მთავარი,სიახლეები

რუსეთმა 3 თვეში იმდენი სამხედრო დაკარგა, რამდენიც 9 წელში ავღანეთში – ბრიტანეთის დაზვერვა

23.05.2022
რუსეთმა 3 თვეში იმდენი სამხედრო დაკარგა, რამდენიც 9 წელში ავღანეთში – ბრიტანეთის დაზვერვა

„თავისი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირველივე სამ თვეში, რუსეთმა დაახლოებით იმდენივე სამხედრო დაკარგა, რამდენიც ავღანეთში, საბჭოთა კავშირის 9-წლიანი ომის განმავლობაში“, – ასე აფასებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვა რუსეთის სამხედრო დანაკარგებს უკრაინასთან ომში.

უწყების 23 მაისის განახლება ტვიტერზე მთლიანად რუსეთისთვის მიყენებულ ზიანს, მის მიზეზებსა და შესაძლო შედეგებს ეხება.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მოსკოვის წარუმატებლობისა და დიდი მსხვერპლის მიზეზად რუსეთის შეიარაღებული ძალების ცუდ ტაქტიკას, შეზღუდულ საჰაერო თავდაცვას, მოუქნელობას, შეცდომების გამეორებას და სარდლობის არასწორ მიდგომებს ასახელებს.

„ამან რუსეთი მიიყვანა ძალიან დიდ დანაკარგებამდე და ეს დანაკარგები იზრდება დონბასზე შეტევების ფონზე“, – წერს გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა.

უწყება მიუთითებს, რომ წარსულში რუსეთის საზოგადოებამ აჩვენა, თუ რამდენად მგრძნობიარეა ომის მსხვერპლთა მიმართ.

„რაც უფრო გაიზრდება მსხვერპლი უკრაინაში, ეს დანაკლისი მით უფრო შესამჩნევი გახდება. ამან შესაძლოა გაზარდოს საზოგადოებაში ომით უკმაყოფილება და ამ უკმაყოფილების გამოხატვის სურვილი“.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინაში უკვე დაიღუპა 29 200 სამხედრო. NATO-ს მიერ ჯერ კიდევ მარტის ბოლოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოკლული, დაკარგული, ტყვედ ჩავარდნილი ან დაჭრილია რუსეთის 40 000  სამხედრო მოსამსახურე.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განახლებას ტვიტერზე ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ პოსტში უწყება მიუთითებდა, რომ რუსეთმა სატანკო მხარდაჭერის საბრძოლო მანქანები, იგივე BMP-T „ტერმინატორები“, დონბასში, სევეროდონეცკის მიმართულებაზე განალაგა. დაზვერვის ანალიზის მიხედვით, მათი იქ ყოფნა მიანიშნებს, რომ ამ თავდასხმაში ჩართულია „სამხედრო ძალების ცენტრალური დაჯგუფება“ (CGF) – ერთადერთი დაჯგუფება, რომელიც „ტერმინატორს“ ველზე მართავს.

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: