რუსებმა თავდასხმის შიშით ყირიმის ხიდის დაცვა გააძლიერეს – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, რუსეთი ისეა შეშინებული ყირიმის ხიდზე შესაძლო სარაკეტო დარტყმით, რომ ყველა შესაძლო საშუალებით ცდილობს ხიდის უსაფრთხოების დაცვას.

„ძალიან დაძაბულები არიან ყირიმის ხიდის გამო. საფუძვლიანად იცავენ. თითქმის ყოველდღიურად გადიან წვრთნებს. სრულიად წარმოუდგენელი რაოდენობის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები განალაგეს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულად უყურებენ იმ შეიარაღებას, რომელიც უკვე აქვს უკრაინას. სერიოზულად გვიყურებენ, რაც მანამდე ასე არ იყო. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ჩვენ არ გვყავდა ჯარი, არ გვქონდა ნებისყოფა, არ ვეცდებოდით ჩვენი ქვეყნის დაცვას“, – ამბობს ოლექსი დანილოვი.

7 ივლისს, ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობისა და NATO-ს ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა The Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას ყირიმის ხიდზე დარტყმისთვის „ჰარპუნის“ რაკეტების გამოყენება და ამით კრემლისთვის გამანადგურებელი დარტყმის მიყენება შეუძლია.

„ქერჩის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა“, – თქვა გენერალმა და დასძინა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო, უკრაინის ამგვარი ნაბიჯი სრულიად გამართლებულია. – „რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, აწყობს თავდასხმებს არამხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ რუსეთიდან, ბელარუსიდან, ყირიმიდან და შავი ზღვიდან და უკვე მოკლა ათობით ათასი ადამიანი. ასე, რომ ნამდვილად არ უნდა შეგვაწუხოს იმან, თუკი უკრაინა თამამ ამოცანას დაისახავს და სამიზნეს რუსეთის ტერიტორიაზეც განსაზღვრავს“.

ყირიმის, იგივე ქერჩის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს, 2016-2018 წლებში აშენდა და ის 3,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მისი სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.

დასრულდა ტენდერი, რომელიც ბათუმში 3 ავარიული სახლის აღდგენას ითვალისწინებს

დასრულდა ტენდერი, რომლის პირობების მიხედვით, ბათუმში სამი ავარიული სახლი უნდა აღდგეს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ცნობილი არაა, რომელ მისამართზე იმუშავებს კომპანია, რომელმაც ტენდერი მოიგო. ბათუმში სულ 118 ავარიული სახლია.

შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ბათუმის მერიის და ინფრასტრუქტურის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიამ „ურბან სინერგი“ ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 999 973 ლარი იყო, კომპანია კი, სამი სახლის აღდგენას 2 მილიონ 249 980 ლარით აპირებს.

ხელშეკრულება კონკრეტული სამუშაოების შესრულებაზე ჯერ გაფორმებული არ არის. ხელშეკრულების გაფორმებამდე კომპანიამ მერიას შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს.

რომელ მისამართზე დაიწყება ავარიული სახლების აღდგენა? – ინფორმაციის დასაზუსტებლად კომპანია „ურბან სინერგისთან“ ვცადეთ დაკავშირება, თუმცა კომპანიის ოფიციალურ დოკუმენტაციაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე გვიპასუხეს, რომ „ტელეფონის ნომერი კომპანიას არ ეკუთვნის“.

სად დაიხარჯება ორმილიონ-ნახევარი – ბათუმის მერიაში ინფორმაცია ვერ მოგვაწოდეს. ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ინფორმაციას კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ვერ მოგვაწვდიან.

11 ივლისს ბათუმის საკრებულოში ენმ-მ განაცხადა, რომ ბუნდოვანი ტენდერი კორუფციული გარიგების პირობაა.

განახლება: ბათუმის მერიის პრესცენტრში დღეს, 14 ივლისს განმარტეს, რომ „აღნიშნული ტენდერის ფარგლებში გასამაგრებელი სახლების რაოდენობა დამოკიდებულია სამუშაოთა მოცულობებზე, შესაძლებელია, რომ ტენდერზე წარმოდგენილი მოცულობების ფარგლებში მოხდეს 3-ზე მეტი სახლის გამაგრება. სამუშაოები ჩატარდება იმ სახლებზე, რომელი მისამართებიც გათვალისწინებულია ავარიული სახლების მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ…

ფაქტიურად შესრულებული სამუშაობის მიხედვით მოხდება შემდგომი ანგარიშსწორება სატენდერო მოდულზე ატვირთული ზღვრული მოცულობის და ზღვრული ფასების ცხრილის მიხედვით.“

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები – 14 ივლისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 37 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +300]
  • ტანკი – 1 667 ერთეული [+18]
  • ჯავშანტექნიკა – 3 852 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 840 ერთეული [+1]
  • MLRS – 247 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 109 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 219 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 188 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 681 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 155 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 720 ერთეული [+16]
  • სპეცტექნიკა – 67 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 249 თვითმფრინავი
  • 137 ვერტმფრენი
  • 1 534 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 354 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 050 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 744 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 145 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 292 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ბოლო 72 საათში რუსეთს ტერიტორიული წარმატება არ მოუპოვებია – ბრიტანეთის დაზვერვა

 

ბოლო 72 საათში რუსეთს ტერიტორიული წარმატება არ მოუპოვებია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ძალები განაგრძობენ საარტილერიო დარტყმებს ფრონტის ხაზზე, ზოგიერთ მონაკვეთზე კი, მცირე, ოცეულის ზომის ქვედანაყოფებსა და ნაწილებზე შეტევას ცდილობენ.

„ამის მიუხედავად, ბოლო 72 საათში რუსეთის არმიას რაიმე ტერიტორიული წინსვლისთვის არ მიუღწევია და საფრთხეშია დაკარგოს უპირატესობა, რომელიც ლისიჩანსკის დაკავების შემდეგ მოიპოვა,“ – წერს უწყება 14 ივლისის რელიზში.

დაზვერვის შეფასებით, რუსეთის არმიას უპირატესობის სწრაფად მოპოვების საშუალებას არ აძლევს მოძველებული სატრანსპორტო საშუალებები, შეიარაღება და საბჭოთა ეპოქის სამხედრო ტაქტიკა, რომელსაც ის უკრაინასთან ომში იყენებს. წარმატებისთვის რუსეთმა ეს ყველაფერი ერთდროულად და ჭარბი რაოდენობითა და ძალით უნდა გამოიყენოს, თუმცა უწყება ვარაუდობს, რომ დღეს რუსეთს ამის შესაძლებლობაც აღარ აქვს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ომის დიპლომატიის გზით დასრულების შესაძლებლობასაც ეხება და აღნიშნავს, რომ ეს შესაძლებლობა მინიმალურია.

„მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 13 ივლისს შედგა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს მოლაპარაკებები ხორბლის ექსპორტზე, მანამდე, ასევე, მოლაპარაკების გზით, წარმატებით მოხერხდა ტყვეთა გაცვლა, კონფლიქტის დასრულებაზე უფრო ფართო დიალოგის პერსპექტივა კვლავაც ძალიან მცირეა“.

გუშინდელ სადაზვერვო ცნობარში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა ვარაუდობდა, რომ მომდევნო კვირაში რუსეთის ძალები ფოკუსირებული იქნებიან დონბასის რამდენიმე პატარა ქალაქის აღებაზე – მათ შორისაა სივერსკი და დოლინა, სლოვიანსკისა და კრამატორსკის მისადგომებთან.

მთავარი ფოტო: უკრაინის საბრძოლო მოქმედებების რუკა 13 ივლისის მდგომარეობით/დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

1:2 – დინამო ბათუმი VS სლოვანი

13 ივლისს ბათუმის ახალ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო წრის საპასუხო მატჩი გაიმართა. თამაში ძირითად დროში ფრედ, 0:0 დამთავრდა. ანგარიში პირველ დამატებით ტაიმში, 103-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის გოლით გაიხსნა. მოგვიანებით დინამო ბათუმის კარში ორი გოლი გავიდა.

ერთი გოლის ავტორი ტიგრან ბარსეგიანი იყო, მეორე, გადამწყვეტი გოლი კი ვლადიმირ ვაისმა გაიტანა.

დღევანდელი მატჩის შედეგების მიხედვით, დინამო ბათუმი კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს. მისი მეტოქე ყარაბაღისა და ლეხის გუნდების შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

რა მოხდება, ოპოზიცია მოტივირებული რომ იყოს კანდიდატის სტატუსი სწრაფად მიღებაზე? – ინტერვიუ

„პრაქტიკულად საქართველოში ლოკომოტივი არავინ არის… ოპოზიციას არ უნდა დაეტოვებინა შანსი, რომ ვინმეს ეფიქრა, შენც არ ხარ დაინტერესებული კანდიდატის სტატუსის დროული მიღებით,“ – მიიჩნევს „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, კახა გოგოლაშვილი. ის დღეს, 13 ივლისს, ევროპარლამენტარების განცხადებებს უსმენდა საქართველოს შესახებ, მათ შორის, რეკომენდაციების შესრულების ვადის გახანგრძლივებაზე.

კახა გოგოლაშვილის აზრით, ვიდრე დასავლეთში ექნებათ განცდა, რომ საქართველოში რეალურად პოლიტიკურ ძალებს ევროინტეგრაცია არ სურთ, კანდიდატის სტატუსის მოლოდინი და ევროინტეგრაცია შესაძლოა წლობით გაგრძელდეს.

რა შეუძლია ამ დროს ხალხს? – „ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის უფროს მკვლევართან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო კახა, თქვენი აზრით, რატომ გაუხანგრძლივა ევროკავშირმა რეკომენდაციების შესრულების ვადა საქართველოს? თქვენთვის რის მაჩვენებელია ევროპარლამენტარების დღეს გაკეთებული განცხადებები? 

ევროკომისიას რომ დაენახა, საქართველო სწრაფი ტემპით შეუდგა იმ შენიშვნების გამოსწორებას, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციებში იყო ასახული, ამას არ გააკეთებდა. მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად საქართველოში რჩება პოლარიზება და ამ ეტაპზე არანაირი რესურსი არ შეიმჩნევა. დღეს ამას გაუსვა ხაზი ევროკომისიის გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა.

როგორც ჩანს, ევროკავშირი ყველაზე დიდ პრობლემას ხედავს საქართველოს შემთხვევაში ამ დეპოლარიზებაში, რადგან დეპოლარიზების გარეშე შეუძლებელია სხვა საკითხების გადაწყვეტა რეალურად. შეუძლებელია თანხმობის მიღწევა რეალურად რეფორმების პროცესის გატარება და ეფექტური შედეგის მიღწევა. აბსოლუტურად ყველა საკითხს სჭირდება შეთანხმება და კომპრომისების მოძიება ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის, სხვაგვარად ვერცერთი საკითხი ვერ გადაწყდება.

  • თუმცა ევროპელი ლიდერები ხშირად ხაზგასმით საუბრობენ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. თუ მმართველი პოლიტიკური ძალა დღეს არ დგამს ნაბიჯს პოლარიზების შესამცირებლად, ხვალ რატომ მოინდომებს ამას? 

არ მოინდომებს, მაგრამ 2023 წელს ევროკომისიამ მაინც უნდა მოამზადოს ანგარიში გაფართოებასთან დაკავშირებით და შეიმუშაოს გეგმა. ამიტომაც იფიქრეს, რომ ახლა ცალკე აღარ უნდა იწვალონ საქართველოს გამო, როცა საქართველოში ჩანან პოლიტიკური ძალები დაინტერესებული ტემპის შენარჩუნებით. საქართველოს შესახებ ანგარიში უნდა აისახოს ევროკომისიის მიერ გაფართოების სტრატეგიაში, რომელსაც ევროკომისია აკეთებს 2023 წელს არამხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით, არამედ ეს შეეხება ყველა ქვეყანას, რომელიც ჩართულია გაფართოების პროცესში.

წლის ბოლოს რომც ყოფილიყო მინიშნება, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ევროსაბჭო მაინც დაელოდება გაფართოების შესახებ ანგარიშს, რომელსაც აკეთებს ევროკომისია. ერთგვარად რაციონალიზაცია მოახდინეს ამ საკითხის, რომ ცალკე რესურსი არ დახარჯონ საქართველოზე.

ჩემი აზრით, ისინი [დასავლეთი] არა მგონია, მარტო ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ. ოპოზიციამაც დაუშვა შეცდომები დეპოლარიზების მიმართულებით, მაგალითად, როცა შეთავაზებულ მოლაპარაკებებში არ მიიღეს მონაწილეობა და არ დასხდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ევროკომისიაში ეჭვი ეპარებათ ხელისუფლების ინტერესში, რომ მათ რეალურად სწრაფად უნდათ კანდიდატის სტატუსის მიღება, რადგან ხელისუფლებას შესაძლოა არ აწყობდეს რეკომენდაციების შესრულება. მაგრამ, მეორე მხრივ, შესაძლოა, ოპოზიციის ნაწილსაც არ სურდეს კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის ახლა მინიჭება. იქნებ, კანდიდატის სტატუსით ამ ხელისუფლებას შემდეგ არჩევნებზე უფრო მყარი პოზიციები გაუჩნდეს. ეს ეჭვები ჩნდება, როცა დეპოლარიზებაზე ვსაუბრობთ.

ევროკომისიაში ხედავენ, რომ პრაქტიკულად საქართველოში ლოკომოტივი არავინ არ არის, ამ როლს დღეს არავინ ასრულებს. ევროკომისიაში ფიქრობენ, ჩვენ რატომ მოვიკლათ თავი, დაველოდოთ 2023 წელს. თუ არ იქნება მინიმუმ დეპოლარიზება მიღწეული, ევროკომისია მაინცადამაინც არ იდარდებს, გინდა თუ არა მიანიჭოს საქართველოს ეს სტატუსი. შესაძლოა, ეს პროცესი წლები გაგრძელდეს და გაიწელოს.

  • ანუ ევროკავშირი ტოვებს შანსს, რომ საქართველო რეალურად ევროინტეგრაციის მიღმა დარჩეს? 

ევროინტეგრაციის მიღმა საქართველო ვეღარ დარჩება, რადგან უკვე მოგვანიჭეს ევროპული პერსპექტივა, თუმცა შესაძლოა, წინსვლა არ გვქონდეს ამ პროცესში.

  • თქვენი დაკვირვებით, დღეს რამდენიმე ევროპარლამენტარმა რატომ გააკეთა აქცენტი ოლიგარქიაზე და იმაზე, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას? 

არც ერთი დემოკრატია არ არსებობს, სადაც არაფორმალური მმართველობა განაგებს ქვეყანას. დემოკრატიას აქვს თავისი კანონები და ევროკავშირს აქვს ეს მოთხოვნა ქვეყანასთან, რომელიც მიიწევს ევროინტეგრაციის გზაზე წინ. ეს მოთხოვნა არის, პირველ რიგში, პოლიტიკური ინსტიტუტების სტაბილურობა და დემოკრატიის განვითარების დონე.

დეპოლარიზებაც ამიტომაც არის უპირველესი ამოცანა, რომ ქვეყანაში არსებობდეს კომპრომისი და კონსენსუსი, წავიდეს რეფორმების პროცესი. დეოლიგარქიზაცია არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ, ვინ რაზეა პასუხისმგებელი. თუ პრემიერი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ევროკომისია როგორ ესაუბროს მას, ან რომელიმე მინისტრს საქართველოში? თუ ეს მინისტრები მანდატებს იღებენ ხალხისგან და შემდეგ რეალურად სხვა პირის დავალებას ასრულებენ?

  • ეს ნიშნავს თუ არა წინაპირობას ივანიშვილის სანქცირებისთვის, თუ მხოლოდ გზავნილია საქართველოში ამომრჩევლებისთვის? 

არ ვიცი, რეალურად რა იქნება სანქციებთან დაკავშირებით. ვიცი ის, რომ ამას კონკრეტული მტკიცებულებები სჭირდება და სანქციებს იყენებენ რეალურად მტრულად განწყობილ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო ატარებს ცუდ პოლიტიკას, როგორც, მაგალითად, რუსეთი. შესაბამისად, უნდა არსებობდეს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ, მაგალითად, რუსეთს ეხმარებიან, ან ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაშია ერთი კონკრეტული პირი ჩართული.

თუმცა, თუ საქართველოს სურს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წინ წავიდეს, მაშინ აუცილებლად უნდა მიიღოს კანონი, რომელიც შეზღუდავს ხელისუფლების საქმიანობაში გარედან ჩარევას. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ივანიშვილზეა საუბარი. ამას რომ მივაღწიოთ, პირველ რიგში, საჭიროა ხელისუფლება და ოპოზიცია სერიოზულად და მშვიდად დაელაპარაკოს ერთმანეთს. შესაძლოა, ევროკომისიაც ჩართონ ამ პროცესში, მაგრამ თუ ისინი ერთმანეთს ვერ ესაუბრებიან, ცხადია, ევროკომისიასაც ვერ ჩართავენ.

  • სამოქალაქო სექტორიც საუბრობს კონკრეტულ კანონპროექტებზე, მაგალითად, საარჩევნო რეფორმაზე, ან გენპროკურორის დანიშვნის წესზე, რის მიღებაც ხელისუფლებას დღესვე შეეძლო. 

ევროპარლამენტში უმრავლესობით მიიღება გადაწყვეტილებები და ამჯერად უფრო მკვეთრი ფორმები მიიღო დეოლიგარქიზაციაზე საუბარმა. საბოლოო ჯამში, მიიჩნიეს, რომ საქართველოში უნდა შეიზღუდოს ოლიგარქის შესაძლებლობები, ჩაერიოს პოლიტიკაში.

  • ხედავთ ამის რესურსს, რომ შესაძლოა „ოცნებამ“ დაუშვას ასეთი კანონის მიღება, რაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გავლენებს შეასუსტებს? 

შესაძლებელია, რომ შეუკვეცონ შესაძლებლობები, რომ ჩაერიოს გადაწყვეტილებებში, ამისთვის საჭიროა იურისტების მუშაობა. ეს შესაძლებელია პრინციპულად, მაგრამ ჩანს მოტივაციის პრობლემა. მე რომ დარწმუნებული  ვიყო,  ოპოზიცია რეალურად მოტივირებულია საქართველომ სწრაფად მიიღოს კანდიდატის სტატუსი, დარწმუნებული ვარ, მეტი იქნებოდა ზეწოლა ხელისუფლებაზე… სხვაგვარად გაუგებარია, როცა ხელისუფლება გთავაზობს, შევხვდეთ და ვისაუბროთო, რატომ არ იღებ ამ შეთავაზებას.

  • რატომ არ არის დამაჯერებელი ოპოზიციის არგუმენტი, როცა იგივე საარჩევნო რეფორმაზე კანონპროექტი თაროზეა შემოდებული, ხოლო ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა მას შემდეგ გვექნება, თუკი კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ. 

მესმის, მაგრამ როცა დეპოლარიზაციის მოთხოვნაზეა საუბარი, ნებისმიერი წინადადება უნდა მიიღო, თუ ეს არ ეწინააღმდეგება რაღაც პრინციპულს. გარდა ამისა, მიდი ამ შეხვედრაზე და თანაც ეს მოითხოვე, ეს რატომ არ შეიძლება? ოპოზიციას არ უნდა დაეტოვებინა შანსი, რომ ვინმეს ეფიქრა, შენც არ ხარ დაინტერესებული კანდიდატის სტატუსის დროული მიღებით და შენც უშლი ხელს რეალურად დეპოლარიზაციას.

ვფიქრობ, ოპოზიციამ უნდა შეცვალოს ტაქტიკა და გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა. თუ ის მიზანს ვერ მიაღწევს, შემდეგ ჩარიოს ხალხი და მასობრივად მოახდინოს ზეწოლა. ოპოზიციამ ჯერ მთლიანად უნდა ამოწუროს შესაძლებლობები.

  • რეკომენდაციების შესრულების გადავადება ამცირებს კანდიდატის მიღების რესურსს? 

ჩვენ შესაძლოა წლებია ასე ველოდოთ სტატუსს, თუ არ იქნება რეალური ინტერესი ევროინტეგრაციის. ხალხმა უნდა აიძულოს პოლიტიკური ძალები, პირველ რიგში კი, ხელისუფლება, რომ შეასრულოს ის, რასაც ევროკავშირი ითხოვს.

ვფიქრობ, ეს [ვადის გახანგრძლივება] უფრო ზრდის შანსს, რადგან ევროკომისიამ მეტი დრო მისცა პოლიტიკურ ძალებს საქართველოში, დეპოლარიზება მოახდინონ. დასავლეთში ხედავენ, რომ ოპოზიციაც ვერ უდგება სათანადო პასუხისმგებლობით ამ პროცესს. ძირითადად ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩანს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლებაც თავის სტრატეგიას აგებს მოწინააღმდეგის მარცხზე, მის დაკნინებაზე. გამოდის, რომ არც ერთს არ აწყობს შედეგი, რომელსაც მივიღებთ რეკომენდაციების  შესრულებით.

ჰაკერებმა მერკელის ნომრით ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ანგარიშის გატეხა სცადეს

კონსტიტუციის დაცვისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურები ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტსა და გერმანელ პოლიტიკოსებზე ჰაკერული თავდასხმის ფაქტებს იძიებენ.

ჰაკერებმა ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის WhatsApp-ის ანგარიშის გატეხა სცადეს. მას გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის მობილურის ნომრიდან გაუგზავნეს სმს შეტყობინება, რომელიც ლაგარდს კონტაქტის WhatsApp-ში გაგრძელებას სთავაზობდა.

ამის შესახებ გერმანულმა ონლაინგამოცემა Business Insider-მა სახელისუფლო წრეებთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა. მოგვიანებით ჰაკერული თავდასხმა ევროპის ცენტრალური ბანკის პრესსპიკერმაც დაადასტურა.

გამოცემის ცნობით, ჰაკერებს სურდათ, ლაგარდის ანგარიშზე წვდომა მოეპოვებინათ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს – კრისტინ ლაგარდმა, რომელსაც ანგელა მერკელთან პირადი მეგობრობა აკავშირებს, სმს-ის მიღებისთანავე მერკელს დაურეკა და დააზუსტა, მართლა მან გაუგზავნა თუ არა შეტყობინება.

Business Insider-ის ცნობით, ლაგარდი ჰაკერების ერთადერთი სამიზნე არ ყოფილა, „მათ ნადირობა გამოაცხადეს პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებზე და ამისთვის გერმანელი მაღალჩინოსნების მოპარულ პირად მონაცემებს იყენებდნენ“.

გამოძიებაში, რომელიც პოლიციამ დაიწყო, მონაწილეობენ კონსტიტუციის დაცვისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურები. ორივე უწყებამ ბუნდესტაგის დეპუტატებს უკვე დაუგზავნა გაფრთხილება ჰაკერების მეთოდების შესახებ.

მთავარი ფოტო: კრისტინ ლაგარდი და ანგელა მერკელი/ფოტო: კრისტინ ლაგარდის ტვიტერი

რამდენს იხდიან და რა გზას გადიან მექსიკის გავლით აშშ-ში მიმავალი ემიგრანტები

„გამარჯობა, გადავწყვიტე მექსიკით ამერიკაში წასვლა. მაინტერესებს რა თანხა დამჭირდება?“ „პოლონეთის ლოტოტრონს რამდენი ხანია ელოდებით?“ „გადამყვანის გარეშე კანკუნი თუ მექსიკო სიტი?“ „ფოლკსტონში, ციხეში თუ გადაუყვანიხართ ვინმე და რამდენი დღით ყოფილხართ?“ „სპონსორი თუ არ მყავს როგორ მოვიქცე?“ „მესამე დღეა ჩაბარდა და დარეკვის უფლება როდიდან აქვს?“ – ამ და მსგავსი სახის უამრავ კითხვას შეხვდებით ფეისბუქზე შექმნილ ჯგუფში „მექსიკიდან ამერიკაში“.

საქართველოს ასობით მოქალაქე, ნახევარ წელზე მეტია ყოველდღიურად კვეთს მექსიკა-ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარს და ლტოლვილად ბარდება.

გზა აშშ-ის საზღვრამდე რთულია, ძვირი და სიცოცხლისთვის სახიფათო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს წინასწარ აქვთ ინფორმაცია, რამდენად სარისკოა ამ გზით შტატებში მოხვედრა, ისინი მაინც მიდიან. მიდის ყველა ასაკის ადამიანი, მიდიან ოჯახებით და ხშირად თოთო ბავშვებით.

ანა (სახელი შეცვლილია) საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება მექსიკის ვიზის მიღებაში. მექსიკაში ლეგალურად მოსახვედრად საქართველოს მოქალაქეებს ორი გზა აქვთ – მექსიკის ვიზა ან პოლონეთის სამუშაო, D კატეგორიის ვიზა.

მექსიკის ვიზის მისაღებად საჭიროა ჯერ ელექტრონული განაცხადის შევსება, შემდეგ კი თურქეთში მდებარე მექსიკის გენერალურ საკონსულოში ჩასვლა და გასაუბრების გავლა. ანას თქმით, თუ ადრე მექსიკის ვიზის მიღება დიდ სირთულესთან არ იყო დაკავშირებული, ბოლო დროს გართულდა.

„ახალი წლის შემდეგ სისტემა დაალაგეს. ლეგალურად წასვლის შანსი შემცირდა, შემოსული განცხადებების მხოლოდ 20% იღებს ვიზას, ყველა ვეღარ გადის. სტამბოლში კონსული არაა, მექსიკის ელჩია და საკმაოდ მკაცრი ქალია. ეტყობა ელჩსაც უკვე მოსწყინდა ერთი და იგივე ისტორიების მოსმენა – „საქორწინო მოგზაურობაში მივდივარ“, „ჩემი ცოლის დაბადების დღეა“ და მსგავსი.

მექსიკაში წასვლის მეორე გზაა პოლონეთის D კატეგორიის ვიზა, რომლის მიღებაც ასევე გართულებულია. პოლონეთის საკონსულოში შეაქვთ საბუთები, მაგრამ იმის გამო, რომ დიდი რიგია, 3-4 თვე უწევთ მოქალაქეებს ლოდინი. ლოტოტრონით თამაშდება, თუ ვის განაცხადს განიხილავს საკონსულო,“ – გვიხსნის ანა.

თუ პირველ ბარიერს – მექსიკაში ლეგალურად ჩასვლას გადალახავს პირი, შემდეგ იწყება მეორე სირთულე – მოგზაურობა საზღვრამდე. ძირითადი მარშრუტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ათვისებული, რომელიმე ევროპული ქალაქიდან (ლისაბონი, მადრიდი) მექსიკის საკურორტო ქალაქ კანკუნამდე ჩასვლაა. კანკუნიდან კი შიდა ფრენით სასაზღვრო ქალაქ ტიხუანაში ჩასვლა.

კანკუნიდან ტიხუანამდე ჩასასვლელად საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ ე.წ. „გადამყვანის“ მომსახურებით.

გადამყვანები არიან ადამიანები, რომლებიც დაახლოებით 10-12 ათასი დოლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფენ მოქალაქეების აშშ-ის საზღვრამდე მიცილებას.

  • გადამყვანები

გვანცა თოთაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლაზე გარკვეული ხნის განმავლობაში ფიქრობდა. პირველ რიგში დაიწყო ინფორმაციის მოძიება – რა უნდა ექნა, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში შესულიყო. როგორც გვანცა „ბათუმელებს“ უყვება, ამ ძიებისას აღმოაჩინა, რომ აუცილებელი იყო ეპოვა „გადამყვანი“. ეს საჭირო იყო იმისათვის, რომ ჯერ მექსიკის საზღვარი გადაეკვეთა და შემდეგ მექსიკიდან აშშ-ის საზღვრამდე უსაფრთხოდ მისულიყო.

„უამრავი პოსტი წავიკითხე იმის შესახებ, როგორ წავსულიყავი მექსიკის გავლით ამერიკაში. ერთი ინფორმაცია, რაც ყველას აერთიანებს იყო ის, რომ აუცილებლად მჭირდებოდა ადამიანი, ვინც დამეხმარებოდა გადასვლაში. ე.წ. გადამყვანი. ეს ნიშნავდა, რომ უპრობლემოდ შევიდოდი მექსიკაში, რამდენიმე დღეს დავყოფდი იქ, მერე მეტყოდნენ კონკრეტულ დროს და მიმიყვანდნენ აშშ-მექსიკის საზღვართან. ვკითხე მეგობრებს, იმ ხალხს, ვინც უკვე ჩასული იყო ამერიკაში და დამაკავშირეს გადამყვანთან. გადამყვანმა მომთხოვა 12 ათასი დოლარი. წინასწარი პირობის თანახმად, მეტყოდა, რომელ აეროპორტში უნდა ჩავსულიყავი, შემიყვანდა მექსიკის საზღვარზე, შემდეგ აეროპორტიდან მიმიყვანდა სასტუმროში, სადაც რამდენიმე დღეს დავრჩებოდი და უნდა დავლოდებოდი მისგან ზარს. კონკრეტულ დღეს ვერ მეუბნებოდა, რამდენი დღე დამჭირდებოდა ლოდინი.

როცა დარეკავდა, ეს ზარი ნიშნავდა შემდეგს – ჩვენ უკვე მზად ვართ, რომ გადაგიყვანოთ საზღვარზე. მოგაკითხავდა სასტუმროში, ჩაგსვამდა მანქანაში, გზაზე რა პრობლემაც შეგვხვდებოდა (პოლიცია გაგვაჩერებდა თუ სხვა რამ), ყველას მოგვარებას მის თავზე იღებდა. რადგან ეს თანხა ძვირი იყო ჩემთვის, ვკითხე რა თანხის გადახდა მომიწევდა იმ შემთხვევაში, თუკი მე ჩავიდოდი მექსიკაში, დავიქირავებდი სასტუმროს და ის მხოლოდ საზღვრამდე მიმიყვანდა. 3500 დოლარი მითხრა მარტო საზღვარზე მიყვანა,“ – იხსენებს გვანცა თოთაძე.

მისივე თქმით საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ამხელა თანხის გადახდა, შემდეგ კი საემიგრაციო ციხეში მოხვედრა არ უნდოდა და წასვლა გადაიფიქრა.

„იმდენად არარეალური თანხა თქვეს, გარანტიების და ყოველგვარი ნათელი გეგმის გარეშე, გამოდის ასე ზეპირ სიტყვას უნდა მიენდო. ამიტომ ამ მეთოდით და ამ სქემით წასვლას არ ვაპირებ. ინფორმაცია, რომელიც მოვიძიე და მივიღე, იმდენად მიუღებელია, რომ არ მინდა ამ „ბრმა ფულის კეთების“ პროცესში ჩაბმა,“ – ამბობს გვანცა თოთაძე.

საქართველოს მოქალაქეები, მექსიკიდან ამერიკაში წასვლის მსურველთათვის შექმნილ ფეისბუქჯგუფებში ჰყვებიან საკუთარი გამოცდილებაზე. ჰყვებიან, თუ როგორ მოუწიათ წელამდე წყალში მდინარის გადალახვა, როგორ გარბოდნენ საზღვრისკენ და როგორ ემალებოდნენ მექსიკელ მესაზღვრეებს.

არალეგალური მიგრაცია საფრთხის შემცველია. დიდი შანსია, რომ საზღვრამდე წაგართვან ფული, ტელეფონი, ძვირფასი ნივთები ან სულაც მექსიკის ციხეში აღმოჩნდეთ. იმის გამო, რომ სასაზღვრო ქალაქი ტიხუანა ცნობილია, როგორც არალეგალური მიგრაციისთვის ხელსაყრელი ადგილი, საპოლიციო კონტროლი გამკაცრებულია.

მიუხედავად ყველა ამ რისკისა, საქართველოს მოქალაქეები უკანასკნელ თეთრებს იხდიან და მაინც ადგებიან არალეგალური მიგრაციის გზას.

  • რა ხდება მას შემდეგ, რაც არალეგალი მიგრანტი ამერიკელ მესაზღვრეს ბარდება

საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარს არალეგალურად კვეთს. უმრავლესობა არ გადის სტანდარტულ პროცედურებს (იგულისხმება, როდესაც ჯერ მექსიკის მხარეს გაივლი შემოწმებას და შემდეგ აშშ-ის მხარეს ბარდები ამერიკელ მესაზღვრეს), არამედ თავს არიდებენ მექსიკის მხარეს სასაზღვრო კონტროლის გავლას, არალეგალურად კვეთენ აშშ-ის საზღვარს და ელოდებიან ამერიკელ მესაზღვრეს.

მას შემდეგ, რაც ამერიკელ მესაზღვრეებს ჩაბარდებიან, მოქალაქეები გადაჰყავთ წინასწარი დაკავების ოთახში ე.წ. დეთენშენში. საიდანაც ან რამდენიმე დღეში პირობით გარეთ უშვებენ ან საემიგრაციო ციხეში ხვდებიან.

ბელა მაღლაფერიძე, საემიგრაციო კონსულტანტი

ბელა მაღლაფერიძე საემიგრაციო კონსულტანტია. ის და მისი მეგობარი ელენე ბერიძე საემიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევენ ამერიკაში ახალჩასულ საქართველოს მოქალაქეებს. ბელა „ბათუმელებს“ უყვება იმ სირთულეებზე, რომლის წინაშეც სარისკო და სახიფათო გზის გავლის შემდეგ ამერიკაში ჩასული მოქალაქეები დგებიან.

„ხშირად წინასწარი დაკავების ოთახში ე.წ. დეთენშენში მოხვედრის შემდეგ მოქალაქეს მალევე ათავისუფლებენ. ეს ხდება მას შემდეგ, რაც გადაამოწმებენ და დარწმუნდებიან, რომ ამ ადამიანს ამერიკაში ვიღაც ელოდება. საუბარია ე.წ. სპონსორზე. სპონსორი არის ადამიანი, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ ეს მოქალაქე ქუჩაში არ დარჩება და არ იქნება მშიერი. ამაში მესაზღვრე უნდა დარწმუნდეს. სხვა შემთხვევაში არ გაუშვებს.

რისკია მშიერი, გაწამებული, უფულო, უსაბუთო მიგრანტის გაშვება ქუჩაში. ეს ასევე არაჰუმანურია. მესაზღვრე რეკავს სპონსორის ამერიკულ ნომერზე და ამოწმებს ამერიკული მისამართის ნამდვილობას.

ამის შემდეგ არალეგალ პირს, რომელიც არის პირობითი მსჯავრდებული ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოსთვის, უმაგრებენ სპეციალურ ელექტრონულ სამაჯურს. მოქალაქე ვალდებულია, პრობაციის პერიოდში კვირაში ერთხელ, მის მიერ დაფიქსირებული მისამართიდან ჯიპიეს მოწყობილობის მეშვეობით გაიაროს მისამართის დადასტურება, რომ ნამდვილად იმყოფება ამ მისამართზე და სხვაგან არ წასულა,“ – ამბობს ბელა მაღლაფერიძე.

მისივე თქმით, ხშირად მესაზღვრე იღებს პირად გადაწყვეტილებას არალეგალი გადაიყვანოს თუ არა საემიგრაციო ციხეში.

„ეს არ გულისხმობს იმას, რომ ისინი, ვინც ციხეში გადაჰყავთ, გათავისუფლების შემდეგ რაიმე განსხვავებული საემიგრაციო სტატუსით იქნებიან, ვიდრე ისინი, ვინც პირდაპირ სასაზღვრო გამანაწილებელი პუნქტიდან გაუშვეს,“ – ამბობს ბელა.

  • წინასწარი დაკავების ოთახი

წინასწარი დაკავების ოთახში ე.წ. დეთენშენში ხვდება ყველა, ვინც საზღვარს არალეგალურად კვეთს. მესაზღვრე არალეგალებს ართმევს ყველა პირად ნივთს: ტელეფონს, ფულს, სამკაულებს, ტანსაცმელს. გათავისუფლების შემდეგ ტანსაცმლის გარდა ყველაფერს უკან უბრუნებენ. შედეგად, პირი, რომელიც წინასწარი დაკავების ოთახიდან ან საემიგრაციო ციხიდან გამოდის, რჩება მხოლოდ იმ ტანსაცმლის ამარა, რომელიც დაკავების მომენტში ეცვა.

„არიან ემიგრანტები, რომლებიც გააზრებულად წამოვიდნენ და არიან ისეთები, რომლებიც გამოიქცნენ. ამ უკანასკნელებს საზღვრისპირა ქალაქიდან ნიუ იორკამდე ჩამოსასვლელი ბილეთის ფულიც არ აქვთ. არალეგალი მიგრანტების 99% მოდის ნიუ იორკში. ნიუ იორკი არის დემოკრატიული შტატი: ამერიკის გული, სადაც ემიგრანტისთვის, ყველაზე მარტივია ადაპტირება, მარტივია მნიშვნელოვანი დოკუმენტის აღება, როგორიც არის მაგალითად, შტატის აიდი ბარათი, მართვის მოწმობა, უფასო დაზღვევა. აი, ამ ბენეფიტების გამო მოდიან ნიუ იორკში.

ასევე აქ არის დიდი ბირთვი ქართველი ემიგრანტების. ამიტომ თავის გატანა, ნაცნობის პოვნა, ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება ძალიან მარტივია. ნიუ ორკამდე ფრენა, საემიგრაციო ციხეებიდან, რომელიც არის ჯორჯიაში, არიზონაში ან ტეხასში, ჯდება 300-500 დოლარი,“ – უყვება „ბათუმელებს“ ბელა მაღლაფერიძე.

მისივე თქმით, ამ ბილეთებს ადრე წითელი ჯვარი ყიდულობდა, მაგრამ ახლა აღარ ყიდულობს. ამას გარდა, საზღვარზე მრავლად არიან თაღლითური ჯგუფები, რომლებიც ყალბ ბილეთებს ყიდიან და ამერიკაში ახლადჩასული მიგრანტების ხარჯზე ხელს ითბობენ.

„მსმენია ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ჩამოვიდნენ და დარჩნენ ღია ცის ქვეშ. ასეთი ადამიანებისთვის მე და ჩემი მეგობარი ელენე ბერიძე გავერთიანდით. ჩვენს გაერთიანებას ხუმრობით დავარქვით „ელო და ბელო“, შევეხმიანეთ აქაური რესტორნის მფლობელებს, რომ თითოეულ რესტორანს ჩვენთვის დაეთმო ფართობი იმისათვის, რომ ჩვენ ამ ადამიანებთან ჩაგვეტარებინა საინფორმაციო – საკონსულტაციო შეხვედრები. მათი თხოვნები და გასაჭირი მოგვესმინა და გადაგვეწყვიტა მათი პრობლემები.

რესტორნებმა თავის მხრივ გამოთქვეს სურვილი, რომ მათ გაუმასპინძლდებიან. ფაქტობრივად, ყოველ დღე ვხვდებით ამ ადამიანებს და ვუწევთ საინფორმაციო კონსულტაციას. ასევე შეუძლიათ ამ შეხვედრებზე კვება. ჩემი დაკვირვებით ამ ადამიანებს საჭმელზე უფრო ინფორმაცია სჭირდებათ, რადგან აბსოლუტურად გაუაზრებლად მოდიან.

წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება ამ ქვეყანაში. მოდიან ილუზიებით, უცხო ადამიანების იმედად და ეს უცხო ადამიანები უცებ იკარგებიან, ისინი კი რჩებიან მარტო, რეალობის წინაშე.

ახლა იგეგმება საქველმოქმედო კონცერტი ახალჩამოსული უმუშევარი ემიგრანტებისთვის, რომლებიც სამხრეთ საზღვრიდან (მექსიკიდან) შემოვიდნენ და ვერ იპოვეს სამსახური,“ – ამბობს ბელა მარლაფერიძე.

  • ამერიკული ოცნება და დეპრესია

ბელა მაღლაფერიძე „ბათუმელებს“ უყვება, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე უამრავი პირადი ისტორიის მოსმენა უწევს. ის ხვდება ადამიანებს, რომლებიც დიდი ოცნებებით ჩავიდნენ ამერიკაში, უამრავი დაბრკოლება გადალახეს, მაგრამ ახლა მძიმე დეპრესიას ებრძვიან.

„ეს ადამიანები არიან ძალიან მძიმე, ფარული ემოციური სტრესის ქვეშ. ჩემი სუბიექტური დაკვირვებით, ბევრია ისეთი, რომელიც გაუაზრებლად ჩამოვიდა აქ. გაუაზრებლად გაყიდეს ბინა, ჩამოვიდნენ, რომ ის ბინა თავიდან იყიდონ და ახლა მიხვდნენ, რომ ეს არ უნდა ექნათ.

კი, არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად გამოექცნენ გაჭირვებას. უამრავი ადამიანი მირეკავს, დოკუმენტების მოწესრიგებაში ვეხმარები და, შესაბამისად, ეს ისტორიები ჩემთან იყრის თავს. ზოგი დიდი ენთუზიაზმით მოდის.

ამერიკას ეს ენერგეტიკა აქვს, როგორც კი ამ მიწაზე ფეხს დადგამ, მაშინვე გერთვება ყოვლისშემძლეობის განცდა. ეს ქვეყანა ყველაფერს მოგცემს, თუკი იმუშავებ.

დეპრესია უფრო მხვდება არა ახლადჩამოსულებთან, არამედ ცოტა უფრო მერე. ერთი და ორი თვე რომ გადის და ვერ პოულობენ საკუთარ თავს.

პირველ დღეებში ეს ემოცია და სტრესი აბსოლუტურად გაბათილებულია იმით, რომ ისინი არიან ამერიკაში. მაგრამ გადის ერთი თვე და ხვდებიან, რომ ენის არასაკმარისი ცოდნის გამო, არასაკმარისი კონტაქტების გამო, იმის გამოც, რომ არ იყვნენ მზად ემიგრაციისთვის, გაუაზრებელი ნაბიჯების გამო წინ ვერ მიდიან. ვერ შოულობენ სამსახურს. იწყება დეპრესია. ეს არის უფრო არასწორი გადაწყვეტილების დეპრესია, ვიდრე განვლილი რთული გზის, რიო გრანდე რომ გადმოცურა და ა.შ. არავის არ უწუწუნია ჩემთან იმ გზაზე, რომ ციხეში იჯდა ან რამე. ამის პრობლემა არ აქვთ ამ ადამიანებს. სხვა იმედგაცრუება აქვთ.

დაურეკავთ ჩემთან და უთქვამთ – ფეხზე გვაქვს გამობმული ელექტრონული სამაჯური, როგორ მოვიხსნა, საქართველოში მივდივარ. გადიან მერე პროცედურებს და ბრუნდებიან საქართველოში. ამერიკა კი არის ოცნებების ქვეყანა, მაგრამ მათი ოცნებები არ ემთხვევა იმ რეალობას, რაც აქ დახვდათ. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება უკან დაბრუნების“.

  • ემიგრაციის გაახალგაზრდავებული ასაკი

ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურად წამსვლელთა ასაკი მნიშნელოვნადაა გაახალგაზრდავებული. ბელა მაღლაფერიძე პირად დაკვირვებას გვიზიარებს და ამბობს, რომ ემიგრანტების დიდი წილი მოდის 20-30 წლის ადამიანებზე, რომლებმაც საქართველოში საკუთარი ადგილი ვერ იპოვეს.

„ემიგრაცია ძალიან გაახალგაზრდავდა. გამოვყოფდი ორ ტიპს. 20-30 წლამდე ასაკის ძალიან ბევრი ახალგაზრდა შემოდის. მთელი Gen-Z აქ არის. ეს მხვდება თვალში. ასევე თვალში საცემია ევროპის ქვეყნებიდან რემიგრაცია. ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს საბერძნეთსა და იტალიაში მუშაობის უფლება, ახლა უკვე ამერიკაში გადმობარგდნენ. ემიგრაციის მეორე წრეზე წავიდნენ. დიდი გავლენა იქონია სხვადასხვა ფეისბუქჯგუფმა და სოციალურმა დისკუსიებმა. ზეპირად იციან ჩვენი ანაზღაურება, ხელფასები, ამერიკული ცხოვრების წესი.

საქართველოში დაბრუნებისთვის ვერ ხედავენ ვერანაირ მიზეზს, გაუჩნდათ იმის შანსი, იყვნენ ემიგრაციაში, ოღონდ ეკონომიკურად უფრო მძლავრ ქვეყანაში. აქ საუბარია იმაზე, რომ მათი, როგორც ემიგრანტის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ისინი არც ევროპიდან აპირებდნენ საქართველოში დაბრუნებას და არც ამერიკიდან დაბრუნდებიან.

მათ საქართველოს მიმართ აქვთ რევერსული კულტურული შოკი. როდესაც დიდხნიანი ემიგრაციიდან ბრუნდები შენს ქვეყანაში, შენი ქვეყნის წესები გიშლის ნერვებს. ამას ჰქვია რევერსული კულტურული შოკი. ძალიან ბევრ ადამიანს დაემართა ეს რევერსული კულტურული შოკი“, – ამბობს ბელა მაღლაფერიძე.

მისივე თქმით, ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილს აქვს კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ქვეყანა დატოვა.

„ნაწილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრებოდა საფრთხე. დაბალი ხელფასები, თვითრეალიზების  შეუძლებლობა. მე ცოტა ადრე ვარ წამოსული. ემიგრანტების ჩემ თაობას, კონკრეტული ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ამიტომ წამოვიდა. ახლა ახალი თაობის ემიგრანტებს ფინანსური პრობლემების პარალელურად, აქვთ საქართველოში თვითრეალიზების პრობლემაც. ვერ ხედავენ თავიანთ მომავალს და განვითარებას ამ ქვეყანაში.

ეს არის მძიმე მოსასმენი ჩემთვის, რადგან ჩემი შვილებიც საქართველოში იზრდებიან. არ მინდა მათაც ერთ დღეს გადაწყვიტონ, რომ თვითრეალიზებული არ არიან“.

___

მთავარი ფოტო: ნათია როყვა, ნიუ იორკი.

რა ღირს ზაფხულში დასვენება ბეშუმში, გოდერძისა და გომარდულში

რა ღირს დასვენება 2022 წლის ზაფხულში მაღალმთიან აჭარაში და აისახა თუ არა გაძვირებული ფასები მთის კურორტებზეც?

„ბათუმელები“ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა ბეშუმში, რომლებიც კოტეჯებს აქირავებენ. მათი თქმით, წელს, შარშანდელთან შედარებით, ფასები გაზრდილია.

მადონა რიჟვაძე ბეშუმში კოტეჯს 20 დღით 1300 ლარად აქირავებს. ამ თანხაში კომუნალური გადასახადებიც შედის.

„ეს შედარებით იაფია, რადგან ამაზე ძვირიც ღირს კოტეჯები. ზოგიერთ კოტეჯში ადამიანების რაოდენობასაც ითვლიან, მე არ ვითვლი. კოტეჯი ორსართულიანია, უზრუნველყოფილია სველი წერტილებით, აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. ამ თანხაში კვება არ შედის“ – გვეუბნება მადონა.

მისი თქმით, გასულ წელს კოტეჯი 1000 ლარად გააქირავა, მაგრამ წელს, რადგან კოტეჯში ტექნიკა დაამატა, ფასიც გაიზარდა.

კოტეჯი რომელიც 1300 ლარად ქირავდება

„პირველ რიგში ამ გზაზე უნდა იფიქროს ყველამ,  იქნება ეს ტურისტული სააგენტოები თუ სხვა, მიწერონ მთავრობას, რომ გზები მოაწესრიგონ. ძალიან ბევრი ტურისტი ამ გზის გამო იკავებს თავს. მაგალითად სოფელ რიყეთში იმხელა ორმოებია გზაზე, პატარა მანქანა ჩავა შიგ. საშინელი გზებია. დილით რვაზე რომ წავედი, საღამოს 5 საათზე ძლივს ავედით“ – გვეუბნება მადონა.

მისი თქმით, დამსვენებელთა ნაკადი ძირითადად აგვისტოდან მატულობს, თუმცა ახლაც არიან დასვენების მსურველები.

ბეშუმში სახლს აქირავებს ინდირა ნაკაშიძეც აქირავებს, დღეში – 50 ლარად. კოტეჯში 4 ადამიანს შეუძლია ღამის გათევა. ფასში არ შედის კვება.

„ტყეში არ ვარ, იქ გაცილებით ძვირია კოტეჯები, ჩემი კოტეჯი ე.წ. შემოღობილთან არის ახლოს“ – გვეუბნება ინდირა.

ეს სახლი კი ბეშუმში შეგიძლიათ დღეში 50 ლარად იქირაოთ.

ბეშუმში კიდევ ერთი კოტეჯის მფლობელს, დათო პაქსაძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, წელს ნაკლებია დამსვენებელი.

„შარშან უფრო იყო მოთხოვნა, წელსაც არიან მსურველები, მაგრამ ფასს როცა ვეუბნები, ეძვირებათ. შარშან 1500 ლარში მქონდა გაქირავებული სეზონზე, წელს 1700 ლარია და როცა ფასს იგებენ, მაშინვე გარბიან, მიუხედავად იმისა, რომ მე შედარებით ლიბერალური ფასი მაქვს“- გვეუბნება ის.

მისი თქმით, კოტეჯში ყველა პირობაა შექმნილი კომფორტული დასვენებისთვის, თუმცა დამსვენებლებს ფასი მაინც ეძვირებათ.

დათო პაქსაძის თქმით, კოტეჯს ძირითადად 20-25 დღით აქირავებს, მაგრამ თუ მსურველმა ნაკლები დროით მოინდომა, დამსვენებლისთვის მაინც ძვირი გამოდის.

„აი, ახლა რომ აიღოს კოტეჯი, 1 აგვისტომდე 800 ლარად გავცემ, მაგრამ აგვისტოში ამ ფასად ვერ აიღებს“ – გვითხრა მან.

გზებთან დაკავშირებით დათო პაქსაძეც კრიტიკულია. მისი თქმით, კომპანია გზებს კი აკეთებს, მაგრამ გაავდრების შემდეგ, გზები ისევ მწყობრიდანაა გამოსული.

„მძიმე ტექნიკა რადგან მოძრაობს, ადვილად ზიანდება გზები და შემდეგ თავიდან იწყებენ გაკეთებას. რა თქმა უნდა, ეს აფერხებს დამსვენებელსაც. ხულოდან ბეშუმში ასვლას მინიმუმ ორი საათი სჭირდება, რადგან ძალიან ცუდი გზაა. ვისაც „ჯიპი“ ჰყავს, მათ უფრო არ გაუჭირდებათ, მაგრამ სხვა ტიპის ავტომობილისთვის რთული იქნება გადაადგილება ამ გზებზე“- ამბობს დათო პაქსაძე.

რაც შეეხება ისეთ აჭარის ისეთ მთიან კურორტებს, როგორიცაა გოდერძი და გომარდული, ამ მდებარე სასტუმროებში ფასების შესახებ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა მოგვაწოდა ინფორმაცია.

მაგალითად, ტურისტული ცენტრის ინფორმაციით, კურორტ გოდერძიზე სასტუმრო „ჩვენებურებში“ დღეში ორადგილიანი ნომრის ქირაობა 50 ლარად არის შესაძლებელი, 4-ადგილიანი ნომრის კი – 100 ლარად; ცენტრის ინფორმაციით, სასტუმრო „ირე-პალასში“ შედარებით მაღალია ფასები. აქ ორადგილიანი ნომრის ქირაობა 100 ლარი დაგიჯდებათ, 4-ადგილიანი კი – 200 ლარი.

აღნიშნულ სასტუმროებში ეს ფასები კვების გარეშეა.

აგვისტოში ფასები, ტრადიციულად, იზრდება.

„ბათუმელები“ ასევე ესაუბრა ხულოში, სოფელ დანისპარაულის მაცხოვრებელს ამირან პაქსაძეს. ეს სოფელი კურორტ გომარდულთან ახლოსაა და ზამთრის სეზონის დროს, ხშირად ჩერდებიან ხოლმე ტურისტები დაბალი ფასის გამო. მაგრამ ბოლო წლებში, როგორც ამირან პაქსაძე გვეუბნება, დამსვენებელთა რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია.

„გოდერძი რომ გაიხსნა, იმ წელს გვყავდა დამსვენებლები და იმედი გვქონდა, რომ ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდებოდა ჩვენს სოფელშიც, მაგრამ ასე აღარ არის. შარშან ძალიან ცოტა იყო, წელს საერთოდ არ გამოჩენილა არავინ. ერთი ღამის ღირებულება 30 ლარია კვების გარეშე, კვებით 50 ლარი ღირს, თუმცა მაინც არ გვყავს დამსვენებლები“ – გვეუბნება ამირან პაქსაძე.

მისი თქმით, ამის მიზეზი მაღალი ფასების და ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური პირობების გარდა, მოუწესრიგებელი გზებია.

„ზოგან ისეთი მონაკვეთებია გზებზე, ავტომობილი თუ ჩავარდა, ბუქსირის გარეშე ვერ ამოიყვან. ამ პრობლემას უნდა მიხედოს სახელმწიფომ“.

ბეშუმზე და გოდერძიზე შედარებით დაბალი ფასებია გომარდულში, რომელიც, გოდერძის მსგავსად, უფრო ხშირად სამთო კურორტად მოიაზრება, თუმცა შუახევის ამ სოფელს ზაფხულშიც სტუმრობენ.

გომარდულში მდებარე სასტუმრო-კოტეჯების ერთ-ერთი მფლობელმა, ჯემალ დარჩიძემ გვითხრა, რომ კოტეჯში ორადგილიანი ნომრის ქირაობა დღეში 50 ლარადაა შესაძლებელი. ამ თანხაში კვება არ შედის, დამსვენებელს შეუძლია თავად მოიმზადოს სადილი კოტეჯის სამზარეულოში, რომელიც შესაბამისადაა აღჭურვილი.

რა ღირს ამ სეზონზე ბათუმში დასვენება, ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ აქ ნახოთ.

ქართველმა მეზღვაურებმა 52 ადამიანი გადაარჩინეს ატლანტიკის ოკეანეში

ქართველმა მეზღვაურებმა ღია ზღვაში 52 ადამიანი გადაარჩინეს – ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს.

„10 ივლისს მაროკოში ჩარტერულ რეისს ვასრულებდით. დაახლოებით საღამოს 6 საათზე ნავი დავინახეთ“ – უთხრეს სააგენტოს მეზღვაურებმა.

ატლანტიკის ოკეანეში, 5-ბალიან შტორმში, გასაბერ მცურავ საშუალებაზე 52 ადამიანი, მათ შორის, 7 ქალი და 3 ბავშვი, წყლისა და საკვების გარეშე იმყოფებოდა.

„მაშველებს 10 საათზე მეტი უშედეგოდ ველოდით. გემი წრეზე ტრიალებდა, ნავი რომ არ დაგვეკარგა. ამინდიც გაუარესდა. საბოლოოდ, ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება მიგრანტები გემზე ამოგვეყვანა. ნავი გემზე მივაბით და დავიწყეთ ხალხის ამოყვანა,“ – ამბობენ მეზღვაურები.

სააგენტოს ცნობით, 9 ქართველი მეზღვაური უშუალოდ მონაწილეობდა სამაშველო ოპერაციაში. ეს მეზღვაურები არიან: ნუგზარ ბერიძე, კახა ადამია, დილარ ცეცხლაძე, ზაზა ჭაღალიძე, ზვიად ქობულაძე, მინდია აბუსერიძე, შალვა სვანიძე, მანუჩარ კობალაძე და გიორგი ცეცხლაძე.

სააგენტოს ცნობით, მომავალ წელს საქართველო ამ მეზღვაურებს „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის“ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ჯილდოზე წარადგენს.

ეს ჯილდო პირველად, 2015 წელს არქიმანდრიტ ილია კარტოზიას გადაეცა გარდაცვალების შემდეგ. ქართველი არქიმანდრიტი იტალიაში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა. 2014 წლის 28 დეკემბერს, იტალიურ ბორან Norman Atlantic-ზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმოდებული გემიდან მაშველებს მგზავრები ნავებზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. მისი გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს.

2018 წელს იგივე ჯილდო გადაეცა კაპიტან ლევან მამალაძეს და მის ეკიპაჟს, რომლებმაც 13 ადამიანი გადაარჩინეს.

ფსიქოლოგიურ ცენტრს ქუთაისში, სადაც შშმ ბავშვებს ეხმარებიან, მეზობლებმა კარი ჩაუკეტეს

ქუთაისში მდებარე ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის – „ღია სახლის“ ბენეფიციარები და თანამშრომლები დღეს შენობაში მეზობლებმა არ შეუშვეს.

ცენტრი „ღია სახლი“ ფსიქოლოგიურ სერვისებს სთავაზობს შშმ ბავშვებს, ცერებრალური დამბლის, აუტისტური სპექტრის, განვითარების სხვადასხვა ტიპის შეფერხების მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაწეულ მომსახურებაში ბენეფიციარებს თანხის გადახდა არ უწევთ –  ცენტრს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და ქუთაისის მერია აფინანსებს.

„რამდენიმე მეზობელთან ერთად ჩვენს ცენტრს – „ღია სახლს“ საერთო შესასვლელი ეზო აქვს. დილის ცხრა საათზე იწყება ჩვენი სამუშაო საათები. ცხრას რომ ათი წუთი აკლდა, მოვედით და ჭიშკარი დაკეტილი დაგვხვდა. გარეთ დავრჩით თანამშრომლები, ბენეფიციარი ბავშვებიც და ზრდასრულებიც. ვერც ეზოში შევდიოდით და ვერც შენობაში.

მეზობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ დისკომფორტი ექმნებათ ჩვენი ბენეფიციარებისგან. მეზობლებს უწევთ ამ ეზოს გავლა, სადაც ბავშვებიც გამოდიან ხოლმე.

ბევრი ხალხი მოძრაობს ჩვენს ცენტრში და ხშირად აღნიშნავენ მეზობლები, რომ არასასიამოვნოა მათთვის „ასეთი ბავშვების“ ყურება. ასე განმარტეს ჩვენთვის ჭიშკრის ჩაკეტვის მიზეზი“, – გვიყვება „ღია სახლის“ თავმჯდომარე ნინო კილაძე დღეს, 13 ივლისს, ქუთაისში დილით მომხდარ ამბავზე.

როგორც ნინო კილაძე ჰყვება, ცენტრის თანამშრომლებს შენობაში შესასვლელად და ჭიშკრის გასაღებად პატრულის გამოძახება და დახმარება დასჭირდათ.

მეზობლებს, რომლებმაც ჭიშკარი ჩაკეტეს, მოყვანილი ჰყავდათ სხვა უბნებიდანაც მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები.

ცენტრის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის „ღია სახლისთვის“, როცა მოსახლეობამ, კერძოდ, მეზობლებმა პრობლემები შეუქმნეს. 4 წლის განმავლობაში ქუთაისში „ღია სახლმა“ რამდენიმე შენობა გამოიცვალა, მეზობლები ყველგან უჩიოდნენ ხალხმრავლობას ცენტრში და აპროტესტებდნენ ბავშვების ტირილს.

„იყო ხოლმე შეზღუდვა მეზობლებისგან ყველგან, მაგრამ ჭიშკარი ჩაეკეტოთ და შენობაში არ შევეშვით, ასეთი შემთხვევა აქამდე არ გვქონია.

მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში განთავსებისას ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს ხშირად აქვს ასეთი პრობლემები. სამწუხაროდ, ჩვენი გამოცდილებით ეს ასეა“, – ამბობს ნინო კილაძე.

მისი თქმით, „ღია სახლი“ ფსიქოლოგიური დახმარების ერთადერთი ცენტრია ქუთაისში, სადაც ფსიქოლოგიური სერვისების მიღება ერთდროულად შეუძლიათ ზრდასრულებსაც და ბავშვებსაც. ცენტრს 300-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს ქუთაისიდან, წყალტუბოდან და ქუთაისთან ახლომდებარე სხვა მუნიციპალიტეტებიდან. ცენტრი ემსახურება ბენეფიციარებს გურიიდან და სამეგრელოდანაც.

ცენტრის თავმჯდომარის თქმით, ინტელექტის შეფასების ინსტრუმენტები იმერეთის რეგიონში მხოლოდ „ღია სახლს“ აქვს.

„სობიანინის პოლკი“ უკრაინაში მიდის – დაქირავებული მებრძოლების კავშირი მოსკოვის მერთან

მოსკოვში დაქირავებული მებრძოლების სამხედრო დანაყოფი შექმნეს, რომელსაც უკრაინაში გზავნიან. როგორც გამოცემა „მედუზას“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოარკვია, ორგანიზატორებიც და თვითონ დაქირავებულებიც დანაყოფს „სობიანინის პოლკს“ უწოდებენ.

„მედუზა“ წერს, რომ შენაერთი, ნაწილობრივ მოსკოვის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამავე დროს, ქალაქის მერი სერგეი სობიანინი ყველანაირად ცდილობს, საჯაროდ თავი ისე დაიჭიროს, თითქოს ომთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„სობიანინის პოლკში“ მებრძოლების მიღება პირველ ივლისს დაიწყო. გამოცემის ინფორმაციით, მასში არა მოსკოველები, არამედ სხვა რეგიონების მცხოვრები 60 წლამდე კაცები ეწერებიან. მებრძოლები მომზადებას ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, მულინოს პოლიგონზე გადიან, რის შემდეგაც მათ უკრაინაში გზავნიან. დაქირავებულ მებრძოლებს თვეში 200 ათას რუბლზე [10 000 ლარი] მეტს ჰპირდებიან.

„ამ თანხაში შედის დანამატი სობიანინისგან – 200 ათასი 50 ათასიან ოთხ ტრანშად იყოფა. სამხედრო ნაწილში იღებ VTB ბანკის ბარათს, რომელზეც მოსკოვიდან თანხები ჩაირიცხება“, – ეუბნება „მედუზას“ ერთ-ერთი გადამბირებელი.

მოსკოვის მერის პრესსამსახურმა „მედუზას“ ჟურნალისტის ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა, მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა კი გამოცემას უთხრა, რომ „არაა უფლებამოსილი“ ასეთ შეკითხვებს უპასუხოს.

„მოხალისეთა ბატალიონების“ ფორმირება რუსეთის რეგიონებში ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მას შემდეგ, ასეთი რაზმები გაჩნდა ჩეჩნეთში, ბაშკირეთში, პერმის მხარეში, კიროვისა და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქებში.

ჯერ კიდევ მარტში BBC წერდა, რომ „ვაგნერის“ დაჯგუფება დაქირავებულ მებრძოლებს აქტიურად იღებდა. შენაერთების შესავსებად, მათ მანამდე არსებული შეზღუდვებიც მოხსნეს და იღებდნენ ყველას, მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებისა და ყირიმის მცხოვრებლებს, უცხოელებსაც, თუმცა შეზღუდვა მოქმედებდა საქართველოს მოქალაქეებზე.

ლევან ვარშალომიძეს ხვალ უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტონ – ენმ წინააღმდეგია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ხვალ, 14 ივლისს, პარლამენტი ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას გეგმავს.

იმ შემთხვევაში, თუკი ვარშალომიძეს უფლებამოსილება შეუწყდება, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაცვლეს ვერ შეიყვანს პარლამენტში, რადგან საარჩევნო სია ენმ-ს ჩახსნილი აქვს.

პარლამენტის წევრი დავით ხაჯიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პარლამენტს უფლება არ აქვს, ლევან ვარშალომიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს, რადგან ის ოფიციალურად ბოიკოტის რეჟიმშია.

რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ბოიკოტი, რას ამბობს ამაზე კანონი? – ვკითხეთ დავით ხაჯიშვილს. მისი თქმით, კანონში ვადებთან დაკავშირებით არაფერი წერია.

„კანონში წერია, რომ გაცდენების გამო შეიძლება პარლამენტმა წევრს მოუხსნას უფლებამოსილება, მაგრამ ასევე კანონი არეგულირებს იმასაც, რომ თუ პარლამენტარი იმყოფება ბოიკოტის რეჟიმში, მაშინ პარლამენტს არ აქვს უფლება, მას შეუწყვიტოს უფლებამოსილება. პოლიტიკური ბოიკოტი პარლამენტის წევრს შეუძლია უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.

ლევან ვარშალომიძე იმყოფება პოლიტიკურ ბოიკოტზე და, როგორც ერთ დეპუტატს, ამის უფლება აქვს. ეს მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და არავის აქვს უფლება, არჩეულ დეპუტატს შეუწყვიტოს ამ პირობით უფლებამოსილება. ამ კანონით ვერ იხელმძღვანელებს პარლამენტი“, – გვითხრა დავით ხაჯიშვილმა.

დავით ხაჯიშვილის თქმით, ამ საკითხზე ის ერთი კვირის წინ ესაუბრა უკრაინაში მყოფ ლევან ვარშალომიძეს და ისიც იზიარებს ამ პოზიციას.

კითხვაზე, პოლიტიკურ ბოიკოტზე ყოფნის შესახებ განცხადება უნდა არსებობდეს თუ არა წერილობით, თუ ზეპირ განცხადებასაც ითვალისწინებს კანონი? დავით ხაჯიშვილი ამბობს, რომ ფრაქციის შემთხვევაში, სავალდებულოა წერილობითი მიმართვა, ცალკეული დეპუტატის შემთხვევაში კი, საჯარო განცხადებაც საკმარისია.

„თუ ფრაქციაა ბოიკოტის რეჟიმში, როგორც ვიცი, წერილობით უნდა აცნობოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ ცალკეული დეპუტატი თუ აცხადებს ბოიკოტს, მაშინ საჯარო განცხადების საფუძველიც შეიძლება.

„ქართული ოცნება“ ასეთ ინტერპრეტაციას აძლევს, რომ ვარშალომიძე უბრალოდ აცდენს სხდომებს. პარლამენტის თავმჯდომარის იმპერატიული გადაწყვეტილებაა, გამოიტანოს ეს საკითხი კომიტეტში თუ არა“, – განმარტავს ხაჯიშვილი.

ენმ-ს წევრის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, თუ ლევან ვარშალომიძეს შეუწყვეტენ უფლებამოსილებას, ენმ დატოვებს პარლამენტს. თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებს დავით ხაჯიშვილი.

დეპუტატის თქმით, ამ საკითხზე მას პირადად არ ჰქონია კოლეგებთან საუბარი, თუმცა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, ენმ-ს პარლამენტში ყოფნა მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, თუ ამ საკითხს მაინც გაიტანენ კომიტეტზე და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩაფიქრებული აქვთ,  ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ. ქვეყანას სჭირდება იმ 12 პუნქტის შესრულება, რომლებიც ევროკომისიამ წამოგვიყენა, ჩვენ უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებებიც, ჩვენ გარეშე კი საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მიიღება. ამიტომ სულ ტურბულენტურ მდგომარეობაში ვართ და აქედან გამომდინარე, ჯერ ოფიციალური საუბრები არ გაგვიმართავს არც ხელისუფლებასთან და არც არავისთან,“ – ამბობს დავით ხაჯიშვილი.

მას ასევე ვკითხეთ, სწორედ ეს მიზეზი ხომ არ არის, რომ ენმ-ს პროვოცირება გამოიწვიოს „ქართულმა ოცნებამ“ და ხელი შეუშალოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას?

დავით ხაჯიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ოცნებაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტი დატოვოს და სრულ კომფორტში იყოს.

„მათ უნდათ, რომ ჩვენ არ ვიყოთ პარლამენტში და ხელი არ შევუშალოთ რუსული პოლიტიკის გატარებაში. მათ სურთ ჩვენ გარეშე მართონ, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, ის ვალდებულებები შევასრულოთ, რაც ხალხმა დაგვაკისრა, მით უმეტეს, ისეთ პირობებში, როცა ჩვენი იქ ყოფნა აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის“, – ამბობს დავით ხაჯიშვილი.

პარლამენტარის მანდატი უკვე დატოვა ენმ-ს ორმა წევრმა – ნიკა მელიამ და ზაალ უდუმაშვილმა. ვარშალომიძისთვის მანდატის ჩამორთმევის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში მხოლოდ 28 მანდატი ექნება.

გერმანია 31 დეკემბრიდან რუსული ნავთობის შეძენას მთლიანად შეწყვეტს

გერმანია პირველი აგვისტოდან რუსული ქვანახშირის, ხოლო 31 დეკემბრიდან რუსული ნავთობის შეძენას მთლიანად შეწყვეტს. როგორც „როიტერსი“ წერს, აღნიშნულის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, იორგ კუკისმა, სიდნეიში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კუკისმა განაცხადა, მთავარი გამოწვევა იმ უზარმაზარი სიცარიელის შევსება იქნება, რომელიც წარმოიშობა, როცა ევროკავშირი რუსეთის მიერ ყოველწლიურად მიწოდებულ 158 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე უარს იტყვის.

„ჩვენ რამდენიმე კვირაში დავრჩებით რუსული ქვანახშირის გარეშე. აქამდე რუსეთი ამარაგებდა გერმანიის ქვანახშირისა და ნავთობის  40-40 პროცენტს. ნებისმიერმა, ვისთვისაც მილსადენ „დრუჟბას“ ისტორიაა ცნობილი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის იარაღი იყო აღმოსავლეთ ევროპაზე, იცის, რომ დამოკიდებულებაზე თავის დაღწევა მარტივი საკითხი არაა, მაგრამ ჩვენ ამას რამდენიმე თვეში მივაღწევთ“, – თქვა კიკისმა.

გერმანია სწრაფად ავითარებს თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] საიმპორტო ტერმინალებს, რათა ხელი შეუწყოს გაზის მომარაგებაში გაჩენილი სიცარიელის შევსებას, მაგრამ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და კატარს ერთად შეუძლიათ ევროპას მიაწოდონ დაახლოებით 30 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი გაზი, მაინც უზარმაზარი უფსკრული რჩება შესავსები.

„ვერ წარმოგვიდგენია ამ პრობლემის გაქრობა“, – თქვა კუკისმა და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ფოკუსირებული იყო ნულოვან ემისიაზე გადასვლაზე და ახლახან მიიღო კანონი განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების დასაჩქარებლად, გაზი არსებითი იქნება ცვლილებებისთვის.

______________

ფოტო: EPA-EFE/STEPHANIE LECOCQ

ბელარუსში 8 წელი მიუსაჯეს ჟურნალისტს, რომელმაც აქციის დარბევა გააშუქა

ბელარუს ჟურნალისტს, კატერინა ანდრეევას, ბელარუსში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ანდრეევა ტელეარხ Белсат-ის ჟურნალისტია.

Белсат-ის ჟურნალისტი კატერინა ანდრეევა [ბახვალოვა] და ოპერატორი დარია ჩულცოვა 2020 წლის 15 ნოემბერს დააკავეს,  ძალოვანების ცემის შედეგად გარდაცვლილი აქტივისტის, რომან ბონდარენკოს ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის სასტიკი დარბევის პირდაპირ ეთერში გაშუქების შემდეგ. მათ ოფიციალურად ბრალი წარუდგინეს „აქციის ორგანიზებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის“.

უფლებადამცველებმა ორივე ჟურნალისტი პოლიტპატიმრად აღიარეს.

მაშინ ანდრეევას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 2022 წლის თებერვალში, გათავისუფლებამდე რამდენიმე თვით ადრე, იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს ისე, რომ 55 დღის განმავლობაში ახლობლებმა არ იცოდნენ ამის მიზეზი. 2022 წლის 7 აპრილს პოლიტპატიმრის ოჯახმა შეიტყო, რომ კატერინას ბრალი წაუყენეს სახელმწიფო ღალატში.

სასამართლო პროცესი დახურული იყო. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ანდრეევას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს „სამშობლოს ღალატისთვის“. ტელეარხი Белсат-ი იუწყება, რომ უცნობია, რას გულისხმობს სასამართლო „სამშობლოს ღალატში“.

Белсат-ის ცნობით, ანდრეევას წინააღმდეგ ახალი საქმის კომენტირებისას სპეცსამსახურებთან დაკავშირებულმა ტელეგრამის არხებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ანდრეევა იყო წიგნის – „ბელარუსული დონბასის“ თანაავტორი, რომელიც ლუკაშენკოს ხელისუფლებამ 2021 წელს „ექსტრემისტულად“ აღიარა. თუმცა წიგნის თანაავტორი, ანდრეევას ქმარი, ჟურნალისტი იგორ ილიაში, საქმეში მოწმის სახითაც კი არ ფიგურირებს.

ბელორუსში „სახელმწიფოს ღალატად“ განიხილება არა მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა და ომის დროს მტრის მხარეს ყოფნა, არამედ „უცხო სახელმწიფოს, ორგანიზაციის ან მათი წარმომადგენლების სხვაგვარი დახმარება“.

ნიუ იორკის საგანგებო ავრცელებს ვიდეოინსტრუქციას ბირთვული აფეთქების დროს

ნიუ-იორკის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა გაავრცელა ვიდეოინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა ბირთვული დარტყმის ანუ ატომური აფეთქების დროს.

„მაშ, მოხდა ბირთვული შეტევა. არ მკითხოთ რატომ და როგორ, უბრალოდ, იცოდეთ, რომ „დიდი ბომბი“ აფეთქდა, – იწყებს ვიდეოინსტრუქციას წამყვანი.

იგი ასეთი ვითარების დროს სამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს აღწერს:

  1. სასწრაფოდ შედით შიგნით – თქვენ, თქვენი მეგობრები, თქვენი ოჯახი… შედით შენობაში. არა, ავტომანქანაში დარჩენა გამოსავალი არ არის. თქვენ უნდა შეხვიდეთ შენობაში და მოშორდეთ ფანჯრებს.
  2. დარჩით შიგნით – დახურეთ ყველა კარი და ფანჯარა. თუ სარდაფი გაქვთ, გაემართეთ იქითკენ, თუ არ გაქვთ, შეეცადეთ მოხვდეთ შენობის მაქსიმალურად შუაში; თუ აფეთქების შემდეგ იყავით გარეთ, სასწრაფოდ გასუფთავდით: გაიხადეთ და შეფუთეთ ყველა გარე ტანსაცმელი, რათა სხეულიდან მოიშოროთ რადიოაქტიური მტვერი ან ფერფლი; დაიბანეთ საპნითა და შამპუნით.
  3. დარჩით ინფორმირებული – თვალყური ადევნეთ მედიას და მიჰყევით ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს ახალი გაფრთხილებებისა და სიახლეებისთვის; არ გახვიდეთ გარეთ, სანამ სამთავრობო უწყებები არ იტყვიან, რომ ეს უსაფრთხოა.

სპეცრაზმმა ხერსონში, საიდუმლო ციხიდან 5 ტყვე გამოიხსნა – დაზვერვის სპეცოპერაცია

უკრაინის სპეცრაზმმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარა და რუსეთის საიდუმლო ციხიდან ხუთი ადამიანი გაათავისუფლა – ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო იუწყება.

უწყების ცნობით, საიდუმლო ციხე, რომელშიც ტყვეები ჰყავდათ, ხერსონის ოლქის ერთ-ერთ სოფელში, ფრონტის ხაზიდან მოშორებით მდებარეობს.

გათავისუფლებულებს შორის ერთი სამხედრო მოსამსახურეა, ერთი კი – პოლიციის მაღალჩინოსანი. დანარჩენი სამი მოქალაქეა, რომელთა სანაცვლოდაც რუსები მათი ნათესავებისგან ფულს ითხოვდნენ.

დაზვერვის ინფორმაციით, ტყვეებს სცემდნენ და ელექტროშოკით აწამებდნენ.

ანდრეი, რომელიც სამხედროა, ანტონოვსკის ხიდზე ბრძოლისას დაიჭრა. მას ხერსონელები ორი თვის განმავლობაში მალავდნენ, თუმცა როდესაც ანდრეიმ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა დააპირა, ის შეიპყრეს და ციხეში გაუშვეს.

რაც შეეხება პოლიციელს, უკრაინული მედიის ცნობით, ის საკუთარ ვინაობას არ ასახელებს, რადგან მისი ოჯახი ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება. მხოლოდ ჰყვება იმას, რომ რუსებისგან თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო, თუმცა უარის თქმის შემდეგ ის გაიტაცეს და დანარჩენ ოთხ ტყვესთან ერთად ციხეში მოხვდა.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსები მოულოდნელი სპეცოპერაციისთვის მზად არ აღმოჩნდნენ.

მთავარი ფოტო: უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმის წევრი/ფოტო:სამხედრო დაზვერვა

47-მდე გაიზარდა სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დონეცკის ოლქში

დონეცკის ოლქში, ქალაქ ჩასივ იარში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა.

უკრაინის სამაშველო სამსახურის 13 ივლისის დილის მონაცემებით, ჩასივ იარში, ხუთსართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან 47 ადამიანის ცხედარი გამოიტანეს, მათ შორის 9 წლის ბავშვის.

მაშველებმა ნანგრევებიდან 9 ადამიანის ცოცხლად გამოყვანა შეძლეს.

ქალაქ ჩასივ იარში კორპუსს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გასროლილი რაკეტები 9 ივლისს, ღამით მოხვდა.

_________

ფოტო: უკრაინის სამაშველო სამსახური

უკრაინაში ოლიგარქების რეესტრი შეიქმნა – დანილოვი

ოლიგარქების რეესტრი მზადაა, თუმცა მასში ჯერჯერობით არავინ შეუყვანიათ – ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, დღეისთვის ხელისუფლება ვერავის დაასახელებს ოლიგარქად, რადგან ჯერ კიდევ გროვდება ინფორმაცია ყველა შესაძლო კანდიდატზე.

„პროცესი მიდის, თვითონ რეესტრი მზადაა, გადაწყვეტილებაც მიღებულია. ინსტიტუციები, რომლებსაც უფლება აქვთ რეესტრში შესაყვანად კანდიდატი წარადგინონ, დოკუმენტებზე მუშაობენ“, – აღნიშნავს დანილოვი.

ის დასძენს, რომ სწორედ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო განსაზღვრავს, თუ ვინაა ოლიგარქი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 ივნისს აამოქმედა გადაწყვეტილება ოლიგარქთა რეესტრის შექმნაზე.

2 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა რადაში შეიტანა კანონპროექტი ოლიგარქების შესახებ, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილებას პირის ოლიგარქად ცნობაზე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო იღებს.

უკრაინული მედიის ცნობით, კანონპროექტი ოლიგარქის ცნებას ასე განსაზღვრავს: ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც ერთდროულად: მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში; მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და ეკონომიკურ სფეროზე.

პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობად განიხილება მაღალი თანამდებობის დაკავება, უშუალო კავშირი მაღალჩინოსნებთან, პარტიის პირდაპირი ხელმძღვანელობა ან მისი დაფინანსება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კონტროლი.

ბიზნესის კონტროლში იგულისხმება მონოპოლიური საწარმოების ფლობა და აქტივები, რომელთა ღირებულებაც აღემატება 1 მილიონი ადამიანის საცხოვრებელ მინიმუმს (2,27 მილიარდ გრივნას, რაც დაახლოებით 84 მილიონი დოლარია).

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ რეესტრში შეყვანილ პირებს ეკრძალებათ:

  • პოლიტიკური პარტიების დაფინანსება პირდაპირ ან ირიბად;
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფლობა;
  • მსხვილი ობიექტების შეძენა პრივატიზაციის პროცესში.

ჯერ კიდევ მაისში ოლექსი დანილოვი აცხადებდა, რომ ოლიგარქად შესაძლოა 13 ადამიანი აღიარონ, თუმცა მათი ვინაობა არ დაუსახელებია.

გამოცემა Новое Время-ს რეიტინგის მიხედვით, უკრაინის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების სიაში შედიან: რინატ ახმეტოვი [აზოვსტალის მფლობელი], პეტრო პოროშენკო [ექსპრეზიდენტი] და ვიქტორ მედვედჩუკი [პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, რომელიც ომის დაწყებიდან მალევე უკრაინის სპეცსამსახურებმა დააკავა].

ორი დღის წინ უკრაინის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, მილიარდერმა რინატ ახმეტოვმა განაცხადა, რომ ის მედიაბიზნესიდან მიდის და უარს ამბობს საკუთარ მედიაჰოლდინგზე ქვეყნის სასარგებლოდ. მან თავისი გადაწყვეტილება ოლიგარქების შესახებ კანონით ახსნა. „როგორც უკრაინის ეკონომიკაში ყველაზე მსხვილ კერძო ინვესტორს, არაერთხელ მითქვამს, რომ არ ვიყავი, არ ვარ და არ ვიქნები ოლიგარქი,” – თქვა ახმეტოვმა.

მთავარი ფოტო: ოლექსი დანილოვი/nv.ua

ბათუმში დღეს ორ მისამართზე შეწყდება გაზი

კომპანია „სოკარის“ ცნობით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოების გამო დღეს, 13 ივლისს, 14:00 საათიდან 13 ივლისის 16:00 საათამდე ბათუმში გაზმომარაგება შეუწყდება ორ მისამართზე მცხოვრებ აბონენტებს.

ეს მისამართებია: ტბელ აბუსერიძის #73 და კობალაძის #15.

„სოკარის“ ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ბათუმში ისევ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 ივლისის 21 საათიდან 14 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი 
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

მაღალ მთაში:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი
  • ღამით:10 – 15 გრადუსი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში პერიოდულად იწვიმებს 21 ივლისამდე.

ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.

____________

ლავასოღლისთვის მიმართვის გამო „ქურდული სამყაროს“ 7 წევრი დააკავეს – ფინანსური დავები

შსს-მ 7 პირი დააკავა და საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი წარუდგინა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ან „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით. შსს ადასტურებს, რომ დაკავებული „ქურდული სამყაროს“ წევრები და კრიმინალური ავტორიტეტები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ.

ფინანსური დავების დროს „ქურდული სამყაროს“ წევრების მიმართვის ბრალდებით ბათუმში 7 პირი 17 ივნისს დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ამჯერად ბრალდებულებმა – გ.ნ.-მ და ვ.ა.-მ, ა.ჯ.-ის და რ. გ.-ს მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკაში მოიძიეს კლიენტი – მ. ქ., რომელმაც ლ.ა.-ს დავალებით მათგან შეიძინა დიდი რაოდენობით ოქროს ნივთი. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მონეტები ყალბი იყო. ლ.ა.-მ, ყალბ ოქროში გადახდილი ფულის უკან ამოღების მიზნით, დასახმარებლად მიმართა „კანონიერ ქურდ“ მინდია ლავასოღლს.

„მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავის „ქურდული სამყაროს” წესების მიხედვით გადაწყვეტის მიზნით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც მოდავე მხარეებთან, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და „ქურდული სამყაროს“ წევრებთან ერთად, პირადად და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“: მინდია ლავასოღლი, ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილი,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალდებულები აჭარაში, თბილისსა და რუსთავში დააკავეს.

დაკავებულია შ.მ. მეტსახელად „ჩიტო“, მ.ფ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ხოლო გ.ნ. და ვ.ა., ასევე გ.ც. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის.

„1960 წელს დაბადებული ა. ჯ. [მეტსახელად “კიკა”] და 1969 წელს დაბადებული რ. გ. კი, “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული.
რაც შეეხება 1977 წელს დაბადებულ თ. ფ.-ს და 1975 წელს დაბადებულ გ. თ.-ს, მათ „ქურდული სამყაროს” წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრორუსულ ადმინისტრაციებზე თავდასხმები რუსეთს დიდ პრობლემებს უქმნის – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ მომდევნო კვირაში რუსეთის ძალები ფოკუსირებული იქნებიან დონბასის რამდენიმე პატარა ქალაქის აღებაზე – მათ შორისაა სივერსკის, დოლინა სლოვიანსკისა და კრამატორსკის მისადგომებთან. უწყების ცნობით, სლოვიანსკისა და კრამატორსკის რაიონები, ოპერაციის არსებულ ფაზაში რუსეთისთვის კვლავაც პრინციპულ ამოცანებად რჩება.

13 ივლისის რელიზში, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მიუთითებს, რომ რუსეთი ყველა გზით ცდილობს უკრაინის სახელმწიფოს ლეგიტიმურობის შერყევას და საკუთარი მმართველობისა და ადმინისტრაციული კონტროლის გაძლიერებას ოკუპირებულ რაიონებში.

„სწორედ ამას ემსახურებოდა რუსეთის ახლანდელი ინიციატივა რუსული და უკრაინული ქალაქებისა და რეგიონების დამეგობრების შესახებ და ასევე, ბრძანება, რომლითაც კრემლმა უკრაინელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა“, – აღნიშნავს უწყება.

დაზვერვის შეფასებით, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ანტირუსული განწყობები ძლიერია, რაც რუსებსაც და მათ ადგილობრივ მხარდამჭერებსაც სამიზნეებად აქცევს.

„ველიკი ბურლუკში რუსების მიერ დანიშნულმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ მისი ერთ-ერთი მერი 2022 წლის 11 ივლისს ავტომანქანის აფეთქებისას დაიღუპა.

ოფიციალური პირების დევნა, სავარაუდოდ, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც თავის მხრივ, გაამძაფრებს რუსი ოკუპანტების წინაშე არსებულ სერიოზულ პრობლემებს და გაზრდის ზეწოლას ისედაც შემცირებულ სამხედრო და უსაფრთხოების ძალების ფორმირებებზე,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.

გუშინდელ რელიზში, უწყება რუსეთის არმიაში კადრების ნაკლებობაზე მიუთითებდა და ვარაუდობდა, რომ ამან შესაძლოა, რუსეთის თავდაცვა აიძულოს, სამხედროთა არატრადიციული დაკომპლექტების მეთოდს მიმართოს, მათ შორის, გამოიყვანოს პირადი შემადგენლობა ციხეებიდან.

მთავარი ფოტო: Anadolu Agency

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 13 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 37 570 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100]
  • ტანკი – 1 649 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 3 832 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 839 ერთეული [+1]
  • MLRS – 247 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 109 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 188 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 678 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 155 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 704 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 67 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 247 თვითმფრინავი
  • 137 ვერტმფრენი
  • 1 522 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 354 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 050 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 744 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 145 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 192 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

როგორ ცვლის „ჰაიმარსები“ ძალთა ბალანსს უკრაინის ომში

ეკატერინე II-ის ძეგლის ადგილას ოდესაში ამერიკელი პორნოვარსკვლავის ძეგლის დადგმას ითხოვენ

უკრაინის საზღვაო ქალაქ ოდესაში რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე მეორის ძეგლის ადგილას ამერიკელი პორნოვარსკვლავისა და მოდელის, ბილი ჰერინგტონის ძეგლის დადგმას ითხოვენ.

ასეთი პეტიცია პრეზიდენტის საიტზე 20 მაისს გაჩნდა და დღეისთვის უკვე 25 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. ახლა ის უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა განიხილოს.

პეტიციაში ნათქვამია, რომ ეკატერინე მეორემ თავისი ქმედებებით დიდი ზიანი მიაყენა უკრაინულ სახელმწიფოსა და კულტურას და მისი ძეგლის დადგმა დიდი შეცდომა იყო.

„მისი არსებობა მომავალშიც ნიშნავს, რომ ოდესა რუსეთის კულტურული გავლენის სფეროში რჩება. დროა, ეს შეიცვალოს“, – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიცია უკრაინის პრეზიდენტის საიტზე/petition.president.gov.ua

პეტიციის ავტორები ხელისუფლებას სთავაზობენ, მოედანზე დაიდგას ბილი ჰერინგტონის ძეგლი – როგორ ზის მსახიობი ბართან ლუდის ბოთლით ხელში.

როგორც პეტიციაშია აღნიშნული, ამ მონუმენტით უკრაინული მხარე ყველას უჩვენებს, რომ ოდესა რუსული კულტურის ნაწილი არ არის, მას აქვს თავისი კულტურა, აქვს იუმორის გრძნობა და ამავე დროს, მხარდაჭერის ძალიან ცხად მესიჯს გაუგზავნის ლგბტქ საზოგადოებას, რადგან ბილი ჰერინგტონი ცნობილი იყო გეი ფილმებში მონაწილეობით.

მსახიობი 2018 წელს, 48 წლის ასაკში, ავტოავარიაში დაიღუპა.

„ოდესის დამაარსებელთა მონუმენტი“, – ასე უწოდებენ ეკატერინე მეორისა და მისი კომპანიონების ძეგლს, რომელიც ოდესაში 1900 წელს დადგეს. 1920 წელს, საბჭოთა სოციალისტური რევოლუციის შემდეგ, კომუნისტურმა მთავრობამ მონუმენტი დაშალა. ის 2007 წელს ოდესელი ბიზნესმენის, რუსლან ტარპანის ოჯახის ხარჯებით აღადგინეს.

მანამდე კიევში ამერიკის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ძეგლის დადგმა მოითხოვეს. პეტიციაში, რომელიც კიევის საკრებულოს საიტზე გაჩნდა, ნათქვამი იყო, რომ „რეიგანის ძეგლი იქნება ისეთი ღირებულებების სიმბოლო, როგორებიცაა თავისუფლება და ღირსება.“

რა შეიცვლება ჩეჩნებისთვის, თუ უკრაინა იჩქერიის სუვერინეტეტს აღიარებს – ინტერვიუ

„ამან შესაძლოა გარკვეულწილად გაათამამოს ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობა და შესაძლოა ამ აღიარებით შთაგონებულმა ახალგაზრდების ნაწილმა დაიწყოს წინააღმდეგობის მოძრაობა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე,“ – მიიჩნევს კავკასიოლოგი ალექსანდრე კვახაძე, რომელსაც ვკითხეთ, რა შეიცვლება ჩეჩნეთში, რუსეთისთვის და კავკასიაში იჩქერიის სუვერენიტეტის აღიარებით?

დღეს, 12 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის რადაში კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რაც იჩქერიის რესპუბლიკის სუვერენიტეტი ოფიციალურად ცნობას ითვალისწინებს.

იჩქერია ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკა იყო, რომელიც აერთიანებდა ჩეჩნეთსა და ინგუშეთს და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ცდილობდა, თუმცა რუსეთის ფედერაციამ შეძლო მისი ლიდერების ლიკვიდაცია ან ქვეყნიდან გაძევება.

„ბათუმელებმა“ კავკასიოლოგ ალექსანდრე კვახაძეს რამდენიმე კითხვა სოციალური ქსელით დაუსვა. ის ამჟამად ლონდონშია და ბერმინგემის უნივერსიტეტის დოქტორანტია.

  • ბატონო ალექსანდრე, თქვენი აზრით, რატომ მოინდომა ამ ეტაპზე უკრაინამ იჩქერიის სუვერენიტეტის აღიარება, რა იცვლება ამით უკრაინისთვის? 

ამ საკითხის გააქტიურებას ევროპის ქვეყნებში მყოფი ჩეჩნები, სხვადასხვა ჯგუფი ცდილობდა. ისინი ეწინააღმდეგებიან კადიროვის რეჟიმს და სურთ ჩეჩნეთის რუსეთისგან გათავისუფლება. ამ შემთხვევაში ამას დაემთხვა უკრაინის ვითარება, როცა მას დასაკარგავი არაფერი აქვს – რუსეთი არ ცნობს უკრაინის არსებობის უფლებას და, შესაბამისად, უკრაინაც, უფრო ღიაა ასეთი ტიპის ურთიერთობისთვის.

უკრაინა ამ გზით ცდილობს, გაიჩინოს დამატებით მოკავშირეები რუსეთის ტერიტორიაზე. ზოგადად ჩეჩნები, მათ შორის, საჯარო მოხელეები, რაც არ უნდა ანგარიშვალდებული იყვნენ კადიროვთან, პირად საუბრებში არცერთი არ უყურებს რუსეთს დადებითად. ჩეჩნეთში არ არსებობს ოჯახი, საიდანაც ვინმე არ მომკვდარა ჩეჩნეთის ომში, მათ შორის, ქალები და ბავშვები. ამიტომაც, შუღლი და ანტაგონიზმი რუსების წინააღმდეგ ჩეჩნეთში დიდია და უკრაინა ცდილობს ამის სათანადოდ გამოყენებას.

  • რას შეცვლის ჩეჩნეთის აღიარება კავკასიის რეგიონში? 

უკრაინას დიდი სურვილი აქვს კავკასიის საკითხის აქტუალიზაციის, თუმცა, ჩემი აზრით, მას არ აქვს შესაბამისი ცოდნა. მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში პირიქითაა: კავკასიურ პოლიტიკაში გვაქვს ცოდნა, მაგრამ არ არსებობს პოლიტიკური ნება. ჩემი აზრით, უკრაინა ცდილობს გზადაგზა, პროცესში გაერკვეს.

აღიარებისთვის არსებობს საერთაშორისო საკანონმდებლო პროცედურები, მაგრამ ჩეჩნეთთან დაკავშირებით არსებითად სამი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პროცესს: პირველია ის, რომ ფიზიკურად ჩეჩნეთს თავიდან ბოლომდე აკონტროლებს კადიროვი. იქ არაა ტერიტორია, რომელსაც იჩქერიის ხელისუფლება აკონტროლებს. გამოდის, რომ აღიარებული ხელისუფლება, ასეთის დაშვების შემთხვევაში, იქნება დევნილობაში.

მეორე ფაქტორია ის, რომ ჩეჩნურ დიასპორაში რამდენიმე ჯგუფია, რომლებიც თავს აცხადებენ ჯოხარ დუდაევის და ასლან მასხადოვის იჩქერიის ლეგიტიმურ მემკვიდრედ. მათ შორის არის გარკვეული შიდა დაპირისპირება და აღიარების შემთხვევაში, ჩნდება კითხვა: ამ ჯგუფებიდან რომელი უნდა გახდეს ლეგიტიმური წარმომადგენელი? აქ დამატებითი შიდა ბრძოლების მომსწრე შესაძლოა გავხდეთ ჩეჩნურ წინააღმდეგობრივ მოძრაობაში.

მესამე ფაქტორია ის, რომ ორი სხვადასხვა შეხედულება არსებობს ჩეჩნეთის სამომავლო მოწყობის შესახებ: პირველია „ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია“, მაგრამ მეორე ჯგუფი ემხრობა კავკასიის საამიროს, რაც გულისხმობს ერთიანი კავკასიური, შარიათით მართული სახელმწიფოს შექმნას, დაახლოებით ისეთის, როგორიც არის დღეს ავღანეთში თალიბანის მეთაურობით. ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს არ ცნობს.

  • რა იცვლება იჩქერიის აღიარების შემთხვევაში რუსეთისთვის? 

პირველ ეტაპზე, ამან შესაძლოა რუსეთისთვის არაფერი შეცვალოს, თუმცა შესაძლოა გარკვეულწილად გაათამამოს ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობა: შესაძლოა ამ აღიარებით შთაგონებულმა ახალგაზრდების ნაწილმა დაიწყოს წინააღმდეგობის მოძრაობა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. დღეს იქ მსგავსი არაფერი ხდება.

aleko
ალექსანდრე კვახაძე

___

ამავე თემაზე:

სლავური ერების გაერთიანებას, რუსიზმს უკრაინელები არასოდეს შეეგუებიან – დუდაევი რუსეთის გეგმებზე I ფოტო

„იმ სკოლაში მივხვდი, რას ნიშნავს იყო უარყოფილი“ – მასწავლებელი ეროვნული ჯილდოს ათეულიდან

„ერთმა ადამიანმა მითხრა, როცა გაკვეთილზე შეხვალ, ყველა მოსწავლის თვალის ფერი დაიმახსოვრეო. ვფიქრობდი, რატომ-მეთქი, შემდეგ მივხვდი, რას გულისხმობდა. ბავშვის შინაგანი სამყარო უნდა დამენახა და აღმომეჩინა მისი საჭიროებები“, – გვითხრა კახა გალდავამ, სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის ისტორიის წამყვანმა მასწავლებელმა, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია.

„ბათუმელებთან“ მასწავლებელი საუბრობს უარყოფილი ბავშვების შესახებ, იმ სირთულეებსა და ნდობაზე, რაზეც, მისი აზრით, სწავლა-სწავლების პროცესია დამყარებული.

  • ბატონო კახა, როდის დაიწყეთ სკოლაში მუშაობა, როგორ გახსენდებათ ეს ამბავი?

უნივერსიტეტი 2007 წელს დავამთავრე და 2008-ში სოფელ ღანირის სკოლაში დავიწყე მუშაობა. ეს ჩემი სოფელია, სადაც ცნობილი მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, ლია ელიავა და ჯემალ ღაღანიძე დაიბადნენ. ორი წელი ვიმუშავე ამ სკოლაში.

პარალელურად, ინგლისურისა და კომპიუტერული მეცნიერებების სწავლების ცენტრი მქონდა და პედაგოგებს ვამზადებდი „ისტში“. ამ დროს 22 წლის ვიყავი.

როდესაც სკოლაში მივედი, ფიზიკის ჩემმა მასწავლებელმა მითხრა, დღეს როგორ გაკვეთილსაც ჩაატარებ, ჩათვალე, რომ მთელი ცხოვრება ასეთი გაკვეთილი გექნებაო. რაღაცნაირად ჩამრჩა გონებაში, რადგან მაინც საბჭოთა ეპოქაგამოვლილი ბავშვი ვიყავი და ჩემს წარმოდგენაში გაკვეთილი იყო კლასი, სადაც მოსწავლე გაუნძრევლად იჯდა მერხთან, არ შეიძლებოდა ბავშვთან ერთად სადმე წასულიყო მასწავლებელი, თუნდაც გასართობად და ასე შემდეგ. იმ დღეს, ვფიქრობ, კარგი გაკვეთილი გამომივიდა და მადლობა ღმერთს, არაფერი დარჩა ჩემში საბჭოური წარმოდგენებიდან.

  • თქვენ შესახებ წავიკითხე, „ყველა სტერეოტიპის მსხვრევა დაიწყოო“. რა ტიპის სტერეოტიპებთან მოგიწიათ შეჯახება და როგორ გაუმკლავდით?

თუნდაც ის, რომ არასდროს მქონია სტანდარტული გაკვეთილი. ერთხელ ერთმა მოსწავლემ მითხრა, ადრე თუ გვიან, ან თქვენ გაგაგდებენ სკოლიდან, ან ჩვენო, რადგან ჩემს გაკვეთილზე სულ ხმაური იყო. რა თქმა უნდა, ხმაური აქტივობებით იყო გამოწვეული.

ერთ-ერთი ასეთი აქტივობა იყო „ელექტროსადგური“. ძალიან ხმაურიანი იყო, რადგან შეიძლება მერხი აგეყირავებინა, სკამები შემოგედო ერთმანეთზე, თოკები უნდა გადაგეხლართა მთელ კლასში და ასე შემდეგ. ამას ისეთი რეზონანსი მოჰყვა, ერთხელ დირექტორმაც შემოაღო კარი და დარჩა – ვნახო ერთი რას აკეთებთო.

  • რისი სიმბოლოა „ელექტროსადგური“, რას აკეთებდით აქ?

„ელექტროსადგური“ თოკებითაა დახლართული, ამ თოკებზე კი დაკეცილი ქაღალდებია ჩამოკიდებული, სადაც კონკრეტული პრობლემები წერია.

ერთი ჯგუფი ქმნის პრობლემას, მეორე – ავარიას, ანუ შემოდის და ჭრის ნებისმიერ თოკს, რომელიც ვარდება ძირს, მესამე, საავარიო ჯგუფი კი, მოდის და ამ პრობლემის გადაჭრის გზას ეძებს.

  • თქვენ რა პრობლემები გადაჭერით?

სამტრედიის სკოლაში როცა გადმოვედი მასწავლებლად, ისტორიის გარდა სამოქალაქო განათლებასაც ვასწავლიდი და ბევრი აქტუალური თემა შემოდის ამ საგანში. გვიწევს მსჯელობა ოჯახში ძალადობის თემაზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ბულინგზე, კონფლიქტის სხვადასხვა ფორმაზე და ასე შემდეგ.

შესაბამისად, საგნების ინტეგრაციას როცა ვაკეთებდი, ისტორიასთან პარალელებში  ვცდილობდი განგვეხილა ეს საკითხები. იგივე გენდერულ თანასწორობაზე მსჯელობისას მოგვყავს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო ისტორიიდან მაგალითები და ვმსჯელობთ პრობლემაზე.

ევროპასთან, ნატოსთან ინტეგრაციის საკითხები როცა იდგა, „ნატოს სამიტი“ მოვაწყვეთ კლასში და ვიმსჯელეთ საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხზე. იმაზე, რა პრობლემები შეიძლება წამოჭრილიყო ამ გზაზე და როგორ უნდა გადაგვეჭრა.

არ მახსოვს გაკვეთილი, სადაც ხმის აწევა და „გაჩერდის“ თქმა დამჭირდა, იმიტომ, რომ ნებისმიერი გაკვეთილი თანამშრომლობის პრინციპზე მაქვს აგებული. ჩემს მოსწავლეებს ვეუბნები ხოლმე, შეგიძლიათ მითხრათ, რა არ მოგწონთ ჩემში. ჯანსაღი კრიტიკა კარგია. მოსწავლეებს ზოგადად არასდროს ეკითხებიან ხოლმე რა მოსწონთ მათ და ეს არის ჩვენი სისტემის პრობლემა.

როგორც ჩვენ, მასწავლებლები, ვაძლევთ განმავითარებელ შეფასებას ბავშვებს, ასე გვჭირდება ჩვენც უკუკავშირი.

ადრე სწრაფად ვლაპარაკობდი ხოლმე და ამაზე მომცეს შენიშვნა მოსწავლეებმა. ეს იმდენად ორგანული იყო ჩემთვის, რომ არ მწყენია, ბუნებრივია და საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე.

ასევე, მეუბნებოდნენ, რომ კარგი იქნება, თუ გაკვეთილების შემდეგაც გექნებათ ჩვენთვის დროო. ვგეგმავდით ექსკურსიებს და დღემდე მახსოვს მათთან ერთად სამცხე-ჯავახეთში, უშგულში გატარებული საინტერესო დღეები.

  • კიდევ ჰქონდთ რამე შენიშვნა?

ბავშვებს არა. ძალიან მიყვარს კედები და ადრე სულ მაგაზე მაძლევდა ხოლმე დირექტორი შენიშვნას, რომ სკოლაში არ შეიძლება კედებით და გაცრეცილი ჯინსებით იარო, ან რაღაც მაისურებით მოხვიდე, იქნებ ჩაცმა მოაწესრიგოო. მაგრამ ბავშვებს მოსწონთ, ასე რომ ვიცვამ და ეს არის მთავარი.

  • როცა ბავშვებს საგაკვეთილო სივრცის მიღმაც აქვთ ურთიერთობის სურვილი, ეს ნიშნავს იმას, რომ კარგი მასწავლებელი ხართ?

ვფიქრობ, კი. მახსოვს, ერთხელ მშობელი მოვიდა და მთხოვა მის შვილს დავლაპარაკებოდი. ჩვენ ვერ მოვაგვარეთ მასთან ურთიერთობა და იქნებ დაგვეხმაროო. მარტივად გამომივიდა, რადგან დავსხედით და გულახდილად ვისაუბრეთ. შემდეგ ისეთი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა, რომ სტუმრადაც კი მოდიოდა ჩემთან. ნებისმიერ სივრცეში შეგვეძლო გვესაუბრა და მოგვესმინა მისთვის.

კახა გალდავა

ძალიან მიყვარს წერა, ორი წელია ხატვაც დავიწყე და სულ ველაპარაკები ხოლმე მათ ხელოვნებაზე, მწერლობაზე, ისტორიაზე. სულ ვამბობ ხოლმე, რა კარგია, რომ ბავშვებთან მაქვს შეხება, რადგან ძალიან სუფთა გონება აქვთ, ჯანსაღი ღირებულებები. ვფიქრობ, ძალიან მაგარი თაობა მოდის. ისეთი ხედვები და ინტერესები აქვთ, განვითარების ისეთი პოტენციალი, რომ ამ თაობას ნამდვილად შეუძლია თავისი სათქმელი თქვას.

იგივე ევროპის თემა რომ ავიღოთ, ძალიან პროგრესული დამოკიდებულებები აქვთ. პირველ რიგში, შეუძლიათ იმის აღიარება, რომ განსხვავებულობა ნორმაა. მაღალი მიმღებლობა აქვთ განსხვავებული ადამიანების, განსხვავებული ორიენტაციის, განსხვავებული რელიგიური შეხედულებების და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

  • როცა ამბობთ, რომ ადვილად პოულობთ საერთო ენას ბავშვებთან, ეს ნდობის ფაქტორია ხომ?! როგორ მიიღწევა ნდობა?

ნდობას იწვევს აღიარება – აღიარების პრობლემა აქვს ძალიან ბევრ ადამიანს, ზოგადად. აღიარებაში ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანებს არ შეგვიძლია სხვისი წარმატების დანახვა და შემდეგ აღიარება. გაჯერებული ვართ სტერეოტიპებით.

მაგალითად, „ეს ექიმის შვილია და ნიშანი უნდა დაუწერო“ – გეუბნებიან, მე კი ვამბობ – „რატომ უნდა დავუწერო იმის გამო, რომ ექიმის შვილია?“ მე მოსწავლის უნარებს ვაფასებ და არა მის წარმომავლობას. ან ვიღაცის მშობელი მერიაში რომ მუშაობს, მე ეს საერთოდ არ მაინტერესებს. ასეთ დათმობებზე არასდროს მივდივარ, რადგან არ მაქვს ბავშვებთან ურთიერთობის და გაგების პრობლემა.

მასწავლებლობას იმიტომ ადარებენ ხელოვნებას, რომ მას თაობები შეუძლია დაღუპოს ან გადაარჩინოს. ყველა წუთი, ყველა წამი, რომელსაც ამ ბავშვებთან ვატარებთ, აუცილებლად უნდა იყოს გაიგივებული ხელოვნებასთან და აუცილებლად პასუხისმგებლობით უნდა იყოს გააზრებული. როცა მოსწავლე ხედავს, რომ მისთვის ბოლომდე იხარჯები და მხოლოდ ის არ გაინტერესებს, რა ისწავლა ისტორიაში, ნდობაც მეტია და შედეგიც.

ერთხელ ერთმა ტრენერმა მითხრა, როცა გაკვეთილზე შეხვალ, ყველა მოსწავლის თვალის ფერი დაიმახსოვრეო. ვფიქრობდი, რატომ-მეთქი. შემდეგ მივხვდი რას გულისხმობდა – ბავშვის შინაგანი სამყარო უნდა დამენახა და აღმომეჩინა მისი საჭიროებები.

ზოგჯერ გგონია, რომ ბავშვები კარგად გრძნობენ თავს, თუ მატერიალურად უზრუნველყოფილები არიან, მაგრამ ასე არ არის. ერთი შემთხვევა მახსენდება, რამდენიმე წლის წინ ჩემს მეშვიდეკლასელ გოგონას წიგნი ვთხოვე. მისი მშობლები დაშორებულები იყვნენ, დედა ემიგრაციაში იყო.

საღამოს წიგნი რომ გადავშალე, იქიდან დაკეცილი ფურცელი გადმოვარდა. საკმაოდ გრძელი ლექსი ეწერა. მეშვიდეკლასელი გოგო წერდა, როცა დავამთავრებ სკოლას, მეცმევა საუკეთესო კაბა და ფეხსაცმელი, მაგრამ მერჩივნა ვყოფილიყავი ფეხშიშველი, ოღონდ შენი მზერა გამყოლოდაო. დედას გეფიცებით, დავჯექი და ვიტირე. იმიტომ, რომ მივხვდი, მოსწავლე არ უნდა დამენახა მხოლოდ იმ მოცემულობით, რასაც ვიზუალურად ვხედავთ. ეგზიუპერი ამბობდა: „უმთავრესია ის, რასაც თვალებით ვერ დაინახავ“ და მეც ზუსტად ამას დავუწყე ძებნა. იმას, რასაც ვიზუალურად ვერ ვხედავდი.

ამ ყველაფერმა მომცა ის, რამაც ძალიან დამაახლოვა ბავშვებთან. ასე მგონია, ჩემს საკუთარ შვილებსაც კი ვერ ვუთმობ იმდენ დროს, რამდენსაც მოსწავლეებს.

  • როგორც ვიცით, სამტრედიის მე-15 სკოლაშიც მუშაობდით, სადაც რთული ქცევის და კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებსაც ასწავლიდით. რა გასწავლათ მათთან ურთიერთობამ, შეცვალეთ რამე ამ ბავშვების ცხოვრებაში?

2013 წელს მივედი ამ სკოლაში სამუშაოდ, დირექტორმა მთხოვა და ვიფიქრე – რატომაც არა. თუმცა, რაც პირველივე დღეებში ვნახე, გულახდილად გეტყვით, სტრესში ვიყავი მთელი ერთი თვე, არ ვიცოდი სად წავსულიყავი, ვფიქრობდი, რომ შეცდომა დავუშვი. იმიტომ, რომ ეს იყო ადგილი, პირდაპირ გეტყვით, ბოლო გაჩერება ამ ბავშვებისთვის.

აქ მოდიოდნენ ბავშვები, რომლებმაც ვერსად იპოვეს ადგილი მთელ საქართველოში. გამოვლილი ჰქონდათ ბავშვთა სახლები, მინდობით აღზრდა, 14 წლის იყო ზოგიერთი და უკვე პრობაციონერი, აქ იყვნენ ბავშვები, რომლებიც არც მშობლებს სურდათ და არც საზოგადოებას. აქ მივხვდი პირველად, რას ნიშნავს იყო უარყოფილი.

ზუსტად სამი თვის მერე დამიძახა დირექტორმა და მკითხა ჩემს შთაბეჭდილებებზე. მე ვუთხარი, არ ვიცი, ბავშვები შეიცვალნენ, თუ უკვე მე აღვიქვამ მათ საქციელს ნორმად-მეთქი. მართლა ისე შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება, რომ ეს ბავშვები სახლშიც კი დამყავდა. საახალწლო სუფრაზე დავპატიჟე, ღამითაც კი რჩებოდნენ. იყო შემთხვევები, როცა არც ერთ გაკვეთილზე არ შედიოდნენ, მაგრამ მოდიოდნენ ჩემს გაკვეთილზე.

კახა გალდავა

გარე-დაკვირვება გავიარე ამ ბავშვებთან, როდესაც სტატუსი ავიმაღლე და წამყვანი მასწავლებელი გავხდი. იცით, როგორ რთულ ქცევაზე ვსაუბრობ? როცა ბავშვს შეეძლო ამდგარიყო გაკვეთილზე ფეხზე და 45 წუთი წრეზე ევლო კლასში. აი, ასეთი ქცევის ბავშვებთან ჩავატარე გაკვეთილი, სადაც ერთი წყვეტაც კი არ მქონია აქტივობებს შორის.

დღემდე, როცა მირეკავს ის მოსწავლე, მეუბნება ხოლმე – „კახა მასწ, აბა მითხარი, ვინ იყო უკანასკნელი მსხვერპლი პირველ მსოფლიო ომში?“ და როცა სახელსაც მეტყვის იმ ადამიანის და წარმომავლობას, ვხვდები, როგორ ჩაიბეჭდა მის გონებაში ეს გაკვეთილი.

7 წელი ვიმუშავე ამ სკოლაში და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთ ბავშვთან კონფლიქტი არ მქონია, ჩემი გაკვეთილიდან არც ერთი მოსწავლე არ წასულა.

  • თქვენ ამბობთ, რომ ეს ბავშვები უარყოფილნი იყვნენ. როგორ ფიქრობთ, რატომ მივიდა მათი ცხოვრება აქამდე, როგორია მათი ცხოვრების ისტორია?

მე მაქვს ძალიან საინტერესო დოკუმენტი, რომლის გასაჯაროებაზე უფლების მოპოვებასაც ველოდები.

მაშინ მომიყვა ერთი მოსწავლე თავის ისტორიას, 39 გვერდია. მახსოვს, გურამ ოდიშარიასაც გავუგზავნე წასაკითხად, კულტურის მინისტრი რომ იყო და მითხრა, რომ აუცილებლად უნდა ეხილა მზის სინათლე ამ ჩანაწერებს. სათაურიც მაქვს უკვე წიგნისთვის – „ხმა, რომელიც ჭაობის პირას ჩაიკარგა“. ასე ვარქმევ და მინდა მალე გამოვუშვა.

ერთმა ბავშვმა მითხრა, არ დარჩენილა საქართველოში არც ერთი დაწესებულება, სადაც არ ვყოფილვარ, მე არც დედა ვიცი ვინ არის, არც მამაო. ვიღაცას უთქვამს მისთვის, დედაშენი უცხოეთშია წასულიო. ამბობდა, ერთადერთი ოცნება მაქვს, ვიპოვო დედაჩემი, საყელოთი დავიჭირო, ვაიძულო, თვალებში ჩამხედოს და ვუთხრა – „რატომ გამაჩინე, რა დაგიშავე“.

ბავშვები მიყვებოდნენ, როგორ ექცეოდა მამა დედას, შემდეგ როგორ გამოაგდო მამამ სახლიდან და ამ ყველაფრის მონაწილე იყვნენ ისინი. ძალიან ბევრი და მტკივნეული ისტორია მაქვს მოსმენილი.

როცა გაკვეთილზე ყოფნა არ სურდათ, ფილმებს ვუყურებდით. ყოველთვის მქონდა ხოლმე მიზნობრივი შინაარსის ფილმი, რომელიც მათ საჭიროებებთან იყო ახლოს. მაგალითად: „თავისუფლების მწერლები“, „ნაწილები“ და ასე შემდეგ. მათი ასაკისთვის დამახასიათებელი ფილმებია, ვუყურებდით და შემდეგ ვარჩევდით.

თავიდან მათთან ნებისმიერ თემაზე დავიწყე საუბარი. როცა მიხვდნენ, რომ პირად ისტორიებსაც ვუყვებოდი, მათაც გაუჩნდათ მოყოლის სურვილი. ერთ დღესაც გადავწყვიტეთ, რომ არაფორმალურ გარემოში დავმსხდარიყავით და მოგვეყოლა ისეთი რამ, რაც არ ვიცოდით ერთმანეთის შესახებ.

  • დავუშვათ, ამ ბავშვებს არ გაუმართლათ პირად ცხოვრებაში, ასეთ დროს ხომ ვამბობთ, რომ სკოლამ უნდა შეუვსოს ბავშვს დანაკლისი. სად იყო სკოლა, რატომ ვერ შეძლო ამ ბავშვების ტკივილის შემსუბუქება?

ვფიქრობ, სკოლამ ეს მოახერხა. ჩვენ შევძელით. გული მწყდება, რომ ეს სკოლა უკვე დაიხურა, რადგან მან მართლა შეცვალა ბევრი ბავშვის ცხოვრება.

  • ეს, ალბათ, თქვენ შემთხვევაში?

იცით, ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც ყოველ დღე ვსხდებოდით და ერთმანეთს ვეკითხებოდით – რით შეგვიძლია ამ ბავშვებს დავეხმაროთ? ყველასი ვერა, მაგრამ რამდენიმე ბავშვის ცხოვრება მართლაც შეცვალეთ. ზოგი ჩვენს რაიონში ბარმენად დასაქმდა, ზოგი მიმტანია, ზოგი ავტოსამრეცხაოში მუშაობს, ზოგი სხვა ქალაქში წავიდა და ვფიქრობ, რომ ჩვენ მათი სიცოცხლე გადავარჩინეთ.

აქ იყვნენ ბავშვები, რომლებიც მიტოვებული ჰყავდათ ოჯახის წევრებს. მახსოვს, ერთი პატარა ბიჭი წავიყვანეთ მე და ჩემმა კოლეგამ სახლში, როცა ძმამ 6 თვე არ მოაკითხა.

„რა ჯანდაბისთვის მომითრიეთ ეს აქო“- გვითხრა ამ ბიჭის ძმამ, როცა დაგვინახა. ისეთი აცრემლებული თვალები ჰქონდა ამ ბავშვს,  შევცბი და ძმას ვუთხარი, რომ ასე არ შეიძლებოდა. დაიტოვა, თუმცა რამდენიმე დღეში უკან დავაბრუნეთ, რეალურად ოჯახს არ უნდოდა ეს ბავშვი. მშობლები აღარ ჰყავდა და ძმა მასზე აღარ ზრუნავდა.

22-ში პრეზენტაცია მაქვს თბილისში და აუცილებლად ვილაპარაკებ ამ გადარჩენილი ბავშვების შესახებ.

  • როგორც ვიცი, დღიურსაც აწარმოებდით, სადაც თქვენი მოსწავლეების ხასიათს, შეხედულებებს და ემოციებს იწერდით.

დიახ, ეს ძალიან დამეხმარა შემდგომ ამ ბავშვებთან ურთიერთობაში. ამ ყველაფერმა მათი ინდივიდუალური საჭიროებები დამანახა და ადვილად ვხვდებოდი, ვისთან რა ინტერვენცია მჭირდებოდა. ისინიც გრძნობდნენ ამას და მეუბნებოდნენ ხოლმე, მასწავლებელო, ყოველთვის როგორ ხვდები ჩვენ რა გვინდა და რა გვჭირდებაო.

  • მოდით, დავუბრუნდეთ ისტორიის გაკვეთილებს, რა ისწავლეს თქვენმა მოსწავლეებმა თქვენი საგნით?

ვფიქრობ, ყველა საგნის ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ ისტორიის უსწავლელობა ბავშვს არ ეპატიება, იმიტომ, რომ შენი ქვეყნის წარსულის ცოდნაზეა დამოკიდებული უკეთესი აწმყოც და მომავალიც.

ისტორიის სწავლება, ვფიქრობ, კარგია პირადი მაგალითებით. იქნება ეს მეფეები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები თუ სხვა. მიყვარს ასევე ფილმებით სწავლებაც. სწავლებაში ვიშველიებ როგორც მხატვრულ, ასევე დოკუმენტურ ფილმებს.

იგივე გენდერულ თანასწორობაზე როცა ვსაუბრობდით, მომყავდა თამარ მეფის, ჟანა დარკის, ელიზაბეტ პირველის, დედოფალ ვიქტორიას და სხვა ბევრი ცნობილი ქალის მაგალითი.

„ევროპა ჩემს გაკვეთილზე“ – ასეთი გაკვეთილიც ჩავატარეთ, სადაც ვაჩვენე კონკრეტული ფაქტებით, რომ ქართულ-ევროპული ურთიერთობები დღეს არ დაწყებულა და ამას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომ ჩვენ ყოველთვის გვქონდა ევროპული ხედვები. მოვუყევი ფარსმან მეფის შესახებ, მისი საოცარი მხედრული შერკინება, რომლის ძეგლიც კი დადგეს რომში. სულხან საბას მოგზაურობა ევროპაში და ბევრი სხვა ფაქტი, რომელიც აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ხედვები ყოველთვის იყო ევროპაზე სწორება და არასდროს გვქონია გეზი ჩრდილოეთისკენ, ეს იყო იძულებითი.

ევროპული ღირებულებებია ის ფუნდამენტი, რომელზეც ჩვენი სახელმწიფო უნდა დადგეს და გააგრძელოს წინსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ განვითარების პრეტენზია ვერ გვექნება და ვერც განვვითარდებით. ევროპა არ არის წარმოსახვითი სივრცე, სადაც მხოლოდ იმოგზაურებ ან სამუშაოდ წახვალ, ეს არის კულტურის ცენტრი, რომლის შეთავსებაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

  • რუსეთზე მინდა გკითხოთ, დღემდე საჯილდაო ქვად რჩება ეს თემა. ბავშვებს თუ მიაჩნიათ რუსეთი მტრულ ქვეყნად, მიიჩნევენ მას ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფრთხედ?

მე ზუსტად ვიცი, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარი არ არის და მტერია, მაგრამ ვცდილობ, ფაქტები ვასწავლო ბავშვებს, რომ შემდეგ თავად გააკეთონ ანალიზი და თავად შეაფასონ. ვფიქრობ, ადეკვატური შეფასებები აქვთ მოსწავლეებს.

ერთ-ერთი კომპლექსური დავალება ერეკლე მეორესთან დაკავშირებით იყო. სულ მახსენდება ამასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი. ვფიქრობ, ერეკლე არ იყო პრორუსი ადამიანი, რადგან მთელი თავისი სიცოცხლე შეალია თავისუფლებისთვის ბრძოლას.

რა მოცემულობამ აიძულა ერეკლე, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, ჰქონდა თუ არა მას სხვა არჩევანი – ამ კითხვებზე ფაქტებით უნდა გასცეს მოსწავლემ პასუხი.

  • ჩვენს ქვეყანაში დღემდე ცდილობენ სტალინის კულტის შენარჩუნებას, ძირითადად პრორუსული ძალები. სკოლებშიც კი, არის დამოკიდებულება, რომ კი, სტალინი იყო ტირანი, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაგრამ ის მაინც დიდი ადამიანი იყო. თქვენ რას ასწავლით მასზე ბავშვებს?

ამ საკითხს მარტივად ვაგვარებ. ბავშვებს ვასწავლი, რომ პიროვნებების შეფასებისას ჯერ მათი საქმეები უნდა შეაფასონ, მათი პოლიტიკური მიღწევები. სტალინი შეიძლება იყო ძლიერი პოლიტიკოსი, მაგრამ ის იყო ტირანი და მე ამ საკითხზე ბევრი ვიმუშავე.

გავაკეთე სპეციალური გვერდი, „საბჭოთა რეპრესიები“, რაშიც დამეხმარა „სოვლაბი“ [საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია]. ბევრი ისტორია შევკრიბე და როცა ბავშვებს ვასწავლი ამ თემაზე ან რაღაც სიმპათიებს ვამჩნევ სტალინის მიმართ, ვუგზავნი ამ ბმულს და ვეუბნები, რომ გაეცნოს ყველა დოკუმენტს და შემდეგ ვიმსჯელოთ.

ერთმა ბავშვმა გაიხსენა მეწაღის ისტორია, რომელმაც შემთხვევით გაუყარა მახათი გაზეთს, რომელზეც სტალინის ფოტო იყო გამოსახული და როგორ დახვრიტეს ის ამის გამო. როცა ვუყვები ევგენი მიქელაძის ისტორიას, რომელიც ჩვენი კუთხიდან იყო და რომელიც რეჟიმმა დახვრიტა, საოცარი ემოციები აქვთ.

მე არ მიმაჩნია, რომ სტალინი ძლიერი ადამიანი იყო. ყოველ შემთხვევაში, მას ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არაფერი გაუკეთებია და ის, რომ დღეს აფხაზეთი და სამაჩაბლო გვაქვს სადავო, სწორედ სტალინის და საბჭოთა სისტემის დამსახურებაა.

  • რადგან აფხაზეთი და სამაჩაბლო ახსენეთ, მინდა მოგვიყვეთ იმ აფხაზ და ოს პედაგოგებზე, რომლებსაც ხვდებით ხოლმე ხშირად. რას ფიქრობენ ჩვენზე?

2013 წელს მოხალისედ დავიწყე მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში „განათლება და სამყარო“. ევროკავშირის დაფინანსებული პროექტია და ვმუშაობთ აფხაზ მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და ლექტორ-მასწავლებლებთან. სამი საერთაშორისო კონფერენცია გვქონდა უკვე, ორი სტამბოლში და ერთი – ერევანში. ასევე შეხვედრები ბათუმში, თბილისსა და სხვა ქალაქებში.

მახსოვს, პირველად როცა ჩამოვიდნენ ბათუმში აფხაზები, მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ: „ეს ნამდვილად საქართველოა? ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ომის შემდეგ საქართველო არ განვითარებულა“. აფხაზეთში ხომ ძალიან მძიმე ვითარებაა, დაბალი ხელფასები, ტანსაცმელსაც კი ვერ ყიდულობენ.

როცა ვუთხარი, რომ აქ მასწავლებელს 1500 ლარი აქვს ხელფასი, ძალიან გაუკვირდათ. ყოველ წელს 10-15 გაოცებულ ადამიანს ვუშვებთ აფხაზეთში.

  • ვიცით, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა. გაქვთ მოლოდინი, რომ ჩვენ შორის აღდგება ნდობა?

ჩვენი მიზანი სწორედ ნდობის აღდგენაზე მუშაობაა. როცა ახალი ჯგუფი ჩამოდის, პირველი დღე ყოველთვის დაძაბული არიან, თუმცა მეორე-მესამე დღეს აბსოლუტურად იცვლებიან.

ერთი პედაგოგი მიყვებოდა, როგორ დაადგა თავზე ფსბ-ს აგენტი, როცა ტელეფონში ქართული მუსიკა ჩართო. მაშინვე პოლიცია დაადგა თავზე, „ან გადააყენე, ან დაგიმტვრევო“ – უთხრა. ბუნებრივია, ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა არის ნაწილი, რომელიც აღიარებს, რომ აფხაზეთი საქართველოა.

უკრაინაში მებრძოლი ფოთის საკრებულოს დეპუტატი დააჯილდოვეს

ფოთის საკრებულოს წევრი ლაშა რუხაია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში იბრძვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დააჯილდოვა.

„არ აქვს მნიშვნელობა, მტერს საქართველოში ეომები თუ უკრაინაში. მადლობა თქვენ“, – წერს ლაშა რუხაია სოციალურ ქსელში და ჯილდოს ფოტოს აქვეყნებს.

რუხაია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია.

ლაშა რუხაია 2021 წლიდან დღემდე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილედ საქმიანობს.

ლაშა რუხაია საქართველოში დღეს დაბრუნდა.

ფოტო ლაშა რუხაიას ფეისბუქგვერდიდან.  ჯილდო, რომელიც ქართველ მებრძოლს გადასცეს

„აზოვსტალში“ დაღუპულ პოლიციელს უკანასკნელი თხოვნა შეუსრულეს – გადაარჩინეს მისი კატა

ოკუპირებული მარიუპოლიდან გამოიყვანეს „აზოვსტალში“ დაღუპული პოლიციელის, დანილო საფონოვის კატა, რომლის გადარჩენაც დანილოს უკანასკნელი სურვილი ყოფილა.

დანილოს კატა, რომელმაც საკმაოდ დიდი ხანი გაატარა ოკუპაციაში, 10 ივლისს, მარიუპოლელმა ქალმა, ოკუპირებული ქალაქიდან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანა.

„დანის უკანასკნელი სურვილი ჰქონდა – ის გვეპოვა. დანი, ძმაო, ჩვენ ეს შევძელით. გვაპატიე, რომ ამდენი ხანი დაგვჭირდა. ევაკუაციის ოპერაციაში ბევრი ხალხი იყო ჩართული, ჩვენ ეს ერთად მოვახერხეთ! დიდი მადლობა ყველას“, – დაწერა ტვიტერზე მისმა მეგობარმა, იუზერმა, სახელით „პლომბირ სმაჩნი“.

როგორც უკრაინული მედია წერს, მარიუპოლის დამცველის საყვარელი კატა ახლა უსაფრთხოდაა.

საყვარელი კატის ფოტოებს დანილო ხშირად აზიარებდა სოციალურ ქსელებში/ფოტო: დანილო საფონოვის ტვიტერიდან

დანილო საფონოვი დონეცკიდან იყო, თუმცა 2014 წლის შემდეგ, მარიუპოლი მის მეორე სახლად იქცა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე, მან ცოლ-შვილი ტერნოპოლის ოლქში გაგზავნა, თვითონ კი ქალაქის დასაცავად დარჩა.

დანილო „აზოვსტალში“ 2 მაისს, დილის 11 საათზე დაიღუპა. მასთან ერთად დაიღუპა კიდევ ორი უკრაინელი მებრძოლი. ისინი საბრძოლო დავალებიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც მტრის საარტილერიო თავდასხმამ მიუსწრო.

დანილო საფონოვის დაკრძალვა/ფოტო: Hromadske.ua

ოკუპირებული მარიუპოლიდან დანილოს ცხედრის გამოტანა მხოლოდ თვე-ნახევრის შემდეგ მოხერხდა.

დანილო საფონოვი 22 მაისს დაკრძალეს.

უკრაინაში რუსეთის ომის დროს სექსუალური ძალადობის 124 შემთხვევა დაფიქსირდა – გაერო

3 ივნისის მდგომარეობით, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო ანგარიშები უკრაინაში ომთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის 124 სავარაუდო ფაქტის შესახებ ქალების, გოგონების, კაცებისა და ბიჭების მიმართ.

სექსუალური ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა ჩერნიგოვში, დნეპროპეტროვსკში, დონეცკში, ხარკოვში, ასევე ხერსონის, კიევის, ლუგანსკის, მიკოლაივის, ვინიცას, ზაპოროჟიეს, ტრანსკარპატებისა და ჟიტომირის რეგიონებში.

ამის შესახებ 10 ივლისს, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის საკითხებში, პრამილა პატენმა განაცხადა. იგი ამბობს, რომ არსებული მონაცემები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია და არ ასახავს სექსუალური ძალადობის მასშტაბებს უკრაინაში, რუსეთის ომის კონტექსტში.

გაეროს ანგარიშის თანახმად, ერთ ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჭირს ომის დროს სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოვლენა, მსხვერპლის მხრიდან სირცხვილის გრძნობაა.

„ამ მდგომარეობის პირველი მიზეზი არის ის, რომ ეს არის ყველაზე ფარული დანაშაული. ადამიანები, რომლებიც გადარჩნენ სექსუალური ძალადობის შემდეგ, ამის შესახებ არ უყვებიან სამართალდამცავ ორგანოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ან უფლებადამცველებს“, – ამბობს ალექსანდრა მატვიიჩუკი, სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის გამგეობის ხელმძღვანელი.

მეორე მიზეზი, რის გამოც ახლა შეუძლებელია უკრაინაში ჩადენილი მსგავსი დანაშაულების მასშტაბის შეფასება, არის ის, რომ სექსუალური ძალადობების რაოდენობა, ომის დანაშაულებთან ერთად, ძალიან დიდია.

მესამე მიზეზი ის არის, რომ ზოგიერთ მოქალაქეს უბრალოდ არ აქვს ფიზიკური შესაძლებლობა, მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინოს.

„უკრაინაში ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებულია. იქ [ოკუპირებულ ტერიტორიებზე] ხალხი დარჩა ოკუპანტების პირისპირ, იქ არ არიან საერთაშორისო ორგანიზაციები. საუბარი იმაზეც კი არ არის, რომ იქ საგამოძიებო მოქმედებები ვერ ტარდება, დანაშაულის გამოვლენა და დაფიქსირება ვერ ხერხდება. საქმე ის არის, რომ ხალხს ეშინია მიმართვაც კი. მათ ესმით, რომ მათი დახმარების არანაირი საშუალება არავის არ აქვს“.

„ახლა ვერავინ შეძლებს ზუსტი ციფრის დასახელებას, თუ რამდენმა ადამიანმა განიცადა სექსუალური ძალადობა უკრაინაში სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ჩვეულებრივი მოხალისეობრივი ინიციატივაც კი, რომელიც არ არის სპეციალიზებული ამ პრობლემაზე [ამისთვის სათანადო მომზადებაა საჭირო], ომის დროს სექსუალური ძალადობის შემთხვევებს აღრიცხავს. ბოლო შემთხვევებიდან ერთი მსხვერპლი მამაკაცი იყო, დანარჩენი ქალები. სექსუალური ძალადობის მასშტაბები უზარმაზარია“, – ამბობს ალექსანდრა მატვიჩუკი.

________________

2022 წლის 15 ნოემბერს მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდს მიაღწევს – გაერო

2022 წლის 15 ნოემბერს მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდს მიაღწევს. მსოფლიო მოსახლეობის ზრდის ტემპების დაცემის ფონზე, გლობალური მოსახლეობა 2080-იან წლებში დაახლოებით 10,4 მილიარდი იქნება – ამის შესახებ გაეროს უახლეს ანგარიშში წერია.

2023 წელს ინდოეთი გადაასწრებს ჩინეთს და გახდება ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა მსოფლიოში.

გაეროს უახლესი პროგნოზით, მსოფლიოს მოსახლეობა შეიძლება გაიზარდოს დაახლოებით 8,5 მილიარდამდე 2030 წლისთვის და 9,7 მილიარდამდე 2050 წლისთვის. ვარაუდობენ, რომ ის მიაღწევს პიკს დაახლოებით 10,4 მილიარდ ადამიანს 2080-იან წლებში და დარჩება ამ დონეზე 2100 წლამდე.

2022 წლის მსოფლიო მოსახლეობის ანგარიშში ნათქვამია, რომ შობადობა  ბოლო ათწლეულების განმავლობაში მკვეთრად დაეცა ბევრ ქვეყანაში.

2022-დან 2050 წლამდე 61 ქვეყნის ან ტერიტორიის მოსახლეობა დაახლოებით 1 პროცენტით შემცირდება, ნაყოფიერების მდგრადი დაბალი მაჩვენებლისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლის გამო.

გლობალური მოსახლეობის მოსალოდნელი ზრდის ნახევარზე მეტი, 2050 წლისთვის კონცენტრირებული იქნება რვა ქვეყანაში: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ეგვიპტეში, ეთიოპიაში, ინდოეთში, ნიგერიაში, პაკისტანში, ფილიპინებში და ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკაში.

„კავშირი მოსახლეობის ზრდასა და მდგრად განვითარებას შორის რთული და მრავალგანზომილებიანია“, – თქვა ლიუ ჟენმინმა, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში. „მოსახლეობის სწრაფი ზრდა ართულებს სიღარიბის აღმოფხვრას, შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე ხელს უშლის ჯანდაცვისა და განათლების სისტემების მოცვის გაზრდას. პირიქით, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა, განსაკუთრებით ის, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან, განათლებასა და გენდერულ თანასწორობასთან, ხელს შეუწყობს შობადობის დონის შემცირებას და გლობალური მოსახლეობის ზრდის შენელებას“.

პროგნოზების მიხედვით, მსოფლიოში 65+ წლის მოსახლეობის წილი 10 პროცენტამდე გაიზრდება 2022 წელს და 16 პროცენტამდე 2050 წელს. ელოდებიან, რომ ამ დროისთვის ამ ასაკის მოსახლეობა, 5 წლამდე ასაკის ბავშვებზე ორჯერ უფრო მეტი იქნება და თითქმის დაემთხვევა 12 წლის ასაკის ბავშვების რაოდენობას.

ქვეყნებმა, რომელთაც მოხუცებული მოსახლეობა ჰყავთ, უნდა მოახდინონ სახელმწიფო პროგრამების ადაპტაცია ასაკოვანი ადამიანების მზარდი პოპულაციისთვის, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვისა და გრძელვადიანი ზრუნვის სისტემების დანერგვით, ასევე სოციალური უზრუნველყოფისა და საპენსიო სისტემების მდგრადობის გაუმჯობესებით, წერია გაეროს ანგარიშში.

სიცოცხლის ხანგრძლივობამ 2019 წელს 72,8 წელს მიაღწია, რაც ნიშნავს რომ 1990 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი თითქმის 9 წლით გაუმჯობესდა. სიცოცხლის ხანგრძლივობის შემდეგი ცვლილება სავარაუდოდ 2050 წლისთვის მოხდება და მისი მაჩვენებელი 77,2 წელი იქნება.

2021 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში 7 წლით ჩამორჩა გლობალურ საშუალო მაჩვენებელს.


 

მთავარ ფოტოზე: Manila, NCR, Philippines

როგორ ცვლის „ჰაიმარსები“ ძალთა ბალანსს უკრაინის ომში

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით 10-ჯერ მაინც დაარტყეს რუსეთის საბრძოლო მასალების საწყობებსა და სხვა ობიექტებს მაკეევკაში, მელიტოპოლში, შახტარსკში, პოპასნაიაში და სხვა დასახლებულ პუნქტებში, მათ შორის, აქტიური საბრძოლო მოქმედებების ადგილიდან შორს, ოკუპირებულ რაიონებში. ზოგიერთი საწყობი და განადგურებული ობიექტი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 5-დან 75 კილომეტრამდე მანძილით იყო დაშორებული.

ექსპერტები ამ ზუსტ და წარმატებულ დარტყმებს პირდაპირ უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ უკრაინამ, როგორც იქნა, დაიწყო  ამერიკული მობილური სარაკეტო სისტემების მიღება. „ჰაიმარსების“ პირველი პარტია, რომელიც ოთხი ერთეულისგან შედგებოდა, ფრონტზე 23 ივნისს გამოჩნდა, უკრაინის დახმარების ახალი პაკეტით კი კიევი კიდევ ზალპური ცეცხლის ოთხ რეაქტიულ სისტემას მიიღებს და მათი რაოდენობა ბრძოლის ველზე 12 გახდება.

„ჰაიმარსი“ უპირატესობას ფლობს საარტილერიო ბრძოლებშიც. ეს, როგორც ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოჩნდა, უკრაინაში ომის წარმოების მთავარი მეთოდია – შეტევისას, რუსეთის არმია ჯერ ცეცხლით ანადგურებს ყველაფერს, მათ შორის საცხოვრებელ რაიონებსა და ინფრასტრუქტურას და მხოლოდ მერე მიიწევს წინ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ტაქტიკისთვის სათანადო პასუხის გაცემა ბოლო მომენტამდე უჭირდა. რუსეთის არმია მათ ბევრად აღემატებოდა არტილერიისა თუ სხვა ტექნიკის რაოდენობით, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ჰაიმარსებსა“ და დასავლური წარმოების მსგავს შეიარაღებას შეუძლია, ომში ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეცვალოს.

„თუკი მიდის ბრძოლა „ჰაიმარსსა“ და რუსულ „სმერჩს“ ან „ურაგანს“ შორის, „ჰაიმარსის“ ერთ გამშვებ დანადგარს „სმერჩების“ მთელი დივიზიონის განადგურება შეუძლია,“ – ამბობს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი სერგეი გრაბსკი. – „რადგან ერთი დივიზიონის ხელახლა გადატენას ერთი საათი სჭირდება: მთელი საათი გჭირდება, რომ გადატენო დივიზიონი და ახალი ზალპისთვის მოამზადო, „ჰაიმარსი“ კი ერთ საათში ხუთი ან ექვს ზალპს აკეთებს, თუ მეტს არა“.

„ჰაიმარსის“ ზალპური ცეცხლის სისტემას სამიზნის განადგურება 80 კილომეტრში შეუძლია. რაკეტის მართვა GPS-ით ხდება, რაც სამხედროებს საშუალებას აძლევს, ძალიან ზუსტად დაარტყან სამიზნეს, მათ შორის ღამითაც.

სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ამ სისტემების გამოჩენა რუსულ არმიას სერიოზულ ლოგისტიკურ პრობლემებს შეუქმნის: მათი საბრძოლო მასალების საწყობები ახლა უკრაინული სისტემების სამიზნეა, მასალების ტრანსპორტით გადატანა კი არანაკლებ სირთულეებთანაა დაკავშირებული.

„რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ არ აქვს წარმოდგენა, როგორ მოიქცეს. რუსები ამისთვის მზად არ იყვნენ. მათ არ შეუძლიათ, დაიცვან საკუთარი საწყობები „ჰაიმარსების“ ან დასავლური წარმოების სხვა სისტემების დარტყმებისგან. საბრძოლო მასალების ავტოტრანსპორტით გადატანა რუსული ლოგისტიკის სუსტი წერტილია, რადგან ავტომობილების რაოდენობაც შეზღუდულია, თუმცა მათი კიდევ უფრო სუსტი წერტილი – გადაწყვეტილების მიღების პროცესის მოუქნელობაა,“ – მიიჩნევს გრაბსკი.

„რუსეთის არმიას წინ ძალიან სევდიანი დრო ელოდება,“ – ეთანხმება კოლეგას კირილ მიხაილოვი, გამომძიებელი ჟურნალისტი Conflict Intelligence Team (CIT)-იდან. – „ჰაიმარსი სამიზნეს ესვრის და გზას გააგრძელებს, რუსებს კი უბრალოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ ასეთ სიტუაციაში. გიგნატურ ფრონტზე, ათობით და ასობით კილომეტრის იქით, უნდა ეძებონ ოთხი პატარა სატვირთო მანქანა“.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, ლისიჩანსკის აღებისა და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „გათავისუფლების“ შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოპერატიული პაუზა აიღეს. სერგეი გრაბსკის აზრით, ეს პაუზა შესაძლოა, პირდაპირ არ უკავშირდებოდეს ფრონტზე „ჰაიმარსების“ გამოჩენას.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის არმიის ზოგიერთი დანაყოფი ბრძოლის ველიდან რამდენიმე თვეა არ გამოუყვანიათ. ძალიან რთულია, ამ ხალხს რამე მოსთხოვო. მათი ახალი შემადგენლობით ჩანაცვლება რუსეთს ჯერჯერობით არ შეუძლია. ცხადია, ჯერ კიდევ არის წარმოდგენა, რომ მუშაობს გარკვეული ინერციაც და რუსებს ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი საბრძოლო მასალა, მაგრამ როგორც კი რამდენიმე თავდასხმა კიდევ იქნება მათ ობიექტებზე, აი, მაშინ ნამდვილად იგრძნობენ დეფიციტს. არათუ დეფიციტს, არამედ მასალებისა და საწვავის სერიოზულ ნაკლებობას,“ – ამბობს გრაბსკი.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საბრძოლო მოქმედებებზე ასევე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ფრანგულ თვითმავალ საარტილერიო დანადგარებსაც. ფრანგული მედიის ცნობით, უკრაინის არმიას ამჟამად უკვე აქვს 18 ჰაუბიცა, რომლებიც 50 კილომეტრზე ისვრის.

უკრაინამ უკვე მიიღო პოლონური „კრაბებიც“. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, უკრაინის არმია მათ უკვე წარმატებით იყენებს ბრძოლის წინა ხაზზე. უკრაინული მედიის ცნობით,  უკრაინის არმიას ორი ათეული „კრაბი“ აქვს.  

წყარო: Настоящее время

კომპენსაციას მიიღებენ ისინი, ვისი ავტომანქანებიც დაზიანდა სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად

აჭარის მთავრობა მოქალაქეებს, რომლებსაც 26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაუზიანდათ, სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, დაზარალებული მოქალაქეების კომპენსირებისთვის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან 50 ათასი ლარი გამოიყოფა. პრესსამსახურის ცნობით, ეს თანხა 5 ავტომობილის კომპენსირებისთვისაა განკუთვნილი, სწორედ ამდენი ავტომობილი დაზიანდა სახლის ჩამონგრევის შედეგად.

გარდა ამისა, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაეხმარებიან ოჯახებს, რომლებიც ხანძრისა და ხანძრის ჩაქრობის მიზნით გამოყენებული წყლის ჭავლის შედეგად დაზარალდნენ – 10 ოჯახს 97 835 ლარის დახმარება გაეწევა.

ბათუმში 2021 წლის 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სამი ბავშვი. ნანგრევებიდან გადარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი.

2022 წლის 5 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 3 და 4 წელი მიუსაჯა ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს.

ის ოჯახები, რომლებიც 26 მაისის N13 კორპუსში ცხოვრობდნენ, ქალაქის მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი, დანგრეული კორპუსის ადგილას კი ახალი შენობის აგება იგეგმება.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ხაჭაპური 28 პროცენტით გაძვირდა გასულ წელთან შედარებით

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებული „ხაჭაპურის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოში, ივნისის მონაცემებით, ხაჭაპური 28.1 პროცენტით გაძვირდა.

ივნისში ერთი იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ფასი 5.39 ლარი იყო, რაც 2.7 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის მაისის მაჩვენებელთან შედარებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ხაჭაპური გაძვირდა.

ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. 

„ხაჭაპურის ინდექსის“ შთაგონების წყარო ჟურნალ Economist-ის „ბიგ მაკის“ ინდექსია – ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორი.

ყველაზე მეტად ფქვილი გაძვირდა – 46.1 პროცენტით, კვერცხი გაძვირდა 38,9 პროცენტით, კარაქი – 22.7 პროცენტით, რძე 13.9 პროცენტით, ხოლო საფუარი – 13 პროცენტით.

„საკვები პროდუქტების ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი.

უკრაინაში მიმდინარე ომმა და მიწოდების ჯაჭვებში არსებულმა სირთულეებმა სასურსათო პროდუქტების დეფიციტი გამოიწვია. მეტიც, სასუქებისა და ენერგეტიკული ხარჯებიც იზრდება, რაც დამატებითი წნეხია ადგილობრივ ფასებზე.

საქართველოში სურსათის ფასების ინფლაციაზე საერთაშორისო ფასებმაც იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3 თვეში სურსათის ფასები დაეცა, FAO-ს მონაცემებით, 2022 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ (2021 წლის ივნისთან შედარებით) 23.1% შეადგინა.

FAO-ს მონაცემებით, ფასები დაეცა მცენარეული ზეთების, მარცვლეულისა და შაქრის კატეგორიებში, სამაგიეროდ გაიზარდა რძის პროდუქტებისა და ხორცის კატეგორიებში შემავალი პროდუქტების ფასები.

საერთაშორისო ფასების ვარდნა, როგორც წესი, ადგილობრივ ბაზრებს დაგვიანებით გადაეცემა, თუმცა, თუ კლების ტენდენცია გაგრძელდება და საერთაშორისო ფასები დასტაბილურდება, საქართველოში სურსათის ფასებზე არსებული წნეხი შეიძლება შერბილდეს,“ – აღნიშნულია „ხაჭაპურის ინდექსის“ შესახებ ISET-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინა ადასტურებს, რომ HIMARS-ით ხერსონის რეგიონში რუსეთის იარაღის საწყობი დაბომბა

უკრაინის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიღებული HIMARS რაკეტებით, ოკუპირებული ხერსონის ქალაქ ნოვა კახოვკაში მდებარე რუსეთის იარაღის საწყობი დაბომბეს.

12 ივლისს რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები და ინფორმაცია გასულ ღამეს ნოვა კახოვკაში დაბომბვის შესახებ. რუსეთის მიერ დანიშნული ადგილობრივი ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ სარაკეტო თავდასხმა სწორედ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან – HIMARS-დან მოხდა. რუსული მედიის ცნობით, გარდაცვლილია 7 და დაშავებულია 70 ადამიანი.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, რომელმაც გავრცელებული კადრებიდან ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რუსეთის იარაღის საწყობების ქსელის განადგურება რუსული არმიის სიდიადეზე მითს ანადგურებს.

„ჩვენი საჰაერო თავდაცვა მათ მარტივად უმკლავდება“, „ჯერ არც კი დაგვიწყია“, „ეს მხოლოდ კალიუმის ნიტრატის საწყობი იყო“. რუსეთის ფედერაცია ქმნის ახალ ახსნა-განმარტებებს, რატომ ანადგურებს HIMARS-ი სამხედრო იარაღის საწყობების ქსელს. სინამდვილეში: „მეორე არმიის“ დიდებულების შესახებ ყველა პათოსი სრულდება რეალობასთან შეჯახებით“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

აჭარაში ერთ კვირაში გასამმაგდა კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა

3 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 63 659 კვლევა ტესტით.

გასულ ერთ კვირაში საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა 3 პაციენტი.

7- დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 8.10% პროცენტი.

ერთ კვირაში კოვიდის ყველაზე მეტი – 3 310 შემთხვევა თბილისში დადასტურდა, მეორე ადგილზეა აჭარა – 566 ახალი შემთხვევა, მესამეზე კი იმერეთი – 372 ახალი შემთხვევა.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, საქართველოში კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა, გასულ კვირასთან შედარებით, გაორმაგდა, აჭარაში კი გასამმაგდა – ორი კვირის წინ აჭარაში კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა 186 იყო.

ამავე თემაზე: 

ბათუმში კოვიდპაციენტების მატების გამო გავხსენით თერაპიული განყოფილება – გია კიკაბიძე

Exit mobile version