მთავარი,სიახლეები

ჯართს ვაგროვებ ჩემი ოჯახისთვის – 9 წლის გაბო

24.05.2022 • 2522
ჯართს ვაგროვებ ჩემი ოჯახისთვის – 9 წლის გაბო

გაბო 9 წლის ბიჭია. მესამეკლასელი. გაკვეთილები რომ უმთავრდება სახლში ბრუნდება. ჭამს, რაც სახლში დახვდება და ჯართის შესაგროვებლად მიდის. ეს დღეები ბათუმში წვიმს და გაბოც სახლშია, წვიმიანი დღეები რომ ჩაივლის, გაბო გარეთ გავა და ნაგვის ურნებში ჯართის ძებნას დაიწყებს.

ჯართი გაიაფდა. აღარც სპილენძს იბარებენ გამოუწვავად. თუ სპილენძს გადააწყდება სადმე, გაბო ჯერ გამოწვავს და ისე აბარებს. ასე გააფრთხილეს. სხვანაირად არაო:

„გვიყვირეს, გამოსაწვავია და მერე მოიტანეთო. გამოვწვი და ისე წავიღე. ჯართის ფასმა დაიკლო. ახლა 50 თეთრი გახდა. უფრო ხშირად ნაგავში ან ნაგვის დიდ ყუთებთან ყრია ჯართი.

ყველამ იცის ჩემი ოჯახისთვის ჯართს რომ ვაგროვებ. ხანდახან თავისით მოაქვთ ჩემთვის, მიგროვებენ ნაცნობებიც.

გაბო, 9 წლის

აქ ჯართის ჩასაბარებელი ერთი პუნქტია, ბავშვებს არ აბარებინებენ, ქვევით მეორე პუნქტია, იქ დიდებიც აბარებენ და ბავშვებიც. ხან 30 ლარს ავიღებ, ხან ხუთს. გააჩნია.

ახლა შეგროვილი მაქვს და ჯერ არ ვაბარებ, ძალიან იაფია. ვუცდი ცოტათი როდის გაძვირდება.

პუშკინზე, უნივერსამთან იყო ერთხელ რკინა. მიყვირეს არ წაიღოო. არ წამოვიღე. ამას არც მიიღებენ ჯართშიო, მითხრეს და ხე წამოვიღეთ მე და ჩემმა დამ სანაცვლოდ. აგერ აწყვია, შეშებში“, – ამბობს გაბო.

ხანდახან ნაგვის ყუთებში გაბო ჯართს ვერ პოულობს, მაგრამ პოულობს გადაყრილ სათამაშოებს.
ასე იპოვა ყავისფერი დათვი, წითელ-ყვითელი ხავერდის მელია, სტაფილოსცხვირიანი თოვლის ბაბუა და თეთრი გოჭი. სახლში მიიტანა. თაროებზე გაამწკრივა. კედლებზე დაკიდა.

გაბოს და მისი დების, ბარბარესა და ანასტასიას  სათამაშოები ძირითადად ესაა. ჰყავთ კატებიც. ბევრი კატა.

„გიყვარს კატები?“ – ვეკითხები.

„კი, მიყვარს, მაგრამ თაგვების დასაჭერად უფრო მოვიყვანეთ ისე, არ გვძინავს ხანდახან. სახლი მიწაზე დგას და ოთახში დარბიან მთელი ღამე თაგვები“, – ამბობს გაბო.

ნაგვის დიდ ყუთებში ხანდახან არც სათამაშოებია, არც ჯართი და არც შეშა. ამ დროს გაბო შინ ცარიელი ბრუნდება:

„ჩემი დაც მიმყავს ხანდახან ჯართის და შეშის შესაგროვებლად, მეგობრები და კლასელები ხანდახან ხურდებს მაძლევენ, სათამაშოების გაკეთება ჩემითაც შემიძლია. გადაყრილი სათამაშო მანქანების ნაწილებს ვპოულობ ხოლმე და ვაერთებ. ეს მანქანაც ასე ავაწყვე.

გაბო და ანასტასია

ხანდახან არაფერი მხვდება ნაგვის ყუთებში და მაღაზიებთან დაწყობილი ხის ყუთები მომაქვს, მაგრამ ჯერ ვეკითხები მაღაზიაში და ისე. მე ქურდი არ ვარ“, – ამბობს გაბო.

ჯართის შეგროვებით გამომუშავებულ ფულს გაბო ხანდახან ბებიას წამლებში ხარჯავს. ბებია როცა ავად გახდა და გონება დაკარგა, გაბო მეზობელთან გაიქცა, ტელეფონი სთხოვა და 112-ში დარეკა.

შინ დედა, ბებია და ორი და ჰყავს. ბებიამ ინსულტი რამდენჯერმე მიიღო და წევს. ნაავარიევი დედა ყავარჯნით დადის და ვერ მუშაობს. ოჯახი სოციალურ დახმარებას, 540 ლარს იღებს, ამ ფულით გაბოს დედამ, ნათიამ სახლის ქირა – 250 ლარი უნდა გადაიხადოს და დედისთვის წამლები უნდა იყიდოს. ბავშვების საკვებისა და სამოსისთვის ნათიას ფული არ რჩება.

„მეზობლები რომ არ გვეხმარებოდნენ არ ვიცი რა იქნებოდა, ალბათ შიმშილით დავიხოცებოდით. სამოსსაც სხვები გვიგროვებენ და მოაქვთ“, – ამბობს სამი შვილის დედა.

ხის ძველ, ნახევრად დანგრეულ სახლში, ოჯახს ორი პატარა, ნესტიანი ოთახი აქვს ნაქირავები. ოთახები მიწისპირზეა.

ბათუმისთვის დამახასიათებელი დიდი წვიმებისას გაბო დედას ეხმარება და წყალი გააქვს სახლიდან, საძინებლამდე რომ არ დაიტბოროს იატაკი. ხის ფიცრების ალაგ-ალაგ ჩავარდნილი იატაკი ძველი ხალიჩებითაა დაფარული, ბავშვებს შიგ ფეხი რომ არ მოჰყვეთ.

ძველი, ფერგადასული ავეჯი ბინის დიასახლისისაა. გაბოს დედას, ნათიას თავისი აქ არაფერი აქვს.

ოჯახი ზამთრობით შეშის ღუმლით თბება, საკვებს კი გაზის პატარა ბალონზე ამზადებენ.

ნათია ამბობს, რომ ასე ცხოვრება ურჩევნია კახეთში ყოფნას, სადაც მისი ყოფილი ქმარი ცხოვრობს ოჯახთან ერთად. გაბოს დედა სამი წელია ამ პირობებში ცხოვრობს, მას შემდეგ, რაც ქმარს დაშორდა და ბათუმში წამოვიდა.

გაბო საკუთარ ოთახზე ოცნებობს. ველოსიპედზე, ორსართულიან, კიბიან საწოლზე და სახლზე, რომელსაც ეზო ექნება სათამაშოდ.

„ორსართულიანი საწოლი მარტო ჩემთვის არ მინდა, ჩემმა დებმაც ხომ უნდა დაიძინონ? სახლი მინდა მქონდეს, ეზოთი“, – ამბობს გაბო.

გაბო და ანასტასია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: