მთავარი,სიახლეები

დასრულდა ტენდერი, რომელიც ბათუმში 3 ავარიული სახლის აღდგენას ითვალისწინებს

14.07.2022 • 1459
დასრულდა ტენდერი, რომელიც ბათუმში 3 ავარიული სახლის აღდგენას ითვალისწინებს

დასრულდა ტენდერი, რომლის პირობების მიხედვით, ბათუმში სამი ავარიული სახლი უნდა აღდგეს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ცნობილი არაა, რომელ მისამართზე იმუშავებს კომპანია, რომელმაც ტენდერი მოიგო. ბათუმში სულ 118 ავარიული სახლია.

შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ბათუმის მერიის და ინფრასტრუქტურის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიამ „ურბან სინერგი“ ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 999 973 ლარი იყო, კომპანია კი, სამი სახლის აღდგენას 2 მილიონ 249 980 ლარით აპირებს.

ხელშეკრულება კონკრეტული სამუშაოების შესრულებაზე ჯერ გაფორმებული არ არის. ხელშეკრულების გაფორმებამდე კომპანიამ მერიას შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს.

რომელ მისამართზე დაიწყება ავარიული სახლების აღდგენა? – ინფორმაციის დასაზუსტებლად კომპანია „ურბან სინერგისთან“ ვცადეთ დაკავშირება, თუმცა კომპანიის ოფიციალურ დოკუმენტაციაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე გვიპასუხეს, რომ „ტელეფონის ნომერი კომპანიას არ ეკუთვნის“.

სად დაიხარჯება ორმილიონ-ნახევარი – ბათუმის მერიაში ინფორმაცია ვერ მოგვაწოდეს. ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ინფორმაციას კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ვერ მოგვაწვდიან.

11 ივლისს ბათუმის საკრებულოში ენმ-მ განაცხადა, რომ ბუნდოვანი ტენდერი კორუფციული გარიგების პირობაა.

განახლება: ბათუმის მერიის პრესცენტრში დღეს, 14 ივლისს განმარტეს, რომ „აღნიშნული ტენდერის ფარგლებში გასამაგრებელი სახლების რაოდენობა დამოკიდებულია სამუშაოთა მოცულობებზე, შესაძლებელია, რომ ტენდერზე წარმოდგენილი მოცულობების ფარგლებში მოხდეს 3-ზე მეტი სახლის გამაგრება. სამუშაოები ჩატარდება იმ სახლებზე, რომელი მისამართებიც გათვალისწინებულია ავარიული სახლების მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ…

ფაქტიურად შესრულებული სამუშაობის მიხედვით მოხდება შემდგომი ანგარიშსწორება სატენდერო მოდულზე ატვირთული ზღვრული მოცულობის და ზღვრული ფასების ცხრილის მიხედვით.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: