ნეტგაზეთი • RU

ქართველმა მეზღვაურებმა 52 ადამიანი გადაარჩინეს ატლანტიკის ოკეანეში

ქართველმა მეზღვაურებმა ღია ზღვაში 52 ადამიანი გადაარჩინეს – ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს.

„10 ივლისს მაროკოში ჩარტერულ რეისს ვასრულებდით. დაახლოებით საღამოს 6 საათზე ნავი დავინახეთ“ – უთხრეს სააგენტოს მეზღვაურებმა.

ატლანტიკის ოკეანეში, 5-ბალიან შტორმში, გასაბერ მცურავ საშუალებაზე 52 ადამიანი, მათ შორის, 7 ქალი და 3 ბავშვი, წყლისა და საკვების გარეშე იმყოფებოდა.

„მაშველებს 10 საათზე მეტი უშედეგოდ ველოდით. გემი წრეზე ტრიალებდა, ნავი რომ არ დაგვეკარგა. ამინდიც გაუარესდა. საბოლოოდ, ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება მიგრანტები გემზე ამოგვეყვანა. ნავი გემზე მივაბით და დავიწყეთ ხალხის ამოყვანა,“ – ამბობენ მეზღვაურები.

სააგენტოს ცნობით, 9 ქართველი მეზღვაური უშუალოდ მონაწილეობდა სამაშველო ოპერაციაში. ეს მეზღვაურები არიან: ნუგზარ ბერიძე, კახა ადამია, დილარ ცეცხლაძე, ზაზა ჭაღალიძე, ზვიად ქობულაძე, მინდია აბუსერიძე, შალვა სვანიძე, მანუჩარ კობალაძე და გიორგი ცეცხლაძე.

სააგენტოს ცნობით, მომავალ წელს საქართველო ამ მეზღვაურებს „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის“ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ჯილდოზე წარადგენს.

ეს ჯილდო პირველად, 2015 წელს არქიმანდრიტ ილია კარტოზიას გადაეცა გარდაცვალების შემდეგ. ქართველი არქიმანდრიტი იტალიაში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა. 2014 წლის 28 დეკემბერს, იტალიურ ბორან Norman Atlantic-ზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმოდებული გემიდან მაშველებს მგზავრები ნავებზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. მისი გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს.

2018 წელს იგივე ჯილდო გადაეცა კაპიტან ლევან მამალაძეს და მის ეკიპაჟს, რომლებმაც 13 ადამიანი გადაარჩინეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.