მთავარი,სიახლეები

ქართველ მეზღვაურებს 13 ადამიანის გადარჩენისთვის ლონდონში დააჯილდოებენ

15.11.2018
ქართველ მეზღვაურებს 13 ადამიანის გადარჩენისთვის ლონდონში დააჯილდოებენ

„ჩემს პრაქტიკაში ეს იყო ურთულესი დღე. მსგავსი არც მანამდე და არც შემდეგ არ მქონია,“ – ასე იხსენებს მეზღვაური დავით ბარამიძე 2017  წლის ივნისში მომხდარ შემთხვევას. დავითი სხვა მეზღვაურებთან ერთად ნავთობმზიდ M.T. SEAPOWER-ზე მუშაობდა. გემის კაპიტანი ქართველი მეზღვაური ლევან მამალაძე იყო.

სწორედ გასული წლის ივლისში ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის გადასცემენ 14 ქართველ მეზღვაურს საერთაშორისო ჯილდოს.

„2017 წლის 26 ივნისში, არაბეთის ზღვაში უბედური შემთხვევა მოხდა ტანკერ “Rama2“-ზე. შემთხვევის ადგილთან ყველაზე ახლოს ჩვენი გემი იმყოფებოდა. შეგვატყობინეს, რომ კოლეგებს სჭირდებოდათ დახმარება და ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ მათ გადასარჩენად. სამაშველო ოპერაცია ჩავატარეთ და 13 კაცი გადავარჩინეთ. სამწუხაროდ, მათი ეკიპაჟიდან ერთი მეზღვაური, უფროსი თანაშემწე დაიღუპა,“ – იხსენებს დავითი.

SEAPOWER-ის ეკიპაჟი სამაშველო ოპერაციის დროს

შემთხვევის დროს გემთფლობელი კომპანია Queensway Navigation Co. Ltd-ის კუთვნილ გემ  M.T. SEAPOWER-ის ბორტზე 16 მეზღვაური იყო – 14 საქართველოს, 1 უკრაინის და ერთიც რუმინეთის მოქალაქე.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია IMO ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ყოველწლიურად აჯილდოებს მეზღვაურებს. წელს ამ ნომინაციაზე M.T. SEAPOWER-ის ეკიპაჟი მალტის მთავრობამ წარადგინა, სინგაპურის მთავრობასა და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ კაპიტანი ლევან მამალაძე, მეზღვაურები – დავით ბარამიძე, ამირან ჩოგაძე , თენგიზ კარჩავა, ომარ ნასარიძე, ირაკლი კალანდაძე, რაულ დავლაძე, თორნიკე ზოიძე, ლევან ფუტკარაძე, ალექსანდრე ჩაჩუა, რამაზ ბეჟანიძე, ნოდარ სუკონიკოვი, მიხეილ მეფარიშვილი, ბიძინა ღოღობერიძე, იგორ ეგიზაროვი და გოგი ბაგრატიონი.

დაჯილდოების ცერემონიალი 6 დეკემბერს ლონდონში გაიმართება, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სათავო ოფისში. ჯილდოს მისაღებად ლონდონში კაპიტანი ლევან მამალაძე ჩავა.

SEAPOWER-ის ეკიპაჟს გადარჩენილი მეზღვაური აჰყავს გემზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: