატომაც დიქტატორები იქცევიან ასე – მას სჯეროდა, რომ რაიმე არჩევანს აკეთებს არა იმიტომ, რომ ის კარგია ან ცუდი, არამედ იმიტომ, რომ მას ეს შეუძლია. ამიტომაც მოიქცა ასე.
თქვენიცოდით,რომომიიქნებოდა…
ხომ გეუბნებით, ზუსტი რიცხვიც ვიცოდით. რასაც პრესას აძლევენ, ეს არაა ყოველთვის ის ინფორმაცია, რაც დახურული არხებით მოდის.
როგორც ხედავთ, უკრაინამ თავი შეიკავა. ესე იგი, რეაქცია იყო.
მაშინ, რატომ არავინ მოამზადა საზოგადოება ამ ომისთვის?
საზოგადოებას ამზადებდნენ ამ ომისთვის, თუმცა მთავარი იყო, რომ არ ყოფილიყო პანიკა. სწორედ ამას მივაღწიეთ.
24 თებერვალს პანიკა მაინც იყო…
უნდა გესმოდეთ, რომ როდესაც ნებისმიერ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, ის ემზადება თუ არ ემზადება ომისთვის, ბომბების ცვენა იწყება, საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც გაკვირვებულია, მოდი, ასე დავარქვათ ამას.
ჩვენგვახსოვს პრეზიდენტის ომამდელიგანცხადებები, რომყველაფერიკარგადიქნება, რომ არაასაჭიროპანიკა…
ასე გიპასუხებთ. პირველი – არის დახურული ტიპის ინფორმაცია და არის ყველასთვის ღია ინფორმაცია. ეს ინფორმაციის ორი სრულიად სხვადასხვა კატეგორიაა. მეორე – პუტინმა საბოლოო გადაწყვეტილება საომარი მოქმედებების დაწყებაზე 23 თებერვალს, 15:00 საათზე მიიღო. 23-ში, სადილამდე, ჯერ კიდევ იყო ეჭვები, მზადება და ასე შემდეგ. ამ რიცხვამდე მას შეეძლო ნებისმიერი ვარიანტი გამოეყენებინა. ამაზე დაყრდნობით და ასევე იმ მიზნით, რომ არ ყოფილიყო ნაადრევი პანიკა, რაც სწორედაც რომ რუსეთის ინტერესებში შედიოდა, არ ყოფილიყო ვალუტის კურსის ძლიერი რყევა, კაპიტალის გადინება, შენარჩუნებულიყო საინვესტიციო კლიმატი, ეკონომიკური ასპექტები, საჭირო იყო სიტუაციის კონტროლი. ასეც მოხდა.
ეს ღია კითხვაა და მას სერიოზული გამოძიება სჭირდება. ომის დასრულების შემდეგ.
ბოლოშეკითხვებზეგადავიდეთ. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს სრულმასშტაბიანი ომი?
როგორც უკვე გითხარით, აქტიური ფაზა უნდა წავიდეს ბოლოსკენ წლის დასასრულს. რუსეთს ნორმალური ომის საწარმოებლად 12 თვის რესურსი აქვს.
და როგორ შეიძლება ეს ომი დასრულდეს უკრაინისთვის?
ის დასრულდება ერთადერთი გზით: ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებით.
ყირიმისჩათვლით?
რასაკვირველია. და თქვენ რა, ყირიმი ოკუპირებულად არ მიგაჩნიათ?
უდავოდ. თუმცამევაზუსტებამსაკითხს, რადგანსხვა,დროებითოკუპირებული ტერიტორიებისგანგანსხვავებით, რუსეთმა ყირიმი შეიერთა.
და ვინ აღიარებს ამას?
არცარავინ, რუსეთისგარდა.
ისინი აღიარებენ. დაე, ასე იყოს. შეუძლიათ არ აღიარონ, რომ ჩვენ მას დავიბრუნებთ.
თუსწორადგავიგე, წლის ბოლომდე ყირიმს დავიბრუნებთ?
წლის ბოლომდე, ჩვენ, სულ მცირე, უნდა შევიდეთ ყირიმის ტერიტორიაზე.
მაშინ,როგორდასრულდებაესომირუსეთისთვის?
ორი ვარიანტია: პირველი – პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებით და რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის ფორმალური შენარჩუნებით, ხაზს ვუსვამ – ფორმალური.
ამ ვარიანტში, ყველა დაადანაშაულებს პირადად პუტინს და მის ახლო გარემოცვას და იტყვიან, რომ რუსეთი არაფერ შუშია.
გაიყვანენ ჯარებს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან. ეს ტერიტორიები დაუბრუნდება იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეკუთვნით – საქართველოს, იაპონიას, გერმანიას და სხვ.
რუსეთი დაიწყებს არსებობას, როგორც ცივილიზებული სახელმწიფო. ხელახლა არსებობას, ასე ვთქვათ. გარკვეული დროის განმავლობაში, ეს იმუშავებს, დანარჩენს უკვე ისტორია აჩვენებს.
მეორე ვარიანტია – რუსეთის დაშლა სამ ან ოთხ ნაწილად.
კერძოდ?
რუსეთი შეიძლება დაიშალოს სამ ან მეტ ნაწილად, ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.
მთავარი ფოტო: კირილო ბუდანოვი/”უკრაინსკა პრავდა”
______
გაიგე, როგორ შეგიძლია დაეხმარო უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“, რომელმაც ეს ინტერვიუ მოამზადა და სხვა უკრაინულ გამოცემებს:
„ასე გამოდის, არ ვენდობით არავის. ფაქტობრივად, სამინისტრო არჩევს მასწავლებელსაც კი. მალე სამინისტრო იქნება სკოლები და გაკვეთილებსაც სამინისტრო ჩაატარებს“, – ასე აფასებს განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე „ბათუმელებთან“ განათლების სამინისტროს ახალ ინიციატივას, რომელიც სკოლებში მასწავლებლის დასაქმების ახალ წესს ეხება. ის ინტერვიუში იმ მექანიზმებზეც საუბრობს, რაც სკოლის დეცენტრალიზაციას გაზრდიდა და არ გააძლიერებდა ცენტრალურ ვერტიკალს.
ბატონო შალვა, თქვენი აზრით, რა ტიპისსაფრთხეს უქმნის სკოლების დეცენტრალიზაციას მასწავლებლის შერჩევის წესში შესული ცვლილება?
მოდით, დავიწყოთ აქედან, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება? სავარაუდოდ, ეს გამოიწვია იმან, რომ სკოლებში მასწავლებლების შერჩევა არ ხდება გამჭვირვალედ, არამედ ადგილი აქვს ნეპოტიზმს.
მასწავლებლის პროფესიაში შესვლა რომ არ ხდება რეალურად კონკურენციისა და გამჭვირვალობის პირობებში, ამაზე მეტყველებდა სახელმწიფო აუდიტის დასკვნაც, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, როცა საცდელად შეიტანეს განაცხადი რამდენიმე სკოლაში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, ძალიან სერიოზული რეზიუმეთი, თუმცა არც კი დაუკავშირდნენ სკოლებიდან.
განსაკუთრებით სერიოზულია პრობლემა რეგიონებში, სადაც სკოლის დირექტორებისთვის სკოლა გადაიქცა საკუთარი საახლობლოს და სანათესავოს დანიშვნის მექანიზმად, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში, სადაც ჩვენ გვყავს ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლები, რომლებმაც არ იციან ქართული.
ამავე დროს, „მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“ აქვს პროგრამა, რომელიც არაქართულენოვან სკოლებს სთავაზობს დახმარებას. სკოლას შეუძლია მოითხოვოს ქართული ენის კვალიფიციური მასწავლებელი, თუმცა სკოლებისგან მოთხოვნა არ მოდის. იმიტომ, რომ ამ თანამდებობებზე ჰყავთ კადრები, რომლებიც არიან მათი ნათესავები.
პრობლემაა ისიც, თუ როგორ ხდება რეაგირება ამ პრობლემაზე, რადგან სამინისტრომ ამის მოსაგვარებლად შექმნა დამატებითი ბიუროკრატიული მექანიზმი, როცა მასწავლებლის შერჩევაში სამინისტროს, რესურსცენტრის და პროფკავშირის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას და ეს არის სავალდებულო. იმის ნაცვლად, რომ სისტემის გაუმჯობესებაზე ვიფიქროთ, თუ როგორ ავირჩიოთ გამჭვირვალედ მასწავლებლები.
მეორე მხრივ კი, გვყავდეს ისეთი დირექტორები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე და არა ნეპოტიზმზე – ნათესავის და შინაურის აყვანაზე; გვქონდეს ისეთი ანგარიშვალდებულების სისტემა, როცა დირექტორის ინტერესი იქნება კვალიფიციური მასწავლებლის შერჩევა, რომ დირექტორი იყოს ანგარიშვალდებული სკოლის, თემის და სამინისტროს წინაშე, ვაძლიერებთ ცენტრალიზებულ კონტროლს, ანგარიშვალდებულების სისტემების შექმნის ნაცვლად ვქმნით სისტემას, სადაც მასწავლებელსაც კი სამინისტრო აარჩევს.
არ ვენდობით არავის, ამიტომ სამინისტრო აკეთებს ყველაფერს. გამოდის, რომ მალე სამინისტრო იქნება სკოლები, გაკვეთილებსაც სამინისტრო ჩაატარებს და ყველა სკოლას სამინისტრო მართავს.
რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება აზარალებს მთელ სისტემას, ნაცვლად იმისა, რომ შევქმნათ ჯანსაღი, გამართული, ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული სკოლის მართვის მოდელი. დირექტორის კვალიფიკაციის ამაღლებისა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერების ნაცვლად ყველა ფუნქცია ამოგვაქვს ზემოთ – სამინისტროში. ჩემთვის წარმოუდგენელია ეს.
სკოლები ისედაც არ იკლავენ თავს ვაკანსიების გამოცხადებით, რადგან, ზოგადად, სისტემიდან არ არის დიდი გასვლა და ამაზე ცალკე შეიძლება საუბარი, რადგან ჩვენ კიდევ გვყავს საპენსიო ასაკის პედაგოგები. ამ პირობებში შეუძლებელია კადრების განახლება და მეორე მხრივ, მიუღებელია ამ ფორმატით ასე რეაგირება პრობლემაზე.
სამინისტრო ბოლო წლებში ხშირად იმეორებდა, რომ „სკოლას უნდა ვენდოთ“. საკმაოდ ბევრი თანხა დაიხარჯა სკოლის ლიდერობის პროექტზე, რომელსაც თანამედროვე დირექტორები უნდა მოემზადებინა. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ სამინისტრო მაინც არ ენდობა დირექტორებს. ეს მხოლოდ დირექტორის პრობლემაა თუ იმის, რომ თვითონ დირექტორები ინიშნებიან ან პოლიტიკური, ან ნეპოტიზმის ნიშნით?
ლიდერობის პროგრამაზე დაიხარჯა გარკვეული ფინანსები, თუმცა რეალურად, ეს არ ყოფილა დირექტორების პროფესიული განვითარების უწყვეტი პროცესი.
არც ერთიანი ხედვა ჰქონია სამინისტროს, თუ როგორი დირექტორი გვჭირდება, როგორ ვაფასებთ მას, მის პროფესიულ განვითარებას, რა ტიპის ავტონომიურობას ვანიჭებთ, რა ტიპის ანგარიშვალდებულების სქემა გვაქვს ან მხარდაჭერის სისტემა. ეს ყველაფერი არ იყო გააზრებული და რაც არ უნდა ტრენინგები უტარო დირექტორს, რომელიც შეზღუდულია გარკვეულ უფლებებში და არც კომპეტენცია გააჩნია, შედეგს ვერ მოიტანს.
გარდა ამისა, თუკი დირექტორს არ აქვს ანგარიშვალდებულება მოსწავლეების შედეგებზე, რა თქმა უნდა, ის ორიენტირებული იქნება პირად კეთილდღეობაზე ამ შემთხვევაში.
ამიტომ მნიშვნელოვანია მთლიანობაში გავიაზროთ ეს საკითხი და არა ის, რომ თურმე მასწავლებლების შერჩევა გაუმჭვირვალედ ხდება, ახლა სამინისტრო თავის კადრებს ჩასვამს კომისიაში და ეს გადაჭრის პრობლემას.
რეალურად, ეს ამახინჯებს ისედაც შესაცვლელ სისტემას, რომელიც პირიქით, უნდა გაკეთილშობილდეს და წავიდეთ ამ მიმართულებით და არა უარესისკენ.
რეალურად, როგორი უნდა ყოფილიყო რეაგირება ნეპოტიზმზე? როგორია ევროპული გამოცდილება ამ მხრივ?
გააჩნია, დეცენტრალიზაციის რა დონეზე ვსაუბრობთ. იგივე აშშ-ში მასწავლებლის შერჩევაში სასკოლო ოლქი მონაწილეობს, რომელიც პასუხისმგებელია მთელ მის ტერიტორიაზე არსებულ ყველა სკოლაზე. სასკოლო ოლქი დაახლოებით ისეთივე სტრუქტურაა, როგორიც ჩვენთან რესურსცენტრები. უბრალოდ, დეცენტრალიზაციის მექანიზმი გადასულია ოლქის დონეზე. სამეურვეო საბჭო ჰყავს სასკოლო ოლქს და არა – სკოლას. ფინანსურ გადაწყვეტილებებსაც იღებს სასკოლო ოლქი, ამიტომ ერევა მასწავლებლის შერჩევაშიც სკოლის დონეზე.
თუმცა აქ მთავარი გამოცდილება არის სწორედ ის, რომ სკოლები ავტონომიურები არიან ზოგადად. ხელმძღვანელს არანაირი ინტერესი არ აქვს, არაკვალიფიციური კადრი აიყვანოს. მისი ინტერესია ყველაზე კვალიფიციური კადრის მოძიება, რადგან ანგარიშვალდებულია როგორც საბჭოს, მშობლების და თუნდაც ფედერალური თუ ცენტრალური მთავრობის წინაშე. ეს მექანიზმები უწყობს ხელს იმას, რომ სკოლა დაინტერესებულია კვალიფიციური კადრების დასაქმებით და არა ნათესავის ან ახლობლის.
ასევე, არსებობს სერიოზული მხარდამჭერი მექანიზმები სკოლისთვის, რომელიც ეხმარება მას ამ ავტონომიურობაში, რომ სკოლის დირექტორმა თავისი მოვალეობები სრულყოფილად შეასრულოს.
ჩვენთან გვაქვს სხვა სისტემა. გვყავს დანიშნული, არაკვალიფიციური, არასერტიფიცირებული დირექტორები, რომელთაც განათლების სამინისტრო არ ენდობა, მაგრამ მაინც თვითონ ნიშნავს. შესაბამისად, არც დირექტორია სკოლის და თემის წინაშე ანგარიშვალდებული. ყველაფერი ამოდის ზევით, სამინისტროსთან, რომელიც თბილისში წყვეტს ყველაფერს. სრულად დამახინჯებული სისტემაა.
სამეურვეო საბჭოებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ, რეალურად აღარ არსებობს?
ახლა ახალი არჩევნები უნდა იყოს საბჭოების, თუმცა ეს საბჭოები ზოგადად, სკოლების უმრავლესობაში არაეფექტურია და ფორმალურ ხასიათს რომ ატარებს, ამაზე სამინისტროშიც კი აღარ კამათობენ.
სამეურვეო საბჭოები აღარ არის იმ ფუნქციის მატარებელი, რითაც შესაძლებელია პასუხისმგებლობის ან ანგარიშვალდებულების შექმნა დირექტორისთვის.
სოციალურ ქსელებში განხილვისას ზოგიერთი მასწავლებელი ამბობდა, რომ ახალი ცვლილება დაასრულებს დირექტორის მხრიდან ნეპოტიზმს, მაგრამ ახლა სამინისტრო დაიწყებს მისთვის სასურველი კადრების დასაქმებასო. არის ამის რისკები?
პროგნოზირება ცოტა მიჭირს, რადგან ამის ადმინისტრირების პროცესიც რთულად წარმომიდგენია, რადგან ყველა უწყებას თავისი წარმომადგენელი ეყოლება და ყველას ერთიანად მოსყიდვა ცოტა რთულად წარმოსადგენი პროცესია. თუმცა კონკრეტული მასწავლებლების შემთხვევაში რამდენად თავისუფალი იქნება ეს პროცესი პოლიტიკური გავლენებისგან, არ ვიცი.
თუმცა არსობრივი პრობლემა თვითონ ამ სტრუქტურაშია, რა ფორმითაც ვირჩევთ მასწავლებლებს და არა იმაში, რომ მაინც და მაინც ნეპოტისტური იქნება.
ეს ცვლილება აჩვენებს თუ არა იმას, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფომ სკოლის ავტონომიურობისკენ გადადგა აქამდე, არის ფუჭი?
რეალურად, ასეთი ნაბიჯები დიდად არც გადადგმულა, თუ არ ჩავთვლით „ახალი სკოლის მოდელს“ და მის იდეას. ამ პროცესში მეც ვიყავი ჩართული და სამინისტროს სურვილის დონეზე აქვს გაცხადებული, რომ სკოლას ჰქონდეს მეტი ავტონომია, თუმცა ეს სურვილი რეალიზებული არ არის. არც დაწყებულა.
ამ კონტექსტში თუ ვიტყვით, რა თქმა უნდა, სამინისტროს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, იმ ხედვის საწინააღმდეგოა, რაც დეცენტრალიზაციას ახლავს.
თუმცა სამინისტროშიც, სამწუხაროდ, სხვადასხვა ჯგუფია, რომლებიც არ არიან ერთიან პოზიციაზე შეჯერებული. არის ჯგუფი, რომელიც მომხრეა სკოლის დეცენტრალიზაციის, არის ისეთი ჯგუფიც, რომელიც კონტროლის მომხრეა.
ამ ჯგუფებიდან რომელს მეტი გავლენა აქვს გადაწყვეტილების მიღებისას, ჩემთვის რთული სათქმელია.
„გინება სადაა?“- რამდენჯერმე გაუმეორეს კითხვა ოპოზიციონერებმა სამართალდამცველ ვიტალი ზოიძეს, რომელმაც „6 მაისის აქციის დაშლის საქმეზე“ მოსამართლეს სამხრე კამერების ჩანაწერები აჩვენა.
შსს-ს მიერ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებში არ ისმის იმ ადამიანების გინება, ვინც სწორედ „უმისამართო გინებისა“ და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს.
საუბარია 6 მაისს ბათუმში მოწყობილ ანტისაოკუპაციო აქციაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. 6 მაისს, ღამით, პოლიციელებმა კარვები დაშალეს და აქციის 24 მონაწილე დააკავეს, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
„პუტინს ისევ შევაგინებ“ – გინება არა, თუმცა გინების შესახებ ეს ისმის მხოლოდ შსს-ს მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში. ეს ფრაზა კი, ბათუმის საკრებულოს წევრს, რეზო ხარაზს უთქვამს დაკავებამდე.
„დიახაც, პუტინ ხუილო და რუსკი კარაბლ იდი ნა ხუი, ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა,” – შეზღუდვის გარეშე გაიმეორა ეს ფრაზები მირდატ ქამადაძემ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის წინაშეც. მირდატ ქამადაძე ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერია ბათუმში და ის სასამართლო სხდომაზე, როგორც იურისტი, დაკავებულების ინტერესებს იცავს.
მირდატ ქამადაძე შსს-ს იურისტს, თეა ლაღიძეს მიუბრუნდა, რომელიც ვიდეოების ნახვამდე ამბობდა, რომ აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიეს და მნიშვნელობა არ აქვს, ვის შეაგინეს დაკავებულებმა.
„გეთანხმებით, რომ თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, მაგრამ ერთი ფაქტი წარმოგედგინათ მაინც, ვის უფლებას ვარღვევდით? ვინმემ მოგმართათ იქვე სახლიდან ან სასტუმროდან, რომ ჩვენ დავურღვიეთ მყუდროება?“ – ჰკითხა შსს-ს წარმომადგენელს მირდატ ქამადაძემ და მოსამართლეს მოსთხოვა ადმინისტრაციული საქმისწარმოება მოწმეების დაკითხვამდე შეეწყვიტა.
„ჩანს, რომ პოლიციელები რასაც აკეთებენ, არის სიცრუე. რომელი პოლიციელის ჩვენება იქნება ახლა იმაზე უფრო სარწმუნო, ვიდრე ეს ვიდეოჩანაწერებია?“ – მოსამართლეს მიმართა მირდატ ქამადაძემ, თუმცა მან ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზეც უარი თქვა.
„მოვისმენთ ყველა პოზიციას და შემდეგ მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას“, – დამაჯერებლად სცადა ამის თქმა მოსამართლემ.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მოწმის სახით დაეკითხათ დავით ათაბეგაშვილი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
„ის იქ იყო, როგორც ხელმძღვანელი პირი და მითითებებს აძლევდა,“ – ამ არგუმენტით მოსამართლემ მიიჩნია, რატომ არაა თითქოს მნიშვნელოვანი პოლიციის მაღალჩინოსნებმა კითხვებს უპასუხონ.
„ბადრაგირების დროს არ იყო გაძალიანება,“ – აღნიშნა სამართალდამცველმა ვიტალი ზოიძემ. – „მაგრამ როცა აქციაზე მონაწილეთა რაოდენობა მცირდება, პოლიცია ვალდებულია, იმოქმედოს“.
„რატომ იყო ეს საპროტესტო აქცია? მე ანტისაოკუპაციო აქციაზე ვიყავი მისული,“ – მიმართა პოლიციელებს მამუკა ქობულაძემ, ისიც ბათუმის საკრებულოს წევრია ენმ-დან და სიტყვა ითხოვა.
„სკოლაში ისტორიას ვასწავლი და სამოქალაქო განათლებას. ყველა გაკვეთილს ვიწყებ და ვამთავრებ ამ ფრაზით: „რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი ქვეყნის მტერი“. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ, მათ შორის, იმ მოსამართლეებმაც, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებენ,“ – მოსამართლეს გახედა მამუკა ქობულაძემ, პაუზის შემდეგ კი, დასძინა, – იმედია, „ალტ-ინფოებად“ არ გადავიქცევით ყველაო.
საინტერესო საკითხი გააქტიურდა ერთ-ერთ მოწმესთან, დავით გვარჯალაძესთან. ის სამთავრობო დაცვაში მუშაობს და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობას იცავს, სადაც პოლიციელებმა 6 მაისის ღამით აქცია დაშალეს.
„კარვების დაშლამდე იქ ლამპიონები ჩაქრა, რატომ მოხდა ასე, თქვენი ინფორმაციით?“ – ჰკითხა მოწმეს მირდატ ქამადაძემ.
„ამის გადამოწმების დრო არ იყო, შიგ შენობაში იყო შუქი,“ – დაბნეულობა დაეტყო სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომელს.
„კარავი ედგა გზის სავალ ნაწილზე და მოვუწოდებდი, რომ გადაეტანა კარავი,“ – უთხრა მოსამართლეს პოლიციელმა კახაბერ სხალაძემ, რომელსაც დაეტყო, სასამართლო სხდომამდე რომ საგანგებოდ ემზადებოდა ჩვენებისთვის. ის სწრაფად მოჰყვა, რა ხდებოდა 6 მაისის ღამით.
„მაქ მძიმე დასვი,“ – სასამართლო დარბაზიდან ამ წამოძახილს სიცილი მოჰყვა.
„თქვენ ხომ ხელვაჩაურში მუშაობთ, რა გინდოდათ ბათუმში?“ – ჰკითხა ისევ მირდატ ქამადაძემ პოლიციელს.
„გამომიძახეს,“- მოკლედ თქვა მოწმემ. მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს შეაგინეს.
„ცრუპენტელა ხართ, თქვენ არ უნდა გეცვათ პოლიციელის ფორმა,“- გაცხარდა მირდატ ქამადაძე და ვიდრე მოსამართლე რამეს იტყოდა, თავად დატოვა დარბაზი რამდენიმე წუთით, წყალს დავლევო.
ჩვენება მისცა სასამართლოს პოლიციელმა რეზო ხარაზმაც.
„ვის იცნობთ აქედან და რა მოხდა, თქვენ რა ნახეთ?“ – ჰკითხა მოსამართლემ პოლიციელს. მან თქვა, რომ ყველას იცნობს, განსაკუთრებით კი, თავის ბიძაშვილს – რეზო ხარაზს, ბათუმის საკრებულოს წევრს ენმ-დან.
„არ დამინახავს, მე ვეხმარებოდი მხოლოდ ლაშა კომახიძეს, რომელსაც კარავი ჰქონდა გაშლილი სავალ ნაწილზე, დააკავეს და ვეხმარებოდი, რომ მანქანამდე მიეყვანათ,“ – თქვა რეზო ხარაზმა.
სხვა მოწმე პოლიციელებისგან განსხვავებით, რეზო ხარაზმა თქვა, რომ გინება არ გაუგონია, თუმცა გაიგონა, რომ აქციაზე პოლიციელებს „მონებს“ და „ზონდერებს“ უწოდებდნენ.
„თქვენსა და ჩემს შორის შედგა დიალოგი დაკავებამდე?“ – ჰკითხა პოლიციელს ლაშა კომახიძემ. ის ქობულეთის საკრებულოს წევრია ენმ-დან.
პოლიციელის მტკიცებით, მას ლაშა კომახიძისთვის არაფერი უთქვამს.
„ვიდეოს გაყურებინებთ, თქვენ მეუბნებით, რა ჩესტებს ითხოვო,“ – გაცხარდა ლაშა კომახიძეც.
„ეს არაა სიმართლე,“ – თქვა პოლიციელმა.
„პირადი ლანძღვა-გინება არ ყოფილა, მონებს გვეძახდნენ,“ – უთხრა მოსამართლეს კიდევ ერთმა პოლიციელმა, ოთარ ბასილაძემ.
თითოეულ მოწმეს მირდატ ქამადაძემ სთხოვა ეთქვათ, რომელი კანონის საფუძველზე მოსთხოვეს აქციის მონაწილეებს კარვების გადატანა. პოლიციელებმა ეს ვერ განმარტეს.
მოწმეთა გამოკითხვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, კრიტიკულად ეხმაურება დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიმდინარე დისკუსიებს. როგორც ჩანს, პოდოლიაკის განსაკუთრებული გაღიზიანება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, 98 წლის ვეტერანი დიპლომატის, ჰენრი კისინჯერის განცხადებებმა გამოიწვია.
კისინჯერმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინა უნდა დათანხმდეს ტერიტორიების დათმობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, რათა სასწრაფოდ დაასრულოს ომი, რომელიც უკვე სამი თვეა გრძელდება.
„იმედი მაქვს, უკრაინელები ისეთივე სიბრძნეს გამოავლენენ, როგორი გმირობაც აჩვენეს“, – განაცხადა ვეტერანმა ამერიკელმა დიპლომატმა და ასევე მოუწოდა დასავლეთს, არ ეცადონ პუტინის დამარცხებით შერცხვენას.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ჰენრი კისინჯერსა და მის თანამოაზრეებს „დავოსის პანიკიორები“ უწოდა და განაცხადა, რომ ისინი ისევე ადვილად დაუთმობდნენ ლიეტუვასა და პოლონეთს რუსეთს, როგორც უკრაინას სთავაზობენ თავისი ტერიტორიების დათმობას.
„ბატონი კისინჯერი ისევე მარტივად დართავდა ნებას რუსეთს წაეღო პოლონეთი და ლიეტუვა, როგორ მარტივადაც გვთავაზობს ომის შესაჩერებლად უკრაინის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას. კარგია, რომ სანგრებში მყოფ უკრაინელებს არ სცალიათ „დავოსის პანიკიორების“ მოსასმენად. ისინი თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით არიან დაკავებული,“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი.
As easily as Mr. #Kissinger proposes to give 🇷🇺 part of 🇺🇦 to stop the war, he would allow to take Poland or Lithuania away. It’s good that Ukrainians in the trenches do not have time for listening to “Davos panickers”. They’re a little bit busy defending Freedom and Democracy. pic.twitter.com/2zraPDummx
„მომდევნო ორი თვის განმავლობაში მხარეები უნდა დაუბრუნდნენ მშვიდობიან მოლაპარაკებებს. უკრაინა უნდა ყოფილიყო ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის, მაგრამ ახლა ურთიერთობები შეიცვალა, შესაძლოა შევედით სივრცეში, სადაც გამყოფი ხაზები თავიდან გაივლო და რუსეთი სრულიად იზოლირდა. ჩვენ ახლა ვდგავართ სიტუაციის პირისპირ, რომელშიც რუსეთი შესაძლოა სრულიად გაუცხოვდეს ევროპისგან და სხვაგან ეძებოს მუდმივი ალიანსი. ამან შესაძლოა ცივი ომის მსგავს დიპლომატიურ დისტანცირებამდე მიგვიყვანოს, რაც ათობით წლით დაგვხევს უკან. ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ გრძელვადიანი მშვიდობისკენ,“ – განაცხადა კისინჯერმა დავოსში გამართულ ფორუმზე, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთი „დაინტერესებული არ არის მოლაპარაკებებით, არამედ ის კლავს“.
„იდეალურ შემთხვევაში, გამყოფი ხაზი უნდა იყოს ძველი სტატუსკვოს მდგომარეობაში დაბრუნება. ომის ამ ზღვარს მიღმა გაგრძელება იქნება არა უკრაინის თავისუფლებისთვის, არამედ ეს იქნება ომი თავად რუსეთის წინააღმდეგ,“ – ციტირებს მედია კისინჯერს. მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთისთვის „საბედისწერო“ იქნება, თუ „წამიერ განწყობას“ აჰყვება და დაივიწყებს რუსეთის ძალაუფლების პოზიციებს ევროპაში. კისინჯერის თქმით, ევროპელმა ლიდერებმა არ უნდა დაკარგონ რუსეთთან გრძელვადიანი ურთიერთობის ხედვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება რუსეთის ჩინეთთან ალიანსში სამუდამო გაერთიანების რისკი.
კისინჯერი [1970-იან წლებში ის აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტების – რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის დროს იყო სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი] ასევე შეეხო ტაივანზე ჩინეთის თავდასხმის საფრთხეზე აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას: ჯო ბაიდენის თქმით, აშშ ამ კონფლიქტის შემთხვევაში ტაივანს დაიცავს. კისინჯერის შეფასებით, ვაშინგტონი და პეკინი უნდა ეცადონ, არ მოაქციონ ტაივანი დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობის ეპიცენტრში, მით უფრო, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის პირდაპირი დაპირისპირების თავიდან არიდება გლობალური მშვიდობის ინტერესშია.
„აშშ-მ ხრიკების გზით ან თანმიმდევრული პროცესით, არ უნდა შეიმუშაოს „ორი ჩინეთის“ მსგავსი [პრობლემის] მოგვარება. ჩინეთი კი გამოავლენს მოთმინებას, როგორც აქამდე,“ – აღნიშნა ჰენრი კისინჯერმა.
დღეს, 24 მაისს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ თანამდებობა დატოვა. მინისტრის პოსტზე ზაზა შავაძე დანიშნეს.
ზაზა შავაძე აქამდე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
„მან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ის არის ძალიან გამოცდილი მენეჯერი, ეკონომისტი და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს,“ – განაცხადა შავაძის წარდგენისას თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, გიორგი სურმანიძე „რჩება გუნდში“ და საქმიანობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ გააგრძელებს.
როგორც ყოფილმა, ისე ახალმა მინისტრმა ბრიფინგი კითხვებზე პასუხების გარეშე დატოვეს.
რაც შეეხება გზების დეპარტამენტს, როგორც აჭარის მთავრობის გვეუბნებიან, ხელმძღვანელის ადგილი ჯერ-ჯერობით ვაკანტურია.
სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი, ზაზა შავაძე პროფესიით საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალისტია. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მან კარიერა 2005 წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, სტაჟირებით დაიწყო. სხვადასხვა წელს იყო ამავე სამინისტროს ქონების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, რეგიონული ეკონომიკის განყოფილების უფროსი და ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსად იგი 2020 წელს დანიშნეს.
დღეს, ასევე ცნობილი გახდა, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ-ისაგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
სამინისტრო გოჩა ბერიძის გათავისუფლების მიზეზს არ ასახელებს. „ბათუმელებმა“ სცადა თავად გოჩა ბერიძესთან დაკავშირებაც, თუმცა მისი ტელეფონი გამორთულია.
ამ დროისთვის აგროსერვის ცენტრის დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია.
თურქული ლირა ისევ გაუფასურდა. დღეს, 24 მაისს, თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 16.2-მდე დაეცა. ამ დროისთვის 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 16.2 ლირაა.
გუშინ, 23 მაისს, 1 დოლარი 15.934 ლირა ღირდა.
ვალუტის კურსის ვარდნამ გამოიწვია წლიური ინფლაციის ზრდა, რომელმაც აპრილში 70-%-ს მიაღწია.
მიმდინარე წელს ლირა 18-%-ითაა გაუფასურებული. „როიტერსის“ თანახმად ამის მიზეზი ისაა, რომ ინვესტორები სულ უფრო და უფრო ეჭვქვეშ აყენებენ თურქეთის არაორდინალური ეკონომიკური პოლიტიკის მდგრადობას.
ლირა შედარებით სტაბილური იყო წლის დასაწყისში, ძირითადად, თურქეთის მთავრობის სქემის წყალობით, რომელიც იცავს ლირის დეპოზიტებს გაუფასურებისაგან. ასევე, სტაბილურობაში წვლილი აქვს ცენტრალურ ბანკსაც, რომელიც რეზერვების საშუალებით ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ლირაზე დიდი გავლენა იქონია მარტში რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა. დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა ენერგეტიკულ რესურსებზე ფასები გაზარდა, შედეგად თურქეთის იმპორტის გადასახადი, რომელიც ისედაც სოლიდური იყო, გაიზარდა. გაიზარდა წლიური ინფლაციაც.
დღეს, 24 მაისს, ცნობილი გახდა, რომ თურქეთი გეგმავს სამხედრო ოპერაციის დაწყებას სირიაში 30-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის შესაქმნელად. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ეს სპეცოპერაცია აუცილებელია ტერორისტული საფრთხისგან სახელმწიფოს დასაცავად.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში მოპარულ და საზღვარგარეთ გასაყიდად გატანილი ხორბლის საკითხს ეხმაურება. კულებას თქმით, რუსებმა ბოსფორის სრუტის გავლით, გემებით გაიტანეს ხორბალი, რომელიც უკრაინაში მოიპარეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნებს სიფხიზლისა და „ნაქურდალი ხორბლის“ ყიდვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.
„რუსმა ქურდებმა მოიპარეს უკრაინული ხორბალი, ჩატვირთეს თავიანთ გემებში და ბოსფორის გავლით ცდილობენ მის საზღვარგარეთ გაყიდვას. მოვუწოდებ სახელმწიფოებს, იყონ ფხიზლად და უარი თქვან ნებისმიერ მსგავს წინადადებაზე. არ იყიდოთ ნაქურდალი. არ გახდეთ რუსული კრიმინალის თანამონაწილე. ქურდობას არასდროს მოუტანია ვინმესთვის იღბალი,“ – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
Russian thieves steal Ukrainian grain, load it onto ships, pass through Bosporus, and try to sell it abroad. I call on all states to stay vigilant and refuse any such proposals. Don’t buy the stolen. Don’t become accomplices to Russian crimes. Theft has never brought anyone luck.
ამერიკულმა CNN-მა 23 მაისს გამოაქვეყნა სატელიტური სურათები, რომლებზეც, სავარაუდოდ, ასახულია, როგორ იტვირთება ხორბლით ყირიმში, სევასტოპოლის პორტში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გადამზიდი ორი გემი. გამოცემა წერს, რომ დაზუსტებით რთული სათქმელია, რამდენად არის ეს უკრაინაში მოპარული ხორბალი, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი მცირე რაოდენობის მარცვლეულს აწარმოებს, განსხვავებით სოფლის მეურნეობით მდიდარი უკრაინის რეგიონების – ხერსონისა და ზაპორიჟიესგან.
CNN-ი გემების ადგილმდებარეობის მონაცემების საიტ MarineTraffic.com-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ორივე გემმა უკვე დატოვა პორტი: „მატროსი პოზინიჩი“, რომელიც ეგეოსის ზღვაში მიცურავს, ამტკიცებს, რომ ბეირუთისკენ მიემგზავრება, ხოლო „მატროსი კოშკა“ ჯერ კიდევ შავ ზღვაშია.
„მარიუპოლი. სასაფლაო. კორპუსის სარდაფში, ნანგრევებში, 200 ცხედარი იპოვეს“, – წერს ქალაქის მერის მრჩეველი პიოტრ ანდრიუშენკო ტელეგრამ არხზე.
მისი ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ცხედრების შეფუთვასა და გატანაზე უარი თქვა, რის გამოც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამუშაოების ადგილი დატოვა.
„ცხედრები იქვე დატოვეს, სადაც იპოვეს“, – ამბობს ანდრიუშენკო და დასძენს, რომ ქალაქში, კორპუსების ეზოებიდან დაღუპულთა გადასვენების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.
„ახლა ცხედრების ექსჰუმაციითა და დაკრძალვით დაკავებულია ე.წ. სახელმწიფო კორპორაცია „რიტუალი“, დონეცკიდან. თუმცა „ოფიციალური“, უფასო დაკრძალვისთვის, ადგილობრივები იძულებული არიან რიგს დაელოდონ, დამოუკიდებლად მიიტანონ დაღუპული ახლობლის ცხედარი “პროზექტურაში” და განაცხადონ, რომ ახლახან აღმოაჩინეს, ან უნდა დათანხმდნენ, ჩაწერონ ვიდეო, რომელშიც იტყვიან, რომ დაღუპული უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს.“
მისი ინფორმაციით, ასეთი პირობების გამო, ქუჩაში, ღია ცის ქვეშ მოწყობილ ე.წ. პროზექტურაში უამრავი ცხედარია, რომელთა დაკრძალვაც ვერ ხერხდება. „მარიუპოლი სასაფლაოდ იქცა“, – წერს ანდრიუშენკო.
______
ქალაქი მარიუპოლი 20 მაისის შემდეგ მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშაა, იმ დროიდან, რაც 84-დღიანი ბრძოლების შემდეგ “აზოვსტალი” უკრაინელმა სამხედროებმა დატოვეს. რა ბედი ეწევათ რუსეთის ხელში მყოფ მარიუპოლის მცველებს, უცნობია. უკრაინის ხელისუფლებას რუს ტყვეებში მათ გაცვლას გეგმავს.
მარიუპოლი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ალყაში ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში მოაქციეს. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქის ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია, დაღუპულია დაახლოებით 20 000 მოქალაქე.
მთავარი ფოტო: მარიუპოლი, ფოტო პიოტრ ანდრიუშენკოს ტელეგრამ არხიდან.
„ბებია ჰყავს ავად და ვერ შეძლებს გამოცხადებას“, – მიმართა ოპოზიციონერებს სამართალდამცველმა ვიტალი ზოიძემ, რომელსაც ადვოკატმა მირდატ ქამადაძემ კატეგორიულად მოსთხოვა ეთქვა: რატომ აღარ სურს სასამართლოს ჩვენება მისცეს პოლიციელმა იაგო ტაკიძემ, რომელმაც სამხრე კამერით სავარაუდო სამართალდარღვევა გადაიღო და თავად შსს-მ ჩასვა ის ოფიციალურად დასაკითხ მოწმეთა სიაში?
საუბარია 6 მაისის ღამით 24 ოპოზიციონერის ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე, მათ შორის არიან ბათუმის საკრებულოს წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები. პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარვები დაუშალა და დააკავა. დღეს, 24 მაისს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს ბათუმის საკრებულოს წევრების: რეზო ხარაზის, მამუკა ქობულაძის, ლაშა კილაბერიას, ასევე, ქობულეთის საკრებულოს წევრის, ლაშა კომახიძის საქმეს.
იმის მიუხედავად, რომ შსს-ს წარმომადგენლებს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რაც მოწმე პოლიციელის ბებიის ავადმყოფობას დაადასტურებდა, მოსამართლემ ყოველგვარი კითხვისა და განმარტების გარეშე იაგო ტაკიძე მოწმეთა სიიდან ამოიღო.
„ანუ თქვენ არ გაინტერესებთ მტკიცებულების წყაროც… თქვენ არ ხართ ობიექტური და დამოუკიდებელი. არ გაინტერესებთ, რა მოხდა იქ: პოლიცია იცავდა ადამიანის უფლებებს, თუ პირიქით, უზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას“, – თქვა მირდატ ქამადაძემ და მოსამართლის აცილება მოითხოვა.
მოსამართლემ არც ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ხმაური სასამართლო დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, როცა ოპოზიციამ მოითხოვა პოლიციელების მოწმის სახით დაეკითხა ის პოლიციელები, რომლებმაც საკრებულოს წევრები დააკავეს, მათ შორის, დავით ათაბეგაშვილის, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.
ოპოზიციონერებმა მოსამართლეს ასევე უთხრეს, რომ გაურკვეველია ზოგიერთ შემთხვევაში „ვინ დააკავა“, რადგან ოქმის შემდგენ პირს სავარაუდო სამართალდამრღვევი არ დაუკავებია.
„თუ ეს ჩანს სამხრე კამერის ჩანაწერში, რა უნდა გვითხრას პოლიციელმა, ვინც ეს გადაიღო?“ – იკითხა მოსამართლემ.
„უნდა გვითხრას, რატომ დააკავეს, სად იყო დაუმორჩილებლობა, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან ამ ადამიანებს“, – უთხრა მოსამართლეს მირდატ ქამადაძემ. ის ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერია ბათუმში.
„გვითხრას, ასევე, რატომ სცემეს დეპუტატ ლევან ანთაძეს“, – დაუმატა რეზო ხარაზმა.
„ვიცით, რომ ჯარიმით დასრულდება ეს საქმეც, ნამუსი უნდა გეყოთ ყველას“, – ხმას აუწია მირდატ ქამადაძემ და მოსამართლემაც ჩაქუჩი რამდენჯერმე დაჰკრა.
„ჩაქუჩი დაბლა დაარტყით, მოსამართლევ, არ მეშინია… თოფიანი ხალხი თქვენ გიცავთ“, – ხელი პოლიციელებისკენ გაიშვირა მირდატ ქამადაძემ.
„რაო, რა თქვით? კობახიძე ხართ თქვენც“, – დარბაზიდან წამოიყვირა ელგუჯა ბაგრატიონმა. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია ენმ-დან და ერთადერთი ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის, ვინც 6 მაისის ღამეს დაკავებას გადაურჩა.
„გამაძევებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მართალი ხართ. თქვენი შვილიშვილები გააუქმებენ თქვენს გადაწყვეტილებებს“, – ესეც უთხრა მოსამართლეს მირდატ ქამადაძემ.
მოსამართლემ სხდომის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, მან დარბაზი ხმაურის ფონზე დატოვა.
თანამედროვე ადამიანისთვის ციფრული ბანკი ყოველდღიურობის ნაწილია. თიბისის ციფრულ ბანკის აპლიკაციაში სხვადასხვა ფუნქციონალი და მომსახურება ერთადაა თავმოყრილი, რაც შესაძლებლობას გვაძლევს სულ რამდენიმე წამში, ნებისმიერი ადგილიდან შევასრულოთ ფინანსური ოპერაციები. თიბისი, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია ყოველდღიურად ზრუნავს ციფრული ბანკის განახლებასა და გაუმჯობესებაზე.
კომუნალურების დაჯგუფება და გადახდა, IBAN სკანერის დახმარებით სხვასთან თანხის გადარიცხვა, ტელეფონის ბალანსის შევსება, უცხოური ვალუტის კონვერტაცია – ციფრული ბანკის ფუნქციონალების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ყოველდღე თიბისის 800 000-მდე მომხმარებელი იყენებს.
ახალი სარეკლამო კამპანია, რომელზეც თიბისის გუნდმა კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონთან“ ერთად იმუშავა, გვიყვება, თუ რა შეგიძლია გააკეთო აქ. ახლა, შენით, თიბისის ციფრული ბანკის გამოყენებით.
„თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. ციფრული ბანკი არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელსაც წლების განმავლობაში ვავითარებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავუზოგოთ ჩვენს მომხმარებლების დრო და საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
2019 წელს თიბისის მობაილ ბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა Global Finance-მა, რის შემდეგაც აპლიკაციის გაუმჯობესებაზე და რედიზაინზე პროფესიონალთა ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფები მუშაობენ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალი წლისთვის არა ხელისუფლებაში, არამედ სამედიცინო დაწესებულებაში იქნება – ვარაუდობს MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელი სერ რიჩარდ დირლავი. მის კომენტარებს ბრიტანული Independent-ი აქვეყნებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ეს კომენტარები რუსეთის 69 წლის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ხმებზე საუბრისას გააკეთა.
„გავბედავ და ვიტყვი, ვფიქრობ, ის 2023 წლისთვის უკვე წასული იქნება სავარაუდოდ სანატორიუმში, საიდანაც ის რუსეთის ლიდერად ვეღარ დაბრუნდება“, – ამბობს სერ რიჩარდი.
MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელის აზრით, ეს რუსეთში სახელმწიფო გადატრიალების გარეშე ხელისუფლების ცვლილების ერთ-ერთი გზაა. რიჩარდ დირლავი ვარაუდობს, რომ პუტინის წასვლის შემდეგ ძალაუფლება ხელში შესაძლოა, უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პეტრუშევმა ჩაიგდოს.
„ჩემი თეორია თუ გამართლდება და პუტინი მართლაც წავა სანატორიუმში, ჩემი აზრით, შემცვლელი სწორედ ის იქნება და, რა თქმა უნდა, ამ სცენარში, „დროებითი შემცვლელი“ ძალაუფლებას ხანგრძლივად შეინარჩუნებს. ალბათ იცით, რომ რუსეთის ხელისუფლებაში ძალაუფლების გადაცემის არანაირი გეგმა არ არსებობს“, – ამბობს დირლავი.
დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ვარაუდობს, რომ მომდევნო 12-18 თვის შემდეგ, დასავლეთის სანქციების გამო რუსეთი შეიძლება რამდენიმე ნაწილად „დაიშალოს“.
გასულ კვირაში, მსგავსი კომენტარები ბრიტანეთის დაზვერვის კიდევ ერთმა ყოფილმა თანამდებობის პირმა, კრისტოფერ სტილმაც გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის ლიდერი სულ უფრო ხშირად ტოვებს შეხვედრებს სამედიცინო დახმარების მისაღებად.
„უშიშროების საბჭოს შეხვედრები, რომლებიც, როგორც წესი, თითქმის მთელი საათი გრძელდება ხოლმე, ახლა რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი. პუტინს მუდმივად თან ახლავს ექიმების ჯგუფი“, – უთხრა LBC რადიოს კრისტოფერ სტილმა, რომელიც 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე მომზადებული დოსიეს ავტორია.
New Line smagazine-ის თანახმად, რუსი ოლიგარქი, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, ამბობს, რომ ცოტა ხნით ადრე, ვიდრე უკრაინაში შეჭრის შესახებ გამოაცხადებდა, პუტინს ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს.
პუტინის ჯანმრთელობაზე სპეკულაციების მიზეზად მისი შეხვედრების რამდენიმე ვიდეოჩანაწერი იქცა. Independent-იხსენებს პუტინის შოიგუსთან შეხვედრას და აღნიშნავს, რომ 12 წუთის განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტი მაგიდას ეჭიდებოდა. ტაჯიკეთის და ბელარუსის პრეზიდენტთან შეხვედრისას კი გაუჩერებლად ამოძრავებდა ფეხს.
თურქეთი გეგმავს სამხედრო ოპერაციის დაწყებას სირიაში 30-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის შესაქმნელად – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის სხდომის შეჯამებისას, ბრიფინგზე განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ სპეცოპერაცია აუცილებელია ტერორისტული საფრთხისგან სახელმწიფოს დასაცავად.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაცია მიმართული იქნება სირიის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც თურქეთზე თავდასხმის წყაროს წარმოადგენს.
„ჩვენ ვმუშაობთ 30-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონის შესაქმნელად თურქეთის სამხრეთ საზღვართან. პრიორიტეტულია რეგიონები, რომლებიც წარმოადგენს თურქეთზე თავდასხმის ცენტრებს. როგორც კი შეიარაღებული ძალები და სადაზვერვო სამსახურები მომზადებას დაასრულებენ, ოპერაცია დაიწყება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
საუბარია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებზე, რომლებსაც სირიელი ქურთების სახალხო დაცვის შენაერთები აკონტროლებენ.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ ანკარა სირიელი ქურთების შენაერთებს ტერორისტულ დაჯგუფებებს უწოდებს, მაშინ, როდესაც ვაშინგტონი მათი სახით „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის მთავარ იარაღს ხედავს.
სირიაში უსაფრთხო ზონის შექმნის ინიციატივა თურქეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ჯერ კიდევ დონალდ ტრაპის პრეზიდენტობის დროს განიხილეს. ერდოღანმა შეერთებულ შტატებს სირიელი ქურთების მხარდაჭერის შეწყვეტა მოსთხოვა და განაცხადა, რომ თუ სექტემბრის ბოლომდე 30-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონა არ შეიქმნებოდა, თურქეთი ამაზე „ძალის გამოყენებით“ იზრუნებდა.
სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე საბოლოო გადაწყვეტილება 26 მაისს თურქეთი უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს.
ამერიკული გამოცემა CNN-ი სატელიტურ ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ ჩანს, თუ როგორ იტვირთება, სავარაუდოდ, უკრაინაში მოპარული ხორბლით რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ორი გადამზიდი გემი. გემები ყირიმში, სევასტოპოლის პორტში დგანან.
19 და 21 მაისით დათარიღებულ Maxar Technologies-ის ახალ სურათებზე ნაჩვენებია ხომალდები – „მატროსი პოზინიჩი“ და „მატროსი კოშკა“, რომლებიც, როგორც ჩანს, მარცვლეულის სილოსებთან არიან გაჩერებული. CNN-ი გემების ადგილმდებარეობის მონაცემების საიტ MarineTraffic.com-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ორივე გემმა უკვე დატოვა პორტი: „მატროსი პოზინიჩი“, რომელიც ეგეოსის ზღვაში მიცურავს, ამტკიცებს, რომ ბეირუთისკენ მიემგზავრება, ხოლო „მატროსი კოშკა“ ჯერ კიდევ შავ ზღვაშია.
Maxar technologies-ის სატელიტური სურათი აჩვენებს მარცვლეულის ჩატვირთვას ყირიმში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის – „მატროს პოზინიჩის“ ტრიუმში. ფოტო: CNN
როგორც გამოცემა წერს, რთულია ზუსტად იმის თქმა, ფოტოებზე ასახული ხორბალი ნამდვილად არის თუ არა ის ხორბალი, რომელიც ოფიციალური კიევის არა ერთი განცხადების თანახმად, რუსებმა მოიპარეს უკრაინაში. თუმცა CNN-ი იქვე დასძენს, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი თავისთვისაც მცირე რაოდენობის მარცვლეულს აწარმოებს, განსხვავებით სოფლის მეურნეობით მდიდარი უკრაინის რეგიონების – ხერსონისა და ზაპორიჟიესგან.
CNN-ის ცნობითვე, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა და ინდუსტრიის წარმომადგენლებმა გამოცემას უთხრეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსმა სამხედროებმა რამდენიმე სილოსი დააცარიელეს და ხორბალი სამხრეთში წაიღეს.
ამ თვის დასაწყისში, „მატროსმა პოზინიჩმა“ კიდევ ერთი მსგავსი მისია შეასრულა: დაიტვირთა მარცვლეულით და შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში გაცურა. თავდაპირველად ის ეგვიპტისკენ მიემგზავრებოდა, მაგრამ უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებების შემდეგ ალექსანდრიიდან უკან მოაბრუნეს. ისევე როგორც არ შეუშვეს არც ბეირუთში და საბოლოოდ სირიაში – ლატაკიაში შევიდა.
19 მაისი. Maxar technologies-ის სატელიტურ სურათზე ჩანს, ყირიმში, სევასტოპოლის პორტში, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი „მატროს პოზინიჩი“. ფოტო: CNN
გემებს შეუძლიათ 30 000 მეტრული ტონის ტვირთის გადატანა, ხოლო უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ომის დაწყების დღიდან, რუსებმა უკრაინიდან 400 000 ტონა ხორბალი მოიპარეს და გაიტანეს.
რუსეთი ბლოკავს უკრაინის პორტებს, რომელთა მეშვეობითაც უკრაინული ხორბალი შავი ზღვის გავლით გადის ექსპორტზე. უკრაინა ხორბლის მეხუთე, ხოლო სიმინდის მეოთხე – უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში. რუსეთსა და უკრაინიდან გადატანილი ხორბალი კი, გლობალური ბაზრის 30%-ს შეადგენდა ომამდე.
აღნიშნული გარემოებები უკვე გახდა სურსათის გლობალური კრიზისის შიშის საფუძველი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
გასულ კვირას CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ და მოკავშირეები აწარმოებენ დისკუსიებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიმუშაონ უკრაინიდან მარცვლეულის ტრანსპორტირების უსაფრთხო მარშრუტები სურსათის გლობალური მიწოდების შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე.
21 მაისი. Maxar technologies-ის ამ სატელიტურ სურათზე ყირიმში, სევასტოპოლის პორტში, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი „მატროსი კოშკაა“ დაფიქსირებული. ფოტო: CNN
რაც ყველაზე მთავარია, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა, რომელიც ებრძვის სურსათსა და საკვებზე წვდომის ნაკლებობას და შიმშილს სხვადასხვა ქვეყანაში, თავისი ხორბლის მარაგების ნახევარს, სწორედ უკრაინიდან ყიდულობს. ამის გამო, როგორც პროგრამის წარმომადგენლები აცხადებენ, უკრაინის პორტებიდან ხორბლის ექსპორტის ვერ აღდგენა ტრაგიკულ შედეგებს გამოიწვევს.
მიკოლა სოლსკიმ, უკრაინის აგრო-პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში მოპარული ხორბალი „ორგანიზებულად იგზავნება ყირიმის მიმართულებით. ეს არის დიდი ბიზნესი, რომელსაც ზედამხედველობენ უმაღლესი რანგის პირები“.
რუსეთმა ყირიმი 2014 წელს მიიერთა და თან წაიღო შავი ზღვის მთავარი პორტი – სევასტოპოლი. თებერვალში განახლებული შემოჭრის შემდეგ, რუსეთმა უკრაინას კიდევ ორი მთავარ პორტი დაუბლოკა: მარიუპოლის აღების შემდეგ აზოვის ზღვა, ოდესის მიზანში ამოღებით კი შავ ზღვა.
უკრაინის ამ პორტებიდან ექსპორტის უუნარობა არა მხოლოდ გავლენას ახდენს სურსათის დონეზე მთელ მსოფლიოში, არამედ დამანგრეველ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე.
CNN ციტირებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ანტონი ბლინკენს, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინის სილოებში დაახლოებით 22 მილიონი ტონა მარცვლეულია.
„რუსეთის ფედერაცია ცრუობს, რომ გლობალური სასურსათო კრიზისის გამწვავება საერთაშორისო საზოგადოების სანქციების ბრალია. სანქციები არ ამწყვდევს სურსათით დატვირთულ გემებს შავი ზღვის პორტების დაბლოკვით და არ ანადგურებს უკრაინის გზებსა და რკინიგზას. ამას რუსეთი აკეთებს“, – თქვა ბლინკენმა.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის და სხვა საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ადრე ფეიქი უწოდა ბრალდებებს, რომ რუსეთი მეზობლისგან მარცვლეულს იპარავს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 7 დღის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა.
ამავე პერიოდში კოვიდის დიაგნოზით გარდაიცვალა 5 პაციენტი.
ერთი კვირის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად.
გასულ 7 დღეში სულ ჩატარდა 113 058 ტესტი კორონავირუსზე – 103 058 ანტიგენ ტესტი, 10 568 კი -პჯრ ტესტი.
გაბო 9 წლის ბიჭია. მესამეკლასელი. გაკვეთილები რომ უმთავრდება სახლში ბრუნდება. ჭამს, რაც სახლში დახვდება და ჯართის შესაგროვებლად მიდის. ეს დღეები ბათუმში წვიმს და გაბოც სახლშია, წვიმიანი დღეები რომ ჩაივლის, გაბო გარეთ გავა და ნაგვის ურნებში ჯართის ძებნას დაიწყებს.
ჯართი გაიაფდა. აღარც სპილენძს იბარებენ გამოუწვავად. თუ სპილენძს გადააწყდება სადმე, გაბო ჯერ გამოწვავს და ისე აბარებს. ასე გააფრთხილეს. სხვანაირად არაო:
„გვიყვირეს, გამოსაწვავია და მერე მოიტანეთო. გამოვწვი და ისე წავიღე. ჯართის ფასმა დაიკლო. ახლა 50 თეთრი გახდა. უფრო ხშირად ნაგავში ან ნაგვის დიდ ყუთებთან ყრია ჯართი.
ყველამ იცის ჩემი ოჯახისთვის ჯართს რომ ვაგროვებ. ხანდახან თავისით მოაქვთ ჩემთვის, მიგროვებენ ნაცნობებიც.
გაბო, 9 წლის
აქ ჯართის ჩასაბარებელი ერთი პუნქტია, ბავშვებს არ აბარებინებენ, ქვევით მეორე პუნქტია, იქ დიდებიც აბარებენ და ბავშვებიც. ხან 30 ლარს ავიღებ, ხან ხუთს. გააჩნია.
ახლა შეგროვილი მაქვს და ჯერ არ ვაბარებ, ძალიან იაფია. ვუცდი ცოტათი როდის გაძვირდება.
პუშკინზე, უნივერსამთან იყო ერთხელ რკინა. მიყვირეს არ წაიღოო. არ წამოვიღე. ამას არც მიიღებენ ჯართშიო, მითხრეს და ხე წამოვიღეთ მე და ჩემმა დამ სანაცვლოდ. აგერ აწყვია, შეშებში“, – ამბობს გაბო.
ხანდახან ნაგვის ყუთებში გაბო ჯართს ვერ პოულობს, მაგრამ პოულობს გადაყრილ სათამაშოებს.
ასე იპოვა ყავისფერი დათვი, წითელ-ყვითელი ხავერდის მელია, სტაფილოსცხვირიანი თოვლის ბაბუა და თეთრი გოჭი. სახლში მიიტანა. თაროებზე გაამწკრივა. კედლებზე დაკიდა.
გაბოს და მისი დების, ბარბარესა და ანასტასიას სათამაშოები ძირითადად ესაა. ჰყავთ კატებიც. ბევრი კატა.
„გიყვარს კატები?“ – ვეკითხები.
„კი, მიყვარს, მაგრამ თაგვების დასაჭერად უფრო მოვიყვანეთ ისე, არ გვძინავს ხანდახან. სახლი მიწაზე დგას და ოთახში დარბიან მთელი ღამე თაგვები“, – ამბობს გაბო.
ნაგვის დიდ ყუთებში ხანდახან არც სათამაშოებია, არც ჯართი და არც შეშა. ამ დროს გაბო შინ ცარიელი ბრუნდება:
„ჩემი დაც მიმყავს ხანდახან ჯართის და შეშის შესაგროვებლად, მეგობრები და კლასელები ხანდახან ხურდებს მაძლევენ, სათამაშოების გაკეთება ჩემითაც შემიძლია. გადაყრილი სათამაშო მანქანების ნაწილებს ვპოულობ ხოლმე და ვაერთებ. ეს მანქანაც ასე ავაწყვე.
გაბო და ანასტასია
ხანდახან არაფერი მხვდება ნაგვის ყუთებში და მაღაზიებთან დაწყობილი ხის ყუთები მომაქვს, მაგრამ ჯერ ვეკითხები მაღაზიაში და ისე. მე ქურდი არ ვარ“, – ამბობს გაბო.
ჯართის შეგროვებით გამომუშავებულ ფულს გაბო ხანდახან ბებიას წამლებში ხარჯავს. ბებია როცა ავად გახდა და გონება დაკარგა, გაბო მეზობელთან გაიქცა, ტელეფონი სთხოვა და 112-ში დარეკა.
შინ დედა, ბებია და ორი და ჰყავს. ბებიამ ინსულტი რამდენჯერმე მიიღო და წევს. ნაავარიევი დედა ყავარჯნით დადის და ვერ მუშაობს. ოჯახი სოციალურ დახმარებას, 540 ლარს იღებს, ამ ფულით გაბოს დედამ, ნათიამ სახლის ქირა – 250 ლარი უნდა გადაიხადოს და დედისთვის წამლები უნდა იყიდოს. ბავშვების საკვებისა და სამოსისთვის ნათიას ფული არ რჩება.
„მეზობლები რომ არ გვეხმარებოდნენ არ ვიცი რა იქნებოდა, ალბათ შიმშილით დავიხოცებოდით. სამოსსაც სხვები გვიგროვებენ და მოაქვთ“, – ამბობს სამი შვილის დედა.
ხის ძველ, ნახევრად დანგრეულ სახლში, ოჯახს ორი პატარა, ნესტიანი ოთახი აქვს ნაქირავები. ოთახები მიწისპირზეა.
ბათუმისთვის დამახასიათებელი დიდი წვიმებისას გაბო დედას ეხმარება და წყალი გააქვს სახლიდან, საძინებლამდე რომ არ დაიტბოროს იატაკი. ხის ფიცრების ალაგ-ალაგ ჩავარდნილი იატაკი ძველი ხალიჩებითაა დაფარული, ბავშვებს შიგ ფეხი რომ არ მოჰყვეთ.
ძველი, ფერგადასული ავეჯი ბინის დიასახლისისაა. გაბოს დედას, ნათიას თავისი აქ არაფერი აქვს.
ოჯახი ზამთრობით შეშის ღუმლით თბება, საკვებს კი გაზის პატარა ბალონზე ამზადებენ.
ნათია ამბობს, რომ ასე ცხოვრება ურჩევნია კახეთში ყოფნას, სადაც მისი ყოფილი ქმარი ცხოვრობს ოჯახთან ერთად. გაბოს დედა სამი წელია ამ პირობებში ცხოვრობს, მას შემდეგ, რაც ქმარს დაშორდა და ბათუმში წამოვიდა.
გაბო საკუთარ ოთახზე ოცნებობს. ველოსიპედზე, ორსართულიან, კიბიან საწოლზე და სახლზე, რომელსაც ეზო ექნება სათამაშოდ.
„ორსართულიანი საწოლი მარტო ჩემთვის არ მინდა, ჩემმა დებმაც ხომ უნდა დაიძინონ? სახლი მინდა მქონდეს, ეზოთი“, – ამბობს გაბო.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 24 მაისის განახლებას მთლიანად დონბასის ბრძოლებს უძღვნის. უწყების ინფორმაციით, რუსეთმა გააძლიერა შეტევა და ცდილობს ალყაში მოაქციოს სევეროდენცკი, ლისიჩანსკი და რუბეჟნოე.
„ამ დროისთვის, რუსეთის სამხედრო ოპერაციის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებებს ერთმანეთისგან უკრაინის კონტროლირებადი 25-კმ ტერიტორია აშორებს. თუკი რუსეთის შეიარაღებული ძალები სევეროდონეცკის ამ ზონას დაიკავებენ, ლუგანსკის მთელი ოლქი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ აღმოჩნდება“, – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და მიუთითებს, რომ ეს დონბასის დაპყრობის გეგმის ნაწილია.
დაზვერვის ცნობით, უკრაინა სავარაუდოდ, ინარჩუნებს ეფექტიან მეთაურობას და კონტროლს ამ ფრონტზე. უკრაინის ჯარებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთის არმიას და კარგად გამაგრებულ პოზიციებს იკავებენ.
„მიუხედავად ამისა, რუსეთმა, რამდენიმე ლოკალურ წარმატებას მიაღწია, ძირითადად საარტილერიო ნაწილების დახმარებით“, – აღნიშნავს უწყება.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა გამოთქვამს ვარაუდს, რომ თუ დონბასის ფრონტის ხაზი დასავლეთისკენ გადაიწევს, ეს რუსეთის არმიისთვის საკომუნიკაციო მანძილს გაზრდის და მას მატერიალურ-ტექნიკური მარაგების შევსების სირთულეებს შეუქმნის.
უწყების 23 მაისის განახლება ტვიტერზე მთლიანად რუსეთისთვის მიყენებულ ზიანს, მის მიზეზებსა და შესაძლო შედეგებს ეხებოდა.
„თავისი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირველივე სამ თვეში, რუსეთმა დაახლოებით იმდენივე სამხედრო დაკარგა, რამდენიც ავღანეთში, საბჭოთა კავშირის 9-წლიანი ომის განმავლობაში“, – ასე შეაფასა დიდი ბრიტანეთის თავდაცვამ რუსეთის სამხედრო დანაკარგები უკრაინასთან ომში.
მთავარი ფოტო: უკრაინაში საომარი მოქმედებების რუკა/აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი
შს სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დანაყოფებს ახალი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ძრავის 32 ავტომობილი გადაეცათ. მათგან 25 ავტომობილი საპატრულო პოლიციისთვისაა განკუთვნილი.
ავტოპარკის განახლების შედეგად, ბათუმსა და ქობულეთში საპატრულო პოლიციის მხოლოდ ჰიბრიდული ავტომობილები იმოძრავებენ.
ახალი, ჰიბრიდულძრავიანი 7 მანქანა ასევე გადაეცა კრიმინალური პოლიციის დანაყოფებს.
ახალი ავტომობილების გადაცემის ღონისძიებას ბათუმში შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ესწრებოდა. მისი თქმით, ახალი საპოლიციო ტრანსპორტი ეკონომიურია, შემცირდება საწვავისა და სერვისის ხარჯი, და, ამავდროულად, ახალ ავტომობილებს მინიმალური გამონაბოლქვი აქვს და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია.
შს სამინსიტროს ცნობით, ბათუმი და ქობულეთი იქნება პირველი დასახლებები საქართველოში, სადაც ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტი სრულად ჩაანაცვლებს საპატრულო პოლიციის მხოლოდ საწვავზე მომუშავე მანქანებს.